რომანი და დეტექტივი

შურისმაძიებელი

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.05

შურისმაძიებელი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #18 (1218)

მეორე დღესვე სამედიცინო კომისია გავიარე. ერთი კვირის შემდეგ კი უკვე უზბეკეთში, ექვსთვიან „უჩებკაში“ ვიმყოფებოდი. სწავლება რომ დავასრულე, მეორე დღესვე ავღანეთში გადაგვიყვანეს და რომ იტყვიან, ეგრევე ლომის ხახაში შემაგდეს. ამ ლომის ხახაში გავატარე ორწელიწად-ნახევარი, რადგან კიდევ ერთი წლით დავრჩი იქ საკუთარი ნებით. და ალბათ, ომის დასრულებამდე ვიქნებოდი (თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალი გადავრჩებოდი), მაგრამ ერთმა შემთხვევამ გადამაფიქრებინა. ომმა და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნამ ისე გამიტაცა, რომ ყველაზე სარისკო ოპერაციაში ვმონაწილეობდი და ორი საბრძოლო ორდენიც დავიმსახურე. სამსახურის ვადა მეწურებოდა და ახალი ხელშეკრულების დადებას ვაპირებდი, რომ ჩვენს გარნიზორში შევსება მოვიდა. ახალბედები რომ შევათვალიერე, ერთ-ერთ მათგანში იმ ათეულის წევრი შევიცანი, ვინც მე ტყუილუბრალოდ გამისტუმრა ციხეში. მანაც მიცნო და ისე შეეშინდა, რომ საცოდავი სანახავი გახდა. იქვე არაფერი მითქვამს და თავი ისე დავიჭირე, თითქოს ვერ ვიცანი. ვიფიქრე, მარტო მოვიხელთებ და პირისპირ დაველაპარაკები-მეთქი. ის ახალბედაც იმ კონტინგენტიდან იყო, საიდანაც მე – ავღანეთში ციხიდან წამოიყვანეს. ათი დღე რომ გავიდა, ახალბედა ყაზარმის კუთხეში მოვიხელთე. კედელთან მივაყენე, ყელზე „შტიკ-ნოჟი“ მივადე და ვუთხარი:

– მიცანი, შე გნიდა?

– გიცანით, – მითხრა გაფითრებულმა.

– რაო, მაინც ვერ გადაურჩი ხომ ციხეს. მაგრამ გეტყობა, მსუბუქი სასჯელი გქონდა, თორემ აქ არ გამოგიშვებდნენ.

– 2 წელი პირობითი მომისაჯეს.

– რა ჩაიდინე?

– მე არაფერი. მაზოხინმა და ბიჭებმა გააუპატიურეს ის გოგო. მე სადარბაზოშიც არ შევსულვარ და გარეთ ვიდექი ატასზე.

ახალბედას სიტყვები ძალიან ცუდად მენიშნა. საშინელი წინათგრძნობა დამეუფლა. მისი მოსმენაც აღარ მინდოდა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ყველაფერი დაწვრილებით მოვაყოლე. ჩემი წინათგრძნობა გამართლდა და გაუპატიურებული გოგონა ჩემი მარინა აღმოჩნდა. ამ ნაძირალებს მარინა ღამით მოუხელთებიათ და გაუუპატიურებიათ. ერთ-ერთ მოქალაქეს მილიციაში დაურეკავს და ყველანი დაუკავებიათ. მაგრამ საქმეში ისევ მაზოხინის მამა ჩაერთო და ყველას წვრილმანი ხულიგნობისთვის პირობითი მიუსაჯეს. თავად მაზოხინი კი სუფთად გამოძვრა ამ საქმიდან. ახალბედამ რომ თხრობა დაასრალა, მისთვის ყელის გამოჭრა დავაპირე, მაგრამ თავი შევიკავე, ეს რომ მექნა, ციხეში ჩამსვამდნენ. მე კი მოსკოვში დაბრუნება და მარინას ნახვა მინდოდა. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ყველაფრის მიუხედავად, მასზე დავქორწინებულიყავი. ახალბედას ყელიდან დანა მოვაშორე და ვუთხარი:

– მოსაკლავი ხარ, მაგრამ ცოცხალს გტოვებ... დროებით. თუ აქედან ცოცხალი გამოაღწიე, აუცილებლად მოგძებნი და გაგისწორდები. ახლა კი გაეთრიე აქედან.

ახალბედა და მისი რამდენიმე თანაპოლკელი 5 დღის შემდეგ მოჯაჰედებთან შეტაკებაში დაიღუპნენ. კიდევ ხუთი დღის შემდეგ კი ავღანეთიდან მოსკოვისკენ ავიღე გეზი და სახლში დავბრუნდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე, თავი მოვიწესრიგე და მარინასკენ გავემართე. მტერსა და ავს, რაც მე იქ შევიტყვე. სმირნოვების ბინა დაკეტილი დამხვდა. კარგა ხანს ვუბრახუნე და ხმაურზე მათი კარის მეზობელი, შუა ხნის ქალბატონი გამოვიდა და მითხრა:

– სახლში არ არიან.

– ხომ არ იცით, როდის მოვლენ?

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– ნათესავი ვარ. მოსკოვში გავლით ვარ და მონახულება მინდოდა.

– სხვა ქალაქში გადასახლდნენ. ზუსტად სად, არ ვიცი. ურალში უნდა იყვნენ.

– მარინაც?

ქალს სახე წაეშალა და მითხრა.

– სამწუხაროდ, მარინა ცოცხალი აღარაა.

გავფითრდი. ფეხები მომეკვეთა და ქვის ფილაქანზე დავეშვი. ქალბატონმა ნიშადური გამოარბენინა. მასუნთქა, გრძნობაზე მომიყვანა და სახლში შემიყვანა. აზრზე, რომ მოვედი, მან ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა:

– ეს საშინელება ორი წლის წინ მოხდა. მარინა მარტო იყო ჩამოსული რამდენიმე დღით და ასე მითხრა, ერთ ადამიანს ვეძებო. ერთ საღამოს მარინა სახლში გვიან დაბრუნდა. დამიკაკუნა და რომ შევხედე, შემეშინდა – სახე ალეწილ-დაკაწრული ჰქონდა, სამოსი შემოხეული და ჭუჭყიანი, ძლივს ლაპარაკობდა და მითხრა:

– თუ შეიძლება, საქალაქთაშორისოზე დამარეკინეთ და ხვალვე გადავიხდი, ჩემი ტელეფონი გამორთულიაო.

უარს როგორ ვეტყოდი. დარეკე-მეთქი და სახლში შევიყვანე. მე კი მეორე ოთახში გავედი, რომ უხერხულობა არ ეგრძნო. ერთი წუთიც არ ულაპარაკია და ყურმილი რომ დადო, ვკითხე:

– მარინკა, რა გჭირს. ასეთ დღეში რატომ ხარ-მეთქი?

– ქუჩაში მანქანამ დამარტყა და მძღოლი გაიქცა. წეღან ჩემებს დავურეკე, რომ ჩამოვიდნენ, – მითხრა იმ საბრალომ.

– მარინკა, მოდი, სასწრაფო გამოვიძახოთ, მძიმე ტრავმა არ გქონდეს.

– არა. არაფერია. დავწვები და დავიძინებ. დილისთვის ჩიტივით ვიქნები.

– ჩემთან დარჩი. აქ დაიძინე. იქნებ, რამე დაგჭირდეს და მოგხედავ.

– არა. გმადლობთ. წავალ და დავიძინებ, – მითხრა მან და წავიდა.

დავწექი, მაგრამ ვერ მოვისვენე. ღამის 2 საათი იყო, რომ წამოვდექი. ხალათი მოვიცვი და მარინას კარზე დავაკაკუნე. კარი ღია იყო. შევედი და გავშეშდი. გოგონა სასტუმრო ოთახში, უზარმაზარი ჭაღის კაუჭზე იყო ჩამომხრჩვალი. მაგიდაზე კი წერილი იდო. მილიციას დავურეკე. შემდეგ კი მის მშობლებსაც და ვუთხარი, რომ გოგონა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მარინას დედ-მამა დილით ჩამოფრინდნენ. მილიციამ კი გამოძიება ჩაატარა. ვიღაცები დასაჯეს კიდეც. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, ქუჩის მძარცველები იყვნენ.

– წერილის შინაარსი ხომ არ გახსოვთ?

– ზეპირად. წერილში ეწერა: „ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. ყველანაირი ღირსება ამეყარა. საყვარელი ადამიანი დავკარგე. მაპატიეთ, ერთს გთხოვთ, ჩემს თემურს გაუფრთხილდით!“

– თემური ვინაა? – გულის ფანცქალით ვკითხე ქალბატონს.

– მისი შვილი. ახლა 5 წლის იქნება.

– მარინა გათხოვილი იყო?

– არა. შეყვარებული ჰყავდა, ერთი ქართველი და მამამისმა ცოლად არ გააყოლა. სწორედ ამის გამო გადასახლდნენ მოსკოვიდან. პანაშვიდებზე მარინას მშობლები მოსთქვამდნენ: გვაპატიე, ჩვენო გოგონა, რომ ცხოვრება დაგინგრიეთო. როგორც მივხვდი, ამ ამბავს გულისხმობდნენ.

მარინას სიცოცხლის ასეთი დასასრული ჩემთვისაც სიკვდილს ნიშნავდა, მაგრამ შვილთან შეხვედრის იმედმა ყველანაირი გაჭირვება დამაძლევინა. ქალბატონს მადლობა გადავუხადე და ვუთხარი:

– მარინას მშობლების ტელეფონი ხომ არ იცით? დავურეკავ და მივუსამძიბრებ-მეთქი.

ქალბატონმა ტელეფონის ნომერიც მომცა და მარინას საფლავის ადგილმდებარეობაც გამაგებინა. მე გამოვემშვიდობე ქალბატონს და წამოვედი. ყვავილების მაღაზიაში ვარდების უზარმაზარი თაიგული შევიძინე და მარინკას საფლავზე მივიტანე. მთელი ღამე იქ გავატარე, ტირილში და მხოლოდ დილით დავბრუნდი სახლში. ტელეფონის ნომრით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი სვერდლოვსკში იმყოფებოდა, მაგრამ მასთან შეხვედრა გაურკვეველი დროით გადავდე და შურისძიების გეგმის მოფიქრებას შევუდექი. ერთი ნაძირალა მკვდარი იყო, დანარჩენი ცხრის მისამართების დადგენა დავიწყე. მათი ვინაობები კი ისედაც კარგად ვიცოდი. ცხრიდან ერთ-ერთი სოჭში იყო გადახვეწილი და პირველს მას დავატეხე ჩემი რისხვა. ის ტაქსის მძღოლად მუშაობდა და მანქანაში მოვიხელთე. ველურ პლაჟზე გავიყვანე და გავაშიშვლე. გენიტალიები მოვკვეთე და იქაურობას გავეცალე. იგივე ბედი გაიზიარა კიდევ შვიდმა ნაძირალამ უკვე მოსკოვში. ქალაქში ხმები დადიოდა დაუნდობელი მანიაკის შესახებ. ანუ ჩემზე. თუმცა, მე მხოლოდ შურისმაძიებელი ვიყავი და არა სერიული მკვლელი.

მამა-შვილი მაზოხინები ბოლოსთვის შემოვინახე და მათ მოსახელთებლად ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდი. როგორც იქნა, ეს მომენტიც დადგა. როდესაც ისინი მარტო იმყოფებოდნენ სახლში, ფოსტალიონის სახელით ბინაში შევაღწიე, ორივე გავაშიშვლე, მაგრად მივაბი რადიატორზე და შვილს ვუთხარი:

– ერთ-ერთი თქვენგანი საშინელი სიკვდილით უნდა მოკვდეს და ვის ირჩევთ?

მამას ხმა არ ამოუღია. შვილმა კი მამამისზე მიმანიშნა, გამეცინა და ვუთხარი:

– მაშინ შენ თვითონ აღასრულე სამართალი. აი, ბასრი ხანჯალი და მიდი, იმუშავე. მაგრამ იცოდე, თუკი ჩემზე თავდასხმას დააპირებ, მაშინ შენც მოკვდები.

მამა მაზოხინს პირში ჩოგბურთის ბურთი ჩავჩარე, რომ არ ეყვირა. შემდეგ მისი შვილი ავხსენი. პისტოლეტი მივუშვირე, ბასრ ხანჯალზე მივუთითე და ვუთხარი:

– დაიწყე.

მაზოხინმა მამამისი თვალების დაუხამხამებლად აქნა, მერე მომიბრუნდა და მითხრა:

– მოვრჩი. შემიძლია, ჩავიცვა?

– ნუ ჩქარობ, მორგში ჩაგაცმევენ, რაც შენგან დარჩება, – ვუთხარი მაზოხინს და იარაღი დავუშვი.

მან ბასრი, სისხლიანი ხანჯალი მომიქნია. ამით შეთანხმება დაარღვია და თავს დამესხა. მე კი ის ერთი დარტყმით მივთიშე. გავბაწრე, პირში ბურთი ჩავტენე და ავმუშავდი. ჩემგან მან ის მიიღო, რაც მამამისმა მისგან. ყველაფერი რომ დასრულდა, მაზოხინების ბინიდან წამოვედი და სწრაფი მატარებლით პირდაპირ სვერდლოვსკში გავემგზავრე.

ურალის დედაქალაქში რომ ჩავედი, სმირნოვების მისამართი მალევე დავადგინე. ისინი ძველ ქალაქში, ერთ პატარა რუსულ „იზბაში“ ცხოვრობდნენ. საღამოს ექვსი საათი იყო. სანამ მათ მივადგებოდი, მინდოდა, მათ შესახებ შემეტყო. ბედმა გამიღიმა და მეზობლის სახლიდან მოზარდი გოგონა გამოვიდა. ხელში ორი მძიმე ჩანთა ეკავა და ცდილობდა, სწრაფად ევლო.

– მოგეხმარები, – ვუთხარი გოგონას, ჩანთები გამოვართვი და დავიძარი, თან ვკითხე, – საით მიგიჩქარია?

– ავტობუსის გაჩერებაზე. ჩემს ძმას სასწავლო წიგნები უნდა გავუგზავნო. სამხედრო სასწავლებელში სწავლობს, ყაზარმულ რეჟიმზეა და სახლში მხოლოდ შაბათ-კვირას მოდის. დღეს კი ხუთშაბათია.

– უყურე შენ?! ეტყობა, ჭკვიანი ძმა გყავს, ამდენ წიგნს რომ კითხულობს.

გოგონა, რომელსაც ლუსია ერქვა, ძალიან ენაწყლიანი აღმოჩნდა. დაწვრილებით მომიყვა ძმის შესახებ და თქვა:

– გადაწყვეტილი აქვს, რომ გენერალი გახდეს.

– აუცილებლად გახდება. ლუსინკა, ერთი ეს მითხარი, სმირნოვებს თუ იცნობ?

– როგორ არა, პატარა თემურს ხშირად ვეთამაშები ხოლმე. მართა კი მათემატიკაში მამეცადინებს.

– მართა ვინაა?

– თემურს უვლის. ბაბუამისის ძმისშვილია, – თქვა ლუსიამ და დაამატა, – აი, ისინიც, მართა და თემური ბაღიდან ბრუნდებიან.

ორმოციოდე მეტრში ლამაზი გოგონა და ჩემი შვილი მოდიოდნენ. გოგონას რომ შევხედე, კინაღამ ჩანთები დამიცვივდა. მართა ზედგამოჭრილი მარინკა იყო – ტყუპისცალივით ჰგავდა მას, ხოლო ჩემი შვილი მეც მგავდა და დედამისსაც.

– ლუსინკა, სიტყვა არ დაძრა რომ სმირნოვებზე გეკითხებოდი, – ვუთხარი გოგონას.

– კარგი, არაფერს ვიტყვი. თქვენ მილიციიდან ხომ არ ხართ?

– არა, არა. მერე გეტყვი, – ვუთხარი ლუსიას. ამ დროს თემური გამოიქცა და ლუსიას ჩაეხუტა. შემდეგ შემომხედა და მას ჰკითხა:

– ლუსენკა, ეს ძია ვინაა?

– ჩემი ნათესავია, – მიუგო გოგონამ.

– წამოდი, რა მეთამაშე!

– ერთ საათში გამოგივლი, თემურ. შენ კი მანამდე ხელები დაიბანე და საჭმელი ჭამე.

– კარგი, – თქვა თემურმა და მართას გაჰყვა, რომელიც დიდი ინტერესით მათვალიერებდა.

წიგნები რომ მივიტანეთ და უკან გამოვბრუნდით, ლუსიამ მითხრა:

– თქვენ, ალბათ, სმირნოვების ნათესავი ხართ.

– დიახ. როგორ მიხვდი?

– თემური გგავთ ძალიან. ნათესავები კი ერთმანეთს ჰგვანან.

– სწორია. ახლა შენ ის მითხარი, თემურის ბებია და ბაბუა როგორ არიან?

– ძალიან ცუდად. ორივე ლოგინადაა ჩავარდნილი.

– რატომ, რა დაემართათ?

– ორი წლის წინ მოსკოვში თემურის დედა გარდაიცვალა. იქ იყვნენ ჩასულები და რომ დაბრუნდნენ, ორივეს წნევამ დაარტყა და მას მერე ლოგინად არიან ჩავარდნილი.

– თემურის მამა სადაა?

– ავარიაში დაიღუპა. თურმე, ქართველი ყოფილა.

– ქართველი? ეგ როგორ?

– თემური, გვარად გავაშელია. ეს კი ქართული გვარია და ესე იგი, მამამისიც და თემურიც ქართველები არიან.

ეს იმდენად მოულოდნელი ინფორმაცია იყო, რომ ლუსიას დაბნეულმა ვუთხარი:

– ჰო, რა თქმა უნდა.

ამასობაში სმირნოვების სახლს მივადექით. ლუსიამ გამომცდელად შემომხედა და მკითხა:

– უნდა შეხვიდეთ?

– კი.

– გინდათ, შემოგყვეთ?

– არა. მადლობა.

– კარგი. როგორც გინდათ. თემურს კი უთხარით, რომ მალე მივალ და ვეთამაშები.

– შეხვედრამდე! – გავუღიმე ლუსიას და ეზოში შევედი.

ავადმყოფები გვერდიგვერდ იწვნენ. დამინახეს თუ არა, მაშინვე მიცნეს. სიდედრმა სევდიანად გამიღიმა და ენის ბორძიკით მითხრა:

– მადლობა ღმერთს, რომ ჩამოხვედი. იმედი აღარ მქონდა. ახლა კი შემიძლია, უფალს მივებარო.

სიმამრი უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძლივს მითხრა:

– ბოდიში, თემურ, რომ ორივეს ასე სასტიკად მოგექეცით. ამით მე მარინას სიცოცხლე შევიწირე. აბა, შენ იცი, როგორ მოუვლი ჩვენს თემოს.

ისინი გამთენიისას გარდაიცვალნენ, თითქოს მე მელოდებოდნენ. ცოლ-ქმარი ყველა ქრისტიანული წესის დაცვით დავკრძალეთ. „იზბაში“ თემური, მე და 24 წლის მართა დავრჩით. ერთი წლის შემდეგ კი მე და მართამ ჯვარი დავიწერეთ, დავქორწინდით და უკვე ოთხ შვილს ვზრდით.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული