რომანი და დეტექტივი

სიყვარულის მეორე მხარე

№10

ავტორი: ნია დვალი 20:00 17.03, 2023 წელი

სიყვარულის მახე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-9 (1157)

ინგამ მარინას წინადადების დასრულება არც აცალა:

– მაგასაც ქველმოქმედებაში სჭირდებოდა, რა, ფული, თამაშობს, წააგო და ბებიას მოჰპარა ქურქები, – ინგა სკამზე გადაწვა და თვალები მოწკურა.

– ცუდი ამბავია, – თქვა მარინამ.

– 30 წლის კაცია და დღემდე ბებიამისი აძლევს ფულს. ეს როგორ შეიძლება? – ინგა არ ცხრებოდა.

– ვინ გვეკითხება ჩვენ, – არ დაეთანხმა მარინა.

– ჩვენ არავინ გვეკითხება, მაგრამ არც მაგას ეკითხება, ინდაურივით რომ დაიარება და ყველას ზემოდან გვიყურებს.

– კარგი, ცოდვაა, გეყოფა.

– მე კი მეყოფა, მაგრამ აკაკის თუ ეყოფა ის ფული, რაც ბებიამისის ქურქებში აიღო?! – ინგამ ეს წინადადება ზუსტად ისე წარმოთქვა, როგორც ქალბატონი ლიანა ლაპარაკობდა ხოლმე. შემდეგ მარინას თავი დაუკრა და ოთახიდან მართლაც ინდაურივით გაფხორილი გავიდა.

მარინას ინგასთვის არ უთქვამს, მაგრამ თავისთვის კი გაიფიქრა, რომ მისი ლიკა მსგავს რამეს ბებიამისს არასდროს გაუკეთებდა.

და ახლა ვინ უკეთეს მდგომარეობაში იყო: ქალბატონი ლიანა, რომელიც საკუთარმა შვილშვილმა გაქურდა თუ მარინა, რომელიც საკუთარმა შვილმა სცემა?!

სიტყვა „ცემაზე“ მარინას კინაღამ მეორე ისტერიკა დაემართა, იმიტომ რომ მისი შელახული თავმოყვარეობა ვერაფრით ეგუებოდა ამ ფაქტს, ვერც ცვლიდა, ამიტომ ისევ ატირდა.

ოღონდ, რადგან ადამიანი ისეთი არსებაა, რომ გაბმულად არც სიცილი შეუძლია და არც ტირილი, მარინაც დაიღალა და მოშივდა. შიმშილმა კი ლოგინიდან წამოახტუნა.

***

მაცივარი გამოაღო და ისევ დახურა. შიოდა, მაგრამ კრიჭა ჰქონდა შეკრული და ლუკმასაც ვერ გადაყლაპავდა. უცებ გათბობის ქვაბის ხელოსანი გაახსენდა და ისევ საძინებელში გალასლასდა. ტელეფონი ჩართო. გამოტოვებული ზარების კორიანტელი დახვდა. მათ შორის, ყველაზე მეტი – დედამისისგან, მაგრამ ახლა სწორედ დედამისთან არ უნდოდა ლაპარაკი ყველაზე მეტად, თუმცა ცხოვრება მეტად ვერაგი რამაა. ტელეფონის ეკრანზე დაიწერა: „ჯული-დედა“.

– რომ არ გეპასუხა, მოვდიოდი უკვე. ყოველთვის ასეთი უპასუხისმგებლო იყავი და გულგრილი. გული გამისკდა, – მიაყარა ჯულიმ.

– რამ გაგიხეთქა? 2 წლის ვარ? თუ ამ ბინას მოვიკიდებდი ზურგზე და გავიქცეოდი? – საკმაოდ მშვიდად უპასუხა მარინამ, რამაც თავადვე გააოცა.

– ყოველთვის საზიზღარი ენა გქონდა. არც კი მოგვიკითხე, როგორ ვართ?! ბავშვის ამბავიც არ გაინტერესებს... – მაგრამ მარინამ შეაწყვეტინა:

– მოგიყვა „ბავშვმა“, რაც ჩაიდინა?!

– რა თქმა უნდა, რა ისტერიკები მოუწყვე?! გამოხოხებული მამიდაშენი ხარ, ისიც ასეთი საზიზღარი იყო, გადარიე გოგო, სახლიდან გამოაქციე. ამბავსაც არ კითხულობ.

– და რატომ დამემართა ისტერიკა, ეს არ გითხრა? – მარინას ისევ ბრაზი ერეოდა.

– მითხრა, დიახ, მითხრა. შენ ეტყობა, გავიწყდება, რომ მე და ლიკა მეგობრები ვართ. შენ გგონია, შენ უკეთესად მოიქეცი? მაგრამ ისტერიკა არავის მოუწყვია შენთვის. გვერდში დაგიდექით. შენ კიდევ როგორ იქცევი?! სამარცხვინოდ! – მარინამ იცოდა, რომ ჯული ყველაფერს ლიკას გასამართლებლად მოატრიალებდა, მაგრამ ამ ისტორიის ასეთ ოსტატურ შემობრუნებასაც არ ელოდა.

– მე ვიქცევი სამარცხვინოდ, დედა?!

– რა თქმა უნდა. თუ გგონია, ჩვენ არ ვიცით, ახლაც რომ ვიღაც ცოლიანი მათხოვარი მონახე და გხმარობს, არც კი გერიდება, ამხელა შვილი გყავს და როგორ იქცევი, რა მაგალითს აძლევ?! გიყურა შენმა შვილმა და მოგბაძა.

– იმას ცოლიც ჰყავს? – გულწრფელად იკითხა მარინამ და ჯული საბოლოოდ აფეთქდა:

– შენ არავინ გაინტერესებს იმ კაცის გარდა, დედა ხომ არ გაინტერესებს და არ გაინტერესებს, ახლა შვილზეც უარი თქვი. რა თქმა უნდა, გინდა, რომ ის კაცი ახლა მაგ სახლში მიიყვანო, მაგრამ იცოდე, სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ მოხდება! – მარინა მიხვდა, რომ ლიკა ბებიამისის გვერდით იჯდა და ყველაფერს ისმენდა. საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ თავს ვერ სძლია.

– და როგორ დამიშლი? – საკმაოდ აგდებული ხმით ჰკითხა დედამისს, – დედობას ჩამომართმევ თუ ამ სახლიდან გამაგდებ?

– ნახავ, როგორაც. არ გაპატიებ, რომ ბავშვი ლანძღე.

– ვისთან ვლანძღე?

– არ იცის ვითომ, ვისთან!

– რა სისულელეა! – იუარა მარინამ.

– არანაირი სისულელე არაა, სალომემ ყველაფერი მოგვასმენინა.

– რაც გინდა, ის იფიქრე და გააკეთე, – მარინამ დედამისს ტელეფონი გაუთიშა და მისი ნომერი დაბლოკა.

მარინამ იცოდა, უნდა შეჩერებულიყო, რომ რამენაირად იმ სიბინძურის მორევიდან, რომელშიც მოხვდა, თავი დაეღწია, ამიტომ სარკესთან მივიდა და გაღიმება სცადა. არ გამოუვიდა. ახლა შუა თითებით გაიწელა ტუჩები ყურებისკენ, ვითომ იღიმებოდა. არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ არ ნებდებოდა. საბოლოოდ, ისე დაიღალა ამ აბსურდით, რომ, მართლაც გაეღიმა და გონებაც ცოტა დაუწყნარდა.

სალომე გაახსენდა. !ლიკას მტრობს. ამიტომ საუბარიც განზრახ ჩაიწერა და მოასმენინა. ნეტავ, რა უნდა ლიკასთან? – დაფიქრდა მარინა.

აშკარა იყო, სალომემ ყველაფერი გათვალა და მარინა მის მახეს წამოეგო, როგორც პატარა ბავშვი.

– რაც უნდა, ის უნდოდეს, გაუყვლეფია ლიკა და ჯული, – გაიფიქრა მარინამ, მაგრამ დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა, დაერეკა სალომესთვის და გაელანძღა, თუმცა, საბედნიეროდ, იმდენს კი ხვდებოდა, რომ ამის გაკეთება არ ღირდა. ძლივს დაიმორჩილა თავი, რომ ლიკასთვის არ დაერეკა და არ გაეფრთხილებინა. ახლა ამას აზრი არ ჰქონდა და ლიკა არც დაუჯერებდა, იმიტომ რომ შვილის თვალში, წინა დღეს მომხდარიც მოწმობდა, რომ მარინას ფასი ნულს უტოლდებოდა.

– საყვარელი საიდანღა მოიგონა ჯულიმ? – გაახსენდა დედამისის ნათქვამი. პირიქით, მარინას უკვე გული ერეოდა საკუთარ წესიერებაზე. ან იქნებ წესიერი სულაც არ იყო და უბრალოდ, არაფერს აკეთებდა, იმიტომ რომ შეცდომების ეშინოდა?!

– ჯობია, ვჭამო, – უთხრა თავის თავს, – თორემ ავად გავხდები.

თავს ძალა დაატანა და რაღაც შეჭამა, რაც ხელში მოხვდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ექნა: საკუთარ თვალშიც სრული ნული იყო, არარაობა. ისიც ვერ წარმოედგინა, სამსახურში როგორ უნდა ევლო...

– სამსახური! სულ დამავიწყდა! – სხვა რა გზა ჰქონდა, ტელეფონი აიღო და დარეკა:

– გია, ბოდიში, ცუდი რამ შემემთხვა, ძალიან... ვერ დავრეკე. არა, არ დავრეკე, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. გეხვეწები, რამდენიმე დღე მომეცი და ჩავდგები ფორმაში. ყველაფერს ავანაზღაურებ.

მარინა გიასთან მეგობრობდა, ერთად სწავლობდნენ, თუმცა ბოროტად არასდროს უსარგებლია მათი მეგობრობით და, რადგან გიამაც იცოდა, რომ მარინას ტყუილები არ უყვარდა, უთხრა:

– რამეში შემიძლია, დაგეხმარო?

– უკვე მეხმარები, – მარინას ხმა მოულბა.

– კარგი, როდის გამოხვალ?

– ახლა ოთხშაბათია, ორშაბათს მანდ ვარ ყოველგვარი პრობლემებისგან თავისუფალი.

– შევთანხმდით და ტელეფონს ნუ გამორთავ, გთხოვ. თუ დახმარება დაგჭირდეს – ზარი მეგობართან.

მარინას გაეღიმა, იმიტომ რომ გიამ, ჩვეულებისამებრ, დამშვიდობების გარეშე გათიშა ტელეფონი.

გამოტოვებულ ზარებს გადახედა – მეგობრობას აქვს თავისი ხიბლი და ნაკლიც:

– ახლა უნდა ჩამოვურეკო ყველას და ვუთხრა, რომ კარგად ვარ, – ჩაილაპარაკა მარინამ.

ასეც მოიქცა და იმდენჯერ გაიმეორა, კარგად ვარო, რომ, როდესაც სატელეფონო მოკითხვები მოილია, თავი მართლაც კარგად იგრძნო, თუმცა იცოდა, რომ ეს დროებითი იყო. ამით მომხდარი არ იცვლებოდა: დედა და შვილი დაუპირისპირდა, შვილმა სცემა, დედა სახლიდან გაგდებით დაემუქრა. ოღონდ, იმავდროულად, აღმოაჩინა, რომ არც ერთ ამ ფაქტს ისე მტკივნეულად არ აღიქვამდა, როგორც, თუნდაც, ამ რამდენიმე საათის წინათ, მაგრამ ფაქტები მაინც არ იცვლებოდა.

– ამ ჯულიმ რატომ ამითვალწუნა, ნეტავ, დაბადებიდან? – გაეფიქრა მარინას.

მარინას ტყუპისცალი ძმა ჰყავდა გარდაცვლილი, ექვსი თვის, და როდესაც პატარა იყო, რატომღაც, ეგონა, რომ დედამისს ერჩივნა, მარინა მომკვდარიყო და არა ნოდარიკო. შეიძლება, მარინა ცდებოდა, მაგრამ ეს განცდა ბავშვობიდან თან სდევდა. მერე და მერე დაავიწყდა და დღეს, რატომღაც, ისევ გაახსენდა.

– მაპატიე, რომ ცოცხალი ვარ, – თქვა ხმამაღლა და უცნაური რამ დაემართა: ჯულისა და მარინას ურთიერთობამ, ერთად აკინძულმა, კინოფილმივით ჩაურბინა თვალწინ და ამ ფილმში მარინამ ვერ დაინახა დედაშვილური სიყვარული, განსხვავებით, მამისგან, ვინც უყვარდა და ვისაც უყვარდა. მამა ყოველთვის ანებივრებდა და იცავდა მარინას, რასაც ჯული ყოველთვის აპროტესტებდა.

დედამისზე არ ბრაზობდა, იმიტომ რომ არ არსებობს დედა, თუ ფსიქიკურად ავად არ არის, შვილი არ უყვარდეს, უბრალოდ, თითოეული თავისებურად გამოხატავს ამ სიყვარულს.

ლიკაზე კი ისევ ბრაზობდა, იმ წამს დარწმუნებული იყო, რომ ლიკა არ უყვარდა, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, კარგი, ასე ვთქვათ, ადამიანების უმეტესობას, ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს და როდესაც იმ ნალოლიავებ თავის თავს უწყენინებენ, სცენაზე გამოდის ეგო, მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დაუნდობლობით, როგორმე დაამტკიცოს, რომ ისაა მართალი და ყველა დანარჩენი – მტყუანი.

როგორც ჩანს, ჯულის ეგოც ვერ ეგუებოდა, რომ მარინა ისეთი არ იყო, როგორიც მას უნდოდა და ჯულის, როგორც დედოფალს, თაყვანს არ სცემდა.

მარინას ვიღაცასთან უნდოდა ლაპარაკი, მაგრამ ვისთან?! ვის შეეძლო, მისთვის რამე ერჩია? რამე კი არა, ის ერთადერთი სწორი პასუხი, რაც არსებობდა და რაც ყველაფერს ნათელს მოჰფენდა?!

– ფსიქოთერაპევტთან ხომ არ წავიდე? – მაგრამ ეს აზრი არ მოეწონა, იმიტომ რომ თავისნაირ ადამიანთან ლაპარაკი არ უნდოდა.

– მას ხომ ეყოლებოდა მსგავსი პრობლემის მქონე პაციენეტები? – იქვე შეეწინააღმდეგა საკუთარ თავს, – აუცილებლად ეყოლებოდა, – მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა.

– და რამდენს დაეხმარა? იქნებ არც ერთს?

ადამიანებთან ურთიერთობამ დროებით გადაავიწყა, რაც შეემთხვა, თუმცა მხოლოდ დროებით, იმიტომ რომ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო. მისი გადაჭრის გზას კი მარინა ვერ ხედავდა.

ლიკაც მოენატრა და ამ გრძნობამ შეზარა: „როგორ შეიძლება, მომენატროს?!“

და, მართლაც, შეიძლება, მოგენატროს ის, ვინც ტკივილს გაყენებს?! ალბათ, შეიძლება, თორემ არ იტყოდნენ, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო.

ამის გაფიქრებაზე მარინას თვალწინ ჯული წარმოუდგა: „ამისმა ანდაზებმა ხომ ტვინი წაიღო“.

მარინას გაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, სასაცილო არაფერი იყო. გაეცინა იმიტომ, რომ მიხვდა, დედამისს მარინა ყოველთვის აღიზიანებდა.

– და რატომ ვაღიზიანებდი? ნეტავ, რას ვაკეთებდი არასწორად? – პირველად დაფიქრდა ამაზე, – ან ბავშვს რა უნდა გაეკეთებინა არასწორად? ბავშვმა რა იცის სწორი და არასწორი?!

მარინამ ტვინი დაძაბა და სხეული მოადუნა. სცადა, თანმიმდევრობით გაეხსენებინა ყველანაირი დეტალი, რაც მისი მეხსიერების შესაბამის უჯრებში ინახებოდა:

– მამაჩემის გარდაცვალების შემდეგაც ერთად ვცხოვრობდით, ჯული ცოტა შეიცვალა, თითქოს ჩაიკეტა, მაგრამ მერე ისევ დაუბრუნდა თავის თავს. მეხმარებოდა ყოველთვის, ლიკა მიჰყავდა ბაღში, შემდეგ – სკოლაში, თავად არ ურეცხავდა, მაგრამ ხომ არეცხინებდა დამხმარეს?! არ მებუზღუნებოდა, არ მეჩხუბებოდა. პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც ლიკამ სკოლა დაამთავრა. ჯული გაანჩხლდა და მე და ლიკა ამ ბინაში გადმოვედით, მიუხედავად ჯულის პროტესტისა, – მარინა განზრახ ფიქრობდა ხმამაღლა. სადღაც წაკითხული ახსოვდა, რომ გაცნობიერებას ხელს უწყობს, როდესაც შინაგან ხმას, ანუ ფიქრს, გარეგანი ხმაც ეხმარება, ანუ ყურიო.

– და ვინ იცის, რას უყვებოდა ჩემზე ლიკას? როგორ უყვებოდა? ან რატომ მაკრიტიკებდა მუდმივად? – მარინას ამ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა.

– მაინცდამაინც მე რატომ შემხვდა ასეთი დედა და შვილი?! – მარინა ამის გაფიქრებამ გაამწარა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობამ აშკარად გაახალისა. საერთოდაც, კარგა ხნის წინათ შეამჩნია, რომ, თუ ცუდ ხასიათზე იყო, ძალიან შველოდა ნაცნობებთან თუ უცნობებთან ურთიერთობა. ცოდვა გამხელილი ჯობს და „ფეისბუქითაც“ კი. იცოდა, რომ სისულელეებით ირთობდა თავს, მაგრამ ეს სისულელეები ეხმარებოდა ხოლმე ცუდი განწყობის დაძლევაში.

სავარაუდოდ, დროებით, ვინაიდან პრობლემები ასე არ ქრებოდა. პრობლემებს გადაჭრა სჭირდებოდა და არა უმიზნო ლაყაფი, მაგრამ ისიც, ხომ, საქმე იყო, რომ უარყოფითი ემოციები აღარ აწუხებდა?! რა თქმა უნდა, საქმე იყო და არც თუ ურიგო. ამიტომ ვირტუალურ სივრცეში სცადა თავის დამშვიდება.

მესინჯერში წერილები იყო შემოსული, მაგრამ კონკრეტულ ადამიანთან საუბარი ეზარებოდა. ახლა ვერავის ვერ მოსუმენდა და არც არავინ ეგულებოდა, ვისთან საუბარიც მას მოუნდებოდა. ამიტომ უბრალოდ გადახედა, ვინ იყვნენ და ისევ გუგა აღმოაჩინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი