რომანი და დეტექტივი

სიყვარულის მეორე მხარე

№9

ავტორი: ნია დვალი 20:00 10.03, 2023 წელი

სიყვარულის მეორე მხარე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-8 (1156)

– მადლობის სათქმელად დაგირეკე, ჩემო გოგო.

– მიხარია, თუ კმაყოფილი ხართ, – ისევ დაშაქრულად ელაპარაკებოდა სალომე და თუმცა მარინა ამით აპირებდა საუბრის დამთავრებას, ანუ სალომესთან საუბრის გაბმას არ აპირებდა, თვითონაც ვერ მიხვდა, ისე გაჩაღდა დიალოგი.

მარინა ახლაც ვერ იხსენებდა, როგორ გადაინაცვლა მათმა საუბარმა გათბობის ქვაბიდან ლიკაზე, მაგრამ ფაქტია, გადაინაცვლა და მარინამ სალომეს, როგორც ლიკას უახლოესსა და უერთგულეს მეგობარს (ეს ლიკას სიტყვები იყო), შესჩივლა:

– სხვას ვერავის ვეუბნები, ჩემს მეგობრებსაც კი და კინაღამ გული გამისკდა, ისევ ის ბიჭი რომ გამოტყვრა საიდანღაც.

– მეც, მარინა დეიდა, შოკში ვარ, – მხარი აუბა სალომემაც, – ეს როგორ გააკეთა?!

მარინა დაიძაბა და აჰყვა:

– აბა, ეს როგორ გააკეთა?

– მაგრამ კიდევ კარგი, გაეყარა, აღარ ინერვიულოთ.

– ვის გაეყარა? – მარინამ ისე მკვეთრად დაამუხრუჭა, რომ მის უკან მომავალი მანქანა კინაღამ შეასკდა. საბურავებმა დაიღრჭიალა და ჰაერში დამწვარი რეზინის სუნი დატრიალდა.

– უი, თქვენ არ იცოდით. ეს რა მომივიდა, მარინა დეიდა, – შეწუხდა სალომე.

მარინას თვალებში დაუბნელდა და თითქოს ვიღაცამ ხელი მკერდში ჩაუყო და მისი გული მუჭში მოიმწყვდია, ვერ სუნთქავდა. მანქანის საყვირების ხმამ ოდნავ გამოაფხიზლა. შუა გზაზე იდგა და გარშემო მანქანების მძღოლების ხელის ქნევით მიხვდა, რომ ლანძღავდნენ. ძალ-ღონე მოიკრიბა და მანქანა გზის განაპირას გადააყენა.

– მარინა დეიდა, – ტელეფონში სალომეს შეშინებული ხმა ისმოდა, – ეს რა მომივიდა, მე ვიფიქრე, რომ იცოდით. არ ინერვიულოთ, გეხვეწებით. ყველაფერი დამთავრდა, მალევე გაეყარა. ძალიან მალე.

მარინას სალომეს ხმა შორიდან და ყრუდ ესმოდა. თავზარდაცემული იჯდა და ისე იყო გახევებული, რომ არც ცრემლი მოსდიოდა და ვერც ხმას იღებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოილუღლუღა:

– კარგად ვარ, შენ რა შუაში ხარ, შვილო, პირიქით, დიდი მადლობა, რომ მითხარი, – მარინას თვალებში დაუბნელდა, მაგრამ მოულოდნელად ისეთი ძალით მოაწვა ბრაზი, რომ თვითონაც გაუკვირდა, ისეთი სიძლიერის ხმა ამოშვა:

– ჩემი ხელით მოვკლავ, როგორ მატყუებდა, მე კიდევ როგორ ვენდობოდი და მჯეროდა მისი. საზიზღარი გოგო! – მარინას აღარ ახსოვდა, რა თქვა ამის შემდეგ, მხოლოდ ის იცოდა, რომ ლიკას ლანძღავდა დაუნდობლად და სასტიკი სიტყვებით. სალომე აწყნარებდა და გულწრფელი შეწუხება ეტყობოდა ხმაზე, რაც მარინას ლიკას სალანძღავად უფრო და უფრო აქეზებდა.

მარინამ ლიკას ლანძღვით რომ გული იჯერა, სალომეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და დაემშვიდობა. აღელვებული და აღგზნებული იყო, თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევდა და თავს უჩვეულოდ ენერგიულად გრძნობდა.

ბევრი არ უფიქრია, ნანას დაურეკა, თავის მეგობარს.

– სად ხარ, გელოდები, კარგი ამბები უნდა მოგიყვე – ნანას ხალისიანი ხმა ჰქონდა.

მარინამ სული მოითქვა და უთხრა:

– ვერ მოვალ, უნდა დამეხმარო, აუცილებლად.

– რა მოხდა, ხომ მშვიდობაა, ბავშვი როგორაა? – ნანას შეშინებული ხმა ჰქონდა, – სად ხარ, მოვალ.

– ბავშვი კი არადა, გველის წიწილია, უვარგისი კაცის უვარგისი შვილი, – ჩაისისინა მარინამ, – შენ ხომ გაქვს ბაზებზე წვდომა, გთხოვ, ნახე, ქორწინების და განქორწინების თარიღი.

– ვისი?! – ხმა შეეცვალა ნანას.

– ლიკასი, – ძლივს ამოღერღა მარინამ.

– ახლავე, – ნანამ პაუზა გააკეთა, როგორც ჩანს, დაახლოებით მიხვდა, რაც მოხდა: არ გითხრა და გათხოვდა და ამაზე გაბრაზდი? კარგი, რა, არ გრცხვენია?!

– ნანა, იმ ნაგავს, ფსკერის ჭიაყელას, ვირთხას გაჰყვა ცოლად და მე მეუბნებოდა, არანაირი ურთიერთობა არ მაქვსო, – მარინა ცდილობდა თავის გაკონტროლებას, რომ ყვირილი არ დაეწყო.

– ახლავე, ახლავე, ოღონდ შენ დამშვიდდი, ყველაფერს ვნახავთ. – ნანა ხმას აღარ იღებდა და მარინაც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ენის წვერთან აკავებდა ლიკას სალანძღავი სიტყვების კორიანტელს.

ზუსტად 3 წუთში ნანამ დუმილი დაარღვია:

– აი, ვნახე, ქორწინება რეგისტრირებულია გაზაფხულზე... შეწყვეტილია ზამთრის დასაწყისში, ახლახან.

– ზუსტი თარიღები მითხარი, – სთხოვა მარინამ ნანას.

მარინა კი გონებაში იმას ანგარიშობდა, რამდენი ხანია, რაც შვილი ატყუებდა. თან, ასე უტიფრად და უსინდისოდ.

– მაშინ გათხოვილა, აგარაკი რომ ვიყიდე, – ჩაილაპარაკა თავისთვის.

– არ ინერვიულო, ახალგაზრდაა, გაუვლის, – ნანა მეგობრის დამშვიდებას ცდილობდა.

– მე არ გამივლის, – ისევ აფეთქდა მარინა, – მე ასეთი შვილი არ მჭირდება! თვალებში მიყურებდა და მატყუებდა, თან, მეუბნებოდა, დედა, მიყვარხარო.

ნანა ხმას არ იღებდა და სიჩუმეზეც კი ეტყობოდა, რომ ძალიან წუხდა.

მარინას უცებ შერცხვა, ამ თავის ბინძურ თეთრეულს რომ აფრიალებდა, თუნდაც, მეგობრის წინაშე:

– მადლობა და ბოდიში, რომ აგაფორიაქე, რა თქმა უნდა, გაუვლის, წავალ სახლში, ცოტას დავისვენებ, გკოცნი.

– ხომ არ გინდა, რომ გამოვიდე? – შესთავაზა ნანამ.

– არა, კარგად ვარ, უცებ ავღელდი, მართლა კარგად ვარ. აბა, დროებით, – მარინამ ტელეფონი გათიშა.

შინაგანად დუღდა. ხან ტიროდა, ხან ყვიროდა, თავისთვის მარტო, მანქანაში და შორიდან ვინმეს რომ თვალი მოეკრა, მიხვდებოდა, რომ იმ მანქანაში ნორმალური ადამიანი არ იჯდა. იმ ადამიანს დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მარინას ვერავინ დაეხმარებოდა საკუთარი თავის გარდა. თუმცა, ახლა ვერც საკუთარი თავი ეხმარებოდა, იმიტომ რომ დაკარგული ჰქონდა წრეგადასული ბრაზის გამო.

მეტიც, ეს ბრაზი ერთგვარად ძალასაც ჰმატებდა და სიამოვნებასაც ანიჭებდა. ვერც დედამისს დაურეკავდა, რომ გული გადაეშალა და ჯულისგან რჩევას თუ არ მიიღებდა, თანაგრძნობა მაინც ეპოვა. მარინა დარწმუნებული იყო, რომ დედამისი მასთან მარინას მხარეს დაიჭერდა, ლიკასთან კი – ლიკას მხარეს და, რა თქმა უნდა, ამ ამბავსაც დაუკავშირებდა, რომ ყველაფერი იმის ბრალია, დედა-შვილი რომ მარტო ცხოვრობდა და, საერთოდაც, მარინას რომ არასდროს არავის აზრი არ აინტერესებდა და ჯული მარტო იყო, საწყალი და მოხუცი და მერე რა, რომ ჯული არც საწყალი იყო და არც მოხუცი და ისე ენერგიულად გრძნობდა თავს, ას მარინას მოინელებდა, საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო?!

მარინა ისევ ტელეფონს ეცა და ლიკას დაურეკა. ლიკამ, რა თქმა უნდა, დედამისის ზარს არ უპასუხა. მარინა შეპყრობილივით ურეკავდა. ლიკა არ პასუხობდა, მაშინ მარინამ მესიჯი აკრიფა და ლიკა უშვერი სიტყვებით გამოლანძღა. ვერაფრით წყნარდებოდა, იმდენად იყო შეურაცხყოფილი, უფრო ტყუილის გამო. მაგრამ, თუ გულახდილად ვიტყვით, იმის გამო, რომ გაუბედეს და მოატყუეს.

ამ დროს წამოეპარა ფიქრი, რომ თავად მარინა მოტყუვდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე დაივიწყა. ამის მერე სირცხვილის გრძნობამ წამოუარა, შერცხვა ნანასიც. ნანამ ხომ უკვე იცოდა, როგორ გააბითურეს მარინა?!

– მე ჩემი გაბითურება მაწუხებს, თუ ის, რომ ჩემი შვილი ცხოვრებას ინგრევს? – საკუთარ თავს ჰკითხა მარინამ, მაგრამ ისევ გაცეცხლდა:

– არანაირი ჩემი შვილი ეგ არ არის, ჩემი შვილი ასე არ მოექცეოდა, – ეს გაიფიქრა თუ არა, თვალწინ ჯული წარმოუდგა.

მარინა ყველასთვის მოულოდნელად გაჰყვა ცოლად ვაკოს. ერთ დღესაც სახლში არ მივიდა და მშობლებთან მეგობარს დაარეკინა, რა თქმა უნდა, ლალის.

ჯული დღემდე იხსენებდა, როგორ ეცა ელდა ვაკოს დანახვაზე და ერთი კვირა საწოლიდან არ ამდგარა. მამამისი შედარებით „გმირულად“ შეხვდა შვილის გამოხდომას. არ უჩხუბია და შეეცადა ნორმალური ურთიერთობის დამყარებას ახლად გამომცხვარ სიძესთან, რომელიც მათ ოჯახს არც სტატუსით შეეფერებოდა და არც სხვა რამე ნიშნით.

ჯული კი ვერაფრით შეეგუა სიძეს, თუმცა კარგად ექცეოდა, როგორც შეეძლო, ისე კარგად (ერთი ისაა, რომ ჯული და „კარგად“ ერთობ შეუთავსებელი ცნებები იყო), სამაგიეროდ, ქალიშვილს ეჩხუბებოდა ნებისმიერ წვრილმანზე. აღიზიანებდა, რომ მარინა სახლში დაჯდა და დიასახლისობდა.

– ამისთვის გადაგელიე, რომ წვნიანები გეხარშა? – ახლაც ჩაესმა მარინას ყურებში ჯულის გაკაპასებული ხმა, – როგორი სურვილი მაქვს, ეს ქვაბი თავზე ჩამოგაცვა.

მარინა დედამისს არ პასუხობდა, ახლა უკვირდა, რატომ მისცა მასთან ასე ლაპარაკის უფლება, მაგრამ მაშინ უსიტყვოდ ყლაპავდა შეურაცხყოფებს.

არა, მარინა ვაკოს იმიტომ არ გაეყარა, რომ ჯულის დაუჯერა, მით უმეტეს, რომ ჯულის ეს არასდროს უხსენებია, მაგრამ ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, რასაც დედამისი არ აკლებდა, სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში და დისახლისობა შეაზიზღა, როგორც კეთროვნება.

შეიძლება, სწორედ მაშინ დაიჯერა, რომ მისგან ცოლი ვერასდროს დადგებოდა და დედობაზე გადაერთო, თუმცა ჯული დედობასაც უწუნებდა.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ თავად ჯულის არც არასდროს უმუშავია და, რაც მთავარია, არც უდიასახლისია. ჯულის დედამისი ეხმარებოდა და ქმარიც კარგი შეხვდა, ამიტომ მეტად გაზულუქებულ და პარაზიტ არსებად ჩამოყალიბდა, ვინც ყველას აკონტროლებდა, თავი ყველაზე მნიშვნელოვანი ეგონა და, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდა, გარდა დანარჩენი სამყაროს კრიტიკისა.

– შენი შვილიც ასევე მოგექცევა და მერე გამიგებ, – ხშირად უმეორებდა ჯული მარინას ამ ფრაზას.

– და შენ გაგიხარდება, თუ ლიკა ცხოვრებას აირევს? – გაკვირვებული პასუხობდა მარინა.

ჯული, ჩვეულებისამებრ, იფეთქებდა ხოლმე:

– შენ ხომ მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ მე გული მატკინო, – და თუმცა მარინა ვერ ხვდებოდა, რატომ სტკიოდა ჯულის გული, მაინც ჩუმდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ჯულისთან კამათი ისეთივე უსარგებლო რამ იყო, როგორიც წყლის ნაყვაა.

მარინამ თავი გააქნია, მოგონებების დრო არ იყო და ისევ ტელეფონი აიღო ხელში:

„როდის მოეთრევი სახლში????????“ – მისწერა ლიკას.

რა თქმა უნდა, პასუხი არ მიუღია და მარინა სახლისკენ დაიძრა. გალიაში დამწყვდეული მხეცივით ბორგავდა.

მისდა გასაოცრად, ლიკა სახლში დახვდა, ტანსაცმელს ალაგებდა.

– არ გინდა, მომიყვე, რატომ მომატყუე და როდის იქეცი ასეთ პროფესიონალ თაღლითად?! – ყვირილით მივარდა შვილს.

ლიკა ხმას არ სცემდა, რაც მარინას კიდევ უფრო აღიზიანებდა. მარინამ სცადა ხელის შეშლა ტანსაცმლის ჩალაგებაში და აი, მაშინ მოხდა ის, რასაც მარინა ყველაზე საშინელ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ლიკამ ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო. მერე მარინას არაფერი ახსოვს, იმის გარდა, რომ ყველაფერი ასტკივდა და როდესაც მიხვდა, რომ ამდენ ცემას ვეღარ გაუძლებდა, იმეორებდა: 112–ში დავრეკავო...

***

მარინა ლოგინზე იწვა, ვერც იძინებდა და ვერც იმაზე ფიქრობდა, რაც შეემთხვა. უნდოდა, გამქრალიყო. აი, ასე უცებ, ხელის ერთი მოსმით. სამსახური გაახსენდა, მაგრამ ტელეფონის ჩართვა არ უნდოდა. არავისთან ლაპარაკი არ შეეძლო. საკუთარი თავი ყველაზე უბედური ადამიანი ეგონა ამ დედამიწაზე.

ადგა, ლასლასით წავიდა სამზარეულოსკენ, „დიაზეპამი“ მოძებნა, ორი აბი დალია და ისევ საძინებელში შელასლასდა. იმდენად დაღლილი და გამოფიტული იყო, რომ დადო თუ არა თავი ბალიშზე, დაეძინა.

რომ გამოეღვიძა, ვერ მიხვდა, რომელი საათი იყო ან თავად სად იმყოფებოდა. ისიც კი დაავიწყდა, რა მოხდა, ამიტომ პირველმა ფიქრმა ლიკაზე გაუელვა. მერე გაახსენდა, რაც მოხდა და თავი ისევ ბალიშში ჩარგო.

სამსახურში დარეკვაც გადაიფიქრა, მაგრამ უნებლიეთ თავისი თანამშრომელი ლიანა გაახსენდა.

ლიანა ასაკოვანი ქალბატონი ბრძანდებოდა და საკმაოდ დარბაისელიც. ყოველთვის ამაყობდა თავისი ოჯახით. განსაკუთრებით, თავისი შვილიშვილი აკაკი უყვარდა. ლამის აღმერთებდა. მარინასაც ქალბატონი ლიანას ცხოვრება მშვიდი და უდრტვინველი ეგონა. შურით არ შურდა, თუმცა ასეთსავე სიბერეს, ალბათ, საკუთარი თავისთვისაც ისურვებდა.

ერთ დღესაც მარინას ოთახში ინგა შემოვარდა (ინგა ჭორების პროფესიონალი შემგროვებელი იყო და ასეთი ინგა, ალბათ, ყველა სამსახურშია), აქოშინებული და აწითლებული:

– ვაიმე, რა ამბავი უნდა მოგიყვე?!

– მიდი, აბა, – მხიარულად უთხრა მარინამ, თუმცა ჭორები დიდად არ უყვარდა, მაგრამ ინგა ამ როლს ისეთი ვირტუოზული თეატრალობით ასრულებდა, რომ შინაარსი თუ არა, სანახაობა მოსმენად და ყურებად ღირდა.

– ეს ჩვენი ლიანა რომ არის, ბუზს რომ არ ისვამს თავზე...

– ათი ბუზი დააჯდა ერთდროულად? – ახარხარდა მარინა.

– იცოდე, არ მოგიყვები, – ტუჩი აიბზუა ინგამ.

– უკაცრავად, გისმენ, – დასერიოზულდა მარინა და ინგა თავის როლს მყისიერად დაუბრუნდა.

– ჰოდა, თავზე ბუზსაც რომ არ ისვამს და გაფხორილი დაიარება, ჩემი აკაკი ასე და ჩემი აკაკი ისეო, იმ ისეო და ასეო აკაკიმ ქურქები გაუყიდა, – ინგა ისე ახარხარდა, მარინას ყურები ეტკინა.

– საწყალი, – შეეცოდა მარინას ქალბატონი ლიანა.

– რა საწყალი, გოგო?! ლამისაა ცოცხლად შეგვჭამოს ყველა, ადამიანებად არ გვთვლის და ამ დროს შვილშვილი ქურქებს ჰპარავს და უყიდის.

– იქნებ ფული სჭირდებოდა და...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი