რომანი და დეტექტივი

სიყვარულის მეორე მხარე

№7

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.02, 2023 წელი

სიყვარულის მეორე მხარე
დაკოპირებულია

მარინა იატაკზე იჯდა და ვერ ინძრეოდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, ხელ–ფეხი არ ემორჩილებოდა და წელი ისე სტკიოდა, შიგადაშიგ სუნთქვა ეკვროდა. ორივე ხელი თავზე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს თავდამსხმელს გაურბოდა. სინამდვილეში, თავის კანი უფეთქავდა ტკივილისგან.

იმ დღეს, იმ წამს მარინას სამყარო ნაწილებად დაიმსხვრა და უჭირდა იმის გარკვევა, უკვე მოკვდა თუ ისევ ცოცხალი იყო.

– ჯობია, მოვკვდე, – გაიფიქრა და ხელები კიდევ უფრო ძლიერად შემოიჭირა თავზე, თითქოს ცდილობდა, ტვინიც დაეჭირა თავზე შემოხვეული ხელებით, რომ რამე უგონობა არ ჩაედინა.

არაფერზე ფიქრობდა. ვერ ფიქრობდა. ბოლოს, როგორც იქნა, სხეული აკრიფა და წამოდგა. ტანში ამტვრევდა, თითოეული კუნთი სტკიოდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. თვალი მოავლო ბინას, რომელიც ასე ძალიან უყვარდა და ახლა ეზიზღებოდა, რადგან, თავადაც თუ დაივიწყებდა, ამ კედლებს მაინც ყველაფერი ემახსოვრებოდა და ყოველთვის შეახსენებდნენ, რომ მარინა, ვინც ბუზსაც კი არ ისვამდა, დღეს საკუთარმა შვილმა სცემა.

მარინამ თავისდა უნებურად შვილის გამართლება დაიწყო: ჩემი ბრალია, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ზედმეტი მომივიდა და ავანერვიულე.

მაგრამ საკუთარი ფიქრებისაც შერცხვა, იმიტომ რომ მისთვის თავისი 40 წლის განმავლობაში არავის მიუყენებია ასეთი შეურაცხყოფა. მეტიც, არათუ ასეთი, ამის მეასედიც კი. ტირილის თავიც არ ჰქონდა, იმიტომ რომ ტკივილი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საკუთარი თავის შეცოდების სურვილი. ბუნებრივად გაუჩნდა ვინმესგან თანადგომის სიტყვების მოსმენის მოთხოვნილება, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუაგდო: ვისთვის უნდა მოეყოლა ის სამარცხვინო ამბავი, რაც თავს გადახდა?!

ლოგინზე ავიდა და კედელთან, კუთხეში დაჯდა. ფეხები მოკეცა და ხელები შემოხვია. მოიკუნტა. ასე თავს უფრო დაცულად გრძნობდა. ვერც იხსენებდა მკაფიოდ, რა მოხდა, გახსენებაც არ უნდოდა, მხოლოდ ის ახსოვდა, რომ საკუთარი შვილი პოლიციის გამოძახებით შეაშინა, თითქოს ახლაც გრძნობდა, რა გამეტებით ურტყამდა წიხლებს მუცელსა და ხერხემალში, როგორ ათრია თმით. მარინა ცდილობდა, ხელებით დაეჭირა თმა, ეგონა, რომ თავის ქალა აეხდებოდა. მაგრამ არც თავის ქალა აეხადა და არც არაფერი ჰქონდა მოტეხილი.

არ ახსოვს, რამდენ ხანს იჯდა ლოგინზე. სიბნელემ გამოაფხიზლა. შეეშინდა. წამოხტა და კარს მივარდა, გადაკეტა და ურდულითაც ჩაკეტა შიგნიდან. შუქი აანთო და სარკეში ჩაიხედა: სახეზე ცემის კვალი არ ემჩნეოდა.

– მარი, – შემოესმა ხმა, თუმცა მას არ ეძახდნენ. მის ქვემოთ ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ–ქმარი, შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი. ქმარს რამაზი ერქვა და ცოტა რთული სიმთვრალე ჰქონდა.

მარინას სიმწრით გაეცინა. მარის გულში კიცხავდა ხოლმე, რატომ ცხოვრობდა კაცთან, რომელიც ყოველთვის ამცირებდა. რამაზი კვირაში ორჯერ ქეიფობდა ხოლმე, რაც აუცილებლად დებოშით მთავრდებოდა და მთელი სახლის გასაგონად ცოლის დედის ყველა ბრუნვაში ტრიალით. ჩვეულებისამებრ, რამაზი, ფხიზელიც კი, ცოლს ქვემოდან ეძახდა ხოლმე, ხოლო, თუ ცოლი დროულად არ გამოეპასუხებოდა, ბილწ გინებას მიაყოლებდა. როგორც ჩანს, დღესაც იგივე სცენა გამეორდებოდა, თუ მარი დროულად არ გამოეხმაურებოდა ქმარს.

მარინა უნებლიეთ ფანჯარასთან მივიდა და ფარდის უკან დადგა. შეიძლება, იმიტომ რომ ერჩივნა, თუ სხვასაც ნახავდა იმავე მდგომარეობაში, როგორშიც თავად იყო, ეს რაღაცნაირად დაამშვიდებდა.

ადამიანი უცნაური არსებაა, თუ გულზე ხელს დავიდებთ, მართლაც, ამშვიდებს, როდესაც, თუ თავად უბედურია, გარშემოც მასავით ან უფრო უბედურები ახვევია.

– მარი! – ამჯერად უფრო ხმამაღლა და აგრესიულად დაუძახა ქმარმა.

მარის პასუხი არ ისმოდა და მარინამ ათამდე დაითვალა, მეთერთმეტე თვლაზე რამაზმა დასჭექა:

– მოკვდი, შე შობელძაღლო?! – მარინა სმენად იქცა.

ნახევარ წუთსაც არ გაევლო, რამაზმა ისეთი სიტყვებით წამოიწყო ცოლის გინება ქუჩიდან, რომ მარინამ, როგორც ყოველთვის, თავი უხერხულად იგრძნო და ფანჯარას მოშორდა, თუმცა მაინც გაიგონა, როგორ მშვიდად და ტკბილად გადასძახა ცოლმა ქმარს:

– რა გაყვირებს, აივანზე ვიყავი და შენი ხმა ვერ გავიგონე, ამოდი, არ გაცივდე.

მარინას არასდროს ესმოდა, რატომ ელოლიავებოდა მარი თავის ქმარს, რატომ უთმენდა ამდენს და აძლევდა შეურაცხყოფის უფლებას. ერთხელ ირიბად ჰკითხა კიდეც ამის შესახებ და ისეთი პასუხი მიიღო, მსგავსი შეკითხვის დასმის სურვილი გაუქრა:

– შენ არ იცი, როგორ უნდა მოექცე კაცს, იმიტომ რომ არ გყავს, – ქედმაღლურად გაუღიმა მარიმ და დანანებით გადაიქნია თავი.

მაშინ მარინას უნდოდა, პირში მიეხალა მისთვის, რასაც ფიქრობდა მარიზეც და მის „კაცზეც“, მაგრამ თავი შეიკავა და დაეთანხმა:

– მართალი ხარ, რამაზისნაირი კაცი იშვიათობაა, მე ასე არ გამიმართლა, – და თუმცა ეს ირონიულად უთხრა, მარიმ სავსებით სერიოზულად მიიღო და კმაყოფილებით დაუქნია თავი დასტურის ნიშნად.

– რამ გამახსენა, თითქოს მეტი პრობლემა არ მქონდეს, – ამოიოხრა მარინამ, – ქმარს კი გაეყრები, მაგრამ შვილს?!

მარინას ამის გაფიქრებაზე გულში, შიგნიდან, თითქოს დენმა გაუარაო და გააშეშა. ვერ ინძრეოდა და ვერც სუნთქავდა, იმიტომ რომ კუნთის ნებისმიერ მოძრაობაზე აუტანელ ტკივილს გრძნობდა გულში.

– ხომ შეიძლება, გამისკდეს და დავისვენო?!

ეს თქვა თუ არა, თითქოს დენმა მეორედ გაუარა გულში. თვალები დახუჭა და სცადა, მოდუნებულიყო, რომ როგორმე იმ უჯრასთან მისულიყო, რომელშიც წამლებს ინახავდა.

რის ვაივაგლახით დაიძრა, მაგრამ ამის გაფიქრება მაინც მოასწრო:

– ადამიანი ცხოველია, ვითომ სიკვდილი მინდა და ამ დროს წამალს ვეძებ, – მაგრამ ახლა ამის გაანალიზების თავი არ ჰქონდა. უჯრაში „ვალიდოლი“ მოძებნა, ენის ქვეშ ამოიდო და სკამზე დაჯდა. თვალები ისევ დახუჭა და შეეცადა, ტკივილი დაენახა და მოფერებოდა.

– მგონი, ვგიჟდები, რა დროს ტკივილის მოფერებაა? – მარინამ თვალები ფართოდ გაახილა, მაგრამ გულში ისევ დაუარა წვრილი მავთულისმაგვარმა ელვამ და თვალები ისევ დახუჭა. ტკივილი დაუამდა.

მარინას თვალის გახელის ეშინოდა, ისევ რომ მეტკინოსო, ამიტომ თვალდახუჭული იჯდა და არ ინძრეოდა.

საიდანღაც ოდესღაც ამოკითხული ფრაზა ამოუტივტივდა გონებაში:

„მე ის ვარ, რაც ჩემს თავს დავმართე და არა ის, რაც დამემართა.“

მარინამ თვალები გაახილა. გული აღარ სტკიოდა, ამიტომ „ვალიდოლი“ გადააგდო და ჩაიდანი დაადგა. წელმა გაჰკრა და თავიც უბჟუოდა. სხეულს, რაკი გულიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, გაახსენდა, რომ ნაცემი იყო.

მარინამ ჩაი დაისხა და ისე, რომ ვერც მიხვდა, წარსული ამოუტივტივდა.

***

იმ საღამოს მარინასთან და ვაკოსთან მარინას დაქალი ლალი და ვაკოს ძმაკაცი ალეკო მოვიდნენ. ორივენი მათი შვილის ნათლიები იყვნენ. თუმცა ნათლული ბებია-ბაბუასთან იყო სტუმრად. ალეკო მათთან ყოველთვის ცოლის გარეშე მიდიოდა, რაც მარინას უკვირდა, მაგრამ არაფერს ეკითხებოდა, იმიტომ რომ ეს მისი საქმე არ იყო, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა კი არ უყვარდა. ერთხელ იმ ფიქრმაც კი გაჰკრა გულში, რადგან ალეკო საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, მისი ცოლი – ნაკლებად მომხიბვლელი, იქნებ, რცხვენიაო. მაგრამ თავად შერცხვა ამ ფიქრის და მას შემდეგ აღარც კი გაუხსენებია.

გულის სიღრმეში იმასაც ამჩნევდა, რომ ლალი ალეკოს ეკურკურებოდასავით, მაგრამ ეს აზრიც დაივიწყა, ბოლოს და ბოლოს, ორივე მისი შვილის ნათლია იყო.

მოკლედ, ცოტა დალიეს, ბევრი იცინეს და ბევრი სიგარეტიც მოწიეს.

უცებ ლალიმ მარინას თვალით ანიშნა, გამოდიო. მარინა მიხვდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. საძინებელში შევიდნენ.

– არა, საპირფარეშოში ჯობია, – რატომღაც უთხრა ლალიმ მარინას. მარინამ თავი დაუქნია და ორივენი საპირფარეშოში შევიდნენ.

ლალი თავის მორიგ შეყვარებულზე უყვებოდა: ისტორია ბანალური იყო და მარინა ცალი ყურით უსმენდა, თუმცა შიგადაშიგ აქტიურად უქნევდა თავს და ეთანხმებოდა. ბოლოს, ლალიმ რჩევა ჰკითხა, რადგან მარინას ის ბიჭი მაინცდამაინც არ ეპიტნავებოდა და მიხვდა, რომ ლალიც ორჭოფობდა, დაუფიქრებლად უპასუხა:

– ჰოდა, დაიკიდე და ვინმე სხვა იპოვე. სრული იდიოტია, ხომ ხედავ და არც არასდროს გამოსწორდება, სულ ასეთი იქნება.

ლალი დიდი ენთუზიაზმით არ დაეთანხმა, მაგრამ ეტყობოდა, რომ მასაც მსგავსი აზრი ჰქონდა.

რადგან განმარტოებით გასაუბრება ამოწურულად ჩათვალა, მარინას ლალიმ უთხრა:

– მე გავალ, – ლალიმ თავი დაუქნია.

მარინამ კარი რომ მიხურა, დაინახა, რომ საპირფარეშოს კართან მისი ქმარი იდგა.

– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა გაკვირვებულმა.

– რაზე ლაპარაკობდით? – ვაკო საკმაოდ აგრესიული იყო, თან, გვარიანად ნასვამი.

– რა შენი საქმეა? – არ შეეპუა მარინა: ამდენს ნუ სვამ, ხომ ხედავ, ტვინი გერევა?! გამატარე.

მარინამ ვაკოს გაწევა და გავლა სცადა, მაგრამ უცებ თვალებში დაუბნელდა. როდესაც ლალიმ წამოაყენა, მერეღა მიხვდა, რომ ვაკომ სახეში გაარტყა და იმდენად ძლიერად, რომ მარინა წაიქცა და ზურგით კედელს მიეჯახა.

იმდენად იყო გაოგნებული, რომ უცებ აზრებს თავი ვერ მოუყარა. ვაკო არ ინძრეოდა და არც შეწუხება ეტყობოდა იმის გამო, რაც ჩაიდინა. ლალი დაბნეული იდგა მათ შორის და ცდილობდა, ვაკო და მარინა დაეშორიშორებინა.

– მე ვარ იდიოტი, არა?! – და მარინა მიხვდა, რომ ვაკომ მათ მიაყურადა და არასწორად გაიგო მათი ნათქვამი, მაგრამ მაშინვე მიხვდა იმასაც, რომ არაფრის ახსნას არ აპირებდა. სხეული სტკიოდა და მარცხენა ლოყა ეწვოდა. უცებ ძალიან გაბრაზდა და ვაკოსკენ თავად გაიწია.

მარინას არ ახსოვს, რას ამბობდა და როგორ იქცეოდა, ეს მისი პირველი ისტერიკა იყო 22 წლის განმავლობაში, რაც ამ დედამიწაზე დაიარებოდა, მხოლოდ შიგადაშიგ მსხვრევის ხმა ესმოდა.

მარინამ დაამსხვრია ყველაფერი, რასაც მისწვდა, ტელევიზორის ჩათვლით და ერთსა და იმავეს იმეორებდა: ახლავე გაეთრიე!

სულ ბოლოს, როდესაც ტელევიზორი გადმოაგდო, თითქოს გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ ეს მისი სახლი არ იყო.

– შენ როგორ წახვალ?! ეს მე უნდა წავიდე, – და საძინებელში შევარდა. გაუაზრებლად ყრიდა კარადიდან ტანსაცმელს. მერე ჩემოდანს დაუწყო ძებნა. ლალი და ვაკო, რომელიც ამასობაში გამოფხიზლდასავით, ცდილობდნენ მარინას შეჩერებას, მაგრამ მარინა ვაკოს სახის დანახვაზე უფრო და უფრო შეურაცხადი ხდებოდა.

მას თავის სიცოცხლეში პირველად შეეხნენ ხელით. ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო მარინასთვის, რომ ვაკო უკვე მის დაუძინებელ მტრად იქცა, მთელი არსებით სძულდა და ეზიზღებოდა, თუმცა არანაირ შიშს არ გრძნობდა. ერთადერთი რამ უნდოდა, რომ მისი სახე აღარასდროს დაენახა.

– სად უნდა წახვიდე? – ვაკო მარინას დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ მარინა უფრო და უფრო ცეცხლდებოდა. მაგრამ მთავარი, რაც მარინას პატივმოყვარეობას კიდევ უფრო ლახავდა და ვაკოს აძულებდა, ის ფაქტი იყო, რომ ამბავს ლალი და ალეკოც შეესწრნენ. ესე იგი, მას უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. იმ მომენტში მარინა ამდენს ვერ აანალიზებდა, იმდენად იყო მასში ათქვეფილი შეურაცხყოფისა და სირცხვილის გრძნობა.

მარინა, რომელსაც დაბადებიდან ხელის გულზე ატარებდნენ, ვიღაც ნაბიჭვარმა ვაკომ სცემა. ზუსტად ამ ფრაზამ გაუელვა მაშინ მარინას გონებაში.

***

მარინა ახლაც კი, 20 წლის შემდეგ, წამოჭარხლდა, ეს ამბავი რომ გაახსენდა, თუმცა ეგონა, რომ კარგა ხნის წინათ დაივიწყა. მაგრამ, როგორც ჩანს, თავმოყვარეობისთვის გაწნილი სილა ასე იოლადაც არ ქარწყლდება.

– ნაბიჭვარი, – თავისთვის ჩაილაპარაკა იმ მარინაზე ახლა უკვე 20 წლით უფროსმა მარინამ და თვალები ცრემლებით აევსო, იმიტომ რომ საკუთარი თავის შეცოდებაც ერთგვარი ნარკოტიკია.

ორჯერ მიაყენეს მას შეურაცხყოფა, როგორც თავად თვლიდა, დაუმსახურებლად და ორჯერვე, ფაქტობრივად, ერთმა და იმავე ადამიანმა: ვაკომ და მისმა შვილმა.

და მარინა შეზარა აზრმა, რომელიც თავში მოუვიდა: არც თავისი შვილის დანახვა უნდოდა. ებრძოდა ამ განცდას, მაგრამ ვერ ერეოდა.

სკამიდან ადგა, თავის კანი ისევ სტკიოდა, იმიტომ რომ... და მარინას ცრემლები ღაპაღუპით წამოსცვივდა... ლიკამ ერთი-ორი მეტრი დედამისი თმით ათრია.

სწორედ დღეს მიამსგავსა მარინამ ლიკა ვაკოს. მათ შორის მსგავსება ადრე არასდროს შეუნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეუბნებოდა, მამას ჰგავსო. მარინა ამ მსგავსებას ვერ ხედავდა, დღეს კი ისე თვალნათლივ დაინახა, რომ ნანობდა კიდეც, შვილი მამამისთან რომ არ დატოვა.

– გამივლის, – თავს იიმედებდა და გაუჩერებლად ტიროდა.

თუმცა ეს მთლად თავის დაიმედებაც არ იყო: მარინა სკოლაში სწავლის პერიოდიშივე მიხვდა, როდესაც სინუსები და კოსინუსები ასწავლეს ალგებრაში, რომ ცხოვრება სინუსოიდას ჰგავდა (მაშინ არ იცოდა, რომ ეს უკვე იცოდნენ ადამიანებმა), ამიტომ, როდესაც ცუდი დღე ჰქონდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა: მთავარია, ხვალამდე გავძლო და, მართლაც, კარგი ხვალ ცვლიდა ცუდ გუშინდელს, თუმცა კარგი ხვალ ნიშნავდა ცუდ ზეგინდელს და ასე დაუსრულებლად.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი