რომანი და დეტექტივი

შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას

№42

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 31.10, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #41(1085)

ჰოლმსმა დაიკვნესა.

– მიშველეთ, თუ შეგიძლიათ. დავივიწყოთ, რაც იყო, შევეშვები ამ საქმეს. ვფიცავ, ოღონდ განმკურნეთ, დავივიწყებ ვიქტორ სევეჯის სიკვდილის ამბავს. ახლა არ აღიარეთ, რომ ეს თქვენი ნამოქმედარი იყო?

– თუ გნებავთ, იცოდეთ, რომ აღარ მადარდებს. მოწმეებს შორის თქვენ ვეღარ იქნებით. მალე სხვაგან ამოყოფთ თავს, ჩემო ძვირფასო ჰოლმს. თქვენ იცით, რით მოკვდა ჩემი ძმისშვილი. ძალიან საზრიანი გგონიათ თქვენი თავი, არა? მაგრამ ვიღაც თქვენზე გონიერი აღმოჩნდა. კარგად დაფიქრდით, ჰოლმს, სენი რამე სხვა გზით ხომ არ შეგეყარათ?

– ღვთის გულისთვის, მიშველეთ და გადამარჩინეთ.

– დიახ, გიშველით და დაგეხმარებით იმის გაგებაში, რა და როგორ მოხდა. მინდა, ეს გაიგოთ, სანამ მოკვდებით. ტკივილები უკვე დაგეწყოთ? ისეთი განცდა გაქვთ, როგორც კრუნჩხვის დროს, არა? არა უშავს, მოსმენაში არ შეგიშლით ხელს. მისმინეთ! ხომ ვერ გაიხსენებთ რამე უჩვეულო შემთხვევას თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ეს ავადმყოფობა შეგეყრებოდათ?

– მეტისმეტად მძიმედ ვარ და ფიქრის თავი არა მაქვს.

– მაშინ მე დაგეხმარებით. ფოსტით ხომ არაფერი მიგიღიათ? მაგალითად, კოლოფი. მომისმინეთ, ჰოლმს! – აშკარა იყო, რომ ის ლოგინში მწოლიარე ჰოლმსს ანჯღრევდა. მოუთმენლობამ შემიპყრო და მიჭირდა სამალავში გაჩერება.

– უნდა მომისმინოთ! გახსოვთ სპილოს ძვლის კოლოფი? თქვენ ის ოთხშაბათს მიიღეთ. თქვენ ის გააღეთ...

– დიახ, დიახ, იქ რაღაც მახვილი ზამბარა იყო. რაღაც ხუმრობა...

– თქვენს თავს დააბრალეთ, ბრიყვო. რატომ გადამიდექით გზაზე? თქვენი ახირება რომ არა, არაფერს დაგიშავებდით.

– მომაგონდა! – ჰოლმსი იხრჩობოდა. – ზამბარა! ხელი გავიკაწრე, სისხლი წამომივიდა. აი, ის კოლოფი, მაგიდაზეა.

– სწორედ ისაა! ახლა ჩემს ჯიბეში ჩასრიალდება და გაუჩინარდება. ამრიგად, ჩემ წინააღმდეგ არც ერთი სამხილი აღარ იქნება. ახლა სიმართლე იცით და შეგიძლიათ, მოკვდეთ იმ შეგნებით, რომ ბოლო მე მოგიღეთ. თქვენ მეტისმეტად ბევრი იცოდით ვიქტორ სევეჯის სიკვდილზე, ამიტომ გაგხადეთ მისი ბედის თანაზიარი. აქ დავჯდები და დაველოდები, როგორ ამოგხდებათ სული.

ჰოლმსის ხმა თითქმის მიწყდა. ჩურჩულიც ძლივს ისმოდა.

– რა ვქნა? – ჰკითხა, – სინათლეს მოვუმატო? ლანდები უკვე გამოჩნდნენ? ჰო, გადავატრიალებ გაზის ასაწევ-დასაწევს, რომ უკეთ დაგინახოთ, – ოთახი გადაკვეთა და უეცრად შუქმა ოთახი გააჩახჩახა, – კიდევ ხომ არ აღმოგიჩინოთ რამე დახმარება, ჩემო ძვირფასო მეგობარო?

– ცეცხლი და სიგარეტი!

სიხარულით კინაღამ შევყვირე. ჰოლმსი ჩვეულებრივი ხმით ალაპარაკდა. მართალია, ცოტა მისუსტებულით, მაგრამ მე ხომ ვცნობდი მის ხმას. ამას მოჰყვა გრძელი პაუზა და ვიგრძენი, რომ კელვერტონ სმითი გაოცებით დასცქეროდა ჰოლმსს.

– რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა ბოლოს მშრალი, მკაფიო ხმით.

– იმისთვის, რომ კარგად შეასრულო როლი, უნდა გაითავისო, შეისისხლხორცო ის. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ სამი დღე არაფერი მიჭამია და დამილევია, სანამ თქვენ არ მომაწოდეთ თავაზიანად ჭიქა წყალი, მაგრამ ყველაზე ძნელი მოწევაზე ხელის აღება ყოფილა. აი, ერთბაშად უკეთ გავხდი. ოჰო, მგონი, ჩემი მეგობრის ნაბიჯის ხმაც შემომესმა!

გარედან მართლაც მოისმა ნაბიჯების ხმა, კარი გაიღო და ზღურბლზე ინსპექტორი მორტონი გამოჩნდა.

– თქვენ დაპატიმრებული ხართ ვიქტორ სევეჯის მკვლელობის ბრალდებით! – მიუბრუნდა ინსპექტორი ჯუჯას.

– და შეგიძლიათ დაუმატოთ: შერლოკ ჰოლმსის მკვლელობის მცდელობისთვის! – სიცილით შენიშნა ჩემმა მეგობარმა. –კელვერტონ სმითმა თვითონვე მოგცათ ნიშანი, სინათლეს რომ მოუმატა. სხვათა შორის, პატიმარს პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში პატარა კოლოფი უდევს. ის ნივთმტკიცებად დავუტოვოთ, მაგრამ მის ნივთებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დადეთ კოლოფი მაგიდაზე, სასამართლოში გამოგვადგება.

უცებ უეცარი ნახტომის ხმა შემომესმა, რასაც თან ბღლარძუნისა და ჩხარუნის ხმები ახლდა. მერე ტკივილისგან გამწარებული კაცის შეძახილიც გავიგონე.

– მხოლოდ თავს დაისახიჩრებთ, – უთხრა ინსპექტორმა. – მშვიდად იდექით!

– ეს ხომ მახეა! – შესძახა წრიპინა ხმით კაცუნამ, – გამომიძახა, მიმკურნალეო. მეც ვეახელი. რაღაც სისულელეებს როშავს, რაც თვითონვე მოიგონა თავისი გიჟური ეჭვების დასადასტურებლად. რამდენიც გენებოთ, იმდენი იცრუეთ, ჰოლმს. ჩემს სიტყვებს თქვენსაზე არანაკლები წონა ექნება.

– ღმერთო ჩემო! – შესძახა ჰოლმსმა. – მე ხომ სულ გადამავიწყდა ჩემი მეგობარი. ძვირფასო უოტსონ, ათას ბოდიშს გიხდით. წარმოგიდგენიათ? როგორ გამომრჩა მხედველობიდან, რომ თქვენ ამ ამბების თვითმხილველი ბრძანდებით და ყველაფერი საკუთარი ყურით მოისმინეთ. კელვერტონ სმითს აღარ გაგაცნობთ, დღეს უკვე ნახეთ. კები გელოდებათ, ინსპექტორო? როგორც კი ჩავიცვამ, უკან გამოგყვებით, ალბათ დავჭირდები პოლიციას.

ჰოლმსმა თვალი ჩამიკრა

– ხომ არაფერი გეწყინათ, უოტსონ? თქვენ ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ, მაგრამ აღიარეთ, რომ ავადმყოფის როლის შესრულება ჩემსავით არ შეგიძლიათ. ჩემი საიდუმლო წინასწარ რომ გცოდნოდათ, ვერასოდეს დაარწმუნებდით მისტერ სმითს, რომ საჭირო იყო მისი აქ მოსვლა, რაც ჩემი გეგმის მთავარი ნაწილი გახლდათ.

– მაგრამ თქვენი გარეგნობა, ჰოლმს, სიკვდილის მაუწყებელი ფერი და დამჭკნარი სახე?

– სამი დღის სრული მარხვა ადამიანს უცებ ახდუნებს. ცოტაოდენი ვაზელინი შუბლზე, ბელადონას წვეთები თვალში, ფერ-უმარილი ღაწვებზე, ცვილის თხელი ფენა ტუჩებზე – ყველაფერ ამით სრულიად დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევა შეიძლება. ავადმყოფობის სიმულაციას, ალბათ, ერთ კარგ მონოგრაფიას მივუძღვნი. ხოლო ხამანწკებზე, ნახევარკრონებსა და სხვა საგნებზე ბოდვა, რომელთაც საქმესთან კავშირი არა აქვთ, ისეთ ჩინებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ვითომ მართლა ბოდავ, ხომ ასეა, უოტსონ?

– მაგრამ რატომ არ მიმიშვით ახლოს, როცა გადამდები არაფერი გჭირდათ?

– ამას როგორ მეკითხებით, ძვირფასო უოტსონ! მართლა ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს სამედიცინო ცოდნას არ ვაფასებ? განა შემეძლო იმის იმედი მქონოდა, რომ თქვენს გამოცდილ თვალს შეუმჩნეველი დარჩებოდა მომაკვდავი კაცის მაჯის და ტემპერატურის უცვლელობა? ხოლო თუ ჩემს ავადმყოფობაში ვერ დაგაჯერებდით, მაშინ სმითს ვინ მომიყვანდა? იმ კოლოფს კი, თუ გვერდიდან შეხედავთ, ნახვრეტს ადვილად შეამჩნევთ. კოლოფს რომ გააღებთ, ნახვრეტიდან ზამბარა ისარს გამოაგდებს და გველივით დაგგესლავთ. ეტყობა, დაახლოებით ამგვარი მოწყობილობით მოკლეს საბრალო სევეჯი, რომელიც ამ ურჩხულსა და მემკვიდრეობით ქონებას შორის იდგა. უკვე მივეჩვიე საფრთხეს. ყოველ უცნაურ ამანათს ეჭვით ვუყურებ. წინასწარ ვვარაუდობდი, თუ სმითს დავარწმუნებდი, რომ მისი ბოროტი განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა, აღსარებას იტყოდა და ყველაფერს დაფქვავდა.

თქვენი დიდად მადლობელი ვარ, უოტსონ, ახლა კი დამეხმარეთ, პალტო ჩავიცვა. როცა პოლიციაში საქმეს მოვრჩებით, ვფიქრობ, არ გვაწყენდა, თუ დასანაყრებლად სიმპსონთან შევივლიდით.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი