რომანი და დეტექტივი

შეგირდი

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 18.11

დედა-დედინაცვალი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #44 (1192)

ვასოსა და რედს დავემშვიდობე და წამოვედი. უკვე ღამის ოთხის ნახევარი სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ძილი არ მეკარებოდა. ჩემს საცხოვრებელ კორპუსში, რომ მივედი, ბინაში არ შევსულვარ. ერთი სართულით მაღლა ავედი და ჩემი ბინის თავზე მდებარე ბინაში ფრთხილად შევედი, რომელიც ცნობილი სპორტსმენის საკუთრება იყო. ის, ოჯახთან ერთად, ძირითადად, აგარაკზე ცხოვრობდა და აქ იშვიათად მოდიოდა. სასტუმრო ოთახში რომ შევედი, შუქი არ ამინთია. სავარძელში ჩავჯექი და ჩემ წინ მოკალათებული თომასა და ფრენკ სთაფს ვუთხარი:

– კანტორაში ვიყავი და ვასოს კაბინეტში ჯეიმს რედს ვესაუბრე. თქვენს პოვნაში მთხოვა დახმარება. ამერიკიდან სამძებრო ჯგუფიც ჩამოიყვანეს. დილის 10 საათზე კვლავ კანტორაში უნდა ვიყო და ჯგუფის წევრები გავიცნო.

– სულ ესაა? – მკითხა თომამ.

– რედმა მითხრა თქვენზეც გვქონდა ეჭვი, 48 საათის განმავლობაში გითვალთვალებდით, ორივე ბინა და აგარაკი დავათვალიერეთ და რომ დავრწმუნდით სუფთა იყავით და თომას არ მალავდით, დახმარებისთვის მოგმართეთო.

– რას ფიქრობ, რა გეგმა გაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ? – მკითხა თომამ.

– ვფიქრობ, რომ შენ საზღვარგარეთ უნდა გაემგზავრო და იქ იცხოვრო ინკოგნიტოდ, როგორც გათვალისწინებული გვქონდა ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში. ხომ გახსოვს, რომ ადრე ასეთი ვარიანტიც გავთვალეთ? – ვუთხარი თომას.

– კი, უცხოეთში რომ გავაღწიო, იქ საიმედო ადგილები მაქვს წინასწარ შემზადებული და ვერავინ მომაგნებს. მაგრამ ამჟამად საქართველოდან ჩემი გასვლა ხომ შეუძლებელია. აქ კი როდემდე დავიმალები? მაინც მიპოვიან და ბევრი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს, – მითხრა თომამ.

– ჯერ ერთი, ძალიან რომ „ვიჩალიჩოთ“, ჩვენ თვითონ შევძლებთ ამის გაკეთებას და გაგაღწევინებთ უცხოეთში. თუმცა, ეს ძალიან დიდი რისკია, გარისკვა კი არ ღირს, მით უმეტეს, თუ ამის გაკეთება ყოველგვარი რისკის გარეშეა შესაძლებელი, – ვუთხარი თომას.

– როგორ? – დაინტერესდა თომა.

– ამაში ჩვენ ჯეიმს რედს დავიხმართ და საზღვარგარეთ ის გაგიყვანს. მთავარია, შენ მას შენთვის სასურველი ქვეყანა დაუსახელო, – ვუთხარი თომას.

სიბნელეში ვისხედით, მაგრამ დავინახე თუ როგორ გაუფრთოვდა თვალები თომას და მითხრა:

– ვინ, რედი?

– ჰო, რედი, ვუთხარი თომას და დავამატე, – თუკი მას გადარჩენისა და ამ სიტუაციიდან გამოძრობის რეალურ გზას შევთავაზებთ.

– თქვი. აბა, გვითხარი, რა მოიფიქრე, – მითხრა თომამ.

– რედი ჭკვიანი კაცია და დანამდვილებით იცის, რომ ამ ოპერაციის დასრულების მერე, როგორიც არასასურველ მოწმეს, თავიდან მოიშორებენ. ამიტომ შენ ვიდეოფირზე უნდა ჩაწერო მთელი ამ ოპერაციის შინაარსი და შემკვეთებს უთხრა, რომ თუკი შენზე და დანარჩენ მოწმეებზე ნადირობას არ შეწყვეტენ, ეს ფირი ინტერნეტის გლობალურ ქსელში გავრცელდება და ჟურნალისტებს გადაეცემათ. ეს ჩანაწერი რედს ფრენკ სთაფმა უნდა მიუტანოს. იმავდროულად ჯეიმს რედი გმირის სახელით შეიმოსება და განაცხადებს, რომ სთაფის გათავისუფლება მოახერხა. რედი ამ ფირს ოპერაციის შემკვეთს მიუტანს და ესე იგი, მათ, ვინც მთელი ამ საქმის სათავეში დგანან. არ მგონია, რომ რედმა ამაზე უარი თქვას და ჯორზე შეჯდეს. ამით თავსაც გადაირჩენს და იმ ადამიანებსაც, ანუ ჩვენ, ვისაც ამ საქმის ირგვლივ ინფორმაცია გაგვაჩნია. უბრალოდ, შენი სახელი უკვე გაჟღერებულია, თორემ არც შენ დაგჭირდებოდა დამალვა. ოფიციალურად შენ ამერიკის მთავრობის მიერ ძებნილი ხარ. მაგრამ, დროთა განმავლობაში ამის მოგვარებაცაა შესაძლებელი. რას იტყვი, თანახმა ხარ? – ვუთხარი თომას.

– მე კი თანახმა ვარ, მაგრამ ფრენკი რას იტყვის, დათანხმდება შენს გეგმას? – თქვა თომამ.

– ჭკვიანურია. მე თანახმა ვარ, – თქვა ფრენკმა, – ჩაწერეთ მიმართვა და მივუტან მისტერ რედს.

თომას მიმართვა თხუთმეტწუთიანი გამოდგა. დილის 8 საათზე გენერლის კაბინეტში დანიშნულ შეხვედრამდე 2 საათით ადრე ჯეიმს რედს დავურეკე და ვუთხარი:

– დილა მშვიდობისა, ბატონო რედ, ხომ არ გაგაღვიძეთ?

– არა, არც მძინებია, ბატონო გოჩა. რაშია საქმე?

– ბატონო რედ, ჩვენს საქმეში სიახლეები გამოჩნდა და სანამ დანიშნულ შეხვედრაზე შევიკრიბებით, პირისპირ მინდა თქვენი ნახვა და თუ არის ეს შესაძლებელი?

– დიახ. რა თქმა უნდა, ჩემთან მობრძანდით. გელოდებით, – მითხრა რედმა და თავისი საცხოვრებლის მისამართი მიკარნახა.

მე და ფრენკ სთაფი რედის ბინის ზღურბლზე უკვე 30 წუთის შემდეგ ვიდექით. კარი რომ გაიღო და რედმა სთაფი დაინახა, მაინცდამაინც დიდი გაკვირვება არ გამოუხატავს. გავიფიქრე კიდეც, ალბათ, ვერ იცნო-მეთქი. მაგრამ, რედმა უმალვე გააქარწყლა ჩემი ეჭვები. ხელით შეგვიპატიჟა სახლში და თქვა:

– მობრძანდით, ბატონებო. გთხოვთ, მისტერ სთაფ.

სახლში რომ შევედით და სავარძლებში მოვკალათდით, მასპინძელს ვუთხარი:

– ბატონო რედ, თქვენთან ერთი წინადადება გვაქვს და ყურადღებით უნდა მოგვისმინოთ.

– მე ყოველთვის ყურადღებით ვარ, ბატონებო. ბრძანეთ, ღიმილით თქვა რედმა და სიგარა გააბოლა. ჩვენთვის კი არ შემოუთავაზებია.

ინიციატივა ფრენკ სტაფმა აიღო ხელში და მასპინძელს უთხრა:

– აი, მისტერ რედ, ამ ფლეშკაზე ძალიან საინტერესო რამაა და იხილეთ. საჭიროა, ის მხოლოდ კომპიუტერს შეუერთოთ.

მასპინძელმა სტაფს ფლეშკა გამოართვა. კომპიუტერს შეუერთა და თქვა:

– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ თომას მონოლოგი იქნება ჩაწერილი.

– ნახავთ და გაიგებთ, – მიუგო სთაფმა. მე კი დავაყოლე:

– დიახ. არ შემცდარხართ.

მასპინძელმა გულდასმით მოისმინა და ნახა თომას მიმართვა და ღიმილით გვითხრა:

– საყურადღებოა. მეტსაც ვიტყვი, საინტერესო რამაა და შეიძლება, ამის გამოყენება.

ფრენკ სთაფმა, რომელიც მანამდე, საკმაოდ მშვიდობიანი და წყნარი ადამიანი ჩანდა, კბილები გამოაჩინა და რედს ზიზღით უთხრა:

– სერ, მადლობელი იყავით, რომ გარიგებას გთავაზობთ და თქვენ და თქვენს უფროსობას სამართალში არ გადაგცემთ. მეტიც თქვენი სიცოცხლის გადარჩენაზე ვზრუნავთ. თუმცა, თქვენ სულაც არ იმსახურებით ამას.

– მადლობელი ვარ ზრუნვისთვის, ბატონებო, – ნახევრად ირონიით თქვა რედმა და დაამატა, – კონკრეტულად რა გნებავთ ჩემგან?

სთაფმა გადმომხედა, რაც იმას ნიშნავდა, – უთხარიო და მეც სპეცოპერაციების კოორდინატორს მივმართე:

– ბატონო რედ, აი, ფრენკ სთაფი და თქვენს უფროსობას განუცხადებთ, რომ ჩემი დახმარებით მოახერხეთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის გათავისუფლება და სამძებრო ჯგუფს უკან გააბრუნებთ. თომაზე კი იტყვით, რომ ხელიდან დაგისხლტათ და ამას ქართულ მხარეს დააბრალებთ. მას კი უსაფრთხოდ გადაიყვანთ ესპანეთში. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შემკვეთებს მიუტანთ ამ ჩანაწერს და გააგებინებთ, რომ ეს ყოველივე მთავარ შემკვეთებს შეატყობინონ. მათ კი, თავის მხრივ, ხელი აიღონ იმ ბინძურ საქმეზე, რისი მეშვეობითაც მისტერ ფრენკ სთაფის ბიზნესის ხელში ჩაგდებას ლამობდნენ. გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, ბატონო გოჩა. მეტიც, მადლობას გიხდით ჩემი სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვისთვის. სიმართლე გითხრათ, გაქცევის გზების ძიებასა და მთელი ცხოვრების განმავლობაში მალვაზე ვფიქრობდი. არასასურველი მოწმის სტატუსი არ მხიბლავდა. თქვენ კი სიტუაცია რადიკალურად შემოატრიალეთ. მეტიც, იმის შანსი გამიჩნდა, რომ სამსახურებრივ კარიერაში სწრაფად ავმაღლდე და ყველაფერ ამისთვის გულწრფელ მადლობს გიხდით, – თქვა რედმა და დაამატა, – ბატონებო, სამწუხაროდ, თომაზე ძებნაა გამოცხადებული, თორემ არც მას მოუწევდა დამალვა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ დროთა განმავლობაში ესეც მოგვარდება.

მე და სთაფი რედის ბინიდან ერთად წამოვედით. ათსაათიანი შეხვედრა კი გენერლის კაბინეტში მაინც გაიმართა. თუმცა, მე მას გმირის სტატუსით დავესწარი და გაოცებულ კოლეგებს ფრენკ სთაფი წარვუდგინე. იმავე საღამოს ჯეიმს რედმა თომა ესპანეთში გაამგზავრა და ამ საქმის ეს ეტაპი მშვიდობიანად დასრულდა. რომ არა თომას ადამიანობა, საქართველოში მორიგი საშინელი ტრაგედია დატრიალდებოდა. მართალია, ჩემს შეგირდს, ადამიანების ლიკვიდაცია სხვადასხვა მისიების დროს განუხორციელებია, მაგრამ, ძირითადად სალიკვიდაციო ობიექტები ბოროტმოქმედები და მოღალატეები იყვნენ. თვითმფრინავში კი ყოვლად უდანაშაულო ადამიანები უნდა დაღუპულიყვნენ და თომამ ამ მისიის შესრულება დაუშვებლად მიიჩნია. თან სთაფიც წამოიყვანა, რადგან ძალიან აინტერესებდა, თუ ვინ იყო ის პერსონა, რომლის ლიკვიდაცია ასეთი საშინელი ფასი უნდა დამჯდარიყო. რაც შეეხება სთაფს, მან თავისი ტელეფონის ნომერი დამიტოვა და მითხრა:

– ბატონო გოჩა, ზეგ მე სამშობლოში ვბრუნდები. ბაბუაჩემის ბიზნესი უნდა ჩავიბარო და თუკი რაიმე დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროის დამირეკოთ. თუ არ დაგჭირდებათ, მაინც დამირეკეთ. უბრალოდ, სალაპარაკოდ. შევთანხმდით?

– შევთანხმდით მისტერ სთაფ, – მივუგე მომავალ მილიარდერსა და ოქროს ბიზნესის მაგნატს. ხელი ჩამოვართვი და ერთმანეთს დავშორდით.

ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ჯეიმს რედი დააწინაურეს და ახალი თანამდებობის მისაღებად სამშობლოში გაიწვიეს. იმავე პერიოდში ვასოს რიგგარეშე, გენერლის კიდევ ერთი ვარსკვლავი მიანიჭეს. სამსახურშიაც დააწინაურეს და უწყებაში რანგით მესამე ადამიანი გახდა. ხოლო რაც შემეხება მე, ამ ამბებიდან ერთი თვის შემდეგ პატაკი დავწერე. სამსახურიდან წამოვედი და ტაქსაობა დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემაში მრავალი წელი ვიმუშავე, ყოფილი სამსახურისკენ გახედვაც კი არ მინდოდა იმის გამო, რასაც ჩემი ყოფილი კოლეგები უპირებდნენ უდანაშაულო ადამიანებს და რომ არა თომა, ისინი ამას ყოველგვარი სინანულის გარეშე, თვალების დაუხამხამებლად ჩაიდენდნენ. ტაქსისტობა ჩემი პროფილი არ იყო, მაგრამ იმ სიბინძურეს მაინც სჯობდა, საიდანაც წამოვედი. მუშაობიდან სამი თვის თავზე, როდესაც მგზავრი ვაკეში მივიყვანე, მობილურმა დარეკა. დავხედე და მრავალციფრიანი, უწარწერო ნომერი იყო.

– გისმენთ, – ვუპასუხე მე და წამიერი პაუზის შემდეგ მომესმა:

– გამარჯობა, ბატონო გოჩა, ფრენკ სთაფი გირეკავთ, გახსოვართ?

– დიახ. როგორ არა. როგორ ბრძანდებით, ბატონო სთაფ, – ვთქვი მე.

– კარგად ვარ. თქვენ ხომ კარგად? ბატონო გოჩა, თქვენთან საქმე მაქვს. ამიტომ ჩემთან გიწვევთ. ხვალ დილით ვაშინგტონში უნდა გამოფრინდეთ. დღეს, 5 საათზე ბილეთსა და საკრედიტო ბარათს მოგიტანენ და მოუთმენლად გელოდებით. აბა, შეხვედრამდე!

რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ზუსტად 5 საათზე პლეხანოვზე მგზავრი ჩამიჯდა და სწორედ მან გადმომცა თვითმფრინავის ბილეთი და საკრედიტო ბარათი. 72 საათის შემდეგ კი უკვე ვაშინგტონში ვიყავი და როგორც წინასწარ ვიცოდი, აეროპორტში მილიარდერ ფრენკ სთაფის დაცვის უფროსი უნდა დამხვედროდა, რომელიც თავად მომნახავდა. საბაჟო ფორმალობები რომ გავიარე და აღმკვეთი ზონა გადავკვეთე, იქვე დავდექი და აქეთ-იქით ყურება დავიწყე. ორიოდე წუთის შემდეგ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი. შევტრიალდი და ადგილზე გავქვავდი. ჩემს წინ თომა იდგა და მიღიმოდა.

– შეგირდო, შენ? – ხელები გავშალე და თომას გადავეხვიე.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი