რომანი და დეტექტივი

სიყვარულის მეორე მხარე

№8

ავტორი: ნია დვალი 20:00 03.03, 2023 წელი

სიყვარულის მეორე მხარე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7 (1155)

ასე ცხოვრების გაძლება ჩვევად ჰქონდა გადაქცეული, მაგრამ ახლა ეს მაინც უფრო დაიმედებას ჰგავდა, ვინაიდან ისეთი დღე, როგორიც დღეს გამოდგა, აქამდე არასდროს გასთენებია.

– ბოლოს და ბოლოს, ხომ უკვდებათ ადამიანებს შვილები?! ჰოდა, ვითომ მომიკვდა, – ხმამაღლა თქვა მარინამ და უხერხულობაც კი არ უგრძნია.

სამაგიეროდ, აღარ ტიროდა.

მარინა დარწმუნებული იყო, რომ ვაკოს ისტორია, ანუ მისი ცხოვრების ის მონაკვეთი დახურა, მაგრამ აშკარად ცდებოდა. მარინამ ამ ამბის საკუთარი თავისთვის დამალვაც კი შეძლო, მაგრამ ამბავმა თავი წამოყო, იმიტომ რომ ისტორია ჯერ არ დასრულებულიყო, ვინაიდან მხოლოდ ის მეორდება, რასაც გაკვეთილად ვერ გადიხარ და სწორი დასკვნები ვერ გამოგაქვს.

***

– რატომ გაჰყევი ვაკოს ცოლად? – მოულოდნელად ჰკითხა ლალიმ მარინას.

მარინა უკვე დაწყნარებული იყო, იმიტომ რომ ვაკო და ალეკო სახლიდან გაყარა. ლოყაც ისე აღარ ეწვოდა და, ბოლოს და ბოლოს, იმდენად მასშტაბური ისტერიკა მოაწყო, რომ სრულად იყო დაცლილი უარყოფითი ემოციებისგან.

მარინამ არ იცოდა, მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ემოციები არასდროს უნდა შეაკავო, ისინი, ჯერ ერთი, დაავადებებს იწვევს და, რაც მთავარია, ამოთქმული, გამოხატული ემოცია აღარ გაწუხებს. სწორედ ესაა ისტერიკის დადებითი მხარე, მაგრამ აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო, რომ ხანგრძლივად არ დარჩე შეურაცხადობის მდგომარეობაში, რომლის ბოლოც ფსიქიატრიულის ხალათია.

– შემეცოდა, – დაუფიქრებლად უპასუხა მარინამ.

– და რა ჰქონდა შესაცოდი? – კიდევ ჰკითხა ლალიმ.

– არ ვიცი, მე მომეჩვენა, რომ ჰქონდა, – მხრები აიჩეჩა მარინამ.

– დავაკვირდი, როდესაც ვაკო უმსგავსოდ იქცეოდა, შენ საპასუხოდ მხოლოდ იღიმებოდი, მაშინ, როდესაც, წესით, თავში რაღაც უნდა ჩაგერტყა, – ლალის ნათქვამი მარინასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

– რატომ უნდა ჩამერტყა თავში ან როდის იქცეოდა უმსგავსოდ? – გულწრფელად გაუკვირდა.

– მე მგონი, რომ უამრავჯერ და, საერთოდაც, რას ჩაჯექი სახლში და დიასახლისის როლი მოირგე? – შეუტია ლალიმ.

– დედაჩემიც ამას მეუბნება, – გაიცინა მარინამ.

– სწორად გეუბნება. ალაგებ, საჭმელს ამზადებ, ბავშვს უვლი, სულ გააფრინე? – ლალიმ ბოლომდე ამოთქვა სათქმელი და სახეზე ისეთი კმაყოფილება ეტყობოდა, მარინამ იგრძნო, რომ ამის თქმა ყოველთვის უნდოდა და ვერ რისკავდა.

– სიმართლე გითხრა, ვაკოს თაზოს ჯინაზე გავყევი ცოლად? – მოულოდნელად თქვა მარინამ.

– რა ქენი? – ლამის თვალები გადმოუცვივდა ლალის.

– ჰო, ორიოდე თვის წინ მივხვდი ამას, მანამდე ვერ ვხვდებოდი. გავბრაზდი თაზოზე ერთ დღესაც და ავდექი და ვაკოს გავყევი ცოლად, – ჩაარაკრაკა მარინამ.

– მე შენ ჭკვიანი მეგონე.

– მეც ჭკვიანი მეგონა ჩემი თავი და აი, ასეთი ბრიყვი გამოვდექი, მაგრამ, სამაგიეროდ, ლიკუნა მყავს, – მარინას სახე გაებადრა.

– ბავშვი ნებისმიერ შემთხვევაში გეყოლებოდა, – უთხრა ლალიმ.

– მაგრამ ლიკუნა ხომ არ იქნებოდა?! – აღშფოთდა მარინა.

– შენ არ გეცოდინებოდა, ლიკუნა რომ უნდა ყოფილიყო, – მარინას ლალის ეს ნათქვამი ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია და საუბრის თემა შეცვალა:

– ხვალ მამაჩემს დავურეკავ და წავალ აქედან, – ეს იმდენად გულგრილად თქვა, ლალის გაუკვირდა:

– შენ საბაბს ელოდებოდი?

– ალბათ... მეცოდებოდა, თუმცა მართლა არ ვიცი, რა აქვს შესაცოდი, იქნებ ის, რომ დედა მოუკვდა და მამასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს...

– შენ მაშველი რგოლი არ ხარ, – მკვახედ უთხრა ლალიმ, – და დედაშენი რას იტყვის?

– დედაჩემის აზრი საინტერესო არაა, მთავარია, მამაჩემი არ მეტყვის უარს, – დაბეჯითებით თქვა მარინამ.

***

მარინას ლალისთან 20 წლის წინანდელი დიალოგი იმდენად მკაფიოდ ამოუტივტივდა თავში, თითქოს გუშინდელ ამბავს იხსენებდა, არადა დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი დაავიწყდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ უმნიშვნელო დეტალებიც ახსოვდა.

– შემეცოდა... ღმერთო, რა იდიოტი ვიყავი?! რატომ უნდა შეგეცოდოს ზრდასრული ადამიანი და, რაც მთავარია, კაცი?! თუ საცოდავია, იყოს თავისთვის, – მარინა საკუთარ თავზე გაბრაზდა.

– შეგეცოდა და ზღე ახლა ამ შეცოდების საზღაური. იმ კაცის შვილი სხვანაირად როგორ მოიქცეოდა?!

მარინას ლიკას სახელის გაგონებაც არ უნდოდა, თითქოს მისი არსებობის დავიწყებას ლამობდა.

მობილურმა ზუზუნი დაიწყო. მარინამ დახედა: ჯული ურეკავდა. ახლა დედამისთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ ჯული არ გაჩერდებოდა, ამიტომ უპასუხა.

– რა მოხდა? ბავშვმა დამირეკა და მითხრა შენთან გადმოვდივარო, – ჯულის ისტერიული ხმა ჰქონდა, – რა უქენი ბავშვს?

– არაფერი, უნდა და გადმოვიდეს. ძალიანაც კარგს იზამს. დავისვენებ ცოტას, – გაღიზიანებული ხმით უპასუხა მარინამ.

დედამისისთვის არაფრის მოყოლა არ უნდოდა, იმიტომ რომ იცოდა, ჯული ცეცხლზე დიდი სიამოვნებით დაასხამდა ნავთს და აუცილებლად ლიკას მხარეს დაიჭერდა, იმიტომ რომ ლიკას აღმერთებდა, მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილი არღვევდა ჯულის ყველა სტერეოტიპს, რაც კარგად აღზრდილსა და წესიერ ადამიანებს შეეხებოდა.

– ახლა შენ დედა ხარ?! რას ამბობ?! არ იცი, ბავშვი სად არის, არ მეუბნები, რა მოხდა და გიხარია კიდეც, რომ ბავშვს თავიდან მოცილებ.

– არ მიხარია, მაგრამ დროა, გაიზარდოს, ჩემდამი ასეთი ლოიალური არ ხარ ხოლმე, რატომღაც.

– შვილის გშურს? და არ გრცხვენია?

– არა, არ მრცხვენია. დედა, ცოტა ვერ ვარ და დავისვენებ, თუ შეიძლება, მერე დაგირეკავ, – სთხოვა მარინამ.

– ბავშვი გამოაგდე სახლიდან? – არ ცხრებოდა ჯული.

– არც ბავშვია და არც გამომიგდია. დამშვიდდი.

– იმედია, არ გავიწყდება, რომ ჩემს ბინაში ცხოვრობ და ეს ბინა ლიკასია, – მოულოდნელად უთხრა ჯულიმ.

მარინა ამას არ ელოდა და გაბრაზდა:

– ანუ მაგდებ, თუ ქირა გადაგიხადო? – მიახალა პირდაპირ და ჯული ოდნავ შეცბა:

– რა შუაშია, გაგდებ. შეგახსენე, რომ ეს ბინა ორივესია. აი, შენ რომ იმ ვაკოსთვის შენი წილი გამოგერთმია და ბავშვისთვის ბინა არ დაგეკარგა, პრობლემა არ იქნებოდა.

– და ახლა რა პრობლემაა, დედა? – მარინას ხმა აუკანკალდა და საცაა, ტირილს დაიწყებდა, მაგრამ თავს სძლია, ცრემლები გადაყლაპა და, როგორც შეძლო, მტკიცე ხმით უთხრა დედამისს:

– ახლა არ მცალია, გვიან დაგირეკავ, – და ტელეფონი გაუთიშა.

მერე ისევ აიღო ტელეფონი და საერთოდ გამორთო. საძინებელში შევიდა და ლოგინზე ზემოდან დაწვა. უნდოდა, დაევიწყებინა, რაც მოხდა, მაგრამ დაჟეჟილი სხეული და თავის კანის ტკივილი ახსენებდა, რაც მის თავს დატრიალდა.

ყველაფერი კი იანვრის იმ ფერმკრთალ დღეს ასე დაიწყო:

მარინამ კარგ ხასიათზე გაიღვიძა. ლიკაც სახლში იყო. საუზმეც კი მოემზადებინა: ავოკადოს ბუტერბროდები. მარინა კიდევ უფრო მეტად გახალისდა. რძიანი ყავა დაისხა და ბუტერბროდი დააგემოვნა.

– რა გემრიელია, რა გოგო ხარ? – მადლიერებითა და სიყვარულით შეხედა შვილს. შვილმაც გაუღიმა საპასუხოდ.

– დედა, მე გავალ და დღეს ცოტა დამაგვიანდება. შენ რას აპირებ დღეს?

– მე აგარაკისთვის გათბობის ქვაბი უნდა გამოვიტანო და ავიტანო. ხელოსანიც მოვა და დაამონტაჟებს.

მარინამ დიდი ხნის ოცნება აისრულა და საგურამოში აგარაკი იყიდა. სახლი ძველი იყო, ამიტომ მთელი ზაფხული მის დაშლასა და ახლის აშენებას მიალია. ძალიან კი დაიღალა, მაგრამ მაინც კმაყოფილი იყო: შედეგი ღირდა შრომად, უფრო კი წვალებად, იმიტომ რომ მარინას თავად უწევდა სირბილი ნებისმიერ, თვით უმნიშვნელო დეტალზეც კი, სამაგიეროდ, კმაყოფილებას გრძნობდა, რომ ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ლიკას უნდოდა. ლიკას არც ერთი სურვილისთვის არ გაუწევია წინააღმდეგობა.

ის იყიდა, რასაც ლიკამ დაადო ხელი, მიუხედავად ფასისა. თუმცა არც საკუთარი თავისთვის უწყენინებია. სახლი ორ ტოლ ნაწილად გაყო: ბუნებრივია, სამზარეულოსა და მისაღების გარდა და თავისი მხარე ისე მოაწყო, როგორც თავად უნდოდა.

სახლი დიდი არ იყო, თუმცა საკმაოდ ტევადი და კომფორტული, ამიტომ გათბობის ჩვეულებრივი ქვაბის დაყენება გადაწყვიტა, რაშიც ლიკას მეგობარი სალომე დაეხმარა, იაფად აყიდინა „ელექტროლუქსის“ ქვაბი.

სალომესა და ლიკას, მართალია, დიდი ხნის მეგობრობა არ აკავშირებდათ ერთმანეთთან, მაგრამ, როგორც ლიკა უმტკიცებდა, საუკეთესო ადამაინი იყო. მარინაც, ჩვეულებისამებრ, შვილს უჯერებდა და, საერთოდაც, მარინას საკუთარი შვილის ყოველთვის სჯეროდა და ეჭვი არასდროს შეუტანია მის სიტყვებში.

ოღონდ არ იფიქროთ, რომ მარინა გულუბრყვილო და სენტიმენტალური ადამიანი იყო. უბრალოდ, ვინც უყვარდა, მათ უპირობოდ ენდობოდა, ლიკა კი ამ ქვეყანაზე, ალბათ, ყველაზე მეტად უყვარდა.

მარინამ ცოტა იყოყმანა, მაგრამ მაინც ჰკითხა შვილს:

– ხომ არ მატყუებ, ხომ მართლა აღარ ხვდები იმ... – მარინამ ფრაზა არ დაასრულა, იმიტომ რომ არ უნდოდა იმ ბიჭის სახელის ხსენებაც კი. იმდენად დიდ სიძულვილს გრძნობდა მისადმი, რომ უდიდეს ძალისხმევად უჯდებოდა, არ დაეწყევლა და ცუდი არ ესურვებინა.

– დედა! – ნაწყენი სახით შეხედა ლიკამ.

– კარგი, მაპატიე, მაგრამ შეიძლება, გავგიჟდე, რომ წარმოვიდგენ... – მარინამ ისევ არ დაასრულა ფრაზა.

ლიკამ სიტყვა ბანზე აუგდო: კიდევ ხომ არ მოგიმზადო ბუტერბროდი?

– არა, საკმარისია. გონიერი ხარ და ვიცი, ხვდები, რომ ეს ფსკერია და მისგან არაფერი გამოვა, არასდროს და შენც იმ ფსკერზე აღმოჩნდები.

– ვიცი, დედა, რამდენჯერ უნდა გაიმეორო ერთი და იგივე. პატარა ხომ არ ვარ?! – გაღიზიანდა ლიკა: საერთოდ არ მენდობი?

– შენ როგორ არ გენდობი, – მაშინვე დაუყვავა მარინამ, – მაგრამ არათუ შენ, მეც კი შეიძლება, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რომ შეცდომა ჩავიდინო.

მარინა ტყუილს ამბობდა, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მას აწი ვეღარავინ მოატყუებდა, მაგრამ ახლა ეს ლიკასთვის გულის მოსაქონად თქვა.

– ხომ აშკარაა, რომ გიყენებს. რატომ არ გამოგიყენებს? რას წარმოადგენს? სრული ნულია.

ლიკამ შეწუხებული გამომეტყველება მიიღო.

– დავიღალე, დედა, ხომ გითხარი, რომ არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს, მე ჩემთვის ვარ, ის – თავისთვის.

– კარგი, აღარაფერს ვიტყვი, – მარინას კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ თავს მოერია, იმიტომ რომ შვილთან ჩხუბს მოერიდა და ისიც იცოდა, რომ, რაც მეტად დაუშლიდა, მით მეტად მოუნდებოდა ლიკას იმ, მარინას აზრით, დედამიწაზე უსაზიზღრეს ადამიანთან ურთიერთობა, ამიტომ დუმილი ამჯობინა.

– მიყვარხარ, – უთხრა ლიკამ და აკოცა, – წავედი, თუ რამე დაგჭირდა, დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები.

– მეც მიყვარხარ, – უთხრა მარინამ შვილს და გაუღიმა.

რა თქმა უნდა, გააცილა და მერე ფანჯრიდანაც უყურებდა.

ლიკას ვერაფერს ამჩნევდა საეჭვოს, ამიტომ მარინას გული მშვიდად ჰქონდა, მაგრამ მაინც შიშობდა. უფრო ლევანის (ასე ერქვა, როგორც მარინა თავისთვის ეძახდა – იმ უხსენებელს) იმედი არ ჰქონდა, ისე იყო ჩაბღაუჭებული ლიკას.

იყო კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც მარინამ „უხსენებლად“ წოდებული აითვალწუნა: მარინას ეჭვი ჰქონდა, რომ ლევანი უცხოეთში სასწავლებლად კი არა, საქურდლად დაიარებოდა და, რაც მთავარია, ნარკოტიკებთანაც მეგობრობდა. ამიტომ მას ისე უფრთხოდა, როგორც კალიას (გაგიკვირდებათ და, მარინას სიკვდილივით ეშინოდა კალიების).

– რამდენს ვფიქრობ იმ უვარგისზე, ძალიან დიდი პატივია მისთვის, – ჩაილაპარაკა, – ჯობია, საქმეს მივხედო.

მარინამ საწყობიდან გათბობის ქვაბი გამოიტანა და საგურამოსკენ გაუყვა გზას, იმ იმედით, რომ მეზობელი ქვაბის სახლში შეტანაში დაეხმარებოდა. მერე კი მეგობართან აპირებდა გავლას. მართლაც, ვასო (ასე ერქვა მეზობელს) დაეხმარა და მარინა ჩაითაც გაუმასპინძლდა.

მანქანაში რომ ჩაჯდა, ყურსასმენები მოირგო და სალომეს, ლიკას მეგობარს, დაურეკა, რა თქმა უნდა, მადლობის სათქმელად.

მარინას სალომე, რატომღაც, არ მოსწონდა, ვერ აეხსნა, რატომ: სალომე, ხომ, მარინას ყოველთვის დიდი მოწიწებით ექცეოდა?! მაგრამ ერთხელ, სულ ერთადერთხელ, შემთხვევით სალომეს მზერა დაიჭირა, მარინას უყურებდა და იმდენად ბინძური აზრები იკითხებოდა ამ მზერაში, რომ მარინას უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მას შემდეგ უნდობობის ჭია ჩაუსახლდა გულში, თუმცა ხელმოსაჭიდი მიზეზი არ ჰქონია.

სამაგიეროდ, ლიკა აქებდა მუდმივად სალომეს და უკიდეგანოდაც ენდობოდა, იმავეს ურჩევდა დედამისსაც. თუმცა, რადგან მარინას სალომესთან არანაირი საერთო არ ჰქონდა, ნდობა-არ ნდობის საკითხი მათ შორის არც იდგა.

– გამარჯობა, მარინა დეიდა, – ჩვეულებისამებრ, დაშაქრული ხმით უპასუხა სალომემ.

ეს „მარინა დეიდაც“ მიმართვის უცნაური ფორმა იყო, რადგან სალომე მარინაზე უფროსს თუ არა, მარინას ასაკის ქალს ჰგავდა, თუმცა ლიკაზე მხოლოდ ერთი წლით იყო უფროსი, მაგრამ, რაც მთავარია, თავად მარინას არ უქმნიდა არანაირ პრობლემას „მარინა დეიდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი