რომანი და დეტექტივი

თავის საფასური

№34

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 03.09

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #26-33 (1181)

(იბეჭდება შემოკლებით)

– ალო! ეს თქვენ ხართ, პატრონო? ნუ გაგვთიშავთ, მადემუაზელ... პოლიციაა? ალო!... ალო!...

– გისმენ, ლიუკას... სად იმყოფები?

– მორსანში ვარ...

– სად?

– არის სენის ნაპირზე ასეთი სოფელი, პარიზიდან ოცდათხუთმეტი კილომეტრის დაშორებითაა...

– ის სადღა არის?

– ნუ ღელავთ., თავის სახლშია.

– მორსანი ახლოსაა ნანდთან?

– ოთხ კილომეტრზეა. არ მინდოდა ნანდიდან დამერეკა, რათა ის არ დამეფრთხო... ისეთი ღამე იყო, პატრონო... ის ჯერ პარიზში დამატარებდა და მე უკვე ვიფიქრე, რომ ეს არასოდეს დამთავრდებოდა. როგორც ჩანს, მან თვითონაც არ იცოდა, საით უნდა წასულიყო. საღამოს რვა საათზე გადაწყვიტა რეომიურის ქუჩაზე უფასო წვნიანის რიგში ჩამდგარიყო და იქ თითქმის ორ საათს იდგა...

– ესე იგი, მას ფული აღარ აქვს.

– შეჭამა თუ არა, მაშინვე განაგრძო სვლა. ეს განსაცვიფრებელია, მაგრამ ყმაწვილი, როგორც ჩანს, სენაზეა შეყვარებული. ის ერთი ნაბიჯითაც კი არ მოსცილებია მას. გესმით ჩემი, პატრონო? სანაპიროთი შარანტონამდე მივიდა. მე მეგონა, რომ ხიდის ქვეშ დაწვებოდა დასაძინებლად, ის ხომ ფეხზე ძლივს იდგა? მაგრამ, ალბათ, ორმაგი ძარღვები აქვს. შარანტონიდან ალფორვილისაკენ გაემართა, იქიდან კი ვილნიოვ-სენ-ჟორჟისაკენ დაიძრა. ოცდათხუთმეტი კილომეტრი გავიარეთ! თქვენ გესმით? წვიმა კი სულ უფრო ძლიერდებოდა. ის ყმაწვილი კი არაფერს ამჩნევდა. ისე გავწვალდი, რომ კორბეისთან კინაღამ ტაქსიში ჩავჯექი. დილის ექვს საათზე ისევ მივაბიჯებდით, მართალია, ჩვენ უკვე გადავკვეთეთ ტყე, რომელიც მორსანსა და ნანდს შორის მდებარეობს. თქვენ იცით იქ სამიკიტნო? სრულიად ჩვეულებრივი დაწესებულებაა მძღოლებისათვის: აჭმევენ, ყიდიან თამბაქოს, გაზეთებს და სასმელს, მგონი, გალანტერეასაც კი... მან ვიწრო შესახვევში გაუხვია და კედელზე გადაძვრა. შემდეგ შევიდა ფარდულში, სადაც, როგორც ჩანს, ღამით საქონელს შერეკავენ ხოლმე. ნახევარი საათის შემდეგ მოხუცმა ერტენმა დარაბები და თავისი დუქანი გააღო. ის სრულიად მშვიდი იყო. მე შევედი ერთი ჭიქა სასმლის დასალევად და მას არანაირი აღელვება არ დასტყობია. აქ ბედმა გამიღიმა, შევხვდი ადგილობრივ ჟანდარმს, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა. მას ვუბრძანე, საბურავი გაეხვრიტა და ამ საბაბით, ჩემს მოსვლამდე დარჩენილიყო დუქანში.

– ყოჩაღ!

– ასე ფიქრობთ? თქვენ არხეინად სხედხართ მანდ სითბოში, მე კი ყურებამდე ამოვითხუპნე ტალახში. ფეხსაცმელი მთლად დამისველდა, პერანგიც ლამის დამილპა. რა ვქნა?

– დუქანში დაბრუნდი. იქ რაც გინდა, ის მოჩმახე... თქვი, რომ ელოდები ამხანაგს, რომელთანაც პაემანი გაქვს დანიშნული...

– თქვენ ჩამოხვალთ?

– ჯერ არ ვიცი. მაგრამ იცოდე: ერტენი თუ კიდევ ერთხელ დაგვემალა, მაშინ ალბათ, ჯოჯოხეთი მომელის.

მეგრემ ყურმილი დადო და ირგვლივ დაბნეულად მიმოიხედა. შემდეგ კარი გამოაღო და მდივანი მოიხმო:

– ყური მიგდე, ჟან... როგორც კი აქედან გავალ, გამომძიებელ კომელიოს დაურეკე და უთხარი, რომ ყველაფერი კარგად მიდის და რომ მას საქმის კურსში ვიყოლიებ. გასაგებია?

თერთმეტ საათზე კომისარი კაფე „გუმბათთან“ მივიდა. შევიდა თუ არა ბარში, მაშინვე დაინახა ინსპექტორი ჟანვიე. როგორც ყველა დამწყები, ჟანვიე ცდილობდა ძალდაუტანებელი იერი მიეღო და სახეზე გაზეთი აეფარებინა, მაგრამ ემჩნეოდა, რომ მას არ კითხულობდა. მოპირდაპირე კუთხეში ნაღებიან ყავას დაუდევრად ურევდა კოვზით იან რუდეკი. რუდეკს წვერი ახლად გაპარსული ჰქონდა, სუფთა ხალათი ეცვა და ხუჭუჭა თმა უფრო გულმოდგინედ დაევარცხნა, ვიდრე გუშინ, მისი სახე თავშეკავებული სიხარულით გასხივოსნებულიყო. ბარმენმა ბობმა იცნო მეგრე და გამაფრთხილებელი ნიშნის მიცემა დააპირა.

რუდეკმა პირდაპირ მეგრეს მიმართა:

– ჩამოსხედით ჩემთან. რით გაგიმასპინძლდეთ?

რუდეკი თავაზიანად წამოდგა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. მისი გამხდარი სახის ყოველი ნაკვთი პატრონის არაჩვეულებრივ, მახვილ ჭკუაზე მეტყველებდა.

მეგრე რუდეკის მაგიდას მიუახლოვდა. იგი სკამის ზურგს ისეთი ძალით ჩაეჭიდა, რომ კინაღამ დაამსხვრია და ჩამოჯდა.

– თქვენ უკვე გამოგიშვეს? – შეეკითხა კომისარი და თან განზე იცქირებოდა.

– ის ბატონები მეტად თავაზიანად მომექცნენ. მომრიგებელი მოსამართლის წინაშე მე სულ ცოტა, თვე-ნახევრის შემდეგ წარვდგები, მათ ხომ უჩემოდაც ბევრი საქმე აქვთ? მაგრამ ყავის დალევა შეგვაგვიანდა. რას იტყვით ერთ სირჩა რუსულ არაყსა და ხიზილალიან სენდვიჩზე? ბარმენ!

ბარმენი ყურებამდე გაწითლდა, მას ვერ გადაეწყვიტა, მომსახურებოდა თუ არა ამ უცნაურ სტუმარს.

– ვიმედოვნებ, რომ წინასწარ გადახდას არ მაიძულებთ? როგორც ხედავთ, დღეს მეგობრებთან ერთად ვსაუზმობ, – განაგრძობდა რუდეკი. იგი მეგრესკენ მიბრუნდა. – ამ ბატონებს არაფერი ესმით. როდესაც ნახევარი საათის წინ აქ მოვედი, არ უნდოდათ, რომ მომმსახურებოდნენ, წარმოგიდგენიათ? გარსონმა დაუყოვნებლივ მოიწვია დირექტორი. მან კი წინადადება მომცა, რომ აქედან გავთრეულიყავი. იძულებული შევიქენი მათთვის ფული მეჩვენებინა. როგორ ფიქრობთ, განა ეს ძალზე სასაცილო არ არის? მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე პატარა მსახიობი, ან იმნაირი ბოგანო, რომლებიც გუშინ აქ ნახეთ, შეუზღუდავ კრედიტს მომცემდნენ. მაგრამ მე ღირსეული ადამიანი ვარ, გამიგეთ, კომისარო? მე და თქვენ უნდა ვისაუზმოთ. შესაძლოა, ყველაფერს ვერ მიხვდეთ, მაგრამ მგონია, რომ თქვენ მოაზროვნე ადამიანთა უმნიშვნელო რიცხვს ეკუთვნით.

ბარმენმა ხიზილალიანი სენდვიჩები მოიტანა, მან თავი ვეღარ შეიკავა და მეგრეს დიდმნიშვნელოვანი მზერა შეავლო.

– სამოცი ფრანკი!

რუდეკმა ჩაიცინა.

კუთხეში მჯდომი ინსპექტორი ჟანვიე კვლავ ეფარებოდა მხსნელ გაზეთს.

– ერთი კოლოფი სიგარეტი „აბდულა“! – ბრძანა რუდეკმა.

როდესაც გარსონმა სიგარეტი მოიტანა, მან პიჯაკის გარეთა ჯიბიდან დაუდევრად ამოიღო დაჭმუჭნილი ათასფრანკიანი ბილეთი და მაგიდაზე დააგდო.

– მაშ ასე, კომისარო, რაზე ვლაპარაკობდით? თუმცა, მაპატიეთ, ანაზდად გამახსენდა, რომ ჩემს მკერავს უნდა დავურეკო. ტელეფონის ჯიხურები ბარის სიღრმეში იდგა, იქ სადაც მეორე გასასვლელი იყო, მეგრე ადგილიდან არ დაძრულა. სამაგიეროდ, ჟანვიე, თითქოს უბრძანესო, წამოდგა და რუდეკს გაჰყვა. ინსპექტორის თვალების გამომეტყველებაზე მეგრე მაშინვე მიხვდა, რომ რუდეკმა ნამდვილად მკერავს დაურეკა.

7

რუდეკმა ხმას დაუწია და თანამოსაუბრისკენ დაიხარა. – იცოდეთ, მე წინასწარ ვიცი ყველა თქვენი აზრი. მაგრამ ეს სრულებით არ მაწუხებს. აი, ჩემი რჩევა – დაანებეთ თავი ამ საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უსიამოვნო ისტორიაში ჩაებმებით. მეგრე უძრავად იჯდა და წინ იცქირებოდა. რუდეკი ცოტა არ იყოს ღელავდა, მაგრამ ეს მღელვარება თავშეკავებული და ძნელად შესამჩნევი იყო.

– მხედველობაში იქონიეთ, რომ მე თქვენს პროფესიულ ოსტატობაზე მეტად დიდი წარმოდგენა მაქვს. თქვენ თუ გაიხლართეთ და შეცდომები დაუშვით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საფუძვლად არასწორი მონაცემები მიიჩნიეთ. ესე იგი, ყოველივე დანარჩენიც ცრუ კვალს გაჰყვა, ხომ ასეა? ამიტომ, ყველაფერი ის, რასაც თქვენ მომავალში მიაღწევთ, მცდარი იქნება.. აღიარეთ, რომ თქვენ არც კი გიფიქრიათ იმ საიდუმლო როლის შესახებ, რომელსაც ამ ამბავში სენა ასრულებს. ვილა „სენ–კლუ“ სენის ნაპირას დგას. მესიე-ლე-პრენსის ქუჩა სენიდან ხუთასიოდე მეტრის დაშორებით მდებარეობს. ბისტრო „თეთრი ყანჩა“, სადაც, თუ გაზეთებს ვერწმუნებით, გაქცევის შემდეგ მკვლელი მიიმალა, სენასთან დგას. ერტენი დაიბადა მელიონში, სენის ნაპირას. მისი მშობლები ახლაც ნანდში ცხოვრობენ, რომელიც ისევ სენასთან არის. – რუდეკს სრულიად სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ თვალები დამცინავად უბრწყინავდა. – თქვენ გაიხლართეთ, კომისარო. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ბადეში გაბმას მივესწრაფვი. თქვენ ხომ არაფერი მკითხეთ, მე თვითონ წამოვიწყე ლაპარაკი ბოროტმოქმედების შესახებ, რომელიც თქვენ ძალიან გსურთ მე მომაწეროთ. მაგრამ როგორ? რატომ? ჟოზეფ ერტენთან მე საერთო არაფერი მაქვს, არაფერი მაქვს საერთო კროსბისთანაც. მე არასოდეს მინახავს არც მისის ჰენდერსონი, არც მისი მოახლე. ჯერჯერობით თქვენ ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთი სამხილი გაქვთ: გუშინ ჟოზეფ ერტენი ბარის გარშემო დაეხეტებოდა და თითქოს მე მითვალთვალებდა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შესაძლოა, ის მე მიცდიდა, შეიძლება – სხვას. მე ბარი პოლიციელების თანხლებით დავტოვე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ვიმეორებ, ამ საქმეში გარკვევა ისეთი ამოცანაა, რომლის ამოხსნა თქვენს ძალ-ღონეს აღემატება. თქვენ იკითხავთ, თუ რა როლს ვასრულებ მე ამ ამბავში? სრულიად არანაირს. ანუ მთავარს! წარმოიდგინეთ არც ისე სულელი ან სულელზე უფრო მეტად ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს და რომელიც არაფრით არ არის დასაქმებული. მთელი დღეების განმავლობაში ის ფიქრობს, და აი, მას მიეცა საშუალება, გართობილიყო პრობლემებით, რომელიც მჭიდრო კავშირშია მის პროფესიასთან, რადგან კრიმინალისტიკა და მედიცინა ნაწილობრივ ემთხვევიან ერთმანეთს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...