რომანი და დეტექტივი

შეკვეთა

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.06

შეკვეთა
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, უმუშევარი დავრჩი. საგანგებო-ოპერატიული რაზმის მაიორი ვიყავი. ადრე „კაგებეს“ ერთ-ერთ ყველაზე კონსპირაციული განყოფილების თანამშრომელი და კარტოთეკაში „ლადოს“ ფსევდონიმით ვირიცხებოდი. ჩემი მოვალეობა იყო „ობიექტის“ ლიკვიდაცია ან გატაცება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ძირითადად, ინდივიდუალურად, მარტო ვმოქმედებდი. თუმცა, ჯგუფურ ოპერაციებშიც მიმიღია მონაწილეობა, იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტი სწრაფად და ელვისებურად უნდა „აგვეწია“ (მოგვეტაცებინა), შემდგომ კი მისი ტრანსპორტირება განგვეხორციელებინა. მთელი ეს „ხელოვნება“ სპეცსკოლაში შემასწავლეს. მე ამ სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებული ვიყავი. ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, არც „კაგებეს“ „ქსივა“ მედო ჯიბეში, არც ამ სამსახურში დავდიოდი და არც ჩემს კოლეგებს ვიცნობდი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კოლექტიური სამუშაოს შესრულება გვიწევდა, თუმცა, დავალების შესრულების შემდეგ თითოეული ჩვენგანი სამუდამოდ ივიწყებდა პარტნიორს. არ მახსოვს ერთი შემთხვევაც კი, რომ ორჯერ დავალების შესრულებისას ერთსა და იმავე ადამიანს შევხვედროდი. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვიცნობდი, ანტონ ბურე იყო. მე იმის არც წოდება ვიცოდი, არც ნამდვილი ვინაობა. მხოლოდ ის, რომ ბურე ჩემი კურატორი იყო და ყველა დავალებას სწორედ ის მაძლევდა: სახლში დამირეკავდა, კონსპირაციულ ბინაში შეხვედრას დამინიშნავდა და დეტალებს გამაცნობდა. ხელფასი კი ყოველთვიურად შემნახველი სალაროს წიგნაკზე მერიცხებოდა. ეს მთავარი და უხილავი სამსახური იყო. თუმცა, ეგრეთ წოდებულ, ხილული პროფესიაც მქონდა – ხალხის თვალის ასახვევად ელექტრომონტიორად ვმუშაობდი, რათა არავინ დაეჭვებულიყო და არ ეთქვათ, უქნარა და პარაზიტიაო. მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში ოროთახიან ბინაში ვცხოვრობდი და „06“ მარკის „ჟიგულით“ დავდიოდი. ერთი სიტყვით, ცხოვრება აწყობილი მქონდა და ბედს არ ვუჩიოდი. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, ყველაფრის დესტრუქტურიზაცია მოხდა და „კაგებეც“ ოფიციალურად გაუქმდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსეთის უშიშროების სტრუქტურებში გადამიყვანდნენ და იქ გავაგრძელებდი „მოღვაწეობას“, ამიტომ, მოუთმენლად ველოდებოდი ჩვენს კურატორთან შეხვედრას. ბურემ კი მხოლოდ სამი თვის შემდეგ, მარტის მიწურულს დამირეკა და კონსპირაციული ბინის ნაცვლად მოსკოვის ერთ-ერთ სკვერში დამინიშნა შეხვედრა. ციოდა. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. სკამზე ჩამოვსხედით და მან მითხრა:

– სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობო. ჩვენი განყოფილება გაუქმებულია და თანამშრომლები, რომ იტყვიან, ქუჩაში გაგვყარეს. აღარც ხელფასებს გადაგვიხდიან და ჩვენზე არც სახელმწიფო იზრუნებს. ერთი სიტყვით, ბედის ანაბარა დავრჩით და ჩვენს თავს ჩვენვე უნდა მივხედოთ. დიდი რეორგანიზაცია განხორციელდა და არნახული რამ ხდება. ლუბიანკაზე ამერიკული, ეგრეთ წოდებული, მრჩევლები მოკალათდნენ და ახალ ხელმძღვანელებს მითითებებს აძლევდნენ.

ბურეს სიტყვები გადამეტებული გაბრაზებული ნათქვამი მეგონა და აგდებულად ვუთხარი:

– არ მჯერა..

მან შემომხედა, ჩაეცინა და თქვა:

– გგონია, გაბრაზებული ვარ და ვამეტებ, ხომ? სულაც არა. ამერიკელები ჭიანჭველებივით არიან შესეულები ლუბიანკას და ყველაფერში ცხვირს ყოფენ. ფულს იხდიან და ამიტომ. თუმცა, ამ ქვეყანაში პატრიოტებიც დავრჩით და ვცდილობთ, მათ ყოველმხრივ შევუშალოთ ხელი. პირადად მე არქივიდან მთელი ნომენკლატურული კარტოთეკა წავშალე და ჩემდამი დაქვემდებარებული ადამიანების ვინაობები მხოლოდ თავში მაქვს. აბა, რა საჭიროა, უცხომ იცოდეს შენი და შენი კოლეგების საქმიანობის შესახებ. ამიტომ, ჩემო კარგო, გამოსამშვიდობებლად მოვედი და თანაც ერთ რჩევასაც მოგცემ. სულ მალე იმაზე მეტი არეულობა დაიწყება, ვიდრე შეგიძლია, წარმოიდგინო. ამიტომ, პირველ რიგში, შემნახველი სალაროს წიგნაკზე არსებული ათი ათასი მანეთი სასწრაფოდ დოლარებად გადაახურდავე და შეინახე. ფული მომჭირნედ ხარჯე და ახალი სამსახური ეძებე. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეს და, რა თქმა უნდა, სიტყვაც კი არავისთან დაძრა, თუ სად მუშაობდი და რას აკეთებდი. ყველასთვის ელექრომონტიორი ხარ და ასეთად დარჩი. ახლა კი მშვიდობით!

– მშვიდობით, ბურე! – ვუთხარი, უკვე ჩემს ყოფილ კურატორს და სამუდამოდ დავშორდით ერთმანეთს.

კიდევ კარგი, რომ ბურეს რჩევა ყურად ვიღე და ჩემი ანაბრის დოლარებში კონვერტაცია მოვასწარი. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მანეთი კატასტროფულად გაუფასურდა. ამ ბოლო შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ კი ერთ-ერთი გაზეთიდან ბურეს გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. სურათით ვიცანი. ნეკროლოგში ეწერა, რომ 55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა პოლკოვნიკი ვალენტინ სერგეის ძე ვლასოვი. ქალაქში გავრცელებული ხმებიდან კი ჩემთვის დანამდვილებით გახდა ცნობილი, რომ ბურეს საკუთარ სახლში ტაბელური იარაღიდან საფეთქელში გასროლით დაუსრულებია სიცოცხლე. თურმე, მას გამქრალი კარტოთეკის დაბრუნებას სთხოვდნენ. მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და ციხით ემუქრებოდნენ ყოველივე ამის უკან კი ლუბიანკაზე მოკალათებული ამერიკელი მრჩევლები იდგნენ. სინამდვილეში ეს ხალხი „ცეერუს“ გამოცდილი თანამშრომლები იყვნენ. ბურემ კი მათთან თანამშრომლობასა და ფიცის გატეხვაზე უარი განაცხადა და სიკვდილი არჩია. ამასობაში სიტუაცია კატასტროფულად უარესდებოდა. არნახული რამ ხდებოდა და ისეთი ქაოსი წარმოიშვა, რასაც კოშმარულ სიზმრებშიც კი ვერ ნახავდა კაცი. ეკონომიკა ჩამოიშალა. კრიმინალი კატასტროფულად გაიზარდა და ერთ დროს შედარებით წყნარი მოსკოვი ბრძოლის ველს დაემსგავსა. ქუჩები გვამებითა და „ბომჟებით“ აივსო. სახელმწიფო სამსახური, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა. ყველაფერი კერძო სტრუქტურების ხელში გადავიდა და სახელმწიფო, ფაქტობრივად, გაქრა. მე გამიმართლა და ერთ-ერთ კომერციულ ფირმაში ელექტრომონტიორად მოვეწყვე. ხელფასს დოლარებში მიხდიდნენ. ამასობაში კი ერთი წელიწადი გავიდა. ყველაფერი ისე გაუფასურდა, რომ ვერაფერს და ვერავის ვეღარ ვცნობდი. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მოსკოვური ბინის გაყიდვას ვაპირებდი, იმ ფულით კი საქართველოს რომელიმე კუთხეში პატარა კარმიდამოს ყიდვა მინდოდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და ოჯახის შექმნას ვაპირებდი. ამიტომ მოსკოვის ერთ-ერთ გაზეთში ბინის გაყიდვის თაობაზე განცხადება გამოვაქვეყნე და ჩემი ტელეფონიც მივუთითე. კლიენტმა მეორე დღესვე დამირეკა და შევთანხმდით, რომ საღამოს ბინის სანახავად მოვიდოდა. რვა საათი რომ შესრულდა, შუახნის მამაკაცი მესტუმრა. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, თან, გამეცნო:

– თომა.

– ძალიან სასიამოვნოა. შემობრძანდით. დაათალიერეთ ბინა, – ვუთხარი ახალმოსულს.

კლიენტმა საგულდაგულოდ დაათვალიერა ჩემი ბინა. ბოლოს სავარძელში მოკალათდა და მითხრა:

– მშვენიერი ბინაა, მომწონს. ფასიც მისაღებია და შეიძლება ყიდვა.

– თუ ასეა, შეგვიძლია, ხელშეკრულებაც გავაფორმოთ, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, თომა, ვუთხარი კლიენტს.

– ბრძანეთ.

– ფულის გადახდის შემდეგ კიდევ ერთი თვე უნდა მაცადოთ და მხოლოდ ამის მერე დაგიცლით.

თომას გაეღმა და მითხრა:

– თქვენ, ალბათ, აქედან გამგზავრებას აპირებთ და გინდათ, მყუდრო ადგილზე დასახელდეთ?

– დიახ. დაახლოებით, მასეთი გეგმა მაქვს. როგორ მიხვდით?

– ინტუიცია, ბატონო ლადო, – მითხრა თომამ.

ამ სიტყვების შემდეგ უკვე აღარ გამჭირვებია იმის მიხვედრრა, თუ ვინ იჯდა ჩემ წინაშე და რომ თომა მხოლოდ მისი ფსევდონიმი იყო. როგორც ჩემი – ლადო. ამიტომ ვუთხარი:

– როგორ მოგმართოთ, ამხანაგო თომა თუ ბატონო თომა?

– მხოლოდ თომათი, ლადო. ასე სჯობს. უბრალოება და სიზუსტე ჩვენი საქმიანობის წარმატების საწინდარია.

– რა გნებავთ, თომა?

– რაც ირგვლივ ხდება, კარგად ხედავთ, ყველაფერი კერძო ხელში მოხვდა და ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. ამიტომ, არც ჩვენ ჩამოვრჩით ამ ტენდენციას. ჩვენც კერძო კანტორა შევქმენით და სამუშაოს გთავაზობთ.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად ის, რომ შეკვეთებზე იმუშავებთ და საკმაოდ მსუყე ანაზღაურებაც გექნებათ.

– უარი რომ ვთქვა?

– ეს თქვენი უფლებაა, ძვირფასო ლადო. ასეთ შემთხვევაში ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდებით და სამუდამოდვე დავივიწყებთ ამ საუბარს.

– უნდა მოვიფიქრო. ნაჩქარევ პასუხს ვერ გაგცემთ.

თომამ სიგარეტი ამოაცურა. საათს დახედა და მითხრა:

– აივანზე გავალ და მოვწევ. ხუთ წუთში კი პასუხისთვის დავბრუნდები.

ძველმა ჟინმა და მონადირის აზარტმა შემიპყრო. თანაც ფულიც მჭირდებოდა. მთავარი კი ის იყო, რომ თავს მაინც არ დამანებებდნენ და შესაძლოა, ისეთი რამ მოეწყოთ, რაც თავბედს მაწყევლინებდა, ან, სულაც, უბრალოდ გამაქრობდნენ. მე ხომ ძალიან ბევრი რამ ვიცოდი. ამიტომ, ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად ჩათრევას ჩაყოლა ვარჩიე. აივნიდან დაბრუნებულ თომას კი ვუთხარი:

– თანახმა ვარ.

თომას გაეღიმა და მითხრა:

– ძალიან კარგი. ესე იგი, ბინის გაყიდვა ჩაიშალა. არადა, ნამდვილად კარგი ბინაა და ფასიც მისაღები. ერთი სიტყვით დაგიკავშირდები. აქ მე აღარასდროს გამოვჩნდები. დაგირეკავთ, შეხვედრას დაგინიშნავთ და შეკვეთის შინაარსსაც ადგილზე გაგაცნობ ხოლმე. თქვენთვის ეს სიახლე არ უნდა იყოს. ბურესთანაც ხომ ასეთი ურთიერთობა გქონდათ.

– ერთი კითხვა მაქვს.

– მკითხეთ.

– ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბურემ მითხრა, რომ მთელი კარტოთეკა გააქრო და საიდან მომაგენით?

თომას ჩაეცინა და მიპასუხა:

– ბურემ სიმართლე გითხრათ. მას ვერავინ დააცდენინა თავისი ხელქვეითების ვინაობები და თავიც ამიტომ მოიკლა. მაგარი ვინმე იყო. სიტყვის კაცი. დანარჩენს კი რა მნიშვნელობა აქვს. არ გსმენიათ – რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო მშვიდად გძინავს. სიმშვიდე და ჯანმრთელობა კი თქვენი პროფესიის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომ, იმაზე დავსვათ წერტილი. ეს კი თქვენ, რომ პირველ ჰონორარამდე ცოტა სული მოითქვით.

თომამ ათასი დოლარი დამიტოვა და წავიდა...

***

პირველი შეკვეთა ამ საუბრიდან ერთი თვის შემდეგ მივიღე. თომამ პატარა სკვერში დამინიშნა შეხვედრა. ობიექტის სურათი მიჩვენა და მითხრა, რომ ის, მაქსიმუმ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამენეიტრალებინა.

– ჰონორარს შეკვეთის შესრულებიდან მეორე დღეს მიიღებთ. აბა, წარმატებას გისურვებთ! – მითხრა თომამ და წავიდა.

შეკვეთა ორი დღის შემდეგ უმაღლეს დონეზე შევასრულე. იმავე საღამოს დამირეკა თომამ და მითხრა:

– შესანიშნავი სპექტაკლი იყო. მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა. მსახიობებმა წარმატებით გაართვეს თავი ყველაფერს. მთავარი როლის შემსრულებელი კი, უბრალოდ, გენიალური იყო. ჰო, მართლა, ფოსტაა გამოგზავნილი და თუ მიიღეთ.

ფოსტის ყუთი კართან მეკიდა. გავედი. გავხსენი. კონვერტში მოთავსებული ჰონორარი ამოვიღე. ბინაში დავბრუნდი და თომას ვუთხარი:

– ფოსტა მივიღე.

– კარგი. მომავალი სპექტაკლის შესახებ შეგატყობინებთ. შეხვედრამდე! – მითხრა თომამ და ტელეფონი გათიშა.

ჰონორარი, როგორც თომამ შემპირდა, მართლაც ძალიან მსუყე იყო და საწუწუნო არაფერი მქონდა. რომ იტყვიან, ყინული დაიძრა. შეკვეთას შეკვეთა მოსდევდა და მეც დიდი პროფესიული ოსტატობით ვასრულებდი მათ და არა მხოლოდ მე, სხვებიც. ყოველდღიურად რუსეთში ათეულობით შეკვეთილი მკვლელობა ხდებოდა და აშკარა იყო, რომ თომას კერძო კანტორა მთელი დატვირთვით მუშაობდა. სამუშაო კი თავზე საყრელი იყო. გავლენის სფეროების გადანაწილება ხდებოდა, როგორც კრიმინალურ და ბიზნესწრეებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ამქვეყნიდან სამუდამოდ ერთნი მიდიოდნენ. მეორენი შემკვეთებად მოდიოდნენ, თუმცა შემდეგ ისინიც წინამორბედთა გზას მიჰყვებოდნენ და ასე დაუსრულებლად... ორი წლის განმავლობაში მხოლოდ სუფთა კრიმინალზე ვმუშაობდი და თითოეული ობიექტი, ალბათ, ისეთივე ნაძირალა იყო, როგორც მათი შემკვეთი. პოლიტიკას არ მაკარებდნენ. ანუ, პოლიტიკური მკვლელობის შეკვეთა არ მიმიღია. თუმცა, ასეთი ფაქტებიც ხშირი იყო. მიხაროდა კიდეც, რადგან პოლიტიკური მკვლელობის შეკვეთის შესრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, თავად შემსრულებელსაც ბოლოს უღებენ, რომ კვალი გააქრონ. მართალია, ჩემი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, ამის საწინააღმდეგო გზები ვიცოდი და შესაბამისი ზომებიც მქონდა მიღებული, ასე რომ, იოლად ვერ მომიხელთებდნენ. მაგრამ, მაინც ძალიან სახიფათო იყო. თუმცა, ასეთი შეკვეთის შესრულების დროც დადგა. თომას დათქმულ ადგილზე შევხვდი და მან მითხრა:

– ასიათასიანი შეკვეთაა. კლიენტი ძალიან დაინტერესებულია ამის წარმატებით შესრულებით და გვთხოვა, საუკეთესო კადრი შეგვერჩია. შენზე უკეთესი კი არავინაა და ამიტომაც დაგიბარე. თანაც გადახდის ფორმაც უფრო ხელსაყრელია. ნახევარ თანხას წინასწარ გიხდის მეორე ნახევარს კი შესრულების მერე მიიღებ. რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა, მითხარით, რა შეკვეთაა?

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული