რომანი და დეტექტივი

შურისძიება

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.11

შურისძიება
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #40-41 (1294)

ლია მეორე დღესვე დავასაფლავეთ. იას შეგნებულად არ შევატყობინე, მისსავე უსაფრთხოების მიზნით, დაკრძალვას ათიოდე ადამიანი დავესწარით. მათ შორის გენერალიც. შორიახლო საეჭვო პირებიც ტრიალებდნენ და ოთხივე კარგად დავიმახსოვრე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიღაც დაჟინებით მიცქერდა. მიმოვიხედე კიდეც, მაგრამ იმ საეჭვო პირების მეტი ვერავინ აღმოვაჩინე. ლია რომ მიწას მივაბარეთ, ერთ პატარა რესტორანში ქელეხის სუფრა გავაშლევინეთ, სულ ორიოდე საათი გავჩერდით და დავიშალეთ. ეს დღეები მე გენერალთან ვცხოვრობდი და რესტორნიდან რომ გამოვედით, ვუთხარი:

– მოგვიანებით მოვალ. თქვენ სახლში დაბრუნდით და დაისვენეთ.

– ფრთხილად, ლადო! სასაფლაოზე, ალბათ, შეამჩნიე, რომ გვითვალთვალებდნენ.

– თქვენც ფრთხილად იყავით, ამხანაგო გენერალო. ჩემი დარდი კი ნუ გექნებათ.

– შევთანხმდით. გელოდები. ღმერთი შენკენ! – მითხრა გენერალმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.

მე ნელი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას. როგორც სასაფლაოზე, ახლაც ვიღაცის თვალს ისევ ვგრძნობდი, მაგრამ საეჭვო ვერავინ შევამჩნიე. არც იმ დამახსოვრებულთაგან ჩანდა ვინმე. ორი მანევრი გავაკეთე და რომ დავრწმუნდი, არავინ მითვალთვალებდა, ტაქსის გაჩერება დავაპირე, რომ გვერდით „მერსედესი“ მომადგა. მძღოლმა ქალმა მითხრა:.

– დაბრძანდით, წაგიყვანთ.

– გმადლობთ, არ მინდა, – ვთქვი და გავიფიქრე, ალბათ, სატყუარაა-მეთქი.

– ნუ გეშინია, დაჯექი, ლადო, – ისევ მიმიპატიჟა ქალმა და დაამატა, – ალიონა ვარ.

უკანა სავარძელზე მოვთავსდი. მძღოლმა სწრაფად დაძრა მანქანა და მე ვთქვი:

– დედაო მატრონა, აქ როგორ გაჩნდით?

– საბრალო ლიას დაკრძალვაზე ჩამოვედი და შორიდან გითვალთვალებდით. არ მინდოდა, „სადკოს“ ხალხის ობიექტივში დავფიქსირებულიყავი.

– ესე იგი, იქ თქვენს თვალს ვგრძნობდი.

– ესე იგი.

– სად მივდივართ?

– სადაც მეტყვი.

დედა მატრონა ძალიან საიმედო ადამიანი იყო, მაგრამ მაინც თავი შევიკავე იმის თქმისგან, რომ კონსპირაციული ბინის სამალავის მოსაძებნად მივდიოდი და ვუთხარი:

– ჯერ არ მომიფიქრებია.

– კარგი, ლადო, მაშინ მე წაგიყვან კონსპირაციულ სამალავში და ვნახოთ, რა არის იქ.

– თქვენ საიდან იცით ეს?

– სამი წელი ვაზღვევდი საბრალო ლიას და ეს გამომეპარებოდა?

– მაშინ წავედით.

– იარაღი გაქვს?

– არა.

– საბარგულში ოთხი პისტოლეტია, მაყუჩებით და ორი ამოირჩიე. შესაძლოა, დაგვჭირდეს კიდეც. სად და როდის გამოჩნდებიან „სადკოს“ ბანდიტები, ღმერთმა უწყის.

დედა მატრონამ მანქანით სამი ოსტატური მანევრი გააკეთა და რომ დარწმუნდა, კუდზე არავინ გვაჯდა, კონსპირაციული ბინისკენ გავემართეთ. მატრონამ მანქანა ასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და ბინისკენ ფეხით გავემართეთ. სამალავი გავხსენით და უზარმაზარ სეიფში საკმაოდ მოზრდილი, ორგანყოფილებიანი ტყავის ჩანთა და ტყავისვე საქაღალდე აღმოვაჩინეთ. ჩანთის ერთი განყოფილება ასდოლარიანი დასტებით იყო სავსე. იქ 2 მილიონი დოლარი აღმოჩნდა. მეორე, მომცრო განყოფილებაში კი – ოქროს სამკაულები და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ბეჭდები. ტყავის საქაღალდეში ცნობილი ბანკის ფასიანი ქაღალდები ეწყო, რომელთა ნომინალური ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

– ნამდვილი გრაფ მონტე კრისტოს საგანძურია, – თქვა დედა მატრონამ და დაამატა, – სანამ საფრთხე არ განეიტრალდება, ვფიქრობ, ეს განძი აქ უნდა დარჩეს. შემდგომ კი ჩემი ხელით ჩამოგიტან თბილისში. თუ, რა თქმა უნდა, მენდობი.

– ამას კითხვა უნდა?

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა კი ისევ ძველ ადგილზე შევინახოთ და წავიდეთ.

განძი კვლავ სამალავში ჩავდეთ და კონსპირაციული ბინა ისევე ფრთხილად დავტოვეთ, როგორც მოვედით. შემდგომ კი დედა მატრონამ გენერალთან მიმიყვანა და მითხრა:

– თბილისში როდის ბრუნდები?

– ალბათ, ზეგ. თუ კიდევ რამე სიახლე არ იქნა. თქვენ რას აპირებთ, დედა მატრონა?

– ხვალ გამოგივლი და განძის შესახებ დავილაპარაკოთ. ახლა კი წავალ და დავისვენებ. ძალიან მძიმე დღე მქონდა და დავიღალე, – მითხრა დედა მატრონამ, რომელსაც დაღლის არაფერი ეტყობოდა და ამან უკიდურესად დამაეჭვა. თუმცა, არ შევიმჩნიე და ვუთხარი:

– კარგი, დედა მატრონა. დაისვენეთ. ხვალ რა დროისთვის გელოდოთ?

– დღის 4 საათზე მოვალ.

– კარგი. ხვალამდე, – ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. მან კი „მერსედესი“ ადგილიდან დაძრა და წავიდა.

მე სადარბაზოში შევყოვნდი. შემდგომ სწრაფად გამოვედი და იქვე მდგომი მანქანის კარის გაღება სწრაფადვე მოვახერხე, მავთულებით დავქოქე და დედა მატრონას ფრთხილად ავედევნე. მან მთელი მოსკოვი გაიარა და ერთ-ერთი გარეუბნის სააგარაკო ადგილზე გაჩერდა. სამიოდე წუთის შემდეგ გადმოვიდა და ძლივს ვიცანი. დედაოს სამხედრო ტიპის შარვალი, ქურთუკი და ჩექმები ემოსა. ზურჩანთა ეკიდა და სავარაუდოდ, შიგნით იარაღები ელაგა. ამასობაში ნელ-ნელა დაბინდდა. დედაო ფრთხილი ნაბიჯებით გადაადგილდებოდა აგარაკებისთვის შემორტყმული კაპიტალური ღობის გასწვრივ. მე ძალიან ფრთხილად მივსდევდი. ხეებს ვეფარებოდი და ორმოცდაათმეტრიანი დისტანცია მეკავა. თან, მთელი ჩემი უნარ-ჩვევების გამოყენება მომიწია, რომ დედაოს არ შევემჩნიე. დედაო უცებ ღობესთან გაუჩინარდა. ვიფიქრე, ალბათ, აგარაკების ტერიტორიაზე შეძვრა-მეთქი და ნაბიჯს ავუჩქარე. გაუჩინარების ადგილამდე რომ მივედი და დავათვალიერე, ღობეში შესაძრომი ვერ აღმოვაჩინე, ის-ის იყო გავიფიქრე, სად გაქრა-მეთქი, რომ უკნიდან მომესმა:

– აქა ვარ, ლადო, შენ უკან.

მკვეთრად შევტრიალდი და მივუგე:

– აბა, დასასვენებლად მივდივარო?

– ჩუმად, აგარაკების შიდა პერიმეტრზე დაცვა მოძრაობს და არ გავიშიფროთ. დავწვეთ!

დავწექით და გავისუსეთ. დაცვამ რომ ჩაიარა, დედაოს ვუთხარი:

– ჩემს კითხვას არ უპასუხეთ.

– საქმეს გავაკეთებ და მერე დავისვენებ, თუ ღმერთმა ინება. შენ კი, გირჩევ, უკან დაბრუნდე.

– არავითარ შემთხვევაში, დედაო, საფრთხეში ვერ მიგატოვებთ. მერე რა პასუხი გავცე ღმერთს.

დედაოს გაეცინა და მითხრა:

– კარგი, წამოდი. მხოლოდ მე დამიჯერე.

– დაგიჯერებთ, მაგრამ ის მაინც მითხარით, რისთვის ვართ აქ და რა უნდა გავაკეთოთ?

– „სადკო“ უნდა მოკვდეს. მაშინ ვერ მოვიხელთე, მაგრამ ახლა ვერსად გამექცევა, – მითხრა დედაომ. ზურჩანთა მიწაზე დადო. ორი მაყუჩიანი პისტოლეტი მომაწოდა და დაამატა, – მომყევი და რასაც გეტყვი, ის გააკეთე. წინ არ გამასწრო!

ორიოდე მეტრი ხოხვით გავიარეთ და ღობესთან გათხრილ, კარგად შენიღბულ სამმეტრიან გვირაბში გავძვერით და აგარაკების ტერიტორიაზე შევედით. შემდეგ ერთ-ერთ შენობასთან მივცოცდით და დედაომ მითხრა:

– აქ დარჩი და ყოველი შემთხვევისთვის, დამაზღვიე. თუ სამ წუთში არ გამოვედი, სწრაფად გაეცალე აქაურობას.

დედაო მატრონას დავეთანხმე, თუმცა, არსად გამქცევი არ ვიყავი, მაგრამ ჩემი ვაჟკაცობის მტკიცებას ხომ არ დავიწყებდი?!

– დაგაზღვევთ, დედაო. ღმერთი გფარავდეთ! – ვუთხარი დედა მატრონას და აგარაკიდან მოშორებით ორპისტოლეტმომარჯვებული ჩავწექი.

დედა მატრონამ რაღაც პატარა ყუთი მიუშვირა სახლს და იქაურობა მყისვე ჩაბნელდა. დედაო ელვის სისწრაფით დაიძრა შენობისკენ და სიბნელეში გაუჩინარდა. ძალიან მალე, ალბათ, წუთ-ნახევარში დაბრუნდა უკან. თუმცა მეგონა, რომ საუკუნე გავიდა.

– სწრაფად გავეცალოთ აქაურობას, სირბილით მომყევი! – მითხრა დედაომ და ადგილს მოსწყდა. მე უკან მივყევი.

აგარაკების დიდ ღობეს რომ გადავევლეთ და მანქანამდე ასიოდე მეტრი რჩებოდა, საშინელი აფეთქების ხმა გაისმა და ჩაბნელებული აგარაკი ჯოჯოხეთურმა ცეცხლმა გაანათა. ჩვენ კი მანქანასთან მივირბინეთ, ჩავსხედით და მოსკოვისკენ ავიღეთ გეზი. დედა მატრონა უხმოდ, მაგრამ სწრაფად მართავდა მანქანას. კალინინის გამზირს რომ დავადექით, დედაომ მკითხა:

– როგორ ხარ, ლადო. ხომ არ დაიღალე?

– არა. თქვენ როგორ ხართ?

– ახლა უკვე შემიძლია, მთელი ჩემი არსებით ვემსახურო ღმერთს. ბოლომდე შევასრულე ის, რაზეც მთელი ეს წლები ვფიქრობდი. „სადკო“ და მისი მთელი ბანდა ჯოჯოხეთში გავისტუმრე.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ „სადკო“ დედაომ ორი გასროლით ტუალეტში მოკლა. დანარჩენი 12 ბანდიტი კი ააფეთქა.

დედა მატრონამ გენერალთან მიმიყვანა. გამომეშვიდობა და მითხრა:

– ხვალ მოვალ 4 საათზე, როგორც შევთანხმდით.

მეორე დღეს, დანიშნულ დროზე მოვიდა დედაო გენერალთან და მოვილაპარაკეთ, რომ სამალავში შენახული განძი სამ არათანაბარ ნაწილად გაიყოფოდა. მე ტოლ წილებად გაყოფა მინდოდა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღე – დედაომ და გენერალმა დაიჩემეს: ჩვენ ნაკლები გვეკუთვნისო და იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი.

მოსკოვში შეყოვნებას აზრი აღარ ჰქონდა და იმავე ღამეს თბილისში გამოვფრინდი. მანამდე კი დედა მატრონამ მითხრა:

– ერთ კვირაში ჩვენი მართლმადიდებლური მისია საქართველოს საპატრიარქოს მიწვევით თბილისში უნდა ჩამოვიდეს და განძსაც მაშინ ჩამოგიტან.

დედა მატრონა ზუსტად დანიშნულ დროს მომადგა სახლში და განძით სავსე ჩემოდანი და ტყავის საქაღალდე მომიტანა. როგორც შევთანხმდით, თანხა ისე იყი განაწილებული. დედაო სულ რაღაც ათიოდე წუთი გაჩერდა და წავიდა. წასვლის წინ კი მკითხა:

– ია და შენი მეუღლე როდის ჩამოდიან ბათუმიდან.

– ზეგ, დედაო.

– მაზეგ გესტუმრებით, იასაც ვნახავ და შენს მეუღლესაც გავიცნობ. ახლა კი უნდა წავიდე. ტაქსი მელოდება, თან საღამოს ლოცვაზე არ მინდა, დავაგვიანო, უხერხულია.

დედა მატრონა შეპირებულ დროს მოვიდა. მართა გაიცნო, იას კი დიდხანს ეფერა. გვიანობამდე დარჩა ჩვენთან და რომ მიდიოდა, მითხრა:

– ღმერთი გფარავდეთ შენ და შენს ოჯახს, ლადო! მე კი უფალმა შემინდოს ჩემი ცოდვები. ლიას სულისთვის ბევრს ვილოცებ და აუცილებლად გაანათლებს უფალი. მშვიდობით! არ მგონია, რომ ამქვეყნად კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ალბათ, იმქვეყნად გნახავ.

დედაო წავიდა. ერთი თვის შემდეგ კი უდედმამო და მძიმედ დაავადებული ბავშვების სპეციალური ფონდის ანგარიშზე დაჯდა ის თანხა, რომლის აღებაზეც გენერალმა და დედაომ უარი განაცხადეს. დანარჩენი განძი კი ჩვენთან დარჩა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა