რომანი და დეტექტივი

შურისმაძიებელი

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.05

შურისმაძიებელი
დაკოპირებულია

უკეთილშობილესი მშობლები მყავდა. დედაჩემი ექიმი იყო, ძალიან ღვთისნიერი, სათნო ქალი და მთელი ქვეყანა ემადლიერებოდა. მამა კი კრივის მწვრთნელად მუშაობდა. ძლიერი და პრინციპული იყო და სწორედ იმიტომ ვერ გახდა დიდი ჩემპიონი, რომ თავის პრინციპებს არ უღალატა. ამაზე ლაპარაკი არ უყვარდა, თუმცა დედამ მომიყვა ეს ისტორია: მამა 16 წლის ყოფილა, როდესაც საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოუგია. თავისზე 2-3 წლით უფროსი მძიმეწონოსნები დაუმარცხებია და წინ დიდი პერსპექტივა ჰქონდა. მოსკოვში ეროვნული ნაკრების „ზბორებზე“ წაუყვანიათ და წვრთნას კუბელ მოკრივეებთან ერთად გადიოდა. კუბელები მსოფლიოში სახელგანთქმული მოკრივეები არიან. მამას ყველა სპარინგ-პარტნიორი დაუმარცხებია და კუბელები გაუგიჟებია. საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელები აღფრთოვანებული ყოფილან მამაჩემით და მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე პირველ ნომრად გამოიყვანეს. მამამ ყველა ორთაბრძოლა დროზე ადრე, ნოკაუტით დაასრულა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ერთი სიტყვით, მამაჩემის სახით საბჭოთა კრივში იშვიათი ტალანტი გამოჩნდა და სპორტის მესვეურებმა მას ძალიან სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. საცხოვრებლად მოსკოვში გადაიყვანეს და ბინაც მისცეს. ფიზკულტურის ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩარიცხეს და ხელფასსა და სტიპენდიას ერთდროულად უხდიდნენ. 

მამა კი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მძიმე წონას უპირობოდ მოიგებდა. მამაჩემის პირადი მწვრთნელი გურამ ვაშაკიძე იყო და თურმე, მამაჩემს ეუბნებოდა: სეხნიავ (მამაჩემსაც გურამი ერქვა), დარწმუნებული ვარ, ხუთი წლის შემდეგ მუჰამედ ალისაც დაამარცხებო. ალი კი იმ პერიოდში დიდების ზენიტში იმყოფებოდა. საუცხოო ფორმაში იყო და მძიმეწონოსან პროფესიონალ მოკრივეებს შორის ბადალი არ ჰყავდა... აი, ისეთი კლასის მოკრივე იყო მამაჩემი – გურამ გავაშელი და მთელი არსებით ემზადებოდა ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად. თუმცა, ჩემპიონატამდე 40 დღით ადრე საბჭოთა მოკრივეთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი შეცვალეს. მას ებრაელობა დაუწუნეს და მის მაგივრად „სუფთა რუსი“ დანიშნეს. ეს კაცი, თურმე, მთავარი საბჭოთა იდეოლოგის, მიხეილ სუსლოვის ნათესავი ყოფილა. ახალმა მწვრთნელმა ნაკრების რეორგანიზაცია დაიწყო და გუნდს რუსი ეროვნების სპორტსმენებითა და მწვრთნელებით აკომპლექტებდა. პირველ რიგში, კავკასიელების მოშორებას მიჰყო ხელი და ორი სომეხი ჩემპიონი, მათივე მწვრთნელებითურთ, ყოველგვარი სინანულის გარეშე გაუშვა და ეს იმით ახსნა, რომ გუნდს გაახალგაზრდავება ესაჭიროებოდა. სომხები, რა თქმა უნდა, რუსებით ჩაანაცვლა. ბოლოს მამაჩემსა და მის მწვრთნელს მიადგა. გურამ ვაშაკიძე უპირობოდ გაათავისუფლა. მამაჩემის გაშვება კი იოლი არ იყო. ჯერ ერთი, რომ მამა ახალგაზრდა იყო და რაც მთავარია, მამაჩემს არა მარტო საბჭოთა ნაკრებში, მთელს ევროპაში ბადალი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე მამაჩემმა ყველა სავარაუდო კონკურენტი უპირობოდ დაამარცხა და ნოკაუტებით დაყარა, შოვინისტი მთავარი მწვრთნელი ვერ ისვენებდა. მამაჩემი თავის კაბინეტში დაიბარა და უთხრა:

– ერთ თვეში ევროპის ჩემპიონატი იწყება და თუ იქ მოხვედრა გსურს, ერთი პატარა ფორმალობა უნდა შეასრულო.

– რა ფორმალობა? – იკითხა მამამ.

– ისეთი არაფერი, ამ შეჯიბრებაზე ტიმოფეი გავაშელოვის სახელით უნდა გამოხვიდე და მეტი არაფერი. ახალ პასპორტს გაგიკეთებთ და ისე წარდგები ევროპის პირველობაზე. როგორც ხედავ, უბრალო ფორმალობაა, – თქვა მთავარმა მწვრთნელმა.

– კი, მაგრამ, რა საჭიროა ასეთი რამ? – თქვა მამაჩემმა, მთავარმა მწვრთნელმა კი მიუგო:

– თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ჟღერადია – ტიმოფეი გავაშელოვ. ადრე, როდესაც საჭიდაო შერკინებები იმართებოდა ცირკის არენაზე, მონაწილეები ჟღერად სახელებს ირჩევდნენ. ეს მიღებული პრაქტიკა იყო.

– არა ვარ თანახმა. მე ევროპის პირველობაზე უნდა გამოვიდე და არა ცირკში, – კატეგორიულად უპასუხა მამამ შოვინისტ მთავარ მწვრთნელს.

– ტიმოფეი გავაშელოვ! ასეთი ურჩობა თუ გამოიჩინე, ცირკსაც კი არ გაგაკარებენ, – დამცინავად თქვა შოვინისტმა.

მამაჩემს თვალები აენთო და შოვინისტს კბილებში გამოუცრა:

– გაფრთხილებთ, თუ კიდევ ერთხელ შეგეშლებათ ჩემი ვინაობა, ამ შეცდომას აპერკოტით გამოგისწორებთ.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს მკვდრის ფერი დასდებია და ენა ჩავარდნია. მამაჩემი კი მისი ოთახიდან გამოსულა და თხუთმეტი წუთის შემდეგ აცნობეს, რომ ნაკრებიდან გათავისუფლებულია დისციპლინის დარღვევის გამო.

მამა მაშინ სულ რაღაც 19 წლის იყო. ესეც არ აკმარეს. მოიწვიეს ნაკრების კომკავშირული კრება და მამაჩემი „გაკიცხეს“. საკავშირო სპორტკომიტეტმა კი მამაჩემს შეჯიბრებებზე გამოსვლა 5 წლით აუკრძალა. ინსტიტუტიდან გარიცხვასაც უპირებდნენ, მაგრამ მეოთხე კურსზე იყო, კარგად სწავლობდა და ეს უკვე რექტორმა არ დაუშვა. რომ იტყვიან, მთელი სხეულით გადაეფარა მამაჩემს. ხოლო მამამ რომ დიპლომი აიღო, ინსტიტუტში დატოვა, კრივის კათედრაზე. ფიზკულტურის ინსტიტუტის რექტორი ძალიან წონიანი კაცი იყო, მრავალგზის ჩემპიონი, ომის მონაწილე მზვერავ-დივერსანტი, მრავალი საბრძოლო ორდენის კავალერი და მიუხედავად იმისა, რომ ებრაელი იყო, ვერ ეხებოდნენ. ასე დაასამარეს მამაჩემის, როგორც მოკრივის, კარიერა, მაგრამ რექტორის წყალობით, მამა მაღალი დონის მწვრთნელი გახდა და არაერთი ჩემპიონი აღზარდა. საქმიანობის გამო საცხოვრებლად მოსკოვში დარჩა. დედაც იქ გაიცნო და მალევე დაქორწინდნენ. მე რომ დავიბადე, თავზე მევლებოდნენ. თუმცა, არ მანებივრებდნენ და რომ იტყვიან – სპარტანურად მზრდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსების გარემოცვაში ვცხოვრობდით, ქართულენოვანი საბავშვო ბაღი და სკოლა დავამთავრე. შოვინისტური ზეწოლის მიუხედავად, ჩემს მშობლებს არასდროს გაულანძღავთ სხვა ეროვნების ადამიანები. ორივე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს მინერგავდა და ადამიანობას მასწავლიდნენ. თუმცა, თავიანთი ეროვნულობა არასდროს დაუკნინებიათ და მეც და ისინიც ვამაყობდით, რომ ეროვნებით ქართველები ვიყავით.

მამა კრივში კი მავარჯიშებდა და საკმაოდ ინტენსიურადაც, მაგრამ ვხედავდი, რომ არ უნდოდა, მოკრივე გამოვსულიყავი, ალბათ, თავისი მწარე ისტორიის გამო. სიმართლე რომ ვთქვა, მოკრივეობისკენ არც მე მივილტვოდი და ექიმობას ვაპირებდი. მინდოდა, დედაჩემის პროფესიას დავუფლებოდი და ადამიანები განმეკურნა. ეს ჩემს ორივე მშობელს ახარებდა. ერთი სიტყვით, სკოლა რომ დავათავრე 17 წლის ვიყავი. სამედიცინო ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი და სწორედ მაშინ მივიღე საშინელი დარტყმა – მამა დამეღუპა... მამას თავისი აღსაზრდელები შეკრებაზე ჰყავდა წაყვანილი. უკან რომ ბრუნდებოდნენ, სველ გზაზე ავტობუსი მოცურდა და კლდის კიდეზე გაიჭედა. მამას კი თავისი აღსაზრდელები ამოჰყავდა. ბოლო ბავშვი რომ ამოიყვანა და თავადაც უნდა ამოსულიყო, ავტობუსი კლდეს მოსწყდა და უფსკრულში გადაიჩეხა. მიუხედავად ამისა, მამაჩემმა კიდევ სამი დღე იცოცხლა საავადმყოფოში. მე და დედა თავზე ვედექით და მისი ბოლო სიტყვები იყო: თემურ, შვილო, დედას გაუფრთხილდი. არასოდეს დაკარგო ღირსება, ადამიანობა და ვაჟკაცურად იცხოვრეო. ასეთი ტრაგედიის მერე რა მეინსტიტუტებოდა და მთელი წლის განმავლობაში დედაჩემს გვერდიდან არ მოვცილებივარ.

მამაჩემის ტრაგიკული დაღუპვიდან ერთი წელი იყო გასული. სასაფლაოდან მარტო ვბრუნდებოდი. მოსკოვური, გვიანი შემოდგომის საზიზღარი საღამო იყო. სველი თოვლი მოდიოდა და ქუჩაში ფეხით მივაბიჯებდი. ირგვლივ კანტიკუნტად ჩანდნენ გამვლელები. უცებ ქალის კივლილის ხმა შემომესმა. შევჩერდი, მივაყურადე და ხმის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯებით წავედი. კორპუსებს შუა, საბავშვო მოედანთან მივედი და რას ვხედავ – ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი გოგონას ეძალავებიან. პირზე ხელს აფარებენ და სადღაც მიათრევენ. იმ პერიოდში მოსკოვში სხვადასხვა ხულიგნური დაჯგუფება იყო მომრავლებული და ღამის საათებში ქუჩაში უსაფრთხოდ ვერ გაივლიდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთივე მოძალადე თითო დარტყმით დავყარე ძირს. გოგონას ხელი დავავლე და სწრაფად გავეცალეთ იქაურობას. როგორც აღმოჩნდა, გოგონა თავის ჯგუფხელის დაბადების დღეზე ყოფილა. მისთვის მამამისს უნდა გამოევლო, მაგრამ ვერ მოუხერხებია. ამიტომ გოგონა მარტო წამოსულა იქიდან და ხულიგნების ხელში ჩავარდნილა. გოგონა სახლამდე მივაცილე. აი, ასე მოხდა ჩემი და მარინა სმირნოვას გაცნობა. მარინა მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა, უცხო ენების ფაკულტეტზე. მამა პროფესორი ჰყავდა, დედა კი ისტორიკოსი. მარინამ თავისი ბინის ტელეფონი მომცა და ჩემიც გამომართვა. მადლობა გადამიხადა და სახლში შევიდა. ორი დღის შემდეგ თვითონ დამირეკა და შეხვედრაზე შევთანხმდით. შევხვდით კიდეც. ის დღე იყო და მას მერე ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ერთად ვიყავით. თავდავიწყებით შეგვიყვარდა ერთმანეთი. ერთ დღესაც ვიფიქრე, უკვე დრო იყო და ვუთხარი:

– მარინკა, ცოლად გამომყვები?

ამ სიტყვებზე მარინა შეცბა და ფერი ეცვალა. ცოტა ხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი თქვა:

– შენთან ერთად ქვეყნის კიდემდე ვივლი. მაგრამ... – მარინა ისევ გაჩუმდა. მე კი ვუთხარი:

– რა მაგრამ? ხვალვე მოვალ თქვენთან და შენს მშობლებს შენს ხელს ვთხოვ.

– არა, თემო, არა! ეს არ ქნა, – მითხრა ჩემმა სიყვარულმა და ცარცის ფერი დაედო. შემდგომ კი დაამატა, – ჩვენთან მოსვლა არ გინდა. მოდი, მმაჩის ბიუროში წავიდეთ და ჩუმად მოვაწეროთ ხელი. მე ლიდას წამოვიყვან მოწმედ, შენ კი რომელიმე შენს მეგობარს უთხარი.

ასეთმა პასუხმა გამაოცა და ვუთხარი:

– პარტიზანები ხომ არ ვართ, რომ ასე ვიმოქმედოთ? ოფიციალურად გავაკეთოთ ყველაფერი. პატივი ვცეთ უფროსებს და არ ვაწყენინოთ.

– არა, თემო, დამიჯერე, ჯობია, ჩემებურად მოვიქცეთ.

– კი მაგრამ, რატომ?

– ნუ მკითხავ და უბრალოდ, დამიჯერე, გაიმეორა მარინამ. მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიდექი და ბოლოს მითხრა:

– შენი გულის ტკენა არ მინდოდა, მაგრამ რადგან დაჟინებით მთხოვ, გეტყვი.

– თქვი, საყვარელო, არ მეწყინება და არც გული მეტკინება.

მარინამ ამოიოხრა და მითხრა:

– ძვირფასო, შენ შესახებ ჩემებმა კარგა ხანია, იციან, მაგრამ უარზე არიან, განსაკუთრებით კი, მამაჩემი. მას შენი სახელის გაგონებაც არ უნდა.

– რატომ? – ნუ მკითხავ. მოდი, ჩუმად ვიქორწინოთ, – გამიმეორა მარინამ.

მე თავი გავაქნიე და დავიჟინე:

– არა. მითხარი. უნდა ვიცოდე, რაშია საქმე.

– საქმე ისაა, რომ... – ენის ბორძიკით დაიწყო მარინამ, – საქმე ისაა, რომ მამაჩემი ამბობს, ქართველს არანაირად არ გავატან ჩემს ერთადერთ ქალიშვილსო.

ამ სიტყვებმა გული კი მატკინა, მაგრამ, უფრო მეტად ცნობისმოყვარეობამ დამძლია და ვკითხე:

– მაინც, რატომ? რით ვერ მოვიგეთ ქართველებმა მამაშენის გული?

– სტალინისა და ბერიას გამო. ოცდაჩვიდმეტ წელს მამაჩემის მამა, ანუ – ბაბუაჩემი მავნებლობის ბრალდებით დახვრიტეს. ბებიაჩემი კი ბანაკში გადაასახლეს და მამამ ბავშვობა იქ გაატარა, ანუ, ბანაკში. დედამისი ბანაკშივე გარდაიცვალა. მამა ბავშვთა სახლში გაამწესეს და დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა... რადგან სტალინი და ბერია ქართველები იყვნენ, თავის ზიზღს მთელ ერზე ანთხევს.

– გასაგებია, მაგრამ სტალინმა და ბერიამ ნახევარი საქართველო გაწყვიტეს. აი, ხრუშჩოვი კი ჩვენი, ქართველების პირისაგან მიწისა აღგვას აპირებდა და რომ არ გადაეყენებინათ, ალბათ, შეასრულებდა კიდეც ამას, თუმცა ქართველებს რუსები არ შეგვზიზღებია ერთი ნაძირალა რუსის გამო. განა ჩვენი სიყვარული არაა ამის ნათელი მაგალითი?

– არის. როგორ არა, მაგრამ ამას მამაჩემს ვერ შეაგნებინებ და მოდი, ჩუმად ვიქორწინოთ.

მარინა სახლამდე მივაცილე ათიოდე წუთი მოვიცადე და სმირნოვების ბინის კარს მივადექი, ზარს თითი მივაჭირე. კარი მარინას დედამ გამიღო. მე მას მივესალმე, შესვლის ნებართვა ვთხოვე და შევედი. მარინამ რომ დამინახა, გაფითრდა და აკანკალდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მარინას მამა უკიდურესად ცუდად მომექცა: დაჯდომაც კი არ შემოუთავაზებია და ბინიდან უკანასკნელი ვიგინდარასავით გამომაგდო. მარინამ ქვითინი დაიწყო და მომაძახა, ხომ გითხარი და რატომ არ დამიჯერეო.

უკიდურესად შეურაცხყოფილი ვიყავი, თუმცა, მარინას მშობლებისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს. სახლში ფეხით წავედი, თან ვფიქრობდი, ბოლოს და ბოლოს ჩუმად დავქორწინდებით-მეთქი. მაგრამ ტყუილად როდია ნათქვამი, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო? სახლში მიმავალ გზაზე ნაძირალების იმ ბანდას გადავეყარე, ვისაც მარინა გამოვტაცე ხელიდან. ორჯერ მეტნი იყვნენ და ამიშარდნენ. როცა შევთავაზე გამცლოდნენ, ერთხმად მითხრეს, ქართველი ხარ, შე შავტრაკიანოო... უფრო რომ მომიახლოვდნენ, მიცნეს და აგრესიულად გამოიწიეს ჩემკენ. ხელში „დუბინკები“ და რკინის ჯაჭვები ეკავათ. ნამდვილად არ შემიშნებია მათი, თუმცა, ერთი კი გავიფიქრე, გავიქცევი და შარს ავერიდები-მეთქი, მაგრამ ისე უწმაწურად მიგინებდნენ ერსა და ქვეყანას, რომ არ გავიქეცი და მათ შემოტევებს თავიდან უბრალოდ ვიგერიებდი, თუმცა, ფოლადის წვრილი ჯაჭვი ისე მწარედ, მტკივნეულად მომხვდა ზურგში, რომ დავტრიალდი და დავცხე... ერთ-ერთ ნაძირალას „დუბინკა“ წავართვი და მათ უფრო იოლად გავუმკლავდი. ამ დროს მილიციის მორიგე პატრული გამოჩნდა. ოპერები პისტოლეტმომარჯვებულები გადმოხტნენ, იარაღი მოგვიშვირეს და გვიბრძანეს, ადგილიდან არ დავძრულიყავით, თან კიდევ სამი მანქანა გამოიძახეს. ყველანი შიგნით გაგვამწესეს და განყოფილებაში წაგვიყვანეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ნაძირლებმა ყველაფერი მე დამაბრალეს და რაც თვითონ მითხრეს, ყველაფერი მე მომაწერეს. ანუ თითქოს მე მათ რუს ვანკა ღორებს ვუწოდებდი და ასე შემდეგ. ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთი მთავარი ნაძირლის მამა პარტიული ფუნქციონერი ყოფილა და სწორედ ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი. ათივე ნაძირალა მილიციიდან გაუშვეს და მოწმის სტატუსი მიანიჭეს. მე კი ხულიგნობის მუხლი გამიფორმეს და „კაპეზეში“ მომათავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცამდე მართალი ვიყავი, სასამართლოზეც იგივე ფარსი გათამაშდა და ბოროტი ხულიგნობისთვის ოთხწლიანი პატიმრობა მომისაჯეს. ორი წელი ციხე და ორი წელი პირობითი. თავდაპირველად მოსამართლეს ექვსწლიანი პატიმრობის მოსჯა უნდოდა და მთელი პატიმრობა საპყრობილეში უნდა გამეტარებინა, მაგრამ დედაჩემის ძალისხმევით უფრო მსუბუქი სასჯელი გამომიტანეს, თუმცა ესეც არ მეკუთვნოდა. დედაჩემი ყოფილ რექტორთან მისულა – იმ ღვაწლმოსილ კაცთან, ვინც მრავალი წლის წინ მამაჩემს გვერდში დაუდგა.. ყოფილი რექტორი უკვე პენსიაზე იყო და ჯანმრთელობაც შერყეული ჰქონდა, მაგრამ მთელი თავისი გავლენა და კავშირები გამოიყენა – სასამართლოს სხდომასაც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. ერთი სიტყვით, ძალიან დამეხმარა. მარინა სასამართლოს არცერთ სხდომაზე არ მოსულა და ისე გადამიყვანეს ზონაში, რომ ერთხელაც ვერ ვნახე. ვფიქრობიდი, ალბათ, მშობლებმა არ გამოუშვეს-მეთქი და მთელი ორი წლის განმავლობაში დედაჩემსა და მარინაზე ფიქრში გავატარე. ერთი სული მქონდა, მშვიდობით დავბრუნებულიყავი სახლში და ახალი, ბედნიერი ცხოვრება დამეწყო.

ჩემი გათავისუფლების დროც დადგა და სახლში რომ მივედი, დედა ლოგინად ჩავარნილი დამხვდა. ჩემზე დარდმა მას მძიმე სენი შეჰყარა და ჩემი მისვლიდან ორ კვირაში გარდაიცვალა... ამას ისიც დაერთო, რომ მარინა და მისი მშობლები ორი წლის წინ მოსკოვიდან გაურკვეველი მიმართულებით გამგზავრებულიყვნენ, ანუ მაშინ, როდესაც მე ციხეში გამამწესეს. ვერც მარინას უახლოესი მეგობარი ლიდა ვნახე. დედამისმა მითხრა – საექიმო პრაქტიკაზეა გაგზავნილი ორი წლითო. მოკლედ, სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებოდი. ყველაფერი ეს მძიმედ დამაწვა ფსიქიკაზე. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ მილიციაში მივდიოდი და გამოცხადების უწყისზე ხელს ვაწერდი, რადგან ორწლიანი პირობითი სასჯელი მქონდა. დედაჩემის ორმოცის მეორე დღეს ხელის მოსაწერად მილიციაში მივდიოდი. კარს ვკეტავდი, რომ კიბეებზე სამხედროფორმიანი მამაკაცი ამოვიდა. შემავალიერა და მკითხა:

– თუ არ ვცდები, თემურ გავაშელი უნდა იყოთ.

– დიახ. თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე სამხედრო კომისარიატიდან ვარ და თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, თქვენთან შევიდეთ და დავილაპარაკოთ?

– იცით, მე მილიციაში უნდა მივიდე ხელის მოსაწერად და რომ დავაგვიანო, დარღვევად ჩამითვლიან.

– მაგის დარდი ნუ გექნებათ. მილიციაში გაფრთხილებულები არიან და დარღვევა არ დაგიფიქსირდებათ.

– თუ ასეა, მაშინ შემობრძანდით, – ვუთხარი სამხედროს და სახლში შევიპატიჟე.

იმ პერიოდში ავღანეთის ომი ძალას იკრებდა. საბჭოთა მთავრობას საზარბაზნე ხორცი სჭირდებოდა და ომში შედარებით მსუბუქი მსჯავრდებულებიც მიჰყავდათ. მეც ამიტომ მომადგნენ და სამხედრომ მითხრა:

– თუ ავღანეთში გამგზავრებაზე დაგვთანახმდებით, პირობითი მსჯავრი მოგეხსნებათ, ხოლო რომ დაბრუნდებით – ნასამართლობაც და სუფთა საბუთებს აიღებთ. შეგიძლიათ, ერთი კვირა იფიქროთ და თუ თანახმა იქნებით, კომისარიატში მოდით და გაგვაგებინეთ.

ჩემს მოსკოვში დარჩენაში ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდი, რადგან გვერდით ერთი ახლობელიც არ მყავდა. ცხოვრების მიზანი აღარ გამაჩნდა და ვფიქრობდი, იქნებ ტყვიამ დაუსვას წერტილი ჩემს ბედუკუღმართ ცხოვრებას-მეთქი. არადა, სულ რაღაც 21 წლის ვიყავი. სამხედროს შევხედე და ვუთხარი:

– ერთი კვირა არ მჭირდება. თანახმა ვარ.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული