რომანი და დეტექტივი

შეკვეთა

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 31.05

შეკვეთა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #19 (1272)

ახალგაზრდა მაიორისნაირი კრეტინები რომ მუშაობდნენ ახალ მთავრობაში, იმიტომაც მიდიოდა საქმე კარგად. მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და ქვეყანა დენთის კასრზე იდგა. ამიტომ გადავწყვიტე, ოჯახი გამერიდებინა მოახლოებული უბედურებისთვის და დროებით საცხოვრებლად იუგოსლავიის ულამაზეს მხარეში, ჩერნოგორიაში გადავედი. იქ პატარა ოჯახური ბიზნესი წამოვიწყე – ზღვის პირას ქართული რესტორანი გავხსენი, რომელსაც ურიგო შემოსავალი არ მოჰქონდა. თუმცა, იუგოსლავიასაც მისწვდნენ. იქაც გვარიანად აირია მდგომარეობა. ყვლეგან ომის კერები გაჩნდა და ისევ საქართველოში დავბრუნდი.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად არ მიჭირდა, სამშობლოში მეორედ დაბრუნებულს უსაქმოდ გაჩერება არ მინდოდა. რესტორნის ბიზნესი აქ არ გამომივიდა, რადგან, ახალ მთავრობას ყველა ადგილი დაკავებული ჰქონდა და ჩამძირავდნენ. ამიტომ, საგამომცემლო-ჟურნალისტურ საქმიანობას მივყევი. ლიცენზია ავიღე, არ გამჭირვებია, მე ხომ „ემგეუში“ ჟურნალისტიკა მქონდა დამთავრებული. შევიძინე კომპაქტური სტამბა და საქმიანობას შევუდექი. პირველ ხანებში, სანამ კარგ კოლექტივს შევკრავდი, პირადად მეც ვჟურნალისტობდი. პარალელურად კი, ნიჭიერ ახალგაზრდებს ვაგროვებდი და ორი წლის თავზე ისეთი მედია-ჰოლდინგი შევქმენი, რომელიც რეიტინგით მოწინავე, მდიდარ ტელევიზიებსაც კი არ ჩამოუვარდებოდა. და უფრო მეტ ძალას იკრებდა. ჟურნალისტები კი ღვინდებოდნენ და სახელს იხვეჭდნენ. ჩვენთან ინტერვიუს დაბეჭდვა პრესტიჟული იყო და ცნობილი პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი არ დარჩენილა, რომლის ინტერვიუ ჩვენს გამოცემებში არ გამოგვიქვეყნებია.. ვაშუქებდით ყველაფერს, ვაშუქებდით მრავალმხრივ, ობიექტურად და ამის გამო მთავრობა და მისი მეთაური გადავიკიდეთ. რამდენიმეჯერ ფინანსური პოლიცია მოგვისიეს. თუმცა ხახამშრალები გაბრუნდნენ უკან. გვიწყობდნენ მორალურ-ფსიქოლოგიურ ტერორს. ის-ის იყო, უკვე ფიზიკურ ტერორზე უნდა გადასულიყვნენ, რომ ის ბინძური მთავრობა კრახის პირას დადგა. ხალხი აუმხედრდა და არჩევნები წააგეს. მე და მთელმა კოლექტივმა შვებით ამოვისუნთქეთ. გაგვიხარდა ეს პოლიტიკური ცვლილება, თუმცა, ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია და ახლებისთვის დითირამბები არ გვიმღერია. მათ საქმიანობასაც ისევე ობიექტურად ვაშუქებდით, როგორც მათი წინამორბედებისას. რომ იტყვიან, ძალაუფლება ტკბილი ქალივითაა, რომლის ხელიდან გაშვება არ გინდა. ეტყობოდა, რომ ახლებსაც იგივე სენი შეჰყროდათ. თუმცა, რა შედარება იყო. ძველებთან შედარებით ახლები ფრთიანი ანგელოზები აღმოჩნდნენ. მართალია, მათაც ჰქონდათ გადაცდომები, ზოგჯერ უხეშიც, მაგრამ ახლების მეთაური არავის პატიობდა ასეთ დანაშაულს. დაუყოვნებლივ ათავისუფლებდა დაკავებული თანამდებობიდან. საჭიროების შემთხვევაში კი ციხეშიც კი უშვებდნენ დამნაშავეს, რაც არ უნდა დიდი თანამდებობის პირი ყოფილიყო ის და რაც არ უნდა დიდი ღვაწლი ჰქონოდა ძველი მთავრობის დამარცხებაში. ამაში მე საკუთარი თავით დავრწმუნდი. ერთ დღეს ქვეყნის მეორე პირმა დამირეკა და მთხოვა, მასთან მივსულიყავი წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე. მითხრა, რომ ინტერვიუს მომცემდა და შემეძლო, ნებისმიერი კითხვა დამესვა მისთვის, რომელზეც ამომწურავ პასუხს გამცემდა. ინტერვიუზე პირადად მე წავედი, თან მარტო და არავინ გამიყოლებია, გარდა ერთი ახალბედა ჟურნალისტი გოგონასი, რომელიც შემდგომ ძალიან ცნობილი გახდა და მთელ იმ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გოგონას მართა ერქვა და სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. მით უმეტეს, რომ ეს ინტერვიუ ჩემი და მისი სახელით გამოქვეყნდებოდა. რანგით მეორე პირმა თავისი პირობა შეასრულა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა. ეს შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. ხოლო, როდესაც ყველა საკითხი ამოვწურეთ, მასპინძელმა თავის მეუღლეს უხმო და სთხოვა, რომ მართა წაეყვანა და გამასპინძლებოდა. აგრეთვე, მოსამსახურე პერსონალს ჩვენთვისაც მოეტანა კონიაკი, ყავა, ნამცხვრები და ხილი. აშკარა იყო, რომ რანგით მეორე პირს მართას თანდასწრებით არ უნდოდა ჩემთან ლაპარაკი. მე ინტერესმა შემიპყრო და ძველი „კაგებეშნიკის“ ინტუიციით ვიგრძენი, რომ მასპინძელს ჩემთვის მიუღებელი რამ უნდა შემოეთავაზებინა.

მართამ პატარა ჩანთა იქვე დადო, იქიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და მასპინძლის მეუღლეს გაჰყვა. მოსამსახურე პერსონალმა კი სუფრა გაგვიწყო და წავიდნენ. მარტონი დავრჩით. მასპინძელმა ჭიქები კონიაკით შეავსო. გაცნობის სადღეგრძელო დალია. მეც დავლიე. შემდეგ გააბოლა, გამიღიმა და მითხრა:

– კმაყოფილი ხართ, ბატონო სოსო?

– დიახ. ფრიად კმაყოფილი.

– ასეთი ინტერვიუ პირველად მივეცი.

– ვიცი. გმადლობთ!

– ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში უფრო ეფექტური იქნებოდა.

– გეთანხმებით.

– ბატონო სოსო, უტყუარი ინფორმაცია მაქვს, რომ ცდილობთ, თქვენს ჰოლდინგს ტელევიზია დაამატოთ.

– ეს ჩემი ოცნებაა. მაგრამ, ჯერჯერობით შორეული პერსპექტივა.

– რა გიშლით ხელს?

– სპონსორების მოძიებაა რთული.

მასპინძელს გაეცინა და მითხრა:

– სულაც არა, ბატონო სოსო.

– ვერ გავიგე?

– რა ვერ გაიგეთ. სპონსორებს მე გამოგიგზავნით და თქვენი ოცნებაც ასრულდება.

– თქვენ?

– დიახ. რამ გაგაკვირვათ?

– ეს ხომ კანონით იკრძალება?

– ზოგჯერ კანონის დარღვევაც კი შეიძლება სამშობლოს გამო.

– მაინც, რა უნდა გავაკეთო სანაცვლოდ?

– უკანონო არაფერი. უბრალოდ, ჩვენი პარტიის იმიჯზე უნდა იმუშაოთ. შეფარულად განახორციელოთ ჩვენი პროპაგანდირება და, რაც მთავარია, გამოაქვეყნოთ ყველა ის მასალა ოპოზიციაზე, რასაც მოგაწვდით.

– რა მასალებს გულისხმობთ. ალბათ, კომპრომატს.

– დიახ.

– დადასტურებულს თუ სავარაუდოს, რომელიც პროპაგანდისტულად უნდა შეიფუთოს?

– ძირითადად, რა თქმა უნდა, დადასტურებულს. თუმცა, არც მეორე ვარიანტი გამორიცხოთ.

– ესე იგი, სამთავრობო არხი უნდა გავხდეთ, ოღონდ შეფარულად, ხომ?

– პრინციპში კი. და რა არის ამაში დასაძრახი? ჩემზე უკეთ იცით, რომ ჩვენი ტელეეთერი ოპოზიციური არხებითაა გაძეძგილი, საიდანაც უამრავი ლაფი იღვრება ჩვენი მისამართით.

– გეთანხმებით, მაგრამ, თუ თქვენი წინადადება მივიღე, მაშინ ჩვენც მათნაირები უნდა გავხდეთ. რა, არ მეთანხმებით?

– გარკვეულწილად კი. მაგრამ, ამას ხომ სამშობლოსთვის გააკეთებთ?

უცებ, თავში ერთმა კითხვამ გამიელვა და ვუთხარი:

– შეიძლება, გკითხოთ?

– ბრძანეთ.

– ეს წინადადება ბატონი გაიოზისგან ხომ არ მომდინარეობს?

გაიოზი ქვეყნის მმართველი იყო. პარტიის სახე და ის ადამიანი, რომელმაც, ფაქტობრივად, მარტომ დაამარცხა წინა მთავრობა.

გაიოზის ხსენებაზე მასპინძელი გაფითრდა და ოფლმა დაასხა. სული რომ მოეთქვა, მინერალური წყალი შესვა და მიპასუხა:

– არა, რას ბრძანებთ. ძალიან გთხოვთ, რომ ეს სიტყვები ბატონი გაიოზის ყურამდე არ მივიდეს. სწორედ ამიტომ გავუშვი თქვენი თანხმლები გოგონა.

შვებით ამოვისუნთქე და მასპინძლისგან ის გავიგონე, რაშიც ეჭვი არ მეპარებოდა. დავრწმუნდი, რომ გაიოზი სუფთა კაცი იყო და ჩემი მასპინძელი მის ზურგსუკან მოქმედებდა. ამიტომ წარბშეკრულმა ვუთხარი:

– ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება, ვერაფერს შეიტყობს. თუმცა, იცოდეთ, რომ თქვენს წინადადებას კატეგორიულად უარვყოფ. მშვიდობით!

– კარგად ბრძანდებოდეთ, – ამოილუღლუღა, ჯერ ისევ გაფითრებულმა მასპინძელმა.

ავდექი. მართასთვის დავაძახებინე და წყნეთის აგარაკიდან წავედით.

ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ მართამ მკითხა:

– მოხდა რამე, ბატონო სოსო?

– არა. არაფერი. უბრალოდ, ძალიან დავიღალე.

მეტი არაფერი უკითხავს და მართა ჰოლდინგში მივიყვანე. ჩანაწერის გაშიფვრა და აწყობა დავავალე. მე კი ფუნიკულიორზე ავედი. განვმარტოვდი და ქვეყნის მეორე პირთან საუბარი გონებაში თავიდან გავიარე. არ მომეწონა მისი განწყობა. თუმცა, ის მაიმედებდა, რომ როგორც ვფიქრობდი, გაიოზი ბოლომდე წესიერი კაცი აღმოჩნდა. გულით მინდოდა, რომ ეს კონფიდენციალური საუბარი ფართო მასებისთვის გამეცნო, მაგრამ, სიტყვა მივეცი, თან, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავს რამეს ვერ გაბედავდა. ხოლო, თუ გაბედავდა, მას გაიოზი მოაშთობდა.

ინტერვიუ კარგად იყო აწყობილი და თითქმის ათი გვერდი დასჭირდა. შემეძლო, ფანდი მეხმარა და რამდენიმე ნომერში გამეშვა, რაც კარგ მოგებას მოგვიტანდა, მაგრამ ერთ ნომერში გავუშვი. ისე სწრაფად გაიყიდა, რომ ორჯერ გავზარდეთ ტირაჟი. მართა ერთხელ გამოჩნდა რედაქციაში და მოულოდნელად გაქრა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. არც ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა. თუმცა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა სუპერსენსაცია დააანონსა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მართას, თურმე, ჩანთაში ჩამწერი ჩართული დაუტოვებია და მეორე პირთან საუბარი სრულად ჩაუწერია. სწორედ ის ჩამწერი უჩვენა ოპოზიციურმა არხმა მთელ საქართველოს და ეს ყოველივე ისე შეფუთეს, რომ თითქოს მთელი მთავრობა გაიოზის მეთაურობით კორუმპირებული იყო და ჩემს მოსყიდვას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ჩანაწერებში გაიოზი პატიოსან ადამიანად ჩანდა...

ეს ყოველივე სასწრაფოდ აიტაცა ადგილობრივმა მასმედიამ. ამას კი ის მოჰყვა, რომ გაიოზმა ქვეყნის მეორე პირი უპირობოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან. ხოლო პროვინციული, ნიჭიერი, მაგრამ ბინძური სულის ამბიციური მართა ოპოზიციურ ტელევიზიაში დაასაქმეს. უყიდეს ბინა, მისცეს დიდი ხელფასი და რომ იტყვიან, ისე გააპიარეს, თითქოს, ყველა დროისა და ხალხის ნომერ პირველი ჟურნალისტი ყოფილიყო. მართა ტალახიდან ქერის ორმოში მოხვდა და ძალიან მალე დაიკმაყოფილა თავისი ბინძური ამბიციები.

გავიდა წლები. მმართველმა პარტიამ ყველა არჩევნები უპირობოდ მოუგო ოპოზიციას. მართალია, მართა სიბინძურეებს აფრქვევდა თავისი სტუდიიდან, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა ოპოზიციას. კვლავ დადგა დიდი არჩევნების პერიოდი და მართამ სიბინძურის ფრქვევა გააათმაგა. სულ რაღაც ერთი თვით ადრე არჩევნებამდე მოსკოვიდან მოულოდნელად ჩამოვიდა ივან სერგეევიჩ პავლოვი და ეს ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ გავოგნდი. მან ტრადიციული მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ გამიხმო და მითხრა:

– შენთან სერიოზული საქმე მაქვს და ამიტომ გეწვიე. წამოდი, პირისპირ, „ყურების“ გარეშე ვილაპარაკოთ.

ერთ-ერთ ქალაქგარეთა რესტორანში განვმარტოვდით და გენერალმა, რომელიც უკვე კარგა ხნის პენსიონერი იყო, მაგრამ ყოჩაღად გამოიყურებოდა, ფლეშკა შეარჭო ლეპტოპში და ჩართო, თან მითხრა, ყურადღებით უყურეო... რაც იქ ვნახე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფირზე უმაღლესი ხარისხის ფარული კამერით, რომელიც სპეცსამსახურებს აქვთ, გადაღებული იყო ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერის საუბარი კოლეგებთან. ისინი მართას ლიკვიდაციის საკითხს განიხილავდნენ. მათი გეგმით მართა დაქირავებულ მკვლელს უნდა მოეკლა. შემდგომ კი ეს სიბინძურე მთავრობისთვის დაებრალებინათ და ამგვარად აპირებდნენ არჩევნების მოგებას. ეს იყო უტყუარი მტკიცებულება სასტიკი დანაშაულისა. იქვე იყო მეორე ფირიც, უკვე ქილერთან საუბარი მართას მკვლელობაზე. ასევე, მისთვის ფულის ნაწილის გადახდაც იყო აღბეჭდილი. ქილერი 300 000 დოლარად დაიქირავეს და 150 ათასმი დოლარი წინასწარ გადაუხადეს.

გენერალი იმავე ღამეს დაბრუნდა მოსკოვში. მე კი ეს ფირი უშიშროების სამინისტროში მივიტანე. მათ ქილერი 20 წუთში აიყვანეს და აღიარებითი ჩვენება ჩამოართვეს. ოპოზიციის ლიდერებს ჯერჯერობით ხელი არ ახლეს. სამაგიეროდ, მართა მოიყვანეს სამინისტროში. დიდი ტელევიზორის წინ დასვეს და აყურებინეს გადაცემას, სადაც ყველაფერი გაერთიანებული იყო.

მართამ შემომხედა, ატირდა და თქვა:.

– მაპატიეთ, ბინძურად ვიქცეოდი. მადლობა, რომ ეს ბინძური შეკვეთა არ განახორციელებინეთ ამ ვიგინდარებს.

ერთი თვის მერე ოპოზიციამ მორიგი არჩევნები წააგო...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა