რომანი და დეტექტივი

შურისძიება

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 07.06

შურისძიება
დაკოპირებულია

მე ვარ პავლე ხომერიკი, მეტსახელად – „მესხი“. 60 წლის ქურდი-რეციდივისტი. ოთხჯერ ვარ ნასამართლევი და 20 წელიწადში, ანუ ჩემი ცხოვრების ერთი მესამედი, საპყრობლეებში მაქვს გატარებული.

მესხი ჯერ კიდევ ბავშვობაში შემარქვეს სკოლაში. ფეხბურთი უზომოდ მიყვარდა და სკოლასა თუ უბანში მთელი დღე ბურთს ვთამაშობდით. ძალიან „შუსტრი“ ვიყავი. ისარივით ვიცოდი ადგილიდან მოწყვეტა. ბურთს რომ მოვიხელთებდი, ისე სწრაფად ვმოძრაობდი, თანაც ზიგზაგებით, რომ მეტოქეები თვალის შევლებასაც ვერ ასწრებდნენ. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს მიყურა, მიყურა ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და თქვა: ნამდვილი მიშა მესხი ხარო... ის წუთი იყო და ამის მერე ყველა მესხს მეძახდა. მხოლოდ მშობლები და უახლოესი ნათესავები მეძახდნენ პავლიკას. დროთა განმავლობაში კი უკვე ისინიც მეტსახელით მომმართავდნენ. სხვათა შორის, როგორც მეტსახელმა, ასევე ადგილიდან მოწყვეტისა და ზიგზაგებით სირბილის უნარ-ჩვევებმა ჩემს კრიმინალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ბავშვობა, ისევე, როგორც ადამიანთა უმრავლესობისთვის, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი იყო. უნიჭო არ ვყოფილვარ და თუ მოვინდომებდი, კარგადაც ვსწავლობდი. მაგრამ, ფეხბურთის თამაში ყველაფერს მერჩივნა და სწავლისთვის დრო არ მრჩებოდა. სკოლა საშუალო ნიშნებით დავამთავრე, ატესტატში სამები და ოთხები მეწერა. არც სხვებივით უმაღლესი განათლებისკენ ვისწრაფვოდი. ჩემი მიზანი იყო თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბში მეთამაშა. თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და თანამიმდევრულად მივიწევდი დასახული მიზნისკენ. სანუკვარი ოცნების ასრულებამდე ნახევარი ნაბიჯიღა მაკლდა, რომ თბილისის „დინამოში“ „სბორებზე“ მიმიწვიეს, ანუ გასინჯვებზე, როგორც მაშინ უწოდებდნენ ამ საქმეს. მახსოვს, გუნდის უფროსმა დამირეკა და მითხრა – მთავარი მწვრთნელი გიბარებს და „დინამოს“ დიღმის ბაზაზე დილის 9 საათზე გამოცხადდიო. ეს რომ შევიტყვე მთელი ღამე თეთრად გავათენე და ძილი წამითაც არ მომეკარა. ზუსტად დილის ცხრის ნახევარზე კი ბაზის კართან ვიდექი და მამაჩემისგან ნათხოვარ საათს თვალს არ ვაშორებდი. ველოდებოდი 9 საათის შესრულებას. იმავდროულად კი, ბაზაზე ფეხბურთელები მოდიოდნენ, ის სახელოვანი ოსტატები, ვისაც მთელი ქვეყანა სცემდა თაყვანს და მხოლოდ მათი დანახვა მმატებდა იმდენ ენერგიას, რომ მზად ვიყავი, მეფრინა. ხოლო მათთან საუბარი და მით უმეტეს, მათ გვერდით თამაში კი ჩემთვის სასწაულის ხილვის ტოლფასი იქნებოდა... როგორც იქნა შესრულდა დანიშნული დრო და ბაზაზე შევედი. დარაჯმა ზუსტად მიმასწავლა, თუ სად უნდა მივსულიყავი, თან გამამხნევა და მთავარი მწვრთნელის ოთახისკენ მტკიცე ნაბიჯით გავემართე.

მთავარ მწვრთნელს მკაცრი, პირქუში კაცის სახელი ჰქონდა და „დინამოს“ სუპერვარსკვლავებიც კი ვერ უბედავდნენ ზედმეტი სიტყვის თქმას. ამაში შესახედაობაც უწყობდა ხელს და მეც სწორედ ასეთი განწყობით დავაკაკუნე კარზე.

– შემოდი! – მოისმა მთავარის ხმა.

– შეიძლება? – მოკრძალებით ვიკითხე, როცა კარი შევაღე.

– მოდი, მოდი, მესხო! – მითხრა მთავარმა მწვრთნელმა. გამიღიმა და ხელი ჩამომართვა, თან დააყოლა, – დაჯექი.

– გამარჯობა! – მივესალმე მას და გავუღიმე.

– გაგიმარჯოს, მესხო! როგორ ხარ?

– კარგად, გმადლობთ. თქვენ როგორ ბრძანდებით?

– გაწამაწიაში. „სბორებზე“ წასასვლელად ვემზადებით, – მითხრა მთავარმა და დააყოლა, – თუ იცი, რისთვის დაგიბარე?

– არა.

მთავარს ჩაეცინა და მითხრა:

– ფეხბურთის გარდა, სხვა გატაცება გაქვს?

– მუსიკის მოსმენა მიყვარს და წიგნებსაც ვკითხულობ.

– რა მუსიკას უსმენ?

– ძირითადად, კინოფილმების მუსიკას. ხშირად გადმოსცემენ ხოლმე რადიოთი. უცხოური ესტრადაც მიყვარს. „აბბა“, „ბონიემი“, „სმოუკი“, „ბითლზები, „პინკ ფლოიდები“...

– ყველაზე მეტად რომელი ნაწარმოები მოგწონს? წიგნებს ვგულისხმობ.

– დათა თუთაშხია მიყვარს ყველაზე მეტად.

– ძალიან კარგი. შენ თუ იცი, ვინ დაწერა „დონ კიხოტი“?

– სერვანტესმა, – მივუგე მთავარს და მართალია, წაკითხული არ მქონდა, მაგრამ ეს მამაჩემისგან ვიცოდი.

– ყოჩაღ! ძალიან კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. მესხო, ერთი თვით „სბორებზე“ უნდა წაგიყვანო ეშერაში და რას იტყვი, თანახმა ხარ?

ამ სიტყვებზე გულისცემა, ალბათ, 200-ზე ამივარდა. პირში ნერწყვი გამიშრა და ენა ჩამივარდა, მაგრამ მთელი ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი:

– რა თქმა უნდა, თანახმა ვარ.

– ძალიან კარგი. მაშინ მოემზადე, დილის 9 საათზე გავდივართ და რვაზე აქ იყავი. აბა, შენ იცი. არ დაიგვიანო და გელოდები!

– ნახვამდის! – ვუთხარი მთავარს და მისი ოთახიდან გამოვედი. გარეთ გადავდგი თუ არა ნაბიჯი, სიხარულისგან გავფრინდი...

ეშერაში საბჭოთა კავშირის ნაკრების ოლიმპიურ ბაზაზე გავდიოდით მომზადებას. საქმე კარგად მიდიოდა. ყოველ ვარჯიშზე თავდაჯერებულობა მემატებოდა და მთავარი მწვრთნელიც კმაყოფილი იყო ჩემით. საკონტროლო თამაშები რომ დაიწყო, ორჯერ შეცვლაზე შემიყვანა და ორჯერვე გოლი გავიტანე. მესამე თამაშზე კი ძირითად შემადგენლობაში დამაყენა. ისევ გოლი შევაგდე. ძალიან ვაქტიურობდი და მეორე გოლის გატანას ვცდილობდი. პირველი ტაიმის ბოლო წუთი მიმდინარეობდა. ბურთი ცენტრში მივიღე, ორი კაცი მოვატყუე და ფლანგზე გადავედი. იმიტაცია გავაკეთე, ვითომ უნდა ჩამეწოდებინა, უცებ ბურთიანად მოვწყდი ადგილს და საჯარიმოში შევვარდი. მოსკოვის „დინამოს“ ვეთამაშებოდით და მათ საქვეყნოდ ცნობილი „კასტალომი“ მცველები ჰყავდათ. ორი მცველი სწრაფად მოვიტოვე უკან და კარში უნდა დამერტყა... ამ დროს მესამემ, მართლა ძვლისმტვრეველმა, მთელი ძალით მომიქნია ფეხი, ბუცის წვერი მარცხენა ფეხის მუხლში მომარტყა და ძირს დამცა. მსაჯმა პენალტი კი დანიშნა, მაგრამ ამ პენალტს ჩემი კარიერა შეეწირა – საკმაოდ მძიმე ტრავმა მივიღე. მოტეხილობა არ მქონდა, მაგრამ მუხლის მყესები, „სვიაზკები“ გამიწყდა და ისე გამისივდა, რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი. ტრავმატოლოგმა რომ გამსინჯა, თქვა – გამოჯანმრთელებასა და სრულ აღდგენას ერთი წელი დასჭირდებაო და ჩემს „ვარსკვლავურ“ კარიერას ასე დაესვა წერტილი. არადა, ჯერ 18 წლისაც არ ვიყავი...

თავდაპირველად ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ დიდი ფეხბურთელი გამოვიდოდი და გულს არ ვიტეხდი. ტრავმირებულ მუხლს ინტენსიურად ვმკურნალობდი, მასაჟებს ვიკეთებდი, ვვარჯიშობდი და გამოჯანმრთლების პროცესი შესანიშნავად მიდიოდა. ორი ეტაპი რომ გავიარე, მესამე სამკურნალო ეტაპზე მოსკოვში გამგზავნეს და შემდგომ უკვე რეაბილიტაცია რჩებოდა, თუმცა ფორტუნამ კვლავ ზურგი მაქცია... უფრო სწორად კი მე ვაქციე მას ზურგი. ერთ დღეს, როდესაც მუხლზე სხივების გასაკეთებლად ექიმთან მივდიოდი, ქუჩაში ჩემი უბნელი ბიჭი შემხვდა. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო და მაგარ რუს „ნაშასთან“ ერთად მოაბიჯებდა ცენტრალურ გამზირზე.

– ვახ, ამას ვის ვხედავ, მესხი?! – მომესმა ჩემი უბნელის ხმა, რომელსაც მათე ერქვა.

– როგორ ხარ, მათე? ვკითხე უბნელს და გადავეხვიე.

– ვარ, რა. არა მიშავს. კომისარიატს ვემალები და აქ ჩამოვედი. შენ რას აკეთებ აქ?

– ვმკურნალობ, – ვუთხარი მათეს და ჩემი ისტორია მოვუყევი.

– კიდევ რამდენ ხანს დარჩები აქ?

– ერთი თვე, – ვუპასუხე მათეს, თან ჩემი ბინის მისამართიც ვუთხარი და ეს იყო ჩემი საბედისწერო შეცდომა.

მოსკოვში მათე არა მხოლოდ კომისარიატს ემალებოდა, არამედ ქურდობდა. ერთი სიტყვით, ერთ დღეს მათემ ჩემთან ნაქურდალი ნივთები მოიტანა შესანახად და წავიდა, თან მითხრა, – ხვალ წავიღებო. თუმცა ათ წუთში მოსკოვის მილიციის ოპერჯგუფთან ერთად დაბრუნდა. ბინა გამიჩხრიკეს და მათესთან ერთად წამიყვანეს. მას, თურმე, „მური“ უთვალთვალებდა და „პრიკუპში“ მოვყევი... მათემ სიმართლე თქვა და მე გამომიშვეს. მკურნალობა გავაგრძელე, თუმცა, სინდისი მღრღნიდა, შიგნიდან რაღაც მჭამდა. მართალია არაფერში ვიყავი დამნაშავე, მაგრამ მათე რომ დაიჭირეს და მე გამომიშვეს, თავს ძალიან დათრგუნულად ვგრძნობდი. ერთ დღეს სახლში ის გოგონა, მათეს „ნაშა“ მომადგა, ვისთან ერთადაც ჩემი უბნელი პირველად ვნახე. საღამო ხანი იყო. ბინაში რომ შემოვიდა, გამეცნო:

– მე ვერა მქვია.

– მახსოვხარ.

– კი გახსოვარ, მაგრამ ჩემი სახელი ხომ არ იცოდი?

– დიახ. სასიამოვნოა.

– პავლიკ, შეიძლება, რაღაც გთხოვო?

– კი.

– ხვალ მათე უნდა ვნახო „კაპეზეში“ და წამომყვები, რომ პროდუქტები წამაღებინო?

– კი.

– ძალიან კარგი. მაშინ ახლა ჩემი ძმის სახლში წავიდეთ და ღამით იქ დავრჩეთ. ჩემს ძმას უკვე გამზადებული ექნება ყველაფერი. შენ არ შეგაწუხებდი, მაგრამ ის დილით ადრე მიემგზავრება მივლინებაში და არ სცალია.

ვერას გავყევი. ელიტურ სახლში ავედით, მეექვსე სართულზე. გოგონამ კარი გააღო და თქვა, ჩემი ძმა მალე მოვაო. შემდეგ ოთახები დაიარა და კარადებიდან და კომოდებიდან სხვადასხვა ნივთებისა და ფულის ამოღებას შეუდგა. აბა, როგორ ვიფიქრებდი, თუ ვერა ბინის ქურდი და მათეს „პაძელნიცა“ იქნებოდა?.. ხოლო, როცა მივხვდი, უკვე გვიან იყო. მეზობელს „გლაზოკიდან“ დავუნახივართ, მილიციაში დაურეკავს და ოპერტიულმა ჯგუფმა პირდაპირ ბინაში, ფაქტზე აგვიყვანა. ეს ბინა, თურმე, ცნობილ მუსიკოსს ეკუთვნოდა, რომელიც გასტროლებზე იმყოფებოდა და ვერასა და მათეს კარგა ხნის წინ ჰქონიათ ეს „ბაითი“ შეთვალიერებული... ერთი სიტყვით, „გამსროკეს“. 3 წლით აღმიკვეთეს თავისუფლება და მოსკოვში, „ბუტირკის“ ციხეში გამამწესეს. ასე დაიწყო ჩემი კრიმინალური ცხოვრება. ფეხბურთს სამუდამოდ გამოვემშვიდობე და მხოლოდ გულშემატკივრად დავრჩი...

„ბუტირკა“ ჩემი კრიმინალური კარიერის დასაწყისი იყო და თუ არ ჩავთვლით ჩემს მოტყუებით წაყვანას საქმეზე, ჩემი „ნათლობის“ ადგილად იქცა. ბედის ირონიით, კრიმინალური ავტორიტეტების საკანში გამამწესეს და მთელი „სროკი“ იქ მოვიხადე. წესით, ზონაში უნდა გავეშვით, მაგრამ ჩემზე კურატორობა ცნობილმა როსტოველმა ქურდმა, მეტსახელად „კოლია შჩიპაკმა“, აიღო, ის სუპერკლასის ჯიბგირი იყო, ჩემზე 40 წლით უფროსი და როგორც მოგვიანებით მითხრეს, თურმე, თავის დაღუპულ, ერთადერთ ვაჟს მიმამსგავსა. 60 წელს მიღწეული კაცს ცხოვრების ნახევარზე მეტი საპყრობილეებში ჰქონდა გატარებული, ის 12-ჯერ იყო ნასამართლევი ჯიბგირობისთვის. მე მას ძია კოლიას ვეძახდი და თქვენობით ველაპარაკებოდი. თუმცა, თავისუფლად შემეძლო, შენობით მელაპარაკა მასთან და მეტსახელით მიმემართა, მაგრამ, ჩემს თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი. მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა, ქურდულ კანონებს არ ღალატობდა და მიუხედავად იმისა, რომ შვილი ჰყავდა, დაქორწინებული არ ყოფილა. არც თავისი ბინა ჰქონდა და „ნეპმანელი ქურდების“ ღირსეული წარმომადგენელი იყო. ერთხელ „კოლია შჩიპაკმა“ თავის „კოიკასთან“ მიხმო. გვერდით მომისვა. არყით გამივსო ჭიქა, თავისთვისაც შეავსო, ასწია და თქვა:

– დღეს ჩემი პეტრო 22 წლის გახდებოდა და მისი ხსოვნისა შევსვათ. უკვე ექვსი წელია, რაც ამქვეყნად აღარ არის.

არამც თუ არაყს, ალკოჰოლგარეულ ნამცხვარსაც არ ვჭამდი, რადგან სპორტული რეჟიმით ასე ვიყავი მიჩვეული. რა თქმა უნდა, შემეძლო, უარი მეთქვა დალევაზე, მაგრამ ძია კოლიას ისეთი უცნაურად მოწყენილი სახე ჰქონდა, რომ უარს ვერ ვეტყოდი:. მისი ვაჟის მოსახსენიებელი ვთქვი და 200-გრამიანი არყით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოვცალე. ძია კოლიას გაეცინა და მითხრა:

– ეტყობა, რომ არყის სმას მიჩვეული არ ხარ.

– დიახ. მართალს ბრძანებთ, ძია კოლია. ეს ჩემს ცხოვრებაში დალეული ალკოჰოლის პირველი ჭიქაა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა