რომანი და დეტექტივი

შვილი

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.08

შვილი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28 (1281)

სინამდვილეში მალხაზს არსად ეჩქარებოდა. ის მიხვდა, რომ დედასთან მწვავე დაპირისპირება მოუვიდოდა და ამ ამბავს გაერიდა. მახოს ბუნების წიაღში განმარტოება და ფიქრი უნდოდა. მას ისე უნდა ექნა, რომ ნონა დაეთანხმებინა, რასაც ავტომატურად მამის თანხმობაც მოჰყვებოდა. გზად კი დედას ვარდების თაიგული უყიდა და მხიარულ განწყობაზე იყო, თუმცა ნონას კუშტმა მზერამ მას ლაპარაკის ხალისი დაუკარგა. მახო დედის სახის გამომეტყველებითა და მამის მოუსვენრობით მიხვდა, რომ რაღაც „ჩეპეს“ ჰქონდა ადგილი. მალხაზმა სიტუაციის განმუხტვა სცადა. მშობლებს მიესალმა. შემდეგ დედისკენ გაემართა. თაიგული გაუწოდა და ღიმილით უთხრა:

– ეს – შენ.

ამ ჟესტმა ნონა უკიდურესად გააცოფა. თაიგული იატაკზე დაანარცხა და მალხაზს დაუღრიალა:

– შენ, რა, ჭკუიდან სულ გადახვედი, ბიჭო?! არც გონება შეგრჩა, არც სირცხუილ-ნამუსი? გინდა, რომ შენი ოჯახი საქვეყნოდ სასაცილო გახადო და საშვილიშვილოდ მოგვჭრა თავი? იმ წაკლა გოგომ სულ დაგიბნია გონება?

მალხაზი მიხვდა, რომ დედამისს ლელას შესახებ ინფორმაციები შეეგროვებინა და ხმის კანკალით უთხრა:

– რას ამბობ, დედა, დაფიქრდი.

შვილის ამ სიტყვებმა, ნონას მრისხანების ტალღები აუზვირთდა და ხმას აუწია:

– ეს შენ დაფიქრდი. იმ ავაზაკის ნათრევმა გოგომ ისე როგორ აგირია ტვინი, რომ ოჯახის ღირსებაზე არ დაფიქრდი და უღირს, ამორალურ საქციელს სჩადიხარ?

– დედა! – განწირული ხმით იღრიალა მახომ, რადგან „იმ ავაზაკის ნათრევმა“ ლამის ტვინში სისხლი ჩაუქცია.

– რა დედა? რა დედა?! – უფრო მეტად იღრიალა ნონამ, რომელიც ხმის აწევასაც კი ვერ იტანდა, არც არავის, არასოდეს აუწევია მისთვის ხმა და ეს თავის დედისერთა ნაშიერისგანაც კი მიუღებელი იყო ძალაუფლების მოყვარული, მუდამ „მართალი“ ქალისთვის.

– გაჩუმდი! ახლავე გაჩუმდი, თორემ თავს მოვიკლავ აქვე! – უკიდურესი გამწარებით იღრიალა მახომ.

შვილის ეს სიტყვები რომ გაიგონა, ბადრიმ, რომელიც მანამდე მდუმარე უყურებდა ცოლ-შვილის ჩხუბს და გულში ლოცულობდა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო, ცოლს მრისხანე მზერა მიაპყრო და თვალებგაფართოებულმა დაუყვირა:

– ახლავე გაჩუმდი, ნონა! გაჩუმდი! გესმის?

ნონას ენა ჩაუვარდა. არა იმიტომ რომ ქმარს დაემორჩილა, არამედ გაოგნებისგან. საქმე ის იყო, რომ ოცდაექვსწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ქმარმა პირველად დაუყვირა.

ბადრი შვილთან მივიდა, გულში ჩაიკრა და უთხრა:

– დამშვიდდი, შვილო. ყველაფერი კარგად იქნება. მშობლები ვართ. შენთვის საუკეთესო გვინდა და უნდა გაგვიგო. წადი, დაისვენე და დილით ყველაფერი გადავწყვიტოთ.

მალხაზი უხმოდ გაემართა თავისი ოთახისკენ. ნონამ კი საკუთარი საძინებლისკენ აიღო გეზი და ზიზღნარევად ჩაილაპარაკა:

– უკვე გადაწყვეტილია და წყალი აღარ გაუვა.

***

სწორედ დილის საუბრის შემდეგ, სულ რაღაც ორიოდე საათში დატრიალდა თორაძეების ოჯახში საშინელი ტრაგედია, რაც მათი დედისერთა ვაჟის დაღუპვამ გამოიწვია. მანამდე კი ბადრი მთელი ღამე ცდილობდა, დაერწმუნებინა ცოლი, რომ მახოს ნებას დაჰყოლოდა, მაგრამ ნონა შეუვალი იყო.

დილითაც იგივე განმეორდა და როდესაც მალხაზი დარწმუნდა, რომ დედას ვერაფრით დაიყოლიებდა, გადაწყვიტა, სხვაგვარად ემოქმედა. მახო ლელასთან გაემართა, რომ საყვარელი გოგონასთვის ყველაფერი მოეყოლა, რა თქმა უნდა, „იმ ავაზაკის ნათრევისა“ და ნონას მიერ ნაკადრები სხვა ფრაზების გამოკლებით. ბოლოს კი ხელი ჩაეკიდა მისთვის და იმ ძველ, ოროთახიან ბინაში წაეყვანა, საიდანაც მისი მშობლების ცოლქმრობა დაიწყო. მალხაზი დარწმუნებული იყო, რომ ლელა მას გაუგებდა. ამიტომ მშვიდად მივიდა მის სახლში და კარზე დააკაუნა. კარი ლელას დედამ გააღო, მახო შეათვალიერა და სახლში შეიპატიჟა. მახომ კი გაუღიმა ქალს და უთხრა:

– არა, გმადლობთ. სხვა დროს გესტუმრებით. ლელას მოვაკითხე, შეთანხმებულები ვართ და უნდა წავიდეთ.

– ლელა არაა სახლში, შვილო. შენ, ალბათ, მალხაზი ხარ, ხომ? – უთხრა ქალმა.

– დიახ. მალხაზი ვარ. სადაა? – ჰკითხა ბიჭმა და გულმა რეჩხი უყო.

– წუხელ საკმაოდ გვიან გავიდა სახლიდან. ასე მითხრა, სამსახურში ღამის ცვლაში ვარ და დილითაც ვერ მოვალო. თან დააყოლა, – შუადღეს მალხაზი მოვა და ეს გაატანეო, – თქვა ქალმა და მახოს ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი გაუწოდა, რომელიც მან საყვარელ გოგონას რესტორანში თითზე წამოაცვა.

მალხაზმა ქალს ინსტინქტურად გამოართვა ბეჭედი. შეტრიალდა და გამოუმშვიდობებლად გაბრუნდა უკან. შემდეგ „ჯიპში“ ჩაჯდა და მთაწმინდის ტყე-პარკისკენ წავიდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ლელას იქ იპოვიდა, რადგან გოგონასგან იცოდა, რომ მძიმე ჟამს ლელას უყვარდა ფუნიკულიორზე ღამის გათენება და პლატოდან გაჩახჩახებული თბილისის ცქერა. ბეჭდის დაბრუნებამ კი მალხაზი დაარწმუნა, რომ დედამისს „მორალური“ საუბარი ჰქონდა ლელასთან. თუმცა, იმ წუთას მახოსთვის არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, გარდა ლელას მოძებნისა, მასთან მობოდიშებისა და შეერთებისა. მალხაზი ძალიან სწრაფად ავიდა ფუნიკულიორზე. დიდხანს ეძება საყვარელი გოგონა, მაგრამ ვერ იპოვა და აბა, როგორ იპოვიდა, როდესაც ლელა ამ დროს სახლში იყო და გაბმულად ქვითინებდა. მისი ბინიდან მიმავალ მახოს კი თვალებაცრემლებული უყურებდა ფანჯრიდან და არც კი იცოდა, რომ თავის შეყვარებულს უკანასკნელად ხედავდა ცოცხალს. ხოლო იმ წამს, როდესაც უკიდურესად გამწარებული მალხაზი მაქსიმალურად მიაქროლებდა „ჯიპს“ და მოსახვევში გზის დამცავ ჯებირს შეასკდა, ლელას ისე დაარტყა გულმა, რომ ხმამაღლა დაიკივლა. ამ დროს კი „ჯიპში“ მჯდომი მახო უფსკრულში მიფრინავდა და ხელში ბრილიანტის ბეჭედი ჩაებღუჯა, რომელიც მას უკან დაუბრუნეს. მახოს ისე მაგრად ჰქონდა შეკრული მარცხენა მუშტი, თითქოს უზომო სიყვარულის სიმბოლოს ხელიდან გაშვება არ უნდაო. პათანატომმა ძლივს გაუხსნა ბიჭს მუშტი.

***

შვილის დაღუპვამ ნონა რატიანი ისეთ საშინელ დღეში ჩააგდო, რომ ძველი ნონასგან აჩრდილიც კი აღარ დარჩა. ჩვეულებისამებრ მბრძანებელი, ხმამაღალი ქალი უხმოდ იყო ჩაკეტილი თავის საძინებელში, უძრავი მუმიასავით იდო საწოლზე და არც ხმას იღებდა, არც ვინმესთან კონტაქტის სურვილი ჰქონდა და არც სასმელ-საჭმელს იკარებდა. პანაშვიდებზეც არ გამოსულა და მალხაზის გასვენებაშიც ნონა ხელში აყვანილი წაიყვანეს სასაფლაოზე და ასევე, დააბრუნეს უკან. როგორც ჭირისუფალი მამის, ასევე, დედის როლს ბადრი ასრულებდა. არნახული, განუზომელი უბედურების მიუხედავად, მან ღირსეულად დაკრძალა შვილი და როდესაც ნონას ლანდს შეხედა და გაიაზრა, თუ რა მოჰყვებოდა ცოლის ასეთ ყოფას, ნონას გადარჩენაზე დაიწყო ზრუნვა. დაკრძალვის შემდგომ დილას ბადრი გამუმიავებული ნონას სასთუმალთან ჩამოჯდა და ცოლს უთხრა:

– მრავალსიტყვაობას აზრი არ აქვს და ამ საშინელი განცდით ვიცხოვრებთ ორივე ბოლო ამოსუნთქვამდე. მხოლოდ ერთადერთი ნუგეში შეგვიმსუბუქებს ამ უბედურებას და მინდა, რომ კარგად გაიაზრო ეს. ლელა მახოსგან ფეხმძიმედაა. იმედია, რომ ბიჭის ნაყოფს ატარებს. არაა გამორიცხული, რომ მუცლის მოშლის სურვილი ჰქონდეს და მოდი, ასე მოვიქცეთ, რომ სამუდამოდ არ გაქრეს ჩვენი ერთადერთი შვილის ნაყოფი ამ სამყაროდან. მე წავალ ლელასთან და გავიგებ, რა აზრები უტრიალებს თავში.

ბადრი თორაძე, რა თქმა უნდა, ატყუებდა ცოლს და ასეთი ნაბიჯი ნონას გამოსაცოცხლებლად გადადგა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასეთი რამ ქალზე სასიცოცხლოდ აისახებოდა და ამ ქვეყნისკენ მოაბრუნებდა. ბადრის აზრით, ბევრად უფრო რთული იქნებოდა ლელას დაყოლიება, რომ ქალწულ გოგონას ხელოვნური განაყოფიერება განეხორციელებინა და ნაყოფი, შემდგომ კი შვილი, მალხაზის ნაშიერად გამოეცხადებინა. მით უმეტეს, იმიტომ, რომ ძირითადად, ეს ნაბიჯი ნონას გადასარჩენად უნდა გადაედგა. ნონა კი ამ საშინელი ტრაგედიის მთავარი შემოქმედი იყო. თუმცა, ბადრიმ მაინც მოახერხა ლელას დაყოლიება. ბადრიმ გოგონას უთხრა:

– ნონამ თავისი გაჩენილი შვილი მოკლა, შენ სამუდამო ტრავმა მოგაყენა და ეს სახეზეა. არც მე მიმიძღვის ნაკლები წვლილი ამ უბედურებაში. მე და ჩემი ცოლი, ალბათ, არ ვართ დანდობის ღირსი და ბეწვზე ვკიდივართ. ასეთ ყოფაში ნონას დიდი დღე არ უწერია. მას მივყვები მეც და ახი იქნება ჩვენზე. შენ გადაწყვიტე, ის ძაფი, რომელზეც ორივე ვკიდივართ, გადაჭრა თუ არა.

ლელა გელაშვილმა „კაუჭიდან ჩამოხსნა“ ცოლ-ქმარი და მათი ჯალათი არ გახდა. მეტიც, თავად მივიდა ოდნავ მოსულიერებულ ნონასთან. ჩაეხუტა ქალს და სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა. ნონა კი მუხლებზე დაეცა ლელას წინაშე. პატიება სთხოვა. მუცელზე თავი მიადო და თავის მომავალ შვილიშვილს კოცნა და ეფერა, რომელიც ჯერჯერობით იქ არ იმყოფებოდა. მეორე დღეს, ბადრისთან წინასწარი შეთანხმებით და ნონას უმორჩილესი თხოვნით, ლელა გელაშვილი თორაძეების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 24 საათით ადრე კი, იმის შემდეგ, რაც ნონამ გული იჯერა ლელას ფერებითა და ალერსით, ბადრიმ გოგონა მანქანით წაიყვანა. ნონას უთხრეს, რომ თითქოს ლელა სახლში ბრუნდებოდა, რათა გადმოსასვლელად მომზადებულიყო. სინამდვილეში კი ბადრიმ გოგონა ნაცნობ ექიმთან წაიყვან.ა სუროგატი სპერმაც თავად ბადრიმ მიიტანა, რომელზედაც ეწერა: ნიმუში ¹23.

***

განაყოფიერებამ წარმატებით ჩაიარა და ლელა დაფეხმძიმდა. ნონა და ბადრი თავს ევლებოდნენ გოგონას და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. ნონა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა. ლელას პირადად ემსახურებოდა და სხვას არავის აკარებდა. ამ ზრუნვამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ ყოფილი მბრძანებელი არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც გამოაჯანმრთელა. მართალია, მახოს დაკარგვით მიღებული ტრავმა მუდამ თან სდევდა მას, მაგრამ შვილიშვილზე მომავალი ზრუნვის განცდა ანავლებდა ამ ტკივილს.

ცხრა თვე რომ გავიდა, ლელამ ვაჟი გააჩინა და ნონასა და ბადრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახალშობილს, რა თქმა უნდა, მალხაზი დაარქვეს და მალევე მონათლეს. პატარას თავს ევლებოდნენ, ზრდიდნენ და 3 წლის მახო გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ტრაგიკულად დაღუპულ მალხაზ თორაძეს. ნონა ჭკუაზე არ იყო ასეთი მსგავსების გამო. ღმერთს მადლობას სწირავდა ამ საჩუქრისთვის და ამბობდა: უფალმა შვილი გამიცოცხლაო. არანაკლებ გაოცებული იყო ლელაც. რა თქმა უნდა, საერთო სიხარულს იზიარებდა ბადრიც და პატარა მახოს ხელისგულზე ატარებდა. თუმცა მხოლოდ მან იცოდა, რომ ნიმუში ¹23 მისი სხეულის ნაწილი იყო და პატარა მახო კი – მისი შვილი.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა