შეურაცხყოფის საფასური
ავტორი: ნია დვალი 22:00 03.04
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #11 (1316)
***
სამმა დღემ საშინელი სიზმარივით ჩაიქროლა. დიტო ცდილობდა, იას დაკავშირებოდა, მაგრამ მისი ცოლი ტელეფონს არ პასუხობდა. ბოლოს, გადაწყვიტა, შვილისთვის დაერეკა:
– როგორ ხარ? რამე ხომ არ გჭირდება? – ისე დაიწყო საუბარი, თითქოს არაფერი მომხდარაო.
– კარგად ვარ, არაფერი მჭირდება, – დიტოს შვილის პასუხი არ მოეწონა.
– როგორ მელაპარაკები? – გაბრაზდა დიტო.
– აბა, როგორ უნდა გელაპარაკო? – არ დაუთმო შვილმა.
– მე შენთვის არაფერი დამიშავებია და შენ ჩემი და დედაშენის ურთიერთობა არ გეხება, – დიტო მიხვდა, რომ თვალთმაქცობას აზრი არ ჰქონდა.
– მართალი ხარ, არ მეხება, ამიტომ სალაპარაკოც არაფერი გვაქვს.
– ხომ არ გავიწყდება, რომ შენი სწავლის ფულს მე ვიხდი? – დიტო გაბრაზდა.
– არა, არ მავიწყდება. წესით, სრულწლოვნებამდე მშობელს ევალება შვილის უზრუნველყოფა. დაითვალე, რამდენი დამახარჯე, რაც 18 წლის გავხდი, მას შემდეგ და აგინაზღაურებ.
დიტომ იგრძნო, რომ ზედმეტი მოუვიდა და უნებლიეთ გაიფიქრა: „როდის გაიზარდა ასე?!“
– თუ რამე დაგჭირდება, დამირეკე, – ესღა უთხრა შვილს და ტელეფონი გათიშა.
***
ქონების გაყოფის შესახებ შეთანხმება ასჯერ მაინც წაიკითხა: პირობები მკაცრი იყო. ბინა – იასა და ანრის რჩებოდა. აგარაკი გაიყიდებოდა და თანხა სამად გაიყოფოდა, საერთო დანაზოგი კი – შუაზე, მარინაზე დახარჯული ფულის გამოკლებით. მანქანა საერთოდ არ იყო ნახსენები, იმიტომ რომ ისედაც იას სახელზე ირიცხებოდა. დიტო, ფაქტობრივად, ცარიელ-ტარიელი რჩებოდა.
დროს მაინც არ კარგავდა, იურისტებს დაურეკა, შეხვდა, კონსულტაცია გაიარა: ყველა ერთსა და იმავეს იმორებდა: თუ ია მართლაც წავა პოლიციაში თაღლითობის მტკიცებულებებით, მას რეალური პატიმრობა ემუქრებოდა.
– გამწარებულ ქალზე საშიში არავინაა, – უთხრა მეგობარმა, – თან, ხომ ხედავ, ყველაფერი გათვალა, დოკუმენტები შეაგროვა, სასჯელის თავიდან აცილების შანსი მცირეა, ფაქტობრივად, არ არის და მეც თან ჩამითრევ...
მესამე დღის ბოლოს, საღამოს, დიტომ იას ნომერი აკრიფა. მან მაშინვე უპასუხა.
– ხელს მოვაწერ მორიგებას, – დაღლილი ხმით უთხრა ცოლს.
– ძალიან კარგი, ვიცოდი, რომ შენი კეთილგონიერება უფრო ძლიერი აღმოჩნდებოდა, – კმაყოფილი ხმით უთხრა იამ, – არც მე მესიამოვნებოდა, პოლიციაში წასვლა რომ დამჭირვებოდა.
– სად მოვიდე და როდის? – დააზუსტა დიტომ.
– ზეგ, დილის, ათ საათზე. ხომ გახსოვს ის სანოტარო ბიურო, სადაც ანრის წილი გადავუფორმეთ?
– პირდაპირ საჯარო რეესტრში არ სჯობს? – შესთავაზა დიტომ.
– ნოტარიუსი მირჩევნია, – მოუჭრა იამ.
– ია, შეიძლება, მანამდე კიდევ ერთხელ შევხვდეთ? – სთხოვა ცოლს.
– რისთვის?
– ვილაპარაკოთ.
– რაზე უნდა ვილაპარაკოთ, დიმიტრი?!
– იქნებ... გადაიფიქრო... იქნებ ჯერ კიდევ არის ყველაფრის გამოსწორების შანსი?!
პაუზა ჩამოვარდა და დიტოს გული მოეცა. მაგრამ შემდეგ იამ ჩაიცინა, ოღონდ ამ სიცილში სიხარულის ნატამალიც არ ერია:
– ახლაც კი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ. ის კი არ გენანება, რაც ჩვენ შორის იყო. ჩვენი ოჯახი კი არ გენანება, არამედ ბინა და ფული გენანება. ამიტომ – არა და არ გადავიფიქრებ. არანაირი შანსი არ არსებობს. შეხვედრამდე ნოტარიუსთან!
იამ ტელეფონი გათიშა და ცრემლები ჩამოუგორდა.
– ვეღარ გამოიტირე? – იას წინ დეიდამისი იჯდა. ელეონორას თავისი სამოცი წლის ასაკში, მაქსიმუმ, 50 წელს თუ მისცემდი. ქმარი არასდროს ჰყოლია, უფრო ზუსტად, ჰყავდა, მაგრამ გარდაეცვალა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა, თავს უვლიდა, მუშაობდა, დას ეხმარებოდა და დისშვილებს თავს ევლებოდა. განსაკუთრებით კი ია უყვარდა, იმიტომ რომ ია დეიდამისს ძალიან ჰგავდა. ერთი ის იყო, რომ ელეონორამ დისშვილს ვერაფრით ასწავლა პირველ ადგილას საკუთარი თავის დაყენება:
– დამიჯერე, ჩემო გოგო, საკუთარ თავს თუ არ შეიყვარებ, შენს თავს თუ პატივს არ სცემ და არ გაანებივრებ, არც არავინ შეგიყვარებს, არც პატივს გცემს და არც გაგანებივრებს.
– მაგრამ შენ ხომ გიყვარვარ?!
– მე ჯერ ჩემი თავი მიყვარს შენში, – გაუღიმა დეიდამ, – იმედია, ახლა მაინც დამიჯერებ. თუ გული არ მოგყვება, ჯერ ნაძალადევად გააკეთე: სალონში წადი, შემდეგ ახალი ტანსაცმელი იყიდე, სპა სალონში შეიარე, ძალით გაიღიმე და თანდათან ეს შენს ჩვევად იქცევა, ბუნებრივ მდგომარეობად. აბა, მპირდები, რომ ამიერიდან ასე მოიქცევი?!
იამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მადლიერებით შეხედა.
– ხომ იცი, რომ პირდაპირი ადამიანი ვარ?! მე ის მიკვირს, დიტო უფრო ადრე რომ არ წავიდა შენგან. მზარეულად და დამლაგებლად იქეცი, მეორე პლანზე დააყენე საკუთარი თავი. ასეთი ქალი არავის უნდა. არ იმჩნევენ, თორემ კაცებს ახირებული და პრეტენზიული ქალები მოსწონთ, ისინი სიცოცხლის სტიმულს აძლევენ მათ. აქამდე ხომ იცხოვრე შენი ჭკუით?! ახლა მე დამიჯერე და მერე შეადარე. კარგი, ჩემო გოგო? – ელეონორა დაიხარა და დისშვილი ჩაკოცნა, – თუ გინდა, დღეს იტირე, სანამ სალონში წახვალ. სილვასთან ჩაგწერე. თმის ფერსა და ვარცხნილობას შეიცვლი, – მერე დეიდამისმა იას ხელი აიღო ხელში, – ეს რას ჰგავს?! შეიძლება, ქალს ასეთი მოუვლელი ფრჩხილები ჰქონდეს?!
– რატომაა მოუვლელი? ფრჩხილები მოჭრილია, სუფთაა, – გააპროტესტა იამ.
– ზუსტად ამას ვამბობ: რა სკოლის მოსწავლესავით გაქვს?! მოკლედ, მიჯერებ ახლა მე და მერე შევადაროთ.
***
დათქმულ დროს ორივე სანოტარო ბიუროში გამოცხადდა. ორმოცდაათიოდე წლის ქალმა ყურადღებით გადახედა დოკუმენტებს და ორივეს ჰკითხა: დარწმუნებული ხართ თქვენს გადაწყვეტილებაში? ქონების ამ პროპორციებით გაყოფა ძალიან უჩვეულოა ასეთი ხანგრძლივი ქორწინების მქონე მეუღლეებისთვის.
– დარწმუნებული ვარ, – მტკიცედ უპასუხა იამ.
– თქვენ? – ნოტარიუსმა დიტოს მიმართა.
მანაც თავი დაუქნია.
– კეთილი, – წარმოთქვა ნოტარიუსმა და ხმამაღლა წაიკითხა ყველა საბუთი. შემდეგ ნოტარიუსის თანაშემწემ თითოეულს მიაწოდა დოკუმენტები და ხელი მოაწერინა. ია წელში გამართული იჯდა და ფანჯრისკენ იყურებოდა, სანამ დიმიტრი ხელს აწერდა.
– ლამაზია, მოვლილი, ახალი ვარცხნილობით. როდის მოასწრო თავის მოწესრიგება? – ფიქრობდა დიტო.
ნოტარიუსმა ორივეს თავ-თავიანთი პირი დოკუმენტები გადასცა და შეახსენა:
– რეესტრში განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ყველაფერი საბოლოოდ გაფორმდება.
ია წამოდგა, დოკუმენტების თავისი ეგზემპლარი აიღო და გასასვლელისკენ გაემართა.
– ია, მოიცადე! დიტო გაეკიდა, – დამელაპარაკე!
– რაზე ვილაპარაკოთ?
– მაპატიე. სულელი ვიყავი. ყველაფერი მესმის. მაგრამ იქნებ...
– იქნებ რა? – შეაწყვეტინა იამ, – იქნებ უკან მიგიღო? ყოველივე იმის შემდეგ, რაც ჩაიდინე? გპატიობ. აღარ ვბრაზობ და აღარ მწყინს. მაგრამ უკან არ დავბრუნდები.
– ჩვენი ქორწინება?! ჩვენი ოჯახი?!
– ჩვენი ოჯახი სამი წლის წინ დასრულდა, როცა სხვა ქალი შემოიყვანე ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ბიუჯეტში, ჩვენს დროში. ახლა მასთან იცხოვრე, რადგან ასე გინდოდა.
– ჩვენ დავშორდით.
– ვწუხვარ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. შენ იმიტომ კი არ დაშორდი, რომ შენი შეცდომა გააცნობიერე. ვფიქრობ, ის დაგშორდა, იმიტომ რომ აღარაფერი გაბადია.
– მე შენ მიყვარხარ! – წამოიძახა დიტომ იმდენად ხმამაღლა, რომ გამვლელებმაც კი მოიხედეს.
– არა. შენ გიყვარს შეჩვეული ცხოვრება. მოსახერხებელი ცოლი, რომელიც ყველაფერს გპატიობს. სიმყუდროვე, რომელსაც ოცი წელი ვქმნიდი. მაგრამ მე არასოდეს გყვარებივარ. ეს ჩემი ბრალია, იმიტომ რომ თავს ვიტყუებდი. პირველი ათი წელი შენზე თავდავიწყებით ვიყავი შეყვარებული. ყველაფერს გპატიობდი. სამსახურიდან დაგვიანებებს, რომლებსაც სხვისი სუნამოს სუნი ასდიოდა. შენს უარებს, როდესაც სიახლოვე მინდოდა. შენს გაღიზიანებას, როცა გთხოვდი, ცოტა დრო მაინც დაგეთმო ჩემთვის. ვფიქრობდი: იღლება, კარიერას აშენებს, ოჯახს უზრუნველყოფს. მოითმინე, მოითმინე... შემდეგი ათი წელი უბრალოდ ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი: ვამზადებდი, ვრეცხავდი, ვალაგებდი, შვილს ვზრდიდი. ბედნიერ ცოლს ვთამაშობდი კორპორატიულ საღამოებსა და მეგობრებთან შეხვედრებზე. ვიღიმოდი, როდესაც დღესასწაულებზე ძვირად ღირებულ საჩუქრებს მჩუქნიდი, რომლებიც, სხვათა შორის, შენი კი არა, შენი მდივნის მიერ იყო ნაყიდი. ბოლოს კი, როდესაც მარინე გაიჩინე, საბოლოოდ მივხვდი: შენ არასოდეს შეიცვლები და დადგა დრო, საკუთარ თავზე ვიფიქრო.
– და ნახევარი წელი ფიქრობდი, როგორ გაგეგდე და წაგერთმია ყველაფერი, რაც მაქვს? – დიტო გაბრაზდა.
– არა, – თავი გააქნია იამ, – ნახევარი წელი ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ახალი ცხოვრება შენ გარეშე, ტყუილის გარეშე, მუდმივი მოლოდინის გარეშე, რომ ოდესმე მაინც შემამჩნევდი, შემიყვარებდი, დამაფასებდი. ხოლო ქონება – ეს, უბრალოდ, სამართლიანობაა. შენ თვითონვე თქვი, რომ შენს ფულს ხარჯავდი. აი, მეც ჩემსას ვიღებ, ჩემს დახარჯულ დროს, წლებსა და ენერგიას.
ია შეტრიალდა და იქვე გაჩერებული მანქანისკენ წავიდა.
– ეს ვინ არის? – დაეწია დიტო და ხელი წაატანა.
– შენი საქმე არ არის. მე შენ ყოველმხრივ საუკეთესო მეგონე, შენ კი, თურმე, ლოგინშიც არ ვარგოდი, – იამ ამ სიტყვებით თითქოს საკონტროლო ტყვია დააჭედა ყოფილ ქმარს და სანამ დიტო გონს მოეგო. მანქანიდან საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი გადმოვიდა და იასკენ გაემართა. იამ ხელის მოძრაობით ანიშნა, ყველაფერი რიგზეაო და მისკენ წავიდა. მამაკაცმა იას მანქანის კარი გაუღო.
დიტო მანქანას უყურებდა და თვალებს არ უჯერებდა: მაგრამ უჯერებდა თუ არა, ფაქტი ფაქტად რჩებოდა. ია მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა და თუ გულზე ხელს დაიდებდა, უნდა ეღიარებინა, რომ მოვლილი და სახეცვლილი ია დიტოს ყველა საყვარელს სჯობდა...
დიტო სახლში წავიდა და ისევ აკრიფა მარინეს ნომერი. ქალი ისევ არ პასუხობდა. იას მოატყუა, თითქოს თავად დაშორდა საყვარელს, მაგრამ საქმე პირიქით იყო: როგორც კი დიტო მას გამოუტყდა, რომ ბინისა და მანქანის გარეშე დარჩებოდა, ასევე, იმ ფარული ბიზნესის გაუქმებაც მოუწევდა და აგარაკის მხოლოდ ნახევარო შეხვდებოდა, მარინე გაიბუტა. იმ საღამოს არაფერი უთქვამს, უბრალოდ, თითქოს მხოლოდ მოწყენილი იჯდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ დიტოს ზარებს აღარ პასუხიბდა, დღის ბოლოს კი საერთადაც დაბლოკა. გაბრაზებული დიტო მასთან მივიდა, მაგრამ ბინა ცარიელი დახვდა. მარინე წავიდა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
განქორწინების გაფორმების შემდეგ ყველაფერი ორიოდ თვეში დასრულდა: მათი საცხოვრებელი ბინა მთლიანად იასა და ანრის საკუთრება გახდა. აგარაკი გაიყიდა, ფული სამად გაყვეს, რაც დარჩა, იმით დიტო ბინას ვერც იყიდიდა, ამიტომ ერთოთახიანი დაიქირავა. იამ თანხის უდიდესი ნაწილიც წაიღო.
დიტო თავის ნაქირავებ ერთოთახიანში იჯდა და ფანჯრიდან ნაცრისფერ ეზოს უყურებდა. ახლაღა მიხვდა, როგორ უცებ შეიძლება, დაინგრეს ცხოვრება. ჯერ კიდევ სამი თვის წინ მას ყველაფერი ჰქონდა: ოჯახი, ბინა, აგარაკი, წარმატებული ბიზნესი, ჰყავდა საყვარელი, რომელიც მასზე გიჟდებოდა. ახლა კი აღარაფერი ჰქონდა.
ამ ფიქრებიდან სატელეფონო ზარმა გამოაფხიზლა. უცხო ნომერი იყო:
– დიმიტრი სამხარაძე ბრძანდებით?
– დიახ, მე ვარ, – უპასუხა დიტომ დაღლილი ხმით.
– მე მოსამართლის თანაშემწე ვარ. თუ არ გადაიხდით სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას, აღსრულ;ებას გადაეცემა თქვენი საქმე, – დიტომ ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
ამ დროს კი ია სწორედ იმ ბინის სამზარეულოში იჯდა, სადაც მისი ქორწინების ოცმა წელმა ჩაიარა და ყავას სვამდა. ბინა ახლა მხოლოდ მისი და ანრის იყო. რემონტი გააკეთა, ყველა ძველი ნივთი გადაყარა, რომელიც წინა ცხოვრებას ახსენებდა, ახალი ავეჯიც იყიდა და ბინა ისევე გადაასხვაფერა, როგორც თავად გადასხვაფერდა. ია მარტოობითა და სიმშვიდით ტკბებოდა. ტელეფონმა დაიწკრიალა, მიხვდა, რომ ელეონორა იქნებოდა:
„როგორ არის ჩემი საყვარელი დისშვილი?! ხვალ, საღამოს, გელოდები ჩემთან, რეზიც იქნება. პატივი გვცა იმ ბიჭმა და იმსახურებს ჩვენნაირი ქალების გარემოს. კარგად მოიკაზმე და მოდი. გკოცნი.“
იას ჩაეღიმა: უკვე დარწმუნდა, რომ დეიდამისს შორსმიმავალი ზრახვები ჰქონდა იასა და რეზის შესახებ და ამას მაშინ მიხვდა, როდესაც დეიდამისმა შესთავაზა მისი ნოტარიუსთან გაყოლა. და თუმცა ახლა არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა, გრძნობდა, რომ მსუბუქი ფლირტი ნამდვილად არ აწყენდა, ამიტომ მაშინვე აკრიფა შეტყობინება: „ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, ელე. იმედებს არ გაგიცრუებ.“
დასასრული
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





