რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№8

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 05.03, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #7 (1155)

იბეჭდება პირველად ქართულ ენაზე

„ყველაფერი შევიტყვე, რაც გაინტერესებდა. მხოლოდ ორი შესაფერისი მატარებელია: 16:33 და 17:00. პირველი ჩვეულებრივი სამგზავროა. ჩერდება ჰეილინგბრუდუეიში, ბარუელჰიტში, ბრეკჰემპტონსა და ყველა გაჩერებაზე მარკიტბეისინგამდე. მეორე კი უელსური ექსპრესია და კარდიფს, ნიუპორტსა და სუონსის გაივლის. სამგზავროს შეუძლია გაუსწროს პადინგტონიდან 16:50–ზე გამოსულ მატარებელს, ოღონდ მხოლოდ ბრეკჰემპტონის სადგურის სიახლოვეს. მუდამ შენი ერთგული დევიდი ”.

მის მარპლმა ამოიოხრა და გეგმების დაწყობას შეუდგა. მეორე დღეს ლონდონში გაემგზავრა, უწინდელივით – 12:15–ზე, მაგრამ აქეთობას, ბრეკჰემპტონამდე, 16:50–ის ნაცვლად, 16:33–ს გამოჰყვა. გზაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუმცა მის მარპლის ყურადღება რამდენიმე გარემოებამ მიიპყრო. ბარუელჰიტში მესამე კლასის ვაგონიდან საკმაოდ ბევრი მგზავრი ჩავიდა. პირველი კლასის ვაგონში არავინ შემოსულა. ბრეკჰემპტონთან მიახლოებისას მატარებელი მოსახვევში შევიდა. მის მარპლი წამოდგა, ფანჯარაზე შტორი დაუშვა და ზურგი აქცია. დიახ, დაასკვნა მან, მოსახვევში შესვლამდე მატარებელი მკვეთრად ამცირებს სიჩქარეს, მოულოდნელი ბიძგისგან მგზავრი წონასწორობას კარგავს და ფანჯრისკენ გადაქანდება. შესაძლოა, შტორსაც შეეხოს, რომელიც მაშინვე მაღლა ავარდება… მის მარპლი დაჟინებით გასცქეროდა სიბნელეს. მერე ლეონარდის მიერ გამოგზავნილი რუკა ამოიღო და სოფლის მიდამოებს დააკვირდა. სწორედ იმ დროს, როდესაც მატარებელმა მოსახვევის წინ სიჩქარის შემცირება დაიწყო. საკმაოდ დიდი რკალი იყო. სანამ ბრეკჰემპტონში ჩავიდა, იქაურობას ყურადღებით ადარებდა რუკას. მეორე დილით ბიბლიოთეკაში წავიდა და ბრეკჰემპტონის მისამართების წიგნი, გეოგრაფიული ცნობარი და საგრაფოს ისტორია შეისწავლა. მის მარპლის ახალი ვერსია საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ მას ჯერჯერობით არც არაფერი უარყოფდა. საკუთარი ვარაუდის დასადასტურებლად, ან უარსაყოფად დახმარება სჭირდებოდა. მაგრამ ვინ დაეხმარებოდა? მის მარპლმა გონებაში სხვადასხვა ადამიანის გვარები და შესაძლებლობები ჩამოთვალა, მაგრამ ხელის ერთი მოსმით ყველა უარყო. იგი ფიქრს განაგრძობდა. უეცრად სახე გაუნათდა და წამოიძახა:

– რა თქმა უნდა! ლუსი აილსბეროუ. ..

თავი მეორე

ლუსი აილსბეროუს სახელი კარგად იყო ცნობილი განსაზღვრულ წრეებში. ამჟამად ოცდათორმეტი წლის იქნებოდა. ოქსფორდში სწავლისას მათემატიკის ფაკულტეტზე საუკეთესო სტუდენტის სახელი მოეხვეჭა. შესანიშნავი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა და ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ. ამ ყველაფერთან ერთად, ლუსი აილსბეროუ საოცრად გამჭრიახი და პრაქტიკული ჭკუის ადამიანი გახლდათ. პედაგოგიური საქმიანობა არ იზიდავდა, მასზე ნაკლებად ნიჭიერ ინდივიდებთან ურთიერთობას ამჯობინებდა. ხალხთან ყოფნა მოსწონდა, ოღონდ ყოველთვის განსხვავებულ ხალხთან. მან სწრაფად დაასკვნა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური შინამოსამსახურის უდიდესი დეფიციტი შეიმჩნეოდა და თავისი მეგობრებისა და კოლეგების გასაოცრად, მან სწორედ ეს სფერო აირჩია. აირჩია და მაშინვე განსაცვიფრებელ წარმატებას მიაღწია. რამდენიმე წლის შემდეგ მისი სახელი მთელ ბრიტანეთში იცოდნენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებად იქცა გახარებული ცოლების მიმართვა ქმრებისადმი: „ყველაფერი მოგვარდა. შენთან ერთად წამოსვლას შევძლებ. ლუსი აილსბეროუ დავითანხმე!“ როგორც კი ლუსი სახლში ფეხს შედგამდა, ოჯახის წევრები ყოველგვარი წუხილისგან, საზრუნავისა და მძიმე და მომაბეზრებელი სამუშაოსგან თავისუფლდებოდნენ. ნებისმიერ საქმეს აკეთებდა, ყველაფერს თვალ–ყურს ადევნებდა, ყველაფერს ითვალისწინებდა, ყველაფერი ხელეწიფებოდა: ხანდაზმულ მშობლებსაც უვლიდა, პატარა ბავშვებსაც და ავადმყოფებსაც; საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებდა; კარგად ეწყობოდა ძველ მოსამსახურეს. შეეძლო, ყველაზე აუტანელი ხასიათის ადამიანთან გამოენახა საერთო ენა, გამძვინვარებული ლოთი დაეწყნარებინა. ძაღლებიც კი უჯერებდნენ. თუმცა. იგი მკაცრად იცავდა ერთ წესს: არასდროს რჩებოდა ერთ ადგილას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ეს ორი კვირა გრძელდებოდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში – ერთი თვე. ამ ორი კვირისთვის უზარმაზარი თანხა უნდა გადაგეხადათ! სამაგიეროდ, ორი კვირა სამოთხეში იცხოვრებდით. შეგეძლოთ, არაფერზე გედარდათ, მშვიდად გამგზავრებულიყავით საზღვარგარეთ, შინ გენებივრათ, სხვა გასართობით დაკავებულიყავით. უზარმაზარ თანხას სთავაზობდნენ, რათა მუდმივ სამუშაოზე დაეთანხმებინათ, მაგრამ ლუსის ეს არ ხიბლავდა, ვალდებულებაში ყოფნის ტყვეობას გაურბოდა, ექვსი თვის იქით არავის არაფერს ჰპირდებოდა. ლუსის ხელს აძლევდა ასეთი ცხოვრება, რაც, ყველაფერთან ერთად, იმის შესაძლებლობასაც აძლევდა, რომ ბევრი ახალი და საინტერესო რამ გაეგო.

მის მარპლმა ის ორი წლის წინ გაიცნო, როდესაც მისმა ძმისშვილმა რეიმონდ უესტმა საკუთარი მოხუცებული დეიდის მოსავლელად მიიწვია. ლუსი შეთავაზებას დათანხმდა და სენტ–მერიმიდში გაემგზავრა. მის მარპლი მას ძალიან მოეწონა. რაც შეეხება თვითონ მის მარპლს, იგი მადიანად მიირთმევდა დიეტურ, მაგრამ ძალზე გემრიელ კერძებს, რომლებითაც ლუსი მას ანებივრებდა. მის მარპლმა ლუსის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეკითხებოდა, ხომ არ დათანხმდებოდა იგი საკმაოდ უჩვეულო დავალების შესრულებას, და შეეძლო თუ არა მასთან შეხვედრა ამ საკითხის განსახილველად. ლუსი აილსბეროუმ წამით შუბლი შეიჭმუხნა და დაფიქრდა. მას ყოველი დღე გაწერილი ჰქონდა, მაგრამ უჩვეულო დავალების ხსენებამ და მის მარპლისადმი სიმპათიამ ყველაფერი გადაწონა. მაშინვე დაურეკა მოხუცებულს და უთხრა, რომ შეეძლოთ, ლონდონში შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვარიანტად საკუთარი კლუბი დაასახელა – არაფრით გამორჩეული დაწესებულება, სადაც ყოველთვის მოიძებნებოდა ერთი–ორი თავისუფალი კაბინეტი. მის მარპლი დაეთანხმა და მეორე დღეს შეხვედრაც შედგა.

– ვშიშობ, მის მარპლ, – თქვა მან, – თავისუფალი დღის გამონახვა გამიჭირდება, მაგრამ იქნებ ჯერ თქვენი დავალების შინაარსი გამაცნოთ.

– ეს ძალზე იოლი საქმეა, – მიუგო მის მარპლმა, – უჩვეულო, თუმცა მარტივი. მინდა, რომ გვამი იპოვოთ.

თავდაპირველად ლუსიმ გაიფიქრა, რომ მის მარპლს თავში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუაგდო. მის მარპლი უაღრესად კეთილგონიერი ადამიანი იყო და სწორედ იმას გულისხმობდა, რასაც ამბობდა.

– ვისი გვამი? – იკითხა ლუსი აილსბეროუმ შესაშური თავშეკავებით.

– ქალის, – მოკლედ მიუგო მის მარპლმა, – რომელიც მატარებელში მოკლეს, გაგუდეს.

ლუსიმ წარბები ოდნავ აზიდა.

– ეს მართლა უჩვეულო საქმეა. დაწვრილებით მომიყევით, თუ შეიძლება.

მის მარპლმა ყველაფერი უამბო. ლუსი აილსბეროუ ყურადღებით უსმენდა და არ აწყვეტინებდა. ბოლოს კი თქვა:

– მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ეს ყველაფერი თქვენმა მეგობარმა დაინახა თუ მოეჩვენა?

– ელსფეთ მაკგილიკადის წარმოსახვის უნარი არა აქვს, – თქვა მის მარპლმა, – აი, რატომ ვენდობი მის სიტყვებს. თითქმის წარმოუდგენელია, რომ მან ექსტრაორდინარული ან ძალზე უჩვეულო ამბავი ირწმუნოს. ალბათ, ხვდებით, რომ იმის ძალა აღარ შემწევს, ყველაფერი გავაკეთო, რაც აუცილებელია…

– და გინდათ, რომ გამოძიებას მე მოვკიდო ხელი? ამას გულისხმობთ? მაგრამ ეს ხომ პოლიციამ უკვე გააკეთა, არა? თუ ფიქრობთ, რომ მათ საქმეს რაღაც დააკლეს?

– ოჰ, არა, – თქვა მის მარპლმა, – მათ ყველაფერი იღონეს, რაც ასეთ შემთხვევაში მოეთხოვებოდათ. მაგრამ, მე რაღაც აზრი ჩამომიყალიბდა გვამის შესახებ. ის ხომ სადღაც უნდა იყოს. რახან ვაგონში არ აღმოჩნდა, მაშასადამე, გადაუგდიათ. არადა, მას ვერც ლიანდაგებზე მიაგნეს. მე განზრახ გავიარე იგივე მარშრუტი, შევამოწმე, ხომ არ იყო სადმე ისეთი ადგილი, სადაც მატარებლიდან გვამის გადაგდება შეიძლებოდა ისე, რომ იგი რკინიგზის ვაკისზე არ დარჩენილიყო. უნდა გითხრათ, რომ არის ასეთი ადგილი – ბრეკჰემპტონის სიახლოვეს რკინიგზის ხაზი მოზრდილ რკალს აკეთებს და იქ მატარებელი მაღალ მიწაყრილზე მიდის. თუ გვამი იმ ადგილას გადააგდეს, სადაც მატარებელი უხვევს, ის უეჭველად ქვევით ჩაგორდებოდა.

– მაგრამ მას ხომ მაინც მიაგნებდნენ?

– ოჰ, დიახ, თუ ის იქიდან არავინ წაიღო. თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი შეხედეთ: აი, ეს ადგილი რუკაზე. ის ბრეკჰემპტონის გარეუბნად მიიჩნევა, უწინ კი ქალაქგარეთ მდებარე სახლი იყო, უზარმაზარი პარკითა და მამულით, რომელიც ჯერაც ხელუხლებელია. რეზერფორდჰოლს უწოდებენ. სახლი 1884 წელს ვინმე კრეკენტორპმა, შეძლებულმა ფაბრიკანტმა ააშენა. იქ ახლა მისი ვაჟიშვილი, უკვე ხანში შესული კაცი ცხოვრობს თავის ქალიშვილთან ერთად. მამულის თითქმის ნახევარს რკინიგზის ლიანდაგი გასდევს. მინდა, რომ იქ სამუშაოდ მოეწყოთ. ახლა ყველას სჭირდება სახლში კარგი დამხმარე. ასე რომ, ეს რთული არ უნდა იყოს. მისტერ კრეკენტორპი ძალზე ძუნწია. თუ მცირე გასამრჯელოს შემოგთავაზებენ, მზად ვარ, თანხა დავამატო. ჩემი აზრით, საკმაოდ სოლიდური ხელფასი უნდა გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში, საშუალოზე მაღალი მაინც. ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა და მას ეს შერჩა, – შეახსენა მის მარპლმა, – არც გაზეთებს აუტეხავთ ხმაური, არავის არაფერი უეჭვია. ორი მოხუცებული ქალი საკმაოდ დაუჯერებელ ამბავს მოყვა, პოლიციამ გამოძიება ჩაატარა და მათი ნათქვამის დამადასტურებელი ვერაფერი აღმოაჩინა. ყველაფერი წყნარად და მშვიდად დასრულდა.

– კონკრეტულად რა უნდა ვეძებო?

– იმ ადგილას, მიწაყრილთან, შესაძლოა, ტანსაცმლის ნაგლეჯი დარჩა ან ტოტები გადატყდა… რაღაც ამგვარი. მეც შორიახლოს ვიქნები. ბრეკჰემპტონში ჩემი ძველი და ერთგული მსახური, ფლორენსი ცხოვრობს. უკვე მოველაპარაკე – მასთან ვიცხოვრებ, თვალისჩინივით მომიფრთხილდება. მინდა, ყოველი შემთხვევისთვის, თქვენ გვერდით ვიყო. კარგი იქნება, თუ იტყვით, რომ მეზობლად მოხუცი დეიდა გყავთ და ამიტომაც გსურთ აქ გადმოსვლა. თავისუფალი დროც მოითხოვეთ, რათა მისი ხშირად მონახულება შეძლოთ.

ლუსიმ თავი დააქნია.

– ოღონდ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მხოლოდ სამი კვირა მაქვს თავისუფალი, შემდეგ დაკავებული ვიქნები.

– სამი კვირა სავსებით საკმარისია, – მიუგო მის მარპლმა, – თუ ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს აღმოვაჩენთ, საკუთარი სინდისის წინაშე მართლები ვიქნებით და ამ ამბავს კოშმარული სიზმარივით დავივიწყებთ.

შემდეგ ლუსიმ მოსამსახურეთა დაქირავების ბრეკჰემპტონის ბიუროში დარეკა, რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა. ბოლოს რეზერფორდჰოლიც ახსენეს.

– ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება, – მტკიცედ განაცხადა ლუსიმ.

ორი დღის შემდეგ მის აილსბეროუ ლონდონიდან რეზერფორდჰოლში გაემგზავრა. მიხვეულ–მოხვეულმა გზამ, რომლის ორივე მხარეს პირქუში როდოდენდრონები მოჩანდა, ლუსი მიიყვანა სახლამდე, რომლის დანახვაზეც კინაღამ სუნთქვა შეეკრა: მის წინ ნამდვილი, ოღონდ მინიატიურული უინძორის სასახლე იდგა. კარი დაუდევრად ჩაცმულმა ქალმა გააღო, რომელიც ხელებს წინსაფარზე იწმენდდა და მოსულს ეჭვის თვალით შესცქეროდა.

– მითხრეს, მის რაღაც ბეროუ უნდა მოვიდესო.

– მართალია, ეს მე ვარ, – მიუგო ლუსიმ.

– მოვახსენებ თქვენ შესახებ, – თქვა ქალმა, წავიდა და კარი გაიხურა, თუმცა მანამდე ლუსის საკმაოდ მტრულად გადახედა. რამდენიმე წუთის შემდეგ კარი კვლავ გაიღო. ლუსი მაშინვე მიხვდა, რომ მის ემა კრეკენტორპი მოეწონებოდა. ეს გახლდათ საშუალო ასაკის, არცთუ გამორჩეული გარეგნობის ქალი: არც ლამაზი ეთქმოდა, არც ულამაზო. პრაქტიკულად ეცვა – ტვიდის კოსტიუმი და პულოვერი, მუქი თმა უკან გადაევარცხნა, თაფლისფერი თვალები და ძალზე სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

– მის აილსბეროუ? – თქვა მან და ლუსის ხელი გაუწოდა. შემდეგ დაეჭვებით შეხედა, – საინტერესოა, დაგაკმაყოფილებთ თუ არა ეს ადგილი, – განაგრძო მის კრეკენტორპმა, – საქმე ისაა, რომ მე არ მჭირდება ეკონომი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, ისეთ ადამიანს ვეძებ, თვითონ რომ შეძლებს ყოველგვარი საქმის კეთებას.

– თქვენი კარგად მესმის, – მიუგო ლუსიმ, – გსურთ, რომ საჭმელი მოვამზადო, ჭურჭელი გავრეცხო, სახლი დავალაგო და ბოილერს ნახშირი არ მოვაკლო, ხომ ასეა? ნუ ღელავთ, ყველაფერს გავაკეთებ. სამუშაო არ მაშინებს.

– დიდი და არცთუ მოსახერხებელი სახლი გვაქვს. მხოლოდ რამდენიმე ოთახს ვიყენებთ. მამა თითქმის ინვალიდია. წყნარად და მოკრძალებულად ვცხოვრობთ. რამდენიმე ძმა მყავს, რომლებიც აქ იშვიათად ჩამოდიან. ორი მოსამსახურე გვყავს. მისის ქიდლერი ყოველ დილას მოდის, მისის ჰარტი კი – კვირაში სამჯერ: ბრინჯაოს ნივთების გასაწმენდად და ასე შემდეგ. მაგრამ, როგორც ვხვდები, თქვენი მომსახურება ძალიან ძვირი ღირს. თანხა, რომელიც განცხადებაში მივუთითე…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი