რომანი და დეტექტივი

შთამბეჭდავი მემკვიდრეობა

№51

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 27.12, 2020 წელი

შთამბეჭდავი მემკვიდრეობა
დაკოპირებულია

ერიკ  სიმპსონი: შეუძლებელია, წარმატება მუდამ თან სდევდეს ადამიანს.  

ეს ამბავი ბელგიაში მოხდა. როლანდ რერუარი ცნობილი დეპუტატი იყო. სავარაუდოდ, მას მინისტრის პორტფელიც ელოდა. საფრანგეთის ანტიკათოლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ბევრს სძულდა. საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა. თუმცა, თავისი სისუსტეები მაინც ჰქონდა – რა თქმა უნდა, ქალები.

ამ ამბამდე რამდენიმე წლით ადრე ცოლი შეირთო – ახალგაზრდა ლედი ბრიუსელიდან. ქალს შთამბეჭდავი მემკვიდრეობა მოჰყვა. შვილები არ შესძენიათ. ცოლი ქორწინებიდან ორ წელიწადში ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა – კიბეზე დაგორდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. რერუარს ცოლისგან სახლი დარჩა, რომელიც ბრიუსელში, ძალიან პრესტიჟულ ადგილას იდგა. სწორედ, ამ სახლში უწია მას მოულოდნელად სიკვდილმა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მინისტრი, რომლის პორტფელიც რერუარს უნდა დაეკავებინა, გადადგა. სიკვდილი ისე მოულოდნელად ეწვია, ექიმებმა მხოლოდ გულის მწვავე შეტევის დიაგნოზი დასვეს. თითქოს არაფერი სკანდალური, მაგრამ სამი დღის შემდეგ პოლიციის კომისარს მოულოდნელი სტუმარი ეწვია – ახალგაზრდა ქალი, რომელიც სახეს თხელი ვუალით იფარავდა. დაჯდა და პირბადე მოიხსნა. ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა. თვალები ტირილისგან დაწითლებოდა.

– მესიე, მინდა, დამეხმაროთ. დაიწყეთ გამოძიება. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ როლანდი მოკლეს. თუმცა, ქალური ინტუიციის გარდა, არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია...

– კი, მაგრამ, ქალბატონო, ექიმები? დავიბენი.

– ექიმები ცდებიან ხოლმე, ის ძალიან ძლიერი კაცი იყო. გევედრებით, დამეხმარეთ.
კომისარმა უარი ვეღარ უთხრა და სთხოვა, სახლის ბინადრების შესახებ მოეყოლა. დეპუტატს სამი მოსამსახურე ჰყავდა. მათ შორის ერთი მზარეული – დენიზი, ასევე ჟანეტი და ფელიცია, ჩვეულებრივი, სოფლელი გოგონები. მოხუცი მსახური ფრანსუა. ოჯახის წევრი იყო, ასევე, რერუარის დედა და იქ ცხოვრობდა განსვენებული მისტერ რერუარის ღარიბი ნათესავი, ვირჯინია. გარდა ამ ადამიანებისა, სახლში, ფაქტობრივად, სულ იყო სტუმარი. იმ პერიოდში იქ რერუარის ფრანგი მეზობელი დე სენ ალარო და ინგლისელი მეგობარი ჯონ ვილსონი იმყოფებოდნენ.
კომისარის წინაშე რთული ამოცანა იდგა – უნდა გაერკვია, რა მოუვიდა ადამიანს, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. შეიძლებოდა თუ არა, რომ ის მოეწამლათ. სხეულის დათვალიერების იოტისოდენა შანსიც კი არ ჰქონდა. არანაირი ხელჩასაჭიდი. არც ერთი დამხმარე, მოწმეზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მხოლოდ ვირჯინია – თავისი ეჭვებითა და ინტუიციით. იმ საბედისწერო დღეს გვიან ისადილეს. წვნიანი დიდ საწვნეში იყო და ყველამ მიირთვა. ყავაც საერთო ყავადანიდან ჩამოასხეს. სადილის შემდეგ დეპუტატის დედა თავის ოთახამდე ვირჯინიამ მიაცილა. მამაკაცები მესიე რერუარის კაბინეტში შევიდნენ. ისინი მეგობრულად საუბრობდნენ, რომ უცებ დეპუტატი ხმაურით დაეზღართა იატაკზე. სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს. კაბინეტიდან მესიე დე სენ ალარო გამოვარდა ყვირილით. ექიმმა პაციენტს ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. კაბინეტის დათვალიერებამ არაფერი მისცათ. კომისარი უკვე ფიქრობდა, რომ მადმუაზელ ვირჯინიას რომანტიკული გრძნობები ჰქონდა გარდაცვლილის მიმართ, რაც მას რეალობის აღქმაში უშლიდა ხელს, რომ უცებ, პატარა მაგიდაზე შოკოლადებიანი ყუთი დაინახა. თავსახური ახადა. ყველა შოკოლადი ადგილზე იყო, მაგრამ კომისარი სხვა რამემ დააეჭვა – ყუთის თავსახურმა. ის სხვა ფერის იყო. განსხვავებული ფერის ლენტით შეკრული შოკოლადებიანი კოლოფი ყველას გვინახავს, მაგრამ ის, რომ ყუთი ვარდისფერი ყოფილიყოს, თავსახური კი – ლურჯი, ეჭვს ბადებდა. პირველად მოხუცი მსახური ფრანსუა დაჰკითხა. გაარკვია, რომ დეპუტატი გიჟდებოდა შოკოლადზე და სახლში სულ ჰქონდა რამდენიმე ყუთი.

– ფრანსუა, ეს ხომ სულ ახალი ყუთია? – დიახ, მესიე. მე შემოვიტანე იმ დღეს, როცა ბატონი მოკვდა და გავხსენი. ძველი კი, უკვე ცარიელი, გადავაგდე.

– როდის ჭამდა რერუარი შოკოლადს?

– სადილის შემდეგ. თუმცა დილითაც შეეძლო რამდენიმე ცალი შეეჭამა. ფრანსუას სთხოვა, ის ცარიელი კოლოფი მოეძებნა. სიბნელეში სანთლის სხივი გამოჩნდა. როგორც ივარაუდა, იმ ყუთს თავსახური ვარდისფერი ჰქონდა, თვითონ კი ლურჯი იყო. ექიმთან საუბრისას შეიტყო, რომ დეპუტატმა და მისმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც თავგადაკლული კათოლიკე იყო, მაგრად იჩხუბეს. ექიმი ვარაუდობდა, რომ ნოყიერი სადილის შემდეგ, ასეთი ემოციური აფეთქება გახდა ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზი, რამაც რერუარის სიკვდილი გამოიწვია. მესიე დე სენ ალაროს თვალში რერუარი ნამდვილი ანტიქრისტე იყოო, დაამთავრა საუბარი ექიმმა. კომისარმა ჰკითხა – შეიძლებოდა თუ არა, შოკოლადში ვინმეს სასიკვდილო დოზა შხამი შეერია და დადებითი პასუხი მიიღო. მორფინი ან სტრიქნინი ამ შემთხვევაში თავისუფლად გამოდგებოდა. ერთ-ერთ ახლომდებარე აფთიაქში კომისარს უთხრეს, რომ რერუარებს ხშირად მიჰქონდათ ატროპინის შემცველი თვალის წვეთები დეპუტატის დედისთვის. მაგრამ ზეიმი ნაადრევი იყო, რადგან ატროპინით მოწამვლას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს. ისევ აფთიაქარმა უშველა, რომელმაც თქვა, რომ გოგონა, რომელმაც თვალის წვეთები წაიღო, კიდევ რაღაც წამალს ეძებდა და სხვა აფთიაქშიც აპირებდა შევლას.

აღმოჩნდა, რომ რერუარის სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, აფთიაქში მისტერ ვილსონის რეცეპტით ტრინიტრონის აბები დაამზადეს. მათ გარედან შოკოლადის გარსი ჰქონდა. კომისარმალამის შეჰყვირა. ეს არ იყო შხამი, მაგრამ რამდენიმე ცალის დალევაც კი წნევის ისეთ ვარდნას იწვევდა, სიკვდილს თავს ვეღარ დააღწევდი. ახლა უკვე იცოდა, რომ ინგლისელ ბატონს, ჯონ ვილსონს სასიკვდილო იარაღი ჰქონდა. მაგრამ ვინ გამოიყენა ის? რაში აწყობდა ამ ინგლისელს რერუარის სიკვდილი. თანაც ექიმს გული აწუხებდა და ტრინიტრონის აბები აუცილებელი იყო მისთვის. მოტივი ფრანგს ჰქონდა. ფელიციამ თქვა, რომ ინგლისელმა ბატონმა თავისი აბების კოლოფი დაკარგა და ბრალი მას დასდოო. როგორ უნდა დაემტკიცებინა კომისარს, რომ კოლოფი სენ ალარომ მოჰპარა, აბები შოკოლადებში შეურია და რერუარი ჯოჯოხეთში გაისტუმრა. სასწრაფოდ სენ ალარო უნდა ენახა, რომ უცებ, ვირჯინიამ გამოძიების შეწყვეტა ითხოვა და სენ ალაროს მისამართის მოცემაზეც უარი უთხრა. სამაგიეროდ, კომისარს მოხუცი მსახური ფრანსუა დაეხმარა.

ფრანგი არისტოკრატის საგვარეულო კოშკში კომისარმა წყალგაყვანილობის ხელოსნის კომბინეზონში გადაცმულმა შეაღწია. და რა იპოვა აბაზანის კარადაში? ფლაკონი ტრინიტრონის ეტიკეტით. თანაც იმ აფთიაქის წარწერით, სადაც ისინი დაამზადეს. კომისარი ბელგიაში დაბრუნდა და ის იყო, პრეფექტთან წარსადგენ განცხადებას წერდა, რომ მოულოდნელად მადამ რერუარმა თავისთან გამოიძახა და შვილის მკვლელობა აღიარა. მოყვა, რომ ვირჯინიამ მონასტერში გადაწყვიტა წასვლა. ჩემი შვილი ცოდვიანი ადამიანი იყოო. მას სძულდა ეკლესია. სხვა სულებსაც რყვნიდა და ღუპავდა. ვნახე, როგორ დააგორა კიბეზე ჩემი რძალი, თავისი ცოლი. ხელი ჰკრა, როცა ის წერილს კითხულობდაო. ჩემი ვალი იყო, მომეკლა ის, რომ ახლა ვირჯინიაც არ დაეღუპა, ასეთი ახალგაზრდა და უმანკო. ის ბატონობდა ქალებზე, საოცარი გავლენა ჰქონდა მათზე. ვიცოდი, რომ ვირჯინიას ცოლად არ შეირთავდა. მე ისედაც ვიყავი ერთი მკვლელობის თანამონაწილე, სანამ ვდუმდი. სინდისმა არ მომასვენაო. შოკოლადს ამ სახლში მის გარდა არავინ ჭამდა. ჰოდა, ვისარგებლე ამით. ცარიელი წამლის ფლაკონი კი სენ ალაროს ჩავუდე ჯიბეში, იმ მოტივით, რომ მისი მსახურები იპოვიდნენ და გადააგდებდნენ. მე ახლა მართალი ვარ, უფლის წინაშეო.
საქმე დახურეს. აზრი არ ჰქონდა მოხუცებული ქალის გასამართლებას. ბარონესა რერუარი მალე გარდაიცვალა. ვირჯინია კი მონაზვნად აღიკვეცა. კომისარმა დიდხანს ვერ მოინელა ის ამბავი, რომ ვერ მიხვდა, ვინ იყო მკვლელი. ხომ იცოდა, რომ მადამ რერუარს ორივე თვალის კატარაქტა ჰქონდა. სენ ალარო რომ მკვლელი არ იყო, თავადაც უნდა მიმხვდარიყო.

თარგმნა ნინო წულუკიძემ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი