რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№16

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 30.04, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-15 (1163)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

მადამ ჟოლიემ მეტი არაფერი იცოდა. როდესაც მას საპუდრე უჩვენეს, თქვა, რომ ანას ასეთი ჰქონდა, ისევე, როგორც დასის ბევრ სხვა წევრს. ბეწვის ქურქი კი, შესაძლოა, ლონდონში შეიძინა, მაგრამ მის შესახებ ვერაფერს იტყოდა. მხოლოდ ერთადერთი ფაქტი დადგინდა: 19 დეკემბერს ანა სტრავინსკამ გადაწყვიტა, საფრანგეთში არ დაბრუნებულიყო, ერთი დღის შემდეგ კი, 20 დეკემბერს, ქალი, რომელიც მას ჰგავდა, 16:33–ზე მიმავალი მატარებლით ბრეკჰემპტონში გაემგზავრა, სადაც ვიღაცამ დაახრჩო. თუ სარკოფაგში ანა სტრავინსკა არ იწვა, სად იყო ახლა იგი? ამ კითხვაზე მადამ ჟოლიეს მარტივი პასუხი ჰქონდა გამზადებული – რომელიღაც მამაკაცთან ერთად!

დესანი და კრედოკი ერთმანეთს დაემშვიდობნენ. უკან დაბრუნებულ კრედოკს უკვე ელოდა სერჟანტი უეთეროლი.

– თქვენ მიერ მოცემულ მისამართზე, სარეგისტრაციო წიგნში მარტინა კრეკენტორპი არსად ფიგურირებს. პარიზიდან თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ ანა სტრავინსკაზე გადავერთეთ. ასეთი მართლა აღმოჩნდა – სხვა მოცეკვავეებთან უცხოვრია ბრუქგრინის სიახლოვეს მდებარე იაფფასიან სასტუმროში. კრედოკმა თავი დაუქნია და სხვა მიმართულებებითაც ურჩია ძებნის გაგრძელება, ცოტა რომ დაფიქრდა, საადვოკატო ფირმა „უიმბორნი, ჰენდერსონი და კარსტერსში“ , დარეკა და მისტერ უიმბორნთან შეხვედრა მოითხოვა.

დამტვერილი ქაღალდების დასტებით დაფარულ მაგიდასთან მისტერ უიმბორნი იჯდა. კედლების გასწვრივ ყუთები ეწყო, რომლებზეც აკურატულად მიემაგრებინათ იარლიყები.

– რით შემიძლია თქვენი დახმარება, ინსპექტორო?

– წერილთან დაკავშირებით გეახელით, – მიუგო კრედოკმა და მარტინას ბარათი მაგიდაზე დაუდო. მისტერ უიმბორნი თითით, უკმაყოფილო სახით შეეხო მას, მაგრამ ხელში არ აუღია.

– დიახ, დიახ, – თქვა მან, – მართალს ბრძანებთ, გუშინ დილით წერილი მივიღე მის ემა კრეკენტორპისგან, რომელშიც სკოტლენდიარდში თავისი ვიზიტისა და… ასე ვთქვათ, სხვა დეტალების შესახებ მიამბო. გამოგიტყდებით, ვერ გამიგია, მიკვირს, რატომ მაშინვე არ შემატყობინეს ამ წერილის შესახებ. აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი ედმუნდის ქორწინებასთან დაკავშირებით, – თქვა მისტერ უიმბორნმა შეურაცხყოფილი კაცის კილოთი, – ძალზე მაეჭვებს წერილთან დაკავშირებული ეს ამბავი. ამდენი წლის შემდეგ ქალი აცხადებს, რომ კანონიერი ცოლი და კანონიერად გაჩენილი ვაჟიშვილის დედაა. ძალზე საეჭვოა. საინტერესოა, რა მტკიცებულებებს ფლობს?

– ეს მეც მაინტერესებს, – მიუგო კრედოკმა, – რაზე შეუძლიათ პრეტენზიის გაცხადება მასა და მის შვილს?

– ვფიქრობ, იმის იმედი ჰქონდა, რომ კრეკენტორპები ორივეს შეინახავდნენ. მაგრამ თუ დაამტკიცებს, რომ მისი ვაჟი ედმუნდ კრეკენტორპის კანონიერი შვილია, როგორც ლუთერ კრეკენტორპის უფროსი ვაჟის შვილს, რეზერფორდჰოლიც საკუთრებაში გადაეცემა.

– ამჟამინდელ მემკვიდრეთაგან ვის უჭირავს თვალი რეზერფორდჰოლზე?

– იქ ცხოვრების მიზნით? ცხადია, არც ერთს. მაგრამ იმ მამულს, ძვირფასო ინსპექტორო, დიდი ფასი ადევს, ძალიან დიდი! სამრეწველო და სამშენებლო კუთხით. ის ხომ ბრეკჰემპტონის ცენტრია. ძალზე მნიშველოვანი მემკვიდრეობაა.

– თქვით, რომ ლუთერ კრეკენტორპის გარდაცვალების შემდეგ მამული სედრიკის ხელში გადავა. ასეა?

– დიახ, ვინაიდან უძრავი ქონება მემკვიდრეობის გადაცემის მომენტში ცოცხალი ვაჟიშვილებიდან უფროსს ეკუთვნის.

– როგორც მითხრეს, სედრიკ კრეკენტორპი ფულისადმი საკმაოდ გულგრილია.

მისტერ უიმბორნმა ცივად შეხედა კრედოკს.

– მართლა? ალბათ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამქვეყნიური არაფერი გაეგებათ და ფული არ აინტერესებთ, მაგრამ პირადად მე ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრია. ვფიქრობ, ჰაროლდ და ალფრედ კრეკენტორპებსაც გვარიანად გააღიზიანებდათ ეს წერილი. ედმუნდ კრეკენტორპის ვაჟს – თუ ასეთის არსებობას დავუშვებთ – მთელი თანხის მეხუთედი შეხვდებოდა.

– მკვლელობისთვის საკმარისი მოტივი არაა, თუ ამას გულისხმობთ. თუმცა, როგორც ვიცი, ამჟამად ორივეს ფინანსურად საკმაოდ უჭირს, – აუღელვებლად თქვა კრედოკმა და მშვიდად გაუძლო ადვოკატის გამჭოლ მზერას.

– აჰა! მაშასადამე, პოლიცია ინფორმაციას აგროვებს? დიახ, ალფრედი მუდმივად „მეჩეჩზეა“. ზოგჯერ ფული უჩნდება, მაგრამ – ცოტა ხნით. ჰაროლდი კი, უკვე გაიგებდით, ამჟამად საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. კატასტროფის ზღვარზეა. მაგრამ საკუთარი ძმის ქვრივის დახრჩობით ვერაფერს მიიღებდა, – თქვა მისტერ უიმბორნმა, – აი, ლუთერ კრეკენტორპს ჯერჯერობით თავს არავინ ესხმის, თუმცა სწორედ მისი სიკვდილი მოუგვარებდა პრობლემებს მის ნაშიერს. ინსპექტორო, არ დაგიმალავთ და, თქვენი აზრების მიმართულებას ვერ ჩავწვდი.

საუბედუროდ, ეს თვითონ ინსპექტორ კრედოკსაც ვერ გაეგო.

ჰაროლდ კრეკენტორპის ოფისი სიტის საქმიან კომპლექსში შემავალი ვეებერთელა შენობის მეოთხე სართულზე მდებარეობდა. შიგნით ყველაფერი თანამედროვე ბიზნესის სტილს შეესაბამებოდა და ფირმის წარმატებაზე მეტყველებდა.

უზადოდ ჩაცმული და თავდაჯერებული ჰაროლდ კრეკენტორპი უზარმაზარ, ტყავგადაკრულ საწერ მაგიდასთან იჯდა. თუკი, როგორც ინსპექტორმა იცოდა, ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, გარეგნულად ამაზე არაფერი მიანიშნებდა.

– დილა მშვიდობისა, ინსპექტორო კრედოკ. ვიმედოვნებ, თქვენი ვიზიტი იმის მაუწყებელია, რომ, როგორც იქნა, რაღაც სიახლე გაჩნდა, არა?

– სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ, მისტერ კრეკენტორპ. მხოლოდ რამდენიმე შეკითხვის დასმა მსურდა თქვენთვის.

– თუ არ ვცდები, ჩვენ ყველა შესაძლო შეკითხვაზე გიპასუხეთ.

– თუ შეიძლება, დაწვრილებით მოგვიყევით, რას აკეთებდით შარშან, ოცი დეკემბრის შუადღეს და საღამოს, დაახლოებით სამი საათიდან შუაღამემდე.

ჰაროლდ კრეკენტორპს სიბრაზისგან სახე წამოენთო.

– რა უცნაური შეკითხვაა! იქნებ ამიხსნათ, ეს რას ნიშნავს?

კრედოკმა მშვიდად გაიღიმა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ მაინტერესებს, სად იყავით პარასკევს, ოც დეკემბერს, დღის სამი საათიდან შუაღამემდე.

– ეჭვი მეპარება, რომ ვალდებული ვარ, თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ადვოკატის გარეშე.

– ეს, რასაკვირველია, თქვენი პირადი საქმეა, – მიუგო კრედოკმა, – ვალდებული არ ხართ, ჩემს ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოთ. სრული უფლება გაქვთ, ადვოკატი მოიწვიოთ, სანამ კონკრეტული საუბარი დაგვიწყია.

– ეს… ასე ვთქვათ… ერთგვარი გაფრთხილებაა?

– რას ბრძანებთ! არ იფიქროთ, რომ გამოგარჩიეთ. ასეთ შეკითხვებს ყველას ვუსვამ. ამას იმ პირთა დასადგენად ვაკეთებ, ვისაც საქმესთან კავშირი არა აქვს.

ჰაროლდმა მაგიდაზე დადგმული ერთ–ერთი ტელეფონით გადარეკა და თითქმის მაშინვე ოთახში ტანზე კარგად მომდგარ შავ კოსტიუმში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.

– ეს ჩემი მდივანია, მის ელისი, – წარადგინა ჰაროლდმა – მის ელის, ინსპექტორს აინტერესებს, რას ვაკეთებდი ოც დეკემბერს, პარასკევს. ვფიქრობ, ჩაწერილი გექნებათ. – ოჰ, დიახ, რა თქმა უნდა! – მის ელისი გავიდა, მალევე დაბრუნდა, მაგიდის კალენდარი შემოიტანა და სწრაფად გადაფურცლა. – ოცი დეკემბერი… დილას საქმიანი შეხვედრა გქონდათ მისტერ გოლდისთან, კომპანია „კრომარტისთან“ დაკავშირებით, ამას ლანჩი მოჰყვა რესტორან „ბერკლიში“, ლორდ ფორტუილთან ერთად. ოფისში სამი საათისთვის შემოიარეთ და რამდენიმე წერილი მიკარნახეთ. შემდეგ „სოთბის“ ეწვიეთ. უკან აღარ დაბრუნებულხართ, მაგრამ ჩანიშნული მაქვს, რომ საღამოს „ქეთერინგ კლუბში“ ვახშმის თაობაზე უნდა გამეფრთხილებინეთ.

– გმადლობთ, მის ელის. მის ელისი ოთახიდან გავიდა.

– ახლა ყველაფერი გამახსენდა, – თქვა ჰაროლდმა, – იმ დღეს „სოთბის“ აუქციონზე წავედი, მაგრამ ნივთი, რომელსაც თვალი დავადგი, ვაჭრობის შედეგად ძალიან გაძვირდა. ჯერმენსტრიტზე მდებარე პატარა კაფეში – თუ არ ვცდები, „რასელსი“ ჰქვია – ჩაი დავლიე. იქიდან კინოთეატრში შევიარე, სადაც ქრონიკას უჩვენებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი დავყავი და შინ წავედი. „ქეთერინგ კლუბის“ ვახშამი ქეთერერსჰოლში საღამოს რვა საათზე გაიმართა. მისი დასრულების შემდეგ შინ დავბრუნდი და დავიძინე.

– შინ როდის მიხვედით ვახშმისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად?

– ზუსტად ვერ მოგახსენებთ… ვფიქრობ, შვიდის დასაწყისში.

– როდის დაბრუნდით?

– სავარაუდოდ, თორმეტის ნახევრისთვის.

– კარი მოსამსახურემ გაგიღოთ თუ ლედი ელის კრეკენტორპმა?

– ჩემი მეუღლე, ლედი ალისა, ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, სამხრეთ საფრანგეთში. კარი საკუთარი გასაღებით გავაღე.

– მაშასადამე, ვერავინ დაადასტურებს, რომ შინ თქვენ მიერ მითითებულ დროს დაბრუნდით?

ჰაროლდმა ინსპექტორს ცივი მზერა მიაპყრო.

– ვფიქრობ, მსახურები გაიგონებდნენ, როდესაც დავბრუნდი. ისინი ცოლ-ქმარი არიან… მაგრამ, ინსპექტორო, ასეთი შეკითხვები გამაღიზიანებელია.

– მანქანა თუ გყავთ?

– დიახ, „ჰამბერჰოუკი “.

– თვითონ დაგყავთ?

– დიახ. თუმცა, არც ისე ხშირად, მხოლოდ უიქენდებზე. ჩვენს დროში ლონდონში მანქანით გადაადგილება წამებაა და მეტი არაფერი.

– მაგრამ მამასთან და დასთან სტუმრად, ალბათ, მანქანით მიდიხართ ხოლმე, არა?

– მხოლოდ მაშინ, როდესაც რეზერფორდჰოლში დიდი ხნით დარჩენას ვაპირებ. ხოლო თუ ერთი დღით, ყოველთვის მატარებლით ვმგზავრობ. შესანიშნავი მომსახურებაა, თანაც უფრო სწრაფად ჩავდივარ, ვიდრე მანქანით. სადგურზე კი ჩემი დის გამოგზავნილი ტაქსი მელოდება ხოლმე.

– ჯერჯერობით სულ ესაა, – ღიმილით მიუგო ინსპექტორმა და დასამშვიდობებლად წამოდგა, – ვწუხვარ, რომ თქვენი შეწუხება მომიხდა.

როდესაც გავიდნენ, სერჟანტმა უეთეროლმა, რომელსაც ჩვევად ჰქონდა, ყველა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილად შეერაცხა, მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა:

– თქვენი შეკითხვები არ მოეწონა… ახლა მთავარია, გავარკვიოთ, ვინ ნახა ჰაროლდ კრეკენტორპი აუქციონზე და კაფეში, სადაც ჩაის დასალევად შეიარა. მას თავისუფლად შეეძლო, ჩამჯდარიყო მატარებელში, რომელიც 16:33-ზე გადის, დაეხრჩო ქალი, ფანჯრიდან გადაეგდო და შემხვედრი მატარებლით ლონდონში ვახშამზე წასვლაც მოესწრო; ღამით კვლავ გამგზავრებულიყო და გვამი ფარდულში გადაეტანა. ახლა კი მისი ძმის, ალფრედის რიგია.

... ალფრედ კრეკენტორპი უესტჰემფსტედის რაიონში დაბინავებულიყო, დიდ თანამედროვე სახლში. მოზრდილი ეზო ჰქონდა, სადაც იქ მცხოვრებთ მანქანის დაყენება შეეძლოთ. ალფრედ კრეკენტორპი მოსულებს გულთბილად შეხვდა, მაგრამ ინსპექტორს მოეჩვენა, რომ ცოტათი ნერვიულობდა.

– სასმელს ხომ არ ინებებთ, ინსპექტორო? მან მაცდურად ასწია მრავალრიცხოვან ბოთლთაგან ერთ-ერთი.

– არა, გმადლობთ, მისტერ კრეკენტორპ.

ინსპექტორმა კრედოკმა თავისი „საფირმო “ შეკითხვა დაუსვა.

– რას ვაკეთებდი ოცი დეკემბრის შუადღისას და საღამოს? – გაიმეორა ალფრედმა.

– აბა, რა ვიცი? ეს ხომ… სამი კვირის წინ მოხდა.

– თქვენმა ძმამ, ჰაროლდმა, ყველაფერი ზუსტად გაიხსენა.

– ძმა ჰაროლდს ეს შეუძლია, ძმა ალფრედს – არა. ის ყველაფრისთვის პოულობს დროს და ყველაფერს დროულად აკეთებს. მას რომ, ვთქვათ, მკვლელობის ჩადენა დასჭირვებოდა, საგულდაგულოდ დაგეგმავდა და მოამზადებდა.

– უჩვეულო მაგალითი მოიყვანეთ. ამის განსაკუთრებული საფუძველი ხომ არ გაქვთ?

– არა, არა, მხოლოდ ის ვთქვი, რაც უეცრად თავში მომივიდა. როგორც გითხარით, თარიღსა და ადგილმდებარეობას ცუდად ვიმახსოვრებ. ვიცი, შობას სადაც ვიყავი – ამ დღეს ბრეკჰემპტონში მამასთან ვიკრიბებით ხოლმე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რისთვის გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ სად ვიყავი რომელიღაც პარასკევს თითქმის ერთი თვის წინ?

– მაშასადამე, გახსოვთ, რომ პარასკევი იყო?

– ეს თვითონ მითხარით. როგორც ჩანს, როდესაც შეიტყვეთ იმ ქალის შესახებ… ასეა? შეცდომაში არ შეგიყვანოთ ჩემი დის, ემას უცნაურმა თეორიამ იმის შესახებ, თითქოს ის ქალი ედმუნდის ქვრივი იყო. სისულელეა! სულაც არ გამიკვირდებოდა, ქალს მისთვის ფულის დაცინცვლა რომ მოენდომებინა. ოჯახში ყველაზე გულკეთილი ემაა, ჰაროლდი ჩვენი მოხუცივით ძუნწია. მაგრამ ემა არც ისე მიმნდობია. იგი არ გამორიცხავდა, რომ წერილი ვიღაც თაღლით ქალს დაეწერა. ამიტომაც გადაწყვიტა, მასთან შესახვედრად მთელი ოჯახი და გამოცდილი ადვოკატი მოეწვია.

– კონკრეტული თარიღი შეარჩიეთ?

– თუ არ ვცდები, შობის დღესასწაულიდან მალევე უნდა შევხვედროდით… ოცდაშვიდში…

– აი, ხომ ხედავთ, – თავაზიანად უთხრა კრედოკმა, – უკვე ზოგიერთი თარიღიც გახსენდებათ. იქნებ ის მაინც გაიხსენოთ, ოც დეკემბერს რას აკეთებდით?

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი