შეცდომის სასიამოვნო ექო
ავტორი: ნია დვალი 20:00 25.04

– დედა, წარმოგიდგენია?! რამდენიმე დღეა, ვიღაც კაცი მირეკავს და მეუბნება, შენი ძმა ვარო, ხალხმა სულ გააფრინა, მგონი, – ანუკი სახლში აფორიაქებული შემოიჭრა, – დავბლოკე, ავადმყოფია ვიღაცაა. მეუბნება, უნდა შევხვდეთო.
– შეხვდები? – ჰკითხა დედამისმა.
– რას ჰქვია, შევხვდები?! დავბლოკე-მეთქი, ავადმყოფია ვიღაცაა, – უპასუხა და ვერც კი შეამჩნია, რომ დედამისს არ გაჰკვირებია მისი ნათქვამი.
– ძმა მე არ მყავს, ხომ არ მყავს? – იკითხა ანუკიმ მოულოდნელად.
მზეოს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა და თვალები დახარა.
– თუ მყავს? – შეეჭვდა ანუკი.
– გყავს, – თავი დაუქნია დედამისმა, – მამაშენის შვილია პირველი ქორწინებიდან. თუ, რა თქმა უნდა, ისაა. ვაჟა ჰქვია, – ამოღერღა მზეომ.
– და მე რატომ ვიგებ ამის შესახებ მხოლოდ ახლა? – დოინჯი შემოიყარა ანუკიმ, – რატომ არასდროს გითქვამთ ან შენ, ან მამას?
– ასე იყო საჭირო და იმიტომ, – მოუჭრა მზეომ.
– ვისთვის იყო საჭირო? – არ შეეპუა ანუკი.
– მე არ მინდოდა, რომ ურთიერთობა გქონოდათ.
– რატომ?
– რატომ?! ვერ ხვდები რატომ?! საკმარისად დიდი ხარ უკვე, რომ მიხვდე.
– მე ამას ვერ მივხვდები. ესე იგი, მამასაც უკრძალავდი შვილთან ურთიერთობას?! – არ დაინდო ანუკიმ დედამისი.
– ეს შენი საქმე არ არის! – არ დაუთმო მზეომ.
– რატომ არ არის ჩემი საქმე?! სულ რაღაც მაღალ ღირებულებებზე მელაპარაკებოდი ბავშვობიდან, კეთილშობილებასა და დიდსულოვნებაზე და თავად რატომ არ იყენებდი პრაქტიკაში შენს ამხელა ცოდნას? – ბოლო სიტყვები ანუკიმ თეატრალურად წარმოთქვა.
– შენ ვინ მოგცა უფლება, რომ განმსაჯო? – აღშფოთებული მზეო წამოდგა.
– მე არ განგსჯი. მე, უბრალოდ, გეკითხები, რასაც მე მასწავლიდი, ტყუილი იყო? რატომ მასწავლიდი იმას, რასაც შენ არ აკეთებდი? თუ დიდსულოვნება კარგია, ქმარს რატომ უკრძალავდი შვილის ნახვას?!
– მე შენთან ლაპარაკი დავამთავრე და არ ვაპირებ თავის მართლებას, – მზეო წამოდგა და ოთახიდან გავიდა, თან, ჩაილაპარაკა, – თავხედი და უმადური გოგო.
ანუკის დიდად არ დასწყვეტია გული, დედამისი რომ გავიდა, ვინაიდან, რაც ახლა მოისმინა მისთვის ნამდვილი შოკი იყო. მთელი ცხოვრება დედამისი და მამამისი სამაგალითოებად მიაჩნდა და ამაყობდა მათი ზნეობითა და კეთილი გულით. დარწმუნებული იყო, რომ სრულყოფილი ადამიანები იყვნენ, ნახევრად ღმერთები, არადა გაირკვა, რომ ჩვეულებრივი ეგოისტი და უნებისყოფო ადამიანები ყოფილან. ანუკის შერცხვა უცნობის წინაშე, რომელსაც არც კი მოუსმინა და მისი ნომერი დაბლოკა. მეორე მხრივ, უცნაური გრძნობაც დაეუფლა, თითქოს ასეც ერჩივნა, ვინაიდან თავისი საქციელისაც შერცხვა და თუკი არასდროს ნახავდა ან არ დაელაპარაკებოდა ძმას, ვისაც, თურმე, ვაჟა ერქვა, სირცხვილის გრძნობას მიაყუჩებდა, მაგრამ ანუკის ცნობისმოყვარეობა ღრღნიდა, როგორ გაიცნეს დედამისმა და მამამისმა ერთმანეთი? გაყრილი იყო უკვე თავის პირველ ცოლთან მამამისი თუ არა?! ბოლო ვერსია ანუკის ძალიან არ მოსწონდა და სადღაც გულის სიღრმეში შიშობდა, რომ სწორედ ის არ აღმოჩენილიყო სინამდვილე...
***
90-ანებში მზეოს პედაგოგიურის დიპლომი ჰქონდა, მაგრამ არც ადგილები იყო სკოლაში და ხელფასიც ისეთი, რომ თავს ვერ ირჩენდი, მით უმეტეს, რომ მისი მშობლებიც არ იყვნენ მზად იმ ცვლილებებისთვის, რაც მოხდა. ისინი შეჩვეულები იყვნენ გარანტირებულ სამუშაო ადგილს, გარანტირებულ ხელფასს, შემდეგ პენსიას ელოდებოდნენ. მთელი ცხოვრება გაწერილი და დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ამოყირავდა. ფული, პროდუქტები გაქრა, რასაც მიჰყვა გაზი და ელექტროენერგია, მხოლოდ ცივი წყალი მოდიოდა ონკანში. ასანთიც კი არ იშოვებოდა და ზამთარში მათ სამზარეულოში წყალიც კი იყინებოდა. მზეომ დიდხანს იფიქრა, რა გზას დასდგომოდა, რით ერჩინა თავი და მშობლები. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მამიდამისთან; ბათუმში გადავიდა, იქიდან უფრო იოლი იყო პროდუქტების შემოტანა თურქეთიდან, მით უმეტეს, რომ მამიდამისი ყველაზე მარიფათიანი აღმოჩნდა, პატარა ჯიხური გახსნა. შემოსავალი ჰქონდა, მზე და მთვარე კი ძმისშვილზე ამოსდიოდა, ვინაიდან საკუთარი ოჯახი არ გააჩნდა. მზეო მამიდამისს გვერდით დაუდგა და მათემატიკის ცოდნა (მათემატიკის მასწავლებელი იყო, დიპლიმითა და განათლებით) ყიდვა-გაყიდვის ხელოვნებაში დააბანდა. სწორედ იქ გაიცნო გური, შემთხვევით, მამიდამისის მეგობართან.
– გური, – გაუწოდა ხელი ახალგაზრდა მამაკაცმა მზეოს და თავი დაუკრა.
საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო, ხალისიანი, რომელზეც ვერ ემოქმედა 90-იანების დამთრგუნველ განწყობას. მზეოს მაშინვე მოეწონა ის.
სამართლიანობის გამო უნდა ვთქვათ, რომ მზეოს არც უფიქრია მასთან რომანის გაბმა, უბრალოდ, თავისთვის შენიშნა, რომ არ იქნებოდა ურიგო, ასეთ ადამიანთან ერთად მთელი ცხოვრების გალევა. მით უმეტეს, რომ მზეომ იცოდა, გურის ოჯახი ჰყავდა: ცოლი და ვაჟი.
საკმაოდ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს: გარეგნულად ისე ჩანდა, რომ საქმისთვის, მაგრამ, საბოლოოდ, ორმხრივმა სიმპათიამ თავისი გაიტანა – დადგა ის მომენტიც, როდესაც მზეოს აღარ ანაღვლებდა გურის ცოლიანის სტატუსი.
გურიც იმ ტიპის ბიზნესსაქმიანობაში იყო ჩართული, როგორშიც მზეოს მამიდა, სალო და, ამდენად, ხშირად ეხმარებოდა მამიდა-ძმისშვილს. მზეოსა და გურის ერთად უწევდათ საქონლის ჩამოტანა, განაწილება და, თუმცა მხოლოდ ამ დროს ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ, რადგან ეს ბევრ დროს მოითხოვდა, მზეოსთან უფრო მეტ დროს ატარებდა გური, ვიდრე საკუთარ ოჯახთან.
იმდენად ჰარმონიული წყვილი იყო, რომ ყველას ცოლ-ქმარი ეგონა. მხოლოდ მცირე ხნით თუ შორდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც გური თავის ოჯახთან ბრუნდებოდა, მზეო - მამიდამისთან, შემდეგ კი ისევ ერთად მიდიოდნენ.
ერთ დღესაც მზეო მიხვდა, რომ ფეხმძიმედ იყო. გურის ძალიან გაუხარდა, გულწრფელად, ალალად და მზეოს დაჰპირდა, რომ ბავშვს გვარსაც მისცემდა და მასზე იზრუნებდა კიდეც, მაგრამ მზეოსთვის ეს ვარიანტი ხელსაყრელი არ იყო. მით უმეტეს, რომ მამიდამისი აფრთხილებდა:
– დიდი გოგო ხარ უკვე, მაგრამ მინდა, იცოდე, გური არ მიეკუთვნება იმ კაცების კატეგორიას, რომლებიც ცოლსა და შვილს ტოვებენ, თან, ბიჭი ჰყავს და ისიც გაითვალისწინე, რომ, თუ შენ გამო მათ მიატოვებს, შენც მიგატოვებს ვიღაცის გამო.
ბუნებრივია, მზეომ მაშინ ყურადაც არ იღო მამიდამისის სიტყვები, მაგრამ გულში შეინახა. ამიტომ გურის ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უთხრა:
– ან ჩვენ ვქორწინდებით, ან არანაირი ბავშვი არ იქნება.
– როგორ?! – დაიბნა გური.
– როგორც, – მტკიცედ უპასუხა მზეომ, – არც ბავშვი იქნება და არც მე!
გურის მზეო უყვარდა, დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ მზეომ მაინც თავისი გაიტანა და გური ცოლს გაეყარა. მისი ვაჟი იმხანად 6 წლის იყო. რა თქმა უნდა, თავისი ვაჟიც უყვარდა, ამიტომ მზეოს, სანამ ფეხმძიმედ იყო, უმალავდა, რომ ყოფილ ცოლთან მიდიოდა და შვილს ნახულობდა. ვიზიტები ანუკის დაბადების შემდეგაც გაგრძელდა და, რადგან ჭორაობა ყველას უყვარს და არც არაფერი იმალება, მზეოს ყურამდეც მიაღწია ამ ამბავმა. ანუკი უკვე ერთი წლის იყო.
– იმდენი იარე თურქეთში, რომ ორცოლიანი გახდი? – ერთ დღესაც ქმარს პირგამეხებული მზეო დახვდა სახლში.
– საიდან მოიტანე? – დაიბნა გური.
– შენს ყოფილ ცოლთან დადიხარ ხშირ-ხშირად!
– ჩემს შვილთან მივდივარ, – თავის გამართლება სცადა გურიმ.
– რა თქმა უნდა, ასე იტყვი, – მზეო შეუვალი იყო.
ბევრს ეცადა გური, აეხსნა მზეოსთვის, რომ შვილის სანახავად დადიოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მზეოს არაფრის გაგონება არ უნდოდა და გურის მორიგი ულტიმატუმი წაუყენა:
– ან გაქრები და ვერასდროს გვნახავ მე და ჩემს შვილს, ან არასდროს მიხვალ იმ ქალის სახლში.
გურიმ კარი გაიჯახუნა და წავიდა. მზეო არც კი შემკრთალა, ვინაიდან მის ხელში იყო ბიზნესი და გურის უბრალოდ ცარიელ–ტარიელს დატოვებდა. ყოველთვის ახსოვდა მამიდამისის სიტყვები და იცოდა, როგორ დაეჭირა გური. მართლაც, გური რამდენიმე დღეში დაბრუნდა, – მან მზეო და ანუკი აირჩია, იქნებ უზრუნველი ცხოვრებაც...
მას შემდეგ გურის არც ყოფილი ცოლი უნახავს და არც თავისი ვაჟი. მით უმეტეს, რომ მზეო და გური უკვე თბილისში ცხოვრობდნენ, ოღონდ ამ ამბავს მზეოსთვის ბედნიერება არ მოუტანია. ყოველთვის პირმოცინარი და ენაწყლიანი გური თანდათან თავის თავში ჩაიკეტა. აღარც იცინოდა და აღარც ლაპარაკობდა. ფაქტობრივად, უცხოსავით ცხოვრობდა სახლში. ერთ უჟმურ და უხასიათო ადამიანად გადაიქცა, მხოლოდ მაშინ უნათდებოდა სახე, როდესაც ანუკის ხედავდა. სხვა არაფერი ახარებდა.
მხოლოდ ერთხელ, იმ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაბედა და მზეოს უთხრა:
– იქნებ გავაცნოთ ანუკის თავისი უფროსი ძმა? მაინც და–ძმანი არიან.
მაგრამ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო, ისეთი სკანდალი მოაწყო მზეომ, ისევ გაყრით დაემუქრა და იმითაც, რომ არასდროს ანახვებდა ქალიშვილს. გურიმ ვერ მოითმინა და ცოლს დაარტყა...
მართალია, მზეო მას არ გაეყარა, ისევ ერთად განაგრძეს უფერული ცხოვრება, მაგრამ უფრო დამძიმებული, სანამ ერთ დღესაც, როდესაც ანუკი 16 წლის იყო, გური მოულოდნელად გულის შეტევით არ გარდაიცვალა.
***
– მახსოვს, მამაჩემის გარდაცვალების დღე, ყველაზე უბედური დღე ჩემს ცხოვრებაში, – აცრემლდა ანუკი, როდესაც დედამისმა ამბის მოყოლა დაასრულა:
– ყოველთვის სევდიანი იყო, არ იღიმებოდა. ესე იგი, შენ წაართვი მას ბედნიერების უფლება, – ანუკიმ დედამისს საყვედურნარევი თვალებით შეხედა.
– არა, გენაცვალე. მან თვითონ წაართვა თავის თავს ბედნიერება. არ იყო საჭირო ხელების ქნევა!
– დედა! – გაოგნებულმა შეხედა ანუკიმ მზეოს, – გამოდის, მე შენ საერთოდ არ გიცნობ?! რას ამბობ?! როგორ იქცევი?!
– მიდი, შენც მამაშენივით ჩემ წინააღმდეგ განეწყვე. ყველაფერი თქვენ შემოგალიეთ. არასდროს არაფერი გიჭირდათ და მორალს მიკითხავ. რა უფლებით?! ბარემ, წადი და შეხვდი კიდეც იმ შენს ვითომ ძმას?!
– რას ჰქვია, ვითომ ძმას, დედა?! და, რა თქმა უნდა, წავალ და გავიცნობ.
ანუკი ოთახიდან გავიდა, ტელეფონი ამოიღო და დაბლოკილ ნომრებში შეუდგა ძებნას.
***
ანუკი ცოტა ადრეც კი მივიდა შეხვედრის ადგილას. მაგიდასთან დაჯდა და კარს მიაჩერდა. ცოტა ხანში კაფეს კარი შემოაღო ახალგაზრდა მამაკაცმა და ანუკის უნებურად გაეღიმა – მის წინ ახალგაზრდა გური იდგა, მაგრამ ის მარტო არ იყო, კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაცი ახლდა. ანუკი ცოტა დაიძაბა.
ვაჟაც უცებ მიხვდა, ვინ იყო ანუკი და პირდაპირ მისკენ გაემართა:
– ანუკი ხარ? – ჰკითხა და ანუკი მექანიკურად წამოდგა ფეხზე.
– მე ვაჟა ვარ, – გაეცნო ახალგაზრდა.
– მაპატიე, არ ვიცოდი და მეგონა, ვიღაც მეხუმრებოდა ბოროტად, – დარცხვენილმა ჩაილაპარაკა ანუკიმ.
– არა უშავს. ახლა იცი? – დააზუსტა ვაჟამ. ანუკიმ თავი დაუქნია.
– დედაჩემმა მიამბო.
– დიდხანს იყო ჩუმად, მაგრამ არა უშავს, მაგრამ მე სიურპრიზი მაქვს შენთვის, – გაუღიმა ვაჟამ დას.
– კიდევ?! შენ ხარ ჩემი მთავარი სიურპრიზი, – გაეცინა ანუკის.
– მასეც ნუ იტყვი, – უპასუხა ვაჟამ და ხელით ანიშნა თანმხლებ ახალგაზრდა ვაჟებს, დამსხდარიყვნენ, – ესენი ჩვენი ძმები არიან: ირაკლი და კონსტანტინე.
ანუკის თვალები გაუფართოვდა მოულოდნელობისგან: ეს როგორ?!
– ვხედავ, დიდად არ გაგიხარდა, – მხიარულად უთხრა ვაჟამ, – მიდი, მკითხე, რა გაინტერესებს.
– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა ანუკიმ.
– მეც შენსავით დამემართა, როდესაც ამ ორმა ჭაბუკმა მიპოვა. მამას ეძებდნენ და მე და დედაჩემი გვიპოვეს. მამაჩვენი დიდი უცნაური კაცი ყოფილა. დედაჩემზე დაქორწინებამდე მათ დედასთან ერთად ცხოვრობდა. შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ იცოდა, რომ ბავშვი ეყოლებოდა, ბავშვები ანუ. მოკლედ, ბიჭები გაიზარდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი არააჩვეულებრივმა ადამიანმა გაზარდა, მაინც გადაწყვიტეს, მოეძებნათ მამა. მე მიპოვეს, მე შენზე მოვუყევი და ერთად მოგძებნეთ. ასე რომ, ახლა სამი უფროსი ძმა გყავს.
– დაუჯერებელია, – ამოთქვა ანუკიმ და ხან ერთს უყურებდა, ხან – მეორეს, ხან – მესამეს.
– მეც ვერ ვიჯერებ, მაგრამ, მოდი და, ნუ დაიჯერებ, – ვაჟა ისევ იცინოდა. გურის არა მხოლოდ გარეგნობით ჰგავდა, არამედ ხასიათითაც, – მაგრამ, ხომ, მაგარი ამბავია?!
– ნაღდი ამბავია?! – მაინც შეეპარა ეჭვი ანუკის.
– დნმ-ის ტესტი ჩავიტაროთ?! – სამივე ახალგაზრდა ვაჟი ახარხარდა და სამივე ისე ჰგავდა ერთმანეთს, რომ ანუკისაც გაეცინა.
– მე ერთმანეთი გაგაცანით, რას იზამთ, თქვენი საქმეა, – უცებ დასერიოზულდა ვაჟა, – მე მომწონს, რომ ორი ძმა და ულამაზესი და მყავს, თქვენი არ ვიცი...
***
იმ შეხვედრის შემდეგ ბევრმა წელმა ჩაიარა. ანუკიმ სამი უახლოესი ადამიანი შეიძინა და საკუთარ თავს ასწავლა, რომ ადამიანები უნდა მიიღო ისეთები, როგორებიც არიან, უპირველესად, მშობლები და, რაც მთავარია, არ დაიჯერო, რომ შეუმცდარები უნდა იყვნენ. ისინი, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს, უბრალოდ, ზედმეტი ენის ჩლექის გარეშე, თუნდაც, იმიტომ რომ ამქვეყნად გაგაჩინეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან