რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 07.05, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-16 (1164)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– ვწუხვარ… ჩემს თავში სრული სიცარიელეა. ვერ ვიხსენებ, რას ვაკეთებდი იმ დღეს, – თქვა მან, – სამაგიეროდ, დანამდვილებით ვიცი, რა არ გამიკეთებია. არავინ მომიკლავს და გვამი სარკოფაგში არ დამიმალავს. სედრიკს მყარი ალიბი აქვს – იბიცაზე იმყოფებოდა. ჰაროლდი ყველაფერს – საქმიან შეხვედრებსა თუ ოფიციალურ სადილებს მდივანთან გადაამოწმებდა, რომელიც მათ აღნუსხავს. მხოლოდ მე ვარ უალიბოდ. უკვე გითხარით, რომ ხალხს არ ვკლავ. აბა, დაფიქრდით: რატომ უნდა მომეკლა უცნობი ქალი, თუნდაც ის ედმუნდის ქვრივი ყოფილიყო? მამას ვაიძულებდით, ჯიბეზე ხელი გაეკრა, ქალისთვის სარჩო დაენიშნა, ბიჭი კი კარგ სკოლაში შეეყვანა. მამა, ცხადია, გაცოფდებოდა, მაგრამ უარს ვერ იტყოდა… ვწუხვარ, რომ ვერაფრით დაგეხმარეთ.

გარეთ გამოვიდნენ, თუ არა სერჟანტი აღელდა.

– მომისმინეთ, სერ, რაღაც უნდა გითხრათ! ის ყმაწვილი... სულ ვფიქრობდი, რომ სადღაც მყავდა ნანახი. მომაგონდა. დიკი როჯერსის (დიკი როჯერსი – მეთაური ქურდებისა და თაღლითების ცნობილი ბანდისა, რომელიც ინგლისში მეოცე საუკუნის 50–იან წლებში მოქმედებდა) საქმეში იყო გახვეული. მის წინააღმდეგ სამხილი ვერ მოიპოვეს – თავი დაიძვრინა, ძალიან მოხერხებულია. სოჰოშიც აკვარახჭინებდა რაღაც საქმეებს. გემახსოვრებათ საათებისა და იტალიური სოვერენების ამბავი.

ახლა კი მიხვდა კრედოკი, რატომ ეცნო თავიდანვე ალფრედის სახე. მისი საქმიანობა ბევრ ეჭვს ბადებდა, თუმცა ვერაფერს უმტკიცებდნენ – ალფრედი ყოველთვის კანონიერების ზღვარზე მოქმედებდა, თანაც საკუთარ თავს ოსტატურად წარმოაჩენდა გულუბრყვილო ადამიანად.

– არა მგონია, მკვლელი იყოს. მაგრამ რაღაცას მივხვდი. მაგალითად, იმას, თუ რატომ იქცეოდა ასე და რატომ არ ისურვა ალიბის შექმნა. კიდევ უნდა წაიმუშაოთ, უეთეროლ.

როდესაც თავის კაბინეტში შევიდა, კრედოკი უკმაყოფილო სახით მიუჯდა მაგიდას, ბლოკნოტი გადაშალა და წერას შეუდგა: „მკვლელი – მაღალი, მუქთმიანი მამაკაცი!!!

მსხვერპლი? შესაძლოა, მარტინაა, ედმუნდ კრეკენტორპის მეგობარი ან ქვრივი. ან შესაძლოა, ანა სტრავინსკა. სწორედ იმ პერიოდში წავიდა დასიდან. ასაკით, გარეგნობითა და ტანსაცმლით – ემთხვევა“. კრედოკმა. შუბლი შეიჭმუხნა და შექმნილ ვითარებაზე დაფიქრდა: „გამოძიების საქმეში წინ ვერ წავიწევთ, სანამ მოტივს ვერ მივაგნებთ“.

მედისონროუდის ოთხ ნომერში მის მარპლთან მისულ ინსპექტორ კრედოკს ლუსი აილსბეროუ დახვდა.

– უკვე გითხარით, ლუსი, რომ ინსპექტორს ადრეც შევხვედრივარ, – თქვა მის მარპლმა, – სერ ჰენრი ქლითერინგი მისი ნათლია და ჩემი ძველი მეგობარია.

– თუ იმ ადამიანს შეხვდებით, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, მაშინვე მიხვდებით, რომ ის დამნაშავეა? – ჰკითხა ლუსიმ.

– ისეთ სერიოზულ საკითხში, როგორიც მკვლელობაა, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა ცოტაა.

მის მარპლს თვალები აუკიაფდა.

– უნდა გითხრათ, ლუსი, რომ პირნათლად შეასრულეთ ჩვენ შორის დადებული კონტრაქტი. და თუ მართლა გინდათ საზღვარგარეთ დასვენება, სანამ ახალ ადგილას დაიწყებდეთ მუშაობას, ამას კიდევ მოასწრებთ.

– როგორ? რეზერფორდჰოლი მივატოვო? არასოდეს! ახლა ნამდვილი მაძებარი ვარ, იმ ბიჭებივით აზარტული. ისინი მთელ დროს სამხილების ძებნაში ატარებენ. გუშინ ნაგვის ურნები გადააქოთეს. საინტერესოა, რომ თვითონაც არ იციან, რას ეძებენ.

– ამჟამად ვინ არის იქ? – იკითხა კრედოკმა.

– სედრიკი. ბრაიანი უიქენდზე ჩამოვიდა. ხვალ ჰაროლდი და ალფრედი ჩამოვლენ. ამ დილით დარეკეს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ინსპექტორო კრედოკ, რომ თქვენ მტრედებთან კატა შეუშვით.

კრედოკს გაეღიმა.

– დიახ, ცოტა შევაფუცხუნე. ვთხოვე, გაეხსენებინათ, რას აკეთებდნენ პარასკევს, ოც დეკემბერს.

ინსპექტორმა საათს დახედა, – ახლა რეზერფორდჰოლში მივდივარ, სედრიკს უნდა დაველაპარაკო, თუმცა კარგი იქნებოდა, ჯერ დოქტორ ქუიმპერს გავსაუბრებოდი. ერთ საკითხზე მაინტერესებს თქვენი აზრი, მის აილსბეროუ. ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს მარტინასთან დაკავშირებული ამბავი?

– ყველა საშინლად გაბრაზდა. ჰაროლდი და ალფრედი ფიქრობენ, რომ ეს ვიღაც თაღლითის ნამოქმედარია. სედრიკი იზიარებს აზრს, რომ ეს თაღლითობაა, თუმცა გულგრილობას ინარჩუნებს. ბრაიანს კი ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მარტინაა. ასეთი ადამიანია. ყოველთვის ყველაფერს იჯერებს. მიაჩნია, რომ ეს ედმუნდის ცოლია, უფრო სწორად – ქვრივი, რომელსაც მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნება მოუხდა, თუმცა კვლავ აუცილებლად შეახსენებს მათ თავს.

– თქვენ ლამაზი ქალიშვილი ხართ, – განაგრძობდა მის მარპლი ლუსის შეფასებას, – ვფიქრობ, ისინი ყურადღებას არ გაკლებენ, ასე არაა?

ლუსი წამოწითლდა.. და მან მოხუცი მისტერ კრეკენტორპის შესახებ უამბო, რომელმაც, განსაზღვრული პირობებით, მას ქორწინებაზე მიანიშნა. – კაცმა რომ თქვას, ყველა მათგანი თავისებურად ცდილობდა ჩემი გულის მონადირებას. ჰაროლდი ძალზე კორექტული იყო – სიტიში ხელსაყრელ სამუშაოს მთავაზობდა. არა მგონია, ასეთი მომხიბლავი ვიყო. როგორც ჩანს, ჰგონიათ, რომ მათ შესახებ რაღაც ვიცი.

ინსპექტორმა კრედოკმა მისი მხიარულება არ გაიზიარა. – ფრთხილად იყავით, – უთხრა მან, – ეს კურკური და ლაციცი იმით არ დასრულდეს, რომ სიცოცხლეს გამოგასალმონ.

– მკვლელობა თამაში არაა, – თქვა მის მარპლმა.

კრედოკმა ჩაფიქრებული სახით შეხედა.

– მითხარით, მის მარპლ, – თქვა მან, – თქვენ ხომ არ გჯერათ, რომ უცნობი ქალი უცნობმა მამაკაცმა მოკლა? ამას რეზერფორდჰოლს უკავშირებთ, არა?

– დიახ, ვფიქრობ, რაღაც კავშირი აუცილებლად არსებობს.

– ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით მკვლელობის შესახებ… მაღალი და მუქთმიანი – რეზერფორდჰოლში სამი მამაკაცია მაღალი და მუქთმიანი. – კრედოკმა ამოიოხრა, – ერთი სიტყვით, ყველაფერი ძალზე რთულადაა.

– საინტერესოა, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მის მარპლმა, – ზოგჯერ მეჩვენება, რომ, პირიქით, ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ნამდვილი მიზეზი, ჩვეულებრივ, ძალზე უბრალოა… ვთქვათ, ანგარება.

– მარტინას სიკვდილი ვერაფრით დაეხმარება ვერც ჰაროლდს და ვერც დანარჩენებს. სანამ… – სანამ ლუთერ კრეკენტორპი ცოცხალია. ასეა. ეს აზრი მეც მომივიდა თავში. მისტერ კრეკენტორპ-უფროსი კი, როგორც ექიმი ამბობს, გაცილებით ჯანმრთელია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.

– ის კიდევ დიდხანს იცოცხლებს, – თქვა ლუსიმ და მოიღუშა. მაგრამ შობის დღესასწაულზე ცუდად გახდა. ამის გამო ექიმს ერთი ამბავი აუტეხავს. „კაცი იფიქრებდა, რომ მომწამლეს” – ეს მისი სიტყვებია. ქალიშვილმა კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო კრედოკს.

– დიახ, – თქვა ინსპექტორმა, – მეც სწორედ ამის შესახებ მინდა დოქტორ ქუიმპერთან გასაუბრება.

ინსპექტორ კრედოკს რამდენიმე წუთი მოცდა მოუწია, სანამ ქუიმპერი პაციენტების საღამოს მიღებას დაამთავრებდა. ბოლოს მასთან გამოვიდა. დაღლილი და დათრგუნვილი ჩანდა.

– ჩემი ნახვა რისთვის დაგჭირდათ?

– მადლობის თქმა მინდოდა იმისთვის, რომ მის კრეკენტორპს ჩემთან მოსვლა და იმ წერილის ჩვენება ურჩიეთ, რომელიც ვითომდა მისი ძმის ქვრივმა გამოგზავნა.

– გასაგებია. სიმართლე თუ გნებავთ, მისთვის არაფერი მირჩევია. თვითონ სურდა ამის გაკეთება. ძალიან წუხდა. მისი ძვირფასი უმცროსი ძმები კი, ცხადია, მის გადარწმუნებას ცდილობდნენ. ალბათ, ეშინოდათ, ის ქალი ნამდვილი მარტინა არ აღმოჩენილიყო.

– თქვენი აზრით, წერილი მართლა მარტინამ დაწერა?

– ჩემთვის წერილი არ უჩვენებიათ. ვფიქრობ, მოხერხებული ქალის გაკეთებულია. როგორც ჩანს, ზოგიერთი ფაქტი იცოდა და ბედი სცადა.

– როგორც ვიცი, – დაიწყო კრედოკმა, – არცთუ დიდი ხნის წინ, შობის დღესასწაულზე, მისტერ კრეკენტორპმა სერიოზულად იავადმყოფა.

ექიმს სახე შეეცვალა – გაუმკაცრდა.

– დიახ. – კუჭის მოქმედების დარღვევასთან დაკავშირებით?

– ცოტა უცნაური ხომ არ არის? მისტერ კრეკენტორპი საკუთარი ჯანმრთელობით ტრაბახობდა, ირწმუნებოდა, რომ ოჯახის წევრების უმრავლესობაზე დიდხანს იცოცხლებდა. თქვენც გადმოგწვდათ, ექიმო… ხაზი გაუსვა, რომ ათასგვარ შეკითხვას უსვამდით. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცამ მისი მოწამვლა სცადა. გაგიჩნდათ მსგავსი ეჭვი?

ქუიმპერი პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. წამოდგა, ოთახში გაიარ–გამოიარა. ბოლოს კრედოკისკენ შეტრიალდა.

– რისი მოსმენა გსურთ, დალახვროს ეშმაკმა? ნუთუ გგონიათ, რომ ექიმს შეუძლია, მტკიცებულების გარეშე მსგავსი ბრალდება გამოთქვას?

– მხოლოდ იმის გაგება მსურს – ცხადია, არაოფიციალურად, – თავში მსგავსი აზრი თუ მოგივიდათ?

– მოხუცი კრეკენტორპი, ჩვეულებრივ, ძალიან ცოტას ჭამს. როდესაც შინ მთელი ოჯახი იკრიბება, ემა ყველას გულუხვად უმასპინძლდება. შედეგად, გასტროენტერიტის მწვავე შეტევა დაემართა. სიმპტომები ამ დიაგნოზთან თავსებადია.

– არაფერს გაუოცებიხართ?

– კარგი. დიახ, გავოცდი! დაკმაყოფილდით? გასტრიტი, ცხადია, სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმპტომები დარიშხანით მოწამვლაზე უფრო მიანიშნებდა. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი