სიცრუის საფასური
ავტორი: ნია დვალი 20:00
ანასტასია კარგა ხანია, აპირებდა, მისულიყო თავის ბინაში, რომელიც ბაბუისგან ერგო მემკვიდრეობით, სანამ ბესიკს გაჰყვებოდა ცოლად. ბინა ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, ძველ, მყუდრო უბანში, ისტორიული შენობის მეორე სართულზე, მაღალჭერიანი, სქელი კედლებით, ფართო ფანჯრებითა და დიდი, ნათელი ოთახებით, რაც მას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენდა. მის გაქირავებაზე ფიქრობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბინა კარგა ხანს არ მოაწესრიგა, იმიტომ რომ შემოსავალს არ უჩიოდა, თან, ქმართან ერთად ცხოვრობდა სხვა რაიონში. რაკი ბინა ამდენ ხანს ცარიელი იყო, ბესიკმა შესთავაზა, რომ იქ მისი ბიძაშვილი იცხოვრებდა დროებით. ნატკა, როგორც ადრე თავად უამბო, ბიძამისს შემთხვევითი კავშირის შედეგად შეეძინა.
– ბინა მოსაწესრიგებელია, უხერხულია, – შეიშმუშნა ანასტასია.
– როგორმე თავად მოაგვაროს ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ბინაში უნდა იცხოვროს, – არ დაეთანხმა ქმარი და ანასტასიამაც დამშვიდებული სინდისით გადასცა გასაღებები.
– არ გინდა, გაგაცნო? – შესთავაზა ქმარმა.
– აუცილებლად, მაგრამ ეს დღეები ძალიან დაკავებული მაქვს, – თავი აარიდა ფორმალურ შეხვედრას ანასტასიამ და რადგან შემდეგ არც ბესიკს გამოუდია თავი, ეს ამბავი ორივეს მიავიწყდა.
მაგრამ ერთ დღესაც, ამ საუბრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ანასტასიას ცნობისმოყვარეობამ შეუჩიჩხინა. თან, ზუსტად იმ დღეს სამსახურიდან ჩვეულებრივზე ადრე გათავისუფლდა და გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს, გაეცნო ქმრის ბიძაშვილი. ის-ის იყო, კარზე უნდა დაეკაკუნებინა (იცოდა, რომ ზარი არ მუშაობდა), თუმცა გასაღებების ასლები ჰქონდა, მაგრამ მოერიდა სხვის სივრცეში უცერემონიოდ შეჭრა, მოეჩვენა, რომ ნაცნობი ხმა გაიგონა. ვიღაცები აშკარად შემოსასვლელში ლაპარაკობდნენ და ამასობაში საკეტიც გაწკარუნდა. ანასტასიამ ინსტინქტურად უკან დაიხია და სვეტის უკან დაიმალა. კარი გაიღო. ანასტასია ცდილობდა, არც კი ესუნთქა, თუმცა ქუჩის ხმაური მაინც გადაფარავდა მისი სუნთქვის ხმას
– კიდევ როდის მოხვალ? მარტო ვიწყენ და მიჭირს, – მოესმა ანასტასიას საკმაოდ ახალგაზრდა ქალის ხმა.
– როგორც კი შევძლებ, – უპასუხა იმ ხმას ანასტასიას ქმარმა და ცოლი მიხვდა, რომ მისმა ქმარმა იმ ახალგაზრდა ქალს აკოცა. შემდეგ მიტრიალდა და კიბეზე ჩაირბინა. ანასტასია თავს ძლივს იკავებდა, რომ სამალავიდან არ გამოვარდნილიყო, მაგრამ, საბოლოოდ, დაიმორჩილა. ერთდროულად უამრავმა ვერსიამ გაუელვა თავში, მაგრამ ერთმა აზრმა – განსაკუთრებით მწვავედ:
– საყვარელია?! – ამის გაფიქრებაზე ლამის გონება დაკარგა და პირი გაუშრა.
– დამშვიდობებისას აშკარად აკოცეს ერთმანეთს. აჰ, ეს ნაძირალა კაცი, – ანასტასია ვერ მშვიდდებოდა. ამიტომ, თუმცა ერთხანს იყოყმანა, მაგრამ შემდეგ მტკიცე ნაბიჯით დაბრუნდა უკან, მაგრამ უცებვე გადაიფიქრა: „და რა უნდა ვუთხრა?! მაინც ყველაფერს უარყოფს. ბესიკიც უარყოფს. და ისევ გავბითურდები“, – ანასტასიამ ხელები უღონოდ ჩამოყარა. უკან დაიხია და ნელა შებრუნდა კიბისკენ.
– ლილისთან უნდა შევიარო. ლილი მეტყვის სიმართლეს და ეს იქნება, – თქვა ხმამაღლა და მტკიცე ნაბიჯით დაეშვა კიბეზე. შემოდგმა იდგა და ცა მოქუფრულიყო. ანასტასიამ ცას ახედა და მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა. კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ქალაქის ქუჩებში უმისამართოდ მოძრაობდა. შინაგანად ისევ შფოთავდა, გონებაში უამრავი ფიქრი უტრიალებდა. ეჭვიანობა ხრავდა და არ ასვენებდა: მის ქმარს ხომ არასოდეს გამოუჩენია მსგავსი სინაზე მის მიმართ?!
ბესიკი ანასტასიაზე 12 წლით იყო უფროსი და ანასტასიაც, ასე ვთქვათ, გვიან დაოჯახდა 27 წლის იყო. სავარაუდოდ, სწორედ თორმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო ბესიკი ყოველთვის გონიერ და ზომიერ ადამიანად მიაჩნდა, მას არ ახასიათებდა ზედმეტი ემოციები და ამიტომ სიყვარულსაც მშვიდად გამოხატავდა. აი, ამას ეჭიდებოდა ანასტასიას გული და ეუბნებოდა, რომ, ის ახალგაზრდა ქალი, ალბათ, ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო, თორემ მის მიმართ მისი ქმარი ასეთი ნაზი არ იქნებოდა, მაგრამ ამის საპასუხოდ მეორე ფიქრი მოდიოდა: „იქნებ მე არ ვუყვარვარ?! რომელსაც საპირისპირო აზრი ებრძოდა: თუ არ უნდოდა, რატომ შემირთო ცოლად?!“
და, მართლაც, უცნაური იყო, თუ არ უყვარდა, რატომ უნდა დაქორწინებულიყო ბესიკი ანასტასიაზე?!
„იქნებ მისთვის მოსახერხებელი ვარ? ჩურჩუტი?“ – ფიქრობდა ანასტასია და ცრემლები ახრჩობდა. საბოლოოდ, მიხვდა, რომ ამ ამბისთვის ნათელი უნდა მოეფინა, თუ არ უნდოდა, რომ გაგიჟებულიყო.
როგორც იქნა, მიაღწია დედამთილის სახლს. კიბეზე ფეხით განზრახ ავიდა, რომ აჩქარებული გულისცემა გაემართლებინა. ლილიმ რძალი გულთბილად მიიღო:
– რატომ არ გამაფრთხილე, ჩემო გოგო?! გასვლას ვაპირებდი, მერიმ მთხოვა, შემომიარეო და ბოლო წამს გადავიფიქრე. შემოდი, რატომ ქოშინობ? მოხდა რამე?
– არა, კიბეზე ფეხით ამოვედი და ცოტა დავიღალე, – იცრუა ანასტასიამ, არადა კიბე ერთი ამოსუნთქვით ამოირბინა.
– არაჩვეულებრივი ყავა მაქვს, ახლა მოვადუღებ და მომიყევი, რა მოხდა, – დიასახლისი სამზრეულოში აფუსფუსდა. ანასტასიამ იცოდა, რომ მის დედამთილს სისუფთავის მანია ჰქონდა, ამიტომ შემოსულმა მაშინვე ბახილები ჩაიცვა და ხელის დასაბანად სააბაზანოში შევიდა.
სარკეში ჩაიხედა: სახე ალეწვოდა. ამიტომ წყალი შეისხა და შეეცადა, დამშვიდებულიყო. დიდხანსაც არ უნდოდა სააბაზანოში დარჩენა, რათა დედამთილი ვერ მიმხვდარიყო, რომ ღელავდა.
ანასტასია მაგიდას მიუჯდა. სამზარეულოში ყავის საუცხოო არომატი ტრიალებდა, რამაც ანასტასიას ნესტოებში სასიამოვნოდ შეუხიცინა და ერთგვარად მოადუნა კიდეც. შემდეგ ყავა მოსვა და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, საოცრად მშვიდი ხმით ჰკითხა დედამთილს:
– რაღაც მინდა, გკითხოთ.., – მაგრამ უცებვე მოედო ალმური და გაჩუმდა.
– მკითხე, – შეაგულიანა დედამთილმა.
– არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ბესიკმა მთხოვა, რომ ჩემს ბინაში, ბაბუაჩემმა რომ დამიტოვა ჩვენს ქორწინებამდე, შემეშვა...
ლილის მზერა შეეცვალა და ანასტასია უნებლიეთ გაჩუმდა. ლილი რძლის წინ დაჯდა და თვალი თვალში გაუყარა:
– შენ არ გაქვს უფლება, გამოასახლო.
ანასტასია დაიბნა.
– ჩემი ბინაა და ვისაც მინდა, შევასახლებ და ვისაც მინდა, გამოვასახლებ, მაგრამ აქ ამისთვის არ მოვსულვარ, – ანასტასიას თავადაც გაუკვირდა საკუთარი სითამამე.
– არ ვიცი, რის სათქმელად მოხვედი, მაგრამ ნატკას ვერ გააგდებ.
– გავაგდებ, ქალბატონო ლილი, აუცილებლად გავაგდებ ნებისმიერს, თუ არ გავიგებ სიმართლეს და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის! – ანასტასია საკუთარ ყურებს არ უჯერებდა – მან შეძლო თავისი აზრის პირდაპირ და ხმამაღლა თქმა.
ამან ლალი დააბნია: მისი რძალი ყოველთვის რბილი და დამყოლი ხასიათის ჩანდა.
– ვერ გააგდებ, იმიტომ რომ ჩვილი ჰყავს და ბავშვიანს, უბრალოდ, ვერ გამოასახლებ.
ამის გაგონებაზე ანასტასიამ პირი დააღო: ესე იგი, მის ბინაში ვიღაც შეუსახლეს და ახლა უკვე ემუქრებოდნენ, რომ ვერ გააგდებდა.
– თუ მოვინდომებ, აუცილებლად გავაგდებ, – მშვიდად უპასუხა დედამთილს ანასტასიამ, მაგრამ მე მაინტერესებს, ვინ არის.
– ჰკითხე შენს ქმარს, – მოულოდნელად გაუღიმა დედამთილმა. ანასტასიამ თავი უხერხულად იგრძნო და, რატომღაც, გაწითლდა.
– ქმარს ვკითხო?! – გაიმეორა ავტომატურად.
დედამთილმა თავი დაუქნია და ყავის დამატება შესთავაზა. ანასტასიამ თავი გადააქნია უარის ნიშნად და უფრო დაიბნა. ვერ ხვდებოდა, რაზე უნდა ელაპარაკა. ერთხანს იჯდა და შემდეგ წამოდგა. დედამთილს დაემშვიდობა და სახლისკენ გაეშურა.
კითხვები კიდევ უფრო გაუმრავლდა და ისინი მის თავში ნამდვილ გადატრიალებას აწყობდნენ. გარეთ კი უკვე ძლიერი თქეში წამოსულიყო. გამვლელები გარბოდნენ და თავს გაჩერებებს აფარებდნენ. ანასტასია მანქანაში ჩაჯდა და მოწყვეტით დაძრა. სახლთან ადგილი არ იყო და ამიტომ მანქანა მოშორებით გააჩერა. თითქოს ვერ გრძნობდა, რომ კოკისპირულად წვიმდა. ვერც გუბეებს ამჩნევდა, ვერც იმას, რომ უმოწყალოდ სველდებოდა. ბინაში, სადაც სიცივესა და სიჩუმეს დაესადგურებინა, სრულიად გალუმპული შევიდა.. სველი პალტო მექანიკურად გაიხადა და საკიდზე დაკიდა. ჩექმები არც გახსენებია, მისაღებში შევიდა და სავარძელში მძიმედ დაეშვა. ისევ უსიამოვნო ფიქრები უტრიალებდა თავში: „ვინ არის ეს ნატკა ან ნატკა რა სახელია?! რატომ შეასახლა ჩემმა ქმარმა ჩემს ბინაში და რატომ იყო ჩემი დედამთილი ასეთი კატეგორიული?!“ – ანასტასიას თავი ასტკივდა ამაზე ფიქრით
ათიოდ წუთში ბესიკიც დაბრუნდა. მიხვდა, რომ ცოლი სახლში იყო და შემოსასვლელიდანვე გასძახა:
– აპირებ, გამოასახლო ჩემი ბიძაშვილი?!
ანასტასია სიბრაზისგან გალურჯდა. დედამთილს უკვე მოესწრო შვილისთვის ახალი ამბის შეტყობინება.
– ლილიმ მითხრა, რომ უფლება არ მაქვს გამოვასახლო და იქნებ ამიხსნა, რატომ არ მაქვს ამის უფლება, რომელი კანონით?! თუ შენს ბიძაშვილს ჰყავს ბავშვი, ესე იგი, ჰყავს ქმარიც. ქმარი თუ არა, კაცი, ვისგანაც შვილი ეყოლა და რატომ უნდა ცხოვრობდეს შენი ბავშვიანი ნათესავი ჩემს სახლში ისე, რომ მე არც კი ვიცი, ვინ არის და თურმე, არც გამოსახლების უფლება მაქვს... ბინაც ხომ არ გადავუფორმო?! – ანასტასია ქმარს თვალებში უყურებდა.
ბესიკმა გაიცინა:
– ბინა ცარიელი იყო. რა შეიცვალა? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, იქ ვინმე იცხოვრებს თუ არა?!
– ალბათ, არანაირი, მაგრამ ვერ ვიგებ, შენ და ქალბატონი ლილი რატომ მიმტკიცებთ, რომ მე არ მაქვს უფლება, გადავწყვიტო, ჩემს ბინაში ვინ იცხოვრებს და ვინ არ იცხოვრებს?! – ანასტასიას ისიც აცეცხლებდა, რომ თუმცა, არავის გამოსახლებას არ აპირებდა, მაგრამ ამას, რატომღაც, კატეგორიულად უკრძალავდნენ მისი ქმარი და დედამთილი. ხვდებოდა, რომ აქ რაღაც საიდუმლო იმალებოდა. ბესიკი მისაღების ცენტრში იდგა და ცდილობდა, თვალი აერიდებინა ცოლისთვის.
– მოდი, სხვა დროს ვისაუბროთ ამ თემაზე, ძალიან დაღლილი ვარ, დღეს მძიმე დღე მქონდა.
– არც მე მქონია მსუბუქი დღე, – უპასუხა ანასტასიამ და თვალები დახუჭა. ანასტასია ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულყო, ამიტომ ისევ გაჩუმება არჩია, სანამ კარგად გაიაზრებდა მომხდარს.
ამასობაში რამდენიმე დღეც გავიდა, ბესიკს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, არც არაფრის ახსნას აპირებდა და ანასტასიამაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.
იმ დღეს სამსახურის შემდეგ მარკეტში შეიარა პროდუქტების საყიდლად. ქალაქის საღამო თავისებურად ფუსფუსებდა: ადამიანები მიდი-მოდიოდნენ და სანოვაგით იტვირთებოდნენ. ქარი ფოთლებს ათამაშებდა და ჰაერში სინესტის უსიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ანასტასიას ტელეფონმა დარეკა, ბესიკი ურეკავდა:
– დღეს დამაგვიანდება, სამსახურში უნდა დავრჩე, პროექტია დასასრულებელი.
– კარგი, – ანასტასია შეეცადა, მშვიდი ხმა ჰქონოდა, მაგრამ მაშინვე კისრისტეხით გაიქცა სახლისკენ. ნაყიდი პროდუქტები სამზარეულოში დაყარა, მხოლოდ მალფუჭებადები შეინახა მაცივარში და ბინიდან შურდულიდან გავარდა. ჯერ თავის მანქანაში ჩაჯდა, შემდეგ გადაიფიქრა და ტაქსი გამოიძახა.
მძღოლს მანქანა ბაბუამისის სახლთან, პარკირებაზე გააჩერებინა, საიდანაც კარგად ჩანდა სადარბაზოს შესასვლელი. გავიდა ერთი საათი, მეორე დაიწყო და ანასტასიას იმედიც გადაეწურა, ის იყო, თავისი ეჭვების შერცხვა, რომ სადარბაზოსთან მისი ქმრის მანქანა გაჩერდა. ბესიკმა კარი გაუღო ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ხელში ჩვილი ეჭირა, გამოართვა და სადარბაზოში შეუძღვა.
– ნაძირალა, – გამოცრა ანასტასიამ კბილებში, – ესე იგი, მაინც საყვარელია. ის ბავშვიც მისია და აცხოვრებს ჩემს ბინაში, – შეურაცხყოფისგან ცრემლები წამოსცვივდა. ტაქსის მძღოლმა გახედა, მაგრამ არაფერი უკითხავს.
დაახლოებით, თხუთმეტი წუთის განმავლობაში ანასტასია უძრავად იჯდა მანქანაში. ისევ ურთიერთსაპირისპირო ემოციები უტევდა – სახლში წასვლაც უნდოდა და იმ ნატკასთან მივარდნაც. მაგრამ თავი ისევ აიყვანა ხელში.
– იქ მიმიყვანეთ, საიდანაც წამომიყვანეთ, – უთხრა ტაქსის მძღოლს.
– თუ მართლა საყვარელია, ესე იგი, უნდა გავეყარო, – ელაპარაკებოდა თავის თავს და გული ძალიან სტკიოდა, იმიტომ რომ მიხვდა, ბესიკი ისევ უყვარდა და მისი ეს საქციელი ამის გამოც უფრო ამძიმებდა.
სახლში უცებ არ ასულა. ჯერ მანქანაში ჩაჯდა, ფიქრობდა. როდესაც სახლში შევიდა, ბესიკი ბოლთას სცემდა:
– სად იყავი? – ჰკითხა გაღიზიანებულმა.
– თუ შენ შეგიძლია, დაიგვიანო, რატომ არ შემიძლია, რომ მეც დავიგვიანო? – უტიფრად ჰკითხა ცოლმა და სააბაზანოს კარი შეაღო. მარტო უნდოდა დარჩენა.
– უბრალოდ, ვინერვიულე, – მიაძახა ბესიკმა და ამ ფრაზამ ანასტასია იმდენად გააღიზიანა, რომ აღარ მოითმინა:
– შენ მე მატყუებ. დადიხარ იმ ვითომ შენს ბიძაშვილთან და მეუბნები, რომ სამსახურში გამოგიჩნდა საქმე.
ანასტასია ქმარს მიაჩერდა.
– არ გინდა, სიმართლე მითხრა?! კიდევ რამდენ ხანს უნდა გამაბრიყვო?! თუ შენ გიჭირს ამის თქმა, მე ვიტყვი, განვქორწინდეთ და მშვიდად იარე შენს საყვარელთან და თქვენს შვილთან.
– ბავშვი ჩემი შვილი არ არის, – მშვიდად უპასუხა ბესიკმა.
– აბა, ჩემია?! – ანასტასია თავს ვეღარ იკავებდა.
– ჩემი შვილიშვილია, ნატუკაა ჩემი შვილი.
ანასტასიას თავზარი დაეცა – ყველა ვერსია განიხილა, გარდა ამისა.
– წარმოუდგენელია, კი მაგრამ, რამდენი წლის იყავი?!
– ეს ძალიან დიდი ხნის წინათ მოხდა, შენ მაშინ, ალბათ, სკოლაშიც კი არ დადიოდი, – გაეღიმა ბესიკს.
– და ამიტომ უნდა მოგეტყუებინე?!
– შევცდი, უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ გითხარი. მაპატიე.
და ანასტასია უცებ მიხვდა, რომ არაფრის პატიება არ უნდოდა. თავადაც გაუკვირდა თავისი ეს შეგრძნება, რადგან თითქოს უნდა გახარებოდა, რომ ბესიკს საყვარელი კი არ ჰყავდა, არამედ თავის ქალიშვილსა და შვილიშვილზე ზრუნავდა.
***
– იქნებ მაინც დაფიქრდე, – დედამ მუდარით სავსე თვალებით შეხედა ქალიშვილს.
– არ ღირს, დედა და შენც იცი ეს. თუ ეს მომატყუეს, სხვა რამესაც ამავენაირად მომატყუებენ. არ მიმიღეს თავისიანად და სრულფასოვან ადამიანად, რომ თავიანთი საიდუმლო გაემხილათ, მაგრამ, სამაგიეროდ, გამომიყენეს.
დედამ არაფერი უპასუხა შვილს. ანასტასია ფანჯარაში იყურებოდა, სადაც წვიმა ნელ-ნელა, თითქოს შეუმჩნევლად გადადიოდა თოვლ-ჭყაპში...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





