რომანი და დეტექტივი

შინაური საყვარელი

№11

ავტორი: ნია დვალი 20:00 28.03

შინაური საყვარელი
დაკოპირებულია

სალო კაფეში შევიდა და თვალი მოავლო გარემოს, ვიკას ეძებდა. ვიკა მისი ძალიან დიდი ხნის მეგობარი იყო და ხანდახან, ბოლო დროს კი, სწორედ, ამ კაფეში ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, თუმცა, უფრო და უფრო იშვიათად. მიუხედავად იმისა, რომ ვიკა სალოს შვილის ნათლია იყო, მაინც ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის ნახვას, თუმცა ვიკა ხშირად ურეკავდა თავის ნათლულ სანდროს, მით უმეტეს, რომ ვიკა სალოს ქმარსაც კარგად იცნობდა: ისინი ერთ ეზოში გაიზარდნენ. ასე რომ, ვიკა ოჯახის მეგობარი გამოდიოდა და ნათელ–მირონიც აკავშირებდათ.

– მარჯვნივ გამოიხედე, – მოესმა ნაცნობი ხმა. ვიკა ხელს უქნევდა. სალომ გაუღიმა და მისკენ გაიმართა.

– ვიცოდი, რომ არ დაიგვიანებდი და ამიტომ უკვე შევუკვეთე ყავა, შენთვის კაპუჩინო, ჩემთვის – ლატე. დესერტი შენ აარჩიე, – შესთავაზა ვიკამ მეგობარს, როდესაც ერთმანეთი გადაკოცნეს.

სალომ ტელეფონში ელექტრონული მენიუ გახსნა და თავისი საყვარელი ცხელი ვაშლის ღვეზელი აარჩია. ვიკამ მიმტანს თვალებით ანიშნა, რომ მისულიყო. მოკლედ, შეხვედრის საკვები ნაწილის საორგანიზაციო სამუშაოები დამთავრდა.

– მე მეგონა, უარს მეტყოდი, გამიხარდა, რომ მოხვედი, – ღიმილიანი თვალებით შეხედა ვიკამ სალოს.

– უარს როგორ გეტყოდი, როდესაც მითხარი, რომ მნიშვნელოვანი საქმე გქონდა? – გაიკვირვა სალომ და პარალელურად, მიმტანსაც დაუკრა თავი მადლობის ნიშნად, რომელმაც ყავა მოიტანა. - მაგრამ ბევრი დრო არ მაქვს, მაპატიე, ამიტომ ჯობია, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, თან, ასი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და შესავალი და მოთელვითი საუბრები საჭირო არ არის, – სალომ ეს საკმაოდ ხისტი სიტყვები, ასევე, საკმაოდ რბილად წარმოთქვა და ყავაში შაქარი ჩაიყარა.

– ჰო, რა თქმა უნდა, – თითქოს შეწუხდა ვიკა, – მესმის, მაგრამ არც კი ვიცი, როგორ დავიწყო.

– რაც ენაზე მოგადგება, იმით დაიწყე, ხომ იცი, რომ ასე უკეთესია? – გაუღიმა სალომ მეგობარს, თითქოს ამხნევებსო.

ვიკამ თავი დახარა, თითქოს სიტყვებს წონისო, შემდეგ მსუბუქად ამოიოხრა, მეგობარს თვალი გაუსწორა და ამოთქვა:

– მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ სოსო გღალატობს, – ვიკას საწყალობელი გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ, იმავდროულად, გამომცდელიც, მეგობრის რეაქციას ელოდებოდა.

– შენ საიდან იცი? – საკმაოდ გულგრილად უპასუხა სალომ და ყავა მოსვა, – კარგი კაპუჩინოა, როგორც ყოველთვის.

– თვითონ მითხრა.

– თვითონ? და შენ გითხრა?! უცნაურია.

– რა არის უცნაური?! მე შენი მეგობარი ვარ, სოსოსაც კარგა ხანია, ვიცნობ, ჰოდა, გული გადამიშალა...

– რა საინტერესოა... – თქვა სალომ და დაფიქრდა.

– არაფერს მკითხავ? – გაუკვირდა ვიკას.

– რა უნდა გკითხო? – სალომაც გაიკვირვა.

– დეტალები, ალბათ. რა ხდება. ვისთან გღალატობს...

– დეტალებიც გიამბო? – არც ამჯერად დამალა გაკვირვება სალომ.

– ჰო, აწუხებს ადამიანს და ამოთქვა.

– უცნაურია-მეთქი, – გაიღიმა სალომ, – წესით, ჩემთან უნდა ამოეთქვა და რით ამართლებს თავის ღალატს?

– მიჭირს ამის თქმა, – თავი დახარა ვიკამ.

– ჩემი ხათრით, პირდაპირ მითხარი, – ისევ გაამხნევა სალომ მეგობარი.

– აღარ მაინტერესებს, როგორც ქალიო. მოვიწყინეო. გარშემო ქალები ცდილობენ, განვითარდნენ, ახალი რამ ისწავლონ, სალო კი თითქოს გაიყინა და არაფერი აინტერესებს, მათ შორის, არც თავისი გარეგნობაო... – ვიკამ ისევ დახარა თავი.

– საწყალი, – ამოიოხრა სალომ, – და ამიტომ სხვის ლოგინში ჩახტა?! სულის შემძვრელი ისტორიაა დაჩაგრული კაცისა, ახლა ვიტირებ, – სალომ გაიცინა.

– რა დროს ცინიზმია? – გაბრაზდასავით ვიკა, – მე მეგობრულად გითხარი, თუმცა სოსოს დავპირდი, რომ არაფერს გეტყოდი.

– ნუ ღელავ, ვიცი ეგ ამბავი, – მშვიდად უთხრა სალომ და ისევ მოსვა ყავა, ღვეზელიც მიაყოლა, – ვგიჟდები ამ ღვეზელზე.

– როგორ, იცი?! – ვიკას თვალები ლამის გადმოუცვივდა, – და აქამდე რატომ არაფერი მითხარი?!

– რატომ უნდა მეთქვა?! მე და შენ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ვლაპარაკობთ ხოლმე.

– სალო, გამაგიჟებ! – აღშფოთება ვერ დამალა ვიკამ, – ამაზე სერიოზული რა უნდა იყოს?! სოსო შეიძლება, გაგეყაროს. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიმოქმედო.

– მაგალითად? – სალომ ინტერესით მიაპყრო მზერა ვიკას.

– არ ვიცი... ამაზე არ მიფიქრია. იმიჯი შეიცვალე, სალონში იარე, აუზზე... მოიფიქრე რამე. შენს თავზე იმუშავე, რომ სოსოს ისევ შეუყვარდე.

– რატომ უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე, რომ დავუბრუნო სიყვარული, რომელიც აღარაფერში მჭირდება?!

– ნუ, შეიცვლები შენ და შეიცვლება ისიც, ანუ მისი დამოკიდებულება.

– ვიკ, შეცვლა არ მინდა. მე მომწონს, როგორც გამოვიყურები და როგორც ვცხოვრობ.

– მაგრამ შენ უნდა...

– რა უნდა?! – შეუბრუნა შეკითხვა სალომ, – რატომ უნდა გამოძვრე ტყავდან, მხოლოდ იმიტომ რომ გარშემო ქოუჩებისა და მრჩევლების ცვენაა, რომლებიც ცხოვრებას გვასწავლიან?! როგორ გავხდეთ წარმატებულები და სასურველები?! შეუქმენი ქმარს სახლში კომფორტი, მოხიბლე, აავსე სამყარო პოზიტივით, განვითარდი, იმუშავე საკუთარ თავზე და გახდი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია! – სალომ პათეტიკურად წარმოთქვა ეს მოკლე მონოლოგი.

– დიახ, დიახ, – დაბეჯითებით უთხრა ვიკამ: და რა არის ამაში ცუდი?!

– არაფერი. მაგრამ მე არ მინდა საკუთარი თავის გაუმჯობესება. არც დაბერილი ტუჩები მინდა და არც ხუთი ზომა ძუძუები. და, საერთოდაც, მე რატომ უნდა მოვერგო სხვის სურვილებს?!

– ახლა ყველა ასე ცხოვრობს, – არ დაეთანხმა ვიკა.

– იცხოვრონ, რა პრობლემაა. მერე მე ვერევი მათ ცხოვრებაში?!

– და შენ კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? – ვიკას ხმაში გაღიზიანება შეეპარა.

– რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. რაც მაქვს, მაკმაყოფილებს. შესანიშნავი ვაჟი მყავს, საინტერესო სამუშაო მაქვს, კარგადაც მიხდიან. რაც მომწონს, იმას ვაკეთებ. ჯანმრთელი ვარ. ეს ზედმეტი 10 კილო საერთოდ არ მიშლის ხელს, თან, სხვადასხვა სტანდარტით, სხვადასხვანაირადაა და ზოგიერთით, ზედმეტიც კი არ არის ჩემი წონა. ჩემი სახის კანის მდგომარეობაც მაკმაყოფილებს, ჩემი ტანსაცმელიც და არც სახლს ვხეხავ დილიდან საღამომდე, რომ ყველაფერი ბზინავდეს. ხმამაღლა ვიცინი, ხანდახან ვსვამ და რა?! მოკლედ, მე გადაკეთებას არ ვაპირებ, – სალომ გულგრილად დახედა ყავის ჭიქას და კიდევ ერთხელ მოსვა.

ვიკა გაოცებული შეჰყურებდა და ხმას არ იღებდა.

– და შენ კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებით? – უცებ შეუბრუნა კითხვა სალომ ვიკას.

– მეეე, – რატომღაც, ენა დაება ვიკას. სალომ გაიცინა და ვიკამ თვალებით ჰკითხა მიზეზი.

– იცი, ყოველთვის მინდოდა, შენთვის მეკითხა, როგორ ხდებოდა ისე, რომ ჯერ ჩემი ბავშვობის მეგობართან დაწექი და შემდეგ – ჩემი შვილის მეორე ნათლიასთან? – სალომ ეს ისე ალალად და ბუნებრივად თქვა, რომ ვიკა ვერც კი მიხვდა, უნდა სწყენოდა თუ არა, – სწორად გამიგე, მე სხვების ცხოვრებაში არ ვერევი, უბრალოდ სულ მაინტერესებდა, რატომ დაერიე ამ ჩემს გარემოცვას?! – სალო ახარხარდა, იმდენად ხმამაღლა, რომ ვიკამ უხერხულად მოავლო თვალი დარბაზს:

– უხერხულია...

– მოიცა და, მეორე ნათლიასთან დაწოლა უხერხული არაა და მე რომ ვიცინი, უხერხულია? – ოღონდ სალომ ამჯერად დაინდო მეგობარი და ეს ხმადაბლა უთხრა. თან, თავადაც მოავლო თვალი დარბაზს და თავის დაქნევითა და გულზე ხელის მიდების ჟესტით ერთგვარად მოუბოდიშასავით.

– აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, – უთხრა ვიკამ და ნაწყენი სახე მიიღო.

– რატომ მებუსხები, ჩემო გოგო?! მე ვიკითხე. რა, არ მაქვს უფლება?! შენ აქ ზიხარ და ჭკუას მასწავლი, როგორ გადავირჩინო ოჯახი და დამაინტერესა, თავად როგორი გამოცდილება გაქვს ამ საკითხში?! მგონი, კიდევ დავამატებ დესერტს, – დააყოლა სალომ და მიმტანს ხელით ანიშნა, მოდიო.

– და არ იფიქრო, განგსჯი. უბრალოდ, მაინტერესებს. ვცდილობ, ვისწავლო შენგან, როგორ უნდა განვვითარდე. შენ თავად არ მირჩიე, ქმარი შეინარჩუნე და ოჯახიო?! – სალომ ეს იმდენდა გულწრფელად თქვა, რომ ვიკა ისევ დაიბნა. ვერ მიხვდა, მეგობარი აშაყირებდა თუ სერიოზულად ელაპარაკებოდა.

– მართლა გეკითხები. სანდროს მეორე ნათლია მაინც გაშორდა თავის ცოლს, ჩემს მეგობარ გიოს კი მაშინ ცოლი არ ჰყავდა. ასე რომ, არაფერია აქ გასაკიცხი, ღმერთთან კი შენ თავად გაარკვევ მაგ ამბავს. მომიყევი, რა, გთხოვ, ცოტა გულს გადავაყოლებ, ისეთი თავზარდამცემი ამბავი მითხარი სოსოზე...

ვიკას მოეჩვენა, რომ სალოს ხმა გაებზარა, ამიტომ მისი დამშვიდება სცადა:

– სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი. არც კი მახსოვს.

– და სოსომ იცის? – მოულოდნელად ჰკითხა სალომ.

– არა, რას ამბობ?! – შეიცხადა ვიკამ, – არც შენ უთხრა, გთხოვ.

– არ ვეტყვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, სოსომ იცის თუ არა?! – მოულოდნელად ჰკითხა სალომ, მაგრამ უცებვე შეცვალა საუბრის თემა:

– სიმართლე გითხრა, ნამდვილი ცხოვრება მაშინ დავიწყე, როდესაც საკუთარ თავზე მუშაობას დავანებე თავი. როდესაც საკუთარი თავი მივიღე და შევიყვარე ისეთი, როგორიც ვარ და აღარც ვაპირებ, დავკარგო დრო იმისთვის, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო და ვიღაცის გული მოვიგო. მეცოდებიან კიდეც ასეთი ქალები: მთელი ცხოვრება სხვებს ემსახურებიან, იმ სხვებს კიდევ მაინც ეცოტავებათ და უფრო და უფრო ბევრს სთხოვენ. მთელი ამბავი კიდევ, ჩემო მეგობარო, ის არის, რომ სხვების მოლოდინების გამართლებას ვერ შეძლებ. ჯერ ერთი, ძალიან ბევრნი არიან და, რაც მთავარია, ბევრი მოლოდინი აქვთ. თან, ეს მოლოდინები ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება. ასე რომ, ვერასდროს მოახერხებ, ყველას გული მოიგო და ვერც იდეალური გახდები.

– აჭარბებ, არავინ გეუბნება, რომ იდეალური იყო, მაგრამ საყვარელი მამაკაცისთვის ღირს საკუთარ თავზე წამუშავება, – შეეკამათა ვიკა.

– რა თქმა უნდა, მაგრამ მანდ საკვანძოა „საყვარელი მამაკაცი“.

– არ მითხრა ახლა, რომ სოსო არ გიყვარს. ვერ დავიჯერებ, – თვალები გაუფართოვდა ვიკას.

– ალბათ, არა. იმიტომ რომ სიყვარული ორმხრივია. მე არ მჯერა ცალმხრივი სიყვარულის. როდესაც შემხვედრი ცეცხლი არ არის, ნაპერწკალი ქრება და ეს არავის ბრალი არაა. ადრე ჩემ გარდა ვერავის ხედავდა, ახლა საერთოდ ვეღარ მამჩნევს. და დამიჯერე, იმიტომ არა, რომ ლამინირებული წარბები არ მაქვს. უბრალოდ, სხვადასხვა მიმართულებით წავედით. მე გავიზარდე, სოსო ისევ ბიჭად დარჩა. გითხრა, რომ აღარ ვაინტერესებ?! არა, ჩემო გოგო, მისთვის მე გაუგებარი ვარ. მე აღარ ვაპირებ, მოვუარო და გავართო, როგორც პატარა ბავშვი. დედამისი ხომ არ ვარ, ბოლოს და ბოლოს?! ის ამას გრძნობს და ამიტომ გადაწყვიტა, თავგადასავალი მოეძებნა და ვინმესთვის შეეჩივლა, რომ მარტოსულია.

– და რის გაკეთებას აპირებ?! – ვიკა ყურებს არ უჯერებდა.

– არაფრის.

– როგორ თუ არაფრის! – ვიკამ ლამის წამოიყვირა.

– დიდი ხანია, სხვადასხვა ოთახში გვძინავს.

– მაგრამ ასე ცხოვრება ხომ არანორმალურია?! – ვიკა არ ნებდებოდა.

– რატომ?! ყოველთვის გამოძინებული ვარ. – იცინოდა სალო.

– სასტიკი გამხდარხარ.

– არაა, უბრალოდ, უნდა მიხვდეს, რომ მე მისი საკუთრება არ ვარ. და თუ რამეს გადაწყვეტს, თავიდან მოუწევს ჩემი გულის მონადირება.

– მაშინ გაეყარე. რაში გჭირდება ასეთი ქმარი?

– სიამოვნებით, მაგრამ სანდროს მამა უნდა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და ჩვენმა პრობლემებმა ბავშვს რატომ უნდა გაურთულოს ცხოვრება?! ვიცი, ეს სოსოსაც ესმის.

– რაღაც ძალიან არისტოკრატიული ურთიერთობა გქონიათ, – ცოტა ცინიკურად ჩაილაპარაკა ვიკამ და დაამატა, – ჩემთვის გაუგებარი.

– არცაა საჭირო, ყველამ ყველაფერი გაიგოს. მინდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერად გაიზარდოს და არ მინდა, ვუღალატო ჩემს თავს. აი, ასე მსუბუქად ვცხოვრობ. სანდროს კი ახლა ასეთი პერიოდი აქვს, მერე სხვანაირი ექნება. შეიძლება, ამასობაში დაღვინდეს კიდეც. იმედი მაქვს, ის ქალი მის პოტენციალს ბოლომდე გამოიყენებს. სოსო ვეფხვია, ნუ, ყოველ შემთხვევაში, იყო ლოგინში. თუ წასვლა მოუნდება, არ დავიჭერ.

– და რომ არ წავიდეს და ნერვები მოგიშალოს? – გამომცდელად ჰკითხა ვიკამ.

– ჯერჯერობით არ მიშლის, მერე ვნახოთ. დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხებმა? კიდევ გაინტერესებს რამე?

– ყველაფერი გასაგებია, შენი სიკეთისთვის გითხარი, რომ გცოდნოდა, ოღონდ გეხვეწები, არ წამოგცდეს, რომ მოგიყევი.

– სამარე ვარ! ოღონდ შენც უნდა დამპირდე, რომ არ ეტყვი სოსოს, რაც მე გითხარი. საკმარისია, თქვენ ორიდან ერთმა რომ უკვე იცის ჩემი დამოკიდებულება, – სალოს გაეცინა.

ვიკა წამოწითლდა.

– რას გულისხმობ? – იკითხა, მაგრამ სალოს თვალი ვეღარ გაუსწორა.

– რაც ვთქვი, იმას. მე წავედი. შენ ცოტა დამშვიდდი და ისე წადი სახლში თუ სადაც მიდიხარ, – სალო წამოდგა, ვიკას თავი დაუკრა და გასასვლელისკენ ღიმილიანი სახით გაემართა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა