რომანი და დეტექტივი

შეგირდი

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.11

შეგირდი
დაკოპირებულია

თომა ჯერ კიდევ კურსანტი იყო, როდესაც მისი კურატორი გავხდი. თომა ფსევდონიმია. მისი ნამდვილი ვინაობა, ფოტოები, თითების ანაბეჭდები, „დეენემის“ მასალა და სხვა საიდენტიფიკაციო ატრიბუტიკა სპეციალურ საცავშია შენახული. იქვეა დაცული მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც კომპლექსური დაკვირვება-გამოკვლევის შედეგადაა შედგენილი. თომას საქმეშივე დევს მისი სასწავლო შედეგები და შესრულებული მისიების დაწვრილებითი მოხსენებები. ერთი სიტყვით, პიროვნება „რენტგენითაა გაშუქებული“ და მასზე ყველაფერია ცნობილი. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა ასე. თომა მე ჩამოვაყალიბე და უმეტესი რამ სწორედ მე ვასწავლე მას. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ კარგად არ ვიცნობ. მეტიც, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია, განვიცხადო, რომ თომას კარგად არავინ იცნობს. მათ შორის, მეც. ასე რომ, მთელი ის ატრიბუტიკა, რაც თომას მოსახელთებლადაა „დაზაგაჟნიკებული“, თომას წინააღმდეგ არაქმედითია. თომა ძებნილია. მას არა მარტო ჩვენი კანტორა ეძებს, არამედ უფრო სერიოზული უწყებები. მეც ჩამრთეს ამ საქმეში. როგორც მისი გამზრდელ-კურატორი. უკვე ვთვლემდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა და რომ ვუპასუხე, ვასოს აღელვებული ხმა მომესმა:

– გეძინა, გოჩა?

– ვიძინებდი, გენერალო, – მივუგე ვასოს, უშიშროების გენერალს.

– უნდა მოხვიდე. „ჩეპეა“ და გვჭირდები.

– მაქსიმუმ, ნახევარ საათში მოვალ, – ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.

კანტორაში რომ მივედი, გენერლის კაბინეტში ვასოსთან ერთად ჯეიმს რედიც იმყოფებოდა.

რედი სპეცსამსახურების კოორდინატორი იყო. საკმაოდ შავბნელი ადამიანი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა სხვა ქვეყანაში და მაქსიმალურად იყენებდა ამ პრივილეგიას. ვასო საკმაოდ აღელვებული იყო. რედი კი უძრავად იჯდა სავარძელში და სიგარას აბოლებდა. გენერალი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მითხრა:

– თომამ მისია ჩააფლავა და გაქრა. ვეძებთ და შენი დახმარება გვჭირდება. შენი მომზადებულია და ყველაზე კარგად იცნობ.

– როდის გაუჩინარდა? – ვკითხე ვასოს.

– ოთხი დღის წინ.

– დაგვაგვიანდა. ის უკვე ქვეყნიდან იქნება გასული.

– არა. ზუსტად ვიცით. რომ თომას ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია და ჯერჯერობით აქაა, – თავდაჯერებულად თქვა ვასომ.

– თუ საიდუმლო არაა, რა მისია არ შეასრულა თომამ? – ვკითხე გენერალს. მან კი რედს გადახედა და რედმა მითხრა:

– სტამბული-თბილისის ავიარეისზე ობიექტი მგზავრობდა. თვითმფრინავი რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდოდა, თომას ნაღმი უნდა აემოქმედებინა, თავად კი პარაშუტით უნდა გადმომხტარიყო და თვითმფრინავი ჰაერში აეფეთქებინა. მაგრამ, ეს ასე არ მოხდა და თვითმფრინავი თბილისში დაჯდა. თუმცა, თვითმფრინავში არც თომა აღმოჩნდა და არც ობიექტი, სავარაუდოდ, ობიექტიც პარაშუტით გადაახტუნა.

– რამდენი პარაშუტი ჰქონდა?

– ერთი.

– იქნებ ობიექტი თვითმფრინავიდან გადააგდო და მოკლა. თავად კი პარაშუტით გადახტა. ალბათ ხალხის, სხვა მგზავრების დახოცვა არ ისურვა.

– სავარაუდოდ, ალბათ, მგზავრების გამო არ ააფეთქა თვითმფრინავი. მაგრამ ობიექტი, დიდი ალბათობით, თვითმფრინავიდან არ გადაუგდია, უფრო ერთი პარაშუტით გადახტნენ. ოთხი დღის განმავლობაში ყველა კუთხე-კუნჭული გავჩხრიკეთ იმ კვადრატში, მაგრამ, არც თომა და არც სხვა რამე წვრილმანიც კი ვერ აღმოვაჩინეთ, რაც ობიექტის სიკვდილს დაადასტურებდა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ისინი ერთად არიან.

– სტამბოლი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში ასაფეთქებელი როგორ აიტანა. რამდენადაც ვიცი, თურქეთი უმკაცრესად აკონტროლებს ამ სფეროს.

– ეს ჩვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. თომას ხელჩანთა არავის გაუჩხრიკავს. ასაფეთქებელი და პარაშუტი, სწორედ იმ ხელჩანთით აიტანა თვითმფრინავში.

სტამბოლი-თბილისის თვითმფრინავში 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 60 ბავშვი, მოცეკვავეები, რომლებიც გასტროლებიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ობიექტი კი, ვის გამოც ამხელა ტრაგედია უნდა დატრიალებულიყო, 30 წლის ფრენკ სთაფი იყო. ამერიკელი ოქროს წარმოების მაგნატის ერთადერთი შვილიშვილი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ეკოუსაფრთხოებას იკვლევდა. გარკვეული, მაღალი წრეების წარმომადგენლები დაინტერესებული იყვნენ ოქროს მაგნატის ბიზნესის ხელში ჩაგდებით. მაგნატს თავდაპირველად საკმაოდ მსუყე თანხაც კი შესთავაზეს ბიზნესის დათმობის სანაცვლოდ, თუმცა კატეგორიული უარი მიიღეს. საკმაოდ ასაკოვან, მაგრამ ჯანმრთელ მაგნატს ანდერძი ჰქონდა შედგენილი. მის მიხედვით ერთადერთი მემკვიდრე მისი შვილიშვილი, ფრენკ სთაფი იყო. იმ შემთხვევაში, თუკი ფრენკი ძალადობრივი სიკვდილით მოკვდებოდა ან, სულაც, უარს იტყოდა ბაბუის მემკვიდრეობაზე, მაშინ მთელი ეს ბიზნესი სახელმწიფოს საკუთრებაში გადადიოდა და არც რომელიმე კერძო პიროვნებას და არც პიროვნებათა ჯგუფს არ ექნებოდათ უფლება, ეყიდათ და განეკარგათ ეს ბიზნესი. სხვა შემთხვევაში, მემკვიდრის გარდაცვალებისას, თუკი დამტკიცდებოდა, რომ სიკვდილი დადგა ბუნებრივად ან უბედური შემთხვევის გამო, ხელოვნური ჩარევის გარეშე, მაშინ, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესის გაყიდვა შესაძლებელი იყო აუქციონის მეშვეობით და ძაღლის თავიც სწორედ აქ იყო დამარხული. სთაფი ავიაკატასტროფაში უნდა დაღუპულიყო. თომას მცირე მუხტის ასაფეთქებელი ტუალეტში უნდა მიეკრა და იქ წარმოქმნილი გარღვევა თვითმფრინავის კატასტროფას გამოიწვევდა. ვერანაირი ექსპერტიზა ვერ დაამტკიცებდა ტერორისტულ აქტს და შემკვეთს ხელ-ფეხი გაეხსნებოდა ოქროს მაგნატის ბიზნესის დასაუფლებლად. თავად ოქროს მაგნატი კი მისი გარემოცვის უახლოეს წევრს უნდა მოეწამლა და ის ინსულტით გარდაიცვლებოდა. ექსპერტიზა კი ვერ დაამტკიცებდა ძალადობრივი სიკვდილის ფაქტს. მაგნატის მოწამვლის სიგნალი უნდა ყოფილიყო ცნობა ფრენკ სთაფის ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. ამ ოპერაციის ჩასატარებელ დრო და ადგილი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. საქართველო საერთაშორისო სტანდარტებით გაუმართავი ქვეყნის სტატუსით სარგებლობდა და თუკი მისი ავიაკომპანიის თვითმფრინავი გაუმართაობის შედეგად დაიღუპებოდა, ეს ფაქტი ნაკლებ ეჭვს გამოიწვევდა მკვლევარ-ექსპერტებში. თანაც, თუკი ეს ყველაფერი უამრავი ადამიანის დაღუპვით შეიფუთებოდა, რომელთა შორის 60 ბავშვი იყო, უბედური შემთხვევა უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ხოლო ეს ოპერაცია რომ შეერთებულ შტატებში ან ევროპის სხვა სახელმწიფოში, თუნდაც თურქეთის ტერიტორიაზე, რომ განხორციელებულიყო, სულ სხვა რეზონანსს გამოიწვევდა. საზოგადოების განწყობაც სხვანაირი იქნებოდა და კვლევა-ძიებაც სხვა, ბევრად უფრო მაღალ და კომპეტენტურ დონეზე წარიმართებოდა. ერთი სიტყვით, ამ ბოროტმოქმედების შესასრულებლად საქართველო იდეალური ვარიანტი იყო. თანაც, შემსრულებელიც უზადო, უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო. თუმცა, ბოლო მომენტში ამ პროფესიონალმა შემკვეთებს მთელი გეგმები ჩაუშალა და თომასა და სტაფს გამალებით იმიტომ ეძებდნენ, რომ ეს ამბავი არ გამჟღავნებულიყო, ფართო რეზონანსი არ მისცემოდა და შემკვეთების ვინაობები არ ამოიტივტივებულიყო. გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, რედი უფრო აფორიაქებული უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ამბის გამჟღავნების შემთხვევაში, თავისი ქვეყნის კანონებით, მინიმუმ, სამი უვადო პატიმრობა ელოდებოდა. ამიტომ, საჭირო იყო ჯაჭვის გადაწყვეტა თომაზე. ხოლო სთაფის სიკვდილი არც მას და არც შემკვეთებს უკვე ხელს არ აძლევდათ. ამიტომ სპეცოპერაციების კოორდინატორმა მითხრა:

– როგორ ფიქრობთ, გოჩა, ფრენკ სთაფი ცოცხალი იქნება თუ თომამ მისი ლიკვიდაცია მაინც განახორციელა?

– რადგან მისი ცხედარი ვერ იპოვეთ, სავარაუდოდ, ის ცოცხალი უნდა იყოს. რადგან მისია არ შეასრულა და თვითმფრინავი არ ააფეთქა, ვფიქრობ, არც სტაფი მოუკლავს. დიდი ალბათობით, სტაფი იმიტომ წაიყვანა თომამ თან, რომ შეეტყო, თუ ვინაა ის კაცი, ვის გამოც ამხელა უბედურება უნდა დატრიალებულიყო. დიახ. სწორედ ასე უნდა იყოს, ბატონო რედ, – მივუგე სპეცოპერაციების კოორდინატორს.

– გოჩა, როგორც ვიცი, თომა თქვენი მომზადებულია. ყველაზე კარგად თქვენ იცნობთ მას და რას ფიქრობთ, სად შეიძლება, ის და რედი ამჟამად იმყოფებოდნენ?

– ნებისმიერ ადგილზე, ბატონო რედ, ნებისმიერ ადგილზე და მიუხედავად იმისა, თუ თქვენ არ გეშლებათ და თომა ქვეყნიდან არ გასულა, აქაც კი ძალიან რთული იქნება მისი აღმოჩენა. ამაში ხომ თავადაც დარწმუნდით, რადგან ოთხი დღის განმავლობაში ვერსად აღმოაჩინეთ.

– სხვათა შორის, თქვენზეც გვქონდა ეჭვი, ბატონო გოჩა, – მითხრა რედმა. შემათვალიერა და დაამატა, – ვიფიქრეთ თავის კურატორს ხომ არ მიმართა დახმარებისთვისო. ამიტომ 48 საათის განმავლობაში გითვალთვალებდით. შევამოწმეთ თქვენი ორივე ბინა, აგარაკი და დავრწმუნდით, რომ ვცდებოდით.

გამეღიმა და ვთქვი:

– რას იზამ, ასეთია ჩვენი სამსახურის პროფილი, ენდე, მაგრამ შეამოწმე. არც მიკვირს და არც მწყინს, რომ ჩემზეც იყო ეჭვები. თუმცა, გარწმუნებთ, რომ თომა ჩემთან არასდროს მოვიდოდა დახმარების სათხოვნელად, რადგან ჭკვიანია და იცის, რომ მას ჩემთანაც დაუწყებდით ძებნას. დიდი ალბათობით, ის რომელიმე კონსპირაციულ ბინაშია ფსკერზე დაწოლილი სთაფთან ერთად და ელოდება მომენტს, რომ ქვეყნიდან გავიდეს. თომას ფული არ აკლდა და შეძენილი ექნება ორი-სამი კონსპირაციული ბინა ფიქტციურ სახელზე. მას, ფაქტობრივად, უკონტაქტოდ შეუძლია მუშაობა. თანაც უზადოდ ფლობს გარდასახვის ხელოვნებას, შენიღბვას. რამდენიმე ენა იცის და სულაც უცხოელად შეიძლება მოგვაჩვენოს თავი. ამიტომ მისი პოვნა ძალიან რთული საქმეა.

– დიახ. ჩვენ ამაში დავრწმუნდით და ამიტომაც გამოვიძახეთ პროფესიონალები ოკეანის გაღმიდან და, გვინდა, რომ თქვენც ამ ჯგუფში ჩაერთოთ და მოგვეხმაროთ მის პოვნაში.

როგორც რედისგან შევიტყვე, სპეციალური სამძებრო ჯგუფი იმ საბაბით გამოიძახეს, რომ თითქოს თომამ მოიტაცა ფრენკ სთაფი და შეერთებული შტატების მოქალაქის, თანაც, ეს ყველაფერი ოქროს მაგნატის ერთადერთი შვილიშვილის გამოსახსნელად კეთდებოდა. ამერიკელებისთვის ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო. ასეთ ოპერაციებს ისინი ხშირად ატარებდნენ და უჩვეულო ამაში არაფერია. სამძებრო ჯგუფს ბრძანება ჰქონდა მიცემული, რომ საჭიროების შემთხვევაში თომას ლიკვიდაცია განეხორციელებინათ და თუკი გათავისუფლების ოპერაციის დროს სთაფიც დაიღუპებოდა, არც ეს იყო ტრაგედია რედისა და შემკვეთებისთვის. რადგან ჯაჭვი სამუდამოდ გაწყდებოდა და მთავარი ბოროტმოქმედები მშრალად ამოვიდოდნენ წყლიდან. შესაძლოა, წყლიდან მშრალად ამოსვლას რედის, ვასოსა და ჩემი ლიკვიდაციაც დასჭირვებოდა, რომ ამ საქმეს მოწმეები არ დარჩენოდა, მაგრამ არც ეს იყო მათთვის პრობლემა და ჩემი ღრმა რწმენით, თავიანთ მზაკვრულ გეგმაში მათ ესეც გათვალისწინებული ექნებოდათ. რედი საკმაოდ ჭკვიანი, გამოცდილი კაცი იყო. მას არ შეიძლება, არ სცოდნოდა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ, როგორც არასასურველი მოწმე, ლიკვიდაციას ექვემდებარებოდა და საინტერესო იყო, რა ჰქონდა მოფიქრებული ამის საწინააღმდეგოდ. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, რომ რედი სასიკვდილოდ განწირული გლადიატორის როლს შეჰგუებოდა და სიკვდილზე მიმავალი ხელის აწევით მისალმებოდა კეისარს – ამ შემთხვევაში იმას, ან იმათ, ვინც მას ეს ბინძური დავალება მისცა. ხოლო, რაც შეეხება ვასოს, ის, მართალია, გენერალი იყო, მაგრამ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩეოდა. ბევრ რამეს ვერ იაზრებდა და დიდი ალბათობით, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ოპერაციის დამთავრების შემდეგ ლიკვიდაციას ექვემდებარებოდა. ყოველივე ამაზე მე გენერალს კაბინეტში რედთან საუბრის დროს ვფიქრობდი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. საუბრის ბოლოს რედმა მითხრა:

– გოჩა, დილის 10 საათზე გელოდებით აქ. სამძებრო ჯგუფის წევრებს გაგაცნობთ და ერთად დავსახოთ სამძებრო ღონისძიებებიო.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი