რომანი და დეტექტივი

თავის საფასური

№36

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 17.09, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26-35 (1183)

(იბეჭდება შემოკლებით)

– გავიდეთ აქედან, – ჩუმად თქვა ლიუკასმა. – ყველაფერს გიამბობთ, – ის კიბის ბაქანზე შეყოვნდა, შემდეგ პირდაპირ მდებარე ოთახის კარი შეაღო. აქაც ყველაფერი დასალაგებელი იყო. სკამებზე მიმოფანტული იყო ქალის ტანსაცმელი.

– საძაგელი დილა იყო, კომისარო. თქვენ რომ დაგირეკეთ, დავბრუნდი და ჟანდარმი გავუშვი. გარემოებაში თანდათან უნდა გავრკვეულიყავი. მოხუცი ერტენი ჩემთან ერთად დარბაზში იმყოფებოდა და შემეკითხა, საუზმე ხომ არ გინდაო. ის ეჭვის თვალით მიცქეროდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ვთქვი, რომ ამხანაგს ველოდები და შესაძლოა, ღამის გასათევადაც დავრჩე–მეთქი. შემდეგ სამზარეულოდან, რომელიც დერეფნის ბოლოშია, ვიღაცების ხმა მომესმა და დავინახე, რომ გაოცებულმა პატრონმა მიაყურადა. მან დაიძახა: „ეს შენა ხარ, ვიქტორინა?“ ორი–სამი წუთის შემდეგ შემოვიდა მოხუცი ქალი, მის სახეს საოცარი გამომეტყველება ჰქონდა, როგორც ადამიანს, რომელიც მეტად აღელვებულია, მაგრამ ცდილობს, დამალოს და წყნარი გამომეტყველება მიიღოს.

– მე რძეზე მივდივარ! – განაცხადა მან.

– რატომ? ჯერ ადრეა! – თქვა მოხუცმა. მაგრამ ქალმა მაინც ჩაიცვა საბო, თავშალი შემოიკრა და წავიდა. მაშინ მოხუცი კაცი სამზარეულოში შევიდა, მაგრამ იქ ქალიშვილის გარდა არავინ იყო. მე ყვირილი და ქვითინი შემომესმა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფრაზის გაგონება შევძელი: „მე უნდა მივხვედრილიყავი! საკმარისი იყო დედისათვის შემეხედა“. მოხუცმა კაცმა სწრაფად გადაკვეთა ეზო და ფარდულში შევიდა, სადაც ჟოზეფ ერტენი იმალებოდა. იგი მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა, სწორედ ამ დროს მისი ქალიშვილი ორ ტვირთის მზიდავს ემსახურებოდა. ის ძირს ხრიდა ნამტირალევ თვალებს და ახედვას ვერ ბედავდა. შემდეგ დაბრუნდა მოხუცი ქალი და სამზარეულოში ისევ ატყდა ჩოჩქოლი. რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდა მოხუცი კაციც, მას უძრავი და დაჟინებული გამოხედვა ჰქონდა. და უცებ მივხვდი, რატომ ჩოჩქოლობდნენ ისინი. ქალები ფარდულში ჟოზეფ ერტენს წააწყდნენ და გადაწყვიტეს, მოხუცი კაცისათვის არაფერი ეთქვათ! მან კი იგრძნო, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. როდესაც მოხუცი ქალი ჩავიდა, მან ქალიშვილი გამოჰკითხა და ამანაც ყველაფერი უამბო. ის ვაჟიშვილთან შევიდა და განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ წათრეულიყო აქედან. ეგ ბერიკაცი პატიოსანი ადამიანია, მაგრამ მკაცრია, უმკაცრესი პრინციპების კაცია. ამასთანავე, იგი მაშინვე მიხვდა, ვინ ვიყავი. არა მგონია, რომ ჭაბუკი გაეცა. იგი უმალ მის გაქცევას შეუწყობდა ხელს. შესაძლოა, მათ ასეც გადაწყვიტეს. დაახლოებით დილის ათ საათზე ფანჯრიდან დავინახე, რომ დედაბერი ფარდულიდან წინდების ამარა მიიპარებოდა. წვიმს, ტალახია, მას კი ფეხსაცმელი არ აცვია. ერთი წუთის შემდეგ საშინელი ყვირილი გაისმა. მე იქით მივაშურე. უსიამოვნო სანახაობა იყო. მე და ბერიკაცმა ერთდროულად მივირბინეთ. ნათლად ვხედავდი, მას ოფლისაგან საფეთქელზე თმა შეწებებოდა. ყმაწვილი უცნაურად მიყუდებოდა კედელს და ძალიან ახლოს უნდა მისულიყავით, რომ მიმხვდარიყავით – თურმე, თავი ჩამოეხრჩო. ბერიკაცმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მან თოკი გადაჭრა. ვაჟიშვილი თივაზე დააწვინა, ხელოვნური სუნთქვის მიცემას შეუდგა და ქალიშვილს გასძახა, ექიმის მოსაყვანად გაიქეციო. და აი, აქამდე ვეღარ დაწყნარებულან. თვითონაც ხედავთ... ვეღარც მე მოვსულვარ გონს. მე და ბერიკაცმა სხეული ზევით ავიტანეთ და ექიმი უკვე ერთი საათია, წვალობს. როგორც ჩანს, ჭაბუკი სიკვდილს გადარჩება. მთელი ამ ხნის განმავლობაში მამამისს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ქალიშვილს კი ნერვული შეტევა ჰქონდა. იძულებული გავხდით, სამზარეულოში ჩაგვეკეტა, რომ აქ ხელი არ შეეშალა...

კარი გაჯახუნდა. მეგრემ კიბის ბაქნისაკენ გაიხედა და დაინახა ექიმი, რომელიც წასვლას აპირებდა. იგი ექიმს მიჰყვა, დაბლა ჩავიდა და დარბაზში შეაჩერა.

– მე კრიმინალური პოლიციიდან ვარ, ექიმო. როგორ მდგომარეობაშია?

ეს იყო უბრალო სოფლის ექიმი, რომელიც პოლიციისადმი მტრულ განწყობილებას სრულებითაც არ მალავდა.

– რაო, მისი წაყვანა გნებავთ? – გაბრაზებით ჰკითხა მან.

– ჯერ არ ვიცი. როგორ არის?

– ის სწორედ დროზე ჩამოხსნეს, მაგრამ რამდენიმე დღე დასჭირდება, რომ გამოკეთდეს. ყური მიგდეთ, დავიჯერო, ის სანტეში ასე დაუძლურდა? მის ძარღვებში თითქოს არც ერთი წვეთი სისხლი აღარ არის დარჩენილი.

– მე გთხოვთ, ექიმო, არავის მოუყვეთ...

– ტყუილად ღელავთ. არსებობს პროფესიული საიდუმლოების შენახვა, მესიე. ზევიდან ერტენი-მამა ჩამოვიდა. მისი მზერა კომისრის ყოველ მოძრაობას იჭერდა, მაგრამ ერთი კითხვაც არ დაუსვამს. სამზარეულოდან ისევ მოისმოდა ქალიშვილის სასოწარკვეთილი ქვითინი. ბოლოს, როგორც იქნა, მეგრემ ღრმად ამოისუნთქა.

– თქვენ გსურთ, რომ ის რამდენიმე დღეს შინ იწვეს? – ჰკითხა მან და ბერიკაცს შეხედა, – ამ შემთხვევაში, აქ ერთ–ერთი ჩემი კაცის დატოვება მომიწევს.

მიკიტანმა ბრიგადირს შეხედა და ნაოჭიან ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.

– მან დედასთან დაიფიცა... – ის იყო დაიწყო ბერიკაცმა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა და პირი იბრუნა. შემდეგ ჭიქაში რომი დაისხა, მაგრამ დალევა ვერ შეძლო, ტუჩები უთრთოდა.

მეგრე ლიუკასს მიუბრუნდა და ჩუმად უთხრა: – აქ იყავი! – თავად მაშინვე არ წასულა. მან ჯერ გარშემო შემოუარა სახლს, უკანა კარი იპოვა და ეზოში გავიდა. ფარდულის კარი, რომლის წინ ნაკელი შეეგროვებინათ, ღია იყო. თოკის ნაგლეჯი ჯერ კიდევ ლურსმანზე ეკიდა.

კომისარმა მხრები აიჩეჩა და სამიკიტნოში დაბრუნდა. დარბაზში მხოლოდ ლიუკასი იყო.

– სად არის?

– ზევით გახლავთ.

– ხომ არაფერი უთქვამს? მე დამხმარეს გამოგიგზავნი. დღეში ორჯერ დამირეკავთ.

– ეს შენ, შენ მოკალი! – ქვითინებდა მეზობელ ოთახში დედაბერი, – ახლოს არ მომეკარო!... შენ მკვლელი ხარ... ჩემო ძვირფასო ბიჭუნა. მეგრემ კარი გააღო და სოფლის ბოლოსკენ გაემართა, სადაც ტაქსი ელოდებოდა.

8

როდესაც მეგრე სენ-კლუში, ჰენდერსონების ვილის პირდაპირ ტაქსიდან გადმოვიდა, დღის სამი საათი იქნებოდა. ნანდიდან მგზავრობისას მას გაახსენდა, რომ მისის ჰენდერსონის მემკვიდრეებისთვის დაავიწყდა ვილის გასაღების გადაცემა, რომელიც მან ჯერ კიდევ ივლისში მიიღო გამოძიების ჩასატარებლად. მეგრეს არანაირი მიზანი არ ჰქონდა დასახული. მას უფრო გამოძიების დროს გამორჩენილი რომელიმე დეტალის პოვნის იმედი ჰქონდა. ყველა ფანჯრის დარაბა დაჭედილი იყო. ბაღის ბილიკები შემოდგომის ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი. კომისარი გულის ფანცქალით შევიდა ბაღში, რომელიც უფრო სასაფლაოს ჰგავდა, ვიდრე იმ ადგილს, სადაც სულ ცოტა ხნის წინათ ცოცხალი ადამიანები დასეირნობდნენ. დინჯად, თითქოს უხალისოდ, ავიდა კიბის ოთხ საფეხურზე. შესასვლელი კარი რომ შეაღო, მეგრე იძულებული გახდა, შეჩერებულიყო, რათა თვალი ვილაში გამეფებულ სიბნელეს შესჩვეოდა. ოთახები ავბედითად გამოიყურებოდა, აქ მიშვებულობა და ფუფუნება საოცრად ეგუებოდნენ ერთმანეთს. როდესაც პირველი სართულის ვრცელ სალონში შევიდა, ფეხებქვეშ იატაკის ფიცრები აჭრიალდა, ხოლო თავს ზემოთ კი ბროლის ჭაღის ლოლუები აწკარუნდა. ცნობისმოყვარეობით გატაცებულმა მეგრემ ამომრთველი შეატრიალა. ოცი ნათურიდან მხოლოდ ათი აინთო, მაგრამ ისინიც ისე სქლად დაეფარა მტვერს, რომ ოდნავ ანათებდნენ. კუთხეში დაგრაგნილად ეწყო ძვირფასი ხალიჩები. სავარძლები სალონის სიღრმეში იყო გაწეული, ყველგან უწესრიგოდ ახორხლილიყო ჩემოდნები. ერთი ცარიელი იყო. მეორეში ნაფთალინის სქელი ფენის ქვეშ ელაგა განსვენებული მისტერ ჰენდერსონის ნივთები. სულ ოთხი წლის წინათ მისტერ ჰენდერსონი ამ ოთახებში დასეირნობდა. აქ იმართებოდა მიღებები და საღამოები, რომელთა შესახებ გაზეთებშიც იწერებოდა. ჰენდერსონები ხელგაშლილად ცხოვრობდნენ. ამ მდუმარე დარბაზში უფრო მძაფრად იგრძნობოდა ჰენდერსონების სახლის დაღუპვა. მისის ჰენდერსონი დაახლოებით სამოცდაათი წლისა დაქვრივდა. მას თავისი ცხოვრების გარდასაქმნელად არც ძალა შესწავდა და აღარც სურვილი ჰქონდა. ისინი ბედნიერ წყვილად მიიჩნეოდნენ, ცხოვრება დიდებულად გაატარეს და ევროპის ყველა დედაქალაქში ბრწყინავდნენ. შემდეგ ცოცხლებში მხოლოდ მოხუცი დედაკაციღა დარჩა, რომელიც თავის კომპანიონთან ერთად ვილაში განმარტოვდა. და აი, ივლისის ღამეს ეს ქალები...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა