რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№9

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 12.03, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7-8 (1156)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

– ის სავსებით მაკმაყოფილებს, – თქვა ლუსიმ, – საქმე ისაა, რომ ბრეკჰემპტონის გარეუბანში ვეძებ ადგილს. ჩემს მოხუცებულ დეიდას ჯანმრთელობა გაუუარესდა და მინდა, მის სიახლოვეს ვიყო. ამიტომ ახლა ჩემთვის ფული მთავარი არაა. უმოქმედოდ ვერ ვიქნები. მექნება თუ არა თავისუფალი დრო?

– ოჰ, რასაკვირველია. ყოველდღე, ლანჩიდან საღამოს ექვს საათამდე, – მის კრეკენტორპი ცოტათი შეყოყმანდა, – მამაჩემი ხანში შესული კაცია, საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. ძალზე ხელმომჭირნეა და ზოგჯერ შეიძლება, კაცს სრულიად უმიზეზოდ აწყენინოს.

– ხანდაზმულებთან ურთიერთობას მიჩვეული ვარ, – გააწყვეტინა ლუსიმ, – ყოველთვის ვახერხებ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას, ყველაზე ჭირვეულებისაც კი.

ემა კრეკენტორპმა შვებით ამოისუნთქა და ჯერ მისთვის განკუთვნილი, საკმაოდ დიდი, თუმცა პირქუში საძინებელი უჩვენა, შემდეგ კი მთელი სახლი დაათვალიერებინა. როდესაც ჰოლში ერთ–ერთ ოთახს ჩაუარეს, იქიდან ვიღაცის ღრიალი გაისმა:

– ეს შენ ხარ, ემა? ახალი ქალიშვილიც მანდ არის? აქ მომიყვანე, რომ კარგად შევათვალიერო. ემა წამოწითლდა და ლუსის ბოდიშის გამომხატველი მზერა მიაპყრო. ისინი ოთახში შევიდნენ. კედლებზე ძვირფასი ხავერდი გაეკრათ, ყველგან წითელი ხისგან დამზადებული მძიმე, ვიქტორიის სტილის ავეჯი მოჩანდა. მოხუცი მისტერ კრეკენტორპი ინვალიდის ეტლში გაჭიმულიყო. იქვე ვერცხლისბუნიკიანი ხელჯოხი მიეყუდებინა. მაღალი და გამხდარი კაცი იყო, კანი მომჩვაროდა, წინ წამოწეული ყბებით მოჩხუბარ ბულდოგს ჰგავდა, მუქ თმაში ჭაღარა მოუჩანდა, პატარა თვალებით ეჭვიანად იყურებოდა.

– აბა, ერთი შეგხედოთ, ვინ ბრძანდებით, ახალგაზრდა ქალბატონო!

ლუსიმ მორჩილად გაუღიმა და მიუახლოვდა.

– მინდა, თავიდანვე აგიხსნათ ერთი რამ. ის, რომ დიდ სახლში ვცხოვრობთ, სულაც არ ნიშნავს, რომ მდიდრები ვართ. უთავბოლოდ ხარჯვას არ დავუშვებ. ამ სახლში იმიტომ ვცხოვრობ, რომ ის მამაჩემმა ააშენა და მე ის მომწონს. როდესაც მოვკვდები, თუ მოისურვებენ, გაყიდონ კიდეც… ირგვლივ ყველგან ჩვენი მიწაა, სახლების მშენებლობისთვის რომ გავყიდო, ოქროში ვიბანავებ, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ, ამას არ დავუშვებ.

დილით ლუსი ექვს საათზე ადგა, ოთახები მიალაგა, ბოსტნეული გაასუფთავა, საუზმე გაამზადა და მამა–შვილს მიართვა. შემდეგ მისის ქიდერთან ერთად ლოგინები გაასწორა. თერთმეტ საათზე ორივენი სამზარეულოში შევიდნენ მაგარი ჩაის დასალევად და ნამცხვრის მისაყოლებლად. მისის ქიდერი მოდუნდა და ლაპარაკის ხასიათზე დადგა.

– ის ბებერი ნამდვილი წუწურაქია! რომ იცოდეთ, რამდენს უთმენს მის კრეკენტორპი, თუმცა არც ისეთი მიამიტია, როგორიც ჩანს. თუ დასჭირდა, საკუთარი აზრის დაცვაც შეუძლია. როდესაც ჯენტლმენები ჩამოდიან, თვალი უჭირავს, რომ ჭამის საკითხი მოგვარებული იყოს... დიდი ოჯახი იყო. უფროსი, მისტერ ედმუნდი, ომში დაიღუპა. მომდევნო – მისტერ სედრიკია. ის საზღვარგარეთ ცხოვრობს, უცოლშვილოა. უცხო მხარეში მხატვრობას მისდევს. მისტერ ჰაროლდი ლონდონშია, სიტიში საკუთარი ოფისი აქვს, გრაფის ქალიშვილზე იქორწინა. მას მისტერ ალფრედი მოჰყვება. მშვენიერი კაცია, ოღონდ ცოტა თავქარიანია. ერთი–ორჯერ უსიამოვნებაში გაეხვია, მაგრამ გამოძვრა. კიდევ არის მისტერ ბრაიანი, მის ედიტის ქმარი, დიდებული ადამიანი. ცოლი რამდენიმე წლის წინ მოუკვდა, მაგრამ მაინც ოჯახთან დარჩა. ასე რომ, ოჯახის სრულფასოვანი წევრია. და კიდევ – ალექსანდრე, მის ედიტის პატარა ვაჟი. იგი სკოლაში სწავლობს, მაგრამ არდადეგებზე ყოველთვის ჩამოდის ხოლმე. მის ემამ ის ლამის სულში ჩაიძვრინოს.

ლუსი ყველაფერს გულმოდგინედ იმახსოვრებდა, თან გამუდმებით უმატებდა ჩაის თავის ინფორმატორს. შემდეგ ვერცხლეული გააპრიალა, ლანჩი მოამზადა, მაგიდა მიალაგა, ჭურჭელი გარეცხა და სამის ნახევრისთვის დაზვერვაზე წასასვლელად მოემზადა. თავდაპირველად ბაღში ყველა ბილიკი სარეველებს დაეფარა. მხოლოდ სახლთან მდებარე ყვავილნარი ტოვებდა სასიამოვნო შთაბეჭდილებას – მას აშკარად ეტყობოდა მის ემას ხელი. მოხუცებული, სმენადაქვეითებული მებაღე თავს აჩვენებდა, თითქოს მუშაობდა, სინამდვილეში კი ბევრს არაფერს აკეთებდა. ლუსი გულთბილად გამოელაპარაკა მას და გაარკვია, რომ იგი საჯინიბოების დამაკავშირებელი ეზოს გვერდით მდგარ კოტეჯში ცხოვრობდა. ამ ეზოდან პარკში ორმხრივ შემოღობილი ხეივანი გადიოდა და მიწაყრილისკენ, უფრო სწორად, რკინიგზის ხიდის თაღისკენ მიემართებოდა, რომლის ქვეშაც ვიწრო გზას უერთდებოდა. რამდენიმე წუთში ერთხელ მიწაყრილზე გრუხუნით მიქროდა მატარებელი. რკალზე შესვლამდე, უკნიდან რომ შემორტყმოდა კრეკენტორპების მამულს, სვლას ანელებდა. ლუსიმ ხიდქვეშ გაიარა და გზაზე გავიდა. ჩანდა, რომ აქ იშვიათად თუ გაივლიდა ვინმე. ერთ მხარეს რკინიგზის მიწაყრილი იყო, მეორე მხარეს – მაღალი კედელი რომელიღაც ფაბრიკის შენობებს ფარავდა. ლუსი გზას გაუყვა და მალე ქუჩას მიადგა, სადაც პატარა სახლები აეშენებინათ. აქ მთავარ ქუჩაზე მიმავალი მანქანების ყრუ ხმა ისმოდა. ლუსიმ გზა განაგრძო, სანამ ფოსტას არ მოჰკრა თვალი. ერთ შენობაში ფოსტაც მდებარეობდა და მაღაზიაც. კედელთან ტელეფონის ჯიხური იდგა. ლუსი შიგნით შევიდა, ნომერი აკრიფა და მის მარპლი იკითხა.

– ისვენებს, – უკმეხად მიუგო ვიდაც ქალმა, – ვინც გინდა მთხოვოს, მაინც არ შევაწუხებ.

– უთხარით, რომ ჩავედი, რომ ყველაფერი კარგადაა და როგორც კი სიახლე იქნება, მაშინვე შევატყობინებ. ლუსიმ ყურმილი დაკიდა და რეზერფორდჰოლში დაბრუნდა.

თავი მესამე

ლუსიმ ყვანჯებიანი ჩანთიდან, რომელიც წინდახედულად გაიყოლა, ყველაზე მსუბუქი ამოიღო და პარკში შევიდა. მან ბურთს რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა. ხუთიოდე წუთის შემდეგ განზრახ უხერხულად ნასროლი ბურთი რკინიგზის ყრილზე დაეცა. ლუსი მის მოსაძებნად გაემართა. ორი საათის განმავლობაში ყრილის მესამედის გულდასმით დათვალიერება მოახერხა. ვერაფერი აღმოაჩინა. მეორე დღეს რაღაც მნიშვნელოვანს წააწყდა. მიწაყრილის ფერდობის შუაგულში ამოზრდილი კვრინჩხის ბუჩქის ზედა ტოტები გადატეხილი იყო და იქვე ეყარა. ლუსი ბუჩქს დააკვირდა. ერთ–ერთ ეკალზე ქურქის ნაგლეჯი ეკიდა, ღია ყავისფერი. ლუსი დიდხანს მისჩერებოდა მას, შემდეგ ჯიბიდან მაკრატელი ამოიღო, ნაგლეჯს ფრთხილად მოაჭრა ნახევარი და კონვერტში შეინახა, რომელიც წინდახედულად წამოეღო თან.

ციცაბო ფერდობზე დაეშვა და ახლა ბალახი შეათვალიერა. მოეჩვენა, რომ ვიღაცის კვალს მოჰკრა თვალი, ძლივს შესამჩნევს, თუმცა არა საკუთარს. ალბათ, რაღაც დრო გავიდა, სანამ დაწოლილი ბალახი წამოიმართა და საკმაოდ გაიზარდა კიდეც. ერთი სიტყვით, ლუსი ეჭვმა შეიპყრო. გადაწყვიტა, გულდასმით დაეთვალიერებინა ადგილი გადატეხილი ბუჩქის ქვეშ. მალე მოთმინება დაუფასდა: ხშირ ბალახში რაღაც ნივთს მიაგნო. ეს ემალისსახურავიანი იაფფასიანი საპუდრე აღმოჩნდა. ლუსიმ ის ცხვირსახოცში გაახვია და ჯიბეში დამალა. ძებნა განაგრძო, მაგრამ სხვა ვერაფერი აღმოაჩინა. მომდევნო დღეს მანქანაში ჩაჯდა და „ავადმყოფი“ დეიდის სანახავად გაეშურა.

მედისონროუდის ოთხი ნომერი პატარა და უღიმღამო სახლი იყო, მაგრამ შესასვლელი კარის ბრინჯაოს სახელური სარკესავით ბზინავდა. კარი მაღალმა, პირქუში შესახედაობის მქონე, შავებში ჩაცმულმა ქალმა გააღო. მან ლუსი შინ მიიწვია, თან გამომცდელად და ეჭვიანად უმზერდა. მის მარპლს შორეული სასტუმრო ოთახი ეკავა, რომლის ფანჯრებიც კოხტა კვადრატულ ბაღს გადაჰყურებდა. ლუსი შევიდა, კარი მიხურა და მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა.

– როგორც ჩანს, მართალი იყავით, – დაიწყო მან, ნაპოვნი ნივთები ამოიღო და დაწვრილებით მოჰყვა, სად და როგორ მიაგნო. მის მარპლს ლოყებზე სიწითლემ გადაჰკრა. მან ქურქის ნაგლეჯს შეავლო ხელი.

– ელსფეთმა თქვა, რომ ქალს ღია ფერის ქურქი ეცვა. საპუდრე, როგორც ჩანს, ჯიბეში ედო და მაშინ გადმოვარდა, როდესაც სხეული ქვევით მიგორავდა. არაფრით გამოირჩევა, თუმცა, შესაძლოა, გამოგვადგეს. ეს მთელი ნაგლეჯია?

– არა, ნახევარი ბუჩქზე დავტოვე. მის მარპლმა მოწონების ნიშნად თავი დააქნია, – სწორად მოქცეულხართ. ძალიან ჭკვიანი ხართ, ჩემო კარგო. პოლიცია მოისურვებს, რომ თვითონ შეამოწმოს ყველაფერი.

– ამ ნივთების… პოლიციაში წაღებას აპირებთ?

– არა…აჯობებს, თავდაპირველად გვამი ვიპოვოთ. რას იტყვით?

– დიახ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მკვლელმა გვამი მატარებლიდან გადააგდო, თვითონ ბრეკჰემპტონში ჩავიდა. შემდეგ კი, როდესაც ჩამობნელდა, – იმავე ადგილას დაბრუნდა. გვამის დამალვა ნებისმიერ ადგილას შეეძლო.

– ნებისმიერ ადგილას ვერ დამალავდა, – არ დაეთანხმა მის მარპლი, – ვფიქრობ, აზრი ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეთ, ძვირფასო მის აილსბეროუ, იმიტომ, რომ, ასეთ შემთხვევაში, მისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა, ქალი რომელიმე უკაცრიელ ადგილას მოეკლა და გვამი მაშინვე გადაემალა.

– თქვენი აზრით, ეს წინასწარ განზრახული მკვლელობა იყო?

– თავდაპირველად, – ასე არ ვფიქრობდი. მაგრამ თვითონ იმ ადგილს ვერ მიაგნებდა და გვამს დიდი ხნის წინ აღმოაჩენდნენ. ეს ძალზე მახვილგონივრულად მოფიქრებული და საგულდაგულოდ დაგეგმილი დანაშაული იყო. მატარებლებში გაცილებით ადვილია, ასე ვთქვათ, შეუმჩნევლად მოქმედება. მატარებელი უცნობი ადამიანებითაა სავსე, რომლებიც ამოდიან და ჩადიან. საგარეუბნო მატარებელში ადვილი დასადგენია, არის თუ არა ვაგონში გარეშე პირი. დამნაშავეს შემთხვევითი მოწმეების შიში არ ექნებოდა და გაცილებით თავდაჯერებულად იმოქმედებდა. მან ყველაფერი იცოდა რეზერფორდჰოლის შესახებ. ეს ხომ რკინიგზის ხაზით გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია.

– ფაბრიკის კედლის გასწვრივ სოფლის პატარა გზა გადის. როგორც ჩანს, კაცი იქიდან მოვიდა, რკინიგზის ხიდის ქვეშ გაიარა და მამულის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. შემდეგ ღობეზე გადაძვრა და ყრილს ძირს გაუყვა. გვამს მიაგნო და მანქანაში გადაიტანა.

– არა მგონია, ამ ტერიტორიას გასცდენოდა და თუ გასცდა კიდეც, ალბათ, სულ ცოტათი. ვფიქრობ, სადმე ჩამარხა, – მის მარპლმა ლუსის კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.

– მეც ასე მგონია, – მიუგო ლუსიმ, – მაგრამ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პარკში ვერ დამარხავდა. იქ თხრა ძნელია, თანაც, ახალამოღებული მიწა ყურადღებას მიიპყრობდა. გვამის დამალვა უფრო გონივრული იქ იქნებოდა, სადაც მიწა ფხვიერია, მაგალითად, ბოსტანში, თუმცა ის მებაღის სახლთან ძალზე ახლოსაა. მართალია, მოხუცს თითქმის არაფერი ესმის, მაგრამ მაინც სარისკო იქნებოდა.

– კრეკენტორპებს ძაღლი თუ ჰყავთ? არა? თუ ასეა, მაშინ შეეძლო, გვამი ფარდულში ან რომელიმე დამხმარე სათავსში დაემალა, თანაც, გაცილებით მარტივად და სწრაფად. იქ ხომ უამრავი მიტოვებული შენობაა: ნახევრად დანგრეული საღორეები, ცხენის აღკაზმულობის შესანახი ფარდულები, სახელოსნოები, სადაც აღარავინ შედის.

ლუსი წამოდგა.

– ჩემი წასვლის დროა, – თქვა მან, – როგორც უკვე გითხარით, მათგან, ვინც ამჟამად რეზერფორდჰოლში ცხოვრობს, არავინ ჰგავს იმ ადამიანს, რომელსაც ვეძებთ. იქ მხოლოდ მოხუცი კაცი, საშუალო ასაკის ქალი და ბებერი, სმენადაქვეითებული მებაღეა.

– მე არ მითქვამს, რომ ის ადამიანი იქ უნდა ცხოვრობდეს, – მიუგო მის მარპლმა, – მხოლოდ ის ვიგულისხმე, რომ იგი შესანიშნავად იცნობს რეზერფორდჰოლს. მაგრამ ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როდესაც გვამს იპოვით. ეჭვი არ მეპარება, რომ ამას მოახერხებთ, ძვირფასო ლუსი, ძალზე მიზანდასახული ადამიანი ხართ.

მეორე დღეს ლუსი მეთოდურად შეუდგა ძებნას. შეამოწმა საკარმიდამოში არსებული სათავსები, ასკილის ბარდები ნახევრად დანგრეული საღორის გარშემო. როდესაც სათბურის ქვეშ მდებარე საქვაბეში შეიხედა, უკნიდან მშრალი ხველა მოესმა. შეტრიალდა და დაინახა, რომ ბებერი მებაღე გამკიცხავად მისჩერებოდა.

– ფრთხილად იყავით, მის, არ დაეცეთ და რამე არ მოიწიოთ, – თქვა მან, – ძალზე არასაიმედო საფეხურებია. სხვენზეც ყოფილხართ. არც იქ შეიძლება იატაკის ნდობა. ლუსი ცდილობდა, მოხუცს მისთვის შეცბუნება არ შეემჩნია.

– დავინტერესდი, აქ რამის მოწყობა ხომ არ შეიძლება–მეთქი… მაგალითად, სოკოს მოყვანა ბაზარში გასაყიდად. თორემ აქაურობა საშინელ დღეშია.

– მეურნეობა შემოსავალს რომ იძლეოდემ, ცხადია, ბევრ რამეს დასჭირდებოდა ხელის შევლება. ეს ადგილი შემოსავლიანი აღარ გახდება, ძალზე მიშვებულია. მასზე პატრონიც აღარ ზრუნავს. მხოლოდ ფულის შეგროვება აინტერესებს. იცის, რომ, როგორც კი გარდაიცვლება, ახალგაზრდა ჯენტლმენები წამსვე ყველაფერს გაყიდიან. ერთი სული აქვთ, როდის მოკვდება. ყური მოვკარი, ძალზე ბევრი ფული დარჩებათო. კრეკენტორპები ყველანი ახირებულები არიან. მისტერ კრეკენტორპის მამა, როგორც ჩანს, გაქნილი და ენერგიული კაცი იყო. ქონება დააგროვა და ეს სახლი ააშენა. კლდესავით უდრეკი და გულღრძოც ყოფილა, წყენა არ ავიწყდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი