სიცოცხლის თეთრი აბი
ავტორი: ნინო მდივანი 20:00 28.07, 2023 წელი

ცხვირიდან სურდო მომდიოდა და ამიტომ ხმა შემეცვალა, ჰოდა, ტელეფონს საკმაოდ გაბზარული ხმით ვუპასუხე:
– რატომ არ გავახსენდი დღეს ჩემს გოჭს? – თბილად ჩამეღვარა ყურში საყვარელი ხმა და უნებლიეთ გამეღიმა.
– როგორ არ გამახსენდი. უბრალოდ, არ შეგაწუხე, თან, გავცივდი...
– არ გიხდება ტყუილი. ყალბად იტყუები, მერე რა, რომ გაცივდი, მალე გაგივლის. არაფერი მოგივიდოდა, მესიჯი რომ მოგეწერა, – ჩემი საყვარელი ადამიანის საყვედურნარევი ხმა სიმღერასავით ჩამესმოდა და თვალები დამეხუჭა.
– არ ვიტყუები. უბრალოდ, ვბრაზდები, როდესაც გირეკავ და მითიშავ, ამიტომ ვიფიქრე, დაველოდები, როდესაც გათავისუფლდება, დამირეკავს-მეთქი, – მართლაც გულწრფელად ვუთხარი.
– შენ მომწერე და დამირეკე, მე გაგითიშავ და, როდესაც შევძლებ, დაგირეკავ მაშინვე. კარგი?
როგორ მიყვარს ეს ხმა და ამ ხმის პატრონი, რატომღაც მესამე პირში გავიფიქრე, მაგრამ სხვა რამ ვკითხე:
– კარგი. და შენ როდის მიდიხარ?
– წესით, იმ კვირაში. ასეთი არაფერი მინახავს, ფულს ვერ რიცხავენ. უნდა ჩახვიდე და წამოიღო, – მითხრა უკმაყოფილოდ.
– და ის შენი კომერციული დირექტორი რას ამბობს? – დავაზუსტე, თან, საშუალება მომეცა, კიდევ ერთხელ გამელანძღა კომერციული დირექტორი, რომელსაც დაუსწრებლად ვერ ვიტანდი, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი გაიძვერა ვინმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამომივიდა.
– ძალიან ცუდი ტიპია, – ეს რომ მითხრა, გამიკვირდა, იმიტომ რომ დღემდე იმას მიმტკიცებდა, კარგი ადამიანიაო, – თავიდან აირიდა, შენ უნდა წახვიდეო, მაგრამ მალე ჩამოვალ, გოჭო. შენ არ მოიწყინო.
ვიცოდი, რომ მალე ჩამოვიდოდა, მაგრამ მაინც არ მინდოდა, რომ წასულიყო და გავბრაზდი:
– მოვიწყენ და ძალიან მოვიწყენ, – ეს ფრაზა პატარა ბავშვივით ვთქვი, ვიცოდი, რომ დამიყვავებდა.
მაგრამ, რაც მეტად მეფერებოდა სიტყვებით, მით მეტად ვბრაზდებოდი, იმიტომ რომ მისი ნახვა უფრო მინდოდა, ვიდრე მილიონი სიტყვა, ამიტომ საყვედურებით ავავსე.
– კარგი, რა, გოჭო. მალე გამოჯანმრთელდი და მალე გნახავ. აი, ნახავ... – რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი, ისე უცებ მომაყარა სიტყვები, – ვგიჟდები შენზე, გკოცნი, ღამით დაგირეკავ, – და ტელეფონი გათიშა.
ამოვიოხრე და სარკეში ჩავიხედე. ცხვირი გვარიანად შემწითლებოდა. ამ ცხვირით როგორ უნდა ვნახო?! ვერ ვარ, რა, – გავიფიქრე და ისევ უსიამოვნო ფიქრები შემომეხვივნენ ბზიკებივით.
– რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ასე? რამდენი? რომ დავბერდებით, მერე რა იქნება? მერე არანაირი მერეც არ იქნება. ღმერთო, შენ მაინც მისაშველე რამე, ხომ შეიძლება, აი, გავიღვიძო და აღარ მახსოვდეს?! ხომ შეიძლება, ასე მოხდეს? – ზემოთ ავიხედე, მაგრამ იქ მხოლოდ ჭერი დამხვდა და ზუსტად იმ წამს, როდესაც ღმერთთან დიალოგი გადავწყვიტე, ჩემი მეზობლის ბავშვმა რაღაც მძიმე საგანი დააგდო, ეტყობა, იატაკზე და ისეთი გრუხუნი გაისმა, რომ სევდა ბრაზმა მოიცვა და ჩემი ფიქრებიც ყოფით მორევში დაბრუნდნენ:
– რა ტუტუცი ხალხია, – ვთქვი ხმამაღლა და პათეტიკურად და ცხვირის გამოსარეცხად სააბაზანოში შევედი...
***
ჯერ კიდევ ლოგინში ვიწექი, ტელეფონმა რომ დარეკა. გამიკვირდა. არ ველოდი, რომ შაბათ დილას დამირეკავდა.
– არ გინდა, დღეს მნახო? – მკითხა და მომეჩვენა, რომ ძალიან სევდიანი ხმა ჰქონდა.
– კი მინდა, მაგრამ ისევ ვქსუტუნებ და, არ გეშინია, რომ გადაგდო? – ცოტა მოვიტყუე, იმიტომ რომ მომზადება ცოტა მეზარებოდა და ჩემდა უნებურად, ვიეშმაკე, ვიცოდი, უნდა გაფრენილიყო და ამიტომ ავად გახდომას მოერიდებოდა.
– არა, არ მეშინია, – გაიცინა და მე ისევ თვალები მიმელულა მის ხმაზე.
– მოდი, ხვალ, რა, გთხოვ, გაცილებით უკეთ ვიქნები.
– არა, დღეს, გთხოვ. 15 წუთით მაინც. 15 წუთი გენანება ჩემთვის? – რა თქმა უნდა, 15 წუთი არ მენანებოდა, მაგრამ იმ 15 წუთისთვის, სულ მცირე, საათ-ნახევარი უნდა დამეხარჯა და იმ შაბათ დილით ეს მეზარებოდა, ალბათ, პირველად, იმ ორი ათეული წლის განმავლობაში.
მე ეს მეფიქრებოდა, ის კი თავისას განაგრძობდა:
– მხოლოდ 15 წუთით მაინც მნახე.
მიკვირდა, დაჟინება არ იცოდა, თუ ვეტყოდი, რომ არ შემეძლო, ესე იგი, არ შემეძლო ან რას წყვეტდა ერთი დღე?! მაგრამ მეც მინდოდა მისი ნახვა, თუმცა გაბრაზებული ვიყავი. მაგრამ მე სულ გაბრაზებული ვიყავი ხოლმე და საამისოდ სულაც არ მჭირდებოდა მიზეზი.
– როგორი ეგოისტი ხარ?! გეუბნები, რომ ვერ ვარ კარგად და მაინც, გინდა თუ არა, მოდიო. – ვუსაყვედურე.
– ჩემო საყვარელო გოგო, 15 წუთით მაინც მნახე, რა, – ამ სიტყვებს ლამის გული ამოაყოლა და მეც დიდსულოვნად, თუმცა მძიმედ დავთანხმდი.
– კარგი, როდის? – მშრალად ვკითხე.
– შენ როდის მოასწრებ? რაც მალე, უკეთესი, – ეს რომ მითხრა, გამახსენდა, რომ რაღაც უნდა მიმეცა და სიბრაზემ ისევ წამომიარა:
– თუ იმ საბუთის გადმოცემა გეჩქარება, ტაქსის გამოვატან.
– არ გრცხვენია, გოჭო?! – და მართლაც შემრცხვა. – მე ვერ გამოგივლი, ხომ იცი, მანქანა არ მყავს. გავყიდე, მაგრამ ახალს მალე ვიყიდი, უკვე ვიცი, რომელს.
– 2 საათში ჩვენს ადგილას მოვალ და ამდენი ხანია, რომ გთხოვ, გამასეირნე–მეთქი და არ მასეირნებ, მე გაგასეირნებ, სადაც მე მინდა, – რომ ველაპარაკებოდი, თან, მეღიმებოდა და ისევ ბედნიერების ის განცდა მეუფლებოდა, რომელიც ჩემს გამოგონილ ბრაზს უკვალოდ აქრობდა ხოლმე.
– იცი, შენ სარგებლობ იმით, რომ მიყვარხარ და იცი, რომ შენ გარეშე ვერ გავძლებ და ცუდად მექცევი, თითქოს დასაქოქი დათუნია ვიყო, – მითხრა საყვედურით.
– მაგრამ შენ ხომ ჩემი დათუნია ხარ?
– ვარ, მაგრამ სათამაშო დათუნია კი არ ვარ?
ვერ ვხედავდი, მაგრამ დავინახე, როგორ დაებრიცა გაბანტული ტუჩები და დავნებდი:
– მიყვარხარ, 2 საათში მზად ვიქნები.
– მე – უფრო, გკოცნი, არ დააგვიანო, – ტელეფონი გათიშა, მაგრამ მე კიდევ 5 წუთს მაინც ვიჯექი ტელეფონით ხელში და ვიღიმებოდი. მერე თითქოს ვიღაცამ გამომაფხიზლაო და სააბაზანოში შევვარდი.
ფაქტობრივად, ჯარისკაცური სისწრაფით მოვემზადე: ამისთვის, სულ რაღაც, ერთი საათი და 15 წუთი დამჭირდა, მაგრამ გაბრაზებული მაინც ვიყავი, ამიტომ ისეთი კაბა ჩავიცვი, როგორიც ნაკლებად მომწონდა. ეს ჩემი პატარა ქალური შურისძიება იყო, ოღონდ რაზე, თვითონაც არ ვიცოდი.
– დედა, საქმე გამომიჩნდა და მალე მოვალ, – კარიდან მივაძახე დედაჩემს და პასუხს არც დავლოდებივარ, თუმცა, ის ცდილობდა, რაღაც ეთქვა. დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა, სახლიდან გამოსვლის წინ ჩემთვის განწყობა გაეფუჭებინა. შეიძლება, არც ცდილობდა და მე აღვიქვამდი ასე, მაგრამ, რაკი ასე აღვიქვამდი, უკვე მნიშვნელობა ეკარგებოდა, ამას ცდილობდა, ასე გამოსდიოდა თუ ეს ჩემი, როგორც უძღები შვილის, ფანტაზიის ნაყოფი იყო, ამიტომ ვახერხებდი, ისე გამოვსულიყავი სახლიდან, რომ მას ჩემთვის ვერც ვერაფრის თქმა მოესწრო და ვერც დავენახე. მართალია, მაშინვე მობილურზე მირეკავდა ხოლმე, მაგრამ მობილურს ის უპირატესობა აქვს, რომ გინდა, უპასუხებ და გინდა – არა.
მანქანის სარკეში თავი შევითვალიერე და დავქოქე. ისიც კი გავიფიქრე, რომ ძალიან გამიმართლა, მანქანა რომ ავტოფარეხში არ შევიყვანე, რადგან ამ შემთხვევაში დედაჩემი დამინახავდა და დამიძახებდა, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი იყო, ვინაიდან მანქანა სახლის წინ მყავდა გაჩერებული, იმ მხარეს კი ჩვენი ბინის ფანჯრები არ გამოდიოდა. მოკლედ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რომ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე მინდოდა. ტელეფონს ხმა გამოვურთე და მუსიკა ჩავრთე.
ადგილზე მივედი და გავჩერდი. ზუსტად იმავე დროს ჩემ წინ ტაქსი გაჩერდა, საიდანაც ჩემი საყვარელი სილუეტი გადმოვიდა. უკანა კარი გააღო და სპორტული ჩანთა აიღო. სპორტულ ჩანთას ყოველთვის უკანა სავარძელზე დებდა, თავის მანქანაშიც.
ჩემი მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა და მაშინვე მაკოცა.
– ძალიან ნათელია, ვიღაც დაგვინახავს.
– დაგვინახოს მერე, – მითხრა და მეორედაც მაკოცა.
– როგორ გამამაცებულხარ? – მაინც ჩავისისინე.
– კარგი, რა, საყვარელო, როგორი კარგი ხარ, უკეთილშობილესი და რა საშინელი ენა გაქვს, თან, აუტანელი ხასიათი. ვერავინ ვერ აგიტანს შენ, ჩემ გარდა.
– და შენ რატომ მიტან?! ნუ ამიტან.
– იმიტომ რომ ჩემი დედოფალი ხარ და დედოფალი ცოტა კაპასი უნდა იყოს. მაგრამ ხანდახან აჭარბებ. არა უშავს, შენ იკაპასე, მე არ გიპასუხებ. – მარცხენა ხელი მუხლებზე დამადო, – ჩემი მუხლები.
– იცოდე, ცუდად თუ მოიქცევი, მუხლებზე ხელს არ მოგაკიდებინებ, – ვუთხარი მკაცრად.
– არც მაკოცნინებ?
– ნწუ! – უარის ნიშნად თავი გავაქნიე და გოროზი სახე მივიღე. უცებ ორივენი ავხარხარდით და მე მანქანა დავძარი.
– სად მივდივართ? – მკითხა.
– შენ დრო რამდენი გაქვს? – კითხვა შევუბრუნე.
– მაქვს, – მოკლედ მომიჭრა. – რა მოუხერხებელია ეს მანქანა. პატარაა, ვერ ვეტევი.
– შეგიძლია, ახალი მიყიდო.
– გიყიდი, აი, ნახავ, თუ არ გიყიდი, – და თავზე ხელი გადამისვა.
მისი სიახლოვე ყოველთვის მაგიურად მოქმედებდა ჩემზე. იმდენად დიდი ხანია, ვიცნობდი, რომ, წესით, ჩვევად უნდა მქცეოდა მასთან შეხვედრა, მისი შეხება, მაგრამ მე მაინც ვღელავდი: თითოეული შეხვედის წინ, დანახვისას, შეხებისას, მისი ნომერი რომ იწერებოდა ჩემს ტელეფონზე...
– ისე, რატომ ვერ შეგეჩვიე ამდენი წელია?
ეტყობა, თვითონაც ამაზე ფიქრობდა.
– გინდა, რომ შემეჩვიო?
– და შენ შემეჩვიე? – თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგონია.
– ვერა, მაგრამ, თუ წესიერად არ მოიქცევი, შეგეჩვევი.
– ვერ შემეჩვევი, იმიტომ რომ შენ ჩემი გაგრძელება ხარ. – გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა, – და ამით სარგებლობ ყოველთვის. რაც ენაზე მოგადგება, მეუბნები და საერთოდ არ ფიქრობ, რომ გული მეტკინება. იცი, რომ ვერ გავძლებ უშენოდ.
– ეს შენ სარგებლობ, იმიტომ რომ იცი, მე ვერ გავძლებ უშენოდ და ამიტომ მეორეხარისხოვანი ვარ, სულ ვიქნები და მოვალ, როგორც კი ხელს დამიქნევ.
– არ გრცხვენია, ჩემო საყვარელო გოჭო, არ გიხდება ასეთი ლაპარაკი. მე ხომ შენ მიყვარხარ?!
ბრაზიც მერეოდა და ცრემლიც, ტირილს სიბრაზის ამონთხევა ვამჯობინე, იმიტომ რომ, ზოგადად, ადამიანი ეგოისტია. თითქოს იგრძნოო:
– გთხოვ, ცოტა დრო მაქვს და ნუ მაჩხუბებ, ჩემო ლამაზთვალება.
ჩემმა ბრაზმა უკან დაიხია და ტირილი დავიწყე:
– აი, ახლაც სარგებლობ, იცი, რომ ვერ ვიტან შენს ცრემლებს. ყველაფერი მითხარი, რაც გაგიხარდება. ყველაფერში მართალი ხარ, მაგრამ სხვანაირად მითხარი, ასეთი გაკაპასებული ხმით ნუ მეუბნები და ისე ნუ მიყურებ, თითქოს შენი მტერი ვიყო. – ამას მეუბნებოდა და რაღაცნაირი საწყალი თვალებით მიყურებდა.
მანქანა გავაჩერე და გადავეხვიე. თავზე ხელს მისვამდა და სახეზე მკოცნიდა:
– გიხდება ტირილი, ისე გალამაზებს, იმიტომაც ტირი.
ერთდროულად ვტიროდი და ვიცინოდი.
– ამიტომ მატირებ? წყალი მინდა და ერთჯერადი ხელსახოცები.
– გადავალ და ვიყიდი, – მითხრა და მანქანიდან გადავიდა. მე სარკეში ჩავიხედე: სიმართლეს ამბობდა, ტირილი, მართლაც, მალამაზებდა. როგორ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ასე ხდებოდა. მალე დაბრუნდა. წყალი და ერთჯერადი ხელსახოცები გამომაწოდა. მე მისი ხელი ავიღე და ხელის გულით ლოყაზე მივიდე.
***
– ეს ადგილი საიდან იცი? – ცოტა დაეჭვებით შემომხედა.
– ნაშები მომყავს ხოლმე, – სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, თმა ისე მტკივნეულად მომქაჩა, სიმწრისგან ცრემლები წამომცვივდა, ამიტომ მე ფეხზე ვუჩქმიტე:
– საიდან უნდა ვიცოდე? ლამაზი ადგილია, დაბურული არაა, ლამის გზის პირასაა, ამ ადგილს რა ცოდნა უნდა?!
ახლა უკვე დაეჭვების გარეშე მოათვალიერა იქაურობა. ლამაზი მინდორი იყო გზის პირას და იქვე, არც შორს და არც ახლოს, ერთი ხე იდგა, ფართო ვარჯითა და უხვად დატოტვილი.
– რა ლამაზი ხეა, არა? – უცებ მკითხა და მანქანიდან გადავიდა. რატომღაც, ხესთან მივიდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კინოფილმს ვუყურებდი. ერთ ხანს იდგა იმ ხის ძირში და სადღაც იყურებოდა. მერე მანქანაში ჩაჯდა.
– რა კარგი იქნება ასეთ ადგილას კერძო სახლი. ვისი მიწაა?
გამეცინა.
– მე რა ვიცი?! ალბათ, სახელმწიფოსი და შენ როდის მერე მოგინდა კერძო სახლი?!
ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელიც ორი ათეული წლის წინ მოულოდნელად დამატყდა თავს, ნივთებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, არც ფულს. წარმოდგენა არ ჰქონდა, რაში ხარჯავდა და რამდენს. მაგალითად, შეეძლო, ეყიდა ძალიან ძვირად ღირებული ქუდი, რომელიც არაფერში სჭირდებოდა, მაგრამ უბრალოდ, იმ წამს მოეწონა და მეორე დღესვე სადმე დაეკარგა. არასდროს წუწუნებდა, არავის ლანძღავდა, არასდროს მაგრძნობინებდა, რომ პრობლემა ჰქონდა და, საერთოდ, მე რომ მკითხოთ, მსგავსი სრულყოფილი ადამიანი არასდროს მენახა, თუმცა, მას ზუსტად იგივე აზრი ჰქონდა ჩემზე, ოღონდ, გულახდილად რომ ვთქვა, განსაკუთრებით, ჩემი ხასიათი შორს იყო იდეალურისგან. ჩვენ ვმეგობრობდით კიდეც. ერთნაირად ვაფასებდით მოვლენებს, ერთნაირად აღვიქვამდით სამყაროს, ერთნაირი რამეები მოგვწონდა და არ მოგვწონდა. მოკლედ, მთელი სამყარო იყო ჩემთვის, ყველაფერი დანარჩენი კი – იმ სამყაროს დანამატი, შემავსებელი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან