რომანი და დეტექტივი

ტაქსისტი

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.07, 2023 წელი

ტაქსისტი
დაკოპირებულია

– თავისუფალი ბრძანდებით? – ჰკითხა გოგონამ ზურაბს.

„მე მგონი, ვიპოვე“, – გაიფიქრა ახალგაზრდამ. გოგონას კი უთხრა:

– დიახ. დაბრძანდით.

– ვარკეთილში მინდა და რვა ლარად წამიყვანთ? – მორიდებით იკითხა გოგონამ.

– დაბრძანდით, – თქვა ზურაბმა.

გოგონა უკანა სავარძელზე მოკალათდა და მძღოლს უთხრა:

– „ქუალინგთან“ მინდა, ჩინურ დასახლებაში. იცით, სადაა?

– დიახ, ვიცი, – თქვა ზურაბმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

სადგურიდან ვარკეთილამდე მრიცხველიანი ტაქსები 10 ლარზე მეტს წერდნენ. კერძოდ, ტაქსისტები კი 20 ლარადაც არ იცვლიდნენ ფეხს. გოგონამ ეს კარგად იცოდა და მძღოლს უთხრა:

– ვიცი, რომ ძალიან იაფად მიგყავართ და თქვენი დიდი მადლობელი ვარ. გადასარიცხი მაქვს ფული, თორემ არც კი გავიფიქრებდი ასე იაფის შემოთავაზებას.

– ეგ არაფერი. ყველაფერი ხდება. იმიტომ ვართ ადამიანები, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ. თანაც, დღეს სარფიანად ვიმუშავე და ჩვეულებრივზე მეტი ვიშოვე, – მიუგო ზურაბმა, გაიღიმა და დაამატა, – ვფიქრობდი, კიდევ ერთ რეისს გავაკეთებ და სახლში წავალ-მეთქი. მეც იქით ვცხოვრობ და ორივეს გაგვიმართლა.

– ალბათ, ცოლ-შვილთან მიიჩქარით, – თქვა გოგონამ.

– არა. ჯერჯერობით დაოჯახებული არ ვარ, – თავი გააქნია ტაქსისტმა და იკითხა, – „ქუალინგში“ რომელ კორპუსში ცხოვრობთ?

– იქ არ ვცხოვრობ, ვმუშაობ, – სევდიანად მიუგო გოგონამ და დაამატა, – შეგიძლიათ, სამიოდე წუთით ბანკის აპარატთან შემიჩეროთ? ფულს გადავრიცხავ.

ზურაბმა ისე გააჩერა მანქანა, რომ დაენახა, თუ რამდენს რიცხავდა გოგონა და გაუკვირდა, რადგან ასდოლარიანების სქელი შეკვრა დაუნახა და ოცი ჩარიცხული კუპიურა დათვალა. თან გაიფიქრა, – „აქ რაღაცაშია საქმე...“

უკან დაბრუნებული გოგონა ვაჟს კიდევ უფრო მოწყენილი მოეჩვენა.

– ბოდიშს გიხდით, გალოდინეთ, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მანქანაში ჩაჯდომისას.

– ეგ არაფერი. წავედით?

– დიახ.

ზურაბმა მანქანა ადგილიდან დაძრა და კიდევ უფრო მეტი ჟინი გაუჩნდა, გაეგო, რა სჭირდა მის მგზავრს.

გოგონა ხმას არ იღებდა. დანიშნულების ადგილზე თითქმის მისულები იყვნენ, რომ ამ დროს გოგონას ტელეფონმა დარეკა.

– გისმენთ. – ინგლისურად უპასუხა მგზავრმა. ლაპარაკი ინგლისურადვე გააგრძელა და რომ გათიშა, კიდევ უფრო მეტად მოიწყინა. ზურაბი მშვენივრად ფლობდა ინგლისურს და საუბრიდან მიხვდა, რომ გოგონასთან მოლაპარაკე უცნობი ქალი მას უხეში ფორმით კიცხავდა – რატომ აგვიანებო. გოგონა კი ცდილობდა, არ გაემწვავებინა საუბარი და უხეშ უცნობს თავაზიანად ებოდიშებოდა.

ზურაბმა დააპირა ეკითხა, სად მუშაობო, მაგრამ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, ყველაფერი თავადვე შეეტყო. საამისოდ კი ხერხი იხმარა და დასახლების ტერიტორიაზე რომ შევიდნენ, გოგონას უთხრა:

– მე ამ კორპუსში ვცხოვრობ. თქვენ სად მიგიყვანოთ?

– მეც აქ ჩამოვალ და ცოტას ფეხით გავივლი. ჩვენი ოფისი აქვეა, – მიუგო გოგონამ და ზურაბი მიხვდა, რომ მგზავრს არ უნდოდა, თავისი სამუშაო ადგილი ეჩვენებინა. არადა, გოგონას ეჩქარებოდა, შეიძლება, იმ უცნობი ქალისგან უფრო მეტი შეურაცხყოფა მიეღო, ვიდრე ტელეფონით საუბრის დროს.

ტაქსისტმა მანქანა გააჩერა. გოგონამ ხუთლარიანი და სამი ცალი ლარიანი გაუწოდა ზურაბს და უთხრა:

– დიდი მადლობა და ბოდიში, რომ ხურდებს გაძლევთ.

– სხვანაირად ნუ მიიღებთ, ჩემო კარგო, მაგრამ ფული არ მინდა. მაინც აქეთ მოვდიოდი და თანაც დღეს კარგად ვიშოვე, – თქვა ზურაბმა და გოგონას გაუღიმა.

– დიდი მადლობელი ვარ. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ! ნახვამდის! – მიუგო გოგონამ. ფული ჯიბეში ჩაიდო და როგორც კი მანქანიდან გადავიდა, უკანმოუხედავად, სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა გზას.

ზურაბმა მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. სწრაფად გადმოვიდა და გოგონას აედევნა. კორპუსების პირველ სართულებზე ერთმანეთის მიყოლებით უამრავი ოფისი იყო განლაგებული. გოგონამ ყველა მათგანს ჩაუარა და ბოლო კორპუსში, შეღებულ კარში შევიდა. აბრაზე ჩინურ, ინგლისურ და ბოლოს ქართულ ენებზე ეწერა: „ჩინური კერძები“.

ზურაბმა მტკიცედ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას აკეთებდა გოგონა ჩინურ რესტორანში. ათიოდე წუთი შეყოვნდა და რესტორნის შესასვლელისკენ გაემართა, მაგრამ შეცბა და ადგილზე გაქვავდა – რესტორნიდან აცრემლებული გოგონა გამოვიდა და ლასლასით გაემართა დასახლების მთავარი გასასვლელისკენ. თავჩაღუნული მიდიოდა. ვერავის ამჩნევდა და ქუჩაში რომ გავიდა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ტაბლოს შეხედა. ელექტრონული საათი ღამის თორმეტის ნახევარს უჩვენებდა. ეკრანზე კი ავტობუსის მიმოსვლის დრო აღარ ეწერა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე აღარ მოძრაობდა. გოგონა შეწუხებული იყო. წრიალებდა. გამვლელ მანქანებს ათვალიერებდა. შემდეგ მობილურზე ილაპარაკა და უფრო აღელდა. ტელეფონი რომ გათიშა, გამვლელ ტაქსის ხელი დაუქნია. მძღოლს რაღაცას უხსნიდა, როგორც ეტყობოდა, სთხოვდა, რომ იაფად წაეყვანა. მძღოლმა კი უარი უთხრა, მანქანა ადგილიდან მოსწყდა და დიდი სისწრაფით გაქანდა. გოგონა უფრო მეტად აწრიალდა. ამ დროს მას ახალთახალმა „ჯიპმა“ გაუჩერა და წაყვანა შესთავაზა, მაგრამ გოგონამ უარი უთხრა და მანქანას მოშორდა. მძღოლი გადმოვიდა და გოგონას აშკარად არასასიამოვნო ლაპარაკი დაუწყო.

„დროა“, გაიფიქრა ზურაბმა. სწრაფი ნაბიჯით გაემართა გოგონასკენ. ზურგიდან მიადგა და „ჯიპიდან“ გადმოსულს უთხრა:

– რამე პრობლემაა, ძმაო?

აბეზარი ტიპი გაჩუმდა და ზურაბი აათვალიერა.

– არა, რა პრობლემაა, ძმაო. ქალბატონს შევთავაზე, წაგიყვან-მეთქი, ღამეა და მარტო დგას. თან, ტაქსისტმაც არ წაიყვანა, დავინახე და ათასი ოხერი დადის აქ, ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი.

– მადლობა, ძმაო, ჩემთანაა. ცოტა დავაგვიანე. თან, ტელეფონიც დამიჯდა.

– გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ, – თქვა ნირწამხდარმა, „ჯიპში“ ჩაჯდა და გაბრაზებულმა მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

მხოლოდ მაშინ გააცნობიერა გოგონამ, თუ ვინ გააქცია აბეზარი ახალგაზრდა და გაოცებულმა იკითხა:

– თქვენ?

– კი. მე გახლავართ. სახლდან სიგარეტის საყიდლად გამოვედი და შემთხვევით შევესწარი ამ სცენას, ასე მალე დაასრულეთ მუშაობა?

– გამომაგდეს, – ცივი ხმით თქვა გოგონამ.

– გასაგებია, – თქვა ზურაბმა და დაამატა, – თუ არ ვცდები, სახლში მისვლას ვერ ახერხებთ და მე წაგიყვანთ, თუ, რა თქმა უნდა, მენდობით.

– ასე როგორ შეგაწუხოთ? – ნაღვლიანად ჩაეცინა გოგონას.

– ახლავე მოვალ, – თქვა ზურაბმა და „ქუალენდში“ სირბილით შებრუნდა. ათიოდე წამის შემდეგ კი მანქანა წინ გაუჩერა გოგონას, გადმოვიდა, უკანა კარი გაუღო და უთხრა, – დაბრძანდით.

ამჯერად გოგონა წინა სავარძელზე მოკალათდა. ზურაბს გაუღიმა და უთხრა:

– დიდ დიღომში ვცხოვრობ, ახალ სუპერმარკეტთან. ახალი გადმოსული ვარ და ცოტა არ იყოს, მიგნება მიჭირს ხოლმე. ავტობუსით უფრო იოლად ვაგნებ.

– სიმართლე გითხრათ, დიდ დიღომს საერთოდ არ ვიცნობ და პირველად მივდივარ. მაგრამ, არა უშავს, მივაგნებთ. მთავარია, ის ვიცით, რომ ახალ სუპერმარკეტთან უნდა მივიდეთ, – მიუგო გოგონას ზურაბმა.

ტაქსისტს ძალიან უნდოდა, გოგონაზე რაც შეიძლება მეტი გაეგო, მაგრამ არაფერი უკითხავს. გოგონაც ხმის ამოუღებლად იჯდა მანქანაში და უხერხულად იღიმებოდა. დანიშნულების ადგილზე რომ მივიდნენ, მგზავრმა ტაქსისტს უთხრა:

– აი, ამ კორპუსში ვცხოვრობ, მეოთხე სართულზე. მე ლიკა მქვია. თქვენ?

– ზურაბი, – მიუგო ვაჟმა.

– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, ზურაბ. რომ არ შემხვედროდით, ფეხით მომიწევდა წამოსვლა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ნახვამდის, – თქვა ლიკამ. ზურაბს ხელი გაუწოდა და მანქანიდან გადავიდა.

– ნახვამდის, ლიკა! წარმატებებს გისურვებთ! – უთხრა ტაქსისტმა მგზავრს და მიმავალ გოგონას თვალი გააყოლა.

როდესაც ლიკა სადარბაზოში შევიდა, ზურაბმა კორპუსი კარგად შეათვალიერა, ადგილმდებარეობაც დაიმახსოვრა, შემდეგ ნელა დაძრა მანქანა და საირმის გორაზე მდებარე ფეშენებელური ვილისკენ აიღო გეზი, სადაც ის მარტო ცხოვრობდა.

***

ტაქსისტი ზურაბი სინამდვილეში ცნობილი მოსკოველი მილიონერის, მერაბ თოხაძის ნაბოლარა ვაჟი იყო. 27 წლის ზურაბს ორი უფროსი ძმა ჰყავდა, რომლებიც ცოლ-შვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობდნენ. უცოლშვილო ზურაბი კი დედ-მამასთან ერთად მოსკოვში დარჩა და მამას ბიზნესსაქმიანობაში ეხმარებოდა. ზურაბს კემბრიჯის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული ბიზნესის განხრით. ფლობდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. თბილისში კი ორი კვირის წინ ჩამოვიდა, რომ საცოლედ ქართველი გოგონა ეპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოველი გოგონები ბუზებივით ეხვეოდნენ თავს, მას ძალიან უნდოდა ქართული ოჯახი შეექმნა. ამის განსახორციელებელ საშუალებად კი ტაქსისტობა აირჩია. ზურაბი თითქმის მთელი დღის განმავლობაში დადიოდა თბილისის ქუჩებში შესაფერისი გოგონას საპოვნელად. არაერთი ლამაზი გოგონა შეხვდა, მაგრამ თითქოს ის არ იყო, ვისაც ბიჭი ეძებდა, ვინც მხოლოდ თვალს კი არ გაახარებდა, მისი გულის სიმებს შეარხევდა. ლიკას დანახვამ კი რაღაც უცნაურად იმოქმედა მასზე და გადაწყვიტა, კიდევ უფრო დაახლოებოდა გოგონას, ყველაფერი შეეტყო მის შესახებ და მერე დრო და ვითარება უჩვენებდა... მილიონერის ვაჟს, რა თქმა უნდა, შეეძლო, შესაბამისი კერძო პირი დაექირავებინა ამ საქმისთვის, მაგრამ გადაწყვიტა, თვითონ, სხვისი ჩარევის გარეშე ემოქმედა. მეორე დღეს ზურაბი უთენია ადგა. მოწესრიგდა, შემდეგ ჩაფხუტი მოირგო, შესაბამის უნიფორმაში გამოეწყო და მოტოციკლეტით დიდი დიღმისკენ აიღო გეზი. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ ლიკა დილიდანვე გამოვიდოდა სახლიდან და მისი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს გაჩერდა. დიდი ხნის ლოდინი არც დასჭირვებია. ლიკა მალევე გამოჩნდა, თუმცა მარტო არ იყო. გოგონას სამიოდე წლის ბიჭუნა მოჰყავდა ხელჩაკიდებული. ლიკამ ბავშვი საბავშვო ბაღში მიიყვანა. შემდეგ ავტობუსში ჩაჯდა და ქალაქისკენ აიღო გეზი. ზურაბი ფრთხილად მისდევდა უკან, გოგონას რომ არ შეემჩნია, მაგრამ მხედველობის არედანაც არ დაეკარგა. ლიკამ ავტობუსით დიდუბემდე იმგზავრა და შემდეგ მეტროში შევიდა. ზურაბმა მოტოციკლეტი ავტოსადგომზე გააჩერა. მეთვალყურეს 10 ლარი მისცა, ჩაფხუტი დაუტოვა, მისი მობილური ჩაიწერა და სთხოვა, მოტოციკლეტისთვის ყურადღების მიექცია. ამ ყველაფერს მხოლოდ 20 წამი მოანდომა და გვირაბისკენ მიმავალ ლიკას ჩქარი ნაბიჯით დაედევნა. პირდაღებულმა ავტოსადგომის მეთვალყურემ კი დაბნეული მზერა გააყოლა ბიჭს. ლიკა უკვე ბაქანზე იყო გასული, როდესაც ზურაბმა მეტროს აბონემენტი იყიდა.

ლიკა სადგურის მოედანზე ჩავიდა, საბურთალოს ხაზზე გადაჯდა და „დელისზე“ ამოვიდა. გოგონა ტაქსების გაჩერებაზე დადგა, მაგრამ ტაქსიში არ ჩამჯდარა, ხუთიოდე წუთის შემდეგ გოგონას „სედანმა“ გაუჩერა, რომელსაც შუა ხნის ქალი მართავდა. მანქანა ადგილიდან დაიძრა. ზურაბი იქვე მდგომ ტაქსიში ჩაჯდა და მძღოლს უთხრა:

– იმ მანქანას გაჰყევი, მაგრამ ისე, რომ არ დავიწვათ!

ხანში შესული მძღოლი ძველი ფილერი აღმოჩნდა და ისე ოსტატურად „ხვოსტა“ „ობიექტი“, რომ „სედანის“ მძღოლს ეჭვი არაფერში შეჰპარვია. მანქანა საირმის გორაზე ავიდა და ერთ-ერთი მდიდრული ვილის ეზოში გაუჩინარდა. ზურაბმა ორმაგი გადაუხადა მძღოლს და გაისტუმრა. თან, გაოცებული იყო ასეთი დამთხვევით, რადგან ის სახლი, სადაც გოგონა შევიდა, ზურაბის სახლიდან სულ რაღაც 150 მეტრის მოშორებით მდებარეობდა. ზურაბი კარგად იცნობდა ამ სახლის მფლობელს – ქალბატონ ანგელინას, სამოციოდე წლის ქვრივს. ერთ დროს ულამაზეს ქალს თავისზე 30 წლით უფროსი ქმარი, ღვაწლმოსილი გენერალი, 20 წლის წინ გარდაეცვალა. ერთადერთი ქალიშვილი კანადაში ჰყავდა გათხოვილი, უზარმაზარ სახლში მარტო ცხოვრობდა და ქმრის ნაშოვნი ფულით არაფერს იკლებდა. ზურაბს ანგელინა ბავშვობიდანვე იცნობდა, როდესაც თოხაძეები თბილისში ჩამოდიოდნენ, ხშირად სტუმრობდა ხოლმე მათ, ლიტრობით ყავას სვამდა, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და დაუსრულებლად ლაპარაკობდა. ზურაბი ორი კვირის ჩამოსული იყო და ეს ანგელინამ არ იცოდა, თორემ ან თავად ეწვეოდა მას, ან თავისთან იხმობდა სტუმრად. ზურაბი ერთხანს ქუჩაში იდგა და ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. შემდეგ სახლში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა, ძვირფასი შოკოლადების ნაკრები შეიძინა და ანგელინას სახლს მიადგა. კარი „სედანის“ მფლობელმა გაუღო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა