რომანი და დეტექტივი

შემსრულებელი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.07

რომანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #24 (1277)

მამაჩემის გასისინებული „ვოლგით“ ფუნიკულიორზე ავედი. მანქანა სადგომზე დავაყენე და თბილისის პანორამის სანახავად გავემართე. მოაჯირთან რუსი ტურისტები ფუსფუსებდნენ და თბილისის სილამაზით ტკბებოდნენ. ლამაზი, ახალგაზრდა გიდი გოგონა კი მათ საქართველოს დედაქალაქის ისტორიას აცნობდა. გოგონა ძალიან მომეწონა. ტურისტების ჯგუფს მივუახლოვდი და მივაჩერდი. მანაც შემამჩნია, მაგრამ თხრობა ჩვეულებრივად განაგრძო. რომ დაასრულა, ტურისტები ნაყინის საჭმელად გაემართნენ ახლომდებარე საზაფხულო კაფეში. გიდთან კი ტურისტი ახალგაზრდა კაცი მივიდა და უთხრა:

– შეიძლება, ნაყინზე დაგპატიჟოთ?

მე ორიოდე მეტრში ვიდექი. გიდმა ჩემკენ გამოაპარა თვალი და ახალგაზრდისთვის რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მე დავასწარი და კავალრობის მოსურნეს ვუთხარი:

– არ შეიძლება, ნაყინი არ უყვარს.

ტურისტი მკვეთრად შემოტრიალდა ჩემკენ. შეშინებული სახით შემომხედა და მოკრძალებით მითხრა:

– ბოდიშს გიხდით, არ ვიცოდი, – შემდეგ თავი დამიკრა, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაგვშორდა.

გიდს სიცილი აუტყდა. მეც ავყევი. თან მივუახლოვდი. ხელი გავუწოდე და ვუთხარი:

– რეზო.

– ხათუნა, – მიპასუხა გიდმა და ხელი ჩამომართვა, თან დაამატა, – სხვათა შორის, ნაყინი ძალიან მიყვარს.

– ჰოდა, გეპატიჟებით.

– მაშინ, წავედით, – ვუთხარი ხათუნას. მან კი ხელი ჩამკიდა და კაფესკენ გავემართეთ.

ნაყინები რომ შევუკვეთეთ და მაგიდასთან დავსხედით, გვერდით მაგიდაზე მჯდომი რუსი ახალგაზრდა დროდადრო გადმოგვხედავდა ხოლმე. სინანულით ჩაღუნავდა თავს და თავისთვის რაღაცას ჩაიბუტბუტებდა. ამას ხათუნაც ამჩნევდა და მხიარულად იღიმებოდა. ბოლოს საათს დახედა და მითხრა:

– რეზო, სამწუხაროდ, უნდა წავიდე. ტურისტები ტურბაზაში უნდა მივიყვანო.

– მერე?

– მერე სახლში უნდა დავბრუნდე.

– მერე?

– მერე უნდა ვივახშმო, წიგნი წავიკითხო და დავიძინო.

– შეიძლება, სახლში გაგაცილო?

– ტურისტებს ავტობუსით უნდა გავყვე ტურბაზამდე. გარეშე პირების ავტობუსში ასვლა კი არ შეიძლება.

– უკან გამოგყვები და მერე გაგაცილებ.

– ტაქსით?

– რატომ ტაქსით, მანქანით ვარ.

– მაშინ, თანახმა ვარ.

რუსი ტურისტები თბილისის გასასვლელში, ტურბაზა „უშბაში“ ცხოვრობდნენ, დიღმის მასივთან. ხათუნაც იქვე ახლოს, მასივში ცხოვრობდა. ტურისტები რომ დააბინავა და მანქანის კარი გავუღე, ღიმილით მითხრა:

– „ვოლგა“ გყოლია.

– მამაჩემმა მავთხოვა. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდი და წინასწარ მოვემზადე. აბა, საით გავწიოთ?

– აქვე, ახლოს. დიღმის მასივში ვცხოვრობ.

– ცოტა გვიან რომ მიხვიდე სახლში?

– რატომ?

– სალობიეში გეპატიჟები, მცხეთაში. რესტორანზე უარს მეტყვი... მე ასე მგონია.

– სულაც არა. რომელ რესტორანში მეპატიჟები?

– რომელსაც მოისურვებ.

– წამოდი, ფუნიკულიორზე დავბრუნდეთ და მეორე სართულზე რომ რესტორანია, იქ დავსხდეთ.

– წავედით!

– ჯერ სახლში მიმიყვანე და ათიოდე წუთი დამელოდე. ტანსაცმელს გამოვიცვლი. დღეს შემიძლია, გვიან დავიძინო. ხვალ უქმე დღე მაქვს და დიდხანს ვიძინებ. თანაც, ჩემი მშობლები დასასვენებლად არიან სოხუმში.

ხათუნას გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ დავქორწინდით. ოჯახი შევქმენით და ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩვენს ერთადერთ ვაჟს ვზრდიდით და ცივ ნიავსაც არ ვაკარებდით. მე ისევ სპორტს დავუბრუნდი. საბავშვო სპორტსკოლაში მოვეწყვე მწვრთნელად. ბავშვებს ათიანში ტყვიის მორტყმას ვასწავლიდი. ხათუნამ კი გიდობას თავი დაანება. დიასხლისობას შეუდგა და ოჯახს უძღვებოდა.

„შემსრულებელი“ კი 33 წლის ასაკში გავხდი. ერთხელ უშიშროების კომიტეტში დამიბარეს. სხვადასხვა კითხვა დამისვეს პატრიოტულ თემაზე. ბოლოს კი მითხრეს:

– ერთი ნაძირალაა, ბევრი ბოროტების ჩამდენია და სიკვდილს იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მასზე არანაირი სამხილი არ არსებობს, რომ დავაპატიმროთ და გავასამართლოთ. ყველაფერს სხვისი ხელით აკეთებს. თვითონ კი სუფთად ძვრება ბინძური საქმეებიდან. ისეთი ეშმაკი და მოხერხებულია, რომ იმის საშუალებაც არ გვაქვს, პროვოკაციაზე წამოვაგოთ. ამიტომ, მისი ლიკვიდაცია გადავწყვიტეთ და თუ დაგვეხმარები?

– ადამიანი არასდროს მომიკლავს და ამაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, არც სურვილი, – ვცადე თავიდან ამეცილებინა ეს ცოდვა. მათ კი მითხრეს:

– ადამიანი – არა, არაადამიანია და ამით შენ ბევრი წესიერი ადამიანის სიცოცხლეს იხსნი.

– მაინც, რა დააშავა?

– ნარკოტიკებით ვაჭრობს და ახალგაზრდა თაობას აუბედურებს. რა, ცოტაა?

– მაინც ძალიან გამიჭირდება ამის გაკეთება.

– წარმოიდგინე, რომ შენი ერთადერთი ვაჟი გააუბედუროს. მაშინაც გაგიჭირდება?

– ეს – სხვაა.

– რატომ – სხვა. სხვისი შვილები რა, ადამიანები არ არიან?

– როგორ არა.

– აბა, რა გინდა. უბრალოდ, მათ ახლობლებს არ შეუძლიათ ამის გაკეთება. შენ კი პროფესიონალი ხარ. თანაც, მისი წყალობით ხომ შენი ძმაკაცი დაიღუპა?

ამ სიტყვების შემდეგ თავის მოკატუნებას უკვე არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. უშიშროებაში „რობოტის“ სურათი მიჩვენეს, რომელიც უმალვე ვიცანი და თავი ისე დავიჭირე, ვითომ არაფერი ვიცოდი. უშიშროებაში კი, თურმე, ყველაფერი სცოდნიათ. ის, თუ როგორ და რა ველაპარაკე გულიკო დეიდას. შემდგომი მოვლენების ანალიზი კი უშიშროებისთვის უკვე ტექნიკის საქმე იყო და მითხრეს:

– სწორედ ამ არაკაცის გამო დაესვა წერტილი შენს კარიერას. თაზოს სიკვდილის ამბავმა ისე იმოქმედა შენზე, რომ ჩემპიონობის მაგივრად, მეცხრამეტე ადგილი დაიკავე. უკან დაგრჩა საბჭოთა კავშირის ნაკრები, ამერიკული „პაეზდკა“ და დიდი სპორტსმენის კარიერა. მე მგონი, ეს საკმარისია, რომ ყველაფრის გამო შური იძიო და ადამიანები ამ მეტასტაზისგან იხსნა?

– ვიფიქრებ.

– ერთ საათში პასუხს ველოდებით. მეტი დრო არ გვაქვს.

– თუ მასეა, ახლავე ვაცხადებ თანხმობას. მაგრამ, გამაგებინეთ, რა შუაშია თაზოს დაღუპვა და როგორ მოახერხა თავის დაღწევა ძებნილობიდან. „რობოტი“ ხომ საკავშირო ძებნილი იყო?!

– მთელი ბანდა მან ჩაუშვა და მილიციას დაახოცინა. ის დაჭერილი იყო და საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ ყველა ჩააგირავა. თაზოც მან ჩაითრია კრიმინალურ საქმიანობაში. მილიციამვე დააფარა მას ხელი. თავისი შავბნელი საქმეებისთვის დღემდე იყენებენ და მფარველობენ. მათვე მიუჩინეს პროფესიონალი მცველები და სწორედ იმიტომ მოგმართეთ ამ თხოვნით, რომ შენზე უკეთესად არავის შეუძლია მიზანში სწრაფი და ზუსტი სროლა საშუალო მანძილიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, „რობოტი“ შუბლში გასროლით სამუდამოდ გავანეიტრალე. მის სამ მცველს კი ისე სწრაფად დავუცხრილე ხელები და დავყარე, რომ იარაღების ამოღებაც კი ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ერთი წელი არავის შევუწუხებივარ. შემდგომ კი, როგორც უშიშროებაში სჩვევიათ, ისე „მომიყომარეს“ საქმე, რომ იძულებული ვიყავი მათი დავალებები შემესრულებინა. სამაგიეროდ, უკვე ანაზღაურებას ვიღებდი ამ საქმიანობაში და არც თუ ისე ცოტას...

ამასობაში გავიდა წლები. ჩემს საქმიანობას მივეჩვიე. ძალიან გავიწაფე და უნაკლო შემსრულებლად ჩამოვყალიბდი. ერთ დღეს მორიგი საქმის შესრულება დამავალეს. საქმის მომცემმა სურათი მაჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა ობიექტი. საკმაოდ რთული მოსახელთებელი კი არის, მაგრამ შენი კვალიფიკაციის ადამიანს ამ საქმის გაკეთება მაინცდამაინც არ უნდა გაუჭირდეს.

– ვინაა?

– მსხვილი ჩრდილოვანი ბიზნესმენი. კონკურენტები მის ლიკვიდაციაში დიდ ფოსტას გამოდიან. ასეთი კუში შენ ჯერ არ მიგიღია. ამ საქმის შესრულებისთვის სამი კვირა გეძლევა და უნდა ჩაეტიო.

– სამი კვირა დიდი დროა.

– მაინცდამაინც გულს ნუ დაიმშვიდებ. არც თუ ისე ცოტა ჩალიჩი მოგიწევს. კარგად უნდა შეარჩიო შესრულების ადგილი და დრო, რომ ასპროცენტიანი შედეგი მიიღო და იაღლიში არ მოგივიდეს.

საქმის მომცემი მართალი აღმოჩნდა. ობიექტს თითქმის იდეალური დაცვა ჰყავდა და სუსტი წერტილი თითქმის არ გააჩნდა. საგულდაგულოდ ვუთვალთვალებდი, ვსწავლობდი მას. ის თითქმის არასდროს რჩებოდა „ღია“ და სნაიპერულად ვერ მოვკლავდი. ახლოს უნდა მივსულიყავი. და ისე მემოქმედა. ასეთ შემთხვევაში კი მისი მცველებიც უნდა გამენეიტრალებინა. როგორც ეს „რობოტის“ შემთხვევაში მოხდა, მაგრამ მაშინ თუ მცველები მხოლოდ დავჭერი, ამ შემთხვევაში მათი დახოცვა მომიწევდა. ობიექტის თვალთვალისას უცნაური გრძნობა დამეუფლა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ობიექტი სადღაც მყავდა ნანახი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, რომ მას არ ვიცნობდი. ორი კვირის შემდეგ, უკვე დაწვრილებითი გეგმა შევადგინე ობიექტის სალიკვიდაციოდ. ის ყოველ კვირა დღეს მოსკოვის ერთ-ერთ ახალაშენებულ, ფეშენებელურ საცხოვრებელ კორპუსში მიდიოდა და მეექვსე სართულის ბინაში შედიოდა. იქ 3-4 საათს ჩერდებოდა და უკან ბრუნდებოდა. ორი პირადი მცველი მას მხოლოდ ბინის კარამდე აცილებდა და იქვე რჩებოდნენ, სანამ უკან არ გამოვიდოდა. ოთხი მცველი კი მას ქვევით, მანქანაში ელოდებოდა. შევიტყვე, რომ იმ ბინაში ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ობიექტის საყვარელი იყო. ჩემი გეგმის მიხედვით, ბინაში ფანჯრიდან უნდა შემეღწია, ობიექტის ლიკვიდაცია განმეხორციელებინა. შემდგომ კი კარიდან გავსულიყავი. ორი მცველიც გამეგორებინა და სანტექნიკოსის უნიფორმაში გამოწყობილს დამეტოვებინა სახლი, რომ ეზოში მყოფ მცველებს ეჭვი არ აღძვროდათ. ეს იყო ერთადერთი შანსი ამ საქმის შესასრულებლად და იაღლიში არ უნდა მომსვლოდა. ბინაში შესაღწევად სხეულზე სპეციალური ტროსი მქონდა მიმაგრებული. ის ცხრასართულიანი სახლის სახურავზე ფოლადის ძელზე ჩამოვაცვი და კორპუსის კედელზე ჩრდილოეთის მხრიდან დავეშვი. ბინაში სამზარეულოდან უნდა მოვხვედრილიყავი. იმ მხარეს დაცვა არ აქცევდა ყურადღებას, რადგან მხოლოდ წინა ეზოში იდგნენ და კორპუსის შესასვლელს აკონტროლებდნენ. ჩემთვის პლუსი ისიც იყო, რომ ობიექტი იქ საღამოს 8 საათზე მიდიოდა, როცა უკვე ბნელდებოდა. აღნიშნულ დროს უკვე სახლის სახურავზე ვიმყოფებოდი და იქაურობას ბინოკლით ვადევნებდი თვალყურს, როდესაც ობიექტი მოვიდა და სადარბაზოში შევიდა, კიდევ ერთი საათი მოვიცადე და როგორც განსაზღვრული მქონდა, ბინაში ფანჯრიდან გადავძვერი. სამზარეულო პისტოლეტმომარჯვებულმა გავიარე და სასტუმრო ოთახისკენ ავიღე გეზი, საიდანაც მხიარული ხმები გამოდიოდა. გაჩახჩახებულ ოთახში, დაბალ მაგიდას ობიექტი და ახალგაზრდა გოგონა უსხდნენ. ისღა დამრჩენოდა, შევსულიყავი, საქმე გამეკეთებინა და მივმალულიყავი. როგორც კი ოთახში შევდგი ფეხი, აქეთ-იქიდან ორმა მცველმა ხელები ამომიტრიალა. მათ მაყუჩიანი პისტოლეტი წამართვეს და ობიექტის წინ დამაგდეს.

– ადექი, რეზო! – მომესმა ნაცნობი ხმა, მაგრამ ჯერ გააზრებული არ მქონდა ბოლომდე, თუ ვისი. მან კი დაამატა, – თავი სიზმარში გგონია, ხომ?

– თაზო, შენ? – აღმომხდა.

– კი, მე ვარ გარეგნობაშეცვლილი და ალბათ, მიხვდი, რომ იმ სახლში არ დავმწვარვარ. სასწაულებრივად გადავრჩი და მხოლოდ მე, ჩემმა ერთგულმა მცველებმა და ჩემმა ქალიშვილმა იციან ეს ამბავი. სხვათა შორის, ეს გოგონა ჩემი ქალიშვილია. ახლა კი შენც საქმის კურსში ხარ.

– ესე იგი, ახლა მე ვარ ობიექტი და აქედან ცოცხალი ვერ გავალ...

– შენი მოკვლა რომ მდომოდა, შეკვეთისთანავე მოგკლავდი, მაგრამ, ამას ვერ ვიზამ.

– რას აპირებ?

– სამუდამოდ გაქრობას შენთან ერთად. თუ, რა თქმა უნდა, დამთანხმდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხალს არ დაგტოვებენ. თანახმა ხარ?

– რა გაეწყობა. სიკვდილს სიცოცხლე სჯობს. მადლობის მეტი რა მეთქმის.

საბოლოო ჯამში, ძმაკაცობამ გაიმარჯვა და თაზომ ისეთი რამ გააკეთა, რასაც ბევრი თავის ძმას არ გაუკეთებდა. ჩვენი ძმობა ყველაფერზე მაღლა აღმოჩნდა. დღემდე ერთად ვართ და აი, სულ ესაა.

დანარჩენი კი ღმერთმა უწყის...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა