სპილენძის წიფლები
ავტორი: „თბილისელები“ 20:00 13.03, 2022 წელი

- არტურ კონან დოილი
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #7-8(1104)
– დანიშნულ დროს უკვე იქ ვიყავით. ზედა სართულზე ავედით, ჰოლმსმა თოკი გადაჭრა და ურდული ამოიღო. მერე საკეტისათვის სხვადასხვა გასაღების მორგება სცადა, მაგრამ ტყუილად გაისარჯა. შიგნიდან არავითარი ხმა არ ისმოდა და ჰოლმსს სახე მოეღრუბლა.
– აბა, უოტსონ, თქვენც მომეხმარეთ, კარს მხრით მივაწვეთ და იქნებ შევამტვრიოთ.
კარი ძველი იყო, შეერთებული ძალით ადვილად შევტეხეთ და ორივენი ოთახში შევვარდით. იქ ძეხორციელი არ დაგვხვედრია. ოთახში ერთი თივისლეიბიანი მაგარი საწოლი იდგა, ერთიც – პატარა მაგიდა და საცვლების კალათა. ჭერში ასასვლელი ღია იყო, ეტყობოდა, რუკასტლის დატყვევებული ქალიშვილი გაქცეულიყო.
– აქ რაღაც მომხდარა, – თქვა ჰოლმსმა, – ის ბინძური, ალბათ, მიხვდა, რასაც ფიქრობდა მის ჰანტერი და თავისი მსხვერპლი გადამალა. ახლა უნდა დავათვალიეროთ, როგორ მოახერხა ამის გაკეთება. აი, ხედავთ, ჭერიდან თოკის კიბე ჩამოუშვია.
უთუოდ უკან დაბრუნდა და ყველაფერი მერე გააკეთა. მე გითხარით, ის ჭკვიანი და საშიში კაცია-მეთქი. არც ის გამიკვირდება, თუ ახლა კიბეზე მის ფეხის ხმას გავიგონებ, უოტსონ, კარგი იქნება, თუ რევოლვერს ფეხზე შეაყენებთ.
ძლივს მოასწრო ჰოლმსმა თავისი გამაფრთხილებელი სიტყვების დამთავრება, რომ ზღურბლზე მსუქანი, მოსული კაცი გამოჩნდა. მას ხელთ დიდი ჯოხი ეჭირა. მის ჰანტერმა მის დანახვაზე ერთი შეჰკივლა და კედელს აეკრა, მაგრამ ჰოლმსმა უცებ ისკუპა და მათ შუა ჩადგა.
– ეი, არამზადავ, სად გადაკარგე საკუთარი ქალიშვილი?
მსუქანმა კაცმა თვალები გარშემო მიმოატარა და მერე ჭერს ახედა.
– ეგ თქვენ უნდა მოგკითხოთ კაცმა, – ყვირილით წარმოთქვა მან, – ქურდებო, ჯაშუშებო, მძარცველებო! ხომ გამოგიჭირეთ და ხელიდან ვეღარ წამიხვალთ. ახლა ჩემს ხელში ხართ და მოგივლით კიდეც, – მერე შებრუნდა და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა.
– ძაღლის ასაშვებად წავიდა! – იკივლა მის ჰანტერმა.
– რევოლვერი თანა მაქვს, – ვთქვი მე.
– შემოსასვლელი კარის გადაკეტვა აჯობებს! – გვითხრა ჰოლმსმა და სამივენი კიბეზე დავეშვით. ტალანამდე არც მიგვეღწია, რომ ძაღლის საშინელი ყეფის ხმა, ღრენა და განწირული ადამიანის ყვირილი ერთმანეთში არეულ-დარეულად მოგვესმა. ამ დროს ვიღაც მოხუცი, თეთრწვერა კაცი, აცახცახებული, საიდანღაც გამოვარდა, თან ვიშვიშებდა:
– ო, ღმერთო! ვიღაცამ ძაღლი აუშვა, ორი დღის მშიერია, მალე უნდა დავაბა, თორემ მერე გვიან იქნება.
ტოლერი ჩვენ უკან მიმოდიოდა. უზარმაზარი შავდრუნჩიანი ურჩხული რუკასტლს ყელში სცემოდა. გამწარებული კაცი რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰყვიროდა და იკლაკნებოდა. ძაღლს ტყვია დავახალე და იქვე მოვუღე ბოლო, მაგრამ თეთრი ეშვივით კბილები რუკასტლს ყელში ჩარჩა. მკვდარი პირუტყვი და ჯერ კიდევ ცოცხალი კაცი ერთმანეთს ძლივს დავაცილეთ. საშინლად დასახიჩრებული რუკასტლი შინ შევიტანეთ და სასტუმრო ოთახში დივანზე დავაწვინეთ. ყველანი რუკასტლს ვადექით თავს, როცა კარი გაიღო და ოთახში მაღალ-მაღალი, გამხდარი ქალი შემოვიდა.
– მისის ტოლერ?! – წამოიყვირა მის ჰანტერმა.
– დიახ, მის, მისტერ რუკასტლმა გამიღო კარი და გამომიშვა, ვიდრე თქვენთან მაღლა ამოვიდოდა. აჰ, მის, რატომ დროზე არ მითხარით, თუ ასეთი გეგმა გქონდათ, მაშინ ხომ ტყუილუბრალოდ არ მოგიწევდათ გარჯა. მე სიამოვნებით მოგიყვებით, რაც ვიცი.
დიახ, სერ, მე სიამოვნებით მოგიყვებით, რაც ვიცი. სარდაფიდან რომ დროზე გამოგეშვით, უფრო ადრე შეიტყობდით იმას, რაც უნდა გითხრათ. თუ ამ საქმეში პოლიცია ჩაერევა, არ დაგავიწყდეთ, რომ მე თქვენს მხარეზე ვიყავი და მის ალისასაც დახმარება აღმოვუჩინე.
მის ალისა ბედნიერი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისი მდგომარეობა განსაკუთრებით აუტანელი მას მერე გახდა, რაც მისმა მშობელმა მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. აუტანელი პირობები კი მაშინ შეექმნა, როცა თავისი მეგობრის ოჯახში მისტერ ფაულერი გაიცნო. როგორც ვიცი, მის ალისას საკუთარი გვარიანი თანხა ჰქონდა, მაგრამ ისეთი სუსტი და წყნარი ადამიანია, რომ ყველაფერი მისტერ რუკასტლს ჩააბარა და ამაზე სიტყვა არასოდეს დაუძრავს. როცა ალისამ საქმრო გაიჩინა, მისტერ რუკასტლი შეწუხდა, ვაითუ, ალისას მეუღლემ ყველაფერი, რაც კანონით ერგება, მომთხოვოსო და ამოქმედდა. მან ალისას მოსთხოვა, ქაღალდზე მომიწერე ხელი, რომ გათხოვდები თუ შინაბერად დარჩები, ფული მაინც მე მეკუთვნოდესო. ალისამ იმ ქაღალდზე ხელი არ მოუწერა, მაგრამ მისტერ რუკასტლი მანამდე არ დაეხსნა, ვიდრე საწყალ გოგოს ტვინის ანთება არ დამართა. მთელი ექვსი კვირა ებრძოდა სიკვდილს. გამომჯობინდა, მაგრამ ლანდივით დადიოდა, ლამაზი თმა კი ავადმყოფობისას გადაპარსეს, თუმცა მის მიჯნურს, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის, ალისას მიმართ გული მაინც არ გასცივებია.
– მისტერ რუკასტლმა საკუთარი ქალიშვილი მაღლა სართულზე გამოკეტა და მის ჰანტერი დაიქირავა, რათა ფაულერი თავიდან მოეცილებინა?
– სწორედ, ასე გახლდათ, სერ.
– მაგრამ მისტერ ფაულერი, როგორც ნამდვილი მეზღვაური, უდრეკი ნებისყოფის პატრონი აღმოჩნდა და აქაურობას მანამდე არ მოსცილებია, ვიდრე ზოგიერთი არგუმენტის წყალობით, თქვენ არ გადაგიბირათ და თავის თანამოაზრედ არ გაგხადათ.
– მისტერ ფაულერი ენაწყლიანიც არის და ხელგაშლილიც, – გულახდილად თქვა მის ტოლერმა.
– მერე მისტერ ფაულერმა იმდენი მოახერხა, რომ თქვენს ქმარს სასმელი არ შემოჰკლებოდა და როცა სახლის პატრონები სახლიდან წავიდოდნენ, თოკის კიბე მზად ყოფილიყო.
– ყოველივე სწორედ ასე მოხდა, სერ.
– მის ტოლერ, დიდ მადლობას მოგახსენებთ. აი, აქაური ექიმი და მისის რუკასტლიც გამოჩნდნენ, უოტსონ, და ჩვენი აქ დარჩენა უკვე მიზანშეუწონელია. ამიტომ გუდა-ნაბადი ავიკრათ, მის ჰანტერიც თან წავიყვანოთ და ლონდონისკენ გავეშუროთ.
ასე გამომჟღავნდა „სპილენძის წიფლებიანი“ სახლის საიდუმლოება. მისტერ რუკასტლი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ ხეიბარი დარჩა და მისი არსებობა ცოლის მზრუნველობაზე იყო დამოკიდებული. მისტერ ფაულერმა და მის რუკასტლმა კი გაქცევის მეორე დღესვე დაიწერეს ჯვარი.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან