რომანი და დეტექტივი

სიკვდილმისჯილი

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.08

სიკვდილმისჯილი
დაკოპირებულია

სასამართლოდან ციხეში დამაბრუნეს და სიკვდილმისჯილთა საკანში გამომამწყვდიეს. სანამ სარდაფში ჩამიყვანდნენ, ზოლიანი სამოსი ჩამაცვეს. დაჯავშნილი საკნის კარი რომ მომიხურეს, ჩემი სიცოცხლის საათმა უკუთვლა დაიწყო.

სამხედრო ტრიბუნალმა ორ დღეში გამომიტანა სასიკვდილო განაჩენი. აპელაციის უფლებაც არ დამიტოვეს და ვერც შეწყალების თხოვნას დავწერდი. ერთი სიტყვით, უმკაცრესად მომიდგნენ და ეს არც იყო გასაკვირი. მე ხომ „წითელი არმიის“ პოლკოვნიკი მოვკალი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა და გენერლობაზე იყო წარდგენილი. ჩემს ყველა დამსახურებას ისე აუარეს გვერდი, თითქოს არც კი მქონოდა. სამი საბრძოლო ორდენის კავალერ მაიორს პირწავარდნილი ბოროტმოქმედივით მომექცნენ. არც ჩემი აღიარება გაითვალისწინეს, არც ჩემი ქმედების მოტივი და საქმე ისე შეკერეს, თითქოს წმიდანზე აღვმართე ხელი.

საქმე კი ის იყო, რომ პოლკოვნიკმა ივანე გალკინმა ჩემი ცოლისძმა, პეტრე რომანოვი მოკლა. 24 წლის პეტრე კრემლის გარნიზონის ოფიცერი იყო და უფროსი ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა. პეტრე განაწესის მორიგე ოფიცერი იყო. ძირითადად, სარიტუალო მოქმედებები ევალებოდა და თავის საქმეს სანიმუშოდ ასრულებდა. ივანე გალკინი კი კრემლის გარნიზონის უფროსის მოადგილე იყო. დღე დღეზე გენერლის ჩინსა და გარნიზონის უფროსობას ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი ყოვლად უვარგისი ადამიანი იყო, მას მფარველი ჰყავდა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ის ცეკას ერთ-ერთი მდივნის ქალიშვილის ქმარი იყო. ამიტომ ხელშეუხებლად ითვლებოდა. ნებისმიერ სისაძაგლეს პატიობდნენ და მასთან დაპირისპირებას არა მხოლოდ კრემლის გარნიზონის უფროსი ერიდებოდა, არამედ პოლკოვნიკი ლოსევიც. ოლეგ ლოსევი კრემლის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენდა და დიდი უფლებებიც ჰქონდა. მაგრამ გალკინის სიმამრი ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ხელისუფალი იყო და ლოსევი მასთან ვერაფერს გააწყობდა. ამიტომ, თვალს ხუჭავდა იმ ნაძირალას დარღვევებზე. თუმცა, ყველაფერი დოკუმენტირებულად ჰქონდა დაფიქსირებული და პირდაპირ „კაგებეს“ თავმჯდომარეს უგზავნიდა. გალკინი მორალურად გახრწნილი ადამიანი იყო. გარდა იმისა, რომ ხელქვეითებს უხეშად ექცეოდა, ხშირად ამცირებდა მათ, შეურაცხყოფას აყენებდა და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა. გალკინი მექალთანეც იყო. გარნიზონში ქალებიც მუშაობდნენ, ძირითადად, მოსამსახურე პერსონალში და პოლკოვნიკი მათ მოსვენებას არ აძლევდა. გალკინისთვის სულერთი იყო, ქალი გათხოვილი იყო, თუ გაუთხოვარი. ვინც მის ნებას არ დაჰყვებოდა, სამსახურიდან ათავისუფლებდა. მორჩილ ქალებს კი თავის კაბინეტში ეპატიჟებოდა და პირდაპირ იქ იკმაყოფილებდა თავის ცხოველურ მოთხოვნილებებს. ერთი სიტყვით, ყოვლად ამორალური არსება იყო.

იმ საბედისწერო დღეს პეტრე მორიგე იყო. კრემლში უცხოელ სტუმრებს ელოდნენ. სარიტუალო სამსახური მათ დასახვედრად გენერალურ რეპეტიციას გადიოდა. ახალი ფორმა უნდა ჩაეცვათ. საბუთები გამზადებული იყო და სამკერვალოდან ჩემს ცოლისძმას უნდა წამოეღო. საბუთები გალკინს ჰქონდა კაბინეტში და პეტრემ მას მიაკითხა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მოვლენები ასე განვითარდა: პეტრემ გალკინის კაბინეტის კარზე დააკაკუნა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, უკან დაბრუნდა. უშუალო უფროსმა კი უთხრა: ალბათ, გამომთვრალია და სძინავს. შედი, გააღვიძე და საბუთები გამოართვი. დრო არ ითმენსო.

პეტრემ ბრძანება შეასრულა და კაკუნზე რომ კვლავ არავინ გამოეპასუხა, კაბინეტის კარი შეაღო და შევიდა. იქ არავინ იყო. საკიდზე კი პოლკოვნიკის ახალთახალი გენერლის პოგონებიანი ფორმა ეკიდა, რომელიც გალკინმა წინასწარ შეაკერინა. მითითებისამებრ, ჩემი ცოლისძმა მაგიდისკენ გაემართა, რომ საბუთები აეღო. ამ დროს დასასვენებელი ოთახის კარი გაიღო და იქიდან კრემლის მებუფეტე, ტანწერწეტა ლუდა გამოვიდა. მას პოლკოვნიკიც მოჰყვა. პეტრე რომ დაინახეს, ქალი ოთახში შებრუნდა. გალკინმა კი პეტრეს უღრიალა:

– შენი დედაც, აქ რატომ შემოეთრიე?

– კორექტულად, ამხანაგო პოლკოვნიკო, – უთხრა პეტრემ და დაამატა, – სამკერვალოს საბუთები უნდა წავიღო, რომ ფორმა გამოვიტანო.

– იქნებ საიდუმლო საბუთების მოსაპარად ხარ შემოსული და მატყუებ. გაეთრიე, თორემ ტრიბუნალს გადაგცემ შპიონაჟის ბრალდებით! – იღრიალა პოლკოვნიკმა.

– სატრიბუნალო თქვენ ხართ ამ უმსგავსობისთვის, – არ შეეპუა გალკინს პეტრე.

– ლუდას გულისხმობ? შენი და რომ იყოს აქ, მაშინ ხომ სულ სხვაგვარად იჭიკჭიკებდი? – დაისისინა პოლკოვნიკმა.

პეტრეს ერთადერთი და ირინა ჩემი მეუღლეა. პროფესიით კულინარი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ სამთვიან პრაქტიკაზე იმყოფებოდა კრემლის სასადილოში და გალკინი იქიდან იცნობდა მას. 20 წლის გოგონას სამუშაოდ ტოვებდნენ, მაგრამ გალკინის გამო, თავისი ძმის რჩევით, უარი თქვა კრემლის სასადილოში მუშაობაზე. პოლკოვნიკს ეს გულში ჰქონდა ჩარჩენილი და სიმთვრალეში თქვა კიდეც. პეტრემ კი სხვებივით არ ჩაყლაპა ეს შეურაცხყოფა. გალკინს სილა გააწნა და დასასვენებელ ოთახში შეაგდო. შემდეგ მაგიდისკენ გაემართა, რომ საბუთები აეღო. ამ დროს პოლკოვნიკი იარაღმომარჯვებული გამოვიდა ოთახიდან და პეტრეს ზურგიდან სამი ტყვია დაახალა თავში და ადგილზე მოკლა. ნაძირალა პოლკოვნიკმა ლუდა იმ წამსვე გააქრო ოთახიდან (მთელი ეს ისტორია ლუდამ მომიყვა), დაემუქრა, რომ სიტყვა არავისთან დაეძრა, სამაგიეროდ დაჰპირდა, ბევრ ფულს მისცემდა და სწრაფ კარიერულ წინსვლაშიც დაეხმარებოდა. ლუდა რომ გაისტუმრა, ჯერ სამხედრო პროკურატურაში დარეკა და სასწრაფოდ გამოიძახა ისინი, შემდეგ ოლეგ ლოსევს დაურეკა და კაბინეტში იხმო. მანამდე კი დასასვენებელ ოთახსა და კაბინეტში თავისი გახრწნილობის კვალი წაშალა. თავი მოიწესრიგა, ტანზე ჩაიცვა და მის კაბინეტში მისულ ლოსევს და პროკურორებს განუცხადა: ტუალეტში ვიყავი გასული და რომ დავბრუნდი კაბინეტში პეტრე რომანოვი დამხვდა. ის ჩემს სეიფს მისდგომოდა და გახსნას ცდილობდა. რომ დამინახა, შეცბა, შემდეგ გაქცევა დააპირა. მე მისი გაჩერება ვცადე, მან ხელი გამარტყა, თავს დამესხა და იარაღის ამოღება უნდოდა. მე დავასწარი და სამჯერ ვესროლეო. ეს ტყუილი არავინ დაიჯერა, მაგრამ ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა. ლოსევმა, მართალია, ვრცელი საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა „კაგებეს“ კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ მოხსენებაში თავისი ანალიტიკური დასკვნაც დაურთო. ამ დასკვნის შესაბამისად, გალკინი დამნაშავე და მკვლელი გამოდიოდა, მაგრამ, თავად თავმჯდომარემ „მოაკეტინა“ ლოსევს და უთხრა, რომ კრინტიც კი არავისთან დაეძრა ამის შესახებ. საქმე ის იყო, რომ „კაგებეს“ თავმჯდომარე თავის თამაშს თამაშობდა. პოლიტბიუროს წევრ კოლეგებზე კომპრომატებს აგროვებდა. გალკინის სიმამრიც პოლიტბიუროს წევრი იყო და დროზე ადრე ვერ გაამჟღავნებდა საკუთარ ზრახვებს, ანუ იმას, რომ პირველკაცობისთვის ემზადებოდა.

„კაგებეს“ თავმჯდომარე მაშინ იური ანდროპოვი იყო. სიკვდილის პირას მყოფი ბრეჟნევის ამქვეყნიდან წასვლას ელოდა და ძალებს იკრებდა, რომ ქვეყნის მმართველი გამხდარიყო. ლოსევი თავმჯდომარემ დააწინაურა და შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანა სამუშაოდ. ანუ ცენტრს მოაშორა. რა თქმა უნდა, სამხედრო პროკურატურამაც ისე იმოქმედა, როგორც მათ გალკინის სიმამრმა უბრძანა და ანდროპოვმა ეს მომენტიც კომპრომატად გამოიყენა. სიტყვა არც პეტრეს უშუალო უფროსს დაუძრავს, რომელმაც პირადად დაავალა ჩემს ცოლისძმას გალკინის კაბინეტიდან საბუთების წამოღება. მოკლედ, ეს საქმე საბჭოურად ჩაფარცხეს. მართალია, პეტრე რომანოვი შპნიონ-დივერსანტად ოფიციალურად არავის გამოუცხადებია, მაგრამ მის დასაფლავებაზე არცერთი თანამშრომელი არ მოსულა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პეტრემ მიუტევებელი დანაშაული ჩაიდინა და დაფასების ღირსი არ იყო. ასე მუშაობდა საბჭოთა სისტემა. „კაგებე“ პარტიული ნომენკლატურის დავალებებს ასრულებდა და შეეძლოთ, გალკინისნაირი უწმინდური წმიდანად გამოეცხადებინათ. ამის გამო კი, თუკი დასჭირდებოდათ, უპატიოსნესი ადამიანი საშინელ ბოროტმოქმედად გამოეცხადებინათ, მით უმეტეს, თუკი ასეთი კომბინაციით უმაღლესი პარტიული ჩინოსნები იყვნენ დაინტერესებული. ანუ, ადამიანის ღირსება და პატიოსნება (თუ ეს საჭირო იყო) საბჭოთა კავშირში არაფრად ფასობდა. ერთადერთი, რასაც არავის, თვით პოლიტბიუროს წევრსაც კი არ აპატიებდნენ, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა იყო. ასეთ შემთხვევებში „კაგებე“ მაქსიმალურად ობიექტური და სასტიკი იყო ჯაშუშების მიმართ. ეჭვმიტანილზე ჯერ უტყუარ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდნენ და აპატიმრებდნენ. შემდეგ ამ ყველაფერს სასამრათლოზე უმტკიცებდნენ და აუცილებლად სიკვდილით სჯიდნენ. საბჭოთა „კაგებეს“ მუშაობის ეს კუთხე არაფრით ჩამოუვარდებოდა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ანალოგიებს და ბევრ მათგანს ხარისხობრივად სჯობდა კიდეც.

პეტრე რომანოვის დაკრძალვას რამდენიმე უახლოესი ნათესავი, ორიოდე მეზობელი და ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, დავესწარით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ირინა განადგურებული იყო ერთადერთი ძმის სიკვდილით, აქცენტი მას ნატოზე ჰქონდა გადატანილი და წამითაც არ ტოვებდა უყურადღებოდ. 21 წლის ნატო, პეტრეს მეუღლე, ფეხმძიმედ იყო და ერთ თვეში უნდა ემშობიარა. ნატო ჩემი თბილისელი კარის მეზობელი იყო, ჩემს ხელში გაზრდილი გოგონა. პეტრემ ის ჩემს სახლში გაიცნო. ახალგაზრდებს პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი და მალევე დაქორწინდნენ. წინ დიდი გეგმები ჰქონდათ, მაგრამ ბედის უკუღმართობამ მათი ცხოვრების ჩარხი უკუღმა დაატრიალა.

იმ უბედურების ჟამს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს („გრუ“) ოპერატიული თანამშრომელი ვიყავი და მაიორის ჩინს ვატარებდი. 30 წელი იმ დღეს შემისრულდა, პეტრე რომ დავკრძალეთ. ნატო საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიყვანეთ და თვალის ჩინივით ვუფრთხილდებოდით. ირინა წამით არ აკლებდა ზრუნვასა და ყურადღებას. მისი მშობიარობისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდით. იმედი გვქონდა, რომ თავის ყურადღებას ბავშვზე გადაიტანდა და ოდნავ მაინც შეუმსუბუქდებოდა ვარამი და დარდი. თუმცა, აქაც გვიმუხთლა ბედმა. ჩვენმა რძალმა ტყუპი ქალ-ვაჟი გააჩინა, მაგრამ თავად მშობიარობას გადაჰყვა და ნატო პეტრეს გვერდით დავასაფლავეთ. ახალშობილებს პეტრე და ნატო დავარქვით და მე და ირინამ ვიშვილეთ. ჩვენი ორი შვილისგან არ ვარჩევდით და არაფერს ვაკლებდით.

პეტრესა და ნატოს გარდაცვალებასა და მათთვის ორმოცის გადახდაში ორთვე-ნახევარი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ვერ მოვიცალე, რომ პეტრეს მკვლელობის საქმე მომეკითხა. თანაც, ინტენსიურად ვმუშაობდი და ორჯერ 3-3-დღიანი საზღვარგარეთული მისიებიც კი შევასრულე. ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე და ამ საქმით დავინტერესდი. მთავარ სამხედრო პროკურორს მივაკითხე. მან ძალიან თავაზიანად მიმიღო, თითქოს ძალიან იყო შეწუხებული, მწუხარებას გამოთქვამდა მომხდარის გამო და ბოლოს მითხრა:

– ძალიან განვიცდი, ამხანაგო, კობახიძე, რომ ასე მოხდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ პეტრე რომანოვმა დანაშაული ჩაიდინა და შეგიძლიათ, ამ საქმეს გაეცნოთ. წესით, ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ. გამომძიებელს არქივიდან გამოვათხოვნინებ საქმეს და ხვალ დილით მობრძანდით.

არაფერი შევიმჩნიე, ვითომ ყველაფერი დავიჯერე. მთავარ სამხედრო პროკურორს ხელი ჩამოვართვი და წამოვედი. დათქმულ დროს კი კვლავ სამხედრო პროკურატურაში მივედი და გამომძიებელს შევხვდი. 65 წლის ვასილი კარპოვი დაღვრემილი შემხვდა. წინ არქივიდან გამოთხოვილი საქმე ედო. მომესალმა და მითხრა:

– აი, ეს საქმე, გაეცანით.

პეტრეს საქმე, სულ რაღაც, 20 გვერდისგან შედგებოდა და მის გაცნობას 40 წუთი მოვანდომე. სანამ საქაღალდეს ვფურცლავდი, კარპოვი რაღაცას წერდა თაბახის ფურცელზე. ხოლო ბოლო გვერდი რომ ჩავიკითხე და კითხვების დასმას ვაპირებდი, კარპოვმა თაბახის ფურცელი წინ დამიდო. მას რომ შევხედე, ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო, თავით კაბინეტის ჭერზე მიმითითა და მანიშნა, ჩემი ნაწერი წაიკითხეო. იქ კი ეწერა: „მე მხოლოდ დასკვნა დავწერე ამ საქმეზე. ორ კვირაში პენსიაზე გავდივარ, თუ სიმართლე გაინტერესებს, დღეს, საღამოს 8 საათზე გორკის პარკში შემხვდი, ლუდის კიოსკთან და ყველაფერს მოგიყვები. ეცადე, უკუდოდ მოხვიდე. ცოტა შენიღბული. აქ ყველაფერი ისმინება“.

კარპოვმა თაბახის ფურცელი ჯიბეში შეინახა და სიგარეტი გააბოლა. ხუთიოდე წუთი მოვიცადე, შემდეგ წამოვდექი და გამომძიებელს ვუთხარი:

– ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ, რა გაეწყობა. კანონი კანონია. გმადლობთ, რომ საქმე გამაცანით. მშვიდობით!

– მშვიდობით! – მითხრა კარპოვმა და მისი კაბინეტიდან გამოვედი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა