თავის საფასური
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 01.10, 2023 წელი

- ორჟ სიმენონი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-37 (1185)
(იბეჭდება შემოკლებით)
მეგრე რუდეკსა და ჟანვიეს ოთხი საათის წინ დაშორდა, ყავას სვამდა და ბლოკნოტში რაღაცას იწერდა: „გამოირკვეს, თუ რას აკეთებდა უილიამ კროსბი 19 ოქტომბერს დილის 11 საათიდან დღის 4 საათამდე“. შემდეგ ჯიუტად გაიქნია თავი, ყურმილს ხელი დაავლო და კაფე „გუმბათში“ დარეკა.
– მე მინდა ვიცოდე, როდის მიიღეთ ბოლო წერილი იან რუდეკის სახელზე.
– სულ ცოტა ათი დღის წინათ. მეგრემ აიღო ბოტენის ცნობარი, გადაათვალიერა საფოსტო განყოფილებების სია, რომლებიც კორესპონდენციას მოთხოვნამდე იღებდნენ და ბულვარ რასპაიზე მდებარე განყოფილებაში დარეკა.
–.პოლიციიდან გელაპარაკებით... ხომ არ იცნობთ თქვენ ასეთ უცხოელს – საშუალო ტანისაა, არც თუ კარგად აცვია, გრძელი ხუჭუჭა წითური თმა აქვს... არის ასეთი?... იგი წერილებს მ. ვ. ინიციალებზე იღებს? უკანასკნელად როდის მიიღო წერილი? გთხოვთ გაიგოთ... გუშინ დილით, დაახლოებით, ცხრა საათზე?... ქალაქის ფოსტით მიიღეთ?.. წერილი შედარებით სქელი ხომ არ იყო, თითქოს კონვერტში ფულის დასტა იდო?..
– არც ისე ცუდია! – გაისმა მის უკან დამცინავი ხმა. კომისარი მოტრიალდა – მის წინ რუდეკი იდგა. ის კიდევ უფრო მოღუშული ჩანდა, მაგრამ თვალები ეშმაკურად უელავდა. ის სავარძელში ჩაეშვა და ლაპარაკს განაგრძობდა.
– მაშ, ასე, კომისარო, ახლა თქვენ იცით, რომ გუშინ დილით ბულვარ რასპაიზე, საფოსტო განყოფილებაში მივიღე ფულით სავსე პაკეტი, რომელიც მოკითხვამდე იყო გამოგზავნილი. წინადღით ის ფული საწყალ კროსბის ჯიბეში იდო. ახლა საჭიროა იმის ცოდნა, ეს ფული თვითონ კროსბიმ გამომიგზავნა თუ არა.
მეგრემ შეამჩნია, რომ რუდეკს დაღლილი სახე ჰქონდა. რუდეკმა თავისი ადგილიდანვე დაინახა კომისრის მიერ გაკეთებული ჩანაწერები და გაფითრებული ტუჩები ღიმილით დაეღმიჭა.
– ტეილორის საქმეს თუ იცნობთ? – იკითხა უცებ მან, – თუმცა საიდან გეცოდინებათ, თქვენ ხომ არ კითხულობთ ამერიკულ გაზეთებს. დესმონდ ტეილორი, ამერიკული კინოს ერთ–ერთი ცნობილი რეჟისორი, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს... ეჭვი ბევრ გამოჩენილ კინომსახიობზე მიიტანეს, მათ შორის რამდენიმე ლამაზ ქალზეც. და მერე რა? ყველას გამოშვება მოუხდათ, და იცით, რას წერდნენ ამის შესახებ სულ ახლახან, მრავალი წლის შემდეგ? – „ძიების დაწყებიდანვე, პოლიციამ სრულიად ზუსტად იცოდა, თუ ვინ მოკლა ტეილორი, მაგრამ ბრალდებულის წინააღმდეგ ისეთი უმნიშვნელო და მცირედ დამაჯერებელი სამხილი იყო წაყენებული, დანაშაულის აღიარებისათვის დამნაშავე კიდეც რომ მისულიყო, თავისი აღიარების დასამტკიცებლად, ნივთიერი დამამტკიცებელი საბუთები ან მოწმეები უნდა წარედგინა. რა თქმა უნდა, დესმონდ ტეილორის მკვლელი ვერა და ვერ დააპატიმრეს. რატომ არ უნდა შეაგროვოთ თქვენ მასალები უილიამ კროსბის შესახებ?
– და თქვენ მომიტანეთ ეს მასალები?
– რატომაც არა? იმ დროისათვის, როდესაც მისი მამიდა მოკლეს, კროსბის არა ნაკლებ ექვსასი ათასი ფრანკი ვალი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰენდერსონების ძმისშვილი იყო, განსაკუთრებით მდიდარი არასოდეს ყოფილა. მისი მეორე ბიძა მილიარდერია, ბიძაშვილი – ერთ–ერთი უდიდესი ამერიკული ბანკის დირექტორ-განმკარგულებელი... მაგრამ მამამისი ათიოდე წლის წინათ გაკოტრდა, გესმით? და უილიამ კროსბი გადაიქცა ღარიბ ნათესავად. ამასთანავე, ყველა მის ბიძებსა და მამიდებს, გარდა ჰენდერსონებისა, ჰყავთ შვილები... და აი, კროსბი დროს ატარებდა, თან ბერიკაცის სიკვდილს ელოდებოდა, შემდეგ კი – მისის ჰენდერსონის სიკვდილს, ისინი ორივენი სამოცდაათ წელს იყვნენ მიღწეულნი. კროსბის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ, ქალებისადმი იყო ხარბი. განსვენებულის შესახებ ჭორაობას კი არ ვაპირებ, მაგრამ... თქვენ გინახავთ მისის კროსბი? მას ძალიან უყვარდა ეს ქალი. არაერთხელ მინახავს, თუ როგორ სვამდნენ კროსბები „გუმბათში“ აპერიტივს... რომელიმე გოგონა, როგორც კი მომენტს იხელთებდა, კროსბის თვალს ჩაუკრავდა, და ისიც მაშინვე თავის ცოლს ეუბნებოდა: „მაპატიებ, ძვირფასო? ერთ ადამიანს უნდა დაველაპარაკო...“ და ყველამ, ცოლის გარდა, იცოდა, რომ იგი, გოგონასთან ნახევარი საათის გასატარებლად დელამბრის ქუჩაზე, რომელიმე სასტუმროში მიდიოდა... მე ეს ათჯერ, ასჯერ მაინც მინახავს!... რა თქმა უნდა, ედნა რაიხბერგიც მისი საყვარელი იყო... იგი ზღაპრულ სამყაროში ცხოვრობდა და უცებ მემკვიდრეობით მიიღო თხუთმეტი თუ თექვსმეტი მილიონი, მას ათასი უსიამოვნება მოელოდა. ვალი რომ დაეფარა, ერთ-ერთი თავისი სახელგანთქმული ნათესავის ყალბი ხელმოწერა გააკეთა.
– მან თავი მოიკლა! – მკვახედ თქვა მეგრემ, – ჩემთან რა ეშმაკმა მოგიყვანათ?
რუდეკს ნერვიულობა დაეტყო, მისი ხმა რაღაცნაირად აღრჭიალდა. ახალ სიგარეტს მოუკიდა. საოცარი მდგომარეობა შეიქნა. გაურკვეველი იყო, თუ რისთვის გამოცხადდა და წასვლასაც არ აპირებდა. თითქოს რაღაცას ელოდებოდა. მაგრამ მეგრე, მიუხედავად ძლიერი სურვილისა, ფრთხილობდა რუდეკისათვის შეკითხვების მიცემას. მის სახეს ისეთი კაშკაშა სინათლე აშუქებდა. ახლა მეგრე უნებურად ტკბებოდა რუდეკის ცქერით. არ იყო გამხდარი, მაგრამ ავადმყოფური იერი ჰქონდა. იგი უცნაურად ღელავდა, არა ისე, როგორც ყველა ადამიანი. ამით, შესაძლოა, ვინმე ფსიქოლოგი დაინტერესებულიყო. თვალები უცებ აენთებოდა ხოლმე, თითქოს ელექტრონაპერწკალმა გაიარაო. მაშინ რუდეკის მზერა დაძაბული ხდებოდა და მისი ატანა არც თუ ადვილი იყო...
– რას უზამენ ახლა ერტენს? – იკითხა მან გრძელი პაუზის შემდეგ.
– მას თავს მოჰკვეთენ! – უპასუხა მეგრემ და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიყო.
– აბა, რა თქმა უნდა! მეტი რიღასთვის ვარგა ადამიანი, რომელიც თვეში ექვსას ფრანკს გამოიმუშავებს! სხვათა შორის, კომისარო, გინდათ, სანაძლეო დავდოთ? მე ვამტკიცებ, რომ კროსბის დაკრძალვაზე ორივე ქალი ღრმად მგლოვიარენი მოვლენ და ერთმანეთს ჩახუტებულნი იტირებენ. დარწმუნებული ხართ, რომ მან თვითონ მოიკლა თავი?
ჟოზეფ ერტენისათვის ეშაფოტზე ასვლაში ხელი არ უნდა შეგეშალათ. სამსახურში წინ წაგწევდნენ. ...სიტყვამ მოიტანა და რა გასამრჯელოს აძლევენ პოლიციის კომისარს? ორ, სამ ათასს თვეში? დაახლოებით იმის ნახევარს, რასაც განსვენებული კროსბი რესტორნებში სასმელზე და საჭმელზე ხარჯავდა... რით ახსნიან იმ ბედნიერის თვითმკვლელობას? უბედური სიყვარულით? ყველა კროსბები, ყველა ჰენდერსონი და მათი ბიძაშვილ-მამიდაშვილები, რამდენიც კი არიან ამერიკაში, ყველა ისინი დეპეშებს მოგაყრიან და ამ ამბის გახმაურების აღკვეთას მოგთხოვენ. თქვენს ადგილზე, კომისარო, მე დივერსიას მოვიფიქრებდი. ეს სრულებითაც არ არის რთული. უნდა დააპატიმროთ რომელიმე ტიპი, ვის გამოც არავითარი დიპლომატიური გართულება არ წარმოიქმნება. რომელიმე რუდეკი, რომლის დედა პატარა ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ მოახლე იყო. რუდეკს ხმა უთრთოდა, მის მეტყველებაში პირველად ახლა გამოსჭვიოდა უცხოური კილო.
– ერტენმა ყველგან დატოვა თავისი თითების ანაბეჭდი და თანაც სენ-კლუში გამოჩნდა. მკვლელობის წინ კროსბის ძალზე სჭირდებოდა ფული. ძიება განახლდა და კროსბი თავს იკლავს...
მე რაღა შუაში ვარ? კროსბის არასოდეს დავლაპარაკებივარ. მას ჩემი სახელიც კი არ სმენია, არც კი ვუნახივარ. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჟოზეფ ერტენს, იცნობს თუ არა იგი რუდეკს. მითხარით, კომისარო, ვის უნდა მივმართო? მინდა, რამდენიმე ათასი შევწირო უხუცესი პოლიციელების თავშესაფარს... – დაუდევარი ჟესტით რუდეკმა ჯიბიდან ამოიღო უფრო სქელი დასტა, შემდეგ კი ჟილეტის ჯიბიდან ფულების ამოლაგებას შეუდგა. მეგრემ მაშინვე დაინახა, რომ ფული, დაახლოებით, ასი ათასი ფრანკი იყო.... მერე რუდეკი წავიდა...
.. უილიამ კროსბის დაკრძალვა 22 ოქტომბერს შედგა. 23-ში, დაახლოებით, ღამის 11 საათზე, რუდეკი ელისეს მინდვრებზე მდებარე რესტორანში ამთავრებდა სადილს. 11 საათსა და 30 წუთზე იგი ქუჩაში გამოვიდა, კომფორტული მანქანა ამოირჩია და მძღოლს ჩუმად უთხრა მისამართი.
ორი ტაქსი ერთი მეორის მიყოლებით გაემართა ოტეისკენ. კომისრის ფართო სახეზე ვერც გაკვირვებას ამოიკითხავდით და ვერც მღელვარებას, მას დაღლაც კი არ ეტყობოდა, თუმცა ბოლო დღეებში თითქმის სრულებით არ სძინებია.
ბისტროდან ასიოდე მეტრის დაშორებით რუდეკმა მანქანა გააჩერებინა და მძღოლს რაღაც უთხრა. შემდეგ, პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, პირდაპირ მივიდა სატვირთო ნავმისადგომთან, ჩამოჯდა რკინის ტუმბოზე, რომელზეც ნავსაბმელი ჯაჭვი მაგრდება ხოლმე, დარწმუნდა, რომ მეგრე მას თან სდევდა და გაშეშდა. პირველის ხუთ წუთზე ბისტროსთან ტაქსი მოვიდა. იქიდან ქალი გადმოვიდა და, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ, თამამად შევიდა ბისტროში. რუდეკმა სარკასტულად გადახედა მეგრეს. დარბაზში შესვლისას ქალი შემობრუნდა. მას დიდსაყელოიანი მუქი ბეწვის მანტო ჰქონდა მოსხმული. ნათურის კაშკაშა შუქზე არ შეიძლებოდა არ გეცნოთ ელენ კროსბი. თუთიის დახლთან დახრილი იგი ჩუმად ელაპარაკებოდა პატრონს. გარეთ არ ისმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ, სამაგიეროდ ჩანდა, რომ პატრონი გაკვირვებული იყო, ამერიკელი ქალი კი – დარცხვენილი. რამდენიმე წამის შემდეგ პატრონი გაემართა დახვეული კიბისკენ, რომელიც დახლის უკან ადიოდა. მისის კროსბი მას გაჰყვა. მეორე სართულზე შუა ფანჯარა აინთო, სწორედ იმ ოთახის ფანჯარა, რომელშიც ოდესღაც თავშესაფარი პოვა ჟოზეფ ერტენმა. თხელ ფარდაში, რომელიც მჭიდროდ არ იყო ჩამობურული, თავისუფლად გაირჩეოდა ამერიკელი ქალის თითქმის ყოველი მოძრაობა. ქალი საწოლს მიუახლოვდა და იქიდან საბანი და ზეწარი გადმოათრია. შემდეგ მძიმე და გაურკვეველი ფორმის რაღაც საგანი ასწია და რაღაც უცნაურ საქმიანობას შეუდგა. დროგამოშვებით უეცარი შეშფოთებით მოცული, ფანჯარას უახლოვდებოდა.
– იქნებ ვცდები, ნუთუ ის ლეიბს არღვევს? მძიმე სამუშაოა ისეთი ქალისათვის, რომელიც უმოახლოდ ყოფნას არ არის მიჩვეული.
რუდეკს მეგრესგან ხუთი მეტრი აშორებდა.
– რაც დრო გადის, ყველაფერი ძნელდება, – რუდეკის ხმაში მოუთმენლობა იგრძნობოდა.
მეგრემ არ უპასუხა და არც განძრეულა. დაახლოებით პირველის ნახევარზე ელენ კროსბი ბისტროს დარბაზში ჩამოვიდა. მან დახლზე ფული დააგდო. მანტოს საყელო აიწია და სწრაფად გამოვიდა ქუჩაში. ტაქსი იქვე ელოდებოდა. მალე გამოირკვა, რომ მისის კროსბი ქალაქში დაბრუნებას არ აპირებდა. ნახევარი საათის შემდეგ მისი მანქანა სენ–კლუში აღმოჩნდა და ჰენდერსონების ვილის შორიახლო გაჩერდა. თავის შავ მანტოში გახვეული ერთი ბეწო ქალი ვილის მოპირდაპირე ტროტუარზე გაუბედავად დაეხეტებოდა. უცებ მან სწრაფად გადაირბინა ქუჩა, ჩანთიდან გასაღები ამოიღო და სახლში შევიდა. მეორე სართულის ბნელ მინებს იქით მხოლოდ სუსტი, მთრთოლავი ცეცხლი ელავდა. კომისარი მანქანიდან გადმოვიდა და ასიოდე ნაბიჯი გაიარა. მას ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ნერვიულად აბოლებდა ჩიბუხს.
– თქვენ რა, არ აპირებთ, წახვიდეთ და შეხედოთ, თუ რა ხდება იქ? ახალ შეცდომას ხომ არ უშვებთ, კომისარო? იქნებ დღეს, ან ხვალ ვილაში კიდევ ერთი გვამი იპოვონ? მე უკვე ასჯერ მაინც გითხარით, რომ ამაში ვერ გაერკვევით. ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ...
მეგრემ მას ზურგი შეაქცია. დაახლოებით, ერთი საათი გავიდა. სიჩუმე სუფევდა. მაგრამ ასანთის მთრთოლავი ალი ვილის ფანჯრებს იქით აღარ გამოჩენილა. რამდენიმე წუთის შემდეგ ელენ კროსბი გამოჩნდა. მან მანქანასთან მიირბინა და ჩაჯდა. ქალს ხელებში დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის, ქაღალდსა თუ თეთრ ტილოში გახვეული მოგრძო საგანი ეკავა.
– არ გაინტერესებთ, რა გამოიტანა?
ამერიკელი ქალის ტაქსი პარიზისაკენ გაემართა. მეგრე მის დადევნებას აშკარად არ აპირებდა. რუდეკი ნერვიულობდა, ტუჩები ოდნავ უთრთოდა.
– იქნებ, მე და თქვენ შევსულიყავით იქ? – თქვა მეგრემ.
რუდეკი ყოყმანობდა, მას ისეთი ადამიანის სახე ჰქონდა, რომელსაც გეგმა დეტალურად ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ მოულოდნელად სიძნელეებს წააწყდა.
– შევიდეთ! რაც არ უნდა იყოს, მე და თქვენ, ორივენი ერთად, ყველაფერში გავერკვევით, ხომ ასეა? ყოყმანობთ? როგორც ამ წუთში მითხარით, თქვენ არ გსურთ ახალ გვამს წააწყდეთ?.. მაგრამ საიდან უნდა გაჩნდეს იგი? მისის ჰენდერსონი მკვდარია და დამარხული. მისი კომპანიონი ქალი მკვდარია და დამარხული. უილიამ კროსბი მკვდარია და დამარხული. მისი ცოლი მე და თქვენ ამ წუთში ვნახეთ, ის ცოცხალი და ჯანმრთელია. ჟოზეფ ერტენი საიმედო ადგილას იმყოფება, სანტეს საპყრობილის ჰოსპიტალში. ვიღა რჩება? მარტო ედნა რაიხბერგი! ჰოდა, მას აქ რა ესაქმება.
– წავიდეთ! – წაიბუტბუტა კრიჭაშეკრულმა რუდეკმა.
– აი, გასაღებიც. ახლა შეგვიძლია, ისე შევიდეთ ვილაში, როგორც ჩვენს სახლში, იქ ხომ არავინ არის? თქვენ დარწმუნებული ხართ, რუდეკ, რომ იქ არავინ არის, ხომ ასეა?
– ყველაფერი ასე უცებ როგორ შეიცვალა და რატომ? – რუდეკი თავის თანამგზავრს ირონიულად უკვე აღარ უცქერდა, მისი სახე გამოხატავდა შეშფოთებას, რომლის დამალვას ამაოდ ცდილობდა.
ვესტიბიულში მეგრემ შუქი აანთო, ჩიბუხი ქუსლზე დაიბერტყა და თამბაქოთი დატენა.
– შეგახსენებთ, რომ მისის ჰენდერსონის მკვლელი აქ ისევე ადვილად შემოვიდა, როგორც ჩვენ. ვილაში მხოლოდ ორი მძინარე ქალი იყო, შვეიცარის გარეშე, ძაღლის გარეშე. თანაც, ყველგან რბილი ნოხებია. წავიდეთ! – კომისარი რუდეკს ზედაც კი არ უყურებდა. – ხუთი წუთის წინ, რუდეკ, თქვენ სრულიად მართალი იყავით. კიდევ ერთი გვამი ჩემთვის ძალზე უსიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა. თქვენ იცით, თუ რაოდენ მკაცრი ადამიანია გამომძიებელი კომელიო. მან აქამდე არ მაპატია, რომ მე ხელი არ შევუშალე კროსბის თვითმკვლელობას. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, კიდევ ერთი გვამი რომ აღმოჩენილიყო… რა ვქნა? როგორ ავხსნა? მისის კროსბის მე მივეცი წასვლის საშუალება. თქვენს გამტყუნებას კი ვერ შევძლებ, თქვენ ხომ ერთი წუთითაც არ მიმიტოვებიხართ მარტო. უკანასკნელი სამი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს თითქმის არ დავშორებივართ, გაუგებარიცაა, თუ ვინ ვის სდევდა – თქვენ მე, თუ მე თქვენ.
ისინი მეორე სართულზე ავიდნენ, ბუდუარი გადაკვეთეს და საწოლოთახში შევიდნენ, სადაც მისის ჰენდერსონი მოკლეს.
– რუდეკ, მე მგონი, თქვენ არ გაღელვებთ აზრი იმის შესახებ, რომ აქ ორი ქალი მოკლეს? სხვათა შორის, ერთი დეტალი: შესაძლოა, თქვენ ამის შესახებ არაფერი იცით – დანა, რომლითაც მკვლელობა იყო ჩადენილი, ჯერაც არ არის ნაპოვნი. არის ვარაუდი, რომ ჟოზეფ ერტენმა გაქცევის დროს სენაში გადააგდო...
მეგრე დინჯად ჩამოჯდა იმ საწოლის კიდეზე, რომელშიც მისის ჰენდერსონის გვამი ნახეს.
– გეტყვით, თუ რას ვფიქრობ მე ამის შესახებ. მკვლელმა დანა აქ, ვილაში დამალა. მაგრამ ისე კარგად დამალა, რომ ვერ ვიპოვეთ... მიაქციეთ ყურადღება იმ პაკეტის ფორმას, რომელიც მისის კროსბიმ აქედან გამოიტანა? დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის, შესახვევ ქაღალდთან ერთად ხუთი-ექვსი სანტიმეტრის სიგანის... დიდი ხანჯლისთვის ყველაზე შესაფერისი ზომებია... თქვენ სწორი ხართ, რუდეკ, ეს ბნელი და ეშმაკურად დახლართული ამბავია. მაგრამ... მოიცადეთ! იგი დაიხარა. მტვრიან პარკეტზე მკაფიოდ ჩანდა წვრილი ქუსლების ნაკვალევი.
– კარგი მხედველობა გაქვთ, რუდეკ? მაშინ ამ ნაკვალევის გარკვევაში მომეხმარეთ. საით მიდიან ნაფეხურები? შესაძლოა, ისინი გაგვაგებინებენ, თუ რას აკეთებდა დღეს აქ მისის კროსბი?
რუდეკი კომისარს შეშფოთებით უყურებდა, თავის თავს ეკითხებოდა, რა როლის თამაშს აიძულებენ მას. მაგრამ მეგრეს სახეზე არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა.
– მაშ ასე, კვალმა ჩვენ კომპანიონის ოთახში მიგვიყვანა. შემდეგ კი? დაიხარეთ, ჩემო ძვირფასო, თქვენთვის ეს უფრო ადვილია, თქვენ ჯერ კიდევ არ იწონით ას კილოს... აჰა!.. იგი კარადის წინ შეჩერებულა. ეს ხომ ტანისამოსის კარადაა? ჩაკეტილია? გასინჯეთ! არა! მოითმინეთ, ნუ გააღებთ... თქვენ გვამზე ლაპარაკობდით. რა იქნება, რომ გვამი სწორედ აქ, ამ კარადაში იყოს?
რუდეკი აკანკალებული ხელებით უკიდებდა სიგარეტს.
– მაგრამ ის მაინც უნდა გაიღოს! გაბედეთ, რუდეკ! – მეგრე ლაპარაკს განაგრძობდა, სარკესთან ყელსაბამს ისწორებდა და რუდეკს თვალს არ აშორებდა.
რუდეკმა კარადის კარი გააღო.
– გვამი სადღა არის? აჰა, აი, ისიც...
რუდეკმა სამიოდე ნაბიჯით უკან დაიხია. იგი დაბნევით შესცქეროდა ქერათმიან ახალგაზრდა ქალს, რომელიც კარადიდან გამოვიდა. ქალიც ოდნავ დარცხვენილი იყო, მაგრამ სრულიადაც არ იყო შეშინებული. ეს იყო ედნა რაიხბერგი. იგი წყნარად უმზერდა ხან მეგრეს და ხან კი – რუდეკს, თითქოს ახსნა-განმარტებას ელოდა.
მეგრემ მას ყურადღება არ მიაქცია, იგი უყურებდა რუდეკს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ნებისყოფის მოკრებას.
– ეს როგორ მოგწონთ, რუდეკ? მე და თქვენ გვამის დანახვას ველოდით და მას რომ ვნახავდით, ამაში თქვენ სავსებით დამარწმუნეთ... და უცებ ვპოულობთ ახალგაზრდა ქალიშვილს, ცოცხალსა და მშვენიერს!
ედნაც რუდეკისკენ შეტრიალდა.
– მაშ, როგორ, რუდეკ? – გულთბილად და მხიარულად ჰკითხა მეგრემ.
რუდეკი დუმდა.
– შენ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ ამ საქმეში ვერ გავერკვევი?
შვედმა ქალმა, რომელიც რუდეკს თვალს არ აშორებდა, სასოწარკვეთით დააღო პირი, მაგრამ ყვირილი ყელში დაეხშო. მეგრე სარკისაკენ შეტრიალდა და გაღიმებული, ხელის გულით თმას ისწორებდა. რუდეკმა სწრაფად ამოიღო ჯიბიდან პისტოლეტი, კომისარს დაუმიზნა და სასხლეტს თითი გამოსდო. სწორედ ამ დროს სცადა დაყვირება ედნამ. სცენა ერთობ ეფექტური და საბავშვო სპექტაკლივით სასაცილო გამოვიდა. სროლის ხმა არ გაისმა. რუდეკმა კვლავ გამოჰკრა სასხლეტს და ისევ გაიჩხაკუნა ლითონმა. შემდეგ მოქმედება ისე სწრაფად განვითარდა, რომ ედნამ ვერაფრის გაგება ვერ მოასწრო. მეგრე, რომელიც დინჯი და მოუქნელი ჩანდა, სწრაფად გადახტა და მთელი თავისი სიმძიმით დააცხრა რუდეკს, რომელიც წაიქცა, კომისარი კი ზედ დააწვა. რამდენიმე გაბრძოლება და რუდეკის ხელებს ფოლადის სამაჯურები შემოესალტა.
– რაც არ უნდა თქვათ, ასი კილო ვარ... – თქვა მან, – მაპატიეთ, მადმუაზელ, ახლა ყველაფერი წესრიგშია. მე თქვენთვის ცალკე ტაქსი მყავს, შეგიძლიათ, შინ წაბრძანდეთ. მე და რუდეკმა კი, ჯერ კიდევ ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ.
დასასრული შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან