შურისძიება
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.10
მართა ნორმალური, გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი ქალია. მაგრამ თუ გაცეცხლდა, ჭკუა ეკეტება, ზვავს ემსგავსება და ღმერთმა არ ქნას, ვინმე წინ გადაეღობოს, დაუფიქრებლად და უმოწყალოდ გადაუვლის და გასრესს... ეს ისტორიაც მართას გაცეცხლებით დაიწყო.
იმ ზაფხულს მე და მართა ზღვაზე ვისვენებდით. ჯერ კიდევ ნახევარი შვებულება მქონდა წინ. მართა კი უკვე დეკრეტში იყო და სამი თვის შემდეგ უნდა ემშობიარა. ერთ საღამოს სამსახურიდან დამირეკეს და ორიოდე დღით თბილისში დაბრუნება მთხოვეს. ტელეფონი რომ გავთიშე, მართამ მკითხა:
– რა ხდება?
– სამსახურში მიბარებენ ორი დღით.
მართამ თვალები მოჭუტა და ეჭვნარევი ხუმრობით მითხრა:
– საყვარელი ხომ არ გიბარებს, ძვირფასო და სამსახურს აბრალებ?
– ჩემი ერთადერთი საყვარელი შენ ხარ და ეჭვიანობას თავი დაანებე.
– თითქოს ქალის ხმა მომესმა.
– თითქოს კი არა, ნამდვილად ქალმა დამირეკა. უფროსის მდივანია და მის დავალებას ასრულებდა.
– რაღა ქალს დაარეკვინა, თვითონ ვერ დაგირეკავდა?
– ქალს კი არა – მდივანს. ალბათ, არ ეცალა.
– აჰ! ჰო. ალბათ, არ ეცალა, – ჯერ კიდევ მოღიმარი სახით მითხრა მართამ, მაგრამ, ეტყობოდა, რომ ზეწოლას გაზრდიდა და თუ არ ვიჩხუბებდით, ძალიან უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნებოდა. ამიტომ, თავზე ხელი გადავუსვი და ვუთხარი:
– საყვარელო, თუ ასე არ მენდობი და ეჭვიანობ, მოდი, ერთად დავბრუნდეთ თბილისში. ერთად ვიმოძრაოთ და უკანაც ერთად დავბრუნდეთ.
– გეხუმრე, ლადო. რა გოიმი ხარ. წადი, საყვარელო და მალე დაბრუნდი. მოუთმენლად გელოდები, - მითხრა მართამ.
ნახევარი საათის შემდეგ ჩემი მანქანით უკვე ბათუმიდან თბილისში მოვქროდი და ღამის 3 საათზე უკვე სახლში შევედი. ისე მომქანცა მგზავრობამ, რომ ტანსაცმლიანად დამეძინა. 7 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი და თავს ვიწესრიგებდი. სანამ შხაპს ვიღებდი, მართას უამრავჯერ დაურეკავს. წყლის ხმაურში არაფერი გამიგია და ვნახე თუ არა შემოსული ზარები, მე თვითონ დავურეკე. პირველივე ზარზე გამცა პასუხი და ყურმილში ჩემი ცოლის აღელვებული ხმა შემომესმა:
– სად იყავი, ლადო?
– სააბაზანოში, საყვარელო და წყლის ხმაურში ტელეფონის ზარი არ მესმოდა.
– მარტო ხარ?
– აბა, ვისთან ერთად უნდა ვიყო?
– ახლა რას აკეთებ?
– სამსახურში უნდა წავიდე.
– მართლა?
– კი. რა იყო?
– არაფერი. კარგი. ყურადღებით იყავი, ტელეფონზე მიპასუხე და არ მანერვიულო.
– კარგი, წავედი, – ვუთხარი მართას და ტელეფონი გავთიშე.
სამსახურიდან სახლში 8 საათზე დავბრუნდი. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ მართამ მხოლოდ ორჯერ დამირეკა, მაგრამ, თურმე, ჯერ სად ხარ... მართა იმ დროს შემოვიდა სასტუმრო ოთახში, როდესაც იას ვეხუტებოდი... ისე ჩუმად შემოიპარა, კატასავით, რომ ვერაფერი გავიგეთ. მე ზურგით ვიდექი და ვერ ვხედავდი. იას კი ჩემს მხარზე ედო თავი და მართა ვერც მან დაინახა. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როდესაც მართამ მუშტი მითავაზა ხერხემალში. შემდეგ კი არნახული, არგაგონილი ლანძღვის კორიანტელი დაატრიალა ჩვენ მიმართ. ია გაოგნებული უხმოდ მისჩერებოდა ჩემს ცოლს. მე კი სიტყვის ჩაკვეხებას ვერ ვახერხებდი. აზრიც არ ჰქონდა, რადგან ტვინი უკვე გადაკეტვოდა და ვერც ვერაფერს გაიგებდა. რომც გაეგო, არ დაიჯერებდა. პირველი ტალღისგან რომ დაიცალა, კარისკენ გაქანდა. მე უკან დავედევნე. კართან მართა შეჩერდა და სანამ გავარდებოდა, მიყვირა:
– უნამუსო ნაძირალავ! შენი შვილის ხილვას ვერ ეღირსები! თვალით არ დამენახვო!
– მართა, მართა! ყველაფერს აგიხსნი, მომისმინე! – ვცადე, ცოლი გამეჩერებინა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ჯობდა, მომეცადა, სანამ დაბრუნდებოდა. ხოლო, რომ მოვიდოდა, ზუსტად ვიცოდი, რადგან მართას კარგად ვიცნობდი.
ხელი ჩაიქნიე და ბინაში დავბრუნდი. ია კვლავ გაოცებული იდგა და მკითხა:
– ყოველთვის ასეთი მრისხანეა შენი მეუღლე?
– მხოლოდ მაშინ, როცა ტვინი ეკეტება.
– ჩემმა დანახვამ გადაუკეტა, ხომ?
– კი.
– სამწუხაროდ, ყველაფერი ცუდად დაემთხვა ერთმანეთს.
– დამშვიდდება და ყველაფერს გაიგებს. დაჯექი, შვილო და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, – ვუთხარი იას.
– დასამატებელი ბევრი არაფერია, მამა. ლიამ წინასწარ ჩამიტარა ინსტრუქტაჟი და კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. „ჯიპში“ ჩავსხედით და აგარაკიდან მოსკოვისკენ დავიძარით. მეთვალყურეები აგვედევდნენ. ლიამ რამდენიმე მანევრი გააკეთა, მანქანა ვიწრო ტყის ზოლთან, მოსახვევში შეაჩერა და მითხრა:
– ხომ კარგად დაიმახსოვრე ყველაფერი?
– კი, დედა!
– ახლა კი გადადი და ზუსტად ისე იმოქმედე, როგორც დაგარიგე.
– შენც წამოდი, – ვთხოვე.
ლია გადამეხვია, გულში მაგრად ჩამიხუტა, მაკოცა. შემდეგ ხელი მკრა და დამიყვირა:
– ჩქარა, აქაურობას მოშორდი!
შემდეგ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და ტრასაზე გააქროლა. მე ვიწრო ტყის ზოლი გადავჭერი, წინასწარ დატოვებულ „ჯიპში“ ჩავჯექი და საპირისპირო მიმართულებით, აეროპორტისკენ ავიღე გეზი. ჯერ სოჭში ჩავფრინდი, შემდგომ – ერევანში. ამ დილით კი თბილისში ჩამოვედი ავტობუსით და ძლივს მოგაგენი.
– მდა, ვერაფერს იტყვი, ლია ყოველთვის რისკიანი ქალი იყო, – თავი გავაქნიე და დავამატე, – ვინ იცის, ახლა სადაა და როგორაა.
იამ მობილური ტელეფონი მომაწოდა და მითხრა:
– აი, ლიას მომართვაა შენდამი და მოუსმინე.
ვიდეომიმართვაში ლია ბოდიშს მიხდიდა წარსულის გამო და მთხოვდა, ია – ჩვენი საერთო შვილი, შემეფარებინა, მეპატრონა მისთვის... და კიდევ, რაც კონსპირაციულ ბინაში ჰქონდა გადამალული, ყველაფერს ჩვენ გვიტოვებდა. იქვე იყო იმ ბინისა და სამალავი ადგილის მდებარეობაც.
ერთი სიტყვით, სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი, საღამოს 8 საათი სრულდებოდა. დერეფანში ახალგაზრდა ლამაზი გოგონა დამხვდა. კარს რომ ვაღებდი, მკითხა:
– ლადო თქვენ ბრძანდებით?
– დიახ.
– მე ია მქვია და თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, შემოვიდე?
– მობრძანდით, – შევიპატიჟე და ბინაში რომ შევიდა, მეც შევყევი.
სასტუმრო ოთახში შევჩერდით, იას მომლოდინე თვალებით მივაჩერდი მან კი მითხრა:
– ლია გახსოვთ?
– დიახ.
– თქვენთან მან გამომგზავნა. ძლივს გამოვასწარი, მომდევდნენ... ალბათ, არ დაიჯერებთ, მაგრამ მე თქვენი ქალიშვილი ვარ, 21 წლის. თქვენ რომ დედაჩემს დაშორდით, მაშინ ის ჩემზე იყო ფეხმძიმედ და თქვენ ეს არ იცოდით. მას არც უნდოდა ამის გამხელა. უყვარდით და ეშინოდა, რომ სასიკვდილო შარში გაეხვეოდით, რადგან თვითონ ძალიან ცუდ კამპანიაში იყო ჩათრეული, სადაც 20 წელი გაძლო. ბოლოს კი მაინც გაიშიფრა. მე ძიძასთან ვიზრდებოდი, ფარულად მიმაბარა და ეს არავინ იცოდა, თუმცა ბოლოს მეც გამშიფრეს და იძულებული ვიყავი გამოვქცეულიყავი. თქვენ ჩემი მამა ხართ, მე – თქვენი შვილი და თუ მიმიღებთ, ხომ კარგი, თუ არადა, წავალ..
ეს სიტყვები რომ მითხრა, სწორედ მაშინ ჩავეხუტე ჩემს შვილს და მართაც თავზე წამოგვადგა...
იას დედა, ლია, ჩემზე 5 წლით უფროსი იყო. მე ის მოსკოვში გავიცანი. 21-ის ვიყავი, ის კი – 26-ის. მე რომ ინსტიტუტი დავამთავრე, ლია მუშაობდა. დაქორწინებას და თბილისში დაბრუნებას ვაპირებდით. ერთ დღეს კი ნიშნობის ოქროს ბეჭედი ვიყიდე, არ გამიფრთხილებია, სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა. მასთან წავედი და სახლში ჩუმად შევიპარე... და რას ვხედავ, სასტუმრო ოთახში, რბილ სავარძელში ვიღაც კაცს მუხლებზე უზის და კოცნის. ეს რომ დავინახე, ბეჭდიანი კოლოფი ვესროლე და გამოვვარდი. იმავე საღამოს თბილისში დავბრუნდი და არც კი მომიკითხავს. ისიც არ შემხმიანებია და ამასობაში 20 წელიც გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ქალის ხსენებაც კი არ მინდოდა. იშვიათი შემთხვევის გარდა, შეიძლება ითქვას, რომ 38 წლამდე, ფაქტობრივად, ქალს არც კი გავკარებივარ. მთელს ჩემს ენერგიას სამსახურს ვახმარდი. სულ ვმოძრაობდი და თავისუფალ დროს მხოლოდ ახლის სწავლას ვუთმობდი. საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი მქონდა დამთავრებული და ლიასთან დაშორების მერე, კარგა ხნის განმავლობაში, სულ ცეცხლსა და ომებში ვიყავი. სიკვდილს ვეძებდი, მაგრამ ის გვერდს მივლიდა. შემდგომ უშიშროების ხაზით გადავპროფილდი და დღემდე ამ სისტემაში ვარ. მართასაც სწორედ აქ შევხვდი. ის ჩემზე 10 წლით უმცროსია და 25 წლის იყო, როდესაც ჩვენი პროფილის აკადემიაში თურქული ენის ლექტორად მოეწყო.
ერთ დღეს აკადემიაში საქმეზე ვიყავი მისული და პირველად მაშინ ვნახე. ყურადღებაც კი არ მიმიქცევია მისთვის. სწორედ ამან ითამაშა მთავარი როლი ჩვენს შემდგომ ურთიერთობაში. პირველ რიგში, მართას მოვეწონე და თვალი დამადგა. თანაც, უყურადღებობით მისი თავმოყვარეობა შევლახე და ისე მოხდა, რომ სამი წლის შემდეგ დავქორწინდით. იას არსებობა რომ მცოდნოდა, ჩემი ცხოვრება, ალბათ, სხვაგვარად წარიმართებოდა და შეიძლება, მართას საერთოდ არც კი შევხვედროდი. თუმცა, ბედისწერამ სხვაგვარად ინება და ხელში შემრჩა ძალიან ლამაზი, მაგრამ ამაყი, ძალაუფლების მოყვარული და უკიდურესად ეჭვიანი ქალი.
მართამ რომ მე და იას ქარიშხალი დაგვიტრიალა და გავარდა, მე და ჩემი ქალიშვილი სავარძლებში მოვკალათდით. მოყოლა რომ დაასრულა, ყავა მოამზადა და სმას შევუდექით. ამ დროს მართამაც დარეკა.
– გისმენ, – მშვიდად ვუპასუხე მე.
– წაბრძანდა ქალბატონი თუ ისევ მანდ გდია? – კბილებში გამოსცრა მართამ.
ზოგადად, ლანძღვა-გინება არ მიყვარს და ძალიან იშვიათად თუ წამომცდება ხოლმე მსგავსი რამ. ის კი არა არასდროს არანაირი უკმეხი სიტყვა არ მითქვამს. მის ამ სიტყვებზე კი ხმის აუწევლად, ყოველგვარი უარყოფითი ინტონაციის გარეშე, ძალიან მშვიდად მივუგე:
– გაუწონასწორებელი ფსიქოპატი ხარ. უკიდურესად ეჭვიანი. ეს ვიღაც ქალბატონი არ არის. მას ია ჰქვია და ჩემი ღვიძლი შვილია.
ერთი მხრივ, ჩემმა სალანძღავმა სიტყვებმა, მეორე მხრივ კი იას სტატუსმა, მართაზე დიდი ეფექტი მოახდინა. ხმა არ ამოუღია და პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს მითხრა:
– მართლა?
– დიახ. მართლა, – ვთქვი მე.
მართამ ტელეფონი გათიშა. მე კი ყავა მოვსვი. ოც წუთში მართაც მოვიდა. სახლში ფრთხილი ნაბიჯებით შემოვიდა. მშვიდი ჩანდა. შუა ოთახში გაჩერდა. მე და იას გვაკვირდებოდა. ჩვენ შორის მსგავსებას ეძებდა. ბოლოს გამიღიმა და მითხრა:
– ძალიან გგავს.
– ჩემი ღვიძლი შვილია და რა თქმა უნდა, მემსგავსება.
– კარგი. ნუ მიბრაზდები, საყვარელო. ბოდიშს გიხდი, – ისე სათნოდ და დამაჯარებლად მითხრა მართამ, რომ ჩემი ცოლი სულ სხვა კუთხით დავინახე.
მართა იასთან მივიდა და ჩაეხუტა. შემდეგ თმაზე მიეფერა და რადგან მიხვდა, რომ იამ ქართული არ იცოდა, მართა მას უაქცენტო რუსულით დაელაპარაკა:
– ძალიან ლამაზი გოგო ხარ და ლადოს ჰგავხარ.
– გმადლობთ, მართა დეიდა, – მიუგო იამ.
– მოდი შევთანხმდეთ, რომ დეიდას აღარ დამიძახებ, მართათი მომმართე.
– შევთანხმდით, მართა.
– ქართულს გასწავლი. ერთი წელიც არ გავა, რომ თბილისურად იმეტყველებ.
– მადლობა, მართა.
ერთი სიტყვით, ქალებმა უმალვე გამონახეს საერთო ენა და აბსოლუტურად დავმშვიდდი.
ია და მართა გვიან ღამემდე ისხდნენ სამზარეულოში და საუბრობდნენ. მე კი ძალიან დაღლილი ვიყავი და მეძინებოდა. მით უმეტეს, რომ დილით ადრე უნდა წვსულიყავი სამსახურში. ქალებს მოვუბოდიშე და ვთქვი:
– უნდა დავიძინო. დილით ადრე გავდივარ.
– იას ამბავზე არ დავილაპარაკოთ? – მითხრა მართამ.
–კონკრეტულად?
– რაც მოგიყვა, იმაზე. კი გამოექცა იმ ავაზაკებს, მაგრამ მაინც დარტყმის ქვეშაა, დედამისზე რომ არაფერი ვთქვათ.
– ყველაფერზე – ხვალ, სამსახურიდან რომ დავბრუნდები. ახლა კი დავწექი.
უთენია გავიღვიძე. ქალებს ეძინათ. ია და მართა ჩვენს საძინებელში მოთავსდნენ, მე კი – მეორე საძინებელში. თავი რომ მოვიწესრიგე და გავდიოდი, მართა საძინებლიდან გამოვიდა და მითხრა:
– ძალიან კარგი შვილი გყავს. ლამაზი, ჭკვიანი და ზრდილობიანი. აბა, შენ იცი, საყვარელო, გელოდებით.
სამსახურიდან ექვს საათზე დავბრუნდი. მხოლოდ ყავა დავლიე და ვთქვი:
– მოკლედ, ასე, ჩემო კარგებო, ცოტას დავისვენებ და დღესვე ბათუმში წაგიყვანთ. მე კი ხვალ დილით მოსკოვში გადავფრინდები.
– ასე მოუმზადებლად? – მკითხა მართამ.
– რა მომზადება მჭირდება, მთელი ცხოვრება ასე არ ვარ? დრო არ ითმენს და ყოველი წუთი ძვირფასია. შეიძლება, დაგვიანებულიც კი არის და მთელი დარტყმა იაზე გადმოვიდეს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მართა, შენი იმედი მაქვს. ერთმანეთს გაუფრთხილდით.
– გეტყობა, რაღაც ინფორმაციები მოიპოვე, ლადო, – მითხრა მართამ.
– ჯერჯერობით ბევრი არაფერი, მაგრამ, ესეც საკმარისია. დანარჩენს კი იქ გავარკვევ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





