რომანი და დეტექტივი

სიკვდილით გამოცდა

№18

ავტორი: ნია დვალი 20:00 13.05, 2022 წელი

სიკვდილით გამოცდა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17(1113)

***

მეორე დილით ლიკა ხალისიანი განწყობით მივიდა სამსახურში. მეგი უკვე ადგილზე დახვდა და არც მას ეტყობოდა უხასიათობა.

– აბა, მოყევი, გუშინ რაო შენ და ზურაბამ? – ეშმაკური ღიმილით ჰკითხა ლიკამ.

– რა შენი საქმეა? – უხეშად არა, მაგრამ ხისტად უპასუხა მეგიმ.

– რას ჰქვია, ჩემი საქმე არაა?! ფეხსაცმელი შევათვალიერე, ყოველ ღამე მესიზმრება. როდის რიცხავს ფულს?

– ამ დღეებში. მაგრამ ამას რას ელოდები? ზოოპარკის დირექტორი გახსოვს? ადრე რომ ელაპარაკე. თუ ფეხსაცმელი დროზე გინდა, რომ აღმოჩნდეს შენს კარადაში, დაურეკე, ხელზე მოგცემს ფულს და... – ორაზროვნად გადახედა მეგიმ.

– და შენ რომ მომცე, სანამ ზურაბა გადმორიცხავს?

– შვილებს გეფიცები, კაპიკი თუ მქონდეს, – ისე ურცხვად დაიფიცა მეგიმ, რომ ლიკა გაწითლდა და მეგის წუხანდელი გადაშლილი ფეხები რომ გაახსენდა, საერთოდაც გათლილ ჭარხალს დაემსგავსა. ფეხსაცმელები გადაივიწყა (როგორც რაღაც სიბილწის ნაწილი) და მუშაობას შეუდგა. ბევრი საქმე ჰქონდა. მეგი შიგადაშიგ გადახედავდა ხოლმე, მაგრამ არაფერს ეუბნებოდა, სამაგიეროდ, გული ეუბნებოდა ლიკას ბევრ რამეს. თანდათან ხვდებოდა, რომ წუმპეში იყო და ეს წუმპე ითრევდა, ამიტომ ეწინააღმდეგებოდა, თორემ ზოოპარკის დირექტორიც კაი ყეყეჩი ვინმე იყო და ალალიც იქნებოდა მისთვის ფულის „ახევა“, უბრალოდ, მეგისგან ტყუილი ეწყინა, უფრო ზუსტად, ალბათ, მაშინ მიხვდა პირველად, რომ მეგისთვის მხოლოდ ფულის საჭრელი მანქანა იყო.

საღამოს მეგის ქმარს უნდა გამოევლო, რატომღაც, დაიგვიანა, ლიკა აღარ დალოდებია და სახლში წავიდა: გიოს მაინც გაახარებდა. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის მეგის ახლებური მხრიდან დანახვა, რომ მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს: როგორც იქნა, მიხვდა, რომ ადამიანი, რომელიც თავისიანი ეგონა, უბრალოდ, ანგარებიანი იყო. გამთენიისას ჩაეძინა და უცნაური სიზმარი ნახა. შინაარსი ვერ დაიმახსოვრა, მაგრამ დილით დედამისს უთხრა:

– მანანა, აშკარად ვიღაც მოკვდება.

– ვინ?! – შეიცხადა მანანამ.

– წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ისეთი, ვისაც ვიცნობთ.

ლიკამ გიო ბაღში წაიყვანა და სამსახურში წავიდა, მისდა გასაკვირად მეგი იქ არ დახვდა, სამაგიეროდ, მის მაგიდაზე წერილი იდო: „რუსთავის საავადმყოფოში ვარ, ნოდარი ავარიაში მოყვა“. ნოდარი მეგის ქმარი იყო. ელდანაცემი ლიკა მაშინვე რუსთავისკენ დაიძრა, კითხვა-კითხვით მიაგნო საავადმყოფოს. მეგი განადგურებული იყო, ადამიანის ფერი არ ედო სახეზე.

– ხომ არ დამტოვებ?

– არ გრცხვენია?! – გადაეხვია ლიკა.

ნოდარს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, სასუნთქ აპარატზე იყო მიერთებული და ექიმები არც მისი გადარჩენისას ამბობდნენ რამეს და არც წასვლისას. ლიკას თავისი სიზმარი გაახსენდა და ტანში გაცრა. მეგის გვერდიდან არ შორდებოდა. ყოველდღე დადიოდა თბილისიდან რუსთავში და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა, მანამ, სანამ ერთ გამთენიისას ნოდარი არ გარდაიცვალა. მეგი ადამიანს არ ჰგავდა და ლიკას სინდისმაც კი დაქეჯნა, რომ ამდენი ცუდი რამ იფიქრა ადამიანზე, რომელიც ასე უყვარდა და ახლა მის თვალწინ გაუბედურდა. რატომღაც, ნოდარი მშობლების სახლიდან გაასვენეს, პანაშვიდებიც იქ გადაუხადეს. მეგის რამდენჯერმე წაუვიდა გული დასაფლავების დღეს... ქელეხიდან ორივე ნოდარის ბიძაშვილმა წამოიყვანა.

– ამაღამ ჩემთან დარჩი, – სთხოვა მეგიმ ლიკას.

ლიკას რამდენიმე დღე არ ენახა გიო: სახლში რომ ბრუნდებოდა, გიოს ეძინა, სახლიდან რომ გადიოდა, გიოს მაშინაც ეძინა.

– კი, დავრჩები, ოღონდ ჩემთან გავიაროთ, გიო უნდა წამოვიყვანო.

– გვიანია, ეძინება უკვე, ცოდვაა ბავშვი, – უთხრა მეგიმ.

– არა უშავს, გავაღვიძებ, ძალიან მომენატრა და ვერ დავტოვებ.

– კარგი, – დაეთანხმა მეგი.

ლიკა კარგა ხანს არწმუნებდა მანანას, რომ გიო უნდა წაეყვანა, ბოლოს მანანა გატყდა. ლიკამ გიო გააღვიძა, ჩააცვა და წაიყვანა. მთელი გზა სიჩუმეში გალიეს, მხოლოდ გიო ეტიკტიკებოდა დედამისს. მეგის სახლში რომ ავიდნენ, ბავშვები დააძინეს (მეგის სამი შვილი ჰყავდა სამი სხვადასხვა ქმრისგან და სადღეღამისო ძიძაც) და მეგი და ლიკა მარტონი დარჩნენ, ლიკა სიტყვებს ეძებდა, რით ენუგეშებინა მეგობარი, რომ უცებ მეგიმ ჰკითხა:

– აბა, თუ მიხვდები, ვის გავყვები ცოლად?

ლიკას ეგონა, რომ ეს სიტყვები მოესმა და გაკვირვებულმა შეხედა მეგის.

– ხომ ამბობ, ჭკვიანი ვარო, აბა, გამოიცანი, თუ მართლა ჭკვიანი ხარ?

ლიკა თავზარდაცემული იყო, იმიტომ რომ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, როგორ განიცდიდა მეგი ნოდარის დაღუპვას, საკუთარი ხელით ასუნთქებდა ნიშადურს, როდესაც გული მისდიოდა. ბოლოს, თავს ძალა დაატანა და ამოთქვა:

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ასეც ვიცოდი! ვერც გამოიცნობ! მაგრამ იფიქრე! ხვალ დილამდე გაძლევ დროს.

– კარგი, ვიფიქრებ, – დაჰპირდა ლიკა და საწყალი ნოდარი კიდევ უფრო შეეცოდა...

***

ლიკა რომ სამსახურში მივიდა, მეგი ნაპერწკლებს ყრიდა, ისე იყო გაცეცხლებული.

– ხომ მშვიდობა გაქვს? – ჰკითხა ლიკამ.

– წარმოგიდგენია, რა იდიოტია. ჩემს სიძეს უთხრა.

– ვინაა იდიოტი და შენს სიძეს რა უთხრა? – დაიბნა ლიკა.

– ვინ და გოჩა!

– გოჩა ვინაა? – გაიკვირვა ლიკამ.

– როგორ, ვინაა?! ცოლად უნდა გავყვე გოჩას! – გულწრფელად გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.

და ლიკას უცებ გაახსენდა მათი დიალოგი ნოდარის დასაფლავების ღამეს, იმიტომ რომ ამის შემდეგ არც ლიკას უკითხავს რამე მეგისთვის და არც მეგის, თუ გამოიცანიო.

მოკლედ, ბევრს ეცადა თუ ცოტას, მეგის გოჩასთან არაფერი გამოუვიდა, ვერა და ვერ შეაცდინა, რაც მის ისედაც მძიმე ხასიათზე მძიმედ აისახა. თანამშრომლებს სისხლს უშრობდა, ისეთი უხასიათო გახდა.

ერთ დღესაც ლიკას დაუძახა და უთხრა:

– ავტობაზრობაზე წავიდეთ, მანქანა უნდა ვიყიდოთ.

– ტარება არ იცი და მანქანა რად გინდა? – გაიკვირვა ლიკამ.

– მძღოლს დავიქირავებ, ტარების სწავლას არც ვაპირებ, – და თუმცა ლიკა ვერ მიხვდა, რაში სჭირდებოდა ის მეგის ავტობაზრობაზე, იმიტომ რომ მანქანებში საერთოდ ვერ ერკვეოდა, მაინც დაეთანხმა.

ბევრი იბოდიალეს თუ ცოტა, მეგიმ ერთ მანქანს დაადგა თვალი, როგორც მერე მიხვდა ლიკა, უფრო მანქანის მეპატრონეს, ანუ გამყიდველს. იმ დღეს ამის შესამჩნევად არ ცხელოდა, იმიტომ რომ მზე აუტანლად აჭერდა, ფეხები გაუსივდა და ლამისაა, ფეხსაცმელები გაეხადა და ფეხშიშველს ევლო. მეგი და მანქანის მეპატრონე, ლიკამ ვერაფრით დაიმახსოვრა სახელი, მხოლოდ ის, რომ იმერეთში ცხოვრობდა (ესეც იმიტომ დაამახსოვრდა, იმერეთიდან აქ რამ ჩამოიყვანა მანქანის გასაყიდადო, გაიფიქრა) შეთანხმდნენ ფასზე და საქმე უცებ გადაწყვიტეს. ლიკა ის-ის იყო დამშვიდობებას აპირებდა მეგისთან, რომ მეგიმ შესთავაზა: სახლში მარტო ხარ (მანანა და გიო დასასვენებლად იყვნენ), ჩემთან წამოდი ამაღამ და დარჩი, მეც მარტო ვარ, ბავშვები სოფელში არიან.

ლიკა დათანხმდა, იმიტომ რომ სახლში შფოთი იპყრობდა ხოლმე, როდესაც მარტო იყო. მეგის სახლამდე იმ კაცმა მიიყვანა, ვისგანაც მეგიმ მანქანა იყიდა. დასაწყისშიც გითხარით, რომ ლიკა ადამიანებს ნაკლებად უსმენდა, მით უმეტეს, არ აინტერესებდა მეგისა და იმ საზამთროსავით მრგვალი კაცის დიალოგი, ამიტომ მათი საუბრიდან ერთი მარცვალიც არ გაუგონია.

როგორც კი მივიდნენ, ლიკა აბაზანაში შევარდა და წყალი გადაივლო. შემდეგ მისთვის გამოყოფილ (მეგის უფროსი შვილის) ოთახში შევიდა და წამოწვა. ისე იყო დაღლილი, ჩაეძინა. რომ გაეღვიძა, დაღამებულიყო და უცებ ვერც გაერკვა, სად იყო, ან დილა იყო თუ ღამე. ნამძინარევი და ნახევრად შიშველი სასტუმრო ოთახში შებოდიალდა და უცებ გამოფხიზლდა: დივანზე ფეხშიშველი, წელს ზემოთ შიშველი და მხოლოდ ტრუსებიანი აი, ის კაცი იჯდა, ვისგანაც იმ დღეს (თუ წინა დღეს – ლიკამ ისევ არ იცოდა, იგივე დღე იყო თუ შემდეგი) მეგიმ მანქანა იყიდა.

ლიკას შეკივლებაზე სამზარეულოდან მეგის კისკისი შემოესმა, კისკისი, რომელშიც მარტის ატეხილი კატის ინტონაცია იგრძნობოდა: სანამ გეძინა, ზაქრომ აი, ეს მოგვართვა.

– ჰო, ზაქრო, – გაახსენდა ლიკას სახელი და ოთახში მეტეორის სიჩქარით შებრუნდა.

საწოლზე დაჯდა და ფიქრობდა, რა ექნა, სხვადასხვა ვერსიას ამუშავებდა: ვითომ ჯგუფური სექსის ამბავში მოიყვანა? ან ტელეფონის ნომრები როდის გაცვალეს? ან მე რატომ დამიტოვა ამაღამ მეგიმ?!

დიდხანს იმტვრია თავი იმის დასადგენად, რა ხდებოდა იმ სახლში, მაგრამ ერთი რამ მტკიცედ გადაწყვიტა: ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს, რომ ზაქროსთან დავწვე!

თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, რომ არავინ აპირებდა ლიკას ლოგინში შეთრევას, მით უმეტეს, ზაქრო და მით უმეტეს, ამას არ დაუშვებდა თავად მეგიც.

– მე რაში ვჭირდებოდი?! მე რა ვქნა ახლა? ამ ოთახში ვიჯდე? გავიდე? ან ისინი რას იზამენ? – ლიკამ საკუთარი თვისთვის შეკითხვების ბოლომდე დასმაც ვერ მოასწრო, რომ მეგიმ გამოსძახა:

– დიდხანს იჯდები მანდ? შემოგვიერთდი.

– ახლავე, მოვდივრ, – გასძახა ლიკამ. არადა ჩასაცმელიც არაფერი ჰქონდა იმ მაისურის გარდა, რომელიც ზედ ეცვა, კაბა გარეცხა, როდესაც შხაპს იღებდა.

– იქნებ გაშრა? – გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი, მაგრამ იქვე ჩაუქრა: რომ ვნახო, მისაღებ ოთახში უნდა გავიარო ისევ აი, ასე, ნახევრად შიშველმა.

როდესაც მიხვდა, ასე ჯდომას აზრი არ ჰქონდა, ადგა და გავიდა ოთახიდან. ზაქრო ახლა უკვე წამოწოლილი იყო დივანზე, ლიკას მზერა მისი პატარა ღიპისკენ გაექცა და თავი ძლივს შეიკავა, არ გასცინებოდა. ზაქროს სანოვაგეც მოეტანა: ხილი, საზამთრო, ნაყინი და ნამცხვრები... ლიკას მგელივით შიოდა, ამიტომ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა და ნამცხვარი გადაიღო. ისევ მეგის ხმა შემოესმა:

– არ შემოგვიერთდები?

– ამათ, მგონი, მართლა ორგია უნდათ, მარა ვერ მივართვი, – თავისთვის გაიფიქრა ლიკამ, მეგის კი გასძახა:

– 5 წუთში მანდ ვარ.

ტანსაცმლის გამოცვლა გადაიფიქრა: „ტიპები არაფრად მაგდებენ და ამათი დედაც არ ვატირე, მეც ვივლი ასე ნახევრად შიშველი, ზაქრომ არ მომჭამოს ფეხები“, – და იმავდროულად თავის ფეხებზე დაიხედა.

– ვაითუ, მე უფრო მოვეწონო? – განაგრძო ისევ ფიქრი, ნამცხვარი გემრიელი, ჰაეროვანი და სურნელოვანი იყო და ლიკა კარგ ხასიათზე დადგა. მარტო იჯდა სამზარეულოში და უხმოდ იცინოდა. ყველაფერს წარმოიდგენდა იმის გარდა, რომ ასეთ სიტუაციაში ამოყოფდა თავს.

– ახლა მთავარია, მთლად მისაღებ ოთახში არ იჟიმაონ, – ამის გაფიქრებაზე ისე ჩაბჟირდა, რომ ლუკმა გადასცდა და კინაღამ დაიხრჩო. ამიტომ თვალები ზემოთ აღაპყრო და ხმამაღლა თქვა: ღმერთო, მაპატიე. აი, ღმერთი რატომღა გარია ამ გაუგებრობაში, ეს უკვე მეც კი არ ვიცი.

ლიკა კარგად დანაყრდა, ყავა მოიდუღა, ხილი გადაიღო ცალკე თეფშზე, საფერფლეც მოიმზადა და ოთახისკენ გაემართა.

– რატომ არ გვწყალობ? – მეგის ხმაში წყენა იგრძნობოდა.

– ჩემს ჭკუაში, ხელს არ გიშლით, – დაუყვავა ლიკამ.

– არაფერსაც არ გვიშლი, – მეგიმ ტუჩები დაბრიცა.

– ეს რაღაც ახალია, – გაიფიქრა ლიკამ და თავადაც დაბრიცა ტუჩები, – ამას შევიტან, ღამით იქნებ მომინდეს და მოვალ.

ნახევარ საათზე მეტ ხანს ვერ გაუძლო ზაქროს ვერც კილოს და ვერც სიბრიყვეს, თან, აქტიურად ამთქნარებდა, ვითომ ეძინებოდა. ცდილობდა, მეგისთვის მზერა აერიდებონა, იმდენად უჩვეულოდ დანაზებული ეჩვენა და არა მხოლოდ უჩვეულოდ, უადგილოდაც. არ იფიქროთ, რომ ლიკა პატიოსნების ეტალონი გახლდათ ან ზნეობის სამსახურის თანამშრომელი, უბრალოდ, ვერასდროს ხსნიდა და არა მხოლოდ მეგის შემთხვევაში, ან მამაკაცებს, ან ქალებს როგორ შეეძლოთ ასე უცებ ერთ ლოგინში აღმოჩენილიყვნენ. შეიძლება, ამ არგაგების მიზეზი ლიკას ზიზღიანობაც ყოფილიყო და არა მონაზვნური სულისკვეთება. როგორც უნდა ყოფილიყო, ნახევარ საათში დაემშვიდობა მასპინძელსა და მის სტუმარს და თავისთვის მიჩენილ ოთახში შევიდა. ოთახს, საბედნიეროდ, აივანი ჰქონდა, ამიტომ ლიკა აივანზე მოკალათდა, სიგარეტს მოუკიდა და მთვარეს მიაშტერდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიკვდილით გამოცდა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი