რომანი და დეტექტივი

სხვა შვილი

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

განაჩენი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49 (1302)

უნივერსიტეტში ლიტერატურულ საღამოებზე უყვარდა დასწრება და იქაც ბოლო მერხებს ანიჭებდა უპირატესობას. ცისიას მშობლებისგან და პაპა–ბებიებისგან გამოყოლილ გენეტიკურ ნიჭთან ერთად, კარგი მოსმენის უნარიც ჰქონდა და მალე მასწავლებლის საყვარელი მოსწავლე გახდა. მასწავლებელს ფეხის ტკივილის გამო მოსწავლეების საკლასო რვეულები ვერ მოჰქონდა სახლიდან და მათ მოსატანად მხოლოდ ცისიას აგზავნიდა. უხსნიდა, რომ წინა ოთახში იდო ნახშირის უთო, რომელშიც ოთახის გასაღები იდო. შემდეგ გასაღები ისევ უთოში უნდა ჩაედო. ერთ დღეს მაგიდაზე შოკოლადის გახსნილი კოლოფი დახვდა. ცისია მიხვდა, რომ მასწავლებელმა მისთვის დატოვა. ცისიამ ერთი ცალი აიღო, პირი ჩაიტკბარუნა, რვეულების შეკვრას ხელი დაავლო, კარი ჩაკეტა, გასაღები, წინა ოთახში, უთოში ჩადო და პირჩატკბარუნებულმა სკოლისკენ ლაღად გასწია. კარგი მასწავლებელი შეხვდა ცისიას, ნამდვილ პედაგოგად დაბადებული ადამიანი. მისგან ბევრი ცხოვრებისეული საკითხი შეისწავლა. მათი საკლასო ოთახის პირდაპირ სკოლის ბუფეტი იყო. ერთ დღეს, გაკვეთილის დროს, საკლასო ოთახის კარი გაიღო და თეთრხალათიანმა და თავზე თეთრჩაჩიანმა მებუფეტე ქალმა, ორი ლანგრით 38 ფუნთუშა შემოიტანა და მასწავლებლის კათედრაზე დააწყო. თურმე მასწავლებელს დაუვალებია და ფულიც გადაუხდია. მებუფეტე საკლასო ოთახიდან რომ გავიდა, მასწავლებელმა ბავშვებს მიმართა, რომ სათითაოდ მისულიყვნენ და თითო ფუნთუშა აეღოთ. პირველი მერხიდან დაწყებული, მერხების მიხედვით, მიდიოდნენ ბავშვები და ფუნთუშებს იღებდნენ. მაწავლებელი მათ ქცევას ყურადღებით ათვალიერებდა. როცა ლანგრები დაიცალა, მასწავლებელმა ბავშვებს მიმართა, როცა სტუმრად იქნებით, რაც არ უნდა არ მოგეწონოთ, თეფშიდან, თქვენთან ახლოს დადებული ნაჭერი უნდა გადმოიღოთ და არა ისე, დღეს ზოგიერთი ბავშვი შორს დადებულ ფუნთუშებს რომ გადასწვდნენო. ცისიამ არ იცის, ვისზე როგორ იმოქმედა მისმა ნათქვამმა, მაგრამ დღემდე ითვალისწინებს მასწავლებლის რჩევას. ერთ დღეს მასწავლებელმა აუხსნა, რომ ზოგიერთი დიასახლისი მხოლოდ იმ ადგილს გვის, რაც ჩანს, კარგმა დიასახლისმა ოთახის კუთხე-კუნჭულები საგულდაგულოდ უნდა დაგავოსო. ცისიას, დღემდე, ცოცხის ყოველ აღებაზე ახსენდება მასწავლებლის ნათქვამი და ღიმმორეული საგულდაგულოდ ალაგებს ბინას. მასწავლებელმა მეორე კლასში მათ წინდების ამოკემსვა და ქარგვაც ასწავლა, ცისიამ უფროს ძმას სთხოვა თეთრი მიტკლის ნაჭერზე დაეხატა ცხოველები. უფროს ძმას ხატვა ეხერხებოდა, ისე, რა არ ეხერხებოდა, მთელი სკოლა მის მიერ მოგონილ ხუმრობებს იმეორებდა, ცისიას თანაკლასელი ბიჭები მასთან მეგობრობდნენ, სკოლის გოგონები კი მასზე იყვნენ შეყვარებული. უფროსმა ძმამ ძალიან ლამაზი, რქებიანი ირემი, ფაფრიანი ლომი, ზოლებიანი ვეფხვი, მგელი, გრძელკუდა მელია და დიდყურება კურდღელი დაუხატა. ცისიამ ცხოველები ყავისფერი ძაფით საგულდაგულოდ ამოქარგა, ფეხებთან ბალახი მწვანე ძაფით მიაქარგა. მწვანე ძაფითვე ამოქარგა თავისი სახელისა და გვარის ინიციალები და მეორე ,,ა“ კლასი, რომაული ციფრით. ეს საშინაო დავალება იყო. ცისიამ მასწავლებელს მიუტანა ნაქარგი. მასწავლებელს თვალები გაუბრწყინდა, სკამიდან წამოდგა, მთელი კლასის დასანახად, ორივე ხელით მაღლა ასწია ნაქარგი, დაელოდა, რომ ყველას კარგად დაენახა და ხმამაღლა, მისთვის დამახასიათებელი ომახიანი ხმით გამოაცხადა, ამ ნაქარგში ცისიას ათიანი ეკუთვნისო, მაშინ ხუთბალიანი სისტემა იყო და ხუთიანი იყო უმაღლესი შეფასება. ცისია დღემდე ინახავს იმ ნაქარგს და მასთან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებს. სკოლა დამთავრებული ჰქონდა. ავტოსადგურში თანაკლასელი ლალი შეხვდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, ლალიმ გაიხსენა, მეათე კლასის ამბავი.

– პირველი მათემატიკის გაკვეთილი გვქონდა. საშინაო დავალება არავის გვქონდა დაწერილი. ყველა შენს მოსვლას ელოდებოდა. ბიჭები სკოლის ჭიშკართან გელოდებოდნენ. როგორც კი ეზოში შემოდგი ფეხი, რვეული გამოგართვეს და ფრიალ–ფრიალით გამოაქციეს საკლასო ოთახში. რვეული კი მოიტანეს, მაგრამ შესვლის ზარი დაირეკა და გადაწერა ვერც ერთმა მოსწავლემ ვერ მოასწრო. მათემატიკის მასწავლებელმა შემოსვლისთანავე საშინაო დავალების რვეულები მოითხოვა. ბავშვებმა სწრაფად გადმოგაწოდეს შენი რვეული. იმ დღეს საშინაო დავალება მარტო შენ გქონდა შესრულებული.

ცისიას ეს ამბავი არ ახსოვდა. მხოლოდ ის გაახსენდა მასწავლებელმა რომ დაავალა, იმ ბავშვების სია ჩამომიწერე, ვინც დავალებას გადაიწერსო. მასწავლებელმა კი დაავალა, მაგრამ ცისიას არც ერთი თანაკლასელი არასოდეს არაფერზე დაუბეზღებია. მას ძალიან უყვარდა თავისი ამხანაგები, მეგობრული კლასი ჰქონდათ, ერთმანეთს და-ძმებივით უყურებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდა მათი მეგობრობა. ყველა დღესასწაულზე იკრიბებოდნენ.

ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლის დირექტორი ასწავლიდა. ერთ დღეს დაავალა, დაეწერათ თავისუფალი თემა სათაურით – „ჩემი მიზანი“. ცისია კარგ თემებს წერდა. დაწერა, რომ მისი მიზანი იყო, ექიმი გამხდარიყო, რათა სამუშაოდ მთებში წასულიყო და მიუვალ ადგილებში მცხოვრები ადამიანებისთვის ემკურნალა. მეორე დღეს დირექტორმა სამასწავლებლოში პედსაბჭო მოიწვია და გამოუცხადა, მამულაიძის ქალს სამედიცინო ინსტიტუტში უნდა ჩაბარებაო. მაგის ოჯახს იმდენი ფული სად აქვს, შვილი სამედიცინოზე მოაწყოს. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ თქვენს საგნებში ოთხები დაუწეროთო. ფრანგული ენის მასწავლებელმა ეს ამბავი კლასში გამოაცხადა და ცისიას უთხრა მე რომ შენ ოთხი დაგიწერო, ხელი უნდა მომტყდესო. ცისია ყველა საგანს კარგად სწავლობდა. ფრანგული ენა მოსწონდა და სიყვარულით ეუფლებოდა. მეექვსე კლასში ოთხკუპლეტიანი ლექსიც კი დაწერა ფრანგულად და მასწავლებელს აჩვენა. მასწავლებელს ძალიან მოეწონა ლექსი, მხოლოდ რამდენიმე მძიმე შეუსწორა და შეუქო ნაწერი. ცისია წერდა ლამაზ მთებზე, მდინარეზე, სამშობლოს სიყვარულზე და ცხოვრების მშვენიერებაზე. ფიზიკის მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე ცალკე მერხს დგამდა და ავალებდა გაკვეთილი წერილობით ჩაებარებინა. ბევრი ეცადა, მაგრამ ცისიამ ოთხიანის დაწერის საბაბი არ მისცა. სამაგიეროდ, ფიზკულტურის მასწავლებელმა თავი გამოიჩინა და ცისიას ფიზკულტურაში ოთხიანი გამოაყოლა. თავი გამოიჩინა ქიმიის მასწავლებელმაც, რომელიც იმ დროს ცისიას კლასის დამრიგებელი იყო. რაოდენ კურიოზულია, დირექტორმა განათლების განყოფილებიდან ნიშნების ფურცლების მოსატანად ცისია გაგზავნა. გზაში ცისიამ გადაშალა ფურცლები და გაოცებული დარჩა, დირექტორს მისთვის ოთხიანი ჩაეწერა. ეს იმიტომ, რომ მისთვის ოქროს მედალი არ გადაეცათ. ოქროს მედალი იმ მოსწავლეს გადასცეს, რომლის ბიძაც განათლების განყოფილებაში მუშაობდა. არადა, მეათე კლასში სწავლისას, ბიჭები შესვენებიდან გახარებულები შემოცვივდნენ საკლასო ოთახში და ცისიას ახარეს, სკოლის რადიოში გამოგაცხადეს, რომ ათას სამას მოსწავლეში ერთადერთი ხარ, რომელსაც არცერთი გაკვეთილი არ გაუცდენია და არცერთი ოთხიანი არ მიუღიაო. გაკვეთილები ერთხელ გააცდინა და, როგორც ჩანს, მასწავლებლებმა არები არ დაუწერეს. სკოლაში იმიტომ არ წავიდა, რომ სახლში დედას ეხმარებოდა და ,,ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროების სწავლა ვერ მოასწრო. სხვა დროს ყოველთვის ყველა გაკვეთილი ნასწავლი და დავალებები შესრულებული ჰქონდა. იმ დღეს ქართული ენის მასწავლებელს განათლების სამინისტროდან დასწრებიან და გაკვეთილი ჩავარდნია. ცისია უნივერსიტეტში ჩაირიცხა, წითელ დიპლომზე დაამთავრა, ასპირანტურაშიც დატოვეს და მერე დისერტაციაც წარმატებით დაიცვა.

***

კარგ ოჯახში აღზრდილ და მაღალი ინტელექტის მქონე ცისიას თამარის ლექსიკა ყურს ჭრიდა, ყოვლად მიუღებელი იყო და ცდილობდა, მისთვის არ მოესმინა, მაგრამ თამარი გაუთავებლად ლაპარაკობდა და მისი ნაამბობი მისდაუნებურად ჩაესმოდა. თამარი იმით ამაყობდა, რომ დათო ბანკში მუშაობდა. შემპირდა, ბიჭს თუ გამიჩენ, ცოლად შეგირთავო. მაგრამ მას არავინ მოაკითხა. როცა თამარმა ცისიას მისამართი გაიგო, უთხრა:

– თქვენი კორპუსი ვიცი, დათოს ხშირად მოვყავდი თავის მეგობართან, გურამ მაისურაძესთან სტუმრად, იქ ბანკის სხვა თანამშრომლებიც გავიცანი.

ხუთი დღე იყო ცისია კლინიკაში, ოფლი ასხამდა, თავს სუსტად გრძნობდა, არც ერთი ღამე ნორმალურად არ ეძინა. უძილობას ონკანთან დალაგებული საპნების სუნს აბრალებდა. მეხუთე დღეს გამოწერეს. გაუკვირდა, სხვა დროს კვირაზე მეტხანს ტოვებდნენ. თან, ძალიან გაუხარდა, სახლში დატოვებული ბავშვებისკენ მიუჩქარებდა გული. გამოწერისას რამდენიმე თეთრხალათიანი ქალი ხმაურით დასტრიალებდა. ესეც გაუკვირდა, სხვა დროს ერთი მედდა აცილებდა, ახლა კი მთელი გუნდი შეიკრიბა. ქალებმა ბავშვს ტანსაცმელი ჩააცვეს და თბილ „ადიალაში“ საგულდაგულოდ გაახვიეს. მერე გაახსენდათ, რომ ბავშვის აწონვა დაავიწყდათ. არა უშავს ასე ავწონოთო, მიიღეს გადაწყვეტილება. აწონეს და ბავშვის მუცელზე შემოხვეულ ბაწარზე დამაგრებულ მუშამბის ფირფიტაზე დააწერეს 4.570.

სახლში მისვლისას, უფროსმა ვაჟმა ბავშვის ხელში აყვანა სცადა, მაგრამ ვერ დაძრა, რა მძიმეაო, თქვა ხვნეშით. მეორე დღეს ბავშვი დასაბანად რომ გაიყვანა, მასაც გაუჭირდა მისი ხელში დაჭერა. ასეთი მძიმე არც ერთი არ ყოფილაო, გაიფიქრა. გარეგნობაც განსხვავებული ჰქონდა. ცისია ფიქრობდა, ალბათ, რომელიმე წინაპარს ჰგავსო. სამი წლის რომ გახდა, ზაფხულში სოფელში მოუწიათ წასვლა. მეზობელმა გაკვირვებით იკითხა, ეს ბავშვი თქვენ რატომ არ გგავთო. ცისიამ ხუმრობით უპასუხა, ნაპოვნიაო.

სკოლაში რომ შეიყვანეს, უფროსი ძმისა და დებისგან განსხვავებით, გაკვეთილების მომზადება გაუჭირდა. უფროსები ათასში ერთხელ თუ ითხოვდნენ დახმარებას, ის დამოუკიდებლად ვერცერთ საგანს ვერ ამზადებდა და დედისგან და მამისგან ითხოვდა დახმარებას. ფაქტობრივად, მშობლები სწავლობდნენ მის სასწავლს.

მეოთხე კლასში რომ გადავიდა, ზაფხულში სოფელში წაიქცა და მაჯა იტკინა. დედამ მის მაჯას რომ დახედა, გაუკვირდა როგორ განსხვავებული მაჯის ფორმა აქვსო.

მერვე კლასში საკვირაო სკოლაში შეიყვანა, იქნებ იქ მაინც ისწავლოსო რამე. ერთადერთი, ქარგვას დაეუფლა. ერთ დღეს, როდესაც ცისია საკვირაო სკოლიდან გამოსულს ელოდებოდა, მისმა სიარულის მანერამ გააოცა ქალი. ბავშვი რაღაცნაირად, განსხვავებულად, მხრების რხევით მოდიოდა. სანათესაოში ასეთი მანერით მოსიარულეს ცისია არავის იცნობდა. უცებ, გონებაში ამოუტივტივდა 16 წლის წინ სამშობიაროში ბებია ქალის ამოოხვრით ნათქვამი სიტყვები:

– ეეხ, ბიჭია!

შემდეგ, თანამშრომელი ქალის ნათქვამიც გაახსენდა:

– ექთანმა თქვა, მე მაგ ბავშვს ვერ ჩავიბარებო, – მაშინ ეგონა, რომ ბავშვს რაიმე ნაკლი ჰქონდა. ახლა კი იცოდა, რომ ბავშვი უნაკლო იყო. მაშ, რატომ ვერ ჩაიბარებდა ექთანი ბავშვს, რა იყო ამის მიზეზი. ყველაფერი თვალწინ დაუდგა:

რატომ ეკითხებოდნენ განუწყვეტლივ, სახლში ვინ ჰყავდა;

ახლა ვინ უნდოდა;

ბუნებრივი მშობიარე რატომ დააძინეს, ისე, რომ ბავშვის დაბადების ტკივილიც კი ვერ იგრძნო;

რატომ გაიყვანეს ახალშობილი ოთახიდან, ისე, რომ მისი ხმაც არ გაუგონია;

რატომ დატოვეს რვა საათი ბლოკში ახალშობილ ბავშვთან ერთად. სხვა დროს ბავშვს იქვე ამშრალებდნენ, წონიდნენ, დედას ანახვებდნენ, პედიატრი იბარებდა და ბავშვთა განყოფილებაში აჰყავდა. ორ საათში დედაც აჰყავდათ ქალთა განყოფილებაში;

რატომ შემოჰყვა საღამოს მის ბავშვს ორი მედდა და აძალებდნენ საკვების მიღებას;

რატომ არ წოვდა ბავშვი;

რატომ იყო ბავშვის ხელზე დამაგრებულ ფირფიტაზე 4 200 გრამად გადაკეთებული;

რატომ გამოაცილა ხუთმა თანამშრომელმა და რატომ აწონეს ბავშვი „ადიალაში“ შეფუთული;

რატომ იყო ბავშვი ახალშობილთან შედარებით ძალიან მძიმე;

რატომ არ ჰგავდა გარეგნობით, ნიჭითა და ხასიათით მშობლებსა და და-ძმებს;

ცისიას გაახსენდა თავისი მეზობელი გურამი, რომელთანაც დათო მეგობრობდა და ხშირად დადიოდა, ისიც ბანკში მუშაობდა. ორივე კი ცისიასთან მუშაობდნენ ბანკში, მაშინ, როდესაც ცისიაც ითავსებდა ბანკში სამსახურს. მიხვდა, რომ ეს მისგან შეეძინა თამარს არაოფიციალური შვილი, მაგრამ გოგონა და მან ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ ბიჭში გაეცვალა, მაგრამ დათომ არ მოაკითხა.

ცისიამ ძალიან ბევრი მსგავსება დაინახა მის ბავშვსა და მშობლებს შორის. თამარივით ფეხმორთხმით ჯდებოდა და თმასაც გაფხორილი მამლის ბოლოსავით იკრავდა კეფაზე. მასავით ჭირვეული და პრეტენზიული იყო, ის რასაც მოისურვებდა, უნდა შეესრულებინათ, არავისი და არაფრის არ ერიდებოდა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, ცისია იმ სამშობიაროს ესტუმრა, სადაც ბავშვი გააჩინა და 16 წლის წინანდელი ჩანაწერები მოითხოვა. უთხრეს, რომ სტატისტიკის განყოფილების უფროსი ძალიან კარგი ქალბატონი, ნათელა იყო. მისი ტელეფონის ნომერიც დაუწერეს. ცისიამ ნათელას დაურეკა და უთხრა, რომ თანამშრომლებმა ის დადებითად დაახასიათეს. ეს ნათქვამი მათ შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების სავიზიტო ბარათი აღმოჩნდა. ნათელა კეთილად განეწყო ცისიას მიმართ და შეხვედრაზეც დათანხმდა. ნათელას სამუშაო კაბინეტი კლინიკის უკანა ეზოში მდგარი ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული. ის თბილად შეეგება ცისიას. მერე მისი მონაცემები მოძებნა. ცისიას გასაოცრად, გრაფაში შესწორება იყო შეტანილი. შესწორება მხოლოდ მისი გვარის გასწვრივ იყო გაკეთებული. სხვაგან არც ერთი მონაცემი არ იყო ჩასწორებული.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი