სხვა შვილი
ავტორი: ციური ოქრუაშვილი 20:00 20.12
ცისია მისი ადვოკატის, ახალგაზრდა სოფო ჟორჟოლიანის იმედზე იყო, მაგრამ ამ დილით შეიტყო, რომ სოფო სამკურნალოდ თურქეთში წასულა. აქ ექიმებმა ვერ გაიგეს, რატომ სტკიოდა ხერხემალი და სიარული რატომ უჭირდა. კლინიკა არ დატოვა, სადაც კონსულტაცია არ გაიარა, მაგრამ ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაადგინეს. იძულებული გახდა, თურქეთში გამგზავრებულიყო. ადვილი არ იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რა უნდა ექნა, სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა. ისე გაემგზავრა, საქმეების სხვა გამომძიებელზე გადაბარებაც ვერ მოასწრო.
ცისიას ადვოკატის აყვანა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. იფიქრა, სანამ ახალი ადამიანი მის პრობლემაში გაერკვეოდა დიდი დრო გავიდოდა. უნდოდა, ყველაფერი მალე დამთავრებულიყო, ისედაც ბევრი დრო დაკარგა. აი, იმედს კი არ კარგავს. ღმერთის იმედი აქვს, რომ იპოვის. დღემუდამ ლოცვაში ატარებს. ლოგინშიც კი ლოცულობს. ღამე პატარა ხმაურზეც კი ეღვიძება და მერე ვეღარ იძინებს, ძილი უკრთება. ღმერთის მადლიერია ყველაფრისთვის და კვლავ მისი იმედი აქვს, რომ აუცილებლად იპოვის თავის ბიოლოგიურ შვილს, რომელიც მუცლიდან მოპარეს, პირდაპირი გაგებით.
***
თბილისში კომენდატის საათი იყო. საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდე სპეციალური საშვის გარეშე სახლიდან გამოსვლა აიკრძალა.
საღამოს სუფრა გაშალა. ხინკალიც კი მოახვია. ერთი ყლუპი ღვინოც კი მოსვა. ვახშმის შემდეგ სამზარეულო საგულდაგულოდ მოაწესრიგა და დასაძინებლად დაწვა.
გათენებული არ იყო, მუცლის ტკივილმა გააღვიძა. მიხვდა მშობიარობა ეწყებოდა. შეშინებულმა გაიფიქრა, როგორ მივიდოდნენ სამშობიარომდე საშვის გარეშე. გზაში რუს სამხედროებს რომ გაეჩერებინათ, რა უნდა ექნა. იმის შეეშინდა, მანქანაში არ ემშობიარა. მეუღლე გააღვიძა. გაემზადა და სახლიდან გავიდნენ. ქუჩები ისე გაიარეს, კაციშვილი არ შეხვედრიათ.
სამშობიარომდე მშვიდობით მივიდნენ. იფიქრა, მთავარ განსაცდელს ავცდითო და ტკივილის მიუხედავად, სირბილით აიარა სამშობიარო სახლის კიბეები.
მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სამორიგეოდ მისი ნაცნობი ბრიგადა დახვდა, პირველი და მესამე შვილი მათთან შეეძინა და რადგან ისევ მათთან მოხვდა, მთლიანად მიენდო და დამშვიდდა.
ბრიგადის ხელმძღვანელმა კაკო ექიმმა ყურადღებით გასინჯა და თანამშრომლებს მისი სამშობიარო მაგიდაზე გადაყვანა მოსთხოვა.
ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდა დაბალი ტანის, დიდთვალება, დიდპირა და დიდყურება, თმებგაწეწილი ბებიაქალი ამალია კალატოზიშვილი.
– სახლში ვინ გყავს? – ჰკითხა ინტერესით.
– უფროსი – ბიჭი და ორი მომდევნო – გოგონა, – უპასუხა ხმადაბლა.
– ახლა ვინ გინდა? – ისევ ინტერესით ჰკითხა.
– ვინც გაჩნდება, – ისევ ხმადაბლა უპასუხა.
– ექოსკოპია გაიკეთე? – ჰკითხა ბებიაქალმა.
– ექოსკოპიას საერთოდ არ ვიკეთებ, იმიტომ რომ ჩემთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. რასაც ღმერთი მიგზავნის, მადლობელი ვარ. ჩემთვის ბიჭი და გოგონა ერთია.
ბებიაქალი ხმაამოუღებლად გავიდა ოთახიდან. ცოტა ხანში ისევ შემობაჯბაჯდა და ისე, რომ ლაპარაკისას პირი ყურებამდე გასდიოდა, ისევ ის კითხვები გაუმეორა, რაც ცოტა ხნის წინ ჰკითხა.
ცისიამ ისევ უპასუხა, თან გაიფიქრა, ეს ქალი ან ძალიან დაბერებულა, ან ცოტა აურიაო. მერამდენედ უნდა მკითხოს ერთი და იგივე. თან მის სახეს უყურებდა, ერთი ნაკვთი არ ჰქონდა დახვეწილი, ყველა ნაკვთი გონჯი ჰქონდა. ლაპარაკისას კიდევ უფრო მკვეთრად ჩანდა მისი ნაკვთების სიმახინჯე. ნეტავ, სული როგორი აქვს. გამიგონია მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო.
ამასობაში, თეთრხალათიანი მედდა მიუახლოვდა. მან მარჯვენა მკლავი გადაუწია, ვენა მოუსინჯა, კათეტერი ჩაუდგა და წვეთოვანი შეუერთა. ცისიამ მხოლოდ იმის გაფიქრება მოასწრო, რომ წინა მშობიარობებზე ასე არ მოქცეულან და მყისიერად ჩაეძინა.
მძინარეს ბებიაქალის ამოოხვრით ნათქვამი ჩაესმა:
– ეეხ, ბიჭია!
თვალები გაახილა, ტუჩების ოდნავი მოძრაობით თქვა:
– შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე! – დასუსტებულმა ბგერების ხმამაღლა გამოთქმაც კი ვერ შეძლო.
მარცხენა მხარეს, სკამიდან კაკო ექიმი წამოდგა. თეთრი ხალათი გახსნილი ჰქონდა, შარვლის ქამარზე დიდი ბალთა ვერცხლისფრად ბზინავდა. ექიმმა მარცხენა ხელზე მოჰკიდა ხელი და ბებია ქალის კითხვა გაუმეორა:
– სახლში ვინ გყავს?
– უფროსი – ბიჭი და ორი გოგონა, – ძლივს გასაგონი ხმით უპასუხა.
მართალია, კაკო ექიმმა მისი ყურადღების მიპყრობა სცადა, ცისიამ მარჯვენა თვალის კუთხიდან დაინახა, როგორ გაიყვანა ახალშობილი ბავშვი ოთახიდან ბებია ქალმა. რკინის მაგიდა, რომელზეც ცისია იწვა, მაღალი იყო, ბებია ქალი კი ძალიან დაბალი. ბავშვი არ ჩანდა, მაგრამ ბებია ქალის მოხრილი ხელების მიხედვით, ცისია მიხვდა, რომ მას ბავშვი ეჭირა.
უკან შემობრუნებულ ბებიაქალს კაკო ექიმმა საყვედურნარევი ხმით უთხრა;
– ქალო, შენ ბიჭს და გოგოს ვერ ანსხვავებ?!
ამალია კალატოზიშვილი მდუმარედ იდგა, ხმა არ ამოუღია.
ცისიამ გაიფიქრა, ეს ქალი მაგრად დაბერებულა, ალბათ, შეეშალა, გოგონა გაჩნდა და ბიჭი ეგონაო.
კაკო ექიმმა ცისიას შეხედა, მისი რეაქციით დარწმუნდა, რომ ცისიას ეჭვი არ შეჰპარვია ბავშვის სქესზე და ოთახი დატოვა.
ცისიამ ბებია ქალს ჰკითხა;
– ბავშვი რატომ არ ტირის?
ამალიამ უხეშად უპასუხა:
– რა იყო, ქალო, პირველად ხომ არ მშობიარობ?!
ცისიას ხმა არ ამოუღია.
ბებიაქალმაც დატოვა ოთახი.
ცისიას ფიქრის თავიც არ ჰქონდა, ისე იყო დასუსტებული.
დილის რვა საათზე ღამის ცვლა შეიცვალა. მთვლემარეს სანიტარი ქალის ხმა ჩაესმა:
– შენ იმშობიარე?
ცისიამ თავი დაუქნია.
სანიტარმა მხოლოდ მაგიდის მარჯვენა მხარეს მოწმინდა იატაკი და ისიც ოთახიდან გავიდა.
ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა გააღვიძა. თვალები გაახილა. დიდ ოთახში გადაეყვანათ. ციოდა. მაგიდაც ცივი იყო. მთელ ტანზე ოფლი ასხამდა და კანკალებდა.
– ვისი ბავშვი ტირის? – იკითხა ტუჩების კანკალით.
– შენი ტირის, – მოესმა ქალის ხმა.
– ექთანმა თქვა, მე მაგ ბავშვს ვერ ჩავიბარებო! – მოესმა მეორე ქალის ხმა.
ცისიას ფიქრები აეშალა. რატომ ვერ ჩაიბარებს ექთანი ბავშვს. ალბათ, ბავშვს რამე ნაკლი აქვს. ამ ფიქრებში გახლართულს ძველი ნაცნობი ექიმი დაადგა თავზე.
– აბა, როგორ ხარ, ჩემო ლამაზო? – ჰკითხა ძალიან თბილად ცისიას ექიმმა.
ცისიას ძალიან გაუხარდა მისი დანახვა და დაღონებულმა შესჩივლა:
– ჩემს შვილს ატირებენ.
– დამშვიდდი, ახლა ჯერ შენ აგაცუნცულებ და მერე ბავშვსაც ამოვიყვან.
ამ სიტყვების შემდეგ მის ბორბლებიან მაგიდას სახელურებზე ხელები ჩასჭიდა და დერეფანში გაიყვანა, შემდეგ მაგიდა სატვირთო ლიფტში შეაგორა და საჩვენებელი თითი მესამე სართულის ღილაკს დააჭირა. ცისიამ გაკვირვებისგან ხმა ვერ ამოიღო, სხვა დროს სანიტრებს აჰყავდათ პალატაში, ახლა კი ექიმი ემსახურება. ვერაფრით მიხვდა, რით დაიმსახურა ასეთი პატივისცემა. კორიდორის ფანჯრიდან ცისიამ ჰორიზონტზე ჩამავალი მზე დაინახა. „რამდენი დრო გასულა“, – გაიფიქრა. გაუკვირდა მთელი დღით რატომ დატოვეს იმ ცივ მაგიდაზე, სხვა დროს ორ საათზე მეტს არ აჩერებდნენ. ან ბავშვი დაბადებისთანავე რატომ არ აიყვანეს ბავშვთა განყოფილებაში.
ექიმმა ცისია პალატაში შეაგორა, სადაც ხუთი საწოლი იდგა. ოთხი უკვე დაკავებული იყო, თავისუფალი საწოლი წყლის ონკანთან იდგა. ონკანთან სხვადასხვა ფერის სასაპნეები იყო დალაგებული. ცისიას ცხვირში ეცა საპნების ერთმანეთში არეული სუნი. მერე მისკენ ინტერესით მზირალმა ოთხმა წყვილმა თვალმა მიიქცია მისი ყურადღება. გაუჭირდა საწოლზე გადასვლა, ექიმი დაეხმარა.
– ვინ გყავს? – თითქმის ერთდროულად ჰკითხა რამდენიმე ხმამ.
– გოგონა, – წყნარად უპასუხა.
– ჩვენ, ყველას ბიჭები გვყავს, შენი გოგონა ჩემი სარძლო იქნება, – იხუმრა ერთმა.
– არა, ჩემი, – დაიჩემა მეორემ.
მერე, ყველა ერთდროულად ახმაურდა, ქალები გამხიარულდნენ. მხოლოდ ერთი, საწოლზე ფეხმორთხმით წამომჯდარი, დაბალი ტანის, სქელსაჯდომიანი, ღაბაბიანი ქალი არ მონაწილეობდა, ეგრეთ წოდებულ, აუქციონში. თმა თავზე ისე ჰქონდა აკეცილი, მნახველს გაფხორილი მამლის ბოლო ეგონებოდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ყველაზე მოლაპარაკე ის იყო. შეეძლო, შეუსვენებლად ელაპარაკა. ყვებოდა ყველაფერზე. თამარი ერქვა. ცისიამ მისი გვარი ვერ გაიგო, რადგან იმ ხუთი დღის განმავლობაში, სანამ ცისია კლინიკაში იმყოფებოდა, არავის მოუკითხია. სანიტრები დედებს გვარებით იძახებდნენ მნახველებთან.
თამარი დღედაღამ რაღაცას ყვებოდა. თან, ქუჩის ბიჭივით, უწმაწური სიტყვების ხმარებასაც არ ერიდებოდა. მწყრალად არ იყო უხამსი სიტყვების გამოყენებაზე, ისე, რომ ამის გამო თავს უხერხულადაც არ გრძნობდა.
***
ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ცისია უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. მის ლექციებს სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც კი ესწრებოდნენ. ლექციებზე ყოველგვარი „შპარგალკების“ გარეშე შედიოდა. თეორიაც კარგად ესმოდა და პრაქტიკაც კარგი ჰქონდა გავლილი. სტუდენტებს ყურადღება რომ არ გაფანტოდათ, შიგადაშიგ საინტერესო ამბებსაც ურთავდა, რაც მის ახსნილ საკითხს უფრო საინტერესოს ხდიდა. ისეც მომხდარა, ლექცია ლექციაზე გადაბმულა, შესვენების გარეშე, იმდენად საინტერესოდ შეეძლო საკითხების ახსნა, რომ აუდიტორიიდან გასვლა არცერთ სტუდენტს არ უთხოვია. აუდიტორიაში სტუდენტების დასმულ კითხვებზე დაუყოვნებლივ პასუხობდა, ზოგიერთი მისი ლექტორისგან განსხვავებით, რომლებიც მისი ჯგუფელების მიერ დასმული კითხვების პასუხად ამბობდნენ, ამას შემდეგ კვირაში მოგახსენებთო. მისი ამხანაგები კი ხუმრობდნენ, წავა ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში, წიგნებს გადაქექავს და იმ კვირისთვის პასუხს მოამზადებსო. ზოგიერთი ლექტორი განუწყვეტლივ მაჯის საათს მისჩერებოდა, როდის გავიდოდა ის საცოდავი 45 წუთი. ამიტომ 28 წლის ასაკში, როცა ლექციების ჩატარების უფლება მისცეს, ხელიდან საათი მოიხსნა. მისი ზოგიერთი ლექტორი სტუდენტებს სქესისა და კუთხურობის მიხედვით განასხვავებდა. ცისიასთვის არანაირი მიზეზი არ არსებობდა სტუდენტების განსხვავებისთვის. თავისი ლექტორებისგან კარგი თვისებებიც აითვისა. მაგალითად, ნაპოლეონ კვარაცხელია არებს არ წერდა, მის ლექციებს ას ოცდახუთივე სტუდენტი ესწრებოდა. ფეხმტკივანი ივანე ქადარია ორებს არ წერდა და გათხოვილ გოგონებს თითო ქულასაც უმატებდა, ამათ მეცადინეობაში შვილების აღზრდა უშლისო ხელს. ცისიას ორიანი და არა არ დაუწერია, სტუდენტს მკაცრად და მაღალი ხმით არ დალაპარაკებია, აუდიტორიიდან სტუდენტი არ გაუშვია, არც ქრთამი აუღია და არც გაუცია. ამიტომ სტუდენტებს ის უყვარდათ. მომავალი კურსის სტუდენტები მაღალი კურსელებისგან იგებდნენ მის შესახებ და მას და მის საგნებს ირჩევდნენ. ისეც მომხდარა, რომ კოლეგებს შორის, მისდაუნებურად, რეკორდიც დაუმყარებია. ერთი შემოდგომის სემესტრში მისი საგნები 268 სტუდენტმა აირჩია, რაც კათედრაზე რეკორდული ციფრი აღმოჩნდა. სტუდენტურმა თვითმმართველობამ უკვე კურსდამთარებული სტუდენტების ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა. კითხვარი მოიცავდა მათ მიერ ლექტორების დახასიათების, მათი სტუდენტებთან ურთიერთობისა და ობიექტური შეფასების საკითხებს. იმ დროისათვის ფაკულტეტის 600 თანამშრომელს შორის ცისიამ პირველი სარეიტინგო ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ბევრ თანამშრომელს შეშურდა მისი ასეთი წარმატება. დისერტაციის დაცვის დროსაც ფურორი მოახდინა. ცისია აუდიტორიაში მყოფ სპეციალისტებს ეხვეწებოდა, კიდევ შემეკითხეთ, გიპასუხებთო. დაცვის კომისიაში მოწვეულმა სპეციალისტმა კი უთხრა, როგორც იქნა ნამდვილი დაცვა ვნახე, კითხვები წინასწარ არ იყო მოცემულიო. ცისიამ პირველად გაიგო და ძალიან გაუკვირდა, რომ თურმე, დაცვა ისეც ხდებოდა, რომ დისერტანტი კომისიის წევრებთან წინასწარ ათანხმებდა დასასმელ კითხვებს. ეს მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან, პირველივე დღიდან, როცა დედამ სკოლაში მიიყვანა, ყველაფერს თვითონ აგვარებდა. სკოლაში ისე შევიდა, არც ერთი ასოს წერა და არც კითხვა არ იცოდა. ახსოვს, პირველივე დღეს ჯოხზე დაყრდნობილმა მასწავლებელმა როგორ ჩამოიარა კლასში და ყველა მოსწავლეს კალმის დაჭერა ასწავლა. ცისიას არასწორად ეჭირა კალამი. მასწავლებელმა ხელჯოხი მის უკანა მერხზე მიაყუდა, ერთი ხელით კალამი გამოართვა, მეორე ხელით მისი მარჯვენა ხელის თითებით კალამი სწორად დააჭერინა. ცისია პირველ დღეს შუა რიგის მეორე მერხზე იჯდა. მის უკან მჯდომი ელგუჯას დედა მისულა მასწავლებელთან და შეუჩივლია, ჩემს შვილს ეფარებაო. მეორე დღეს მაწავლებელმა ცისიას აუხსნა მდგომარეობა და მეხუთე მერხზე გადასვა. ცისიას მოეწონა ახალი ადგილი – აქედან მასწავლებელი, დაფა და მთელი კლასი ხელისგულივით მოჩანდა. შემდეგშიც, უნივერსიტეტში და ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ლექციებზე უკანა მერხზე უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





