შეკვეთა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.05

უშიშროებიდან პოდპოლკოვნიკის ჩინით წამოვედი. გენერალმა რომ ჩემი პატაკი წაიკითხა, მითხრა:
– არასწორი გადაწყვეტილებაა, პოდპოლკოვნიკო.
– რატომ, ივან სერგეევიჩ?
– დარჩი და გენერალი გახდები. სად მირბიხარ?
– არ მივრბივარ, უბრალოდ, სამშობლოში ვბრუნდები.
– და, რას გააკეთებ იქ?
– ყოველ შემთხვევაში, ჩვენს სისტემაში ნამდვილად არ ვიმუშავებ.
– ხომ იცი, ყოფილი „კაგებეშნიკი“ არ არსებობს.
– ჩვენ ორივე ყოფილი „კაგებეშნიკები“ ვართ. სადღაა „კაგებე“ და ის ქვეყანა, რომელსაც ერთგულად ვემსახურეთ ამდენი წელი.
– წარსულს ჩაბარდა... მაგრამ, კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს, – თქვა გენერალმა და დაამატა, – პრინციპში, მართალი ხარ. წასასვლელი რომ მქონდეს, არც მე გავჩერდებოდი აქ, მაგრამ რუსეთი ჩემი სამშობლოა. მესმის შენი. აღარ ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებ. გენერლობაში კი რა ყრია. ჩემს თვალში შენ გენერალიც ხარ და მეტიც. ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!
– მშვიდობით, ივან სერგეევიჩ!
– ნახვამდის, სოსო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
მოსკოვის ცენტრში უზარმაზარი, პრესტიჟული ბინა ძალიან იაფად გავყიდე და თბილისში ჩამოვედი. ცოლ-შვილი წინასწარ მყავდა გამოგზავნილი და ერთი სული მქონდა, როდის შევძლებდი, მათ ნახვას და ერთად ცხოვრებას.
ოცი წელი საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტში ვიმუშავე ანტიტერორიზმის განყოფილებაში. „კაგებეს“ უმაღლესი სკოლა მაქვს დამთავრებული და იმ ჯგუფის წევრი ვიყავი, ვინც „კაგებეში“ ანტიტერორისტულ ცენტრს ჩავუყარეთ საფუძველი. გენერალი ივან სერგეევიჩ პავლოვი იყო ამ ცენტრის დაფუძნების ინიციატორიცა და სულისჩამდგმელიც. იმ ოცი წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო, ფათერაკებით სავსე გზა მაქვს გავლილი. გუშინდელი დღესავით მახსოვს პავლოვთან პირველი შეხვედრა. როდესაც თბილისის უნივერსიტეტიდან „ოფიციალური შეფუთვით“, „ემგეუში“, ანუ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავედი, სინამდვილეში, „კაგებეს“ უმაღლეს სკოლაში ამოვყავი თავი. თუმცა, „ემგეუშიც“ შევიხედავდი ხოლმე საგამოცდო პერიოდში და გამოცდებს ვაბარებდი. ასე რომ, ორი დიპლომი მაქვს. სხვათა შორის, „ემგეუ“ წითელ დიპლომზე დავამთავრე, არა, რომ იტყვიან, ჰაერზე, არამედ რამდვილ წითელ დიპლომზე. „კაგებეს“ უმაღლეს სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი იყო „ემგეუს“ გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად და ამიტომ. „კაგებეს“ უმაღლეს სკოლაში კი უამრავ საგანს გვასწავლიდნენ და სპეცსაგნებთან ერთად, ტრადიციულ დისციპლინებსაც, თანაც, გაძლიერებულად. ერთი სიტყვით, „კაგებეს“ უმაღლეს სკოლაში გასაუბრებაზე ვარ. თითოეული გამომცდელი თითოეულ კანდიდატს ერთი ერთზე ელაპარაკებოდა. ერთ-ერთი გამომცდელი კი სწორედ ივან სერგეევიჩ პავლოვი იყო. აბა, რა ვიცოდი, თუ ეს კაცი ანტიტერორისტულ ცენტრს უყრიდა საფუძველს და კანდიდატებს არჩევდა. მაშინ პავლოვი მაიორის ჩინს ატარებდა, რომ შევედი, შემათვალიერა და მითხრა:
– გამარჯობა, სოსო. მე მაიორი ივან სერგეევიჩ პავლოვი ვარ.
– გამარჯობა, ამხანაგო მაიორო.
– სიმართლე გითხრა, არ მოველოდი შენი ტესტირებების ასეთ პასუხებს. ყველაფერში უმაღლესი შეფასება გაქვს მიღებული. გამომცდელებს ველაპარაკე და მითხრეს: ოცბალიანი სისტემა რომ იყოს, ყველაფერში ოციანებს დავუწერდითო.
– ამხანაგო მაიორო, შეიძლება, გკითხოთ?
– მკითხე.
– რატომ არ მოელოდით?
– მე ფიზიკურ კონდიციებს ვგულისხმობდი და არა ინტელექტუალურს. შენს ანკეტაში შენი მონაცემებია დაფიქსირებული 172 სანტიმეტრი და 68 კილოგრამი. ეს კი იმ საქმისთვის, რასაც მე ვახორციელებ, კარგი პარამეტრები არაა. თუმცა, დავრწმუნდი, რომ ყველა წესს გამონაკლისი აქვს და სწორედ ეს გამონაკლისი ხარ შენ.
– გმადლობთ, ამხანაგო მაიორო.
– სოსო, მე ანტიტერორისტულ ცენტრს ვაკეთებ და ყოჩაღი, ჭკვიანი ბიჭები მჭირდება. შენ შესაფერის კანდიდატად მიმაჩნიხარ და თუკი შენც თანახმა იქნები, მაშინ ამ განხრით ჩაირიცხები უმაღლეს სკოლაში. ეს ფაკულტეტიც ახალი დაფუძნებულია და ამ საქმის პიონერებს შორის იქნები. რას იტყვი, თანახმა ხარ?
– დიახ, თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. ამიერიდან შენ ანტიტერორისტული ფაკულტეტის სტუდენტი ხარ და ერთმანეთს ხშირად შევხვდებით. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა!
როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს ოცკაციან ჯგუფში, რომელსაც პავლოვი ხელმძღვანელობდა, ის ადამიანები ვიყავით, ვინც საბჭოთა კავშირში სერიოზულ ანტიტერორისტულ უწყებას ჩავუყარეთ საფუძველი. ძალიან მალე ჩვენი სამსახური მნიშვნელოვნად გაფართოვდა როგორც კვალიფიციური კადრებით, ასევე, შეიარაღებით, ტექნიკური საშუალებებითა და ახალი მეთოდიკით. მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლები ძალიან მძაფრი, დაძაბული პერიოდი იყო. სწორედ მაშინ აზვირთდა მსოფლიოში ტერორიზმის ტალღა და დროზე, რომ იტყვიან, სულზე, მივუსწარით ამ მოვლენებს.
იმ ოცი წლის განმავლობაში, რაც ამ უწყებაში გავატარე, ერთი მშვიდი დღეც არ მქონია და სულ დაძაბულ მუშაობაში ვიყავი. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი უწყება სწრაფად ფართოვდებოდა, მისი უცვლელი ხელმძღვანელი ივან სერგეევიჩ პავლოვი ახალ-ახალ სტრუქტურებს ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი სტრუქტურა იყო საგანგებო-ოპერატიული ჯგუფი, იგივე სწრაფი რეაგირების ძალები, რომლის უფროსად მე გამამწესა. ჩვენს მოვალეობას შეადგენდა სასწრაფო სპეცოპერაციის ჩატარება, ყოველგვარი მომზადების გარეშე. ანუ, იღებ დავალებას, გაძლევენ მითითებებს. იცი მიზანი და ის სწრაფად უნდა შეასრულო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ტკბილად გძინავთ, მაგალითად, მოსკოვში, საკუთარ ბინაში. ამ დროს, ღამის 3 საათზე, გაღვიძებენ და ცენტრში გიბარებენ. მიდიხარ და მთელ ჯგუფს გიცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის რომელიღაც ქვეყანაში გადაგისვრიან და ამა და ამ ადგილიდან უნდა მოიტაცო ცნობილი ტერორისტი, რომელსაც აგერ უკვე ოთხი წელია, რაც ეძებენ. ასეთი სიჩქარე კი იმითაა გამოწვეული, რომ კონკრეტული ობიექტი დიდი ხნის განმავლობაში არ ჩერდება ერთ ადგილზე და ყველაფერი, რომ იტყვიან, მოსწრებაზეა. ოპერაციის მთავარი მიზანი მოტაცებაა, მაგრამ, არსებობს სათადარიგო ვარიანტიც – თუ ობიექტის მოტაცება ვერ ხერხდება, მაშინ მისი ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს... ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად, ეფექტურად და საიდუმლოდ უნდა განხორციელდეს. მართალია, თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობის დროს მსოფლიოს ყველა წერტილს გულდასმით ვამუშავებთ და ვსწავლობთ, მაგრამ უშუალოდ დავალების შესრულებისას შესაძლებელია, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა დაგხვდეს. წარმოიდგინეთ, ღამის ბეირუთში გადაგისროლეს, სადაც ათასი სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებაა. თითოეულ მათგანს საკუთარი ბლოკპოსტი აქვს. ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული. შენ კი იქ უჩუმრად უნდა შეიპარო და ყველა ბარიერი გაიარო. აღმოაჩინო ობიექტი, მოიტაცო და ასევე, ჩუმად გამოხვიდე იქიდან. ხოლო თუ მოტაცება ვერ შეძელი, გაანადგურო... მოკლედ, ძალიან სახიფათო და საპასუხისმგებლო საქმეს ვიყავი შეჭიდებული. ყოფილა შემთხვევა, რომ მოსკოვში გამიღვიძია, დილით ავღანეთში ჩამიტარებია ოპერაცია. საღამოს ევროპის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ამომიყვია თავი, მეორე დილას კი კვლავ მოსკოვში ჩავსულვარ და ეს ყველაფერი სულ რაღაც 24 საათში ჩამიტევია... სირთულეებისა და უდიდესი სასიცოცხლო რისკის მიუხედავად, ჩემი სამუშაო უზომოდ მიყვარდა და არ მეგონა, თუ მას ოდესმე მივატოვებდი. თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული და ეს დრო მაშინ მოვიდა, როდესაც საბჭოთა კავშირს დაესვა წერტილი...
თბილისში რომ დავბრუნდი, ქვეყანა უკვე საკმაოდ არეული იყო. გარკვეული პერიოდი მუშაობას არც ვაპირებდი. ფული არ მიჭირდა და დასვენება გადავწყვიტე. თუმცა, ვინ მოგცა ამის საშუალება. ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი, როდესაც დამირეკეს და უშიშროების სამინისტროში დამიბარეს. რომ მივედი, კაბინეტში ერთი ახალგაზრდა კაცი დამხვდა. უცნაური ფორმა ეცვა და მაიორის სამხრეები ეკეთა.
– დაბრძანდით, ბატონო იოსებ, ოფიციალური ტონით მითხრა ახალგაზრდა მაიორმა და დაამატა, – თქვენ, ალბათ, ხვდებით, თუ რატომ დაგიბარეთ.
– წარმოდგენაც არ მაქვს, – გულწრფელად ვუთხარი კაბინეტის პატრონს, რომელიც ცდილობდა, მნიშვნელოვან პერსონად წარმოეჩინა თავი (თუმცა, რთული მისახვედრი არ იყო, რომ დიდს ვერაფერს წარმოადგენდა. უშიშროების მაიორის ჩინი კი აშკარად იმ აზრით მიეწებებინათ მისთვის, რომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო...
– მაშინ აგიხსნით, ბატონო იოსებ და ყურადღებით დამიდგეთ ყური.
– ამიხსენით და ყურადღებით დაგიგდებით ყურს, – გამოვაჯავრე მაიორის პაგონებმიწებებულს.
– როგორც, ალბათ, იცით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. შევცვალეთ კომუნისტური სისტემა დემოკრატიულით. ვაფუძნებთ ახალ-ახალ ინსტიტუციებს. ეს ცვლილება უშიშროებასაც შეეხო და ყოფილი „კაგებეს“ ნაცვლად ეროვნული უშიშროების სამსახური შევქმენით. ერთი სიტყვით, ჩვენთან მუშაობა დუღს და გადმოდუღს. აქ კი იმიტომ დაგიბარეთ, რომ მოგვაწოდოთ დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი მეზობლის, რუსეთის შესახებ.
– რა ინფორმაცია? – გულწრფელად ვერ გავიგე.
– თქვენ ხომ მრავალი წელი რუსეთში იმუშავეთ და გამორიცხულია, რომ საიდუმლო ინფორმაციებს არ ფლობდეთ.
– ჯერ ერთი, მე საბჭოთა კავშირის „კაგებეში“ ვმუშაობდი და არა რუსეთში. ქვეყანა კი დაიშალა. გაუქმდა „კაგებეც“ და მაინც, რა საიდუმლო ინფორმაციები გაინტერესებთ?
ახალგაზრდა მაიორი დაიბნა და მითხრა:
– ჩვეულებრივი საიდუმლო ინფორმაციები.
– არასწორი ფორმულირებაა.
– რას გულისხმობთ?
– იმას, ჩემო მეგობარო, რომ ჩვეულებრივი საიდუმლო ინფორმაციები არ არსებობბს. საიდუმლო ინფორმაცია თავისთავად გულისხმობს არაჩვეულებრიობას. ესე იგი, თქვენ არაჩვეულებრივს მოითხოვთ ჩემგან, ხომ?
– დიახ. მოკლედ, საიდუმლო ინფორმციებს. არ არსებობს, რომ თქვენ ასეთ რამეს არ ფლობდეთ. ეს, უბრალოდ, გამორიცხულია.
– ვფლობ. რატომაც არა?!
ჩემს სიტყვებზე მაიორმა ყურები ცქვიტა. მაგნიტოფონი ჩართო და თქვა:
– დავიწყეთ. ჩავიწეროთ.
გუნებაში გამეცინა და გავიფიქრე, ნუთუ აქ ყველა ასეთი იდიოტი მუშაობს-მეთქი. მაიორს კი ვუთხარი:
– „კაგებეს“ თავმჯდომარე იური ანდროპოვი თუ გაგიგონიათ?
– დიახ.
– ჰოდა, ერთი საიდუმლო ვიცი მის შესახებ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდნენ.
– დიახ, დიახ, ბრძანეთ.
– ანდროპოვს თირკმელების პრობლემა სასტიკად აწუხებდა და თითქმის მთელ დროს კრემლის კლინიკაში ატარებდა. როცა ტელევიზორში აჩვენებდნენ, რომ თითქოს მოგზაურობდა, ეს ყოველივე დამონტაჟებული იყო და ხალხს ატყუებდნენ. ბოლოს კი კრემლის კლინიკაში ამოხდა სული საცოდავს.
– არა, ბატონო იოსებ, თქვენ ვერ გამიგეთ. ჩვენ სულ სხვა ინფორმაციები გვაინტერესებს.
– სულ სხვა?
– დიახ.
– მაინც?
– აი, მაგალითად, რუსეთის აგენტურული ქსელი საქართველოში. მათი რეზიდენტი ვინაა. ერთი სიტყვით, ასეთი ტიპის საიდუმლოებები.
– ასეთ საიდუმლოებებს, სამწუხაროდ, მე არ ვფლობ. თუმცა, შემიძლია, გითხრათ, თუ ვინ ფლობს ამ ინფორმაციებს?
– ვინ?
– ვინ და საქართველოს კურატორი „ეფესბეში“. სამწუხაროდ, არ ვიცი მისი ვინაობა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად ექნება მსგავსი ინფორმაციები.
მაიორი, როგორც იქნა, მიხვდა ჩემს განწყობას და მითხრა:
– აქ თქვენ სახუმაროდ არ დაუბარებიხართ და სერიოზულად მოეკიდეთ საქმეს.
– ახალგაზრდავ, მე ყოველთვის სერიოზულად ვეკიდები საქმეს. მაგრამ, თქვენი სურვილია ძალზედ არასერიოზული. შე დალოცვილო, მე, აბა, ვინ მეტყვის ამ ინფორმაციებს. რომელი „ეფესბეს“ შეფი მნახეთ ან რუსი რეზიდენტი?
– ანუ, სურვილი არ გაქვთ, რომ თქვენს სამშობლოს დაეხმაროთ?
– ანუ, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო მაიორო, – ვთქვი მე. წამოვდექი და წავედი.
დასასრული შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან