რომანი და დეტექტივი

შემთხვევა რკინიგზის სადგურზე

№7

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 26.02, 2023 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • აგატა კრისტი

ქართულ ენაზე იბეჭდება პირველად

თავი პირველი

მისის მაკგილიკადი სუნთქვააჩქარებული მისდევდა სადგურის ბაქანზე მებარგულს, რომელსაც მისი ჩემოდანი მიჰქონდა. ქალი დაბალი და მსუქანი იყო, მაღალი მუშა კი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ბოლოს მაინც მიაღწია მესამე პლატფორმამდე. როგორც იქნა, ბილეთს მიაგნო და კონტროლიორს გაუწოდა. მისის მაკგილიკადი ერთადგილიანი კუპეს მყუდრო, დიდებულ გარემოში განმარტოვდა. ხუთი წუთის შემდეგ სასტვენის ხმა გაისმა და მატარებელი დაიძრა. მისის მაკგილიკადმა კმაყოფილებით ახედა ბადეს დივნის თავზე, სადაც მისი მრავალრიცხოვანი პაკეტები ეწყო. კიდევ ერთხელ მოიწონა საკუთარი კეთილგონიერება საჩუქრების შერჩევისას.

შემხვედრმა ექსპრესმა გამაყრუებელი სტვენით ჩაუქროლა და ფანჯრები შეაზანზარა. მისის მაკგილიკადი უნებურად შეკრთა კიდეც. მატარებელმა გრუხუნით გაიარა ლიანდაგების ისრები, სადგური უკან მოიტოვა და სიჩქარე თანდათანობით აკრიფა. მოულოდნელად მის გვერდით კიდევ ერთი შემადგენლობა გამოჩნდა. ერთხანს გვერდიგვერდ მიდიოდნენ და ერთმანეთს მონაცვლეობით უსწრებდნენ. მისის მაკგილიკადიმ შეამჩნია, რომ ფანჯრების უმრავლესობაზე შტორები ჩამოეფარებინათ, თუმცა იქ, სადაც ეს არ გაეკეთებინათ, კანტიკუნტად მგზავრებსაც შეამჩნევდით, ზოგიერთ ვაგონში საერთოდ არავინ იჯდა. იმ დროს, როდესაც მატარებლების სიჩქარე ერთმანეთს გაუტოლდა და გაჩერების ილუზია შეიქმნა, მეზობელი მატარებლის ვაგონის ფანჯარაზე მოულოდნელად შტორი აიწია. ახლა განათებულ ფანჯარას მისის მაკგილიკადისგან რამდენიმე ფუტი აცილებდა. ფანჯრისკენ ზურგით მამაკაცი იდგა, ხელები ვიღაც ქალისთვის ყელზე შემოეჭდო – მისის მაკგილიკადი ხედავდა კიდეც მას – და აუჩქარებლად, ულმობლად ახრჩობდა. მსხვერპლს თვალები გადმოეკარკლა, სახეზე სისხლი მოსწოლოდა. თავზარდაცემულმა მისის მაკგილიკადიმ მისი აღსასრულიც იხილა: ქალს სხეული მოუდუნდა და კაცის ხელებში ჩვარივით იქცა. სწორედ ამ დროს მისის მაკგილიკადის მატარებელმა სვლა შეანელა, მის გვერდით მიმავალმა კი, პირიქით, სიჩქარე აკრიფა და წამის შემდეგ განათებული ვაგონი თვალს მიეფარა.

ახლოდან დანახულმა საშინელმა სცენამ ქალი შოკში ჩააგდო. დაუყოვნებლივ რადაც უნდა ეღონა… მაგრამ რა? ერთი წუთის შემდეგ კუპეს კარი გაიღო, კონტროლიორი შემოვიდა და თქვა:

– თქვენი ბილეთი, თუ შეიძლება.

მისის მაკგილიკადი მკვეთრად შეტრიალდა მისკენ.

– მატარებელში, რომელმაც ახლახან ჩაგვიარა, ქალი დაახრჩვეს, – ჩაილაპარაკა მან, – საკუთარი თვალით ვნახე. კონტროლიორმა დაეჭვებით შეხედა.

– რა ბრძანეთ, მადამ?

– კაცმა ქალი დაახრჩო! მატარებელში. დავინახე. აი, აქედან, – მან ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა. გეუბნებით, დავინახე–მეთქი. სასწრაფოდ რამე უნდა იღონოთ! კონტროლიორმა მორიდებულად ჩაახველა და მზერა სავარძელზე დადებულ გადაშლილ ჟურნალზე გადაიტანა. ერთ–ერთ გვერდზე მამაკაცი ქალს ახრჩობდა, გაღებული კარიდან კი მათ კიდევ ერთი კაცი რევოლვერს უმიზნებდა.

– მითხარით, მადამ, – თქვა კონტროლიორმა მტკიცე კილოთი, – ჩაგეძინათ, გამოღვიძებისას კი უცებ ვერ მიხვდით, რომ…

– გიმეორებთ, დავინახე–მეთქი, ამ ფანჯრიდან გვერდით ჩავლილი მატარებლის ფანჯარაში დავინახე, რომ კაცი ქალს ახრჩობდა. ახლა კი მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებთ.

კონტროლიორმა უხალისოდ ამოიოხრა, საათს დახედა და თქვა:

– ჩემი იმედი გქონდეთ, მადამ. თქვენს განცხადებას, სადაც საჭიროა, იქ შევატყობინებ. იქნებ, თქვენი სახელი და მისამართი დამიწეროთ… ყოველი შემთხვევისთვის.

კონტროლიორი წავიდა. იმ ადამიანივით გამოიყურებოდა, რომელმაც თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა და მარჯვედ დაამშვიდა აბეზარი მგზავრი. მაგრამ მისის მაკგილიკადი კვლავაც შეწუხებული და დაუკმაყოფილებელი ჩანდა. განგებამ ინება, რომ იგი, ელსფეთ მაკგილიკადი, ამ დანაშაულს შესწრებოდა. ტუჩები მკაცრად მოკუმა. მატარებელი ნელა გავიდა ბრეკჰემპტონის სადგურის ბაქნიდან, საათისა და ხუთი წუთის შემდეგ კი მანჩესტერში შევიდა. ერთი საათის შემდეგ ქალს ტაქსი მას უკვე ღამის სიბნელეში მიაქროლებდა.

...კარი ხანდაზმულმა მოსამსახურემ გაუღო, მძღოლმა ბარგი წინკარში შეიტანა. მისის მაკგილიკადი მაშინვე სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, სადაც მას დიასახლისი – სუსტი, მოხუცი ქალი ელოდებოდა.

– ელსფეთ!

– ჯეინ! მათ ერთმანეთი გადაკოცნეს.

მისის მაკგილიკადის აღარ დაუხანებია და სხაპასხუპით წარმოთქვა:

– ოჰ, ჯეინ! ახლახან მკვლელობას შევესწარი!

– ძალზე არასასიამოვნო და უჩვეულო ამბავი გადაგხდენია თავს, ელსფეთ. ვფიქრობ, აჯობებს, ყველაფერი ახლავე მიამბო.

მის მარპლი ყურადღებით უსმენდა. როდესაც, როგორც იქნა, მისის მაკგილიკადიმ სული მოითქვა, მის მარპლმა გადაჭრით განაცხადა:

– ჩემი აზრით, ძვირფასო, კარგი იქნება, თუ ზევით ახვალ, შლაპას მოიხდი და დაიბან. შემდეგ ვივახშმებთ და მაგიდასთან სხვა თემაზე საუბრით შევიქცევთ თავს, ბოლოს კი ყველაფერს საგულდაგულოდ ავწონ–დავწონით. მისის მაკგილიკადი დაეთანხმა.

* * *

მის მარპლმა ღვინო ჩამოასხა.

– ჯეინ, – თქვა მისის მაკგილიკადიმ, როდესაც ცოტაოდენი მოსვა, – შენ ხომ არ გგონია, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა ან მომეჩვენა?

– ცხადია, არა, – გულთბილად მიუგო მის მარპლმა. მისის მაკგილიკადიმ შვებით ამოისუნთქა.

– ის კონტროლიორი სწორედ ასე ფიქრობდა,

– ეჭვი არ მეპარება, რომ სიმართლეს ამბობ. მეც ყოველთვის მიყვარდა გვერდით მიმავალ მატარებელში შეჭყეტა. იქ ხომ მოულოდნელი და სასაცილო სცენების ნახვა შეიძლება. შენ თქვი, რომ მამაკაცი შენკენ ზურგით იდგა. მაშასადამე, მისი სახე არ დაგინახავს?

– არა.

– ქალის? მისი აღწერა თუ შეგიძლია? ასაკის შესახებ რას იტყვი?

– ახალგაზრდად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ოცდაათი–ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა. დაზუსტება გამიჭირდება. სახე დამახინჯებული ჰქონდა და… ღია ფერის ბეწვის ქურქი ეცვა. შლაპა არ ეხურა, ქერათმიანი იყო. მამაკაცი საკმაოდ მაღალი იყო და, ჩემი აზრით, შავგვრემანი.

– დარწმუნებული ხარ, რომ ქალი მოკვდა?

– მოკვდა. დარწმუნებული ვარ. ენა გადმოუვარდა…

– დავუშვათ, მკვლელი ბრეკჰემპტონში ჩავიდა. გვამი, შესაძლოა, ვაგონის კუთხეში მიაწვინა, სახეზე კი ბეწვის საყელო მიაფარა, რათა უცებ ვერ მიმხვდარიყვნენ, რა მოხდა. დაველოდოთ.

... მაგრამ დილის გაზეთებში მსგავსი არაფერი ეწერა. ამაში რომ დარწმუნდნენ, მის მარპლმა და მისის მაკგილიკადიმ უხმოდ ჩაამთავრეს საუზმე.

– პოლიციის განყოფილებაში უნდა წავიდეთ და სერჟანტ კორნიშს დაველაპარაკოთ. ჭკვიანი კაცია, ყურადღებით მოსმენაც შეუძლია. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. დარწმუნებული ვარ, მოგვისმენს, – თქვა მისის მარპლმა.

ფრენკ კორნიშმა მის მარპლი გულთბილად და მოჭარბებული პატივისცემით მიიღო, შემდეგ კი ორივე ქალს სკამი შესთავაზა.

– რით შემიძლია თქვენი დახმარება, მის მარპლ? – იკითხა მან.

– მინდოდა, ერთი ამბავი მოგესმინათ, – მშვიდად მიუგო მის მარპლმა, – რომელიც ჩემს მეგობარს, მისის მაკგილიკადის გადახდა თავს.

პოლიციელს ორიოდე წუთი ხმა არ ამოუღია.

- დიახ, ძალზე უჩვეულო თავგადასავალია,– თქვა მან ბოლოს. სანამ მისის მაკგილიკადი ლაპარაკობდა, სერჟანტი მას შეუმჩნევლად აკვირდებოდა. იგი მისდამი კეთილგანწყობით განიმსჭვალა. მის მარპლისაც სჯეროდა, რომელსაც კორნიში კარგად იცნობდა.

– თქვენ ეს ამბავი ჯერ რკინიგზის თანამდებობის პირებს შეატყობინეთ, შემდეგ კი ჩემთან გამოცხადდით და მომიყევით. თქვენი აზრით, გვამს რა ბედი ეწია?

– მხოლოდ ორი ვარიანტია შესაძლებელი, – დაუფიქრებლად მიუგო მის მარპლმა, ბოლო სადგურზე მისვლის შემდეგ გვამს აუცილებლად აღმოაჩენდა რომელიმე მგზავრი ან გამცილებელი. არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა: მკვლელმა იგი გაქანებული მატარებლიდან გადააგდო. ახლა სადღაც გდია და ჯერ მას ვერ მიაგნეს.

– გეთანხმებით. გვამი, თუკი არსებობდა, ამ დროისთვის უკვე უნდა აღმოეჩინათ ან ეს ძალიან მალე მოხდება. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ქალი ცოცხალია. შესაძლოა, გონზე მოვიდა და მატარებლიდან ჩავიდა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამის შესახებ უმოკლეს ხანში შევიტყობთ.

გავიდა ერთი დღე, მეორე. საღამოს კი მის მარპლმა სერჟანტ კორნიშისგან ბარათი მიიღო: „რაც შეეხება იმ საკითხს, რომლის თაობაზეც მომმართეთ, ცნობების შეკრება ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მოკლული ქალის გვამი აღმოჩენილი არ არის. ამ მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვფიქრობ, თქვენი მეგობარი მართლა შეესწრო ამგვარ სცენას, მაგრამ მისი ფინალი, როგორც ჩანს, არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც მას მოეჩვენა“.

– სისულელეა! – წამოიძახა მისის მაკგილიკადიმ, – ეს მკვლელობა იყო! მან გამომწვევად შეხედა მის მარპლს.

– შეცდომა ყველას მოსდის, – დაამშვიდა მან, – თუმცა, მაინც მგონია, რომ არ შემცდარხარ… რაც შეგეძლო, უკვე ყველაფერი გააკეთე. ახლა ჯერი პოლიციაზეა. თუმცა... ნეტავ რა მოხდა სინამდვილეში? ქალი მოკლეს, გასაგებია, მაგრამ ვინ მოკლა, რატომ მოკლა და სად გაქრა გვამი?

– ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელი ჭკვიანია, ძალიან ჭკვიანი. დავუშვათ, თავისი თანამგზავრი სიშმაგით შეპყრობილმა მოკლა, ალბათ, შეკამათდნენ… კაცმა იეჭვიანა ან რაღაც ამგვარი მოხდა. დაახრჩო და ხელში გვამი შერჩა, მატარებელი კი სადგურს უახლოვდებოდა… ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, მას სხვა არაფერი რჩებოდა – ის უბედური კუპეს კუთხეში ისე უნდა მოეთავსებინა, რომ ყველას ჰგონებოდა, ქალს მხოლოდ სძინავსო, შემდეგ კი სასწრაფოდ ჩასულიყო მატარებლიდან. არ ვიცი, სხვა რა უნდა მოეფიქრებინა… თუმცა, კიდევ უნდა იყოს ერთი.

მის მარპლი ღრმად ჩაფიქრდა.

– მინდა, რომ თვითონ ვნახო, ის ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა.

მეორე დღეს მის მარპლი და მისის მაკგილიკადი იმ მატარებლის პირველი კლასის ვაგონის მოპირდაპირე კუთხეებში აღმოჩნდნენ, რომელიც ლონდონის პადინგტონის სადგურიდან თექვსმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე გავიდა. წინა პარასკევთან შედარებით, ვაგზალზე ახლა უფრო მეტი ხალხი ირეოდა, თუმცა მატარებელში ბევრი თავისუფალი ადგილი იყო.

– ბრეკჰემპტონში ხუთ წუთში ვიქნებით, – თქვა მის მარპლმა.

როდესაც შემადგენლობა მოსახვევში შევიდა. მატარებელმა სიჩქარე შეამცირა. გამოჩნდა ქალაქის ჩირაღდნები, შენობები, ქუჩები, ტრამვაი… მატარებელმა სვლა კიდევ უფრო შეანელა და მძიმედ გადადიოდა ერთი ისრიდან მეორეზე.

– ყოველთვის მინდა, რომ დანაშაულის ადგილი საკუთარი თვალით ვნახო. სხვათა შორის, მატარებელი რამდენიმე წუთით აგვიანებს. გასულ პარასკევს გრაფიკით მიდიოდა?

– ვფიქრობ, კი. ყურადღება არ მიმიქცევია.

მატარებელი ნელა გაიჭიმა ბრეკჰემპტონის სადგურის ხალხით სავსე პლატფორმის გასწვრივ.

„რა ადვილია, – გაიფიქრა მის მარპლმა, – სურვილის შემთხვევაში, ამ ბრბოში ათქვეფა და სადგურის დატოვება. მკვლელს თავისუფლად შეეძლო, სხვა ვაგონში გადასულიყო და მგზავრობა იმავე მატარებლით განეგრძო. მგზავრებში შერევას ადვილად მოახერხებდა. მაგრამ გვამს ეს არ გამოუვიდოდა. გვამი სადღაც უნდა იყოს“.

მისის მაკგილიკადი მატარებლიდან ჩავიდა, კუპეს ღია ფანჯარასთან მივიდა და მის მარპლს უთხრა:

– თავს გაუფრთხილდი, ჯეინ, არ გაცივდე. წელიწადის ამ დროს მატყუარა ამინდი იცის ხოლმე. დაივიწყე ეს მკვლელობა. ისედაც ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

მისის მაკგილიკადი შეტრიალდა, გაისმა საყვირის ხმა და მატარებელი დაიძრა. მის მარპლი უყურებდა, როგორ შორდებოდა მეგობრის ფიგურა. როდესაც მატარებელმა სიჩქარე აკრიფა, მის მარპლი მოხერხებულად მოკალათება არც უცდია. პირიქით, წელში გაიმართა და სერიოზულად დაფიქრდა. ნათელი და გამჭრიახი გონება ჰქონდა. მიაჩნდა, რომ ყველაფერი უნდა ეღონა დამნაშავის მოსაძებნად. ელსფეთის აზრით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მაგრამ მის მარპლი სხვაგვარად ფიქრობდა.

„ძალიან მოვხუცდი ახალი თავგადასავლებისთვის“ , – ნაღვლიანად ჩაიბურტყუნა მის მარპლმა და ფანჯრიდან უაზროდ გახედა ლიანდაგის გაყოლებით მიწაყრილის ხვეულ ხაზს. ხვეული… მეხსიერებაში რაღაც სუსტად შეინძრა. მოსახვევი მას შემდეგ, რაც კონტროლიორმა მათი ბილეთები დააკომპოსტირა. ამან იდეა გაუჩინა.

მის მარპლი თავისი გეგმის განხორციელებას შეუდგა: თავდაპირველად, წერილი მისწერა თავისი ძმის შვილიშვილს, დევიდ უესტს, რომელსაც ძალზე საჭირო ცნობების შეგროვება სთხოვა. მალე მის მარპლმა საპასუხო ბარათი მიიღო ძმის შვილიშვილისგან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი