რომანი და დეტექტივი

სიკვდილმისჯილი

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.09

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-34 (1234)

საღამოს 8 საათზე შეთანხმებულ ადგილზე მივედი. პატარა მაკიაჟი მქონდა გაკეთებული და უბრალოდ ვიყავი ჩაცმული. გამომძიებელი არ ჩანდა. ლუდის კიოსკთან რამდენიმე ლოთი იდგა და არყიან ლუდს წრუპავდნენ. თხუთმეტიოდე წუთი რომ გავიდა, ეჭვებმა შემიპყრო. ისიც კი ვიფიქრე, რაიმე პროვოკაციას ხომ არ მიწყობენ-მეთქი და ნელ-ნელა დავიძარი გასასვლელისკენ. ბოლო მაგიდას რომ გავუსწორდი და უნდა გავცდენოდი, იქვე მდგომი ლოთის ხმა მომესმა:

– ძმაო, არყის წილში ხომ არ შემოხვალ?

ერთი კი გავხედე ლოთს და გზა განვაგრძე. მან კი მომაძახა:

– ლევან, მოდი აქ!

გავჩერდი, შევხედე, დავაკვირდი და „ლოთში“ ვასილ კარპოვი ამოვიცანი. ის ძალიან ოსტატურად იყო შენიღბული და რომ მივედი, მითხრა:

– თხუთმეტი წუთია, გითვალთვალებ და დავრწმუნდი, რომ უკუდოდ ხარ აქ მოსული.

– ვასილ ანტონიჩ, თქვენგან ასეთ შენიღბვას ნამდვილად არ ველოდი, – ვთქვი მე, მან კი მიპასუხა:

– ეს იმიტომ, რომ აქ საპენსიოდ გამზადებულ მოხუც პროკურორს ელოდებოდი, მე კი ძველი ოპერატივნიკი ვარ.

– გასაგებია, – თავი დავუქნიე კარპოვს.

– ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – მითხრა კარპოვმა და დაამატა. შენი სიმამრი, პეტრეს და ირინას მამა, ანდრეი რომანოვი ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო. ჩვენ ერთად ვმუშაობდით მილიციაში და მეწყვილეები ვიყავით. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ბანდიტების ბანდა ალყაში მოვიქციეთ. სასტიკი ურთიერთსროლა გაჩაღდა. მე ფეხში დავიჭერი და დავკოჭლდი. სწორედ ამის მერე დავანებე თავი ოპერატიულ სამსახურს და პროკურატურაში გადავედი სამუშაოდ. ანდრიუშამ, იმ ცხონებულმა კი მაშინ სიკვდილისგან მიხსნა. როცა დავიჭერი და ძირს დავვარდი, ის ბანდიტი მიახლოვდებოდა, იარაღს თავში მიმიზნებდა და სასხლეტისთვის უნდა გემოეკრა თითი, რომ ამ დროს ანდრეი გამოიქცა, გადამეფარა, ბანდიტს იარაღი მიუშვირა და დანებება უბრძანა. მან კი ანდრიუშას ესროლა და მძიმედ დაჭრა. ორი ღამის მერე ანდრიუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეც იქ ვიყავი და მისი ბოლო სიტყვები იყო: სამწუხაროა, რომ შვილების გაზრდას ვერ ვახერხებო... ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ ჩემი გადამრჩენლის ოჯახს, მის შვილებს ვერაფრით გავუმართე ხელი. სხვა ქალაქში გადამიყვანეს სამუშაოდ. მოსკოვში რომ დავბრუნდი, მათი კვალი დავკარგე და როდესაც მთავარმა სამხედრო პროკურორმა ამ ფალსიფიცირებული საქმის დასკვნის დაწერა დამავალა, კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. თავდაპირველად დავაპირე უარი მეთქვა, მაგრამ ეს გარკვეულ ეჭვს გამოიწვევდა და სხვას დააწერინებდნენ. ამიტომ დასკვნა დავწერე და რადგან ვიცოდი, რომ ამ საქმეს პეტრეს გულშემატკივარი მოაკითხავდა გასაცნობად, მოუთმენლად ველოდებოდი. საქმე ისაა, რომ აქ ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი. საცოდავი პეტრე უმიზეზოდ მოკლა იმ ნაძირალამ. ყველა ფაქტი შეცვლილია და მოწმეები კი გააქრეს ამ საქმიდან. აი, ესაა მთელი სიმართლე და თუკი მოქმედებას აპირებ, შეგიძლია, ამ ინფორმაციებით იხელმძღვანელო.

ვასილი კარპოვმა ყველა იმ ადამიანის ვინაობა და მისამართი მითხრა, ვისი მეშვეობითაც სიმართლის დადგენა შემეძლო. ბოლოს წარმატება მისურვა. გამომემშვიდობა და წავიდა.

როგორც გავარკვიე, ივანე გალკინი კრემლიდან მოაშორეს და თავდაცვის სამინისტროში, პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ გაამწესეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა იყო. მაგრამ გენერლის ჩინი აღარ მიანიჭეს. საქმეს მეთოდურად მივყევი. პეტრეს მკვლელობის დეტალები წუთობრივი, ფაქტობრივი სიზუსტით დავადგინე და გალკინს კუდზე დავაჯექი. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მისი ლიკვიდაცია და შევასრულე კიდეც. ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ნაძირალას სახლში დავადექი. ის ბინაში მარტო იმყოფებოდა. ჯერ ყველაფერი ვაღიარებინე, ბოლოს კი სიცოცხლეს გამოასალმა და უჩუმრად წამოვედი იქიდან. თუმცა, სამი დღის შემდეგ მილიციამ ჩემი სახლის სადარბაზოსთან დამაპატიმრა და შინაგან საქმეთა სამინისტროში წამიყვანეს. ჩემი გაშიფვრა კი სრულიად შემთხვევით მოხერხდა. თურმე, მოპირდაპირე სახლიდან ერთი ახალგაზრდა კინოდოკუმენტალისტი ფანჯრიდან ფარულად იღებდა ქუჩის კადრებს და მის ობიექტივში მოვყევი. ხოლო როდესაც ყველა კადრში მოყოლილი გაშიფრეს და მათ შორის მეც ვიყავი, დანარჩენი საქმე იოლზე იოლი იყო. მე ვაღიარე დანაშაული და ხაზი გავუსვი ჩემი საქციელის მოტივს, თუმცა, არაფერი არ გაითვალისწინეს, რა თქმა უნდა, მისი სიმამრის ბრძანებით და დახვრეტა გამომიტანეს.

***

სიკვდილმისჯილთა საკანში პატიმრებს, მაქსიმუმ, ერთი თვე აჩერებენ და განაჩენი ამ ხნის განმავლობაში უნდა აღსრულდეს. ეს კი ისეთი საშინელებაა, რომ ენით ვერ აღწერს ადამიანი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველი კარის გაჩხაკუნებასა თუ სიტყვაზე ფიქრობ, რომ შენს წასაყვანად მოდიან და სულ მალე სიცოცხლეს გამოგასალმებენ. მაგრამ, როდესაც ეს ასე არ ხდება, ღმერთს მადლობას სწირავ გადარჩენისთვის, იმისთვის, რომ სიცოცხლის რამდენიმე საათი გაჩუქა. ასეთ ყოფაში გავატარე სამი კვირა და უამრავჯერ დავემშვიდობე სიცოცხლეს და ამდენჯერვე შევწირე ღმერთს მადლობა გადარჩენისთვის. სამი კვირის თავზე უკვე ნამდვილად მომაკითხეს საკანში და დარწმუნებული ვიყავი, რომ დასახვრეტად გავყავდით. ხელ-ფეხზე ბორკილები დამადეს და ბადრაგის უფროსმა მითხრა:

– წინ იარე?

ცინიკურად გამეცინა და ვკითხე:

– ბორკილებს სიკვდილამდე მომხსნით თუ დახვრეტის შემდეგ?

– ბუტირკაში გაეტაპირებთ. განაჩენს, ალბათ, იქ აღგისრულებენ, – მიპასუხა ბადრაგის უფროსმა.

მე მისი ეს სიტყვები ტყუილი მეგონა, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა. „ლეფორტოვოში“ ვიჯექი. იქიდან ეზოში ჩამიყვანეს. მანქანაში ჩამსვეს და დავიძარით. სამიოდე წუთის შემდეგ მანქანა რაღაცას დაეჯახა და გაჩერდა. აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ საბადრაგო მანქანა გაზით აივსო და გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე, სუსტად განათებულ ოთახში ვიყავი. საწოლზე ვიწექი და ცუდად ვხედავდი. უცებ ნაცნობი ხმა შემომესმა:

– სულ მალე გრძნობაზე მოხვალ, ლევან. მაპარალიზებელი გაზი შეისუნთქე და ცოტა ჩაგეძინა.

– თქვენ ხართ, ამხანაგო გენერალო? – ვუთხარი გენერალ-ლეიტენანტ მოსკვინს, რომელიც „გრუში“ ჩემი უშუალო უფროსი და კურატორი იყო.

– მე გახლავარ. ხუთიოდე წუთიც და შეგიძლია, წამოდგე. ახლა კი თვალები დახუჭე და თავბრუდახვევა გაგივლის.

ხუთი წუთის შემდეგ სრულიად დამიბრუნდა გონება და ჯანი. წამოვდექი. მოსკვინს გამოვეჯგიმე და ვკითხე:

– რა მოხდა, ამხანაგო გენერალო?

– გაქცევა მოგიწყვეთ. ესაა და ეს.

– გაქცევა?

– დიახ, გაქცევა. ხვალ დილით უნდა დაეხვრიტეთ. ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ და ისე მოვაწყვეთ, რომ ბუტირკაში გადაჰყავდით. გზაში კი თავდასხმა მოვაწყვეთ.

– მადლობელი ვარ, ამხანაგო გენერალო, მაგრამ მე ხომ დახვრეტა მაქვს და გამოდის, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მალვაში უნდა გავატარო?

– მაქსიმუმ, ერთი კვირა დაიმალო. შემდეგ კი ლეგალურ ცხოვრებას დაუბრუნდები და ძველებურად განაგრძობ სამსახურს. სხვათა შორის, პოდპოლკოვნიკობაზე ხარ წარდგენილი და როგორც კი ყველაფერი დასრულდება, უკვე ახალი ჩინით გამოხვალ სამსახურში.

– ამხანაგო გენერალო, სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვხვდები.

– დაჯექი და მომისმინე, – მითხრა მოსკვინმა და რომ დავჯექი, დაამატა, – ეგ ნაძირალა გალკინი, რომელიც სიცოცხლეს გამოასალმა ამერიკელებზე მუშაობდა. „ცეერუს“ ჰყავდა გადაბირებული და მათ კრემლის საიდუმლოებებს აწვდიდა. ის ჩვენ გავშიფრეთ. ყველა კომპრომატი გვიდევს და ანდროპოვის გაპირველკაცებას ველოდებით. როგორც ვხედავ, არ იცი, რომ ბრეჟნევი გარდაიცვალა და კრემლში ახალ გენერალურ მდივანს ირჩევენ. ერთი სიტყვით, ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და ანდროპოვმა შეიძლება, ყოველ წამს მოგვთხოვოს ჩვენ მიერ შეგროვებული კომპრომატები. მისი მთავარი მეტოქე ხომ შენ მიერ მოკლული ნაძირლის სიმამრია და აბა, ვინ აირჩევს იმ ადამიანს ქვეყნის მეთაურად, რომლის სიძემაც სამშობლო გაყიდა და ამერიკის დაზვერვაზე მუშაობდა. ხვდები ახლა, რაშია საქმე?

– დიახ. კარგად ვხვდები.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ანდროპოვი დღე დღეზე გაიმარჯვებს. შემდეგ კი შენ ყველა ბრალდებას მოგიხსნიან, როგორც ქვეყნის მოღალატის გამნადგურებელს და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ტელევიზორი ჩართე და ახალ ამბებს მოუსმინე.

„გრუს“ კონსპირაციულ აგარაკზე ვიმყოფებოდი, მოსკოვის მახლობლად. მესამე დღეს ჩავრთე ტელევიზორი, როდესაც პროგრამა „ვრემია“ დაიწყო. ნაცნობმა დიქტორმა პირველი ინფორმაცია წაიკითხა და თქვა: გენერალურ მდივნად იური ვლადიმირის ძე ანდროპოვი ერთხმად იქნა არჩეული პოლიტბიუროს გადაწყვეტილებითო.

მოსკვინი ჩემ გვერდით იდგა და მითხრა:

– გილოცავ, ლევან! უკვე ერთი კვირაც აღარ მოგიწევს მალვა და შენი ამბავი ამაღამვე გაირკვევა. სამი დღე შეგიძლია, დაისვენო, შემდგომ კი სამსახურში გამოცხადდი. შენი დაწინაურების ბრძანებაზე წინასწარ მაქვს ხელი მოწერილი და ხვალ დილით კანცელარიაში გავატარებ.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოსკვინი ვარაუდობდა. დილით შავი „ვოლგა“ მოვიდა და სახლში წამიყვანა. ჩემებმა რომ დამინახეს, თვალებს არ დაუჯერეს და ისე შემომეხვივნენ და ჩამეხუტნენ, რომ ლამის დამახრჩვეს. ამ დროს ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, მამაკაცის ხმა მომესმა:

– ამხანაგი ლევან კობახიძე ბრძანდებით?

– დიახ. ვის ვესაუბრები?

– მთავარი სამხედრო პროკურორი გახლავართ. უნდა გაუწყოთ, რომ თქვენს წინააღმდეგ აღძრული საქმე და განაჩენი გაუქმებულია. გილოცავთ!

მადლობაც კი არ გადამიხდია, ისე დაუკიდე ყურმილი იმ მედროვეს და შვება ვიგრძენი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა