რომანი და დეტექტივი

შურისძიება

№8

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.03, 2022 წელი

შურისძიება
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #6-7(1103)

ლელამ ლევანს ორი ფურცელი დაუდო წინ და უთხრა:

– ესაა „დეენემის“ ანალიზის დასკვნა, რომლითაც მტკიცდება, რომ კოტიკო რეზოს შვილია. როდესაც ეჭვი შემეპარა, სპეციალურად ხალხი დავიქირავე და ჩანაწერებიც მათ გააკეთეს და „დეენემის“ მასალებიც მათ აიღეს. თუმცა, არ იციან, რა რისთვის მინდოდა.

– რეზოს თუ უჩვენე ესენი?

– რა თქმა უნდა და სწორედ, ამით გიხსენი შენ. მას მე ამ მასალების გამოქვეყნებით დავემუქრე და შენს ლიკვიდაციაზე ხელი აიღო. თუმცა, მან და შენმა ძუკნამ მოილაპარაკეს და საზღვარგარეთ გაქცევასა და ბავშვის წაყვანას აპირებენ. ერთადერთი, რისიც მჯერა, ისაა, რომ რეზოს, იმ ნაძირალას კოტიკო ძალიან უყვარს და ნონასთან ერთად გაქცევას ამიტომ აპირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას არ იზამდა, შენს ძუკნასთან ერთად არ გაიქცოდა.

– ეს ყველაფერი მე რატომ მომიყევი. ჩემი ხელით გინდა, იძიო შური?

ლელამ თავი გააქნია. ჩაეცინა და უთხრა:

– შურისძიებას როგორმე უშენოდაც კარგად მოვახერხებდი ორივეზე, მაგრამ ბადრის სისხლიც მეყოფა. უფრო მოსანანიებლად მოვყევი. თანაც, ვინ იცის, რა მოუვათ თავში იმ ნაძირალებს და გაგაფრთხილე.

– გასაგებია. გაფრთხილებისთვის მადლობა. მე მღვდელი არ ვარ, რომ შეგინდო და ეს ღმერთმა იცის. ახლა კი მარტო დამტოვე, – უთხრა ლელას ლევანმა და ქალი სასტუმროს ნომრიდან გაისტუმრა.

***

მიუხედავად იმისა, რაც ლევანმა ლელასგან მოისმინა და ძალიან განიცადა, მაინც შეძლო, მთელი თავისი ნებისყოფა მოეკრიბა და თბილისში რომ დაბრუნდა, ნონასა და რეზოს არაფერი აგრძნობინა. თუმცა, წამითაც არ გადაუფიქრებია შურისძიება და დეტალურად გაიაზრა, როგორ ემოქმედა მოღალატე ცოლისა და ძმაკაცის წინააღმდეგ. საქმის კურსში რომ ყოფილიყო, ლევანმა საიმედო ხალხს თავის სახლში ფარული ხმოვანი მინივიდეოკამერები დააყენებინა. ის ონლაინ რეჟიმში ტელეფონის საშუალებით უყურებდა, რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ნონა და რეზო. როგორ დასცინოდნენ მას. ამ ვიდეოკამარების საშუალებით შეიტყო ლევანმა, რომ ნონა და რეზო კოტიკოსთან ერთად შეერთებულ შტატებში აპირებდნენ გამგზავრებას. მანამდე კი ლევანის დაბადების დღეზე ლევანი უნდა მოეწამლათ. შემდეგ კი გაპრეზიდენტებული რეზო და მკვდარი ლევანის მონაცვლე ნონა თავიანთ წილებს გაყიდნენ და საქართველოს დატოვებდნენ. მოსმენა-ყურებითა და ყველაფრის დეტალური ანალიზის შედეგად დარწმუნდა ლევან მიქაძე, რომ მთელი თავიანთი ბოროტი ბუნების მიუხედავად, ნონასა და რეზოს კოტიკო მართლაც ძალიან უყვარდათ და ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ორივე დაუფიქრებლად გაწირავდა სიცოცხლეს. ეს ყველაფერი რომ გააანალიზა, ლევან მიქაძემ ირონიულად ჩაიცინა და თქვა, – კოტიკო, აი, ჩემი საშინელი შურისძიების საშუალება, ბავშვის მეშვეობით გავამწარებ ამ ნაძირალებს.

***

საკუთარ დაბადების დღეს ლევან მიქაძე მომზადებული შეხვდა. რადგან იცოდა, რომ ნონასა და რეზოს იუბილარი უნდა მოეწამლათ, თადარიგი წინასწარ დაიჭირა და „დასწრებაზე ითამაშა“. სანამ გაშლილ სუფრას მიუსხდებოდნენ, ლევანმა უძვირფასესი სამარკო ღვინო გახსნა. შემდეგ ბოკლებში ჩამოასხა და ნონასა და რეზოს მხიარულად უთხრა:

– ამით დავიწყოთ, ეს ისეთივე მაგარი და ძვირფასია, როგორც ჩვენი მეგობრობა და სიყვარული. აბა, გისმენ, რეზო. ამ სუფრაზე დღეს შენ ხარ თამადა, ნონა კი შენი მოადგილეა.

რეზო გურულმა ლევანი ადღეგრძელა და ღვინო დალია. იგივე გაიმეორა ნონამაც და სულ რაღაც ორიოდე წუთში ორივეს კისერი მოსწყდა და იატაკზე გაგორდნენ.

ლევანმა დაბანგული ღვინით მიძინებულებს მზერა შეავლო. შემდეგ მობილურზე დარეკა და თქვა.

– ქერიმ, როგორაა საქმე?

– ყველაფერი რიგზეა, ლევან ბეი. მე და კოტიკო ადგილზე ვართ. არაფერზე იდარდოთ.

– კარგი, მეც მალე შემოგიერთდებით. ნახვამდის! – თქვა ლევანმა და მობილური გათიშა.

ქერიმი სირიიდან ემიგრირებული ქართველი იყო. ის იქ იყო დაბადებულ-გაზრდილი და 25 წლის ასაკში, როდესაც იქ სამოქალაქო ომი დაიწყო, თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა. ქერიმი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო და ლევანმა ის ციხეში გაიცნო, სადაც სამწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ორი თურქის ცემის გამო. ქერიმი პლეხანოვის გამზირზე, ერთ-ერთ თურქულ კაფეში მიმტანად მუშაობდა. როდესაც ქერიმი ლევანის გათავისუფლებიდან ერთ კვირაში ციხიდან გაუშვეს, ლევანმა ის თავის მძღოლ-პირად მცველად აიყვანა და სირიელი მართლმადიდებელიც ერთგულად ემსახურებოდა მას.

ლევანმა მიძინებული წყვილი წინასწარ მომზადებულ ბუნკერში ჩაათრია და იატაკზე დატოვა. შემდეგ კედელზე მიმაგრებული უზარმაზარი მონიტორი შეამოწმა და ბუნკერიდან ამოვიდა. რკინის კარი კი ავტომატურ რეჟიმზე დააყენა და იქაურობას გაეცალა...

***

ნონამ და რეზომ როდესაც თვალი გაახილეს, მიმიოიხედეს და ოდნავ აზრზე მოვიდნენ, კედელზე მიმაგრებულ მონიტორის ეკრანზე ლევანი დაინახეს პირდაპირ ეთერში. ის სიბნელეში იდგა და ირონიულად იღიმებოდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ალაპარაკდა:

– არ ჩაგივიდათ ფეხი, ხომ, თქვე ნაძირალებო? ჩემს დაბადების დღეზე ჩემი მოკვლა ვერ შეძელით. რას იზამთ. ამჯერად არ გაგიმართლათ. საგულდაგულოდ ვარჩევდი შურისძიების ხერხებს და საბოლოოდ ყველაზე ქმედითზე შევჩერდი – თქვენი ნაძირალობის პროდუქტი, ეგრეთ წოდებული, ჩემი შვილი, სინამდვილეში კი ნაბიჭვარი კოტიკო ახლა თქვენ თვალწინ დანახშირდება. ახლა მას სძინავს და თქვენს საბრალო ნაშიერს ძილში გასძვრება სული.

ნონა და რეზო თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, თუ რა ხდებოდა, მაგრამ უცებ კადრი გვერდზე გაიწია და ტყის პირას ხის პატარა ქოხი გამოჩნდა. ქოხის წინ კი ხის სკამზე კოტიკოს ეძინა. ლევანმა ბავშვი სკამიანად შეიყვანა ქოხში.. შემდეგ გარეთ გამოვიდა და ალაპარაკდა.

– ეს ქოხი ბენზინგადასხმულია. შიგნით კოტიკოს სძინავს. ახლა მე ამ ქოხს ცეცხლს მივცემ და სამაგიეროს ასე გადაგიხდით. თუკი ცოცხლები გადარჩით, მთელი ცხოვრება გეყოფათ ამ კადრის გახსენება.

ლევანმა ასანთი ამოიღო ჯიბიდან და აანთო. ამ დროს ბუნკერში მყოფი ნონა და რეზო გამწარებულები ღრიალებდნენ და ითხოვდნენ, რომ ლევანს კოტიკო არ დაეწვა. ლევანმა კი ირონიულად გაიცინა და სანამ ქოხს ააგიზგიზებდა, თქვა:

– ეს კადრები მხოლოდ თქვენს გონებაში დარჩება და მე ვერაფერს დამიმტკიცებთ, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხლები ან ნორმალურები დარჩებით. მე კი სამუდამოდ გავუჩინარდები და იმ შეგნებით ვიცხოვრებ, რომ ღირსეულად ვიძიე შური თქვენზე. აბა, მშვიდობით!

აბრიალებულ ქოხს ნონა და რეზო გაშტერებულები შესცქეროდნენ, მაგრამ როდესაც იქიდან ბავშვის კივილის ხმები გამოვიდა, ორივემ გონება დაკარგა და იატაკზე გაიშხლართნენ..

***

ლევან მიქაძე ფეშენებელური ვილის ვერანდაზე იჯდა და ხმელთაშუა ზღვას გაჰყურებდა. ბინდდებოდა. მასთან ქერიმი მივიდა და ჰკითხა:

– ლევან ბეი, რამეს ხომ არ ინებებთ.

– ნახევარ საათში ვივახშმოთ, ქერიმ, – მიუგო ლევანმა და დაამატა, – რას იტყვი, ხომ მაგარი ფეიერვერკი მოვაწყვეთ თავისი ხმოვანი ეფექტებით.

– დიახ. შთამბეჭდავი იყო, ლევან ბეი, – მიუგო ქერიმმა.

– კარგი. წადი და ვახშამს მიხედე, – თქვა ლევანმა და ქერიმი გაისტუმრა.

ამ დროს მასთან კოტიკომ მიირბინა, ლევანს ჩაეხუტა და უთხრა:

– მამიკო, მშია. ქერიმი სადაა?

– ვახშამს ამზადებს, ცოტა მოითმინე, შემდეგ კი უნდა დავიძინოთ. ხვალ დილაადრიან მივფრინავთ ავსტრალიაში და გამოძინებული უნდა იყო, – უთხრა ლევანმა კოტიკოს. თმაზე მოეფერა, აკოცა და სიყვარულით გააყოლა თვალი სამზარეულოსკენ მიმავალ ვაჟს.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა