რომანი და დეტექტივი

შვილი

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.07

შვილი
დაკოპირებულია

– აირჩიე, მალხაზ – ან ჩვენ და ან ეგ გომბიო, – თქვა ნონამ და თავის ერთადერთ ვაჟს ცეცხლოვანი მზერა მიაპყრო.

– ნუ ჯიუტობ, მახო, შვილო, – შეარბილა ტონი ბადრიმ და დაამატა, – თუკი რამ გაგვაჩნია, ყველაფერი შენია და რას ჩასციებიხარ მაგ გოგოს. დაუჯერე დედას და არ წააგებ.

– მიყვარს, მამა, გესმის? მიყვარს. ან ლელუკას მოვიყვან ცოლად, ან არადა, თქვენი არაფერი მინდა, – თქვა ბიჭმა და ტუჩი მოიკვნიტა.

– არ გინდა და იყავი ცარიელ-ტარიელი, შე უმადურო! – შეტევის მორიგი ტალღა ააზვირთა ნონამ, – მაგ გომბიოზე გვცვლი?!

– გომბიოს ნუ ეძახი, თორემ, არ ვიცი, რას ვიზამ! – ღრიალით შეაწყვეტინა სიტყვა მალხაზმა დედამისს. ნონა კი არ შეეპუა დედისერთა ვაჟს და ხმას უფრო აუწია:

– რას იზამ მაინც, რას? გომბიოა, სწორედაც რომ, გომბიო. მაინც სად იპოვე, რომელ ტალახში?

– ტალახში, ხომ? – გაიმეორა დედის სიტყვები მალხაზმა. ნონამ კი არ დააყოვნა და მიუგო:

– ტალახში, სწორედაც რომ, ტალახში. შენ რა, ჭკუიდან შეიშალე და თვალები დაგიბრმავდა?

მალხაზმა ჯერ მამას შეხედა უცნაურად. შემდეგ დედას. და, სანამ სახლიდან წავიდოდა, უცნაურადვე თქვა:

– ეს თქვენ ხართ ტალახში და თვალებდაბრმავებულები... და უფრო მეტად დაგიბრმავდებათ, მე კი წავედი!

– წაეთრიე! ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს! – მიაძახა ნონამ ნაბიჯაჩქარებულ ვაჟს, რომელიც უკანმოუხედავად წავიდა

ბადრიმ დააპირა უკან დადევნება, მაგრამ ცოლის მრისხანე მზერამ ის ადგილზე გააქვავა.

ორი საათის შემდეგ თორაძეების სახლში საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მივიდა და ოჯახის უფროსს აუწყა, რომ მათი 23 წლის ვაჟი ტრაგიკულად დაიღუპა. ოქროყანა-სოლოლაკის გზის ერთ-ერთ მოსახვევში მალხაზის ახალთახალმა „ჯიპმა“ დამცავი ჯებირი გადაანგრია და ხევში გადაიჩეხა...

***

42 წლის ბადრი თორაძე საზოგადოებაში ცნობილი და დაფასებული ადამიანი იყო, ხალხში სიყვარულით სარგებლობდა და მასზე აუგის მთქმელს ძნელად თუ მოძებნიდა ვინმე. ბადრი სუპერმარკეტების ქსელს ფლობდა, მილიონერი იყო და თანხების მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარდა. ჭკუაც უჭრიდა, პოლიტიკას ახლოც არ ეკარებოდა და ყველაფერი თითქმის იდეალურად ჰქონდა აწყობილი. მისი სისუსტე მხოლოდ შვილი და ცოლი იყო. მახო რომ დაიბადა, ბადრი სულ რაღაც 19 წლის თუ იქნებოდა და იმ დღიდან მოყოლებული სიყვარული და ზრუნვა არ დაუკლია მისთვის. ბადრი ბევრ შვილზე ოცნებობდა, მაგრამ ნონამ მხოლოდ ერთი გაუჩინა და იძულებული იყო, ბედს დამორჩილებოდა. ნონა რატიანი ბადრიზე 2 წლით უმცროსი იყო. ლამაზი, ტანადი, მაგრამ ძალიან თავისებური ზნის ქალი. იცოდა რა, რომ ქმარს ის ძალიან უყვარდა, ბადრის ამ სისუსტეს საკმაოდ მოხერხებულად იყენებდა სათავისოდ და ოჯახის ფაქტობრივი მმართველი იყო. როგორც ის გადაწყვეტდა, ისე უნდა ყოფილიყო, წინ ვერავინ აღუდგებოდა. სანამ მახო პატარა იყო, დედის ამ ხუშტურებს ემორჩილებოდა. მოგვიანებით კი საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაცვა რომ დაიწყო, ნონასთან ნელ-ნელა კონფრონტაციაში შევიდა. დედა-შვილს ჯერ იშვიათად, შემდგომ კი საკმაოდ ხშირად მოსდიოდათ კამათი, რომელიც მწვავე დებატებში გადაიზრდებოდა ხოლმე. მახო ხასიათით დედას ჰგავდა, თუმცა ბევრად უფრო განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე იყო, ნონა კი თავის ხუშტურებს მორალით ფუთავდა. ქალისთვის ეს ყველაზე საიმედო იყო და როდესაც კამათში არგუმენტები არ ჰყოფნიდა, საშველად მორალს უხმობდა ხოლმე. ეს კი მას გამარჯვებისთვის სჭირდებოდა. ნონა ვერანაირ მარცხს ვერ იტანდა და ის კი არ იცოდა, რომ არც თუ ისე იშვიათად მისი მორალურობა ამორალურობა იყო. ის ერთ-ერთი კერძო სკოლის დირექტორი იყო, რომელიც ცოლს ბადრიმ აუშენა და გაუხსნა. დედიმისის შვილი იყო, რომელიმე მასწავლებელს ან მოსწავლეს დაერღვია ნონას მორალი... ამას ვერც ბადრი ბედავდა და ერთადერთი მახო იყო, ვისაც დედასთან კამათი შეეძლო. თუკი ადრე დედა-შვილის კამათი უმნიშვნელო ხასიათს ატარებდა და მშვიდობიანად მთავრდებოდა, პირველი სერიოზული შეტაკება დედა-შვილს ლელასთან დაკავშირებით მოუვიდათ.

21 წლის ლელა გელაშვილი ბადრი თორაძის ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი იყო, უბრალო ოჯახის შვილი. გოგონა თან ასპირანტურაში სწავლობდა, თან მუშაობდა, რომ ოჯახს დახმარებოდა. მალხაზმა ის მაღაზიაში გაიცნო, პირველივე ნახვით შეუყვარდა და დაიფიცა: ან ამ გოგოს მოვიყვან ცოლად, ან არავისო. იმ დღიდან მოყოლებული, მალხაზი ყოველდღე მიდიოდა მაღაზიაში გოგონას სანახავად, თუმცა სიტყვაც არ დასცდენია, ვისი შვილი იყო. თანდათან დაუახლოვდა მას, თუმცა ერთი ზედმეტი სიტყვაც არ უკადრებია, რადგან ცოლად უნდოდა და არა გასართობად. ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ მალხაზმა ლელა რესტორანში დაპატიჟა. ისინი ცალკე კუპეში დასხდნენ. თან მსუბუქად ვახშმობდნენ, თან საუბრობდნენ. შუა ვახშმის დროს მალხაზმა ჯიბიდან ხავერდშემოკრული, პატარა ყუთი ამოიღო. ლელას წინ დაუდო და უთხრა.

– ეს – შენ.

– რა არის? – იკითხა გოგონამ.

– გახსენი და ნახავ, – მხიარულად თქვა მალხაზმა, თან წითელი ღვინო მოსვა.

ლელამ ყუთი გახსნა და იქიდან ძვირფასმა ბრილიანტისთვლიანმა ბეჭედმა შემოანათა. გოგონა უცნაურად შეკრთა. ბეჭდისთვის თითიც არ დაუკარებია და იკითხა:

– ეს რას ნიშნავს?

მახომ ბეჭედი ამოიღო და უთხრა:

– მე შენ ძალიან მიყვარხარ და უმორჩილესად გთხოვ, რომ ჩემი ცოლი გახდე, – მალხაზმა ლელასთვის ბეჭდის თითზე წამოცმა სცადა. გოგონამ არ დაანება და უთხრა:

– მოიცა, მახო, მოიცა!

ბიჭი არ მოელოდა უარს, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ლელას დანიშნავდა. ამიტომ გაოცებულმა ჰკითხა:

– რა ხდება, აღარ გიყვარვარ?

– მიყვარხარ, – მიუგო ლელამ.

– გათხოვება, ჩემი ცოლობა არ გინდა? – თქვა მიხომ.

– მინდა, – უპასუხა ლელამ.

– აბა, რაშია საქმე? – გაიკვირვა მალხაზმა.

ლელა ცოტა ხანს გაჩუმდა. ბიჭს ალერსიანი მზერა მიაპყრო და უთხრა:

– გათხოვილი ვარ. უფრო სწორად კი, ვიყავი.

– ეგ მე არ ვიცოდი, – ნაწყენი კილოთი თქვა ბიჭმა და დაამატა, – მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე შენ მიყვარხარ და მინდა, რომ ჩემი ცოლი გახდე.

– მოიცა, მახო, ნუ ჩქარობ. დღემდე არ ვარ განქორწინებული, – სევდიანად თქვა ლელამ, მალხაზმა კი უთხრა:

– მერე და რა პრობლემაა, საყვარელო. ერთ საათში მოვაგვარებთ ამას. იუსტიციის სახლში დაჩქარებულ პროცედურას ჩავატარებთ და ეგაა. თუ, რა თქმა უნდა, შენმა ყოფილმა არ მოინდომა ხელის შეშლა, მაგრამ ამასაც მოვაგვარებთ.

– ის ხელს ვერაფერში შეგვიშლის, – ამოიხვნეშა ლელამ და დააყოლა, – ის მკვდარია.

– მკვდარი? – გაიმეორა მახომ.

ლელამ მალხაზს დასტურად თავი დაუქნია და უთხრა:

– ჩემი ქმარი ციხეში მოკვდა, უფრო სწორად კი მოკლეს.

– ციხეში მოკლეს? – გაიმეორა მალხაზმა.

– ჰო, – დაუდასტურა ლელამ და თვალებზე ცრემლები მოადგა.

მალხაზმა მარჯვენა ხელი ლელას ხელზე დაადო. მარცხენით ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლი მოსწმინდა და უთხრა:

– თემა შევცვალოთ, საყვარელო, არ მინდა, რომ წარსულის მოგონებამ გული დაგიმძიმოს. მთავარია, მე შენ მიყვარხარ და თუკი შენც იგივე გრძნობა გამოძრავებს, მაშინ ცოლობას გთხოვ.

– მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ მინდა, რომ ჩვენ შორის რაიმე იყოს დამალული და ჩემს ისტორიას მოგიყვები, – უთხრა ლელამ ცრემლნარევი ღიმილით.

– მომიყავი, საყვარელო, გისმენ, – მიუგო მახომ და შეყვარებულს თვალებში მიაჩერდა.

ლელამ ცრემლები შეიშრო. მშვიდი სახე მიიღო და დაიწყო:

– მას რეზო ერქვა და ჩემზე ექვსი წლით იყო უფროსი. მე ჩვიდმეტის ვიყავი, ის კი – ოცდასამის, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ. რეზო კარგი ბიჭი იყო, შეიძლება ითქვას, კეთილშობილიც. მაგრამ უდედმამოდ გაიზარდა და გზა გაუმრუდდა. პირველად თოთხმეტი წლისა დაიჭირეს და ქურდობისთვის მცირეწლოვანთა კოლონიაში იჯდა. რომ გათავისუფლდა, უკვე კრიმინალური გზა ჰქონდა არჩეული, ქურდობა უნდოდა და ამ გზით აქტიურად მიდიოდა. მაგარი სახელი ჰქონდა და პატივს სცემდნენ. რომ იტყვიან, სუფთა ქურდულად ცხოვრობდა. მათი წესებით, სამართლიანი იყო. არც თავად უხვევდა ამ გზას და არც სხვას აპატიებდა. ჩემზე გიჟდებოდა, ძალიან ვუყვარდი, თუმცა ზედმეტი არასდროს უკადრებია, მხოლოდ ლოყაზე ან შუბლზე მაკოცებდა ხოლმე. დაქორწინება რომ გადავწყვიტეთ, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ დაიჭირეს. ჰეროინი ჩაუდეს, არადა, მარიხუანასაც კი არ იკარებდა. როგორც მერე მისმა ძმაკაცმა მიამბო, ეს ამბავი ერთმა მაღალჩინოსანმა პოლიციელმა მოუწყო. რეზოს, თურმე, იმ მოლიციელის კრიმინალი ძმისშვილისთვის, რომელსაც ასევე, ქურდობაზე ჰქონია პრეტენზია, პასუხი მოუთხოვია, შეცდომები დაუმტკიცებია და დაურტყამს კიდეც. იმას კი ბიძამისთან უჩივლია და რეზო ასე გაიმეტეს. ჯერ ციხეში ჩასვეს, მერე კი მკვლელი დაიქირავეს. მკვლელი მას სეირნობის დროს ზურგიდან მიეპარა, დანა ჩასცხო და გული გაუხვრიტა. ბიჭებმა მითხრეს: სანამ სული ამოუვიდოდა, რამდენიმე წუთი იცოცხლა და ბოლოს უთქვამს: ლელას მიმიხედეთ, არავინ დაჩაგროს და უთხარით, გათხოვდეს, ოღონდ ღირსეული კაცი ნახოს, რომ ჩემსავით არავინ გაამწაროსო. არადა, ციხეში ორი დღით ადრე მოვაწერეთ ხელი. სამდღიანი პაემანი მქონდა გაკეთებული და ისე წავიდა ამქვეყნიდან, ლოგინი არ გაგვიყვია. რეზოს სიკვდილმა საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო და ორი წელი არავის ნახვა არ მინდოდა. არც უნივერსიტეტში დავდიოდი და სახლში ვიყავი გამოკეტილი. ბოლოს ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი მოვიდა და იმან გამომიყვანა გარეთ. უნივერსიტეტშიც აღმადგინეს. შემდეგ კი ძალიან გაგვიჭირდა და მუშაობა დავიწყე. ექვსი თვის წინ კი შენ შეგხვდი და შემიყვარდი. აი, სულ ესაა მთელი ჩემი ისტორია. ახლა შენ ყველაფერი იცი ჩემზე და მე კი შენზე – მხოლოდ ის, რომ ძვირად ღირებული „ჯიპით“ დადიხარ, ბრილიანტის ბეჭედს მჩუქნი და ცოლობას მთხოვ.

– მაინც რა გაინტერესებს? – ღიმილით იკითხა მიხომ.

– შენს ოჯახზე მომიყევი. შენს დედ-მამაზე. დედისერთა რომ ხარ, ეს ვიცი, – თქვა ლელამ.

– ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. დედაჩემი პედაგოგია. მამაჩემი კი სავაჭრო სფეროში მოღვაწეობს. როგორც უკვე იცი, დედისერთა ვარ. ლონდონის სამეფო კოლეჯი მაქვს დამთავრებული, ხელოვნების განხრით და პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. თუმცა, დროებით ამ დარგში არ ვმოღვაწეობ. მამას ვეხმარები. უახლოეს პერიოდში კი მსოფლიოში საუკეთესო გოგონაზე ვაპირებ დაქორწინებას, თუკი ის დამთანხმდება, – მხიარულად თქვა მალხაზმა, ბოკალი ასწია და სანამ ღვინოს დალევდა, დაამატა, – შენ გაგიმარჯოს, საყვარელო!

– ჩვენ გაგვიმარჯოს! - თქვა ლელამ. ღვინო ოდნავ მოსვა და ბოკალი მაგიდაზე დადგა.

მალხაზმა ლელას თითზე წამოაცვა ბრილიანტის ბეჭედი და უთხრა:

– მოდი, ასე მოვიქცეთ, – დღეს ხუთშაბათია, ხვალაც სამუშაო დღეა და დედას არ სცალია. შაბათს მთელი ოჯახი სტუმრად მივდივართ. კვირას კი ჩემთან სახლში ხარ დაპატიჟებული. ჩემებს გაგაცნობ და დანარჩენსაც იქ გაიგებ. რას იტყვი, ხომ კარგი აზრია?

– კი. კარგი აზრია. კვირას – შენთან, – მხიარულად თქვა ლელამ.

– მაშინ შუადღეზე გამოგივლი. მზად დამხვდი და ჩემთან წაგიყვან, – თქვა მახომ და ლელას ალერსით შეხედა.

***

რესტორნიდან მალხაზმა ლელა სახლში მიიყვანა. შემდეგ კი თვითონაც შინ დაბრუნდა. ბიჭს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მშობლები ახალი ამბისთვის შეემზადებინა და საამისოდ სამი დღე დაიტოვა. თორაძეები შაბათს არსად არ მიდიოდნენ და მახომ ლელას ეს იმიტომ უთხრა, რომ სწორედ შაბათს აპირებდა სერიოზულ ლაპარაკს მშობლებთან. ხუთშაბათ საღამოს რესტორნიდან დაბრუნებულმა მალხაზმა გაკვრით უხსენა დედ-მამას ცოლის მოყვანის შესახებ და ამას არავინ მიაქცია ყურადღება. პარასკევ საღამოს მალხაზმა იგივე გაიმეორა. მამამ უთხრა, – ცუდი აზრი არ არის და სხვის შვილიშვილებს რომ ვხედავ, მეც მინდა, მყავდესო. ნონამ კი შვილის გამომცდელი მზერა მიაპყრო და უთხრა:

– უკვე მეორედ ამბობ ცოლის მოყვანას და მართლა ხომ არ აპირებ?

მალხაზი დედას მოეფერა და უთხრა:

– რატომაც არა, ვაპირებ, როგორ არ ვაპირებ, მაგრამ ახლა გვიანაა და ამაზე ხვალ ვილაპარაკოთო.

მეორე დილით მალხაზმა საუზმის დროს მშობლებს უთხრა, რომ არ ხუმრობდა და ცოლის მოყვანას მართლა აპირებდა. თან, ისიც აუწყა, რომ ხვალ იმ გოგონას სახლში მოიყვანდა და გააცნობდა.

– ჯერ ჩვენ შეგვთანხმებოდი, სანამ სტუმრად დაპატიჟებდი, – უთხრა ნონამ ვაჟს და გამომცდელად შეხედა.

– ჰოდა გითანხმებთ, აბა, ახლა რას ვაკეთებ. ხვალ ლელას გაგაცნობთ. თქვენ კი მოემზადეთ. თორმეტზე უნდა მივაკითხო სახლში, მოვიყვან და გაგაცნობთ. აი, ნახავთ, თუ არ მოგეწონებათ. ძალიან ლამაზი და კეთილშობილი გოგოა, – უთხრა ნონას მახომ.

– მოიცა, მოიცა, ასეთი საქმეები ასე უცებ, დაუფიქრებლად არ წყდება. იცი, ვინაა, ვისი შვილია, როგორი ოჯახი აქვს? – თქვა ნონამ და ტრადიციული გამომეტყველება მიიღო, რომლის შემდეგაც ქალი ჯერ კამათს იწყებდა, მერე კი აუცილებლად მწვავე დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა ხოლმე.

მახო შესანიშნავად იცნობდა დედის მიმიკებსა და ხასიათს. ამიტომ, ჯერ დედას მოეხვია და აკოცა, შემდეგ კი უთხრა:

– კარგი გოგოა და შესანიშნავი, პატიოსანი ოჯახის შვილი. ხვალ რომ მოვიყვან, დანარჩენს მაშინ შეიტყობთ. ახლა კი საქმეზე მაგვიანდება და უნდა გავიქცე.

– ვინაობა მაინც მითხარი, – მიაძახა ნონამ ჩქარი ნაბიჯებით მიმავალ შვილს.

– ლელა გელაშვილი, – თქვა მალხაზმა და სწრაფად გავიდა სახლიდან.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა