თავის საფასური
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 30.07, 2023 წელი

- ჟორჟ სიმენონი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #26-28 (1176)
(იბეჭდება შემოკლებით)
– გაიხსენეთ, რომ გამოძიებით არ არის დადგენილი, თუ როგორ დაბრუნდა ერტენი სენ-კლუდან პარიზში. მატარებლით იგი არ გამომგზავრებულა, ეს დამტკიცებულია. ტრამვაითაც არა. ფეხით ხომ არ შეეძლო ევლო? მეგრე ღიმილით განაგრძობდა:
– მოდი, ერთი ცდა ჩავატაროთ...
– სამინისტრო რას იტყვის? – შეეშინდა კომელიოს. მაგრამ ჯიუტი მეგრე სამინისტროსკენ გაემართა. მან ერტენისათვის გაქცევის გეგმა თვითონ შეადგინა.
– გამიგონეთ! თუ მას თანამონაწილენი ჰყავს, მაშინ იგი გადაწყვეტს, რომ ბარათი მათგან არის, თუ თანამონაწილეები არა ჰყავს, მაშინ მიხვდება, რომ აქ მახეა დაგებული. მასზე მე ვაგებ პასუხს. სამი დღის განმავლობაში მეგრე სასამართლოს შეცდომის აჩრდილით აშინებდა მათ და აყალმაყალით ემუქრებოდა, რომელიც ადრე თუ გვიან ატყდებოდა.
– როგორც ადამიანმა, მე უნდა მოვითხოვო მისი დანაშაულის უფრო დამაჯერებელი დადასტურება.
– და თქვენ მიგაჩნიათ, რომ ერტენი ან შეშლილია, ან არ არის დამნაშავე? მაშ, რატომ დუმს?
– ჩვენ ამას გავიგებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩავატარებთ ცდას, რომელსაც მე გთავაზობთ.
– თქვენ თქვენი კარიერით რისკავთ, კომისარო! დაფიქრდით!
– მე უკვე ყველაფერი მოვიფიქრე.
ბოლოს, როგორც იქნა, პატიმარს ბარათი გადასცეს. მას იგი არავისთვის უჩვენებია, მაგრამ მადა შესამჩნევად მოემატა.
– მან სრულებითაც არ გაიკვირვა! – თქვა მეგრემ. – ესე იგი, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა! ასე რომ, მას ჰყავს თანამონაწილეები, რომლებიც გაქცევის მოწყობას დაჰპირდნენ.
– თუკი ის არ მამაძაღლობს და თავისუფლად გაშვებისას თითებს შორის არ გაგიძვრებათ. თქვენს კარიერაზე იფიქრეთ, კომისარო!
– რა ჩემი კარიერა, ბეწვზე ჰკიდია ადამიანის სიცოცხლე...
***
და აი, მეგრე სასტუმროს ფანჯრის წინ ტყავის სავარძელში ზის. დროგამოშვებით „თეთრ ყანჩას“ დურბინდს უმიზნებს, იგი ხედავს სანაპიროზე სიცივისგან აბუზულ ინსპექტორ ჟანვიეს, რომელიც ცდილობს, უდარდელი გამომეტყველება მიიღოს. მეგრე ყველაფერს ხედავს, რაც იქ ხდება. დიუფურმა სოსისი და კარტოფილის პიურე შეუკვეთა და ახლა კალვადოსს სვამს. შუა ფანჯარა ძველებურად დახურულია.
– „თეთრი ყანჩა“ მომეცით, მადმუაზელ...
– ეს შენა ხარ, დიუფურ?
ინსპექტორი ზედმეტ სიტყვებს არ ხარჯავდა:
– მას სძინავს!
კარზე დააკაკუნეს, ბრიგადირი ლიუკასი ხველებით შემოვიდა. ოთახში დამდგარი ბოლისაგან სუნთქვა უჭირდა.
– ახალი რა არის? – იკითხა მეგრემ. ლიუკასმა კომისარს ხელი ჩამოართვა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
– საინტერესო – არაფერი. „სიფლეს“ რედაქტორმა სანტედან გაქცევის შესახებ დაწერილი წერილის შავი პირი მაინც მომცა, იგი მას დილის ათ საათზე ფოსტით მიუღია.
– მომეცი!
– ბრიგადირმა მას ლურჯი ფანქრით შესწორებებისგან აჭრელებული, მოსვრილი ქაღალდის ფურცელი გაუწოდა. „სიფლეს“ რედაქციაში, ვიდრე წერილს ასაწყობად გადასცემდნენ, იგი შეამცირეს და ზოგი ფრაზა გადააადგილეს. წერილის კუთხეში სტამბის ინდექსი და ამწყობი ლინოტიპისტის ინიციალები იყო დასმული.
– ქაღალდი ზევიდან არის წაჭრილი, – წარმოთქვა მეგრემ, – უეჭველია, ეს იმისათვის არის გაკეთებული, რომ ფირმის ნიშანი მოეშორებინათ.
– კიდევ ვიფიქრე: წერილი, უთუოდ, კაფეში არის დაწერილი. მოერსთან წავედი. ის ირწმუნება, რომ პარიზის თითქმის ყველა კაფეს საფოსტო ქაღალდის გამოცნობა შეუძლია. მართლაც, ათ წუთზე მეტიც არ დაუხარჯავს ამის გამოსაცნობად. ეს ქაღალდი მონპარნასის ბულვარის კაფე „გუმბათიდან“ არის. ამ წუთში იქიდან მოვდივარ. სამწუხაროდ, მათთან დღეში ათასამდე მუშტარი მოდის. და ორმოცდაათამდე მათგანი მელანსა და ქაღალდს ითხოვს.
– ხელნაწერის შესახებ რაღა თქვა მოესმა?
– მითხრა, რომ, თუ წერილს მას მივცემ, იგი ყველა წესის მიხედვით გრაფოლოგიურ ექსპერტიზას ჩაატარებს. ჯერჯერობით კი მე ისევ „გუმბათში“ შემიძლია, წავიდე...
მეგრე „თეთრ ყანჩას“ თვალს არ აშორებდა. მეზობლად მდებარე ფაბრიკის ალაყაფის კარი ფართოდ გაიღო, მუშები ქუჩაზე გამოეფინნენ. უმეტესი მათგანი ველოსიპედით იყო. ბისტროში ერთადერთი ნათურა აინთო და კომისარს მომსვლელებისთვის თვალყურის დევნება შეეძლო.
მეგრემ დურბინდი დაუმიზნა დახვეულ კიბეს, რომელიც დახლის უკან მიიკლაკნებოდა, მასზე ვიღაცის ფეხები გამოჩნდა. ერთ წუთს ისინი უმოძრაოდ იყვნენ გაჩერებული, შემდეგ ტანი და ბოლოს – ჟოზეფ ერტენის გაფითრებული სახეც გამოჩნდა. ნათურის კაშკაშა შუქი პირდაპირ მას ეცემოდა. იმავე წუთს მეგრემ დაინახა, თუ როგორ დააგდო პატრონმა ერთ-ერთ მაგიდაზე საღამოს გაზეთი.
– აი, რა, ლიუკას, „სიფლედან“ ცნობა საღამოს გაზეთებმაც გადაბეჭდეს?
– არ ვიცი, არ მინახავს. მაგრამ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, აუცილებლად გადაბეჭდავენ. თუნდაც, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვგესლონ.
მეგრემ ყურმილს წაავლო ხელი.
– „თეთრი ყანჩა“, მადემუაზელ, ჩქარა! – მთელი დღის განმავლობაში მეგრე პირველად აჩქარდა.
სენის იქითა ნაპირზე ბისტროს პატრონმა ერტენს მიმართა, როგორც ეტყობოდა, შეეკითხა, თუ რას დალევდა. მაგრამ ლტოლვილს, როგორც ეტყობოდა, ყველაფერზე მეტად აინტერესებდა გაზეთი, რომელიც იქვე გვერდით, სულ ახლოს იდო.
როგორც იქნა, შეაერთეს.
– ალო! ეს შენ ხარ, დიუფურ? ყურადღება, მეგობარო! მაგიდაზე გაზეთი დევს. იგი მან არ უნდა წაიკითხოს, არავითარ შემთხვევაში! გასაგებია? ის ჯდება, გაზეთი კი ცხვირწინ დევს, აჩქარდი!
მეგრემ გაბრაზებით დააგდო ყურმილი და წამოდგა. თუ ერტენი ცნობას წაიკითხავს, მაშინ ის ცდა, რომლის ჩატარების უფლებაც მან ასეთი გაჭირვებით მოიპოვა, ამაოდ ჩაივლის. მეგრე ხედავდა, თუ როგორ დაეშვა კედელთან მდგარ გრძელ სკამზე სიკვდილმისჯილი, მაგიდაზე იდაყვები დააწყო და ხელები თავში წაივლო.
ახლა დიუფური ოთახში დაბრუნდება და გაზეთს აიღებს.
ლიუკასმა, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაერკვია, თუ რა ხდებოდა, ალღოთი გამოიცნო კომისრის მღელვარება და ისიც ფანჯარაში გადმოეყუდა.
– როგორც იქნა! – წაიბუტბუტა მეგრემ, როდესაც დიუფური ტელეფონის ჯიხურიდან გამოვიდა.
ერტენმა დაუდევრად გაშალა გაზეთი. რომელ გვერდზეა მოთავსებული სტატია? მოასწრებს თუ არა იგი მის წაკითხვას? შეძლებს თუ არა დიუფური საშიშროების აცილებას?
მტვირთავებით გამოტენილ ამ ბისტროში, თავის აკურატულ კოსტიუმში გამოწყობილი დიუფური უცხო საგანივით გამოიყურებოდა. ის მიუახლოვდა ერტენს, ხელი გაზეთისაკენ წაიღო. როგორც ჩანს, თქვა:
– ბოდიში, მესიე... ეს ჩემი გაზეთია! მუშტრები, რომლებიც დახლთან სვამდნენ, მოტრიალდნენ. ერტენმა გაკვირვებით შეხედა ინსპექტორს. დიუფური დაჟინებით მოითხოვდა თავისას, იგი ერტენისკენ დაიხარა და შეეცადა გაზეთს დაპატრონებოდა. ლიუკასმა, რომელიც მეგრეს გვერდით იდგა, უკმაყოფილოდ დაიჯიჯღინა. ერტენი თითქოს ამას უცდიდა. სურათი უცბად შეიცვალა. ერტენი ნელა წამოდგა, იმ ადამიანივით, რომელმაც არ იცის, თუ რა უნდა მოიმოქმედოს. მარცხენა ხელით მას კვლავ ეკავა გაზეთი, რომელსაც დიუფური არ უშვებდა, მარჯვენათი კი მეზობელ მაგიდაზე მდგარ მძიმე ბოთლს დასტაცა ხელი და დიუფურს თავში ჩაარტყა. ჟანვიე ბისტროდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით იდგა. იგი არც კი შემობრუნებულა. დიუფური შეტორტმანდა, დახლს მიეხალა, იქიდან ორი ჭიქა ჩამოვარდა და გატყდა. სამი კაცი ერტენს მივარდა, ორმა სხვამ კი დიუფური აიტაცა. როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა ატყდა ხმაური, რადგან ჟანვიემ წყალში მოთამაშე სხივთა ანარეკლის ცქერა შეწყვიტა. ბისტროსკენ შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაიქცა.
– ცოცხლად! მანქანა წაიყვანე და იქ წადი! – უბრძანა მეგრემ ლიუკასს, რომელიც უხალისოდ წავიდა კარისკენ. მას ესმოდა, რომ მეტად დაგვიანებით მივიდოდა.
ჟანვიე კი თითქმის უკვე იქ იყო. მისჯილი ხალხს იგერიებდა და რაღაცას ყვიროდა. იქნებ ის მიხვდა, რომ დიუფური პოლიციიდან არის? ასეა თუ ისე, ერტენს ხელი გაუშვეს. ბოთლი ჯერ კიდევ მარჯვენა ხელში ეკავა. როგორც კი მოძრაობის საშუალება მიეცა, მან ბოთლი ნათურას სტყორცნა. კომისრის თითები ფანჯრის რაფას ჩაებღაუჭა, მაგრამ იგი ადგილიდან არ დაძრულა. სასტუმროს შესასვლელთან ტაქსი დაიძრა. ბისტროში ასანთმა გაიელვა და იქვე ჩაქრა. მიუხედავად საკმაო მანძილისა, მეგრე თითქმის დარწმუნებული იყო, რომ პისტოლეტის გასროლის ხმა მოესმა.
***
წუთები უსასრულოდ გრძელდებოდა. მანქანა აუტანლად ნელა მოძრაობდა. „თეთრ ყანჩამდე“ ორასი მეტრის მოშორებით ბრიგადირი ლიუკასი მანქანიდან გადმოხტა და გაიქცა. ალბათ, გასროლის ხმა მანაც გაიგონა. გაისმა გამჭოლავი სტვენის ხმა. ალბათ, ჟანვიე ან ლიუკასი უსტვენდა. ბისტროს ჭუჭყიან მინებს იქით სანთელი აინთო. რამდენიმე ადამიანი მიწაზე განრთხმულ სხეულთან დახრილიყო. მბჟუტავი შუქის სინათლეზე არც კი შეიძლებოდა იმის გარჩევა, თუ რა ხდებოდა იქ. მეგრე ფანჯრისაგან მოუცილებლად მშვიდად ლაპარაკობდა ტელეფონით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
თარგმნა ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან