სხვა შვილი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.01
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #50 (1302)
ცისიამ ამოიწერა იმ დედების მონაცემები, რომლებიც მისი მშობიარობის დღეს სამშობიაროში იმყოფებოდნენ. სულ 41 ქალი აღმოჩნდა. მერე იმ დედების გვარები გამოაკლო, რომლებიც იმ დღეს გაეწერენ კლინიკიდან. სიაში 26 ქალი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება იმ დედებზე გაამახვილა, ვისაც თამარი ერქვა. ასეთი ხუთი იყო. გადაწყვიტა მათთან სახლებში ჩამოევლო და ბავშვები საკუთარი თვალით ენახა, მაგრამ ამაოდ. ცუდი დრო იყო. ხალხი, გაჭირვების გამო, ბინებს ყიდდნენ, რომ ცოტა სული მოეთქვათ. ზოგი ბინა ორჯერ და სამჯერ იყო გაყიდული.
დაღონებული და იმედგაცრუებული ცისია ისევ ქალბატონ ნათელას მიადგა. მან ძალიან განიცადა ცისიას მდგომარეობა და მასთან ყველაფრის თქმა გადაწყვიტა:
– სამშობიაროს მთავარ ექიმს უშვილო ახლობელმა დახმარება სთხოვა, მისთვის ბავშვი ეშოვა. მთავარმა ექიმმა ეს საქმე უფროს ექთანს დაავალა. მან კარგად გაართვა დავალებას თავი და კარგი გასამრჯელოც მიიღო. მას იმდენად მოეწონა მუქთად ნაშოვნი ფული, რომ დამოუკიდებლად დაიწყო ბავშვებით ვაჭრობა. მთავარ ექიმს ეს ამბავი არ მოეწონა, მისი გაშვება უნდოდა, მაგრამ თვითონაც ხელი გასვრილი ჰქონდა და უფროს ექთანს ვერაფერი მოუხერხა. ნათელა ასეთი საქმიანობის წინააღმდეგი იყო, ამიტომ შენობიდან გამოუშვეს და კლინიკის უკანა ეზოში მდგარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გამოუყვეს ერთი პატარა ოთახი.
ნათელამ ცისიას უთხრა, რომ კაკო ექიმს განგრენა დაემართა, ფეხი მოკვეთეს და ისე გარდაიცვალა. მთავარი ექიმი და ექთანიც გარდაიცვალნენ. ნათელამ ცისიას ამალია კალატოზიშვილის მისამართი მისცა.
ამალიას სახლში მისვლისას ცისიას ამალიას შვილიშვილი მარიამი დახვდა, რომელიც დღედღეზე ბავშვს ელოდებოდა. მარიამისგან ცისიამ გაიგო, რომ მისი ბებია პენსიაზე გავიდა და მეუღლესთან ერთად სოფელში დაბრუნდა.
მეორე დილას ცისია სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ამალიას სოფელში ჩავიდა. ზამთრის პირი იყო. ეზოში ცხენი ებათ, იქვე, ძაღლიც ტრიალებდა. ზამთრისთვის შეშა მოემარაგებინათ და მეზობელი ეხმარებოდათ მის დაჩეხვაში. ამალიას სვანური ღუმელი გაეხურებინა და მუშებისთვის სადილს ამზადებდა. ცისიამ აუხსნა სტუმრობის მიზეზი. ამალიას ხელები აუკანკალდა, გასაფცქვნელად აღებულ კარტოფილს და დანას ვეღარ იმორჩილებდა. ხელების კანკალმა უფრო უმატა, როცა ცისიამ უთხრა, როგორ მოეწონებოდა, რომ მარიამის შვილი შეეცვალათ. მან დანა და კარტოფილი მაგიდაზე დადო, სკამზე მოშვებულად დაჯდა და ტირილით უთხრა:
– მე პაიკი ვიყავი, კაკო ექიმი რასაც მიბრძანებდა, იმას ვაკეთებდი. ყველაფერს მთავარი ექთანი აგვარებდა.
ცისიამ ქაღალდის ნაგლეჯზე თავისი ტელეფონის ნომერი დაუწერა, თუ რამეს გაიხსენებ, დამირეკე, ხვალ პროკურატურაში ვაპირებ საქმის აღძვრასო, გამოემშვიდობა და იმავე სამარშრუტო ტაქსით თბილისში დაბრუნდა.
მეორე, დღეს შუადღისას, ლექციიდან შესვენებაზე გამოსულ ცისიას ამალიამ დაურეკა და უთხრა:
– მთელი ღამე არ მეძინა, შენზე ვფიქრობდი, ჯერ დნმ ანალიზი გააკეთე და პროკურატურაში მერე წადი.
ცისია ჩაფიქრდა, რატომ არ ეძინა, თუ დამნაშავე არ არის. მან გადაწყვიტა, თავისი ძველი თანამშრომელი, დათო ბაბუნიძე მოეძებნა. შემთხვევით ქუჩაში შეხვედრილ ძველ თანამშრომელს ჰკითხა დათოს შესახებ. ძალიან გული ეტკინა, როცა გაიგო დათოს გარდაცვალების ამბავი. თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ დათოს უახლოეს მეგობარს, ტარიელს ინსულტი დაემართა, მისი მისამართიც მისცა. ცისია ქუჩიდან პირდაპირ ტარიელთან წავიდა, იმ იმედით, რომ მისგან მაინც შეიტყობდა რაიმე საიმედოს. ტარიელის მეუღლე კარგად შეხვდა. მალე, ეზოში სასეირნოდ ჩასული ტარიელიც ამოვიდა. ურთიერთმოკითხვის შემდეგ, ცისიამ ტარიელს დათოს სასიყვარულო რომანის შესახებ ჰკითხა. ტარიელმა უთხრა:
– დათოსთან ერთად ქუთაისში რევიზიაზე დავდიოდი. იქ დათომ გაიცნო თამრიკო და მას დაუმეგობრდა. თუმცა ტარიელმა თამრიკოს გვარი ვეღარ გაიხსენა.
სახლში დაბრუნებულმა ცისიამ დაძინება ვერ შეძლო. მთელი ღამე ფიქრში გაატარა. სახელი ხომ თვითონაც იცოდა. მარტო სახელით როგორ უნდა ეპოვა ქალი. მერე, აზრად მოუვიდა დათოს სხვა მეგობრები მოეძებნა.
მეორე დღეს დათოს კიდევ ერთ მეგობარს, ჯამბულს ესტუმრა დაუპატიჟებლად. მისმა ლამაზთვალება მეუღლემ სახლში შეიპატიჟა. ჯამბულიც მალე მოვიდა დაღონებული. მათ ავჩარკას ეზოდან აუწყვეტია და ვერ პოულობდნენ. ცისიამ გაიფიქრა, ზოგს რა დარდი აქვსო.
ცისიამ დათოს სასიყვარულო რომანის შესახებ ჰკითხა. ჯამბულმა უთხრა, რომ ქუთაისში სამსახურებრივი მივლინების დროს დათო წითელხეველ თამრიკოს დაუმეგობრდა, რომელიც საიჯარო განყოფილებაში მუშაობდა. ეს უკვე რაღაც იყო. ცისიას იმედი მიეცა, მოტივაცია გაუძლიერდა, რომ აუცილებლად იპოვიდა საკუთარ შვილს.
იმ დღეებში ცისიას თანაკურსელებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ რესტორანში იკრიბებოდნენ. ცისია სიამოვნებით წავიდა მეგობრებთან შესახვედრად. კარგი დრო გაატარა, თავი ისევ მესამე კურსზე ეგონა. თითქოს, თავის დარდიც დაავიწყდა. შეხვედრის შესახებ მურმან მაღრაძეს ვერ შევატყობინეთ სოფელ ლეღვანშიო, დაიჩივლეს ორგანიზატორებმა. სად არის სოფელი ლეღვანი, იკითხა ცისიამ. სოფელ წითელხევთანო, უპასუხეს. ცისიას ფიქრები მოეძალა. გადაწყვიტა მურმანი მოეძებნა, ის აუცილებლად დაეხმარებოდა.
სახლში დაბრუნებული ცისია კომპიუტერის მაგიდას მიუჯდა, „ფეისბუქის“ გვერდი გახსნა და ყველა მურმან მაღრაძეს მეგობრობა გაუგზავნა. თავისი ჯგუფელი მურმანი მეორე დღეს შემოეხმიანა. ცისიამ წითელხეველი თამარის მოძებნაში დახმარება სთხოვა. ცისიამ მისგან გაიგო, რომ წითელხევი ძალიან დიდი სოფელია და მისი ასე მოძებნა ძნელია. მურმანმა ურჩია, როგორც ის მოძებნა თამარის მოძებნაც ისე ეცადა. ცისიას ჭკუაში დაუჯდა მურმანის რჩევა და თავის კედელზე დაწერა, რომ ეძებდა წითელხეველ თამარს, რომელიც ადრე ქუთაისის მშენბანკის საიჯარო განყოფილებაში მუშაობდა. მოსკოვიდან შემოეხმიანა ქეთინო ქებაძე, რომელიც თამარის ბავშვობის მეგობარი და მისი ძმისშვილის ნათლია იყო. ქეთინომ ცისია თამართან დააკავშირა.
ცისიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეგონა თამართან მცხოვრები ბიჭებიდან ერთი მისი ღვიძლი შვილი იყო, მაგრამ ცისია შეცდა. ისინი თამარის ძმისშვილები აღმოჩდნენ.
თამარმა ცისიას მასთან დამეგობრების მიზეზი ჰკითხა. ცისიამ უთხრა, რომ დათოს შვილმა სთხოვა, თავისი ნახევარძმის მოძებნაში დახმარებოდა. თამარმა უპასუხა, დათოს არ გაუგია, რომ მისგან ბავშვი შემეძინა და მისმა შვილმა საიდან გაიგოო.
ეს უკვე აღიარება იყო, რომ თამარს დათოსგან ბავშვი შეეძინა, მაგრამ ცისიამ თამარს ვერ ათქმევინა, ბავშვს რა ბედი ეწია.
ცისია ახლა მიხვდა, რატომ აინტერესებდათ სამშობიარო კლინიკაში, მას ბიჭი უნდოდა თუ გოგონა. იმასაც მიხვდა ბუნებრივად მშობიარე რატომ დააძინეს. მიხვდა, რომ ბლოკში იმიტომ დატოვეს მთელი დღის განმავლობაში, რომ მათ წითელხევიდან ჩამოიყვანეს თამარი თავის გოგონასთან ერთად. ექთანი ბავშვს იმიტომ არ იბარებდა, რომ ის იმ დღეს კი არ დაიბადა, არამედ რამდენიმე თვით ადრე. იმიტომ იყო ბავშვი დიდი წონის, ყველასგან განსხვავებული და არავის არ ჰგავდა.
ცისიას სხვა გზა არ ჰქონდა, დახმარებისთვის სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიემართა. ყველაფერი დაწვრილებით დაწერა და პროკურატურაშიც შეიტანა განცხადება. პროკურორმა ოპერატიულად გადაუგზავნა მისი საქმე პოლიციის განყოფილებას. ახალგაზრდა გამომძიებელმა საფუძვლიანად გამოკითხა ცისია, მერე, სამოქალაქო რეესტრის საიტი გახსნა, დათო ბაბუნიძის, მისი შვილების, თამარის ფოტოები ცისიას გაზრდილი გოგონას ფოტოებს შეადარა. გამომძიებელმა მათ შორის იმდენი მსგავსება დაინახა, რომ ემოცია ვერ დაფარა და თანამშრომლებს მოუხმო.
ცისიას საქმე ახალგაზრდა, მაგრამ ჭკვიან გამომძიებელ სოფო ჟორჟოლიანს გადაეცა. სოფო გულისხმიერად მოეკიდა საქმეს. ის წინადადებით შევიდა პროკურორთან, ეშუამდგომლა სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში მოუწია სასწრაფოდ წასვლა.
***
და, აი, ცისია მოუთმენლად ელოდება სასამართლო სხდომის დაწყებას. მოსამართლისა და მისი გუნდის გამოსვლისას დარბაზში მსხდომნი ფეხზე წამოდგნენ.
დაიწყო ცისიას საქმის განხილვა.
გამოძიება დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველაფერი ნათელი გახდა – თამარმა იმდენი მოახერხა, რომ ჯერ თავისი გოგონა ცისიას ვაჟში გაცვალა, მაგრამ დათამ რომ მაინც არ მიაკითხა, შემდეგ გააშვილა.
ცისიამ იგრძნო, როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში. გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა ქალმა დაინახა, როგორ დაეკარგა ცისიას ფერი, საიდანღაც ჭიქით წყალი მოუტანა და წინ მდგარ მაგიდაზე დაუდგა. ცისია ხედავდა ჭიქის კედლებზე ცივი წყლისგან მოდებულ ჭირხლს. ფიქრები ერეოდა. ნუთუ, ყველაფერი დამთავრდა. ის ექიმები ხომ ცოცხლები არ არიან. ნუთუ, კვალი შეწყდა.
ცისიას არ მოუსმენია, რა განაჩენი გამოიტანა მოსამართლემ. სასამართლო დარბაზი ჯერ მოსამართლემ და მისმა გუნდმა დატოვა, შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ. ცისია ხალხის ტალღას მექანიკურად გამოჰყვა გარეთ.
სახლში დაბრუნებულ ცისიას მეუღლე თანაგრძნობით შეხვდა. ავადმყოფობის გამო სხდომას ის ვერ დაესწრო, ვერც აქტიურად მონაწილეობდა ბავშვის მოძიებაში, თითქოს ეჭვებშიც იყო, თავიანთი გაზრდილი გოგონაც ძალიან უყვარდა.
***
ცისია ისევ დაღონებული დადიოდა. ერთ დღესაც, ლექციის დაწყების წინ მისმა სტუდენტებმა ჰკითხეს დაღონების მიზეზი. ცისიამ მათ უთხრა, რომ ისინი მის პრობლემას ვერ გადწყვეტდნენ, ამიტომ აზრი არ ჰქონდა, მათთვის გაემხილა თავისი სევდის მიზეზი. სტუდენტებმა პასუხად უთხრეს, რომ ის ყოველთვის მხარში ედგა და ცდილობდა, შეძლებისგვარად დახმარებოდა მათ. იქნებ, ჩვენც შეგვიძლია თქვენი დახმარებაო. ცისიამ, როდესაც სტუდენტები ჩააცივდნენ, გადაწყვიტა თავისი დარდი მათთვისაც გაეზიარებინა და უთხრა, რომ სამშობიარო სახლში დაბადებული ვაჟი გოგონაში შეუცვალეს, რომელიც მან გაზარდა, მისი ვაჟის შესახებ კი არაფერი იცის. ამის მოსმენაზე ერთმა სტუდენტმა ჰკითხა მისი შვილის დაბადების თარიღი. სტუდენტმა ცისიას უთხრა, რომ ის წელს პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან გადმოვიდა სასწავლებლად. მას იქ მეგობარი ჰყავს, რომელიც მაგ პერიოდში დაიბადა, მან იცის, რომ მისმა მშობლებმა სამშობიაროდან იშვილეს და, ახლა, ნამდვილ მშობლებს ეძებს. სტუდენტი ცისიას შეჰპირდა, რომ, მეორე დღეს, იმ ყმაწვილს უნივერსიტეტში მოიყვანდა. ცისიას იმედის ნაპერწკალი ჩაესახა გულში და სახლში ხვალის იმედით დაბრუნდა. იმ ღამეს თვალი ვერ მოხუჭა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა იმ ყმაწვილს. იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი იქნებოდა. განა რამდენ ბავშვს გააშვილებდნენ იმ კვირაში სამშობიარო კლინიკებიდან.
მოლოდინით სავსე დილაც გათენდა. მოვიდა გაპიწკინებული ბიჭი, ძალიან ღელავდა, ცოტა დაბნეულიც ჩანდა. ცისიამ გულში ჩაიკრა ყმაწვილი. ბიჭი გაინაბა, ცოტა დაწყნარდა. ბიჭმა უამბო თავის ამბავი.
ცისია უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა, მას მამის თვალები ჰქონდა და საოცრად ახლობელი და ნაცნობი გამოხედვაც აშკარა იყო. ცისიას ენით აღუწერელი განცდა დაეუფლა, ნუთუ დასრულდა მისი ტანჯვა და იპოვა საკუთარი შვილი?! თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მის წინ დაკარგული შვილი იდგა, რასაც დნმ-ის ანალიზიც აუცილებლად დაადასტურებდა...
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





