რომანი და დეტექტივი

შემსრულებელი

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 28.06

რომანი
დაკოპირებულია

ჩემი პროფესიის ადამიანისთვის საჯაროობა მავნებელია. უფრო სწორად კი – დამღუპველი. ამიტომ, ყოველთვის ჩრდილში ვდგავარ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არავისთან ვკონტაქტობ. ბევრი მეგობარი არ მყავს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ერთადერთი ძმაკაცი მყავს. მის სახელს, ისევე როგორც ჩემს ნამდვილ ვინაობას, არ დავასახელებ. მე რეზო მქვია. ჩემს ძმაკაცს კი – თაზო... რაც შეეხება ჩემს პროფესიას, მე „შემსრულებელი“ ვარ...

მე და თაზო თბილისის ძველ უბანში გავიზარდეთ. ტოლები ვართ. ერთ ეზოში ვცხოვრობდით ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ მერხზე ვისხედით პირველიდან ბოლო კლასამდე. ერთი სიტყვით, განუყრელი მეგობრები ვიყავით და ჭირსა და ლხინსაც თითქმის თანაბრად ვიყოფდით. ვერ ვიტყვი, ჩვენი გზები გაიყო-მეთქი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრეთ, თაზო მოსკოვში წაიყვანეს სასწავლებლად, მე თბილისში დავრჩი და ფიზკულტურის ინსტიტუტში მომაწყვეს. გამოცდებზეც კი არ გავსულვარ, ისე დამსვეს პირველ კურსზე. პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი ვიყავი და ამიტომ... ინსტიტუტიც ისე დავამთავრე, რომ ბოლომდე ერთ ლექციასაც არ დავსწრებივარ... ან სად მქონდა სწავლის დრო! სულ „პაეზდკებში“ ვიყავი. სხვადასხვა შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი. როდესაც მოსკოვში მიწევდა ჩასვლა, თაზოს მაშინ ვნახულობდი და ერთად ვატარებდით დროს.

ერთ ზაფხულს მოსკოვში საერთაშორისო შეჯიბრება იმართებოდა. აშკარად ფავორიტი ვიყავი და ყველა მე მიმიჩნევდა გამარჯვებულად. თავადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ტურნირს მოვიგებდი და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამიყვანდნენ. შეჯიბრების წინა დღეს დილის ვარჯიში ჩავატარე და აბსოლუტური შედეგი ვაჩვენე. ყველა ტყვია ათიანში ჩავსვი და იარაღი რომ დავდე, მწვრთნელმა მითხრა:

– ყოჩაღ, რეზო! შესანიშნავ ფორმაში ხარ და შეიძლება, ოქროს მედალი ახლავე გადმოგცენ;.

მე გამეღიმა და ვუპასუხე:

– არა უშავს. ერთ დღესაც მოვიცდი.

საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელი შორიდან უხმოდ ადევნებდა თვალყურს ჩემს ვარჯიშს. შემდეგ მოგვიახლოვდა და მითხრა:

– იმედია, არც ხვალ აგიკანკალდება ხელი და იმავეს გაიმეორებ.

– ვეცდები, – ღიმილით ვთქვი მე.

– ეჭვიც არ მეპარება. აბა, შენ იცი! შეჯიბრების შემდეგ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. ერთ კვირაში ნაკრები შეერთებულ შტატებში მიმყავს და პირველ ნომრად შენ წამოხვალ.

საბჭოთა ნაკრების მწვრთნელის ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ნაკრებში ამიყვანა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მართალია, ჯერ მხოლოდ ვარჯიშზე დავაფიქსირე ასპროცენტიანი შედეგი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ შეჯიბრებაზეც გავიმეორებდი ამას და ნაკრების მწვრთნელს ვუთხარი:

– გმადლობთ ნდობისთვის.

– აბა, დროებით! ხვალ შევხვდებით, – გამიღიმა ნაკრების მწვრთნელმა. ხელი ჩამომართვა და წავიდა.

ჩემი პირადი მწვრთნელიც ძალიან გახარებული იყო და ნაკრების მწვრთნელი რომ წავიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– გილოცავ, რეზო. შენს ასაკში ეს უდიდესი წარმატებაა და აბა, შენ იცი.

– დიდი მადლობა, – ვუთხარი ჩემს პირად მწვრთნელს და დავამატე – შეიძლება, ერთი რამ გთხოვოთ?

– რა თქმა უნდა.

– მოსკოვში ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ცხოვრობს. თითქმის ერთი წელიწადია, რაც არ მინახავს და მის სანახავად გამიშვით.

– ოღონდ იმ პირობით, რომ საღამოს ცხრაზე სასტუმროში დაბრუნდები. ხვალ დილით ადრე ხარ ასადგომი და ამიტომ ათზე უკვე საწოლში უნდა იყო.

– დიახ. რა თქმა უნდა, ცხრაზე სასტუმროში ვიქნები.

– და კიდევ, არანაირი ქალები და ალკოჰოლი!

– არა, რა ქალები?! ალკოჰოლს კი ახლოსაც არ ვეკარები.

– მაშ, კარგი. წადი და არ დაიგვიანო.

ჩემს პირად მწვრთნელს მადლობა გადავუხადე. ტანზე გამოვიცვალე და თაზოს სახლისკენ გავქანდი. სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ მისი სახლის კართან ვიდექი და ზარი დავრეკე. კარი თაზოს დედამ გამიღო და რომ დამინახა, თვალცრემლიანმა მითხრა:

– რეზო, შენ ხარ, შვილო?

– გამარჯობა, გულიკო დეიდა. შეიძლება?

– შემოდი, შვილო, – მითხრა თაზოს დედამ და გადამეხვია.

ოთახში რომ შევედი, გულიკო დეიდას ვუთხარი:

– თაზოს, ალბათ, ჯერ კიდევ სძინავს, ხომ?

ჩემს სიტყვებზე ქალი ატირდა და მითხრა:

– სძინავს კი, სამუდამოდ სძინავს, რეზო, შენს თაზოს.

უცებ ვერ გავიაზრე გულიკო დეიდას სიტყვები და ვთქვი:

– სამუდამოდ რას ნიშნავს, დეიდა გულიკო.

– აღარაა შენი თაზო, ჩემო რეზო, აღარაა...

– როგორ აღარაა?

– დაიღუპა ჩემი თაზიკო.

ამ საშინელი სიტყვების შემდეგ ჩავწვდი მათ შინაარსს. ცივმა ოფლმა დამასხა და ვკითხე:

– როგორ დაიღუპა? სად? რატომ?

– დაჯექი, რეზო. რა ფეხზე დგახარ. ხომ არ ისადილებ? – მისთვის ჩვეული მზრუნველობით მკითხა გულიკო დეიდამ, რაც იმ მომენტისთვის საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა.

– არა, რა სადილი, გულიკო დეიდა?! მითხარით, რა მოხდა.

– ჯერ დაჯექი. დაწყნარდი და ყველაფერს მოგიყვები.

სავარძელში მძიმედ ჩავეშვი და თაზოს დედას ვუთხარი:

– რა მოხდა, თაზოს რა შეემთხვა?

გულიკო დეიდა სამზარეულოში უხმოდ გავიდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ ორი ფინჯანი ყავით, კონიაკითა და ორი ცარიელი ჭიქით დაბრუნდა. ლანგარი მაგიდაზე დადო. ჭიქები კონიაკით შეავსო. სიგარეტი გააბოლა და მითხრა:

– ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი. მე კი არადა, არავინ იცის. გუშინწინ ორმოცი დღე შესრულდა თაზოს დაღუპვიდან.

– როგორ დაიღუპა?

– მილიციის ალყაში მოხვდა. ურთიერთსროლის შემდეგ იმ სახლში, სადაც ბანდიტები იყვნენ გამაგრებული, ხანძარი გაჩნდა და ყველანი ისე ამოიბუგნენ, რომ მათი ძვლებიც აღარ დარჩა.

– რა მილიცია, გულიკო დეიდა, რის ბანდა, მაინც ვერაფერს ვხვდები.

– ეჰ, ჩემო რეზიკო, – ამოიხვნეშა გულიკო დეიდამ და დაამატა, – თურმე ბანდიტი, ბოროტმოქმედი ყოფილა შენი ძმაკაცი და მე უბედურმა კი არაფერი ვიცოდი. მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა ეს საშინელება მოხდა.

თაზო, თურმე, მოსკოვში მოქმედი ქართული ბანდიტური ორგანიზაციის წევრი ყოფილა და მილიცია მათ კუდზე აჯდა. ისინი გამოძალვით, შეიარაღებული ძარცვითა და თაღლითობით ყოფილან დაკავებული. დიდი „მალინა“, ანუ კონსპირაციული ბინა ჰქონდათ მოსკოვის ერთ-ერთ წყნარ გარეუბანში და მილიციას მაშინ შემოურტყამს მათთვის ალყა, როდესაც ყველანი იქ იყვნენ შეკრებილი, გარდა ამ ბანდის უფროსისა. გულიკო დეიდას თქმით, ბანდის მეთაური საკავშირო ძებნაში ყოფილა და ჯერჯერობით ვერ იხელთებდნენ. ბოლოს კი თაზოს დედამ დაამატა:

– მილიციაში რომ დაკითხვაზე დამიბარეს, ბოლოს მითხრეს, ბანდის მეთაური თუ თქვენთან გამოჩნდა, შეგვატყობინეთო. თან, ტელეფონის ნომერიც დამიტოვეს. მე კი ის ადამიანი თვალითაც არ მინახავს და მისი სახელიც მილიციელებისგან შევიტყვე. მეტსახელად „რობოტი“ რქმევია და მისი ფოტოც დამიტოვეს, რადგან არ იცნობთო.

– შეიძლება, სურათი ვნახო?

გულიკო დეიდამ ბანდის მეთაურის სურათი მანახვა და რომ დავხედე, თვალები კინაღამ გადმომცვივდა. იქიდან ჩემი ყოფილი გუნდელი მიმზერდა. ბავშვობაში ერთად ვვარჯიშობდით სასროლეთში და საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენი იყო, ჩემზე ასაკით უფროსი. რამდენიმე შეჯიბრებაც ჰქონდა მოგებული. მაგრამ, შემდეგ უბედურება შეემთხვა: დედ-მამა დაეღუპა. ბიძამ კი რუსეთში წაიყვანა და მას მერე მის შესახებ არაფერი მსმენია და მოულოდნელად „რობოტად“ არ გამომეცხადა?!

გულიკო დეიდასთვის არ მითქვამს, რომ „რობოტს“ ვიცნობდი. ფოტოსურათი დავუბრუნე და ვთქვი:

– არ მგონია, თქვენთან მოვიდეს. სულელი ხომ არაა?

– მეც მასე ვფიქრობ, – მითხრა გულიკო დეიდამ და დაამატა, – შენ რას საქმიანობ, როგორ ხარ, რეზო?

– ძველებურად, გულიკო დეიდა. სპორტსმენი ვარ. მოსკოვში კი შეჯიბრებაზე ჩამოვედი და ასპარეზობა ხვალ დილითაა ჩანიშნული.

გულიკო დეიდასგან რომ წამოვედი და სასტუმროში დავბრუნდი, შუაღამე იყო. ჩემი პირადი მწვრთნელი გიჟს ჰგავდა და გამკიცხა. თან, სამი ჭიქა კონიაკიც მქონად დალეული – იმ დღეს პირველად მივიღე ალკოჰოლი. თუმცა, ჩემს პირად მწვრთნელს ეს არ შეუმჩნევია და მითხრა:

– ქალებში იყავი, ხომ?

– არა, ძმაკაცთან შემოვრჩი გვიანობამდე. ხომ გითხარით, ერთი წლის უნახავი მყავდა. და სანამ ვილაპარაკეთ, აქეთურ-იქითური გავიხსენეთ, შემომაღამდა კიდეც.

მწვრთნელისთვის არ მომიყოლია თაზოს ამბავი. მან კი თავი გააქნია და მითხრა:

– კარგი, კარგი, დაწექი და დაიძინე. ხვალ შეჯიბრება გაქვს მოსაგები. ერთ კვირაში კი ამერიკაში მიემგზავრები.

დავწექი, მაგრამ მთელი ღამე არ დამეძინა. მხოლოდ მაშინღა გავიაზრე ბოლომდე, რომ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ასე საშინლად დაიღუპა და კანკალი ამიტყდა. ნერვებს ვეღარ ვიოკებდი. შეჯიბრებაზე კი საშინლად გამოვედი. ჩემპიონობა იქით იყოს და, ოცდაათ სპორტსმენს შორის მეცხრამეტე ადგილზე გავედი.

ყველა გაოგნებული იყო ჩემი ასეთი შედეგით და ნაკრებიც გვერდზე დამრჩა, ამერიკაც და საერთოდ სპორტიც... საკავშირო ნაკრების მწვრთნელს არც კი უკითხავს, რა გჭირსო. ჩემი პირადი მწვრთნელი მისულა მასთან და უთქვამს: დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევითობაა, ნაკრებში აიყვანეთ და ამერიკაში აუცილებლად გაიმარჯვებსო. იმას კი უპასუხია, ნერვებს მოუაროს. ჯერ ადრეა მისთვის ნაკრები და მერე ვნახოთო...

თბილისში რომ დავბრუნდით, კიდევ ექვსიოდე თვე განვაგრძე ვარჯიში, შემდეგ ხელი მოვიტეხე და ჩემი კარიერაც ამით დასრულდა. მწვრთნელის დიპლომი მქონდა და ცოტა ხანს ბავშვების მწვრთნელად ვიმუშავე, მაგრამ მალევე ამიცრუვდა გული და დეპრესიაში ჩავვარდი. სახლში დავჯექი. მართალია, არ გავლოთებულვარ და სიგარეტის მოწევაც კი არ დამიწყია, მაგრამ არაფრის კეთება არ მინდოდა. დედ-მამას დავაჯექი კისერზე და ამასაც უკიდურესად განვიცდიდი. არადა, სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ვიყავი და რომ იტყვიან, ყველაფერი წინ მქონდა. ჩემს მდგომარეობაზე ჩემი მშობლებიც ძალიან ნერვიულობდნენ. მამა უხმოდ ნერვიულობდა. დედა კი დროდადრო მეუბნებოდა, რომ ძალები მომეკრიბა.

– ვაჟკაცი არ ხარ, რეზო? – მითხრა ერთხელ დედამ და დაამატა, რა ცხვირი ჩამოგიშვია, ბიჭო? ვინ არ ჩავარდნილა გასაჭირში?! რა ვუყოთ, რომ დიდი ჩემპიონი ვერ გამოხვედი. ნიჭიერი კაცი ხარ. ძალ-ღონით სავსე, დიპლომიანი. გადი გარეთ, თვალი გაახილე და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

– რა წარმატებას, დედი?

– ცხოვრებაში, თუნდაც, სამწვრთნელო ასპარეზზე.

– არა, დედი. გამორიცხულია. სროლას აღარ დავუბრუნდები და ეს ჩემი განვლილი ეტაპია.

– კარგი, ბატონო. ნუ ისვრი, თუ არ გინდა. სხვა საქმე მოძებნე.

– კისერზე დაგაჯექით, ხომ, შენ და მამას?

– ეს რა მესმის? – შეიცხადა დედამ, რა კისერზე დაგვაჯექი, შვილო. ეს სიტყვები როგორ ამოგივიდა პირიდან. ერთადერთ შვილს თუ ვერ გიპატრონეთ, მაშინ მოგვიკვდეს თავი. უბრალოდ, არ გვინდა, რომ ასეთ ცუდ დღეში გხედავდეთ. ხოლო რაიმე საქმეს რომ მოჰკიდებ ხელს, სიცოცხლის ხალისი დაგიბრუნდება. ასეთ ყოფაში კი შეიძლება, ჭკუიდანაც კი შეიშალო.

საკმაოდ შეძლებული ოჯახი მქონდა და კარგად ვცხოვრობდით. ჩემს მშობლებს ჩემზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე და არასდროს არაფერი დაუმადლებიათ. მათ ჩემი კარგად ყოფნა უნდოდათ და ამიტომ მეუბნებოდა დედაჩემი ამ სიტყვებს.

– მაინც, რის გაკეთებას მთავაზობ, დედი? – ვკითხე დედას.

– თუნდაც ისწავლე. ჯერ ოცდაათისაც არ ხარ, მოემზადე და ჩააბარე.

– რა დროს ჩემი სწავლაა?! – გამეცინა.

– სწავლა სიკვდილამდეო, ხომ გაგიგონია.

– არა. სწავლა ჩაიშალა.

– მაშინ, ცოლი მოიყვანე. ვინმე კარგი, წესიერი გოგო ნახე და დაქორწინდი.

– ჯერ არ ვარ მზად საამისოდ.

ვერცერთმა ვერ შევნიშნეთ, თუ როგორ წამოგვადგა თავზე მამა. მან მხარზე დამადო ხელი და მითხრა:

– ბიჭო, ეს არ გინდა, ის არ გინდა, მაშინ, შენ თქვი, რა გინდა. კაცი არა ხარ? ხელის ერთმა ტრავმამ ასე როგორ დაგაკნინა? მეც მინდოდა, დიდი ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მაგრამ ფეხი მოვიტეხე და ოცნება ვერ ავისრულე. თუმცა, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. სხვა საქმე მოვნახე. შემდეგ დედაშენს შევხვდი და ოჯახი შევქმენით. ცხოვრება ავაწყვეთ. შენ შეგვეძინე და ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო ამქვეყნად. ახლა კი შენი საქციელით ამ ბედნიერებას გვაშხამებ. არ გრცხვენია, ბიჭო?

– მრცხვენია.

– მაშინ გამოცოცხლდი. გადი გარეთ და ცხოვრებას ხალისიანად შეხედე.

– კარგი. გავხალისდები. მანქანა მათხოვე.

– წაიყვანე, – მითხრა მამამ.

დედაჩემმა მკითხა:

– სად მიდიხარ, შვილო?

– სახალისოდ.

საუბარში ისევ მამა ჩაერთო და დედას უთხრა:

– წავიდეს. გახალისდეს. რა გინდა?

– რა უნდა მინდოდეს. უბრალოდ, ასე უცებ რატომ მოინდომა წასვლა? – უპასუხა დედამ.

მამას გაეცინა და მიუგო:

– ამდენი ხანი გისმინეთ და ეუბნებოდი, გარეთ გადი და გახალისდიო და ახლა რატომ მიდიხარო?

– წავიდეს, მაგრამ არ მინდა, ასე განერვიულებული გავიდეს გარეთ, თანაც, მანქანით.

– არ ვარ, დედი, განერვიულებული. თუ არ გინდა, არ წავალ, – ვთქვი მე.

– არა, წადი, წადი, მაგრამ ფრთხილად იარე,– მითხრა დედამ.

– მაინც, საით, თუ საიდუმლო არაა? – დაინტერესდა დედა.

– ფუნიკულიორზე ავალ და თბილისს გადმოვხედავ ზემოდან. დიდი ხანია, იქ არ ავსულვარ და წავალ, გავივლი. წავედი, აბა, თქვენ იცით!

– მშვიდობით იარე, შვილო! – მითხრა დედამ. პირჯვარი გადამწერა და წავედი.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა