შეურაცხყოფის საფასური
ავტორი: ნია დვალი 20:00
დიტომ მანქანა სახლიდან ორი კორპუსის მოშორებით გააჩერა. ყოველთვის ასე იქცეოდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ახსოვდა ბებიამისის შეგონება – სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. მანქანიდან გადმოვიდა. თავზე ხელი გადაისვა და საღამოს ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. გული მაინც უცემდა, მიუხედავად იმისა, რომ მარინესთან ფარულ შეხვედრებს უკვე მიეჩვია – ბოლოს და ბოლოს, უკვე სამი წელი ხდებოდა, რაც, მისი აზრით, თავისი ოცნების ქალს შეხვდა, მაგრამ სახლში მისვლის წინ მაინც დაძაბული იყო. ლიფტში, სანამ მეათე სართულზე ავიდოდა, თავის მართლების მონოლოგს იმეორებდა.
– თათბირი გაგრძელდა? არა, არ გამოდგება, ძირითადად, ამას ვამბობ ხოლმე... შეხვედრა მომწოდებელთან? შესაძლოა, გამოდგეს... მაგრამ, ია ბოლო დროს ზედმეტად ბევრ კითხვას სვამს.
გასაღები საკეტში უხმოდ გადატრიალდა. დიტო ზღურბლთან გაჩერდა და ბინას მიაყურადა. სიჩუმე იდგა. სამზარეულოდან ჩამიჩუმო არ ისმოდა, არც მისაღებ ოთახში იყო ტელევიზორი ჩართული. ფეხსაცმელი გაიხადა და შევიდა.
– ია! – ხმადაბლა დაუძახა ცოლს. პასუხი არავინ გასცა.
– რა უცნაურია. საღამოს შვიდი საათიდან ია ყოველთვის სახლშია, ვახშამს ამზადებს, სერიალებს უყურებს, მეგობრებთან ტელეფონზე ლაპარაკობს, გაიხსენა დიტომ ცოლის საქმიანობები და შვებით ამოისუნთქა. მიხვდა, რომ ცოლი სახლში არ იყო და ესე იგი, გაუმართლა. არ მოუწევს ტყუილი ამბების გამოგონება, ცოლისთვის თვალებში უტიფრად ყურება და სამუშაო დღის შემდეგ დაღლილობის განსახიერება.
საძინებელში შევიდა, პიჯაკი გაიხადა და მხოლოდ მაშინ შენიშნა თეთრი ფურცელი საწოლზე – ორად გაკეცილი ბარათი. გულმა უსიამოვნოდ გაჰკრა. ფურცელი აიღო და გაშალა: „დიტო, ვახშამი მაცივარშია. დედასთან ვარ. ხვალ საღამოს დავბრუნდები. სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ“.
მოკლე, საქმიანი ბარათი იყო იასთვის ჩვეული გულებისა და სასიყვარულო თიკუნების გარეშე, რომლებითაც ის ყოველთვის ალამაზებდა თავის წერილებს. იას ბარათების წერა უყვარდა და დიტო მიეჩვია, რომ მისი ცოლი ტექნიკის თანამედროვე მოღწევებს არ ცნობდა:
„სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ,“ – ეს ფრაზა არ ესიამოვნა. ია ასეთ სიტყვებს არ ამბობდა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე არასდროს მოუწერია.
– ვითომ იცის? გაიგო? როგორ? როდის? მე ხომ ფრთხილად ვმოქმედებდი? – დიტო საკუთარ თავს შეკითხვებს უსვამდა, რომელთა პასუხი არ ჰქონდა.
იასთან ერთად ოცი წელი იცხოვრა: მათი შვილი საფრანგეთში სწავლობდა, ბინაც ჰქონდათ, აგარაკიც და მანქანაც ჰყავდათ. დიტო ტელეფონს დასწვდა: უნდა გავარკვიო, რა მოხდა.
იას ნომერს თითი დააჭირა, მაგრამ ცოლმა არ უპასუხა. დიტომ კიდევ ერთხელ დაურეკა... ბოლოს, ავტომოპასუხე ჩაირთო.
– ჯანდაბა, – დიტომ გინებაც მიაყოლა და ტელეფონი გათიშა. ტელეფონი საწოლზე მიაგდო და აბაზანაში შევიდა. მეორე დღეს მოუსვენრად იყო, სამსახურში საქმეზე კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. ხუთ წუთში ერთხელ ტელეფონს ამოწმებდა. იას არაფერი მოუწერია, არც დაურეკავს. დიტო შიგადაშიგ ურეკავდა ცოლს, შეტყობინებებსაც სწერდა, მაგრამ ია არც ტელეფონს პასუხობდა და არც შეტყობინებებს. საღამოს ექვს საათზე უკვე სახლში იყო და ოთახიდან ოთახში დადიოდა. რვის ნახევარზე საკეტმა გააჩხაკუნა და ია შემოვიდა.
დიტო გაირინდა, მის სახეს აკვირდებოდა. მაგრამ ცოლი მშვიდად გამოიყურებოდა, ზედმეტად მშვიდადაც კი. ქურთუკი გაიხადა, კარადაში ჩამოკიდა და სიტყვის უთქმელად სამზარეულოში გავიდა.
– ია, რა ხდება? – დიტო უკან გაჰყვა, – გირეკავ – არ პასუხობ, გწერ – არ პასუხობ.
– ყავას დალევ თუ ჩაის? – ჰკითხა ცოლმა, თითქოს ვერ გაიგონა ქმრის შეკითხვები და პასუხს არც დალოდებია, ჩაიდანი შეაერთა. ორი ჭიქა გადმოიღო და ქმარს შეხედა:
– ყავას, – მექანიკურად უპასუხა დიტომ.
იამ თავი დაუქნია. ჭიქები მოამზადა, შემდეგ ცხელი წყალი დაასხა, მოურია და ქმარს ანიშნა, დაჯექიო, თვითონ კი სამზარეულოდან გავიდა.
დიტო ისევ მექნიკურად დაჯდა და ყავა მოსვა. პირი დაეწვა და გულში შეიკურთხა. ამასობაში ია დაბრუნდა, ხელში საქაღალდე ეჭირა.
– უნდა ვილაპარაკოთ.
– რა თქმა უნდა, – დიტო ცდილობდა, მშვიდი ხმა ჰქონოდა, მაგრამ თითები ოდნავ უკანკალებდა. ეს იამაც შეამჩნია.
– რაზე ნერვიულობ? – ჰკითხა მოულოდნელად.
– მე? - გაიკვირვა დიტომ, – უბრალოდ, ენა დამეწვა. ცხელია ყავა.
იამ გაიღიმა და დიტოს წინ დაჯდა. ყავის ჭიქა გვერდით მისწია. ყავა ფრთხილად მოსვა და ქმარს თვალებში შეხედა:
– უკვე სამი წელია, მთელი სამი წელია, ხვდები ამ... მარინეს, - წარმოთქვა იამ, – გეგონა, არ ვიცოდი?
– ია, მე... – ამოილუღლუღა დიტომ.
– რა მე?! – იამ ხელის მოძრაობით შეაწყვეტინა ქმარს სიტყვა, – მე ვლაპარაკობ, შენ მისმენ. მერე იმართლე თავი, თუ შეძლებ, ბუნებრივია.
დიტომ ნერწყვი გადაყლაპა. ასეთ იას არ იცნობდა. მისი ცოლი ჩვეულებრივ, რბილი, დამთმობი ქალი იყო, ყოველთვის მზად პატიებისთვის, ყოველთვის გამგები და ყურადღებიანი. ახლა კი მის წინაშე თითქოს უცხო ადამიანი იჯდა. მკაცრი, კუშტი, გაქვავებული სახით.
– ნახევარი წლის წინ გავიგე, – განაგრძო იამ, – სრულიად შემთხვევით. ჩემი ტელეფონი დაჯდა, შენი ტელეფონიდან მომიწია დარეკვა... მიმოწერები ვნახე.
– მაშინვე რატომ არაფერი თქვი? - ძლივს ამოღერღა დიმიტრიმ.
– იმიტომ, რომ მინდოდა, დავრწმუნებულიყავი; იმიტომ, რომ იმედი მქონდა, შენით მოეგებოდი გონს; იმიტომ, რომ მომზადებისთვის დრო მჭირდებოდა, – იამ საქაღალდე გახსნა და რამდენიმე ფურცელი ამოიღო:
– ეს ამონაწერია ბანკიდან. აი, აქ ჩანს შენი გადარიცხვები მის ბარათზე. თვეში 3 000 ლარი, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში.
დიტო გაფითრდა:
– შენ ეს საიდან გაქვს?
იას მისი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო:
– აი, ეს კი... – იამ დიტოს წინ კიდევ ერთი დოკუმენტი დადო, – ბინის იჯარის ხელშეკრულებაა პეროვის ქუჩაზე. დამქირავებელი შენ ხარ, მობინადრე – ვინმე მარინე ჩოხელი. ყოველთვე იხდი ათას ხუთას ლარს.
– ეს საიდანღა გაქვს? – ისევ იკითხა დიტომ.
– რა მნიშვნელობა აქვს?
– ის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს უკანონოა.
იას ჩაეცინა:
– შენ არ იდარდო, სასამართლო გამოითხოვს ამ ინფორმაციას სავსებით კანონიერად. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მე ვიცი ყველაფერი. და, იცი, ყველაზე მეტად რამ მატკინა გული? არა იმან, რომ მღალატობდი. არა იმან, რომ თვალებში მიყურებდი და მატყუებდი. არამედ იმან, რომ ჩვენს საერთო ფულს შენს საყვარელზე ხარჯავდი.
დიტომ გაკვირვება ვერ დამალა, თან, მიხვდა, რომ თავის გამართლებას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ წელში გასწორდა და რადგან მთავარმა ქარიშხალმა უკვე გადაიარა, რიხი მოემატა:
– ეს ჩემი ფულია! მე გამოვიმუშავებ! და როგორც მინდა, ისე დავხარჯავ.
– ესე იგი. ასე, არა?! – იამ ჩაიღიმა და ამ ღიმილში იმდენი სარკაზმი იყო, რომ დიტოს ჟრუანტელმა დაუარა. ია ცოტა ხანს შეყოვნდა, შემდეგ კი განაგრძო:
– მაშინ კარგად მომისმინე. ჩვენი ბინა ერთობლივად შეძენილი ქონებაა. ქორწინების დროს ვიყიდეთ. აგარაკიც ასეა. მანქანა ჩემზეა გაფორმებული, სხვათა შორის. საბანკო ანგარიშიც, საიდანაც ასე გულუხვად ასაჩუქრებ შენს გატაცებას, საერთოა. დიტო, არ გახსოვს? ჩვენ ის ერთად გავხსენით ოჯახის ბიუჯეტისთვის.
– რის თქმა გინდა? მეყრები? – ვერ მოითმინა დიტომ.
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა.
– დიახ, განქორწინება მინდა და ქონების გაყოფა, – ია წელში გაიმართა.
დიტომ იგრძნო, როგორ გამოეცალა მიწა ფეხქვეშ:
– წარმოუდგენელია, რომ რაღაც შეცდომის გამო ოცწლიანი ოჯახი დაანგრიო! – მკაცრად უთხრა ცოლს.
– რაღაც შეცდომის?! – გაიმეორა იამ და მის ხმაში ემოციის პირველი ნოტები გაჩნდა, – სამი წლის ღალატი რაღაც შეცდომაა? ბინა საყვარლისთვის რაღაც შეცდომაა? ამდენი ფულის დახარჯვა რაღაც შეცდომაა?!
– ია, მაპატიე, მე...
იამ ისევ ხელის მოძრაობით შეაწყვტინა დიტოს:
– მე უკვე გავიარე კონსულტაცია იურისტთან, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მარინე ჩოხელთან გადარიცხული ყველა თანხა საერთო ქონების გაფლანგვაა. გაყოფისას ეს თანხები ჩემს სასარგებლოდ იქნება გათვალისწინებული. ამას ემატება ბინა და აგარაკის ნახევარი. მანქანას მე ვიტოვებ, ის ჩემზეა გაფორმებული.
– შენ ხომ არ გაგიჟდი?! – დიტო სკამიდან წამოხტა, – არაფერსაც არ მოგცემ!
– ისე ლამაზად მომცემ, მზე მაღლა იქნება, – მშვიდად შეეპასუხა ია, – თან, შენ კი არა, კანონი მომცემს, ხოლო შენ, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, დაემორჩილები კანონის მოთხოვნებს.
დიტომ ჩაიცინა.
– სულ ტყუილად ჩაიცინე, იმიტომ რომ არდათანხმების შედეგად გამოწვეული პროცესები არ მოგეწონება.
– რა პროცესები? – ისევ ჩაეღიმა დიტოს.
– თუ არ ხარ თანახმა, მოვრიგდეთ კანონის მიხედვით, მაშინ მე მივდივარ პოლიციაში და განცხადებას ვწერ თაღლითობის შესახებ.
– რის შესახებ?! – დიტომ ხმამაღლა გაიცინა.
– იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის, – რიტორიკულად წარმოთქვა იამ და საქაღალდიდან კიდევ რამდენიმე დოკუმენტი ამოიღო. პაუზა გააკეთა, ჩაახველა და განაგრძო:
– გახსოვს ფირმა „ტექნორადი“, რომელიც შენ და შენმა პარტნიორმა ოთხი წლის წინ გახსენით? ინფორმაცია მოვიძიე. ძალიან საინტერესო სქემაა. კლიენტებისგან წინასწარ იღებთ თანხას, სამუშაოებს არ ასრულებთ, ფული კი ფიქტობრივი კომპანიების მეშვეობით გაგაქვთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შვიდი ეპიზოდია. ზიანის საერთო თანხა არც თუ მცირეა – ასი ათასი ლარი.
დიტოს ღიმილი ჩამიერეხცა სახიდან. იგრძნო, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა:
– შენ... შენ ამას ვერ გაბედავ...
– გავბედავ, ეჭვიც არ შეგეპაროს. თუ არ მოაწერ ხელს მორიგების აქტს ქონების გაყოფის შესახებ ჩემი პირობებით, ზუსტად ისე იქნება, როგორც მე გითხარი. მე მაქვს ყველა დოკუმენტის ასლი, მიმოწერა, საგადახდო დავალებები... ეს საკმარისია სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.
– ეს დოკუმენტები უკანონოდაა მოპოვებული და სასამართლო ამას არ მიიღებს, – ხავსს მოეჭიდა დიტო.
– არ იდარდო, მე განცხადებით მივმართავ პოლიციას, ისინი ამას შეამოწმებენ. საერთოდ არაა საჭირო ამ დოკუმენტაციის წარდგენა. ამაზე მეტსაც მოიძიებენ. ეს შენ გაჩვენე, რომ იცოდე, რა შარში ხარ.
– ცოტა უფრო ჭკვიანი მეგონე, – არ თმობდა დიტო, – სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში ბინას ყადაღას დაადებენ!
– ხომ გეუბნები, არ იდარდო-მეთქი, – ახლა იამ გაუღიმა ქმარს, – ბინა ჩემზე, შენზე და ჩვენს ვაჟზეა გაფორმებული, სამივენი თანამესაკუთრეები ვართ. ყადაღას დაადებენ შენს წილს და, თუ რამე, შენს წილს გაყიდიან. მე და ანრი გამოვისყიდით. ჩვენ ხომ, როდესაც ანრი სრულწლოვანი გახდა, ისიც თანამესაკუთრედ ჩავწერეთ? შესაბამისად, შენ შენი წილი ქონებით მოგიწევს პასუხისგება შენი მაქინაციებისთვის.
დიმიტრი თავის ცოლს უყურებდა და ვერ ცნობდა: „როდის გახდა ასეთი ცივსისხლიანი?! საიდან ეს სიმკაცრე, გათვლები, ცივი გონებით მოქმედება?!“ და მაინც იმედოვნებდა, რომ ცოლი ამას ვერ გაბედავდა.
– შენ ყველაფერი გათვალე, – ჩაილაპარაკა მან.
– დიახ. და ამას ნახევარი წელი მოვანდომე, – დაუდასტურა იამ, სანამ შენ შენს მარინესთან სიამტკბილობდი და ფულს ფანტავდი, მე იურისტთან გავდიოდი კონსულტაციას, დოკუმენტებს ვაგროვებდი, თქვენს მოტყუებულ კლიენტებს ვესაუბრებოდი. იცი, რა არის ყველაზე სასაცილო? ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობრის ქმარია. მისგან ოფისის რემონტისთვის წინასწარ აიღეთ თანხა და გაუჩინარდით. ის მზადაა, ჩვენება მისცეს და არა მხოლოდ ის.
– ია, მოიცადე... მოდი, განვიხილოთ...
– განსახილველი არაფერია, – გააწყვეტინა იამ ქმარს, – აი, შეთანხმება. წაიკითხე, მოაწერე ხელი. მოსაფიქრებლად სამი დღე გაქვს. თუ ხელს არ მოაწერ, პოლიციაში მივდივარ და განცხადებას ვწერ. დამიჯერე, მტკიცებულებები საკმარისია. ახლა კი მარტო გტოვებ საკუთარ თავთან. მოიფიქრე. ყველაფერი აწონ-დაწონე.
ია წამოდგა, საქაღალდე აიღო და კარისკენ გაემართა.
– სად მიდიხარ? – უკან გაჰყვა დიტო.
- დედაჩემთან. ჩემი ნივთები უკვე წავიღე. ამ ბინაში, როგორც შენი ცოლი, აღარ დავბრუნდები. განქორწინების შემდეგ ან ჩემი წილის მფლობელად მოვალ, ან საერთოდ აღარასოდეს.
– ია, მოიცადე! – დიტომ ცოლს ხელი მოჰკიდა, – ასე ხომ არ შეიძლება?! ოცი წელი გადახაზე?!
ია კარის ზღურბლთან გაჩერდა და დიტოსკენ შებრუნდა. მის თვალებში პირველად გაკრთა ცრემლები:
– იცი, დიტო, როდესაც მარინეს შესახებ გავიგე, სამი დღე ვტიროდი. მერე ორი კვირა ვფიქრობდი, — მეპატიებინა თუ არა შენთვის. და იცი, რამ დამარწმუნა, რომ პატიებას აზრი არ ჰქონდა?! ღალატმა გული მატკინა, მაგრამ მივხვდი, რომ პატივსაც არ მცემდი – დამალვა არც კი გიცდია. ბინა იქირავე, გადარიცხვებს საერთო ანგარიშიდან აკეთებდი, მიმოწერის წაშლისთვისაც არ შეიწუხე თავი. შენ მე სულელად მთვლიდი, რომელიც მაინც ვერაფერს შეამჩნევდა... აი, ამის პატიება არ შემიძლია.
– მე შენ მიყვარხარ... – დიტომ თვალებში შეხედა ცოლს და იმ მომენტში დარწმუნებულიც იყო, რომ სიმართლეს ამბობდა.
– შენ მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს, ახლა მე კი არა, თემურ ლენგსაც შეიყვარებ. მე შენზე ცხოვრების საუკეთესო წლები დავხარჯე. შვილი გაგიჩინე, სახლს ვუძღვებოდი, სანამ შენ ბიზნესს აწყობდი. თვალებს ვხუჭავდი შენს „სამსახურში დაგვიანებებსა“ და „მივლინებებზე“. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. შენ არ ცხრებოდი, უფრო და უფრო შლიდი ფრთებს, იმ იმედით, რომ მე ამ ბინაში ყოველთვის დაგხვდებოდი... როგორც ეს მაგიდა ან კარადა.
– ბავშვი რას იტყვის? – წამოიძახა დიმიტრიმ, – ამაზე არ გიფიქრია?!
– ანრიმ უკვე იცის. გუშინ ვუამბე.
– და, თანახმაა? – დიტოს იმედი მოეცა.
– გაგიკვირდება და თანახმაა. ასე მითხრა: დედა, როდორც იქნა... უკვე სამი წელია, ველოდები, როდის დასრულდება ეს ფარსიო.
– მან რა... იცოდა? – დიტოს არ ესიამოვნა ეს ამბავი.
– ყველამ იცოდა, დიტო, ჩემ გარდა. შენ ფიქრობდი, რომ ძალიან ჭკვიანი და ცბიერი იყავი. სინამდვილეში კი, უბრალოდ, ბრმა ხარ. შენი თავდაჯერებულობა და ეგოიზმი გაბრმავებს.
ია შეტრიალდა, ქურთუკი ჩაიცვა და კარი გაიკეტა. დიტო სკამზე დაეშვა და სახე ხელებში ჩარგო.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





