თავის საფასური
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.09

- ჟორჟ სიმენონი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-34 (1182)
(იბეჭდება შემოკლებით)
მეგრეს მოჩვენებითმა უყურადღებობამ, როგორც ჩანს, გააღიზიანა რუდეკი და ის უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა:
– მაშ, ასე, რას მეტყვით ამაზე, კომისარო? ახლა ხომ მიხვდით, რომ არასწორ გზაზე დგახართ? თქვენ შეცდომა დაუშვით, როცა გამოუშვით დამნაშავე, რომელიც უკვე თქვენს ხელში იმყოფებოდა. და არა მარტო იმიტომ, რომ თქვენ მის შემცვლელს ვერ იპოვით, მას ხომ ნამდვილად შეუძლია, თქვენგან წავიდეს, ხელიდან გაგისხლტეთ. გინდათ, მე თვითონ გიკარნახებთ ჩემი დაპატიმრების საბაბს? რუდეკმა ჭიქით არაყი გადაჰკრა, უკან გადაიზნიქა და ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო. მან ამოიღო ფული – ასფრანკიანი ბილეთები ათ–ათ ცალად იყო შეკრული. სულ ათი დასტა იყო. – ფული სულ ახალია, ძნელი როდია მათი წარმოშობის დადგენა! მაშ, ეძებეთ, გაერთეთ, თუკი დასაძინებლად არ მიბრძანდებით. რაც, გულწრფელად გირჩევთ, კარგი იქნებოდა!
რუდეკი წამოდგა. მეგრე კვლავ იჯდა, ყურადღებით ათვალიერებდა მას და კვამლის სქელ ბოლქვებს უშვებდა. ბარი კლიენტებით ივსებოდა.
– მაშ ასე, თქვენ მე დამაპატიმრებთ?
კომისარი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა, მან მაგიდიდან აიღო ასფრანკიანი ბილეთი, შეათვალიერა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ ისიც წამოდგა, მაგრამ ისე ნელა, რომ რუდეკმა ვეღარ მოითმინა და დაიღრიჯა, კომისარი შეეხო მის მხარს. ეს იყო ისევ ძველი, ყოვლისშემძლე, თამამი და აღუშფოთებელი მეგრე.
– მომისმინე, ბიჭუნავ... – მისი ხმის კილო, მთელი მისი გამომეტყველება, მკვეთრ კონტრასტში იყო რუდეკის კილოსთან. მეგრე თავის თანამოსაუბრეზე სულ მცირე ოცდახუთი წლით უფროსი იქნებოდა და ახლა ეს მეტად იგრძნობოდა, – აი, ნახავ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს! მან ბარმენს თავი დაუკრა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გავიდა.
***
– თითქოს ისევ ის უნდა იყოს, მაგრამ ვერ დავიფიცებ. შემოწმება დამჭირდება! – წარმოთქვა სასტუმრო „გეორგ მეხუთეს“ მოსამსახურემ, როდესაც მეგრეს მიერ მოტანილი კრედიტის ბილეთი შეათვალიერა. რამდენიმე წუთის შემდეგ ის ტელეფონით დაუკავშირდა ბანკს.
– მითხარით, იმ ასფრანკიანი ბილეთების ნომრები და სერიები თუ გაქვთ ჩაწერილი, რომლებიც დილით მომეცით? მან ფანქრით რაღაც ჩაინიშნა, ყურმილი ჩამოკიდა და კომისარს მოუბრუნდა, – იგივე ბილეთებია... ვიმედოვნებ, რომ უსიამოვნო არაფერი მომხდარა?..
– ყველაფერი წესრიგშია... მისტერ და მისის კროსბები ჯერ კიდევ თავისთან არიან?
– ისინი ნახევარი საათის წინ წავიდნენ...
– თქვენ თვითონ დაინახეთ?
– სწორედ ისევე, როგორც ახლა თქვენ გხედავთ.
– სასტუმროში სხვა გასასვლელებიც არის?
– კიდევ ორია, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი თანამშრომლებისთვის არის გამოყოფილი..
– თქვენ თქვით, რომ მისტერ და მისის კროსბები, დაახლოებით, დილის სამ საათზე დაბრუნდნენ. მას შემდეგ მათთან ხომ არავინ არ მოსულა? სართულის მორიგემ, მოახლემ და შვეიცარმა დაადასტურეს: ცოლ-ქმარი კროსბები დილისთვის დაბრუნდნენ და თერთმეტ საათამდე ისინი არავის შეუწუხებიაო.
– შიკრიკის მეშვეობით რაიმე პაკეტი ხომ არ გაუგზავნიათ?
– არა, არ გაუგზავნიათ.
მაგრამ დღის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე იან რუდეკი მონპარნასის კვარტალის საპოლიციო კომისარიატში იმყოფებოდა და გარე სამყაროსთან ურთიერთობას ვერ შეძლებდა. დილის შვიდ საათზე იგი უკაპიკოდ გამოვიდა ქუჩაში. დილის ათი საათისთვის კი იგი კაფე „გუმბათში“ უჯდა მაგიდას და ჯიბეში თერთმეტი ათასი ფრანკი ჰქონდა. ამ თანხიდან კი, სულ მცირე, ათი ათასი მაინც წინადღით უილიამ კროსბის ედო ჯიბეში.
– ნებას დამრთავთ, რომ ერთი წუთით ზევით ავიდე?
ადმინისტრატორმა უხალისოდ დართო ნება. ლიფტმა მეგრე მეოთხე სართულზე აიყვანა. ნომერი ჩვეულებრივი „ლუქსი“ აღმოჩნდა. ორი საწოლი ოთახი, ორი სააბაზანო, ბუდუარი და სალონი. საწოლები, ისევე როგორც პირველ საუზმეზე ნახმარი ჭურჭელიც, ჯერ არ იყო ალაგებული. ლაქია ამერიკელის სმოკინგს ჯაგრისით გულმოდგინედ წმენდდა, მეორე ოთახში კი სკამზე გადაკიდებული იყო საღამოს გამოსასვლელი ფარჩის კაბა. ნომერში გაფანტულად ეყარა სხვადასხვა წვრილმანი – ქალის ჩანთა, პორტსიგარი, ტროსტი.
მეგრე ქუჩაში გავიდა და ბარ „რიცში“ შევიდა. მეტრდოტელმა შეატყობინა, რომ ცოლ-ქმარ კროსბებს და მისის ედნა რაიხბერგს წინა საღამოთი დაკავებული ჰქონდათ მაგიდა ნომერი 18. ისინი, დაახლოებით, საღამოს ცხრა საათზე მოვიდნენ და სამის ნახევარზე წავიდნენ.
– მაშ, ეს ფული საიდანღა აქვს? – ბუტბუტებდა მეგრე, – რა ეშმაკად მაჩვენა ისინი რუდეკმა? მით უმეტეს, რომ ახლა ფული ჩემთან არის, მიდი და სცადე იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდა ჩემთან. ის კი, რასაც იგი სენის შესახებ ლაპარაკობდა... მეგრემ თავისთვის ანგარიშმიუცემლად გააჩერა ტაქსი.
– ნანდში წავედით! პირველსავე თამბაქოს დუქანთან შევჩერდეთ.
მეგრე მოხერხებულად მოკალათდა მანქანის კუთხეში. უყვარდა ასეთი შესვენებები, წყნარი საათი აზვირთებული დღის შუაში. რუდეკს მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონოდა, რომ დალაპარაკებოდა და მისთვის ფული ეჩვენებინა! გზას აეცდინა და გამოძიება ახალ გართულებებში გაეხლართა... მაგრამ რისთვის? რომ ერტენს გაქცევისათვის დრო მისცემოდა? ან უილიამ კროსბიზე ეჭვი მიეტანა? მაგრამ მას მშვენივრად ესმოდა, რომ ამით თავის თავსაც აყენებდა ჩრდილს. კომისარს გაახსენდა რუდეკის სიტყვები: „...თქვენ საფუძვლად აიღეთ არასწორი მონაცემები“. ნათელია! მან სიტყვა იმაზე გადაუკრა, რომ მეგრემ გამოძიების გაგრძელების ნებართვას იმის შემდეგ მიაღწია, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოიტანა. დაე, იგი შეცდა, მაგრამ რამდენად? რომ არსებობს ნივთიერი დასაბუთებანი, რომელთა უარყოფა არც ისე ადვილია. კიდევაც რომ დავუშვათ, მისის ჰენდერსონისა და მისი მოახლის მკვლელმა ჟოზეფ ერტენის ფეხსაცმლით ისარგებლა, რათა ფაქტად ფეხსაცმელების ნაკვალევი დაეტოვებინა, მისი თითების ანაბეჭდის მოპარვასაც ხომ ვერ შეძლებდა. ეს ანაბეჭდები კი სწორედ ისეთ საგნებზე იყო, რომელთა გამოტანას ბოროტმოქმედების ადგილიდან ვერ შეძლებდნენ: ფარდებზე, ზეწრებზე და კედლებზე. მაშ რაში შეცდა იგი?
ერტენი შუაღამისას „ცისფერ პავილიონში“ ნახეს. ის შინ, მუსიე-ლეპრენსის ქუჩაზე, დილის ოთხ საათზე დაბრუნდა...
– „თქვენ ასე ზედიზედ დაუშვებთ შეცდომებს!“ – განაცხადა რუდეკმა, რომელიც ასე უეცრად გამოჩნდა რამდენიმე თვის განმავლობაში გაჭიანურებული გამოძიების დროს და ვის შესახებაც ადრე ეჭვი არავის დაბადებია. წინა დღით „გუმბათში“ უილიამ კროსბიმ რუდეკს ერთხელაც კი არ შეხედა. მას წარბიც არ შეუხრია, როდესაც მეგრემ მისი სახელი წარმოთქვა... და მიუხედავად ამისა, კროსბის ფული წითურის ჯიბეში აღმოჩნდა... და მან თვითონ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამის შესახებ პოლიციისათვის ეცნობებინა. უფრო მეტიც! იგი თითქოს განზრახ პირველ პლანზე აყენებდა თავის თავს და მთავარ როლზე აცხადებდა პრეტენზიას.
„იმ მომენტიდან, რაც მან კომისარიატი დატოვა და იმ წუთამდე, როდესაც მე იგი „გუმბათში“ დავინახე, მას ზუსტად ორი საათი ჰქონდა. ამ ორ საათში მან წვერი მოიპარსა, ხალათი გამოიცვალა. და ამავე ორ საათში ფულიც მიიღო.“
მეგრემ, რომელსაც ძალიან სურდა საკუთარი თავის დაწყნარება, ასეთი დასკვნა გამოიტანა: „ფულის მისაღებად მას ნახევარ საათზე ნაკლები დრო დასჭირდებოდა... მაშასადამე, იგი ნანდში წასვლას და უკან დაბრუნებას ვერ მოასწრებდა...“
სოფელი ნანდი სენას დაჰყურებდა. ცივი და ძლიერი აღმოსავლეთის ქარი უბერავდა, რომელიც ძირს ხრიდა გაშიშვლებულ ხეებს.
– სად მიგიყვანოთ? – ჰკითხა მძღოლმა და ფანჯრის მინა ასწია.
– სოფელში შესასვლელთან გააჩერეთ და დამელოდეთ.
სოფელში მხოლოდ ერთი გრძელი ქუჩა იყო. მის შუაგულში ერთ–ერთ სახლზე მოჩანდა წარწერა: ევარისტ ერტენი. როდესაც მეგრემ სამიკიტნოს კარი შეაღო, ზარმა დაიწკარუნა. ვრცელ ოთახში ადამიანის ჭაჭანება არ იყო, მაგრამ ლურსმანზე ბრიგადირ ლიუკასის ქუდი ეკიდა.
– ჰეი, არის აქ ვინმე? – დაიძახა კომისარმა. ზემოდან მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და ხუთიოდე წუთის შემდეგ დერეფნის ბოლოს ადამიანის ფიგურაც გამოჩნდა. მეგრემ დაინახვა სამოციოდე წლის მაღალი მოხუცი, რომელმაც დაჟინებული მზერა შეაგება.
– რა გნებავთ? – იკითხა მოხუცმა და იქვე დასძინა. – თქვენ პოლიციიდან ხართ? მან ეს უნიათო ხმით წარმოთქვა, ენას ძლივს ატრიალებდა და შემდეგ არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს, მდუმარედ მიუთითა კიბეზე, რომელზეც ჯერ კიდევ იდგა და ნელი ნაბიჯით შეუდგა ზევით ასვლას.
კიბე მეტად ვიწრო იყო, კედლები კირით იყო შეფეთქილი. მეგრემ ასვლისთანავე დაინახა ნახევრად გაღებული კარი, მის იქით კი ბრიგადირი ლიუკასი. ბრიგადირი, რომელმაც კომისრის მოსვლა ვერ შეამჩნია, ფანჯარასთან თავჩაქინდრული იდგა. თითქმის იქვე მეგრემ საწოლი, მასზე დახრილი მამაკაცი და ძველ, ვოლტერისეულ სავარძელში მისვენებული მოხუცი ქალი შეამჩნია.
– კარი დახურეთ! – გაღიზიანებით დაიყვირა მამაკაცმა, რომელიც საწოლთან დახრილიყო. ეს ექიმი იყო. წითელი ხის მრგვალ მაგიდაზე მისი იარაღებით სავსე ჩემოდანი იდო. მეგრეს ნაღვლიანი ლიუკასი მიუახლოვდა.
– ასე სწრაფად? როგორ მოასწარით? მე სულ ერთი საათის წინ დავრეკე. საწოლზე ჟოზეფ ერტენის უსულო სხეული იდო. ფერმკრთალი, ნეკნებგამობურცული მკერდი ჰქონდა. სავარძელში მისვენებული მოხუცი ქალი განუწყვეტლივ კვნესოდა. მსჯავრდადებულის მამა სასთუმალთან იდგა, მისი გამოხედვა თავისი სიცარიელით შიშს ჰგვრიდა გარშემო მყოფთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...