რომანი და დეტექტივი

სიკვდილით გამოცდა

№17

ავტორი: ნია დვალი 20:00 06.05

სიკვდილით გამოცდა
დაკოპირებულია

ლიკა იმდენად დარწმუნებული იყო ხოლმე საკუთარ თავში, რომ ყოველთვის კატეგორიული ტონით ლაპარაკობდა, თუ გულზე ხელს დავიდებთ, სხვების აზრიც ნაკლებად აინტერესებდა, უბრალოდ, პასიური და აქტიური მოსმენის ხელოვნებას ფლობდა და ეს იმდენად ბუნებრივად გამოსდიოდა, რომ ნებისმიერი მისი თანამოსაუბრე იჯერებდა, ყურადღებით მისმენსო, არადა ცალი ყურითაც კი არ უსმენდა თანამოსაუბრეს. რატომ? იმიტომ რომ საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, თუმცა თავად ვერ ხვდებოდა, რომ ეს მისი ყველაზე დიდი ნაკლი იყო. გაგიკვირდებათ და, ისიც იცოდა, რომ ცოდნის უმაღლესი საფეხური ის მდგომარეობაა, როდესაც მიხვდები, რომ არაფერი იცი. მაგრამ რაღაცის ცოდნა ერთია და ამ ცოდნის შენს ბუნებრივ მდგენელად ქცევა – მეორე.

შეიძლება, ლიკა ჯერ ამისთვის მომწიფებული არ იყო, ვინაიდან ყველაფერი ჩვენთან მოდის მაშინ (ან ჩვენ მივდივართ მასთან), როდესაც და რის შესახვედრადაც მზად ვართ.

მოკლედ, ლიკა იყო საკუთარ თავში დარწმუნებული, შესაბამისად, ქმარს გაცილებული, მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავისნათქვამა ქალი. საინტერესო ის გახლდათ, ეს რომ ასე მოხდებოდა, ლამის დაბადებიდან იცოდა. საიდან იცოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა და ამის მტკიცებულებებიც კი ჰქონდა.

მაგალითად, უნივერსიტეტის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქუჩაში შემთხვევით თავის ძველ მეგობარს გადაეყარა. ერთად სწავლობდნენ და მეგობრობდნენ. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, მეგობარმა რიტორიკულად ჰკითხა: ქმარი არ გყავს, ხომ? გაშორდი?

– შენ საიდან იცი? – გაუკვირდა ლიკას, რადგან იცოდა, რომ ქმარს გაცილებული ქალის დამღას სახეზე არ ატარებდა.

– შვილი ვაჟი გყავს?

– აჰა, – დაუქნია თავი ლიკამ.

– და მწვანე თვალები აქვს? – გაუღიმა მეგობარმა.

– კი ბატონო, მწვანე თვალები აქვს, მაგრამ შენ საიდან იცი? – შეუბრუნა კითხვა ლიკამ.

– სტუდენტობისას მეუბნებოდი, გავთხოვდები, ვაჟი მეყოლება მწვანეთვალება და ქმარს გავშორდებიო, – გაუღიმა ზაალმა (ასე ერქვა ლიკას სტუდენტობისდროინდელ მეგობარს, რომელიც ლიკაზე 2 წლით უმცროსი იყო, მშობლები ადრე დაუღუპნენ და მხოლოდ ბებია ჰყავდა).

– შანსი არაა, – გაასავსავა ხელები ლიკამ და სიცილი აუტყდა.

– როგორ არაა?! ხომ ზუსტად ისეა, როგორც ვთქვი? – გაეცინა ზაალსაც (ეს სახელი, ლიკას აზრით, მას ძალიან არ უხდებოდა, მაგრამ, რაკი იცოდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო, თავისი აზრი ხმამაღლა არასდროს უთქვამს).

– ესე იგი, ცოტა ვერ ვყოფილვარ, – დაეთანხმა ლიკა.

კიდევ ცოტა ხანს მიიკითხ-მოიკითხეს ერთმანეთი და თავ-თავიანთ გზებს გაუდგნენ. მხოლოდ შემდეგ გაიაზრა ლიკამ, რომ ტელეფონის ნომერი არც მას გამოურთმევია ზაალისთვის და არც ზაალს – მისთვის (შეიძლება, მას მხოლოდ იმიტომ შეხვდა, რომ გაეხსენებინა ის, რაც აღარ ახსოვდა?!). თუმცა საკუთარ თავზე გვარიანად გაბრაზდა, თუ ასე წინასწარ დამიგეგმავს ყველაფერი, რამე უკეთესი დამეგეგმაო, მაგრამ, ვინაიდან თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული არსება იყო, ამ თემაზეც დიდხანს არ უდარდია, ესე იგი, ასე იყო საჭიროო. სამსახურში ეჩქარებოდა, სადაც მეგი ელოდა. ბავშვობიდან იცნობდა, თუმცა მეგი მასზე 12 წლით უფროსი გახლდათ. აი, მეგი იყო, თუ იყო, თავის თავში დარწმუნებული. ოღონდ ლიკამ მაშინ ეს არ იცოდა და არც ის, თუ რა ოსტატურად იყენებდა მეგი ლიკას ფარულ უნარებს ფულის საკეთებლად. სამართლიანობის გამო უნდა ვთქვათ, რომ მეგის ჰქონდა საოცარი ალღო, დაენახა ადამიანებში ის ნიჭი, რაზეც თავად იმ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ და, რაც მთავარია, ეს სათავისოდ გამოეყენებინა.

გამონაკლისი არც ლიკა ყოფილა: მეგიმ უცებ შენიშნა, რომ ლიკას ლეგალური „რეკეტის“ ნიჭიერება ახასიათებდა; მით უმეტეს, რომ გარეგნობაც უწყობდა ხელს და გამოუცდელობაც. უფრო ზუსტად, ლიკას გამოუცდელობა ხელს მეგის უწყობდა: ლიკას, თავისი აზარტული ხასიათიდან და სიახლეებისადმი მისწრაფებიდნ გამომდინარე, სიამოვნებას ანიჭებდა, როდესაც ფულიანსა და ბრიყვ კაცებს ფულს სცინცლავდა, თუმცა სავსებით კანონიერად, მაგრამ მაინც ძალდატანებით, რადგან იმაში ახდევინებდა, რაც იმ ფულიანსა და ბრიყვ (ეს ლიკას შეფასებით ან იქნებ, მართლაც) მამამაკაცებს არაფერში სჭირდებოდათ. ალბათ, მიხვდებოდით, რომ მეგის კუთვნილი კომპანია რეკლამაზე მუშაობდა. რაზეც მეგიმ ლიკა ვერ დაითანხმა, ეს ზემომოხსენიებულ ფულიან და ბრიყვ მამაკაცებთან დაწოლა იყო სასურველი შეკვეთის მისაღებად და, ასევე, შანტაჟით ფულის გამოძალვა.

მართალია, მეგის პირდაპირ არასდროს უთქვმს მსგავსი რამ ლიკასთვის, მაგრამ ყოველნაირად აგრძნობინებდა, რომ ხანდახან ესეც საჭირო იყო. ლიკა ვერ ხვდებოდა მინიშნებებს, იმ მარტივი მიზეზით, რაც დასაწყისში ვთქვით: საკუთარ თავში იყო დარწმუნებული და სხვებს ნაკლებ ყურდღებას აქცევდა.

ასე იყო თუ ისე, ლიკას მეგი გულწრფელად უყვარდა, სხვა რომ არაფერი, ლამის დაბადებიდან იცნობდა და, ვინაიდან მადლიერების გრძნობა (მე ვიტყოდი, უადგილოდ ზედმეტადაც) ჰქონდა განვითარებული, სულ ახსოვდა, რომ შემოსავლის მსუყე წყარო სწორედ მეგის დამსახურებით ჰქონდა. მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა, რომ საქმე პირიქით იყო – მეგის ჰქონდა ლიკას უნარებზე გავლით შემოსავლის მსუყე წყარო, მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, ლიკას მაშინ ასე სჯეროდა. სიყვარული კი ბრმაა და სრულიადაც არ ეხება ეს სიბრმავე მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულს. ლიკას სჯეროდა, რომ მეგის მისთვის მხოლოდ სიკეთე უნდოდა და არაფერი სიკეთის გარდა, იმიტომ რომ თავად მას მეგისთვის მხოლოდ სიკეთე უნდოდა და არაფერი სიკეთის გარდა, ხოლო, იმიტომ რომ საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული იყო, არასდროს დაფიქრებულა, რომ მეგი ისე ატრიალებდა, როგორც გაუხარდებოდა. წლების შემდეგ, როდესაც ამას იხსენებდა, ეცინებოდა, მაგრამ მაინც მადლიერებას გრძნობდა, ვინაიდან უდიდესი სკოლა გაიარა მასთან ურთიერთობით – საკუთარი თვალებით დაინახა და საკუთარ ტყავზე იგრძნო, რა შეიძლება, იკადროს ადამიანმა. ამას ადრეულ ასაკში მიხვდა, თორემ ოდესმე ყველა ადამიანს ხვდება ცხოვრების გზაზე „მასწავლებელი“, ვისი მეშვეობითაც იგებს ამ ცხოვრების ყველაზე ბნელსა და უხამს მხარეებს.

***

– სად იყავი ამდენ ხანს? – ჰკითხა მეგიმ სამსახურში დაბრუნებულ ლიკას.

– მეგობარი შემხვდა და ცოტა წავიჭორავეთ.

– მანქანა გამოგვივლის და პარლამენტში უნდა გავიდეთ. მინდაძესთან მივდივართ.

– წავიდეთ, – დაეთანხმა ლიკა.

ნახევარ საათში ზურაბ მინდაძის კაბინეტში ისხდნენ: დეპუტატი მინდაძე თავის მაგიდასთან (როგორც ჩანს, იქ თავს გაცილებით დაცულად, სრულფასოვნად და ყოვლისშემძლედ გრძნობდა), მეგი და ლიკა კი იმ შედარებით პატარა მაგიდასთან ისხდნენ აქეთ–იქით, მთავარ მაგიდასთან რომ დგას ხოლმე პერპენდიკულარულად.

მოლაპარაკება დიდხანს არ გაგრძელებულა: ორივე მხარემ იცოდა, რა უნდოდა, შეთანხმდნენ ხელშეკრულების ხელმოწერაზეც (მინდაძე ლიკას შემზადებული იყო, უბრალოდ, ფინალურ შეხვედრაზე მეგიმ რატომღაც თავადაც ისურვა დასწრება) და დამშვიდობებამდე მასპინძელმა მამაკაცმა სტუმარ ქალბატონებს ყავა შესთავაზა. ამიტომ სამივემ გადაინაცვლა იქვე მდგარ დაბალ, მრგვალ მაგიდასთან, რომლის გარშემოც სამი სავარძლისმაგვარი სკამი იდგა. სკამები ისე იყო განაწილებული, რომ მაგიდასთან მსხდომი სამივე ადამიანი ერთმანეთს სრულად ხედავდა. მდივანმა ქალმა ყავა და ტკბილეული შემოიტანა. ლიკა ჩუმად იყო, მან თვისი სათქმელი და როლი, აი, იმ პერპენდიკულარულად მდგარ მაგიდასთან ამოწურა და ახლა ერთი სული ჰქონდა, სახლში, შვილთან წასულიყო. ამიტომ ჩუმად სვამდა ყავას და ისე აკვირდებოდა დანარჩენ ორს, რომ არც უსმენდა. მოსმენაზე მეტად ადამიანების მიმიკების, ჟესტების ყურება უყვარდა, იმიტომ რომ ასე გაცილებით მეტ ინფორმაციას იღებდა მათზე და, რაც მთავარია, ეს ართობდა. შესაბამისად, ერთი სიტყვაც არ გაუგონია მათი საუბრიდან, მაგრამ უცებ შენიშნა მეგის ხელის მოძრაობა. მზერით ჩაჰყვა მის ხელს და წააწყდა ფეხებს: მეგის ფეხები ოდნავ გაეშალა (რის აუცილებლობაც არ იყო, იმიტომ რომ სავარძლისმაგვარი სკამები არ იყო იმდენად დაბალი, ფეხები დიდხანს ვერ გაგეჩერებინა ერთმანეთს მიდებული, როგორც ამას საჯაროდ ქცევის ეტიკეტი თუ არა, ელემენტარული ზრდილობა მოითხოვს). მეგი ქვედატანს შეუმჩნევლად იწევდა მაღლა, თითქოს ხელის ჩვეულებრივი მოძრაობით და, საბოლოოდ, საკმაოდ ამაზრზენ (ლიკას შეფასებით) პოზაში მოკალათდა სკამსავარძელზე. როგორც ჩანს, მეგის ეს მოძრაობა შეუმჩნეველი არც დეპუტატ მინდაძეს დარჩენია – აქვე შევნიშნავ, რომ მეგის არც ლამაზი ფეხები ჰქონდა და არც მოხდენილი ტანი, ამდენად, ლიკა თავდაპირველად ვერც მიხვდა, რა საჭირო იყო სქელ–სქელი ბარძაყების გამოფენა (ეტყობა, იმიტომ ვერ მიხვდა, რომ კაცები იმაზე ბრიყვები იყვნენ, ვიდრე მეგის მაშინ წარმოედგინა, ყოველ შემთხვევაში, მათი არც თუ მცირე ნაწილი). ლიკამ უცებ თავი უხერხულად იგრძნო და ფიქრობდა, როგორ დაეღწია თავი იმ კაბინეტიდან, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია, მეგი მოულოდნელად მიუბრუნდა და უთხრა: ვიცი, გეჩქარება, წადი, თუ გინდა.

ლიკამ საპასუხოდ გაიღიმა:

– მართლაც, მეჩქარება, თქვენ დააზუსტეთ დეტალები, იმედია, ბატონი ზურაბი არ მიწყენს.

– როგორ გეკადრებათ? – მკვირცხლად წამოხტა ახუნტრუცებული ბატონი ზურაბი. ხელი ჩამოართვა ლიკას და კარამდე მიაცილა, – ჩემი მძღოლი გაგიყვანთ.

– არა, გმადლობთ, აქვე, ახლოს, ვცხოვრობ, – მოიტყუა ლიკამ, იმიტომ რომ გულისრევას გრძნობდა იმის გამო, რაც დაინახა. არა იმიტომ, რომ მეგის ქმარი ჰყავდა – ლიკას აზრით, სრულიად შეუფერებელი, ტლუ და გაუთლელი, თუმცა კარგი ადამიანი – მის ცნობიერებაში პირველად ადამიანი გაიგივდა ხორცის მასასთან და ეს არ ესიამოვნა. ამის გამო მეგი, ცხადია, არ გადაუყვარებია, არც გაუკიცხავს, მაგრამ გულში უსიამოვნო ნალექი ჩარჩა.

ნელა მიუყვებოდა რუსთაველის გამზირს და არაფერზე ფიქრობდა. ცდილობდა, არ ეფიქრა, თორემ თვალწინ სულ მეგის გადაშლილ ფეხებს ხედავდა. ბოლოს ჰაერში დატრიალებულმა გაზაფხულის სურნელმა თავისი გაიტანა და მეგიც დაავიწყდა და ბატონი ზურაბიც. ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. გიოს მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, თავისი მწვანე თვალები შეანათა და მოეხვია. იმ საღამოს ერთად ითამაშეს. ბევრი ითამაშეს და გიო უბედნიერესი იყო, თანაც, იცოდა, რომ დედა დააძინებდა, რაკი სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და ეს ბავშვის სიხარულს აათკეცებდა.

მას შემდეგ, რაც ლიკა ქმარს გაეყარა და დედამისის სახლში დაბრუნდა, გიო მარტო აღარ იძინებდა, თუმცა მანამდე ლიკა ან მისი ქმარი დაბანდა, ლოგინში ჩააწვენდა (ერთი ან მეორე), ცოტა ხანს მოეფერებოდნენ, კარს ღიას უტოვებდნენ და გიო თავისით იძინებდა. მაგრამ ახლა გიოს ძალიან დიდი ხანი სჭირდებოდა ჩასაძინებლად და ლიკამ იცოდა, რომ ხშირად თავს იმძინარებდა, სანამ დედა სამსახურიდან არ დაბრუნდებოდა. პირველ ხანებში ლიკა ვერ ხვდებოდა, რატომ არ იძინებდა გიო, თუმცა ერთი თვის შემდეგ გაიაზრა, რომ ბავშვს, თუმცა მხოლოდ 2 წლის იყო, ეშინოდა, ერთ დღეს დედაც ისე არ გამქრალიყო, როგორც მამა გაქრა.

სინამდვილეში, ლიკა წამოვიდა ქმრის სახლიდან, სანამ გიოს ბებია ასეირნებდა, გუდა–ნაბადი აიკრიფა, მამამისს დაურეკა (ლიკას დედ–მამა გაყრილები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა და მისვლა–მოსვლა ჰქონდათ) და განუცხადა, დედაჩემთან წამიყვანეო. მამამისიც მაშინვე გამოცხადდა, შვილს ბარგი მანქანაში ჩაატანინა და სეირნობიდან დაბრუნებულ ლიკას დედა მანანას სიურპრიზი დახვდა: შვილი ქმარს გაჰყროდა. მართალია, ოფიციალურად არა, მაგრამ მანანა საკუთარ შვილს იცნობდა და ზუსტად იცოდა, რომ ლიკა უკან დამბრუნებელი აღარ იყო. ამიტომ ხმა არ ამოუღია. არც არაფერი უკითხავს: ლიკა მაინც არაფერს ეტყოდა. გიო ვერაფერს მიხვდა. სიხარულით ჩაჯდა ბაბუამისის მანქანაში და აი, ასე დაბრუნდა ლიკა თავის სახლში, საიდანაც წასვლზე ბავშობიდან ოცნებობდა. მეორე დილით გიომ მამა მოიკითხა. ლიკამ უთხრა, რომ მამა მივლინებაში წავიდა და მალე დაბრუნდებოდა. გიომ ტირილი მორთო: მამა უყვარდა, იმიტომ რომ მამა უვლიდა, ბანდა, უცვლიდა, საჭმელსაც უმზადებდა, აჭმევდა, ასეირნებდა, აძინებდა. გიოს მანანაც აჰყვა (ტირილი მანანასაც უყვარდა, 2 წლის გიოს მსგავსად), მაგრამ ლიკამ თვალები გადაუბრიალა და მანანას თვალთაგან ცრემლთა დენა შეწყდა. თუმცა თავად გიო ყოველ დილით გაღვიძებისთანავე მოიკითხავდა მამას და ტიროდა. ლიკა ამშვიდებდა და ეფერებოდა, გიო დღისით წყნარდებოდა, მაგრამ ღამით არ იძინებდა და, როგორც კი ლიკა მიხვდა, რისი ეშინოდა გიოს, მისი თანდასწრებით ჩაკეტავდა ხოლმე სახლის კარს, გასაღებს გიოს მისცემდა, დააყოლებდა, ახლა ამ სახლიდან შენი ნებართვის გარეშე ვერავინ გავაო და გიოც ბედნიერი იძინებდა, იმიტომ რომ ბალიშის ქვეშ სახლის გასაღები ეგულებოდა. იმიტომაც ცდილობდა ლიკა, რომ სახლში დროზე, ანუ გიოს დაძინებამდე დაბრუნებულიყო, რომ ბავშვს არ ენერვიულა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...