რომანი და დეტექტივი

შეთანხმება

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.12, 2023 წელი

ნამდვილი ამბავი
დაკოპირებულია

რამაზ ბალაძის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო. მე კი, გასაგები მიზეზების გამო, სათოფეზეც არ გავკარებივარ იქაურობას. პროცესიას სამი კილომეტრის მოშორებით ვუთვალთვალებდი. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ვიწექი, მძლავრი მიკროტელესკოპი მქონდა მომარჯვებული და ჩემი ყოფილი უფროსის გასვენებას დისტანციურად ვესწრებოდი. ტელესკოპის მეშვეობით, ჩემი ყოფილი კოლეგა-მეგობრების ყველა ჩასაფრება გავშიფრე. თორმეტიოდე პოსტი ჰქონდათ მოწყობილი და რა თქმა უნდა, მე მელოდებოდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ შენიღბული მაინც მივიდოდი და ამაგდებდნენ, მაგრამ არ გავრისკე. შენიღბვა კი ჩემს საფარში გამოვიყენე, რომელიც ლიფტის ამწე მექანიზმის ოთახში მოვაწყვე და ყოველი შემთხვევისთვის, მექანიკოსის უნიფორმაში ვიყავი გამოწყობილი. კორპუსის ჩრდილოეთ კედელთან კი მოტოციკლი მყავდა გაჩერებული. არც ალპინისტური მოწყობილობა დამვიწყებია, იმ შემთხვევისთვის, თუკი მეთვრამეტე სართულის სახურავიდან ექსტრემალური დაშვება მომიწევდა. ერთი სიტყვით, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვიმყოფებოდი, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. მას შემდეგ, რაც რამაზი თავის ეზოში დაასვენეს, თეამ ცხარე ცრემლებით დაიტირა და შემდგომ კი კატაფალკით ვერის სასაფლაოზე წაასვენეს, მე ჩემი საფარი დავტოვე და კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, სადაც საიმედოდ ვიმალებოდი.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მორიგი ფარული ჩანაწერი გავხსენი, რომ როზალიას ბორდელის კლიენტები დამეთვალიერებინა. როზალია „მამაშა“ იყო და დროგამოშვებით უშიშროების დავალებას ასრულებდა. ადრე პუტანაად ყოფნის დროს, უცხოელებთან მუშაობდა და „კაგებეს“ გამგებლობაში იყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, როზალია თბილისში დაბრუნდა და პატარა ბორდელი გახსნა. რაც მართალია, მართალია, მას საუკეთესო გოგოები ჰყავდა, არც მომსახურება მოიკოჭლებდა და ფასიც შესაბამისი იყო. ამ ქალს დარწმუნების განსაცვიფრებელი უნარი ჰქონდა. ძირითადად, სოფლიდან ჩამოსული გოგონებისგან არჩევდა თავის კონტინგენტს. ჯერ ვიზუალურად შეათვალიერებდა კანდიდატს და თუკი მოეწონებოდა, უკვე „შეყვანას“ იწყებდა. სუსტ წერტილებს აღმოუჩენდა და საბოლოოდ მაინც დაითანხმებდა. იშვიათად, რომ საქმე „გამაზვოდა“. უზადო „ვერბოვშიცაც“ იყო და ეს უნარი ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად განუვითარდა და დაეხვეწა. როზალიას ბორდელის კლიენტები „ვიპ“ პერსონები იყვნენ და მართალია, მას საკუთარი ბორდელის შენობა ჰქონდა, მაგრამ ძირითადად, გოგონებს ადგილზე მიყვანის სერვისით ამუშავებდა. როგორც როზალიას ბორდელში, ასევე სხვადასხვა კონსპირაციულ ბინებში ფარული კამერები გვქონდა დამონტაჟებული. ყველაფერს ვიწერდით, ვშიფრავდით და მე და ცხონებული რამაზი პატარ-პატარა მაყუთებსაც ვშოულობდით. პოლკოვნიკი რამაზ ბალაძე ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო. მას მე ბავშვობიდან ვიცნობდი. ვძმაკაცობით და სწორედ ამიტომ მანდობდა ასეთ საშარო საქმეს. მის განყოფილებაში რამაზის დაჟინებული თხოვნითა და ძალისხმევით მოვხვდი. მანამდე კი ანტიტერორისტული სპეცრაზმის მებრძოლი ვიყავი და ეს საქმე უმაღლეს დონეზე მქონდა ათვისებული. ერთ დღეს რამაზმა დამიმარტოხელა და მითხრა:

– გურამ, ბიჭო, არ მოგბეზრდა ამხელა კაცს მაიმუნივით აქეთ-იქით ხტუნაობა და მუდმივ შარში ყოფნა? თანაც კაპიკებს გიხდიან...

– ესაა ჩემი საქმე და სხვა არაფერი ვიცი, – ვუპასუხე რამაზს.

– სხვა საქმე რომ გამოჩნდეს, იმუშავებ? – თქვა რამაზმა და დაამატა, – თანაც ბევრად უფრო მეტი შემოსავალი გექნება.

– მაინც, რას მთავაზობ?

– ჩემს განყოფილებაში გადმოგიყვან. ოღონდ, ჯერ „პონტი“ უნდა შეუგდო შენს უფროსობას, რომ ფიზიკურად ვეღარ ქაჩავ, ტრავმები და თავის ტკივილი გაწუხებს.

– კი მაგრამ, ისეთს რას მთავაზობ, რომ ასეთი ტყუილი უნდა ვთქვა?

– მოკლედ, ძმა ხარ და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვი. ჩვენ შეიძლება, კაპიკების გამო შუბლი გაგვიხვრიტონ, – თქვა რამაზმა და შეასწორა, – უფრო სწორად შენ, შეიძლება, სიცოცხლე მოგისპოს ვიღაც ფანატიკოსმა ტერორისტმა და შენს ახლობლებს ათი ათას ლარს გადაუხდიან და უფასოდ დაგასაფლავებენ. ხოლო თუ ჩემთან გადმოხვალ და იმას გააკეთებ, რასაც გეტყვი, ძმობას გეფიცები, კაი მაყუთს ვიშოვით.

– როგორ?

– როგორ და ეს ნაბოზარი ბობოლები, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და თანმდებობების მქონე ტრაკები, ყველა გათახსირებული ადამიანია და სწორედ მათგან ვიშოვით მაყუთს. სადაც გეტყვი, იქ არასანქცინირებულად ფარულ კამერას დააყენებ. გადაიღებ მათ თავგადასავლებს და შემდგომ კი ამ ნაბოზრებს მაყუთებს დავაყრევინებთ.

– ესე იგი, უნდა დავაშანტაჟოთ, – ვთქვი მე.

– შენ გინდა, შანტაჟი დაარქვი და გინდა, სხვა რამ. ნაღდი საქმეა და მერწმუნე, დიდი მაყუთი შემოგვივა.

სიმართლე რომ ვთქვა, გულზე არ მეხატებოდა რამაზის შემოთავაზება. ვცდილობდი, თავიდან ამეცილებინა ეს საქმე და ვუთხარი:

– სპეცტექნიკაში რომ არაფერი გამეგება?

– რამაზს გაეცინა და მითხრა:

– ორ კვირაში აგათვისებინებ ყველაფერს. ესე იგი, თანახმა ხარ.

მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი:

– სხვა რა გზაა.

ამ საუბრიდან ერთი თვის მერე, უკვე რამაზთან ვმუშაობდი. კიდევ ერთი თვე რომ გავიდა, რამაზის პირველი დავალება შევასრულე. ერთ-ერთი მთავრობის ფუნქციონერი ჩავწერე და ორმოცდაათი ათასი დოლარი „ავახიეთ“. ფული შუაზე გავიყავით. და, საერთოდ, ყველაფერს შუაზე ვიყოფდით და ორ წელიწადში იმდენი ვიშოვეთ, რომ საკმაოდ მსუყედ და უზრუნველად შეგვეძლო ცხოვრება. თუმცა, რამაზი ყოველთვის მეუბნებოდა, თავზე არ გადაიჯვა, ფული არ გამოაჩინო, თორემ დავიწვებითო და ასეც ვაკეთებდი. მიუხედავად რამაზის დაჟინებული მოწოდებისა, – ცოლი მოიყვანეო, რაღაც მაკავებდა და კიდევ კარგი, რომ არ დავოჯახდი, თორემ ჩემს ცოლ-შვილს ჩემ გამო საშინელ დღეში ჩააგდებდნენ. ოთხი წელი ვიმუშავეთ ერთად მე და რამაზმა და რომ არა ის ჩანაწერი, ალბათ, ასეთივე წარმატებული ბიზნესი გვექნებოდა და რაც მთავარია, რამაზიც ცოცხალი იქნებოდა. მოკლედ, როზალიას ერთ-ერთი ბოზის ჩანაწერი ამოვიღე და თვალიერება დავუწყე, რომ იქნებ საკბილო შეგვხვედროდა – რომელიმე პარლამენტარი, მთავრობის წევრი ან სხვა მაყუთიანი გათახსირებული. ოთხი დღის ჩანაწერი იყო და საკბილო არ ჩანდა. მაგრამ, ერთ-ერთი ჩანაწერი რომ „გავჩითე“, თვალებს არ დავუჯერე – როზალიას ბორდელის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაშა, ზეინაბი, იგივე ზეიკო, სრული ნავაროტკებით ემსახურებოდა ცნობილ ტერორისტს იბრაგიმ ციხელაშვილს. საკვირველი ის კი არ იყო, რომ პუტანასთან კარგა ხნის ძებნილი ტერორისტი ერთობოდა, არამედ ის, რომ იბრაგიმ ციხელაშვილი, ოფიციალური განცხადებით, ერთი კვირის წინ ლიკვიდირებულად გამოაცხადეს. ეს კი მას მერე მოხდა, რაც მან და მისი ჯგუფის წევრებმა ბრიუსელში ტერორისტული აქტი ჩაიდინეს და ათი ადამიანი მოკლეს, ამდენივე კი დაჭრეს. მოკლულთა შორის იყო ბელგიის ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციონერი, რომელიც ტერორისტების წინააღმდეგ უმკაცრესი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ტერორისტებთან თანამშრომლობაში სდებდა ბრალს. ოპოზიციონერი მიშელ პუტემანსი იყო და ტერორისტებმა ის შუა ქუჩაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად კი მისი თანხმლები პირების გარდა გამვლელებიც დახოცეს. იმავე დღეს მთელ მსოფლიოს მოედო კადრები, თუ როგორ შემოარტყა ალყა პოლიციამ ტერორისტების საცხოვრებელს და ურთიერთსროლისას როგორ იყვნენ ლიკვიდირებული ციხელაშვილის ხუთი თანამზრახველი, ხოლო თავად ციხელაშვილი კი ხელყუმბარაზე აფეთქდა. ინფორმაციას ექვსივე გვამის ფოტოები ამაგრებდა. ამ დროს კი ლიკვიდირებული ტერორისტი თბილისში, პუტანა ზეიკოსთან ერთობოდა. თარიღი გადავამოწმე, ვიფიქრე, იქნებ ტერორისტი მანამდე ერთობოდა-მეთქი ზეიკოსთან, მაგრამ არა, ციხელაშვილი პუტანასთან ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის მესამე დღეს ერთობოდა. ესე იგი, ის ცოცხალი იყო და მისი ლიკვიდაციის ამბავი კი – ფალსიფიცირებული. ყოველივე ეს ბევრ ვინმეზე აჩენდა საშინელ ეჭვებს. ჩანაწერის ასლები გავაკეთე და რამაზს დავურეკე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის თურქეთში მიემგზავრებოდა, იქაური უშიშროების სამსახურების მიწვევით და გამოცდილების გაზიარების მიზნით სამი დღე უნდა დარჩენილიყო. ის მანქანით იყო და ცოტა გვიან მიპასუხა:

– ჰო, გურამ, გისმენ.

– სად ხარ, რამაზ?

– რა ხდება, რა აღელვებული ჩანხარ, ხომ მშვიდობა? – მკითხა რამაზმა.

– შენი ნახვა მინდა, სასწრაფოდ. სერიოზული საქმე მაქვს.

– სამი დღის შემდეგ. ახლა სარფში შევდივარ და თურქეთში მივემგზავრები. მაინც რა ხდება, ხომ მშვიდობაა?

– კარგი, კარგი. რომ ჩამოხვალ მაშინ დაგელაპარაკები. შეხვედრამდე!

– შეხვედრამდე, – მითხრა რამაზმა და ტელეფონი გათიშა.

რაც არ უნდა იყოს, ანტიტერორისტულ სამსახურში ათი წელი ვიმუშავე და ტერორისტებისადმი ზიზღი ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. ამიტომ, მონადირე ძაღლივით მსხვერპლზე გაწევის დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. გადავწყვიტე, დამოუკიდებლად გამომეძია ეს საქმე და ნეტავ, არ დამეწყო... ლოგიკურად ისე გამოდიოდა, რომ პოლიცია და ანტიტერორისტული უწყება იტყუებოდა და არც ციხელაშვილი მოუკლავთ და მასთან თანამშრომლობდნენ. ეს იყო ბელგიური მხარე თუ მათ უკან ვინმე იდგა, მე საიდან უნდა მცოდნოდა და ამის გარკვევას შევუდექი. პირველ რიგში, უნდა გამერკვია, ვინ მოუყვანა ციხელაშვილს პუტანა ზეიკო. ამიტომ ეს კითხვა როზალიასთვის უნდა დამესვა. ის კი კერკეტი კაკალი იყო. რომ იტყვიან, ძალიან შებერტყილი და ათას რამეზე გადამხტარი ქალი... ამიტომ არაორდინარულად გადავწყვიტე მოქმედება. ქალს მისსავე სახლთან „დავუსადკავე“ და მის მანქანას, რომელსაც თავად მართავდა, უკან გავყევი. შემდეგ მომენტი შევურჩიე და როდესაც მაღაზიიდან პროდუქტებით დატვირთული, ორი ჩანთით გამოვიდა, მისსავე მანქანაში ჩავუჯექი. კეფაზე პისტოლეტი მივადე და კბილებში გამოვცარი:

– კრინტი არ დაძრა, შე ბოზო, თორემ კეფას გაგიხვრიტავ.

– ბოზის ხმა მესმის, – არ დააყოვნა პასუხი ქალმა და აქედან ჩანდა, თუ რა ძალისხმევა დამჭირდებოდა მის გამოსატეხად, – და დააყოლა, – ერთი ოცლარიანი მიგდია და თუ გინდა, მოგცემ, თან ეს ჩანთებიც გაიყოლე. ძვირფასი ნუგბარებია და ჩემს სახელზე გემრიელად მიირთვი.

– მანქანა დაძარი და სადაც გეტყვი, იქ წადი, თორემ მაგ სქელ ტრაკს ტყვიებით აგივსებ.

როზალიამ მანქანა ადგილიდან დაძრა, თან მითხრა:

– საით წავიდე?

– წინ იარე და გეტყვი.

როზალია, უფრო დაინტრიგებული ჩანდა, ვიდრე შეშინებული. თან ცდილობდა, შეეტყო, თუ რა ხდებოდა და მითხრა:

– თუ ჩემი ხმარება გინდა, სადმე ტუპიკში შევაჭრი და მოგემსახურები. გარწმუნებ, არ ინანებ.

– მარცხნივ შედი და მოკეტე! – ვუთხარი მამაშას და როდესაც უკაცრიელ, დანგრეულ მაღაზიას მივადექით, იარაღი გადავტენე და დავამატე, – ახლა კადრებს განახვებ და უნდა მითხრა, ვინ მოგიყვანა ეს კლიენტი, თორემ ტვინს გაგასხმევინებ.

როზალია ჯერ კიდევ ყოჩაღად გამოიყურებოდა და მითხრა:

– გამასხმევინებ და არც შენ დაგტოვებენ ცოცხალს. უპატრონო არ გეგონო.

მისი სიჯიუტე რომ გამეტეხა, ბორდელის მამაშას გადატენილი პისტოლეტი კბილებზე მივაჭირე, პირში ჩავთხარე და გამოცრით ვუთხარი:

– შე ნაბოზარო, რასაც გეუბნები, ის გააკეთე!

როზალია გაფითრდა. მე კი მას ტელეფონში ფარული ჩანაწერი ჩავურთე და ერთი წუთის შემდეგ ვკითხე:

– აბა, რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, ეს ზეიკოა. კლიენტს არ ვიცნობ. ესაა და ეს, – მხრები აიჩეჩა როზალიამ.

– კლიენტი ვინ მოგიყვანათ?

– კლიენტს პირველად ვხედავ. არავის მოუყვანია. ზეიკო ჩემთან არ შეხვედრია მას.

– აბა, სად შეხვდა?

– არ ვიცი, – მითხრა როზალიამ, რადგან მართლა არ იცოდა.

– კარგი. ეს არაა მნიშვნელოვანი. ვინ შეგიკვეთა ზეიკო?

– არ მახსოვს.

როზალიას ისევ პისტოლეტი ჩავთხარე პირში და სასაზე მივაჭირე, თან ვუთხარი:

– გაიხსენე, თორემ აქვე გაგათავებ!

როგორც კი პისტოლეტი უკან ამოვწიე, ქალს ხველება აუტყდა, ძლივს მოითქვა სული და მითხრა:

– რაში გჭირდება, არ იტყვი?

– გავიმეორო მანიპულაცია? – ვთქვი მე.

როზალიამ ხელი გააქნია და მითხრა:

– არა. არ გინდა, გეტყვი.

– თქვი.

– ჟორაა ერთი, პაპასკირი და იმან.

– ნამდვილად?

– კი. ჟორამ დამირეკა და მთხოვა, კარგი ნაშა დამახვედრე. გამოგივლი და წავიყვანო.

– რა იცი, რომ ჟორამ მიიყვანა ზეიკო ამ კლიენტთან?

– როგორ არ ვიცი, იმ დღეს, როცა ეს კადრებია გადაღებული, ზეიკო მხოლოდ ამ კლიენტთან იყო, თავადვე მითხრა. იმ დღეს კი ჟორამ წაიყვანა ის, ანუ ზეიკო.

– გასაგებია, – ვუთხარი როზალიას და დავამატე, – იცოდე, ჩვენი საუბრის შესახებ არავისთან არაფერი თქვა. ეს სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია და ენას კბილი დააჭირე. შენთვის ვამბობ და თუ თავი გიყვარს, მაშინ მასე მოიქეცი. თუ არა და იცოდე, დიდი ხნის სიცოცხლე არ გიწერია.

ჩემმა სიტყვებმა როზალიაზე შთაბეჭდილება მოახდინა. ის ჯერ გაფითრდა და აკანკალდა. შემდეგ სიგარეტი ძლივს გააბოლა. ცოტა რომ დამშვიდდა მკითხა:

– შენ ვინ ხარ?

– ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაც გითხარი, ისე მოიქეცი, თუ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი გიყვარს. ახლა კი წავედი. ცოტა ხანში შენც დაიძარი, – ვუთხარი როზალიას, შემდეგ მანქანიდან გადავედი. ტაქსი გავაჩერე და იმ ადგილზე დავბრუნდი, სადაც როზალიას ჩავავლე.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული