რომანი და დეტექტივი

შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას

№33

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 25.08

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #32 (1232)

ლუერ ბარკ სტრიტი გრძელი, ლამაზი სახლების რიგი იყო ნოტინგ ჰილსა და კესინგტონს შორის. შენობას, რომელთანაც კები გაჩერდა, რაღაც ამპარტავნული და შთამაგონებელი სახე ჰქონდა. სპილენძის ბრწყინვალესახელურებიანი მძიმე ორფრთიანი კარი ამშვენებდა და ირგვლივ ძველმოდური რკინის ზღუდე იყო აღმართული. საერთო შთაბეჭდილებას შეეფერებოდა დიდებული მსახურთუფროსი, ელექტროჭაღის ვარდისფერ შუქზე ზღურბლზე რომ გამოჩნდა.

– დიახ, მისტერ კელვერტონ სმითი შინ გახლავთ. დოქტორი უოთსონი? კეთილი, სერ, მიბოძეთ თქვენი სადარბაზო ბარათი.

ჩემი უბრალო სახელი და პროფესია, ეტყობოდა, მისტერ კელვერტონ სმითს დიდად არ ეპიტნავა. ნახევრად ღია კარში გავიგონე გაღიზიანებული კაცის გამყივანი ხმა:

– ეს ვინღაა? რა უნდა? რამდენჯერ მითქვამს, სტეპლს, რომ, როცა მე ვმუშაობ, ხელის შეშლა არ შეიძლება!.. მერე მომესმა მსახურთუფროსის წყნარი, დამამშვიდებელი ხმა. – არ მივიღებ, სტეპლს. ვერ ვიტან ასეთ დაბრკოლებებს. შინ არა ვარ. ასე უთხარით. თუ ვჭირდები, ხვალ დილით მოვიდეს. ისევ წყნარი დუდუნი. – წადით, წადით, ასე უთხარით. დილით მოვიდეს, ან სულაც ნუ მოვა. მე თვალწინ დამიდგა ჰოლმსი, როგორ ბორგავდა ლოგინში და ელოდა მხსნელს. აქ ხათრი-მათრის დრო აღარ იყო. ჰოლმსის სიცოცხლე დამოკიდებული იყო ჩემს მოწადინებასა და დაჟინებაზე. ვიდრე მსახურთუფროსი თავისი ბატონის განმარტებას გადმომცემდა, განზე ვუბიძგე და ოთახში შევედი. კაცი, რომელიც ბუხართან იჯდა სავარძელში, გაბრაზებული შეძახილით წამოიჭრა. მე დავინახე დიდი, ყვითელი სახე, უხეში ნაკვთები, მძიმე, ორმაგი ნიკაპი, ბრიალა და ბოროტი, რუხი თვალები, წითური, ბანჯგვლიანი წარბების ქვემოდან რომ რისხვით შემომცქეროდნენ. ვარდისფერ მელოტ თავზე ხავერდის პატარა, გვერდზე კოხტად გადახრილი ქუდი დაეკოსებინა. თავის ქალა კი უზარმაზარი ჰქონდა. მაგრამ თვალი რომ დავაყოლე, განცვიფრებულმა შევნიშნე, რომ იგი დაბალი ტანისა იყო, გონჯი, გალეული, მხრებსა და ზურგის მხარეს მოღრეკილი, ალბათ, ბავშვობაში რაქიტი ჰქონდა გადატანილი.

– ეს რას ნიშნავს? – ყვიროდა ხმამაღლა, მკივანა ხმით, – რას ნიშნავს ეს შემოჭრა? მე ხომ გიბრძანეთ, რომ ხვალ დილით მოსულიყავით!

– მაპატიეთ, – ვუპასუხე, – მაგრამ გადაუდებელი საქმეა და მოთმინების თავი არა მაქვს, მისტერ შერლოკ ჰოლმსი... – ჩემი მეგობრის ხსენებამ კაცუნაზე საოცარი ზეგავლენა მოახდინა. ბრაზი მაშინვე გაუქრა. სახე დაეძაბა და დიდი ყურადღებით შემომაცქერდა.

– ჰოლმსის გამოგზავნილი ხართ? – მკითხა.

– სწორედ იქიდან მოვდივარ. ძალიან, ძალიან მძიმედაა ავად, ამისათვის მოვედი თქვენთან.

მასპინძელმა სკამი მიჩვენა და თვითონ ისევ სავარძელში ჩაჯდა. ბუხრის თავზე, სარკეში გაიელვა მისმა სახემ. ფიცის ქვეშ შემიძლია განვაცხადო, რომ საზიზღარი, ბოროტი ღიმილი გადაეფინა სახეზე. მაგრამ იქვე დავაჯერე თავი, რომ ეს იყო მხოლოდ ნერვული კრუნჩხვა. ერთი წუთის შემდეგ, როცა ჩემკენ შემობრუნდა, სახეზე გულწრფელი წუხილი ჰქონდა გამოხატული.

– რა მითხარით, გული მეტკინა, – თქვა, – მისტერ ჰოლმსს მხოლოდ საქმიან ნიადაგზე შევხვედრივარ, მაგრამ ფრიად პატივს ვცემ ტალანტისა და პირადი ღირსებებისათვის. ის დანაშაულობათა მესაიდუმლეა, მე კი სნეულებათა მცოდნე ვარ. ის ებრძვის ბოროტმოქმედებს, მე – მიკრობებს. აი, ჩემი ტყვეები, – განაგრძო და მიჩვენა ბოთლები და ქილები, კედელთან მაგიდაზე რომ ედგა... – ამ ჟელატინის დამუშავებულ ხსნარებში იხდიან სასჯელს ძალზე საშიში დამნაშავეები.

– ჰოლმსს თქვენი ხილვა სწორედ თქვენი სპეციალური ცოდნის გამო სწადია. უაღრესად დიდი აზრისაა თქვენზე და სჯერა, რომ მთელს ლონდონში მხოლოდ თქვენ ერთს შეგიძლიათ მისი შველა. კაცუნა უცებ წამოდგა და მისი კოხტა ქუდი იატაკზე დავარდა.

– რატომ? – მკითხა. – რატომ ჰგონია მისტერ ჰოლმსს, რომ მე გაჭირვებაში მისი შემწე ვიქნები და ვუშველი?

– იმიტომ, რომ თქვენ აღმოსავლურ სნეულებათა მცოდნე ხართ.

– მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ სნეულება, რაც მას აწუხებს, აღმოსავლურია?

– იმიტომ, რომ ჩინელ მეზღვაურებს შორის, დოკებში მოუხდა მუშაობა. მისტერ კელვერტონ სმითმა თავაზიანად გაიღიმა და ქუდი აიღო.

– აი, თურმე რა ყოფილა, – თქვა, – იმედი მაქვს, საქმე არც ისეთ დიდ საფრთხესთან გვაქვს, როგორც გგონიათ. რამდენი ხანია, რაც ავადაა.

– დაახლოებით სამი დღე.

– აბოდებს?

– დროდადრო.

– ეს არაა კარგი საქმე. არაადამიანი ვიქნებოდი, რომ მისგან ხმობა ყურად არ მეღო. ძალიან არ მიყვარს, როცა მუშაობას მაწყვეტინებენ, ექიმო უოთსონ, მაგრამ ეს გამოძახება, ცხადია, განსაკუთრებული შემთხვევაა. ახლავე გამოგყვებით. ჰოლმსის მითითება მომაგონდა.

– მე ერთ ადგილას მელოდებიან, – ვუპასუხე. – კეთილი, მარტო წავალ. მისტერ ჰოლმსის მისამართი ჩაწერილი მაქვს. ნახევარ საათში მასთან ვიქნები.

***

გული მეკუმშებოდა, ჰოლმსის საწოლ ოთახში რომ შევდიოდი. ამ ხანში შეიძლებოდა ყველაზე უარესი რამ მომხდარიყო. მაგრამ, ჩემდა სასიხარულოდ, მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო. მართალია, სახე მკვდარივით ფერწასული ჰქონდა, მაგრამ ბოდვის კვალიც აღარ დარჩენილიყო. თუმცა ისევ სუსტი ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვეულებრივზე ნათლად და ცოცხლად.

– ნახეთ, უოთსონ?

– კი, ახლავე მოვა.

– ჩინებულია, უოთსონ, ჩინებული. თქვენ გამორჩეული დესპანი ხართ.

– ჩემთან ერთად წამოსვლა მოიწადინა.

– ეს არ შეიძლებოდა, უოთსონ. აშკარად შეუძლებელი იქნებოდა. სნეულების მიზეზები გკითხათ?

– მე ისტ-ენდის ჩინელი მეზღვაურები ვუხსენე.

– სწორია! თქვენ გააკეთეთ ყველაფერი ისე, როგორ ნამდვილ მეგობარს შეჰფერის. ახლა, უოთსონ, თქვენ შეგიძლიათ სცენიდან გახვიდეთ.

– უნდა დავიცადო და მისი აზრი მოვისმინო, ჰოლმს.

– ცხადია, მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ თავის აზრს ბევრად უფრო გულახდილად იტყვის, თუ მე და ის მარტონი ვიქნებით. ჩემს სასთუმალს უკან საკმაო ადგილია, რომ დაიმალოთ, უოთსონ. მეშინია, რომ არჩევანი აღარა გაქვთ, ძვირფასო მეგობარო. ოთახში დასამალავი ადგილი არ არის და იქ უკეთესია, სადაც მე გეუბნებით. იქ ყოფნა არავითარ ეჭვს არ გამოიწვევს. უეცრად ლოგინში წამოჯდა. მის ღონემიხდილ სახეზე სრული სიმტკიცე და გამბედაობა იყო გამოხატული. – ბორბლების ხმაა, უოთსონ. თუ გიყვარდეთ, იჩქარეთ და არ გაინძრეთ, რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა მოხდეს, გასაგებია? არც ილაპარაკოთ, არც იმოძრაოთ. ოღონდაც ისმინეთ ყოველივე გულდასმით და, რაც შეიძლება, დიდი ყურადღებით. უეცრად ისევ გამოელია ღონე და მისი მკაფიო, მბრძანებლური სიტყვა იქცა სუსტ, ბუნდოვან ბუტბუტად. კაცი ნახევრად ბოდავდა.

ჩემს სამალავში, სადაც ასე მოულოდნელად აღმოვჩნდი, ჯერ კიბიდან მომავალი ნაბიჯების ხმა შემომესმა, შემდეგ საწოლი ოთახის კარის გაღებისა და დახურვის ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. მერე, ჩემდა გასაკვირველად, ხანგრძლივი დუმილი გამეფდა, რასაც დროდადრო ავადმყოფის მძიმე სუნთქვა არღვევდა. ალბათ, ჩვენი სტუმარი საწოლთან იდგა და ავადმყოფის ტანჯვას შესცქეროდა. ბოლოს და ბოლოს უჩვეულო დუმილი დაირღვა.

– ჰოლმს, ჰოლმს! – ჩასძახოდა სმითი დაჟინებითა და შეუპოვრად, – ჰოლმს, გესმით ჩემი? – მერე მომესმა შრიალი, ალბათ ჩვენი სტუმარი უხეშად ჩააფრინდა მხრებში სნეულს და ანჯღრევდა.

– ეს თქვენა ხართ, მისტერ სმით? – ჩურჩულით თქვა ჰოლმსმა, – არ მეგონა, თუ მოხვიდოდით.

სმითმა გაიცინა.

– და მაინც აქა ვარ, როგორც ხედავთ, აქა ვარ. მინდა, სიავისათვის სიკეთე მოგაგოთ, დიახ, სიავისათვის – სიკეთე.

– ეს ძალიან სასახელო და ძალიან კეთილშობილური საქციელია თქვენის მხრივ. მე ძალიან ვაფასებ თქვენს ცოდნას.

ჩვენი სტუმარი ქირქილებდა.

– საბედნიეროდ, მთელს ლონდონში თქვენს ერთს აღმოგაჩნდათ უნარი ჩემი ცოდნის შეფასებისა. თქვენ იცით, რა გჭირთ?

– იგივე, – თქვა ჰოლმსმა.

– ხედავთ? დაავადების სიმპტომები გამოიცანით?

– დიახ, მეტისმეტად კარგად გამოვიცანი.

– რა გაეწყობა, ჰოლმს, არ გამიკვირდება და სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ის დაავადება იყოს. თუ ასეა, თქვენი საქმე ძალიან ცუდადაა. საწყალი ვიქტორი მეოთხე დღეს მოკვდა, ის კი მაგარი და ჯანიანი ახალგაზრდა იყო. თქვენ მაშინ უცნაურად მოგეჩვენათ, რომ ის ლონდონის შუაგულში დაავადდა უცნაური აზიური სენით, რომელსაც მე საგანგებოდ ვსწავლობ. საოცარი დამთხვევაა, ჰოლმს. თქვენ ეს მარჯვედ შენიშნეთ, რომ თქვენის მხრივ, მეტისმეტი სიმკაცრე იყო მტკიცება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ მიზეზიცა და დამდგარი შედეგიც.

– ვიცოდი, რომ ეს თქვენი ნამოქმედარი იყო... – ძლივს ამოთქვა ჰოლმსმა.

– თქვენ ეს იყნოსეთ, მაგრამ დამტკიცება არაფრით შეგეძლოთ. ჯერ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძარით და ახლა თვითონ აღმოჩნდით გასაჭირში, ჩემ წინაშე იკლაკნებით და დახმარებას მეღრიჯებით, არა? რა ვუწოდოთ ყოველივე ამას? ა? როგორი თამაში გამოვიდა? მე გავიგონე ავადმყოფის ხრინწიანი, გაძნელებული სუნთქვა.

– მომეცით წყალი, – თქვა ისე ჩურჩულით სნეულმა, თითქოს იგუდებოდა.

– ძალიან მალე გამოგივათ წირვა, უძვირფასესო. მაგრამ ისე არ წავალ, რომ ერთი-ორი სიტყვა არ გითხრათ. მხოლოდ ამისათვის გაძლევთ წყალს. დაიჭირეთ! არ გადმოაფურთხოთ. აი, ასე. გესმით, რასაც გეუბნებით?

ჰოლმსმა დაიკვნესა.

– მიშველეთ, რითაც შეგიძლიათ. დავივიწყოთ, რაც იყო, – ჩურჩულებდა ჰოლმსი. მე თავიდან ამოვიშანთავ მთელ ამ საქმეს. ვფიცავ, ოღონდ განმკურნეთ, ყველაფერს დავივიწყებ.

– რას დაივიწყებთ?

– ვიქტორ სევეჯის სიკვდილის ამბავს. ახლა არ აღიარეთ, რომ ეს თქვენი მოწყობილი საქმე იყო? ამას დავივიწყებ.

– შეგიძლიათ, დაივიწყოთ ან, თუ გნებავთ, გახსოვდეთ, მე აღარ მენაღვლება. მოწმეებს შორის თქვენ ვეღარ იქნებით. თქვენ მალე სულ სხვა ადგილას გადაბარგდებით, ჩემო ძვირფასო ჰოლმს, თქვენ იცით, რითიც მოკვდა ჩემი ძმისშვილი, ჰოდა, კეთილი. ახლა თქვენზეა ლაპარაკი და არა იმაზე.

– დიახ, დიახ.

– თქვენმა მეგობარმა, რომელიც ჩემთან გამოაგზანეთ, – სახელი დამავიწყდა, – თქვა, რომ სნეულება ისტ-ენდში, მეზღვაურებისაგან შეგეყარათ.

– მე ნამდვილად აგრე მგონია.

– და მერე თქვენ ამაყობთ თქვენი ჭკუა-გონებით, ჰოლმს?! თქვენ თქვენს თავს თვლით ძალიან საზრიანად, ხომ ასეა? მაგრამ ვიღაც თქვენზე გონიერიც აღმოჩნდა. კარგად დაფიქრდით, ჰოლმს, სნეულება რაიმე სხვა გზით ხომ არ შეგეყარათ?

– ფიქრი არ შემიძლია. თავი აღარ მუშაობს, ღვთის გულისათვის, მიშველეთ და გადამარჩინეთ.

– დიახ, გიშველით და დაგეხმარებით იმის დადგენაში, თუ რა და როგორ მოხდა. მე მინდა, ეს გაიგოთ, ვიდრე მოკვდებით.

– მომეცით რამე, რომ ეს ტკივილი შემიმსუბუქოს!

– აჰა, თქვენ უკვე ტკივილები დაგეწყოთ? ისეთი განცდა გაქვთ, როგორც კრუნჩხვის დროს, არა?

– ჰო, ეს კრუნჩხვაა.

– არა უშავს, მოსმენაში არ შეგიშლით. მაშ მისმინეთ! ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმე უჩვეულო შემთხვევას თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ეს ავადმყოფობა შეგეყრებოდათ? კარგად დაფიქრდით.

– მეტისმეტად მძიმედ ვარ ავად და ფიქრის თავი არა მაქვს.

– მაშინ მე დაგეხმარებით. ფოსტით ხომ არაფერი მიგიღიათ? – მაგალითად, კოლოფი.

– მე მგონი, ჩემი აღსასრულის წამები დადგა… – გმინავდა ჰოლმსი.

– მომისმინეთ, ჰოლმს! – ჩანდა, ეს ჯუჯა ლოგინში მწოლ ჰოლმსს ანჯღრევდა. მე მოუთმენლობამ შემიპყრო და მიჭირდა საფარში გაჩერება.

– თქვენ უნდა გამიგონოთ! გახსოვთ კოლოფი სპილოს ძვლისა? თქვენ ის ოთხშაბათს მიიღეთ. თქვენ ის გააღეთ... გახსოვთ?

– დიახ, დიახ, იქ იყო რაღაც მახვილი ზამბარა. რაღაც ხუმრობა...

– ის რომ ხუმრობა არ გახლავთ, ამაში მალე დარწმუნდებით. რაც შეგემთხვათ, თქვენს თავს დააბრალეთ, ბრიყვო. რატომ გადამიდექით გზაზე? ის თქვენი ახირება რომ არა, თქვენ არაფერს დაგიშავებდით.

– მომაგონდა! – ჰოლმსი იხრჩობოდა. – ზამბარა! ხელი გავიკაწრე, სისხლი დამედინა. აი, ის კოლოფი, მაგიდაზეა.

– სწორედ ისაა! ახლა ჩემს ჯიბეში ჩაეშვება, ჩასრიალდება და გაქრება. ამრიგად, ჩემ წინააღმდეგ არც ერთი სამხილი აღარ დაგრჩებათ. აბა, ჰოლმს, ახლა სიმართლე იცით და შეგიძლიათ, მოკვდეთ იმ შეგნებით, რომ ბოლო მე მოგიღეთ. თქვენ მეტისმეტად ბევრი რამ იცოდით ვიქტორ სევეჯის სიკვდილზე, ამიტომ გაგხადეთ მისი ბედის ზიარი. თქვენ ძალიან მალე მოკვდებით, ჰოლმს. მე აქ დავჯდები და დაველოდები, როგორ ამოგხდებათ სული. ჰოლმსის ხმა ლამის მიწყდა. ჩურჩულიც ძლივს ისმოდა.

– რა ვქნა? – ჰკითხა სმითმა. – სინათლეს მოვუმატო? ლანდები უკვე გამოჩნდნენ? ჰო, გადავატრიალებ გაზის ასაწევ-დასაწევს, რომ უკეთ დაგინახოთ.

ოთახი გადაკვეთა და უეცრად შუქმა ოთახი გააჩახჩახა. – კიდევ ხომ არ აღმოგიჩინოთ რაიმე დახმარება, ჩემო ძვირფასო მეგობარო?

– ცეცხლი და სიგარეტი.

სიხარულით კინაღამ შევყვირე. ჰოლმსი თავისი ჩვეულებრივი ხმით ლაპარაკობდა. მართალია, ცოტა მისუსტებულით, მაგრამ მე ხომ ვცნობდი მის ხმას. ამას მოჰყვა გრძელი პაუზა და მე ვიგრძენი, რომ კელვერტონ სმითი უხმო გაოცებით დასცქეროდა ჰოლმსს.

– რას ნიშნავს ეს? – ჰკითხა ბოლოს მშრალი, მკაფიო ხმით.

– იმისთვის, რომ კარგად შეასრულო როლი, უნდა გაითავისო, შეისისხლხორცო ის. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ სამი დღეა არაფერი მიჭამია და არაფერი დამილევია, სანამ თქვენ არ მომაწოდეთ ჭიქა წყალი თავაზიანად, მაგრამ ყველაზე ძნელი მოწევაზე ხელის აღება ყოფილა. სიგარეტიც აქაა! – მე გავიგონე ასანთის გაკვრა-გატკაცუნების ხმა. – აი, ერთბაშად უკეთ გავხდი. ოჰო, მგონი, ჩემი მეგობრის ნაბიჯის ხმაც შემომესმა! გარედან მართლაც მოისმა ნაბიჯების ხმა, კარი გაიღო და ზღურბლზე ინსპექტორი მორტონი გამოჩნდა.

– ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ შეიპყროთ, – თქვა ჰოლმსმა.

– თქვენ დაპატიმრებული ხართ ვიქტორ სევეჯის მკვლელობის გამო! – მიუბრუნდა ინსპექტორი ჯუჯას.

– და შეგიძლიათ, დაუმატოთ, შერლოკ ჰოლმსის მკვლელობის ცდისათვის! – დაუმატა ჩემმა მეგობარმა სიცილით, – ავადმყოფი რომ ზედმეტად არ შეეწუხებინა, – მიმართა ინსპექტორს ჰოლმსმა, – კელვერტონ სმითმა თვითონვე მოგცათ ნიშანი, სინათლეს რომ აუწია. სხვათა შორის, პატიმარს პიჯაკის მარჯვენა ჯიბეში ერთი პატარა კოლოფი უდევს. ის უნდა ნივთმტკიცებად დავიტოვოთ, მაგრამ ამის ნივთებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. დადეთ კოლოფი მაგიდაზე, სასამართლოში გამოგვადგება. უცებ უეცარი ნახტომის ხმა შემომესმა, რასაც თან ბღლაძუნისა და რკინის ჩხარუნის ხმები ახლდა. მერე ტკივილისაგან გამწარებული კაცის შეძახილიც გავიგონე.

– მხოლოდ თავს დაისახიჩრებთ, – უთხრა ინსპექტორმა. – იდექით მშვიდად!

– ეს ხომ მახეა! – შესძახა წრიპინა ხმით კაცუნამ. – საბრალდებო სკამზე მე კი არა, თქვენ დაგსვამენ, ჰოლმს. გამომიძახა, მიმკურნალეო, მეც ვეახელი, ახლა, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ რაღაც სისულელეებს ვროშავდი, რაც თვითონვე მოიგონა თავისი გიჟური ეჭვების დასადასტურებლად. რამდენიც გენებოთ, იმდენი იცრუეთ, ჰოლმს.

ჩემს სიტყვებს თქვენსაზე არანაკლები წონა და გასავალი ექნება.

– ღმერთო ჩემო! – შესძახა ჰოლმსმა. – მე ხომ სულ გადამავიწყდა ჩემი მეგობარი, – ძვირფასო უოთსონ, ათას ბოდიშს გიხდით. წარმოგიდგენიათ? როგორ გამომრჩა მხედველობიდან, რომ თქვენ ამ ამბების თვალით მხილველი ბრძანდებით და ყველაფერი თქვენი საკუთარი ყურით მოისმინეთ. კელვერტონ სმითს აღარ გაგაცნობთ, კარგად იცით, დღეს უკვე ნახეთ, კები გაქვთ, ინსპექტორო? უკან გამოგყვებით, როგორც კი ჩავიცვამ, ალბათ, დავჭირდები პოლიციას.

ჩაცმისას ჰოლმსმა რამდენიმე ნამცხვარი შეჭამა და ჭიქა კლარეტით წყურვილი მოიკლა.

– ასეთი კმაყოფილებით არც არასოდეს მიჭამია და არც მისვამს, – თქვა მან, – თუმცა ჩემი ცხოვრების წესი რაიმე განსაკუთრებული წესრიგით არ გამოირჩევა და ასეთი საგმირო საქმეების ჩადენა ჩემთვის უფრო იოლია, ვიდრე სხვებისათვის. აუცილებელი იყო, მისის ჰადსონს ერწმუნა ჩემი ავადმყოფობა, რადგან ეს ახალი ამბავი მას უნდა ეუწყებინა თქვენთვის, უოთსონ, თქვენ კი, თქვენის მხრივ, მისტერ სმითი უნდა დაგერწმუნებინათ. ხომ არაფერი გეწყინათ, უოთსონ? თქვენ ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ, მაგრამ აღიარეთ, რომ ავადმყოფის როლის შესრულება ჩემსავით არ შეგიძლიათ. თქვენ რომ ჩემი საიდუმლო წინასწარ გცოდნოდათ, ვერასოდეს დაარწმუნებდით მისტერ სმითს, რომ საჭირო იყო მისი ჩემთან მოსვლა. ხოლო მისი მოსვლა ჩემი გეგმის მთავარი ნაწილი იყო. ვიცოდი მისი შურისმაძიებლური ხასიათი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა, რათა თავისი წინასწარგანზრახული მოქმედების დანაშაულებრივი შედეგი თავისი თვალით ეხილა.

– მაგრამ თქვენი გარეგნობა, ჰოლმს, სიკვდილის მაუწყებელი ფერი და დამჭკნარი სახე?

– სამი დღის სრული მარხვა ადამიანს უცებ ახდუნებს. დანარჩენს კაცი იოლად მოახერხებს, ცოტაოდენი ვაზელინი შუბლზე, ბელადონას წვეთები თვალში, ფერუმარილი ღაწვებზე, ცვილის თხელი ფენა ტუჩებზე – ყველაფერ ამით სრულიად დამაკმაყოფილებელი ეფექტის მიღწევა შეიძლება. სნეულებით სიმულაციას, ალბათ, ერთ კარგ მონოგრაფიას მივუძღვნი. ხოლო ბოდვა ხამანწკებზე, ნახევარკრონიანებსა და სხვა საგნებზე, რომელთაც საქმესთან კავშირი არა აქვთ, ისეთ ჩინებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ვითომ მართლა ბოდავ, ხომ ასეა, უოთსონ?

– მაგრამ რატომ არ მიმიშვით ახლოს, როცა არავითარი გადამდები ავადმყოფობა არ გჭირდათ.

– ამას როგორ მეკითხებით, ძვირფასო უოთსონ! თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ თქვენს სამედიცინო ცოდნას არ ვაფასებდე? განა შემეძლო, იმის იმედი მქონოდა, რომ თქვენს გამოცდილ თვალს შეუმჩნეველი დარჩებოდა მომაკვდავი კაცის მაჯისა და ტემპერატურის უცვლელობა? ხოლო თუ ჩემს ავადმყოფობას ვერ დაგაჯერებდით, მაშინ სმითს ვინ მომიყვანდა? იმ კოლოფს კი თუ გვერდიდან შეხედავთ, ნახვრეტს აშკარად შეამჩნევთ. კოლოფს რომ გააღებთ, იმ ნახვრეტიდან ზამბარა ისარს გამოახტუნებს და გველივით დაგგესლავთ. ეტყობა, რაღაც ამნაირი მოწყობილობით იქნა მოკლული საბრალო სევეჯი, რომელიც ამ ურჩხულსა და სამემკვიდრო ქონებას შორის იდგა. თქვენ კარგად იცით, რომ ძალზე მრავალფეროვან კორესპონდენციებს ვიღებ და უკვე მივეჩვიე საფრთხეს. ყოველ უცნაურ ამანათს ეჭვით ვუყურებ. მე წინასწარ ვვარაუდობდი, თუ სმითს დავარწმუნებდი, რომ მისი ბოროტი განზრახვა წარმატებით დაგვირგვინდა, აღსარებას იტყოდა და ყველაფერს ამოღერღავდა. ჩემი მოგონილი სნეულება კი ისე გავითამაშე, როგორც ნამდვილმა არტისტმა. თქვენი დიდად მადლობელი ვარ, უოთსონ, ახლა კი დამეხმარეთ, პალტო ჩავიცვა. როცა პოლიციაში საქმეს მოვრჩებით, ვფიქრობ, არ გვაწყენდა, თუ დასანაყრებლად სიმპსონთან შევივლიდით.

დასასრული

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა