რომანი და დეტექტივი

სიყვარულის ყულფი

№2

ავტორი: ნია დვალი 20:00 20.01, 2022 წელი

სიყვარულის ყულფი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #1(1097)

ნაილი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მშობლების სიტყვა მისთვის კანონი იყო და ზუკას მამასაც მშობლების მოთხოვნით გაჰყვა ცოლად. ნაილისთვის მამამისი ღმერთი იყო, უფრო ზუსტად – ღმერთზე უფრო ღმერთი, ამიტომ პროტესტის განცდა არც კი გასჩენია, გურამი რომ გააცნეს: შესახედავად დიდი ვერაფერი, მაგრამ, სამაგიეროდ, ნაილის მამის „ცეხავიკი“ პარტნიორის შვილი. ჩეჩქად ფულს რომ აკეთებდნენ საბჭოთა დროს. ჰოდა, რაკი ფული ფულთან მიდისო, ნაილი და გურამი დაქორწინდნენ. შვილიც შეეძინათ და ნაილი თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევდა: ჰქონდა ყველაფერი, ცხადია, სიყვარულის გარდა, თუმცა ნაილის ეს საკითხი არც აღელვებდა, ვინაიდან მას ბავშვობიდან ასწავლეს, რომ ქალის მოვალეობაა გათხოვება, შვილების გაჩენა და ოჯახის თბილი კერის (ეს ცინიკური გამოხდომა ჩემია) მოვლა-პატრონობა. შვილები არ გამოვიდა, ვინაიდან ნაილი მხოლოდ ერთხელ დაფეხმძიმდა, შემდეგ გურამმა ათაშანგი დაიმართა, ბუნებრივია, ნაილისაც გადასდო და ერთადაც იმკურნალეს. ნაილის არასდროს დასცდენია საყვედურიც კი (იმიტომ, რომ ნამდვილმა კაცმა ქალებში უნდა იაროსო, ასე ჩაუბეჭდეს ტვინში), მაგრამ მეტი შვილის გაჩენის პერსპექტივა სამუდმოდ დაკარგეს. ამიტომ ზუკაზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე: ცივ ნიავს არ აკარებდნენ და ნებისმიერ ახირებას უსრულებდნენ, ბებიისა და ბაბუის ზრუნვამ, ხომ, საერთოდაც, პარაზიტად აქცია ბავშვი. მაგრამ გურამი გარდაიცვალა და 15 წლის ზუკა დაობლდა. თუმცა ბაბუას მისთვის ობლობა არ უგრძნობინებია. ოღონდ ვერც იმას ვიტყვით, რომ ზუკამ ძალიანაც განიცადა მამის გარდაცვალება. ვერც მოახერხებდა, რომც სდომებოდა, იმიტომ რომ მამას, ფაქტობრივად, არ იცნობდა. მამამისი სახლში მოდიოდა, როდესაც ზუკას ეძინა და როდესაც ზუკა მიდიოდა, მაშინ უკვე მამამისს ეძინა. მაგრამ, რაკი ის თავისი ოჯახის სისხლისმიერი შვილი იყო, იცოდა, რომ ობლობა ცუდია და, ამასთან, გამორჩენის საუკეთესო საშუალებაც.

სწორედ იმ პერიოდში გიცნო ზუკამ ნატალი. ტოლები იყვნენ. ნატალის ბებია ზუკას მეზობელი იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში მისი მშობლები უცხოეთში მუშაობდნენ და დაბრუნდნენ თუ არა, ნატალი ყოველ შაბათ-კვირას ბებიასთან რჩებოდა.

ნატალის ბებია, ეთერი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, ზუკას ყველაზე მკაფიოდ, რატომღაც, მისი პროფილი დაამახსოვრდა, პროფილიდან კი საუცხოო მოყვანილობის ცხვირი, როგორიც მხოლოდ ბერძენი ღვთაებების ქანდაკებებზე უნახავს ალბომებში. ნატალი ბებიას ჰგავდა – იქნებ, დედასაც, უბრალოდ, ზუკას ნატალის დედა არასდროს ენახა. ვერც ნახავდა, იმიტომ რომ ნატალის დედინაცვალი ჰყავდა. შეიძლება, იმიტომაც, რომ დედინაცვალი ჰყავდა, ერთ მშვენიერ დღესაც, რაც ქალბატონ ნაილის ცხოვრებაში ყველაზე შავ დღედ ჩაიწერა, ნატალი ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.

გულზე თუ ხელს დავიდებთ, დედინაცვლების უმეტესობას გერები არ უყვართ, მართალია, პირადად ჩემთვის ეს მოვლენა დღემდე აუხსნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და, ვფიქრობ, ამაში ლომის წილი მიუძღვის ზღაპრებს ბოროტი დედინაცვლების შესახებ, მაგრამ ახლა ამის გარჩევის დრო არაა.

ზუკა ვერ მიხვდა, რატომ გაახსენდა ნატალი – არადა იმდენად მკაფიოდ გაახსენდა, რომ მისი ღია წაბლისფერი თმის სურნელიც კი იგრძნო და დიდი შავი, წყლიანი თვალებიც დაინახა. ნატალი იყო ყველაზე სუფთა ადამიანი, რომელიც მას ოდესმე შეხვედროდა ცხოვრებაში. ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ ენდობოდა და ერთადერთი ქალი, რომელიც უყვარდა. ოღონდ დიდხანს არა.

დედამისის გაღიზიანება მოუნდა: დედა, გახსოვს ნატალი?

ნაილიმ ვითომ ვერ გაიგონა შვილის ნათქვამი. ზუკამ მისი ეს ხრიკი კარგად იცოდა და მეორედ ისეთ ხმაზე დასჭექა, ნაილი იძულებული გახდა, „გაეგონა“: არა, აბა, გამახსენე?!

– მგონი, დამიბერდი...

ზუკამ ზურგიდან იგრძნო, როგორ წამოუწითლდა სიავისგან სახე ნაილის, მაგრამ ხმაზე არ შეიმჩნია: აღარაა დრო, შვილო?!

– მართალი ხარ, დედა, უკვე დროა, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

– მეც მაგას ვამბობ, – რატომღაც, გახალისდა ნაილი, რომელიც კართან იდგა, ვინაიდან შვილის ოთახში შესვლა დაუკითხავად აკრძალული ჰქონდა: შეიძლება, შემოვიდე?

– შემოდი, – გულმოწყალება გამოიჩინა ზუკამ, აბა, მითხარი, რა გეგმა მოგიმწიფდა თავში?

– პატარა ბიჭი არ ხარ, დროა, ცოლი მოიყვანო. თორემ დარჩები ბერბიჭად და უშვილძიროდ ან მერე ვიღაც ქუჩის ქალი დაგახვევს თავბრუს და მთელ ქონებას დაეპატრონება.

როგორ ეზიზღებოდა ზუკას დედამისის სნობიზმი და მეშჩანობა და აკვიატებული აზრი, რომ მთელი სამყარო გამეცადინებული იყო ომიაძეების ქონების დასაპატრონებლად ან რა ისეთი ქონება ჰქონდათ, რო?!

– მართალი ხარ, დედა, აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს და ხომ არ ჯობია, ღარიბი ოჯახიდან, რომ ეგრევე ინფარქტი მიიღოს, ჩვენს ქონებას რომ დაინახავს?! – ზუკა ახარხარდა. დედამისი ეცოდებოდა, იმიტომ რომ იცოდა, უბრალოდ, ასე გაზარდეს და ნაილის ბედნიერების მწვერვალი მეთვრამეტე საუკუნის ჭაღები იყო (სხვა რამეებიც, მაგრამ იმ სხვა რამეებში ზუკა ვერ ერკვეოდა, მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის ჭაღები დაამახსოვრდა).

– შენ ხომ ადამიანი ვერ დაგელაპარაკება! – ვითომ გაბრაზდა ნაილი, სინამდვილეში, მას მამაკაცებზე გაბრაზება არ შეეძლო, ასე ასწავლეს – კაცი ყოველთვის მართალია, მაგრამ, სამაგიეროდ, ქალებს ექცეოდა ძალიან ცუდად, აგდებულად და უპატივცემულოდ. – გვიან დაბრუნდები?

– არ ვიცი. შენ დაიძინე და მე რამენაირად გამოვაგნებ გზას სახლისკენ, – უთხრა შვილმა და თვალებით ანიშნა, გასულიყო.

ზუკამ შესაფერისი ტანსაცმელი ამოარჩია. ერთ-ერთ მძღოლს დაურეკა, რომ მთავარ ბუღალტერთან გაევლო, თავად კი სასადილო ოთახში გავიდა. მომსახურე პერსონალს მისი საყვარელი სალათები უკვე მოემზადებინა, საქმიანი შეხვედრების წინ მსუბუქად წახემსება უყვარდა. ეს ერთგვარი რიტუალი იყო, რასაც, ცრურწმენისა თუ სხვა მიზეზთა გამო, იცავდა.

ნება-ნება მიირთმევდა და ნატალიზე ფიქრობდა. ძირითადად, ცუდ ხასიათზე დგებოდა მისი გახსენებისას, მაგრამ დღეს რაღაც სხვანაირ გუნებაზე იყო და მოზარდობის ხანის გახსენება სიამოვნებას გვრიდა.

ნატალისთან შეეძლო, საათობით ელაპარაკა და არ ბეზრდებოდა (ეს მერე და მერე დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ის დროებითი მოვლენა იყო და ნატალიც ისევე მობეზრდებოდა, როგორც დანარჩენი ქალები ბეზრდებოდნენ). მაგრამ ახლა მხოლოდ სასიამოვნო განწყობას უქმნიდა, როდესაც ნატალის სახეს წარმოიდგენდა. მართალია, მამა ცოცხალი ჰყავდა, მაგრამ ნატალი ზუკაზე ობოლი იყო. ამიტომ ზუკა ყოველთვის იცავდა ხოლმე და ბებიამისს, ქალბატონ ეთერსაც, ყოველთვის ეგზავნებოდა ხან რის და ხან რის მოსატანად, რაზეც ნაილი ძალიან ბრაზდებოდა, ვინაიდან მის მზეჭაბუკს, აბა, როგორ ეკადრებოდა რამე მძიმის თრევა. თან – ვისთვის?! ვიღაც გაჩხიკინებული, უქონელი ნატალისა და ბებიამისისთვის?! სიმართლე რომ ვთქვათ, ნაილი ეთერის უფრო ვერ იტანდა, ვიდრე ნატალის, იმიტომ რომ იმ ქალს ჰქონდა ის, რასაც ნაილის არათუ ერთი მეთვრამეტე საუკუნის, ერთად აღებული ყველა ჭაღი ვერ გადაწონიდა.

ზუკამ ტრაპეზი დაასრულა და დედამისს გასძახა, მივდივარო. ნაილი შურდულივით გამოვარდა ოთახიდან, შვილი გააცილა, პირჯვარი გადასწერა და დალოცა. შემდეგ ფანჯარასთან მიირბინა და მაშინაც კი უყურებდა ზუკას მანქანას, როდესაც ის უკვე აღარც ჩანდა.

ნაილის თვალი გაუშტერდა და ფიქრებმა წაიღო. სახლში სრული სიჩუმე სუფევდა. ნაილი მარტო იდგა იმ ფუფუნებაში, რომელსაც დაბადებიდან ეთაყვანებოდა და რაც, მისი ჭკუით, უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა სხვა ადამიანებთან. საკუთარი პატიოსნებითაც ძალიან ამაყობდა, რომ მთელი ცხოვრება ქმრის ერთგული იყო და ასე ერთგულად წარდგებოდა მის წინაშე იმქვეყნადაც (ამას უფრო სიტყვის მასალად ფიქრობდა, ვინაიდან ღმერთის არ სწამდა და იმაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, თუ რა ხდებოდა სიკვდილის შემდეგ, თუმცა მეზობლად მდებარე ეკლესიაში ყოველ შაბთს აგზავნიდა ხორაგით დატვირთულ დამხმარე ქალს – თავისი გურამის სულის მოსახსენიებლად და ცად აპყრობილი თვალებით შვილსაც ლოცავდა, ოღონდ პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ ნაილის სცოდნოდა, რა არის სული). უფრო მეტად კი იმით ამაყობდა, რომ დარჩენილი ცხოვრება შვილს შესწირა და, რაკი თავს თავგანწირულ დედად მიიჩნევდა, ხშირად ღამით, მარტო დარჩენილს, უტირია, ვინაიდან გრძნობდა, რომ შვილი გულცივად ექცეოდა, რასაც, ნაილის აზრით, ის არ იმსახურებდა, მაგრამ თავს თვითონვე იმშვიდებდა, შვილები უმადურები არიანო და განაგრძობდა შვილის გაზულუქებას.

– პიტნის ჩაი მომიმზადე და რამდენიმე ღერი მიხაკი ჩაყარე, ჩემს ოთახში ვიქნები, – გასძახა მომსახურე პერსონალს.

ოთახში შევიდა, რაკი მიხვდა, რომ ზუკა გვიან დაბრუნდებოდა, გადაწყვიტა, გამოეცვალა. მაგრამ გეგმა შეცვალა და ზუკას ოთახისკენ გაემართა. მისი ტანსაცმლის სურნელით უნდოდა, მიმხვდარიყო, ხვდებოდა თუ არა ვინმეს, მაგრამ ზუკას ყველა ტანსაცმელს მხოლოდ ზუკას სურნელი ასდიოდა. კარადის ზედა კარიც გამოაღო და მოულოდნელად თავზე დააცვივდა ტანსაცმელი. ისეთი ყვირილი მორთო, მოსამსახურე ქალი გულგახეთქილი შემოვარდა: რამდენჯერ გითხარი, დაალაგე-მეთქი, – იყვირა.

მოსამსახურე შეცბა: ბატონმა ზურაბმა ამიკრძალა, როცა მე გეტყვი, მაშინ დაალაგეო.

– კარგი, კარგი, უცებ შემეშინდა, რა შენი ბრალია, – დაუყვავა ნაილიმ, – წადი, მე მივხედავ და ზუკასთან არც კი წამოგცდეს, რომ აქ შემოვედი. მოსამსახურემ თავი უხმოდ დაუკრა და გავიდა. ნაილიმ თავად დაიწყო ტანსაცმლის დახარისხება.

– ეს ძველი პერანგი საიდან ამოჩხრიკა, ნეტავ? – რატომღაც ხმამაღლა თქვა და პირკატა ეცა: ხელი პერანგის მარჯვენა ჯიბეში ჩაყო და მაშინვე მოხვდა ხელში ღილისმაგვარი მრგვალი ნივთი. ამოიღო – ნივთი პატარა, გაუმჭვირვალე პარკში იდო და ნაილიმ იგრძნო, როგორ შეეკუმშა გული...

18 წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა.

***

– დედა, დედა, უნდა დამეხმარო! პრობლემა გვაქვს. ზუკას ჩვენი მეზობლის გოგო გადაეკიდა. მოსვენებას არ აძლევს. ესეც შტერივით სულ კუდში დაჰყვება. რაღაც უნდა ვიღონოთ! იმ მათხოვრებს მე არ დავუნათესავდები! მოუნდათ კარგი ცხოვრება! უპატრონო და არაფრის მაქნისი გოგოა. ერთი ბებია ჰყავს, ძლივს დაფახფახებს. თვალი დაადგა ჩვენს ბიჭს! რაღაც უნდა გავაკეთოთ. კი, კი, როგორ არა?! ვიყავი ბებიამისთან და სახლიდან გამომაგდო! წარმოგიდგენია?! სახლიდან გამომაგდო! ჩვენს წრეს არ შეეფერებითო! მანერები არ გივარგათო! აბა?! ზუკასაც ვუთხარი, რომ თავი დაენებებინა იმ ქუჩის გოგოსთვის, მაგრამ არც კი მისმენს! ჩემი გურამიკო რომ ცოცხალი იყოს, ამას ვერ გაბედავდა! არა, არა!!! მამაჩემს არაფერი უთხრა, მაგის საწყალი გულის ამბავი რომ ვიცი, შეეცოდება და დღესვე დააქორწინებს. არადა, ზუკამ უნდა ჩააბაროს, გურამის ძმაკაცები დამპირდნენ, მამამ მითხრა, გურამის წილიდან ფირმას გაუხსნიან და იცხოვრებს მეფესავით. ეს მათხოვარი მინდა რძლად?! რა დამამშვიდებს, დედა? შვილი მეღუპება! მიშველე.

არ ვიცით, რა უპასუხა ნაილის ყურმილის მეორე ბოლოდან დედამისმა, მაგრამ ნაილი დამშვიდდა. კაბა გადაიცვა და ტელეფონთან დაჯდა.

ცოტა ხანში დედამისმაც დაურეკა: უკვე მოვრბივარ!

და ნაილი კისრისტეხით დაეშვა კიბეებზე (ლიფტი გაფუჭებული იყო).

ტაქსი გააჩერა და დედამისს გაუარა: ბებია მაშო შვილს სადარბაზოს წინ ელოდებოდა. ტაქსიში წინ დაჯდა და მძღოლს მოკლედ მოუჭრა: ლოტკინზე!

ნაილის ხმა არ ამოუღია: დედას თვალდახუჭული ენდობოდა. მაშო ტაქსისტს ხელის მოძრაობით უხსნიდა, სად უნდა გაეხვ-გამოეხვია და, საბოლოოდ, ერთ კერძო სახლსაც მიადგნენ.

– აქ დაგველოდე, – კარგად გადაგიხდით, საქმიანად უთხრა ტაქსისტს: ახლა რომ მოგცე ფული, წახვალ, ჩვენ კი ვერსად წავალთ, ამიტომ იდექი, სანამ არ გამოვალთ. ხომ გიყვარს ფული?! – პასუხად ტაქსისტი გაიკრიჭა და ზედა მარცხენა ყბაზე ოქროს კბილი გამოუჩნდა.

– სად მივდივართ? – ჩაუჩურჩულა ნაილიმ დედამისს.

– ნახავ. ზედმეტი არაფერი თქვა. მე მოვაგვარებ ყველაფერს. ხომ გაქვს იმ გომბიოს ფოტო.

– კი, კი, ჩანთაში, - ნაჩქარევად უპასუხა ნაილიმ.

– მომეცი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი