რომანი და დეტექტივი

შეცდომის სიმსუბუქე

№19

ავტორი: ნია დვალი 20:00 23.05

შეცდომის სიმსუბუქე
დაკოპირებულია

– წარმოგიდგენია, მონახა ვიღაც მათხოვარი და აპირებს, ცოლად გაჰყვეს, – ციცინომ ღრმა ნაპასი ამოარტყა და სიგარეტის ბოლს ლამის მთელი აღშფოთება ამოაყოლა.

– კარგი, ნუ განიცდი ასე, – სცადა დამშვიდება ნანამ.

– რას ნუ განვიცდი? შეიძლება, ასეთი ეგოისტი იყოს ადამიანი? – არ ცხრებოდა ციცინო, – საერთოდ არ ფიქრობს არავისზე საკუთარი თავის გარდა.

– ამაში მართალი ხარ, – ამჯერად კვერი დაუკრა ნანამ: ყოველთვის თავნება იყო.

– თავნება კი არა, სრული დეგენერატია, მინდა, რომ გავჩეჩო, – ციცინო ავად აბრიალებდა თვალებს.

– ჩუმად ილაპარაკე, არ გაიგონოს, – ურჩია ნანამ.

– მარტო ვარ სახლში. ჯერ არ მობრძანებულა. მოვა და ვაჩვენებ სეირს, – დაიქადნა ციცინომ.

– მაინც ფრთხილად მოექეცი, სულ არ დააფრთხო, – ურჩია ნანამ.

– რა უნდა დავაფრთხო?! საერთოდ უარს ვიტყვი მასზე, ვერაფერს მიიღებს და იყოს მათხოვარი... – წამოიძახა ციცინომ, მაგრამ მერე დაფიქრდა, – ისე, მართალი ხარ, არ მაწყობს დაფრთხობა, როგორი იმედი მქონდა, რომ სარფიანად გავათხოვებდი. შეგულებულიც მყავს მისთვის კარგი ვარიანტი, მაგრამ რად გინდა?! მონახა უკვე და ცდილობს, ჩამიშალოს გეგმები. ვერ გადამირჩება! – ლამის ცეცხლს აფრქვევდა ციცინო თვალებიდან.

– უფრო იბრაზებ თავს. ეს კი არ ვარგა. გაბრაზებულზე გონივრულად ვერ იმოქმედებ. ჯობია, დაწყნარდე... და თამაზი რას ამბობს?

– რა უნდა თქვას?! ყველაფერი ჩემი მოსაგვარებელი იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. თამაზი არაფერს ამბობს, როგორც ბავშვს უნდა, ისე იყოსო. წარმოგიდგენია?! არასდროს დაუჭერია ჩემთვის მხარი. კიდევ კარგი, იაკო გამომადგა. თვალებში მიყურებს და რასაც ვეუბნები, იმას აკეთებს, – ციცინო კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ უცებ მოსხიპა, – მგონი, მოვიდა. არ მინდა, გაიგონოს. წარმატება მისურვე, დაგირეკავ, – და ციცინომ ტელეფონი გათიშა. დივანზე თეატრალურად მიესვენა და თვალები მილულა.

– დედა, სად ხარ? – ქეთის ხმა სამზარეულოდან მოისმა.

ციცინომ ხმა არ გასცა და კიდევ უფრო მოიმკვდარუნა თავი. ნაბიჯების ხმით მიხვდა, რომ ქეთი ვერანდაზე გავიდა, მაგრამ ხმა მაინც არ ამოუღია.

საბოლოოდ, ქეთი მისაღებში შემოვიდა და დედამისი რომ დაინახა მისვენებული, გაეღიმა, თან, არც ჩუმად და არც ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

– ჩასძინებია, – და ის-ის იყო მისაღებიდან გასვლას აპირებდა, რომ ციცინომაც გაახილა თვალები.

– არ მძინავს, გული მაქვს ცოტა ცუდად და მიჭირს განძრევა, – ამოიკვნესა ციცინომ.

– მომეჩვენა, რომ ტელეფონზე ლაპარაკობდი, – ქეთი დედამისს თავისი ხუთი თითივით იცნობდა.

– მოგეჩვენა, – უთხრა ციცინომ და უცებ წელში გაიმართა, – რამე საქმე გაქვს?

– არა, არ შეიძლება, მოვიდე ჩემს სახლში თუ ეს ჩემი სახლი აღარ არის? – გაუღიმა ქეთიმ დედამისს.

– არ ვიცი, შენზეა დამოკიდებული, – ციცინომ ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა,

ქეთიმ მხრები აიჩეჩა.

– ჩემი გადასაწყვეტი როგორაა?

– გამაგებინე, რაში გჭირდება ასეთი ქმარი? – მიახალა ციცინომ.

– როგორ ქმარი და, მეორეც, რას ნიშნავს გჭირდება?!

– კარგი, კარგი, ნუ იტყუები, ყველაფერი ვიცი, – წამოიმართა ციცინო.

– რა იცი? – მშვიდად ჰკითხა ქეთიმ და სავარძელში ჩაჯდა მოხერხებულად.

– რომ მოგინახავს მათხოვრებს შორის მათხოვარი და აპირებ, ცოლად გაჰყვე! – უთხრა შვილს პირგამეხებულმა ციცინომ.

– ყოველთვის ახარისხებდი ადამიანებს და ეს არ მომწონს, არც გიხდება.

– მე თავად გადავწყვეტ, რა მიხდება და რა არ მიხდება! – აფეთქდა ციცინო.

– აი, ასეთი ლაპარაკი რომ იცი, იმიტომაც გადავედი ბებიასთან საცხოვრებლად, – ქეთი სიშვიდეს ინარჩუნებდა.

ციცინოს უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა, იმიტომ რომ ქეთი მის დედამთილთან ერთად ცხოვრობდა და მოერიდა ზედმეტის თქმას, ვინაიდან თამაზის გაანაწყენებდა, ამ ეტაპზე კი თამაზის მოკავშირეობა სჭირდებოდა. მაგრამ დედამთილზე გვარიანად გაბრაზებული იყო, რადგან, ჯერ ერთი, ყოველთვის ქეთის მხარეს იჭერდა და, მეორეც, მისთვის ყველაფერი ემეტებოდა. რაც მთავარია, ქალბატონ ირინას კატეგორიულად არ უნდოდა რძალთან ცხოვრება. ეს ფაქტი, წესითა და რიგით, უფრო სასიხარულო უნდა ყოფილიყო, ვიდრე გასაბრაზებელი და ციცინოც გულში ზეიმობდა, დედამთილის ატანა რომ არ უწევდა, მაგრამ მაინც ბრაზობდა, დედამთილმა რომ მისგან თავი შორს დაიჭირა.

– მე შენთვის ვამბობ, – შეცვალა ტაქტიკა ციცინომ: ადამიანს არ აქვს სტაბილური სამსახური და არ აქვს პერსპექტივა. კურიერად მუშაობს. კურიერმა ოჯახი როგორ უნდა არჩინოს?! ან სად უნდა იცხოვროთ? არ ჯობია, ცოლად გაჰყვე ჭკუადამჯდარსა და შეძლებულ ადამიანს, ვისაც საკუთარი საქმე აქვს, განვითარების პერსპექტივა? მომისმინე, ჩემო გოგო. მე დედაშენი ვარ და შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. როგორ ფიქრობ, რამეს ცუდს გირჩევ?! ეს ხომ წარმოუდგენელია? – დაუტკბა ციცინო შვილს.

– აბა, გისმენ, დედა, მირჩიე, – ქეთიმ ეს ფრაზა ისეთი ტონალობით წარმოთქვა, რომ ციცინო ვერ მიხვდა, სერიოზულად უთხრა ქალშვილმა თუ ირონიულად. ამიტომ ცოტა შეყოყმანდა, საბოლოოდ კი, ამჯობინა, არ შეემჩნია ქეთის ნათქვამის კონტექსტი.

– შენს დას სთხოვე და მისი ქმრის რომელიმე ძმაკაცს გაგაცნობს. კოტეს შესანიშნავი მეგობრები ჰყავს. ყველა საქმიანია, შეძლებული. ცხოვრებას ნახავ, – ციცინო იმედიანად შეჰყურებდა შვილს თვალებში.

– მე შეძლებულ ქმარს არ ვეძებ, – გულგრილი ტონით უპასუხა ქეთიმ.

– მათხოვრების მათხოვრის გამოსავლენად გამოაცხადე კონკურსი და ისე აარჩიე? – ვერ მოითმინა და შვილს ჩაუსისინა ციცინომ.

– გამოიცანი, – ქეთიმ დედამისს თვალი თვალში გაუყარა.

ქეთის დედამისი ყოველთვის ღლიდა, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ, არც გარეგნულად ჰგავდნენ ერთმანეთს და, მით უმეტეს, არც ხასიათით. ქეთი ელოდა დაძაბულ საუბარს, თუმცა ის კი არ ეგონა, რომ დედა ასე პირდაპირ ეტყოდა სათქმელს. მაინც სცადა, გულახდილად ელაპარაკა მასთან.

– შეგიძლია, გამიგო? მიყვარს ის ადამიანი და მის გარდა არავინ მჭირდება, არც მინდა. ჯერ ერთი, კურიერი არ არის, კურიერად დამატებით მუშაობს და ეს, სულაც, არ არის ცუდი. დიახ, მასწავლებელია. პროგრამირებას ასწავლის. უბრალოდ, უყვარს ბავშვები და იმიტომ. ხომ იცი, რომ კომპანიაში მუშაობს, საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც აქვს. არაჩვეულებრივი ადამიანია, ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს.

– ყველას უყვარს და ყველა პატივს სცემს, – გაიმეორა ციცინომ შვილის ინტონაციით, – მე ამ გაცვეთილი ფრაზებით გულს ვერ მომილბობ. ესაა მერე მთავარი ცხოვრებაში?! მასწავლებლის ხელფასით რა უნდა ქნათ?!

– ხომ გითხარი, რომ კომპანიაში მუშაობს სპეციალობით. მე ხომ კარგი ხელფასი მაქვს?! თავისი ბინა აქვს, საკმაოდ კარგი, კარგ ადგილას, გარემონტებული. მანქანაც ჰყავს. ვერ ვხვდები, რა უნდა მინდოდეს კიდევ?! – ქეთი დედამისს მიაჩერდა.

„ღმერთო, რა სულელია ეს გოგო და როგორი ეგოისტი?!“ – გაიფიქრა ციცინომ. ხმამაღლა კი ეს თქვა:

– მე და მამაშენი მთელი ცხოვრება ვმუშაობდით, რომ შენ და შენს დას არაფერი მოგკლებოდათ.

– შენ მუშაობდი? – გაიკვირვა ქეთიმ.

– სახლში მუშაობა მუშაობა არ არის?! თქვენ ვინ გივლიდათ? – ისევ წამოიფოფრა ციცინო.

ქეთის არაფერი უთქვამს, მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა და საერთოდაც, სჯობდა, არც არაფერი ეთქვა ამ თემაზე. შვილის დუმილი ციცინომ საკუთარ უპირატესობად მიიჩნია და განაგრძო:

– მამაშენი სიცოცხლის ბოლომდე ხომ არ იმუშავებს?! ყველაფერს შენი და შენი დისთვის ვაკეთებდით. ვფიქრობდით, რომ თქვენ იქნებოდით ჩვენი დამხმარეები სიბერეში და რა გამოდის?! – ციცინომ ტრაგიკულად თეატრალური გამომეტყველებით შეხედა შვილს.

– რა გამოდის, დედა? – ქეთიმ ძალიან გულწრფელად ჰკითხა დედამისს.

– რა გამოდის და ტყუილად გვქონია თქვენი იმედი, – დანანებით თქვა ციცინომ.

– ტყუილად რატომ გქონიათ. ვერ მივხვდი. ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით, – არ დაეთანხმა ქეთი დედამისს.

– როგორ დამეხმარები?! შენც კურიერად იმუშავებ?! – ისევ აღშფოთდა ციცინო: მე მინდა მოგზაურობა, მინდა სპა-პროცედურები, დასვენება კარგ ადგილებში.

ქეთი გაოცებული უსმენდა დედამისს, მით უმეტეს, რომ ციცინო გაილექსა და ამჯერად იმას იხსენებდა, თავის დაქალ ელენეს რა საჩუქრებს უკეთებდა სიძე. ქეთი ყურებს არ უჯერებდა. რა თქმა უნდა, მან იცოდა დედამისის ხასიათი და მისი გამომძალველი ბუნება, მაგრამ ასეთ პირდაპირ მოთხოვნებს მაინც არ ელოდა. ქეთი წამოდგა, რამაც ციცინო ძალიან გააკვირვა:

– შენ არც კი მისმენ?! მოკლედ, ახლა კარგად დაიმახსოვრე, – შენ ან მაგ შენს არჩეულ მათხოვარს შორდები და პოულობ ნორმალურ კაცს, ან დაივიწყე, რომ დედა გყავს! – ციცინომ ეს სიტყვები ცოტა ხმამაღლა და მკაცრი ხმით წარმოთქვა და მხრებში ამაყად გაიშალა. დარწმუნებული იყო, რომ ქეთი გაიაზრებდა თავის მცდარ არჩევანს, დედას ჩაეხუტებოდა და პირობას მისცემდა, რომ ზუსტად ისე მოიქცეოდა, როგორც დედა ეუბნებოდა.

რატომ იყო დარწმუნებული? იმიტომ რომ ქეთი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დამჯერე შვილი იყო. არასდროს უპირისპირდებოდა მშობლებს... მაგრამ მოხდა საპირისპირო: ქეთი უსიტყვოდ შეტრიალდა და წავიდა. ციცინო თვალებს არ უჯერებდა, ამიტომ, თავდაპირველად, დაიბნა და ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი შვილს გაეკიდა.

– ახლავე დაბრუნდი, უმადურო! – ქეთის უკან არც მიუხედავს, ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა ესმოდა, რომ დედამისი ლანძღვიდან მის წყევლაზე გადაერთო.

– დღეს ყველანაირი საზღვარი დაარღვია, – ბრაზობდა თავისთვის ქეთი: ან საიდან დაადგინა, რომ უნდა მივატოვო ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს?!

ქეთი ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა აეგო ცხოვრება დედამისის სქემითა და მოთხოვნებით. სახლში რომ მივიდა, ბებიამისი გამოეგება, მაგრამ შვილიშვილს სახეზე რომ შეხედა, მიხვდა, რომ რაღაც მომხდარიყო?

– ხომ არ იჩხუბეთ? – ჰკითხა ირინამ შვილიშვილს.

– მე არა, ის მეჩხუბა, – გულდაწყვეტით უპასუხა ქეთიმ.

– არა უშავს, შერიგდებით,– დააიმედა ბებიამისმა.

– არ ვიცი, მეეჭვება, თუ არ შეიცვალა, არ შევურიგდები. არ შემიძლია. შეიძლება, ადამიანს მხოლოდ ის აინტერესებდეს, მას რა უნდა და არავის უწევდეს ანგარიშს?

ირინას გაეღიმა და ქეთიმ დაბნეულმა შეხედა. ბებიამისი მიუხვდა გაკვირვების მიზეზს და უთხრა:

– მე მეგონა... შენ კიდევ დედაშენთან გიკამათია.

– ჰო, დედაჩემთან, ქალს არაფერი აინტერესებს ფულისა და მატერიალურის გარდა. ყველას ასე ზომავს და წონის. მე რატომ უნდა უზრუნველვყო მისი ცხოვრება? მისი საკუთრება ვარ? რადგან გამაჩინა, ვალი მაქვს და ცხოვრების ბოლომდე უნდა ვიხადო? მითხრას მაინც, რამდენია ეს ვალი და ერთბაშად მაინც გადავუხდი, ბანკიდან გამოვიტან სესხს, – ცხარობდა ქეთი.

– ნუ ამბობ ასე, მაინც დედაშენია, – თავი გადააქნია ბებიამისმა.

– კარგი, რა, ბე! თვითონ უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა, მოეწყო კარიერა, მაგრამ სულ ეშინოდა, ვაითუ, არ გამომივიდესო და ამიტომ სახლში ჯდომას ამჯობინებდა, სამაგიეროდ, ყველას ჭკუას ასწავლიდა, როგორ უნდა ეცხოვრა. თან, რაღაც ვერ ვიხსენებ, რომ თავის მშობლების ცხოვრება მოეწყო.

– არ გიხდება ასეთი ლაპარაკი, – უკვე მკაცრად უთხრა ბებიამ, – შენ შეგიძლია, არ დაეთანხმო და ისე გააკეთო, როგორც თავად ჩათვლი საჭიროდ, მაგრამ დედის შეფასება საჭირო არ არის. შენ თავად გახდი ისეთი დედა, როგორიც გგონია, რომ უნდა იყოს დედა. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც შეუძლია და როგორც ესმის.

– შენ ხომ მასწავლიდი, რომ მთავარია, ადამიანებს ერთმანეთის ესმოდეთ, ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ, – არ ეპუებოდა ქეთი ბებიამისს.

– ახლაც იმავეს ვფიქრობ, მაგრამ დედაშენის ლანძღვა არ გიხდება.

– არ ვლანძღავ, საერთოდ არ მცემს პატივს, – უღონოდ თქვა ქეთიმ, – უბრალოდ მინდოდა, რომ ერთხელ მაინც დაეჭირა ჩემთვის მხარი. ხომ შეიძლებოდა, გაჩუმებულიყო?!

– არ შეიძლებოდა, – გაეღიმა ირინას, – ასეთი ხასიათი აქვს და უკვე ვერ შეიცვლება. თუმცა, კი შეიცვლება, მაგრამ მას უნდა მოუნდეს შეცვლა.

– ჩემს დას, ფაქტობრივად, დაუნგრია ცხოვრება, ციცინოს პირველივე მოთხოვნაზე მიატოვა შეყვარებული და იმ საწყალ კოტეს ცოლ-შვილი მიატოვებინა.

– ეს იმ კოტეს არჩევანი იყო, – არ დაეთანხმა ბებიამისი, – მშვენიერი ოჯახი აქვს, შვილიც ჰყავს, არაფერი უჭირთ.

– კარგი, რა, ბე?! აქსესუარივითაა, თავისი არაფერი გააჩნია, ტანსაცმელსაც კი ის არ ირჩევს.

– შენს დასაც თავი დაანებე. მისი არჩევანია, ჯერ დედას უჯერებდა, ახლა ქმარს უჯერებს. შენ ნურავის დაუჯერებ და ნურც ნურავისზე გაბრაზდები.

– როგორ მინდა, შენ გგავდე, – მოეხვია ქეთი ბებიამისს.

– მერე დამემსგავსე, გიშლის ვინმე?! – ირინამ გულში ჩაიკრა შვილიშვილი: მშიერი იქნები, მოდი, გაჭამო. შეცდომებს ყველა უშვებს. არც შენ იცი, შეცდომა იქნება თუ არა შენი არჩევანი. იქნებ გაამართლოს. მე მგონია, რომ ყველა შეცდომის ავტორი შენ უნდა იყო, რომ შემდეგ არავის დასდო ბრალი.

***

ქეთი მანქანიდან გადმოვიდა და უკანა კარი გააღო, რომ პროდუქტები გადმოეღო და მხარზე შეხება იგრძნო. მაშინვე მიტრიალდა;

– ნანა დეიდა?! – წამოიძახა.

– აბა, როგორ ხარ? მშვენივრად გამოიყურები. ახალი ამბები იცი? – ჰკითხა დისშვილს.

ქეთიმ თავი გააქნია:

– იას კოტე გაეყარა, ვიღაც ქალს გადაეკიდა და საერთოდ ცარიელ-ტარიელი დატოვა. ციცინო ლომივით ბდღვინავს,

დეიდამისს კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება, მაგრამ ქეთიმ აგრძნობინა, რომ ეს თემა არ აინტერესებდა. გულში კი დასევდიანდა, იმიტომ, რომ მტერს არ უსურვებდა ციცინოსთან ერთად ცხოვრებას, მაგრამ იმავდროულად სიმსუბუქეც იგრძნო, რომ თავად იყო თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა